ბლოგი
კატეგორია - ბლოგი


ამბობენ, კარგ ჟურნალისტს ბევრი ლაპარაკი უნდა შეეძლოსო. მე კი ყოველთვის მოსმენა მერჩივნა. 

კარგი ჟურნალისტი უემოციოაო, მაგრამ ხშირად ვერც და ზოგჯერ არც ემოციებს ვიკავებდი.

ბავშვობაში დედაჩემის ხშირად ნათქვამ ფრაზას - „მის ადგილას წარმოიდგინე თავი“  ვერსად გავექეცი. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. როგორც წესი, მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ცუდი ამბები ტრიალებდა.

ჩემი პროფესია არასდროს მიმაჩნდა პრივილეგიად. ფრაზა - „მე ჟურნალისტი ვარ და…“ ყურში ცუდად მხვდება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტი გამტარია და არა - ვინმეზე მაღლა მდგომი. ის, ვინც ამბავს ატარებს და არა ის, ვინც ამბავზე დგას. ვინც არსებულს აშუქებს და ახალ რეალობას არ ქმნის.

ამ აღქმით დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში. 

მომავალ დამსაქმებელს ასაკს ვატყუებდი - სანამ ცხვირწინ ხელმოსაწერი კონტრაქტი არ დამიდო.

ძალიან მიყვარს ის პერიოდი.

ყოველ დილით თბილისი-ბორჯომის მატარებელს რომ დაუზარებლად მივყვებოდი გორამდე და ჩემს საყვარელ, სანატრელ პროფესიას უცხო ქალაქში, ადგილობრივ ტელევიზიაში ვეუფლებოდი. მაშინ ბევრი რამ უფრო მარტივად მისაღწევი მეგონა.

პროცესებიც საინტერესო იყო: ხელისუფლების ცვლილება, ძალაუფლების გადაბარება. მეც ამ ყველაფერს ახლოდან ვაკვირდებოდი. პარალელურად კი, სკოლის საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როგორ შეუძლია ადამიანს ერთ დღეში გარდაქმნა - როგორ შეიძლება შეიცვალოს, ან კოლექტიურ არსებად იქცეს, ინდივიდუალიზმის სრული გაქრობით.

იყო დრო, როცა საუბარს მიწყებდნენ და მერე დახმარებას მთხოვდნენ ისინი, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ იმეტებდა. ვინც საჯარო დაწესებულებებში არ მიშვებდა, რადგან მათთვის სასურველ მედიას არ წარმოვადგენდი.

და იყვნენ ისეთებიც, ვინც გაუცხოვდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თანამდებობაზე აღმოჩნდნენ და ძველთან ერთად, ახალი აკრძალვების დაწესებაც დაიწყეს. 

არადა არცერთი მათგანი ლორდთა პალატის წევრი არ ყოფილა და არცერთს ჰქონდა ოვალური კაბინეტში მუშაობის ბედი. უბრალოდ ჰალსტუხი მოირგეს, რბილად დაჯდომა ისწავლეს… და გაყეყეჩდნენ.

ასეთების რიცხვი ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც მედიაში, სამწუხაროდ, მატულობდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ჩემთვის უინტერესო პერსონაჟებად იქცა - ძვირიან ბრენდებში შეფუთული სულელები, რომლებსაც ბოლომდე უნდა მოუსმინო, აზრი არ უნდა გააწყვეტინო, თავი საინტერესოდ აგრძნობინო, რომ ბოლოს თავისივე ფრაზებით აგიხსნან, რა დონის იდიოტები არიან.

ამავე ლოგიკით არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი - მეშინოდა, სისულელე თავად არ მეთქვა, თუმცა ჩემს ანგარიშზეც არაერთი „ფრთიანი ფრაზაა“. არც ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება მიზიდავდა, როცა ისედაც „სტიქიის ეპიცენტრში“ ვიყავი. ვფიქრობ, აუდიტორიის დამატებით დაზაფვრა არაკეთილსინდისიერია - ხალხს ჩვენს ქვეყანაში უბედურება, სტრესი ისედაც არ აკლია.

მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, რომ აუდიტორიას ეს არ იზიდავდა. უმეტესად ხალხს ხმაური უყვარს - მყვირალა სათაურები, დაძაბული საუბარი. უბრალოდ ამას არ აღიარებენ. ვხვდებოდი, რომ ქართული მედიის ახალი სტანდარტები ჩემთვის მიუღებელი იყო, ან მე ვერ ვაკმაყოფილებდი მოთხოვნებს. არ ვიცი - ეს არ უთქვამთ, უბრალოდ ასე მგონია.

ისევე როგორც ის, დღეს რომ ჟურნალისტისგან ჟურნალისტობას აღარ ითხოვენ. თითქოს ნორმად იქცა, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს აქტივისტი, უნდა წავიდეს პოლიტიკაში, ან პოლიტიკიდან ისევ უკან გადმობარგდეს და იძახოს - „ყოფილი ჟურნალისტი არ არსებობს“. ამაზე უფრო უაზრო ფრაზა, მართლა ცოტა მახსენდება.

კი, ყოფილი ჟურნალისტები ვარსებობთ. და ყველას ერთი გვაქვს საერთო - არცერთს გვინდოდა პროფესიიდან წასვლა.

ამას ბევრი მიზეზი აქვს.

პირველი - დღეს საქართველოში ძალიან ცოტა მედიამფლობელია, ვისაც ეს პროფესია უყვარს და მისი არსი ესმის. ვინც სიტყვის თავისუფლებისთვის ქმნის მედიას და არა - პირადი გარანტიებისთვის. 

მეორე - ჟურნალისტიც ადამიანია და როცა ღია ცის ქვეშ რჩება, იძულებულია იფიქროს ახალ ცხოვრებაზე - თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ასე იყო ჩემს შემთხვევაში - მე სხვების სოციალურ მდგომარეობაზე ვაკეთებდი სიუჟეტებს, მაგრამ თავად აღარ მქონდა სახლი. ვაშუქებდი სხვების გამოსახლებას და სამსახურის მერე, თავად ვალაგებდი უკვე დახარისხებულ ნივთებს. ვხვდებოდი, რომ თავადაც მჭირდებოდა დახმარება, მაგრამ ჩემს „ტრიბუნას“ პირადი პრობლემებისთვის ვერ გამოვიყენებდი. პირიქით, უფრო მეტად ვცდილობდი სხვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დავხმარებოდი, თითქოს ამით ვაკომპენსირებდი პირად საჭიროებებს, პრობლემებს. ვაშუქებდი სოციალური პირობების გამო გაფიცული ადამიანების მოთხოვნებს, მაშინ როცა სამსახურში უხელფასობის გამო, ფეხით მივდიოდი. ზოგჯერ, მისვლასაც ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, ტელევიზიაში მხოლოდ მე არ ვიყავი ასეთ მდგომარეობაში - ეკრანს მიღმა ბევრად რთული რეალობაა. მერე რა რომ რეალური აგენტურა გეუბნებათ, ეგენი „დახელფასებულები“ არიან და Deep State-თან მეგობრობენო. ხო იცით, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია... 

სხვადასხვა დროს ბევრ ადამიანს მოუწია წასვლა, ახლის ძიება. პროფესიას ტოვებდნენ ისინი, ვინც ღირებულ საქმეს აკეთებდა. მიუხედავად სირთულეებისა, ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ეს არის „სიმართლის საფასური“. ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც რეჟიმი, მანქანა, ხელისუფალი, არალეგიტიმური ძალა, ან „რაც გინდათ, ის დაუძახეთ“ შენ და შენნაირების წინააღმდეგ იყენებს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეგუები, არ ემორჩილები და ჯიუტად ცდილობ, სწორ მხარეს იყო. 

შენ ხდები სამიზნე. თავიდან იღებ შემოთავაზებებს. თითქოს, შანსია რომ კომფორტულ „ნიუსრუმში“ გადახვიდე, სადაც გექნება: „პაესტკები“, გამხსნელი თემები და ხშირად ტექსტზე ფიქრიც კი არ მოგიწევს - შენ ნაცვალ პრესსამსახურებისა და პიარმენეჯერების არმია გაირჯება. ეს ბევრს მოსწონს, ბევრი დათანხმებულა და კვლავ დათანხმდება. ვინც არ თანხმდება, იღებს „რჩევებს“, „შემოთვლებს“, რომ ვიღაცებთან უნდა „იმეგობრო“ ან გაჩუმდე, გაგაჩუმებენ, რომ პატარა ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან შეიძლება დაიჯეროს. არც იმას გიმალავენ, რომ ჩასაფრებულებმაც „იმუშავეს“. 

ხო და წამოვედი! 

მე მთელი არსით მიყვარს ეს პროფესია და მიხარია, რომ არ დავაზიანე — ისეთად დავიტოვე, როგორიც შევიყვარე. ბევრი შეცდომის, წვალების, მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და დაუფასებლობის განცდის მიუხედავად. არაერთ მედიასაშუალებაში მიმუშავია, ვყოფილვარ განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ნიუსრუმის“ წევრი, თუმცა შემიძლია უკან მოხედვა და თვალებში ჩახედვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთანაც 14 წლიდან 29 წლამდე მქონდა შეხება.

ამაზე ფიქრი მეხმარება და მხოლოდ ამისთვის, მადლიერიც ვარ - საკუთარი თავისაც და იმ ადამიანებისაც, რომლებმაც მათ გუნდში მუშაობის საშუალება მომცეს. ყველგან შევძელი მე დავრჩენილიყავი. შეიძლება ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ამანაც განაპირობა. 

ამ წლების უბრალო მოგონებად ქცევა მარტივი არ არის.

მუდმივი ბრაზი და სირცხვილის გრძნობაც მაქვს - რადგან დავმარცხდი, ვერ გავძელი, სადღაც დავიღალე.

