საუბრები Covid-19-ზე
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე
„როდესაც ჟურნალისტი მიდის დავალებაზე პანდემიის პირობებში, ის მაღალი რისკის ჯგუფია."

ჟურნალისტი თიკო ცომაია და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ კოვიდ პანდემიის პირობებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე
„პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რომ ქართველ ჟურნალისტებს მიგვემართა საერთაშორისო წყაროებისთვის.“ Cactus Media - დამფუძნებელი ცირა გვასალია და „მთავარი არხისა“ და მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე საუბრობენ საქართველოში მონაცემების ხელმისაწვდომობაზე. 




გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრთან" პარტნიორობით, სერიისთვის "კოვიდის გავლენა მედიაზე"
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

„შიშები საზოგადოებაში ბუნებრივია არსებობს, მაგრამ მედიას შეუძლია ეს შიშები ან გააღრმავოს, ან გაანელოს, თუ ის კვალიფიციურად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“ , - თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდი.

„როდესაც მედიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია ვერ ხერხდება, როდესაც პრესსამსახური ცდილობს კედელი აღმართოს ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის, ძალიან საჭირო ინფორმაციის გაზიარება შეუძლებელი ხდება“, - ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება.

თამარ კინწურაშვილი და ნინო თარხნიშვილი საუბრობენ რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის თანამშრომლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაშ პანდემიაა და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.

 

კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

"თან გეშინია, თან საკუთარ თავს ამხნევებ... ვფიქრობდი, უნდა მივიდე თუ არა სახლში, დოკუმენტური ფილმის გადაღებას რომ დავიწყებ", - თომა ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, "რუსთავი 2"

 "ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც იყო და კიდევ გრძელდება, ეს არის შიშებზე გამარჯვება. გამოწვევების წინაშე ვართ ყველა და შიშებს ვებრძვით", - დათო ქორიძე, რეპორტიორი, ფოტოგრაფი, "რადიო თავისუფლება"

თომა ჩაგელიშვილი და დათო ქორიძე, რომლებმაც პანდემიის გაშუქებისას, რამდენიმე დღე ბოქსირებულ პალატებშიც გაატარეს, საუბრობენ იმ განცდებზე, შიშსა და შრომის უსაფრთხოების გაზრდილ რისკებზე, რის პირობებშიც უწევთ მუშაობა ბოლო ერთი წელია.

თომა ჩაგელიშვილი  "რუსთავი 2-სთვის"  მუშაობს. იხსენებს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა და მედიასაშუალებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, "რუსთავი 2-ში" ე.წ. კლასტერებად დაიყვნენ. მუშაობა მორიგეობით დაიწყეს, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე გუნდში ვინმე დაინფიცირდებოდა, ტელევიზიის მუშაობა რომ არ შეჩერებულიყო. სახლში მხოლოდ ორი კვირა გაჩერდა:

"ორი კვირის მერე ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, დიდი ხანი ვიჯდეთ ასე?! ფილმია გადასაღებიო. მერე უკვე შიშებზე კი არ ფიქრობ, ფიქრობ რა გააკეთო, როგორ გადაიღო. თუმცა, რა თქმა უნდა, შიში დაგყვება, სულ დაგყვება".

"რადიო თავისუფლება" ერთ-ერთი პირველი მედია იყო, რომელიც მუშობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

"პირველი ორი კვირა მეც ასე ვიყავი, ორი კვირის მერე ხვდები, რომ შენც იმ ცხელ წერტილებში გინდა და დავუბრუნდი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს", - იხსენებს დათო ქორიძე, რომელიც, ასევე ამბობს, რომ მთელი რიგი შიშების დამარცხება მოუხდა კოვიდზე მუშაობისას და მთავარი, რაც პირადად მას პანდემიამ ასწავლა, ეს სწორედ შიშზე გამარჯვებაა. 


გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრთან" პარტნიორობით, სერიისთვის "კოვიდის გავლენა მედიაზე"

კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

„გვაქვს რამდენიმე თემა, რომელსაც შევძლებთ თუ არა რომ დავასრულოთ არ ვიცი, იმიტომ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს“, - ნანა ბიგანიშვილი, სტუდია „მონიტორი“.

„ნეპოტისტური კავშირები, ინტერესთა კონფლიქტები, კორუფციული სქემები მოქმედებს და ჩვენ ამის პრევენციას ვერ ვახდენთ, იმიტომ რომ სწრაფად ვერ ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“, -ნინო ბაქრაძე, "აი ფაქტი“.



კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ეს გამოიხატებოდა როგორც საჯარო ინფორმაციის მიღებისას, ასევე იმ რესპონდენტების ჩაწერისას, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვებზე.

სტუდია "მონიტორის" რედაქტორი  ნანა ბიგანიშვილი და "აი ფაქტის" რედაქტორი ნინო ბაქრაძე საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღმოჩნდა.

გადაცემა მომზადებულია "მედიაჩეკერისა" და "მულტიმედია განათლების ცენტრის" თანამშრომლობით, სერიისთვის "საუბრები Covid-19-ზე". 

 

კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

«ჩნდება კითხვა, თუ კიდევ გაგრძელდება ის მდგომარეობა, რაშიც ეხლა ვიმყოფებით, სად შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამაზე პასუხი რთულია... ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ ჩვენ, ყველანი, ახლა გადარჩენის რეჟიმში ვართ» - ნატა ძველიშვილი, გამოცემა "ინდიგო".
 