მე აღარ ვარ „მოედანზე“. მერე რა რომ სხვა გზა მართლა აღარ მქონდა - შედეგი მაინც ესაა: მე პროფესიას ჩამოვშორდი. დავბრუნდები თუ არა? ან საერთოდ მინდა? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. მათ გავურბივარ. მეშინია.

ამ შიშის გამო უკვე 5 თვეზე მეტია - 178 დღე, 4265 საათი ვცდილობ დავივიწყო ის, რასაც ცხოვრების ნახევარი ვაკეთებდი და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა.

ზუსტად ამდენი ხანია არ მიყურებია და არ მომისმენია ახალი ამბები - მხოლოდ ვკითხულობ.

თითქოს არ მინდა დავინახო, როგორ გრძელდება უჩემოდ. არ მინდა გამუდმებით მიტრიალებდეს კითხვა: სად ვარ ამ დროს? მე როგორ მოვიქცეოდი? მსგავსად გავაშუქებდი თუ არა? არ მინდა მოვლენების ყურების დროს „ადრენალინი მომაწვეს” და ვერაფერი გავაკეთო.

არ მინდა ბრაზი ბოღმად მექცეს და ეს ყველაფერი „კრიტიკოსობით“ შევფუთო.

ძალიან მენატრება. ყოველდღე მეფიქრება. ყოველდღე თავიდან ვცდილობ ამ ლოდად ქცეული ფიქრების, მოგონებების უგულვებელყოფას. ყოველდღე თავიდან...  

მხოლოდ პროფესია არა, ხალხი მენატრება. ქართული ხმაური, ჩემი ქუჩის სუნი, მეზობლები, მეგობრების ჩახუტება. დედაჩემი, ვისაც წამოსვლის დღეს ვეღარ ვუყურებდი. ისე ვერ დავემშვიდობე, როგორც მინდოდა, საჭირო იყო. ჩემი ჭაღარა ბებო, ვისაც ვერ ვპასუხობ კითხვაზე -„როის ჩამუალ“.  

ასევე, უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სხვა საქმე - ისეთი, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, დამაინტერესებს, შევძლებ. მაგრამ…  

ზოგჯერ „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების დასაწყისს, ე.წ. ქუდს ვუყურებ. 23-ე წამზე, წამიერად, ისევ ეკრანს ვუბრუნდები. ეს წამი სხვისთვის არაფერია, შეუმჩნეველია, მაგრამ ჩემთვის დიდ ამბავს ჰყვება. ამბავს ბიჭზე, ვისაც „ძლიერ უნდოდა ჟურნალისტობა”, თუმცა ის „იგი“ არ ყოფილა. ადამიანზე, ვინც ერთ დროს ბუნდოვანებას ებრძოდა - ახლა კი ის მისი საუკეთესო თანამგზავრია. რაც უფრო ბუნდოვანია მომავალი, მით უფრო ნაკლებია დრო იმაზე ფიქრისთვის, რისი დატოვებაც, დათმობაც მოუწია, თუმცა არა - ნებაყოფლობით.

--------------------------------------------


საქართველოში სულ უფრო მეტი ჟურნალისტია იძულებული ემიგრაციაში წავიდეს,  პროფესია შეიცვალოს ანდა შემოსავლის ალტერნატიული გზები ეძებოს.

„უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა ერთ წელიწადში“, - 2025 წლის ნოემბერში, პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამ სათაურით მოამზადა ანგარიში საქართველოზე. RSF-ისა და „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ პარტნიორობით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. 

საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ 2024 წლის გაზაფხულიდან ერთიმეორის მიყოლებით იღებს მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობითაც აცნობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა. ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე საფუძვლით საქმის წარმოება დაიწყო „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგაც.

2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა და წერილობით გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.

გასულ წელს სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც არხის სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ.



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი
ფოტო: სქრინი „მედია აკადემიის“ ფეისბუკის გვერდიდან 

„4-თვიანი კურსის ფარგლებში ინტერვიუს მომზადებას ნინო შუბლაძე გასწავლის და საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაგიზიარებს“, - ასეთი ტექსტით იწვევს კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემია“ დაინტერესებულ პირებს ჟურნალისტიკის კურსებზე. ნინო შუბლაძე გასწავლით კითხვების დასმასო. 

ახლა იმ მომავალ სტუდენტებს მინდა მივმართო, რომლებიც ამ კურსს დაესწრებიან და ვთხოვო, პირველ ყოვლისა, დასვან კითხვა: ვინ არის ნინო შუბლაძე და როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია? 

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ამ ბიოგრაფიის, ე.წ. CV-ის ინტერნეტ სივრცეში მოპოვება საკმაოდ რთული გამოდგა. თუკი გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ სიტყვებს - ნინო შუბლაძის ბიოგრაფია, პირველი ეს მასალა შეგხვდებათ:

თუმცა, მხოლოდ საკუთარ მეხსიერებას არ ვენდე, შევეცადე და რაღაც ინფორმაცია მაინც მოვიპოვე. 

ნინო შუბლაძის პროფესიული კარიერა „პირველი არხის“ გადაცემა „ალიონში“ დაიწყო და არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 2003 წლიდან 2014 წლამდე ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2014 წელს, გამოქვეყნდა ფარული მიყურადების კადრები, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი მოადგილის, ნინო შუბლაძის კაბინეტებში იყო ჩაწერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად უპირისპირდება მისდამი კრიტიკულად განწყობილ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ტელეკომპანიას. (ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შედის და რამდენიმე წელი გრძელდება. საბოლოოდ, 2019 წლიდან ტელეკომპანიას უკვე ქიბარ ხალვაში მოიპოვებს და „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მოაქცევს). 

ამ კადრების გამოქვეყნებიდან მალევე, ნინო შუბლაძე „რუთავი 2“-ს ტოვებს და ცოტა ხანში, 2015 წლის ივლისში, მთავრობაში, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ინაცვლებს. 




ნინო შუბლაძის მომავალო სტუდენტებო, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ და იცოდეთ, ეს მანკიერი პრაქტიკაა - „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტები მთავრობაში რომ მიდიან სამუშაოდ და შემდეგ უკან, მედიაში ბრუნდებიან. შეიძლება ჟურნალისტი წავიდეს პოლიტიკაში, საჯარო სამსახურში, მაგრამ უკან აღარ უნდა დაბრუნდეს. ვინც დაბრუნდება, ის ყოველთვის იმ მთავრობის მსახურად დარჩება, რომლის გუნდის წევრიც იყო. პოზიციისა და მთავრობის ცვლილება კიდევ შესაძლებელია, მორჩილების - არა.   

გავაგრძელოთ მისი ბიოგრაფიის კვლევა. 2017 წელს შუბლაძე ისევ მედიაში, ამჯერად „ტვ პირველზე“ იწყებს მუშაობას, საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად. გავრცელებული ხმებით, თითქოს ტოქშოუც უნდა წაეყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ მთავრობაში „მოღვაწეობა“ არჩია და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში გადავიდა. ზოგადად, მის კარიერას თუ დააკვირდებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიაში მუშაობა მისი ვნება არ არის, გაცილებით უფრო მშვიდად გრძნობს თავს იქ, სადაც მმართველი გუნდის (ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში) სითბო და სიყვარული აქვს. 

სწორედ ამ სითბოსა და სიყვარულის შედეგია, ნინო რომ ისევ „რუსთავი 2“-ზეა და პოლიტიკური ტოქშოუ მიჰყავს. გულთბილი ადამიანია, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაც არ უყვარს. რატომ უნდა ატკინოს გული?! 

მის გადაცემაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენს კოლეგაზე - მზია ამაღლობელზე ხშირად საუბრობენ. (მზიას ნინო შუბლაძის კოლეგას ვერ ვუწოდებ, რადგან არ მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელიც ჟურნალისტია და ნინო შუბლაძეც). შუბლაძის გადაცემის სტუმრები იტყუებიან და ამბობენ, რომ მზიამ პოლიციის თანამშრომელს „დიფ სტეიტის“ დავალებით გააწნა სილა, რომ მზია მოძალადე თავდამსხმელია და არა დაზარალებული, რომ მზიამ თავდაპირველად სტიკერი პოლიციელს მიაკრა ზურგზე და ა.შ. მაგალითად, 2025 წლის 16 აპრილს, გადაცემა „ღამის კურიერის“ სტუმარი ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  იყო, რომელმაც მზია ამაღლობელზე ზემოხსენებული ტყუილები გაიმეორა. ჩავთვალოთ, რომ შუბლაძესაც სჯერა, ვიღაც „დიფ სტეიტის“ არსებობის და იმის, მზია რომ მისი დავალებით მოქმედებდა, მაგრამ ზუსტად იცის და კადრებიც ნანახი აქვს, რომ პოლიციელის ზურგზე მას არანაირი სტიკერი არ მიუკრავს. პარტიის მიზანია საზოგადოება ამ სიცრუეში დაარწმუნოს, ამიტომ ნინო ჩუმადაა. 

გთხოვთ, იხილოთ მზია ამაღლობელის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის პასუხები. მასალა მომზადებულია „მთის ამბების“ მიერ: 


ამის შემდეგ მზიას კოლეგები „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივედით და როგორც ყველა პროფესიონალს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი ავალდებულებს, „რუსთავი 2“-ს მაია მწარიაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობა მოვთხოვეთ. ნინო შუბლაძემ ეს გვიპასუხა: 


მან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა დაგვაბრალა და თქვა, რომ აუცილებლად დაუთმობდა ეთერს მაია მწარიაშვილს, ოღონდ მისი პირობებით. მწარიაშვილს დღემდე არ ჰქონია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში მზიას საქმეზე საუბრის შესაძლებლობა. შუბლაძემ ჩვენი აქცია გააშუქა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შესრულებით მხოლოდ ერთ ძალას უსრულებს „თხოვნებს“. 

ძვირფასო სტუდენტებო, მოგმართავთ მათ, ვისაც ახლა ნინო შუბლაძემ კითხვების დასმა უნდა გასწავლოთ. გთხოვთ, აქ გაეცნოთ ვინ არის მზია ამაღლობელი, რომელი გამოცემების დამფუძნებელია, რა ჯილდოების მფლობელია, უბრალოდ მისი ნამუშევრები წაიკითხეთ. 

და შემდეგ გაეცანით ნინო შუბლაძის - მუდმივად მთავრობის სამსახურში მყოფი ჟურნალისტის ბიოგრაფიას. ნახეთ მისი გადაცემები, სადაც ის კრიტიკულ კითხვებს არ სვამს და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამბედაობა სოლიდარობა გამოუცხადოს უკანონოდ დატყვევებულ ჟურნალისტს, (მით უმეტეს, რომ საკუთარ თავსაც ჟურნალისტად მოიაზრებს) არ აქვს გამბედაობა პირდაპირ ეთერში მიიწვიოს მისი უფლებადამცველი, ის ფასეულს ვერაფერს გასწავლით. ერთადერთი, რისი სწავლებაც მას შეუძლია, უსიტყვო მორჩილებაა.   

იხილეთ მასალები და გაიცანით მზია ამაღლობელი:




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.



კატეგორია - ბლოგი

ფოტო: ლევან ზაზაძე


ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავატარე: გაზეთი, ჟურნალი, რადიო, ტელევიზია და ბოლოს უკვე ონლაინ მედია. ყველა მათგანში წლის ბოლოს შეჯამებას მთხოვდნენ, რაც იმდენად მძულდა, რომ არასდროს ვასრულებდი. ბოლო წლებია ამ შეჯამებას, არამხოლოდ მედიები, სოციალურ ქსელში ყველა ჩემი „ფრენდიც“ მთავაზობს, ამას მომავალი წლის გეგმებიც ემატება და ასე დაუსრულებლად. წლის ნომინაციები და ლაურეატების გამოვლენაც მძულს. 2004 წელს, გაზეთ „24 საათში“, წინასაახალწლო საავტორო სვეტში (მაშინ ბლოგებს სვეტი ერქვა), დავწერე ჩემი დამოკიდებულება ახალი წლის მიმართ და ვამხილე ყველა მათგანი, ვინც ერთი თვით ადრე იწყებდა კითხვას: „შენა და ახალ წელს რას აპირებ?“ იმ ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, ახლობლების ნაწილი ისე შევაშინე, ახალ წელსაც არ მილოცავდნენ. ერთი სიტყვით, არ მიყვარს თავსმოხვეული დღესასწაულები და არც იმის მჯერა, რომ წლების ნუმერაციაზეა დამოკიდებული ცვლილებები. სიახლის მოლოდინი კი სულ მაქვს, მაგრამ ეს 31 დეკემბრის ღამესთან ყველაზე ნაკლებად არის დაკავშირებული. საახალწლო „ნიუსების“ თვალიერებისას ყველაზე მეტად იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯია მელონის სიტყვები მომეწონა, გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, მაგრამ არ იდარდოთ, მომავალი წელი უარესი იქნებაო. 

რა გვქონდა 2025 წელს? 

მედიისთვის 2025 წელი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ძალაში შევიდა ე.წ. ფარა, რომელიც ყველას, ვინც საერთაშორისო ფონდებიდან თუ ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა და ამით სრულ დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ინარჩუნებდა, აგენტებად გვაცხადებს. ეს კანონი იმ პროპაგანდის იარაღია, რომლის მიზანიც არის წარმოგაჩინონ უცხო ქვეყნის აგენტად და იმუშავონ შენს დისკრედიტაციასა და განადგურებაზე.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, რომლის „ენჯიო“ ბიოგრაფიასაც აღარ შეგახსენებთ, მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო, რომ დაადგინოს აქამდე მიღებული გრანტების შესაბამისობა კანონთან. 

კამერები და მიკროფონები აკრძალეს სასამართლოს ტერიტორიაზე, ეზოშიც კი, იმისათვის, რომ დამოუკიდებელმა მედიამ არ გვაჩვენოს დღევანდელი სასამართლო, რომელსაც მანდატურების უფროსის, დავით მატიაშვილის სახე აქვს. 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღება აუკრძალეს ტელე და რადიო მაუწყებლებსაც. პოლიტიკური, უფრო სწორედ პარტიული ფული აღარ არის ტელევიზიებში, რადგან მომდევნო 3 წლის მანძილზე არჩევნები არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, 2 ტელევიზია დახურვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. ვფიქრობ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლები ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნავდნენ და არა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე. 

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, საკითხები, რომელიც აქამდე თვითრეგულირების ორგანოს უნდა განეხილა, კომუნიკაციების კომისიას დაექვემდებარა და მას მაუწყებლების დასანქცირების საშუალებაც მიეცა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა როგორც იქნა, მოიცილა ურჩი თანამშრომლები, ახალ შენობაში გადაბარგდა, რკინის ღობე შემოარტყა და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაიძირა. მათ უკვე გარედან უკმაყოფილების ხმაც აღარ წვდებათ, იმდენად შორს არიან „ციხე-სიმაგრეში“ გამაგრებულები. რაც უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული ხდება ეს არხი, რაც უფრო იზრდება მაუწყებლის დაფინანსება, მით უფრო უახლოვდება საბჭოთა წარსულს, სადაც მაყურებელი ეკრანიდან მხოლოდ ტყუილს, გამოგონილ რეალობას ხედავდა. 

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - ჩვენ 2025 წელს, პირველი ჟურნალისტი ქალი პოლიტპატიმარი გვყავს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. „ბათუმელები“ ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი მედიაა, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო და დღემდე მოაღწია, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული და მხოლოდ საკუთარი პროფესიის ერთგულია. ამიტომ შეარჩია რეჟიმმა მზია ამაღლობელი სამაგალითო სასჯელისთვის და შეატყობინა დამოუკიდებელ მედიებს - ყველას დაგსჯით და ყველას გაგტეხავთო. 

რა მიიღო სანაცვლოდ? 

„ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების მიუხედავად, არც ერთ მედიას არ შეუწყვეტია მუშაობა. ტელევიზიები, სადაც უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და  ჟურნალისტებს თვეებია სრული ხელფასი არ აუღიათ, მაინც მუშაობენ. მუშაობენ გაუსაძლის პირობებში, მტრულ გარემოში… მათ უწევთ „ქართული ოცნების“ წევრების დევნა, ბრძოლა კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ იღებენ. შეწუხებული დეპუტატები ხშირად ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ითხოვენ და ასრულებენ კიდეც. პროპაგანდისტული არხების არც ერთი თანამშრომელი დაიჯერებს, რომ მათი კოლეგები, რომელთა ხელფასი ოდესღაც რამდენიმე ათასი ლარი იყო, დღეს მის გარეშე მუშაობენ. ცხადია, ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ისინი ჯერ ისევ ფეხზე დგანან და იბრძვიან. 

ონლაინ მედიები კი ნაცვლად დაშლისა, კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საერთო პლატფორმა - „სინათლე მედია“ შექმნეს, რომელმაც ისეთ შედეგებს მიაღწია, რასაც არავინ ელოდა. 

ყველა ჩვენთაგანს ემუქრებიან, ჩვენ წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიები, სავარაუდოდ, სუსის დაკვეთით, სიუჟეტებს ამზადებენ, უკანონო ფულის მიღებას გვაბრალებენ და მაინც ვერ აღწევენ მიზანს, მაინც ვერ გვაშინებენ. ონლაინ მედიების მიმართ საზოგადოებამ არნახული სოლიდარობა გამოხატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სინათლე არ ჩაქრება! 

არამხოლოდ მედიის, არამედ ყველა ჩვენი თანამებრძოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მზია ამაღლობელია, რომელიც კოლოსივით უდრეკია და რომელმაც გვაჩვენა, რომ იდეალიზმი და გმირობა შესაძლებელია ჩუმი, უსიტყვო და ადამიანური იყოს. ვერასდროს ვახერხებ მზიაზე აღფრთოვანების გარეშე საუბარს. მისი გაუტეხელობა და სიჯიუტე არასდროს მოგვცემს უფლებას ჩვენ აქ, თავისუფლებაზე დარჩენილები გავტყდეთ და დავნებდეთ. სიფრთხილე შიშსა და თვითცენზურაში არ გადაგივიდეთო, - გვითხრა ბოლოს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ კრებაზე რომ დარეკა და იქ შეკრებილ ჟურნალისტებს მოგვმართა, ერთად უნდა იყოთ და ყველაფერი გამოვაო. აუცილებლად გამოვა, რადგან ერთად ვართ!

ამ ჩემი „საახალწლო“ ბლოგის დასაწყისში ჯორჯია მელონის სიტყვები გავიმეორე, მძიმე იყო 2025, მაგრამ 2026 კიდევ უფრო მძიმე იქნება-მეთქი. კი, 2026-ში კიდევ უფრო მოგვიჭერენ მარწუხებს, კიდევ უფრო მეტს დაგვიჭერენ, დაგვშლიან, დაგვხურავენ, გვცემენ, ალბათ, ისევ მოგვწამლავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ შეგვაშინებენ, რადგან ჩვენ, ქართველებმა (მათ შორის ჟურნალისტებმა), არნახული სოლიდარობის, თანადგომის, ერთმანეთის სიყვარულისა და ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ! უკანასკნელი წლები, ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე ღიად ჩვენი მთავარი მტერი - რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის და გვკლავს, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს იბრძვის, იცის, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, ეს დღეები და წლებიც ყველაზე ტკბილად გაახსენდება, რადგან არასდროს ყოფილა ამდენი სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთად ბრძოლის ჟინი. არასდროს ყოფილა ეს სიტყვები ასეთი გულწრფელი და ნამდვილი, როგორც დღეს: მიყვარხარ საქართველო! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი

მინსკში 2020 წლის შემოდგომაა, ბელარუსის ერთ-ერთ სამთავრობო არხზე გადაცემა „პოლიტიკის საიდუმლო ზამბარები“ (Тайные пружины политики) გადის. უზარმაზარი ლურჯი ეკრანის ფონზე ლუკაშენკოს რეჟიმის განთქმული მეხოტბე, ტელეწამყვანი გრიგორი აზარიონოკი ევროკავშირს - ანტიქრისტიანულ საქმიანობაში, პროევროპელ ბელარუსებს კი სამშობლოს ღალატში სდებს ბრალს. გავა ხუთი წელი და იმავე პათოსს გაიმეორებს ქართული სამთავრობო მედიაც. 23 ნოემბერს „იმედის“ სახე ირაკლი ჩიხლაძე, ასევე ლურჯი მონიტორის ფონზე, ათრთოლებული ხმის ტემბრითა და ქართული სპეცსამსახურების ქება-დიდებით, მაყურებელს ამცნობს, რომ „იმედის“ გუნდმა თითქოს „მასშტაბური ღალატის“ სქემა გაშიფრა.