«მომავალი ბუნდოვანია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება ეს წელი კომპანიებისთვის, როგორ განსაზღვრავენ მომავალი წლის ბიუჯეტს და რა წილი ექნება სარეკლამო ხარჯებს»,  - ხატია ღოღობერიძე, On.ge.



კორონავირუსის პანდემიამ მედია სხვა ბევრ გამოწვევებთან ერთად, ფინანსური გამოწვევების წინაშეც დააყენა. სრულიად დაუგეგმავ, გაზრდილ ხარჯებს, რასაც შრომის უსაფრთხოება და შეზღუდვების პირობებში გადაადგილება ითხოვდა, შემცირებული ან შეწყვეტილი სარეკლამო შემოსავლები დაემატა. 2020 წელს განსაკუთრებულად იმ მედიებს გაიჭირდათ, რომლებიც მეტწილად სარეკლამო შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებული.

ნატა ძველიშვილი, გამოცემა "ინდიგოს" დირექტორი და ხატია ღოღობერიძე, On.ge-ს რედაქტორი, საუბრობენ რა გამოწვევების წინაშე დადგა მათი გამოცემები, როგორ გაართვეს ამ კრიზისს თავი და როგორ ხედავენ მომავალს. 



გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრისა" და "მედიაჩეკერის" მიერ, გადაცემათა ციკლისთვის - "Covid-19-ის გავლენა მედიაზე". საუბრების ეს სერია მთლიანად კორონავირუსს დაეთმობა და ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა მედიიდან, მოგვიყვებიან, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ პანდემიის დროს, როგორ მუშაობდნენ, რა ისწავლეს... გადაცემები თვეში ერთხელ მომზადდება.

გადაცემა ჩაწერილია 14 დეკემბერს.  

  • წინა გადაცემა ეხებოდა აუდიტორიის ინტერესს კორონავირუსის პანდემიისას და მისი ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
კატეგორია - საუბრები Covid-19-ზე

„როდესაც ვუჰანში კორონავირუსი გაჩნდა, გვქონდა განცდა, რომ ეს პროცესი საქართველომდე ვერ მოვიდოდა. თავიდან ეს იყო ამბავი, რომელსაც ვაშუქებდით მსოფლიოს სხვა მხარეში... მაგრამ, ძალიან მალე მივხვდით, რომ ეს სხვაგან აღარ იქნებოდა და სანდო ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ცენტრალური საკითხი“, - ონლაინგამოცემა პუბლიკას რედაქტორები, ლიკა ზაკაშვილი და თათია ხალიანი, „მედიაჩეკერის“ ონლაინგადაცემაში საუბრობენ აუდუტორიის ინტერესებზე კორონავირუსის პანდემიისას.



ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოში ვირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე, სოციალურ ქსელში აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ, ღია ჯგუფი შექმნა. ლიკა ზაკაშვილი, გამოცემის მთავარი რედაქტორი, იხსენებს, რომ დაახლოებით 9 თვის წინ, მაშინ როდესაც ვირუსზე საუბარი საქართველოშიც დაიწყო, მომხმარებლები ინფორმაციულ შიმშლს განიცდიდნენ:

„ინტერესი მატულობდა რაც უფრო იზრდებოდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ვირუსი ფიქსირდებოდა, ადამიანები უკვე იჯერებდნენ, რომ ვირუსი ჩვენამდეც მოვიდოდა. პირველივე შემთხვევის შემდეგ, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოში ვირუსი დაფიქსირდა, ყველაფერი, ყველა ახალი ამბავი მაყურებლის ინტერესის სფეროში ხვდებოდა და ყველაფერს ჰყავდა ბევრი მომხმარებელი. ამიტომ, ძალიან მალე მივხვდით, რომ სანდო ინფორმაციის მიწოდება იქნებოდა ცენტრალური საკითხი და და ეს ჯგუფიც ამიტომ გავაკეთეთ".

"ეს ჯგუფი იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციისთვის და ინტერაქციისთვის, ვიგებდით რა აინტერესებდა მკითველს. ეს ინტერესები ძალიან მრავალფეროვანი იყო, დაწყებული იქიდან, სად უნდა დაერეკათ სიცხის დროს, დამთავრებული მეცნიერული აღმოჩენებით ან მიგნებებით ვირუსზე“, - ამბობს თათია ხალიანი, „პუბლიკას“ ვებგვერდის რედაქტორი.

გადაცემის მეორე ნაწილში, ლიკა და თათია საუბრობენ რა გამოწვევების წინაშე დადგა პანდემიის გაშუქებისას „პუბლიკა“, რომელიც მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, სულ რაღაც 4 თვის დაარსებული იყო.

ამავე გადაცემაში, ისინი ცდილობენ იპოვონ პასუხი კითხვაზე - რა ასწავლათ პანდემიამ.

****

გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრისა" და "მედიაჩეკერის" მიერ, გადაცემათა ციკლისთვის - "Covid-19-ის გავლენა მედიაზე". საუბრების ეს სერია მთლიანად კორონავირუსს დაეთმობა და ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა მედიიდან, მოგვიყვებიან, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ პანდემიის დროს, როგორ მუშაობდნენ, რა ისწავლეს... გადაცემები თვეში ერთხელ მომზადდება.

გადაცემა ჩაწერილია 9 ოქტომბერს.