„იმედის“ „ენიგმა-სპეცრეპორტაჟი“ დასავლური სახელმწიფოების დავალებით ონლაინმედიის ე.წ. „ანტიქართულ“ საქმიანობას ეძღვნება. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც რუსული და პრორუსული რეჟიმების პროპაგანდა გვიკვლევია, იმ საღამოს რემინისცენციის მძაფრი განცდა დაგვეუფლებოდა. ღალატსა და ჯაშუშობაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დადანაშაულება იმდენად ნაცნობია, იმდენჯერ მოგვისმენია ხან სალავიოვის, ხან აზარიონოკის, ხან კი სკაბეევა-პოპოვი-სიმონიანის threesome რიტორიკაში, რომ „იმედის“ მთელი ჟურნალისტური მასალა, პროლოგად წამძღვარებული ტექსტის ჩათვლით, რუსულიდან ნათარგმნი გეგონებათ. 

15-წუთიანი ე.წ. სპეცრეპორტაჟის თავდაპირველი სამიზნე რეპრესიული კანონებით შევიწროებული 22 ონლაინგამოცემის საერთო კამპანიაა, სახელწოდებით „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, „იმედის კვირა“ ამ კამპანიას იატაკქვეშა ჯაშუშურ ქსელს უწოდებს, რომელიც ვითომ დასავლური სპეცსამსახურებიდან იმართება. 

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ზაფხულში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი-კობახიძის „ფარას კანონი“ ძალაში შევიდა და ევროპულ-ამერიკული დონაციით დაფინანსებული, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები მტრად გამოცხადდა. ეს კამპანია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც კი ქართულ მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად განხორციელებულა. თუკი რამე არის გამჭვირვალე და ცხადი, სწორედ ამ კამპანიის მიზნები, არსი და შემოსავალია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფაქტი ე.წ. სპეცრეპორტაჟის ავტორებმა თუ არა, დამკვეთებმა ყველაზე კარგად იციან, მაგრამ როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფაზა სწორედ აღვირახსნილი დეზინფორმაციით გამოაცხადეს. 

ყველაზე კომიკური მაინც ე.წ. სპეცრეპორტაჟის შინაარსობრივი სტრუქტურაა, - ბუნდოვანი, პარანოიის ელფერით, კონცეპტუალურად გაურკვეველი და შეთქმულების თეორიაზე დამყარებული. ისმის მხოლოდ ცრუ ბრალდებები და მყვირალა ფრაზები: ღალატი, ჯაშუშები, ქართული ეკონომიკის ნგრევა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. საერთო ჯამში, მასში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, თუნდაც მოჩვენებითი ბალანსისთვის, ყალბი ეთიკისთვის, მეტი დამაჯერებლობისთვის, „იმედის“ მაყურებელს თვალებზე რომ ააფარონ. რამდენიმე წუთში ე.წ. სპეცრეპორტაჟის სამიზნე იცვლება და „საქმეში შემოდის“ ჯერ „ფრანკლინის კლუბი“ მისი „შვილობილი“ ორგანიზაციებით, შემდეგ კი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იგივე GIPA, როგორც „სამჭედლო დასავლური სპეცსამსახურების ქართველი ჯაშუშებისა“. დეზინფორმაციული მასალის ავტორები ამბობენ, რომ ონლაინმედიის ჟურნალისტებს ამ სივრცეში ატრენინგებენ. იაფფასიანი პროპაგანდისადმი მოწყვლად მაყურებელს აუცილებლად ეგონება, რომ GIPA არა ინსტიტუტი, არამედ „ოცნების“ გამოგონილი მონსტრის, „დიფ სთეითის“ ფილიალია. GIPA-ში მართლაც არაერთ ჟურნალისტს გვისწავლია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მედიასკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე. მაგრამ „იმედი“ ამ ინფორმაციას დამახინჯებულად ჰყვება, რადგან „ოცნებიდან“ მიცემული დავალება ასეთია, - დასავლური სტანდარტის საგანმანათლებლო ობიექტებზე იერიში უნდა მიიტანონ.

„იმედის“ შეთქმულების თეორია პიკს აღწევს, როცა სცენარში CIA-ის დაზვერვის ოფიცერი ქალი შემოჰყავთ, თან ისე რომ გაუგებარი რჩება, რა კავშირი აქვს ამ ქალს ქართულ ონლაინმედიებთან. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის ხსენება შემთხვევითი არ არის. რუსული პროპაგანდის მთელი ნარატივი, ისევე როგორც საბჭოთა პროპაგანდისა, მთავარ მტრის ხატად „ცერეუს“ და მის „ბოროტ ჯაშუშებს“ წარმოაჩენს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არც თავს იწუხებს, აღარც ირჯება საკუთარი პროპაგანდის ავთენტურობისთვის და მოურიდებლად აკოპირებს კრემლის გამზადებულ პატერნებს: „ცერეუ“ (ЦРУ), „ჯაშუშები“, „სამშობლოს მოღალატეები“, „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები“. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ე.წ. სპეცრეპორტაჟის დასკვნით ნაწილში ავტორები თავადვე აღიარებენ, „ეს სქემა ქართულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს“. ფაქტობრივად, „იმედი“ უნებლიედ იძლევა აღიარებით  ჩვენებას, რომ დეზინფორმაციული მასალა დამოუკიდებელი ონლაინმედიის წინააღმდეგ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთით მომზადდა. 

მე-20 საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს ამერიკელმა მკვლევარმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა კლაიდ მილერმა პროპაგანდის ანალიზის თეორია შეიმუშავა. მილერის ფორმულა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდისტულ მანქანას შიფრავს და ამოცნობას ამარტივებს. დღეს მას მედიაწიგნიერების ერთ-ერთ პატრიარქსაც უწოდებენ. მილერის თეორიის თანახმად, პროპაგანდის უმთავრესი საყრდენი უხილავი, ყოვლისმომცველი მტრის ხატია, რომლის „საპირწონე სიკეთედ“ თავად პროპაგანდის დამკვეთია წარმოჩენილი. ამის ნათელი მაგალითი იყო ცივი ომის დროს სსრკ-ში დამკვიდრებული ნეოლოგიზმი - „კოლექტიური დასავლეთი“ (коллективный запад); ამის ნათელი მაგალითია პუტინის ექსტრემიზმის მთავარი პოსტულატი - „ნატო რუსეთს განადგურებით ემუქრება“; ამის ნათელი მაგალითია ივანიშვილის გონებაში შობილი - „გლობალური ომის პარტია“ და შემდეგ უკვე „დიფ სთეითის“ ცნება, - უხილავი, ფესვგადგმული მტერი, რომელსაც ყველგან ჯაშუშები ჰყავს ჩანერგილ; „ოცნების“ შექმნილი მტრის ხატი, გამოგონილი „ჯაშუში ჟურნალისტების“ ჩათვლით, სხვა არაფერია თუ არა კრემლის პროპაგანდა მორგებული ქართულ რეალობას, საკუთარ ამომრჩეველს და თავიანთ პოლიტიკურ მიმიკრიას. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში შხამიანი სამთავრობო მედია: „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, თავად თუ სჯერათ პროპაგანდისტებს იმ სიცრუის, რასაც ავრცელებენ თუ მათი მორალური დეგრადაცია მხოლოდ პრივილეგიებს და მაღალ ხელფასს ემსახურება?! საბოლოო პასუხის პოვნა მიჭირს. 

ისევ კლაიდ მილერის ანალიზს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც იგი კრემლის პროპაგანდის ანატომიას იკვლევდა, მიხვდა, რომ რეჟიმისადმი ლოიალურ რიგით მოქალაქეს არაფერი იმონებს ისე, როგორც მარადიული შიში აბსტრაქტული მტრისადმი. აბსტრაქტული მტრისადმი შიშით ასაზრდოებს „ოცნება“ ამომრჩეველს, რომლის ნაწილსაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ალბათ, ორი დღეა სჯერა, რომ სადღაც იატაკქვეშეთში არსებობს „ჯაშუში ჟურნალისტების“ ქსელი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ საპირისპირო რეალობას ეს ადამიანები ვეღარ ხედავენ. 

სინამდვილეში, სწორედ „ჯაშუშებად“ გამოცხადებული ჟურნალისტები არიან სიღარიბეზე, მოპარულ პენსიებზე, აუტანელ საცხოვრებელ პირობებზე, ჩამონგრეულ ჯანდაცვაზე, რუსულ ოკუპაციაზე, ეკოლოგიურ კატასტროფაზე, შეჩერებულ სოციალურ დახმარებასა და მოქალაქეების ჩაგვრაზე ინფორმაციას წლების განმავლობაში რომ ავრცელებდნენ და ავრცელებენ დღემდე, იმ უჩვეულოდ მძიმე დროშიც კი, როცა რეჟიმმა ჟურნალისტობა ყველაზე დევნილ პროფესიად გადააქცია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი

პოლიცია ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით უზღუდავს თავისუფლებას იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს აშუქებენ. 24 ოქტომბერს, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ავტომობილში ჰყავდათ დაკავებული ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი, ხოლო 5 ნოემბერს დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავება, რის შემდეგაც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გზის ხელოვნურად ბლოკირების ბრალდებით და წარედგინა სასამართლოს სახდელის დასადებად. შსს-ს განმარტებით, ნინია კაკაბაძე არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, რადგანაც როდესაც ჟურნალისტი შეწყვეტს გაშუქებას, უნდა გადაინაცვლოს ტროტუარისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს. არაერთგვაროვან პრაქტიკას უფრო მეტად ბუნდოვნად აქცევს სამინისტროს განმარტებები ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების წესების შესახებ, რაც თავის მხრივ, არ ეფუძნება არავითარ საკანონმდებლო აქტს, თუ საერთაშორისო პრაქტიკას. მეტიც, შსს-ს დასაბუთება ძირითადად ეყრდნობა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის შესახებ სასამართლოს პრაქტიკას, რაც საერთოდ არაა რელევანტური ჟურნალისტის მიერ აქციის გაშუქების საქმის კონტექსტში.

შსს-ს განმარტებებს უპირისპირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს, რომელთა თანახმად, საქმეები განხილული უნდა იყოს არა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის, არამედ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ქვემოთ მიმოხილული იქნება სტრასბურგის სასამართლოს საქმეები ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც მოხდა ჟურნალისტების დაკავება ან სხვაგვარად შეფერხება აქციის გაშუქებისას. 

BUTKEVICH v. RUSSIA

საქმეში - ბუტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება არის ჟურნალისტიკის მომზადების არსებითი ეტაპი, მტკიცედ დაცული, როგორც პრესის თავისუფლების ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტის დაკავება, დევნა და დასჯა არღვევს მის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად (კონვენციის მე-10 მუხლი), დაადგინა თავისუფლების უფლებისა (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (კონვენციის მე-6 მუხლი) დარღვევაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედია ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დემონსტრაციებზე უწესრიგობის აღმოფხვრისას ხელისუფლების ქმედებებზე. ამიტომ ჟურნალისტების დემონსტრაციების დროს ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს დაქვემდებარებული „მკაცრ კონტროლს“. ეს ასევე, ეხება ისეთ შემდგომ ზომებს, როგორიცაა სავარაუდო სამართალდარღვევისთვის დევნა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქმე უნდა ყოფილიყო განხილული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და არა მე-11 (მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) მუხლთან მიმართებით, რაც კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომას. 

ასევე, ეს გადაწყვეტილება ადგენს, რომ ჟურნალისტებისთვის არ არის მოთხოვნილი განმასხვავებელი ტანსაცმლის ან პრესის ნიშნების ტარება საზოგადოებრივ შეკრებებზე, კონვენციით გარანტირებული დაცვის მოსაპოვებლად. ამავე კონტექსტში აგრეთვე საყურადღებოა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების დაკავებისგან დაცვის შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტები იმყოფებიან აქციის იმ მონაწილეებთან ერთად, რომლებიც კანონს არღვევენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გონივრული ეჭვი აქტივისტების დაკავებისთვის და ჟურნალისტის, ერთი შეხედვით, აქციის მონაწილედ მიჩნევისთვის, თუმცა გადამწყვეტია ის, რომ დაკავების შემდეგ, ძალიან მალე აღარ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი წარადგენს პრესის ბარათსა და ვალიდურ პირადობის მოწმობას. როდესაც ჟურნალისტი საქმიანობს კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიციამ უნდა ივარაუდოს, რომ პირი, რომელიც ატარებს ასეთ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ნამდვილად არის ჟურნალისტი და ეს წესი მოქმედებს ე.წ. „ჩანერგილი ჟურნალისტიკის“ შემთხვევაშიც. სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავების მცირე ხნისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღარ იყო სამართლებრივი საფუძველი დაკავებისთვის და პოლიციას უნდა გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი.

ამდენად, სასამართლო გადამწყვეტად მიიჩნევს ჟურნალისტის განზრახვას, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მასალა. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ფუნქციონალურ და ფართო მიდგომას ჟურნალისტის ცნებისადმი, რომლითაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის როლს.

BRYAN AND OTHERS v. RUSSIA

საქმეში - ბრაიენი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა პროტესტის გაშუქების დროს ჟურნალისტების დაკავებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-5 (თავისუფლების უფლება) მუხლების დარღვევა.

სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ჟურნალისტების მუშაობაში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შეკრება, რომელსაც ისინი დოკუმენტირებენ, მიიჩნევა უკანონოდ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ დემონსტრაცია უკანონოა, პოლიციის მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მედია გაშუქებისა და ჟურნალისტური რეპორტაჟის რელევანტობა. ამავე საქმეში სასამართლომ კონვენციით გარანტირებული თანაბარი დაცვის სტანდარტი გაავრცელა არა მხოლოდ მედიასაშუალებებში დასაქმებულ, არამედ ფრილანსერ ჟურნალისტებზეც.

Magyar Helsinki Bizottság v. Hungary

უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი უნგრეთის წინააღმდეგ - საქმეში სასამართლოს დიდმა პალატამ ჟურნალისტური საქმიანობა ფართოდ, ფუნქციონალური გაგებით დაინახა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოებრივ მეთვალყურეებსა (Social Watchdog) და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.

სასამართლომ აღიარა, რომ საზოგადოებრივი დებატისთვის სხვადასხვა პლატფორმის შექმნის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პრესით, არამედ შეიძლება განხორციელდეს, სხვებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთა საქმიანობა ინფორმირებული საზოგადოებრივი დებატის არსებითი ელემენტია. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, ის ახორციელებს საზოგადოებრივი მეთვალყურის (Social Watchdog) როლს, რომელიც პრესის მსგავსი მნიშვნელობისაა და შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მეთვალყურე, რომელიც იმსახურებს კონვენციის ქვეშ პრესისთვის მინიჭებულის მსგავსად დაცვას.

სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიული საზოგადოების ინტერესშია, რომ როგორც პრესას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ, შეასრულონ საზოგადოებრივი მეთვალყურის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტი ინფორმაცია მათი საქმიანობის იარაღია, აუცილებელია, მათ მოიპოვონ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შეასრულონ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ცნობების გამავრცელებლის როლი. ინფორმაციაზე წვდომის შესაფერხებლად შექმნილმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მედიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავე პირებს აღარ შეეძლოთ ეფექტურად შეასრულონ „მეთვალყურის“ როლი და მათი უნარი, ზუსტად და საიმედოდ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, დაქვეითდება.

სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, მოიპოვებს თუ არა პირი ინფორმაციას საზოგადოებრივი მეთვალყურის ხარისხით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ინტერნეტის მიერ ახალი ამბების მიმართ საზოგადოების წვდომის გაძლიერებასა და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების ფუნქცია ასევე შეიძლება გაუთანაბრდეს „საზოგადოებრივ მეთვალყურეებს“ და მოექცევა კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცულ სფეროში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში

მედიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოც აქამდე მიღებულ დადგენილებებში (2025 წლის 23 მაისის N4/1433-25 დადგენილება, პ. 8.3.) ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების სტანდარტების განსაზღვრისთვის და ადგენს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ემსახურება საპროტესტო აქციის გაშუქებასა და იქ არსებული მოვლენების დაფიქსირებას, ხოლო ამგვარი საქმიანობისთვის ხელშეშლა, ცხადია, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. საქალაქო სასამართლო იშველიებს საქმეს - Pentikäinen v. Finland, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „მედიის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა შეეშალოთ პოლიციის ოპერაციების დაკვირვებასა და ჩაწერაში, თუ (გამონაკლისის სახით) მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ან ხელს არ შეუშლის სამართალდამცავებს სამუშაოს შესრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად. თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, შესაძლებელია, ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვეს პროპორციული რეაგირება.“  

თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე, მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეზეც - Najafli v. Azerbaijan, რომელშიც განმარტებულია, რომ „თუ მედიის წარმომადგენელს არ აცვია სპეციალური ტანსაცმელი ან არ უკეთია სამკერდე ნიშანი, მას უნდა მიეცეს უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აწარმოოს საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობა, მას შემდეგ, რაც პოლიციელისთვის ცნობილი გახდება მისი ვინაობა და პროფესია, ამ შემთხვევაში, ზემოხსენებულ პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაცვის ისეთსავე საშუალებებზე, როგორიც მედიის ყველა სხვა წარმომადგენელს ექნებოდა.“

როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ბოლოდროინდელ შემთხვევებზე?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და იერარქიულად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მაღლაც დგას, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები, კონტექსტის შესაბამისად, სავალდებულოდაა გასათვალისწინებელი ადგილობრივი სასამართლოებისთვის.

მოქმედი კანონმდებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი) ადგენს პასუხისმგებლობას შეკრება/მანიფესტაციის გამართვის წესის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დარღევის ჩადენისთვის პირი უნდა მონაწილეობდეს შეკრებში და ამავდროულად ხელოვნურად კეტავდეს გზის სავალ ნაწილს. პრაქტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის შეზღუდვა უნდა შეფასდეს არა კონვენციის მე-11 (მშვიდობიანი შეკრების უფლება), არამედ მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) კონტექსტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტი არ შეიძლება ჩაითვალოს შეკრება/მანიფესტაციის მონაწილედ და შესაბამისად, ის ვერ დაარღვევს იმ წესს, რომლის დარღვევაც მხოლოდ შეკრების მონაწილეს შეუძლია. ისევე, როგორც ჟურნალისტი ვერ გახდება მისი ნების საწინააღმდეგოდ ან მისდა უნებურად შეკრების მონაწილე და მასზე ვერ გავრცელდება აქციის მონაწილის შემზღუდავი კანონმდებლობა.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტის მიმართ შემდეგი მოთხოვნები უნდა იყოს დაცული:

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს და დაუშვებელია მშვიდობიანი შეკრების წესის დარღვევისთვის ჟურნალისტის დაკავება ან საქმიანობის სხვაგვარად შეზღუდვა;

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს არა მხოლოდ მედიასაშუალებაში დასაქმებული, არამედ ფრილანსერი ჟურნალისტების და სხვა ნებისმიერი პირის საქმიანობას, რომელთა განზრახვაა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივმა მეთვალყურემ;

  • პრესის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება რეკომენდირებულია, მაგრამ არაა აუცილებელი იმისთვის, რომ პირი მოექცეს კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის ქვეშ;

  • თუ პოლიციას გაუჩნდება დასაბუთებული ეჭვი, არის თუ არა პირი ჟურნალისტი, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. მას შემდეგ, რაც პოლიციას წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, მას უფლება აღარ აქვს, დააბრკოლოს ჟურნალისტი ან შეუზღუდოს გადაადგილება მას;

  • ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და აქციის გაშუქების წესებზე არ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რადგან ეს მედიის თავისუფლად საქმიანობის განუყოფელი ნაწილია;

  • ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადი წესი, რომელიც მედიამ აქციის გაშუქებისას უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს საპოლიციო ღონისძიებებს და დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს;

  • ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად;

  • პოლიციას შემდგომი პროპორციული რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან.





    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი

ვიცი ავტოკრატიაში, სადაც რეჟიმი პროპაგანდაზე დგას, იუმორით წერა დიდ რისკებს შეიცავს, მაინც არ შევეპუები და ვეცდები ის აბსურდი, რომელშიც თავი ამოვყავი, მსუბუქად მოგიყვეთ. 

მე ვარ ნინია კაკაბაძე, პასპორტში ნინო ზურაბის ასული კაკაბაძე, დაბადებული 1974 წლის 15 აპრილს. უკანასკნელ პერიოდში, რაც ქვეყნის ე.წ. პრემიერი ქუჩის გადაკეტვისთვის ყველას პატიმრობით დაგვემუქრა და ამ მუქარას ყოველდღიურად ასრულებს, მეც ყოველდღე ჩავდივარ რუსთაველზე და ვიღებ ყველაფერს: პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მანიფესტანტებს და გადაკეტილი გზით უკმაყოფილო მგზავრებსაც კი. მასალას ვაგროვებ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ „მედიაჩეკერისთვის“, თქვენ რომ ახლა კითხულობთ, იმ ონლაინ გამოცემისთვის.

3 ნოემბერს, ჩემი ახლობელი და მეგობარი ანუკა გამსახურდია ისევ გზაზე დადგა დროშით ხელში და სანამ ტროტუარზე არ გადმოგვრეკეს, იდგა. რასაკვირველია, მას დღეს დააკავებენ. ანუკ, მოდი, დღეს გაგიყვან-მეთქი აქედან და ხვალ დილით ჩაჯექი, მიხვალ სახლში, მოემზადები, ჩაალაგებ ჩანთას და ბარემ დაგაკავებენ. კაიო. ჩემი მანქანა ჭიჭინაძეზე დგას, იქ ბევრი პოლიციელია, შენ ჩიტაძის მხარეს წადი, მე ჭიჭინაძიდან ავალ, ჩიტაძით ჩამოვალ და უცებ ჩამიხტი მანქანაში. ისევ კაიო. ავედი ჩქარა მანქანასთან, ჩავჯექი, ავიარე ჭიჭინაძის ქუჩა და რომ უნდა შევუხვიო - მარჯვნიდან, მარცხნიდან მოაყენეს მანქანები, თვით საპატრულო პოლიციის უფროსი, გოგა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა ჩემი შეპყრობის აქტს. გადმობრძანდით, პირადობა, გამოგვყევით… ჩამსვეს მანქანაში, აქეთ-იქიდან მომისხდნენ პოლიციელები და რაღაცნაირად მავიწროვებენ. მეთქი, მეგობრებო, გაიწიეთ ცოტა, ნუ მაწვებით, ხომ არ გადავფრინდები მანქანიდან. ჩემს მანქანას შუშა მაინც აუწიეთ და დაკეტეთ, ასე ხომ არ უნდა დატოვოთ?! ვესროლე ვიღაც პოლიციელს გასაღები, გყავდეს შენ მანქანა-მეთქი. 

ვზივარ მანქანაში და ვფიქრობ, ანუკას გაყვანის რა დიდებული სტრატეგია დავგეგმე, რა დროს ჩემი დაპატიმრება იყო?! ამ დროს მირეკავს სწორედ ანუკა, ტელეფონს მართმევენ პოლიციელები და მითიშავენ. ისეთ ადგილას გამაჩერეს, ვაითუ ვერავინ გაიგოს, რომ დამიჭირეს. მაგრამ არა, გათიშული ტელეფონით მიხვდებიან, რომ დამაკავეს, ატეხენ განგაშს, გატეხავენ ციხის კარს და გამათავისუფლებენ. თქვენ არ იცით, მე ვინ ვარ? - ვეკითხები ჩემს დამკავებელ პოლიციელებს მანქანაში. მინდა ვუთხრა, რომ - სახალხო არტისტი, მაგრამ ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ, არ გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება. მოკლედ, არ აინტერესებთ. 

თქვენ ილიაუნიში არ ასწავლით? თითქმის ჩურჩულით მეკითხება ჩემი გამკავებელი პოლიციელი. დიახ. ჩემი სტუდენტი ხომ არ იყავით? არა, მაგრამ ვიცი. ილიაუნის სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე წელს. აი, აგერჩია ჩემი საგანი და დღეს პოლიციელი კი არ იქნებოდი. აფსუს. 

მივქრივართ კახეთის გზატკეცილისკენ. მივედით, გადმომიყვანეს მანქანიდან, შემიყვანეს შენობაში, ხელი მაინც ჩაკიდული აქვთ, რომ არ გავიქცე. შევდივარ და რას ვხედავ, ანუკა გამსახურდია ზის და მელის. არ იყო აშკარად ეს ჩიტაძის კუთხე. რა კარგია, ერთად ვიქნებით იზოლატორში. ცოტა ამოვისუნთქე. 

სურათი ასეთია: პოლიციის შუშის შენობაში, პირველივე სართულზე, მგონი მანქანების სადგომი იყო, ციოდა, თითქმის ბნელოდა, დაახლოებით 20 პოლიციელი დგას, მიდის, მოდის… ვსხედვართ მე და ანუკა. მაინც გაგვაცალკევეს, რომ უცებ და იქვე რამე ტერაქტი არ დავგეგმოთ. 

ამის მერე იწყება: სახელი, გვარი, სად მუშაობ, როდის დაიბადე, სად დაიბადე. ქალბატონო ნინო, ეს რა მედიაა? დაკვირვებით უყურებენ ჩემს პრესის ბარათს. მეთქი, ხალხო, ხომ არ გადაირიეთ, რა ნინო, რა ნინო? ნინია ვარ კაკაბაძე. არანაირი რეაგირება, მიყურებენ შუშის თვალებით. მეთქი, ხალხო, რატომ უკეთებთ ამას ბატონ ბიძინას? მისი მტრები ხომ არ ხართ? ვერ ნახეთ, გუშინ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში რომ შეიყვანეს? დღეს ჟურნალისტის დაკავება ხომ ბატონი ბიძინას წინააღმდეგ გადადგმულია ნაბიჯია?! თვალები - ისევ შუშის, არც წესიერი ლაპარაკი, არც ხუმრობა, არაფერი ესმით. 

ვზივარ და ვფიქრობ, ალბათ, უკვე ყველამ გაიგო, რომ დამაკავეს. ნეტავ, რას წერენ ჩემზე? ალბათ, ფოტოებსაც დებენ, იხსენებენ რამდენი რამე, ღმერთო, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული სამშობლოსთვის?! ვის აღარ ვებრძოდი - ზვიადი, შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა! ნეტავ, ის თუ დაწერეს სააკაშვილს რომ ვაგინე? (სინამდვილეში, მე არ მიგინებია და იმან მაგინა, მაგრამ არაუშავს). მოკლედ, ვზივარ და ვხედავ ფბ პოსტებს, ხალხს ქუჩაში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით… 

რომელ იზოლატორში წაგვიყვანთ? ზაჰესის „კაპეზეს“ აქებენ, ახალგარემონტებულიაო და იქნებ, იქ გადაგვიყვანოთ. არა, დიღომში მიგვყავხართ. უცებ, მახსენდება, რომ ხანდახან კლაუსტროფობიული შემოტევებიც მაქვს და წარმოსახვაში ვხედავ ჩემს ზურგს უკან მოჯახუნებულ რკინის კარს. ახლა ჩანთაში რომ ტრანკვილიზატორი (სახელს შეგნებულად არ ვწერ) მიდევს, ის როგორმე უნდა გადავყლაპო. 

წავიღე ხელი წამლების ყუთისკენ. აქ რა გიდევთ? მეთქი-არაფერი, წამლებია. ჰოდა, აი, ეს წამალი, საღამოობით რომ ვსვამ, უნდა გადავყლაპო. არ შეიძლება, მეუბნება პოლიციელი. როგორ გეკადრებათ, ვპასუხობ მე და უცებ ვიგდებ პირში ნახევარ აბ ტრანკვილიზატორს. დალია, წამალი დალია, ხმამაღლა ამბობს პოლიციელი ქალი. რა დალიეთ? დამამშვიდებელი. რატომ ღელავთ, რა გგონიათ, „ნავიჩოკი“ მიდევს ჩანთაში და თავს ვიკლავ? ისევ შუშის თვალები. არაფერზე არ გპასუხობენ. დაპატიმრების წამიდან საათნახევრის განმავლობაში ვეკითხები, როდის დამარეკინებენ ჩემს შვილთან ან ჩემს ადვოკატთან. მანქანაში მეუბნებიან, როგორც კი მივალთ პოლიციის შენობაშიო, პოლიციის შენობაში მეუბნებიან ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, ოქმს რომ შევადგენთ მერეო, ოქმს რომ შეადგენენ. მეუბნებიან ისევ ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, რომ მიგიყვანთ იზოლატორში, იქ გექნებათ ერთი ზარის განხორციელების უფლებაო. ამ დროს მოდის ერთი პოლიციელი ადამიანი, ადამიანი, რადგან დანარჩენები აპიჩატპონგ ვირესეტაკულის ფილმების გმირებს ჰგვანან და მეუბნება, დარეკე ბავშვთან და მარეკინებს. 

ვირესეტაკული და მისი გმირები იხილეთ აქ → Apichatpong Weerasethakul  

ოქმს მოაწერეთ ხელი, თუ შეიძლება. როგორ გეკადრებათ?! მახსენდება, რომ სანამ ადვოკატს არ ვნახავ, არაფერზე ხელი არ უნდა მოვაწერო. ვერა, გენაცვალე, მაგაზე ხელს ვერ მოგიწერ, დამარეკინეთ ადვოკატთან და მერე, კი ბატონო. თქვენ უკვე ისარგებლეთ ერთი ზარის უფლებით, ამიტომ ადვოკატთან ვეღარ დარეკავთ. შევახსენე, რომ კანონს არღვევენ, მაგრამ არ აინტერესებთ, რადგან მათი ერთადერთი კანონი ბატონი ბიძინაა. 

შუალედებში სულ მეფიქრება, აზვირთებული ხალხის ნაკადი როგორ მოემართება კახეთის გზატკეცილისკენ ჩემ დასახსნელად, შეძახილებით - „თავისუფლება ნინია კაკაბაძეს“. ამ დროს ერთი უტყვი ისევ მომმართავს, ქალბატონო ნინო, (ღმერთო, ისევ ნინო!) თქვენი ჩანთა და ნივთები უნდა აღვწეროთ და დავლუქოთ. აღწერეთ და დალუქეთ. ტრანკვილიზატორს ჯერ არ უმოქმედია, როგორც სჩანს, ამიტომ ჩემი გული ფრიალს იწყებს. სანამ დალუქავთ-მეთქი, ანაპრილინი მიდევს მანდ და უნდა დავლიო. არ შეიძლება. ამ სიტყვებს ქართულად ამბობენ, მაგრამ მათ ორიგინალ ენაზე მესმის - Не положено.  

- რატომ?
- არ შეიძლება. 
- რატომ არ შეიძლება? 
- არ შეიძლება. Не положено!

არ ვწყვეტ ერთი აბი ანაპრილინის მოთხოვნას. ნახეთ და თუ გინდათ, პულსი გამისინჯეთ, გული მაქვს აჩქარებული და თან მიფრიალებს კიდეც. არ შეიძლება, ქალბატონო ნინო. (ღმერთო, ისევ ნინო!) თუ გინდათ, სასწრაფოს გამოვიძახებთ და ის დაგალევინებთ, რაც საჭიროა. გამოიძახეთ. სადღაც 20 წუთში მოდის სასწრაფო. წნევას მიზომავს და 140/110-ზე მაქვს, როდესაც ჩემი ნორმა 90/60-ზეა. ეუჰ, ვიფიქრე, არაა ჩემი საქმე კარგად. ეს ოხერი ბიძინაც, ყველაზე საზიზღარი მმართველი, მაინც და მაინც ამ ასაკში უნდა დამწეოდა, ხომ?! რა ენერგიული და უპრობლემო ვიყავი მიშას დროს. ძალიან მაღალია 140. ეტყობა, მაინც ვნერვიულობ. 

- რამე დამამშვიდებელი ხომ არ გაქვთ კიდევ? - მივმართავ სასწრაფოს ექიმს.
- კი, კორსიზი გვაქვს. 
- რა კორსიზი, ქალბატონო, კორსიზს ყურში ვიწვეთებ. ნახევარი აბი ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს და უთხარით, ის მეორე ნახევარიც დამალევინონ. 

მოკლედ, ექიმის ხელით დამალევინეს ანაპრილინიც და ტრანკვილიზატორიც. აწი აღარაფრის მეშინია, ანუკაც აქ არის, მარტო არ ვარ, ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს, ანაპრილინიც დავაყოლე და აწი კი მომერევა ძილი. ცოტა ხანში წნევა ჩამოდის 110-ზე და სასწრაფოც მიდის.   

ცოტა ხანი ისევ ვსხედვართ. არ ვიცი, რას ველით, ამიტომ ვიწყებ პოლიციელებთან საუბარს. ვუხსნი, რომ ეს კანონები უკანონოა, რომ ჩვენ დასაპატიმრებლად მიიღეს. ვცდილობ, გული ავუჩუყო იმ მამაცობით, რასაც ყოველდღე თავად უყურებენ რუსთაველის გამზირზე, მერე ვუყვები, რომ სამკურნალოდ ვეღარ ვივლით ევროპაში, რომ მხოლოდ მინსკში და რუსეთში შეგვეძლება დასვენება. ამ დროს ანუკა ერთვება დიალოგში: 

- და განათლების რეფორმაზე რას ფიქრობთ? აი, მე ყველაზე მეტად ეგ მაღელვებს, რას ფიქრობთ ამაზე??? 

- ანუკა, გენაცვალე, რა განათლების რეფორმა და აპიჩატპონგ ვირესეტაკულის შემოქმედება. მაცალე. ვაგრძელებ ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების ოქროს ზოდებზე საუბარს, რომელსაც 13 წლის მანძილზე მათ, ანუ პოლიციელებს და მე მპარავდნენ. 

რაღაც ეტაპზე ვხვდები, რომ ტყუილად ვირჯები და ვჩუმდები, თან ტრანკვილიზატორმაც აშკარად დაიწყო მოქმედება. ახლა უკვე ვნატრობ იზოლატორის ლოგინზე, რომელსაც არც თუ ისე მიმზიდველად ახასიათებენ, მაგრამ არ ვჩივი. 

მოკლედ, იზოლატორისკენ გამგზავრებამდე მხოლოდ ჩემი პირადი ნივთების დალუქვა დარჩა. მოიტანეს ფაილი, დიდი ძაფი და დაიწყეს: 

- ხელის კრემი, გასაღები, ტუჩსაცხი 1, ტუჩსაცხი 2. 

- სჯობს, მაინც დააკონკრეტოთ-მეთქი, ერთი ტუჩსაცხი კოსმეტიკურია, მეორე - ჰიგიენური. უზუსტობა არ გაიპაროს. 

- კარგით. ამას რა ჰქვია? დაწერე: ბარათების ჩასადები ჩანთა, ან საფულე. მეც არ ვიცი, ამას რა ქვია, ამიტომ ვერ ვეხმარები. 



- სველი ხელსახოცი - ამბობს ერთი პოლიციელი. მეორე პოლიციელი, რომელსაც ხელში უჭირავს ხელსახოცი, პასუხობს - მშრალია. დავწეროთ: გამშრალი სველი ხელსახოცი. 

- არასდროს ყოფილა ეგ ხელსახოცი სველი, მშრალია, მშრალი - ვკარნახობ მე. 

- კარგით. წერენ: მშრალი ხელსახოცი. კანფეტი 1,2,3 ითვლის. 

- რაშია იცით საქმე - ისევ ვერთვები -  მაინც სჯობს დააკონკრეტოთ - ეს 2 კანფეტი სამკურნალოა, ევკალიპტს შეიცავს და ყელის სიმშრალეს შველის. ეს ერთი ცალი შოკოლადია, ე.წ. გრილიაჟი. შუშის თვალები მიცქერენ. შემდეგ წერს: ერთი შოკოლადი, 2 კანფეტი. 

- ისე, მაგ შოკოლადს თუ მომცემთ, ბარემ შევჭამ, ცოდოა მაგის დალუქვა. ნაჭამი ვიქნები და აღარ დამჭირდება იზოლატორში არაფერი ხვალ დილამდე. 

- არ შეიძლება. Не положено. 

- ჯანდაბა! 

ჩადეს ჩემი ნივთები და პატარა ჩანთა ფაილში, მოუკრეს თავი თეთრი ძაფით და ველით. ჯერ ანუკა უნდა გაიყვანონ. ამიტომ ჩხრეკენ, გახადეს ტყავის ქურთუკი და აღმოჩნდა, რომ ამ გადარეულ გოგოს მხოლოდ ერთი უსახელო მაისური აცვია შიგნით და სცივა. მეთქი-მივცემ, თუ შეიძლება ჩემს ჟაკეტს. მე თბილად მაცვია. პასუხი იგივეა: არ შეიძლება, Не положено. რატომ? გაჩხრიკეთ ეს ჟაკეტი და თქვენ მიეცით. რატომ არ შეიძლება?! ანუკა გაჰყავთ. ბარემ ერთად წავიდეთ-მეთქი, რად გინდათ ახლა ორი მანქანა და საპატრულო სისტემის გადატვირთვა. არ შეიძლება, Не положено.

ვზივარ და ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მოდის უკვე ხალხის ცუნამი ჩემ დასახსნელად. ვიცდი, ვიცდი და ბოლოს მეუბნებიან: თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, გათავისუფლებთ, ხვალ დილით ჩაინიშნება თქვენი სასამართლო პროცესი და უნდა გამოცხადდეთ. გაიგეთ, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი? გაგიბრაზდათ ხომ ბატონი ბიძინა? ხომ გაფრთხილებდით, რატომ არ დამიჯერეთ?! გამომეტყველება კვლავ შუშისაა. 

გაგაცილებთ გასასვლელამდე. ანუ სახლში არ წამიყვანთ? - არა. როგორ წავიდე? ეზოდან რომ გახვალთ, უკვე შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის ჩართვა და შეგიძლიათ, ტაქსი გამოიძახოთ. ახლა უკვე მე მაქვს გაოგნებისგან შუშის თვალები. კარგით. ვფიქრობ, რა ვიცი, იქნებ მოვიდეს ის ბრაზისგან აზვირთებული ხალხის ტალღა, ჩემ გათავისუფლებას რომ ითხოვს, მედიაც იქნება, ფოტოები, ვიდეოები, განათებები… ხოდა არა უშავს, მანქანაც ეყოლება ვინმეს და გავყვები. 

მიმაცილა ერთ-ერთმა ზომბმა გასასვლელამდე. ღამის 12 საათია. გამოვედი კახეთის გზატკეცილზე, ბნელა, მანქანებიც კანტიკუნტად დადიან, ჯერ საერთაშორისო ფრენებისთვისაც ადრეა, აეროპორტში მიმავალმა ხალხმა მაინც რომ დამინახოს, რა ამაყად ვტოვებ პოლიციის შენობას. ვრთავ ტელეფონს, ვიძახებ ტაქსის, 7 წუთში მოვაო. 7 წუთის განმავლობაში მაინც ვიყურები აქეთ-იქით, იქნებ, ვინმე, სადმე… ჩემ თვალწინ ეკრანზე მიდის სხვა პატიმრების გათავისუფლების კადრები: „ბო-ლო-მდეე!“ რომ ჰყვირიან, მღერიან, ხალხი ტაშს უკრავს, ყვავილებს აძლევს… 

ტაქსი მოვიდა, ეს მეტყვის-მეთქი - გათავისუფლებას გილოცავთ, ქალბატონო ნინია. ვჯდები ტაქსიში და მესმის მძღოლის ხმა: „რა გვიან ამთავრებთ სამსახურს, ქალბატონო“. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი


წლების წინ, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ვმუშაობდი, სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის კადრებზე

პოსტში ტანსაცმელშემოხეულ ყოფილ პრეზიდენტზე ვწერდი, რომ ეს იყო პატიმრის ღირსების შეურაცხყოფა და რომ ხელისუფლებამ მორალური უპირატესობა დაკარგა. იმ დღეს სამსახურში არ ვყოფილვარ, ვისვენებდი. როგორც კოლეგებმა მითხრეს, არხის საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა პირმა, ეკა შონიამ ჩემს პოსტზე ტანტრუმი დაიმართა და ამხანაგური სასამართლო მოაწყო. მისი ინიციატივით, სიუჟეტების მომზადება სამი კვირის განმავლობაში ამეკრძალა.

სააკაშვილის მიმართ სენტიმენტები ნამდვილად არ მქონია, მისი მმართველობის პერიოდზე იმდენი კრიტიკული სიუჟეტი მაქვს მომზადებული, კოლეგები ხუმრობდნენ, მიშა ხელისუფლებაში თუ დაბრუნდა, ქვეყნიდან წასვლა მოგიწევსო. უბრალოდ, მაშინ ჩემთვის ამორალური იყო თავად ფაქტი, როგორ მოექცნენ პატიმარს. მაშინ შემეხო პირველად საზმაუს იგნორირების პოლიტიკაც. მაშინ პირველად გამოვცადე, როგორია იყო გადაცემის ნაწილი და სრულიად არასაჭიროდ გრძნობდე თავს. ეს გამოცდილება, ამჯერად ჩემი კოლეგის, ბელა ზაქაიძის შემთხვევამ გამახსენა. 



საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ბელა ზაქაიძემ ეს პოსტი ჩვენი კოლეგის, ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად გამოაქვეყნა.

„საკუთარი კოლეგების დაცვის გამო, ძალადობის გაპროტესტების გამო არ უნდა გვეკრძალებოდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, რომელსაც წლები შევალიეთ. თითქოს შევეგუეთ ჩვენი კოლეგების დაკავებებს, რაც შემზარავია“, - წავიკითხე პოსტში და მივხვდი, რის ფასად უჯდებოდა ჩემს კოლეგას თავისუფალი აზრის გამოთქმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ბელას სიუჟეტების ძებნა დავიწყე და ჩემი ვარაუდი დადასტურდა - კვალიფიციური ჟურნალისტი, რომლის ძირითადი სამუშაო სფერო სამართალია და წესით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა ჰქონოდა, მთელი 45 დღე უსაქმოდ იყო. 

ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც 3 სექტემბერს ჩატარდა, ბელას სიუჟეტი აღარ იძებნებოდა. დარწმუნებული ვარ, თუ ამაზე ვინმე მიუთითებს, მენეჯმენტი უამრავ საბაბს მოიფიქრებს, რატომაც ბელა გადაღებებზე არ დადის, თუმცა არავინ იტყვის მთავარს, რომ ეს მაუწყებლისთვის მიღებული და გამოცდილი პრაქტიკაა - ამოჩემებული ჟურნალისტის დასჯის ერთ-ერთი ფორმა მისი იგნორირებაა. 

მოგვიანებით დააკავეს არხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები: სამეურვეო საბჭოს წევრი - ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მაიკო ბოკერია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე არ შეუერთდა ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც საბჭოს ორმა წევრმა ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა მოამზადეს. მეტიც, მაღლაფერიძემ თანამშრომლებს შეახსენა, რომ კოლეგების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა შინაგანაწესით აკრძალული აქვთ.

„ჩემი დაბეჯითებითი რეკომენდაცია იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მიაწოდოთ, რომ ზუსტად დაიცვას. ამას გთხოვთ, რომ ჩემი ერთი სახელით, თუ წევრები გაიზიარებენ, ჩემი სახელით, რომ ძალიან ზუსტად დაიცვან თანამშრომლებმა ის შინაგანაწესი, რომელიც მათ ავალდებულებთ მიუკერძოებლობას პროცესების მიმართ…“, - მიუთითა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ „პირველი არხის“ იურისტს ელენე მიხაილოვას. (სტილი დაცულია) 

ამის მიუხედავად, დაკავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობა საზმაუს გაცილებით მეტმა თანამშრომელმა გამოხატა, ვიდრე ამას ვასილ მაღლაფერიძე ისურვებდა. 

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იგნორირების პოლიტიკა მათზეც წარმატებით ვრცელდება, ვისაც კადრში ვერ ხედავთ. ორ თვეზე მეტია გადაღება არც კვალიფიციურ ფოტოგრაფს, მირიან მელაძეს ჰქონია. მირიანიც  ფბ-ზე აქტიურობაშია „ბრალდებული“, ის ხმამაღალი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევა, ამიტომ საზმაუს არც მისი შრომა სჭირდება. ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება არხის ვებ-გვერდზე, სადაც მირიანის ბოლო ნამუშევარი 22 ივლისით თარიღდება.

როგორც უკვე გითხარით, არასასურველ თანამშრომელთა იგნორირების პოლიტიკა წელს არ დაწყებულა. ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც საზმაუს მიკერძოება ასე აშკარა ჯერ არ იყო. შესაბამისად, ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდა გადაცემა „ახალ კვირაში“ ე.წ. რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩემი და ჩემი ორი კოლეგის, იმედა დარსალიასა და სოფო ზედელაშვილის პროტესტი.

ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ არხზე არსებობდა ე.წ. შავი სიები და მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვეოდა ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ საბაბია და მენეჯმენტი ამ გზით უბრალოდ თავიდან იშორებდა გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ცენზურის პირობებში მუშაობაზე ვერ დაითანხმა.     

ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ მე და ჩემი ორი კოლეგა სამსახურიდან მაშინვე არ გავუშვივართ, როგორც კი პრობლემებზე საჯაროდ დავიწყეთ ლაპარაკი. ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას დაგვდებდნენ ბრალად, ჩვენ მიმართაც, თვეების განმავლობაში იგნორირების პოლიტიკა ტარდებოდა. მეც და სოფოც, ბელას და მირიანის მსგავსად, კვირების მანძილზე უშედეგოდ ველოდით, როდის მოგვეცემოდა მუშაობის საშუალება. საათების განმავლობაში უსაქმოდ ვისხედით ნიუსრუმში, სადაც ყველა რაღაცას წერდა, ამონტაჟებდა და სადაც დემონსტრაციულად მიგვანიშნებდნენ, რომ ყველასთვის გამოიძებნება საქმე, ჩვენ გარდა, რომ ჩვენი ადგილი ამ სივრცეში არ არის.

რას აკეთებდნენ სხვები? „ახალი კვირის“ სხვა ჟურნალისტები მაშინ გადაღებებზე დადიოდნენ, ნაწილმა კი გაავრცელა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ცენზურა არასდროს შეხებიათ და ყველა სიუჟეტი პროფესიული პრინციპების დაცვით მოამზადეს.  

ხელმომწერებს შორის, სამწუხაროდ, იყვნენ ისინიც, ვინც დღეებით ადრე ჩვენთან ერთად წუხდა უკვე შექმნილ პრობლემებზე, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც  სვამდა კითხვებს: რატომ არ აძლევენ სიუჟეტის მომზადების უფლებას, მაგალითად,  მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის კორუფციულ სქემებზე, მაშინ, როცა ნებადართულია სიუჟეტი რომელიღაც სოფლის გამგებლის მოადგილის კორუმპირებულობასა და დაუოკებელ მადაზე? რატომ არ იმჩნევდნენ პროდიუსერები მწვავე პოლიტიკურ თემებს? კითხვები კითხვებად დარჩა, უკმაყოფილება - ჩუმ უკმაყოფილებად. საჯაროდ არავის არაფერი უთქვამს. 

რატომ მოიქცნენ ჩემი კოლეგები მაშინ ასე და არა სხვაგვარად? რატომ არ დადგნენ ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად არ გააპროტესტეს, ალბათ, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ცენზურა?

ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ მაშინ გამოჩენილ სოლიდარობას ჩვენს შემთხვევაშიც და ზოგადად, მედიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, შეეჩერებინა ის ზვავი, რომელიც ახლა მოექანება და ჩატანით ემუქრება მთლიანად პროფესიას. 

შესაძლოა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი უსიამოვნება იყო, გადაივლიდა და ისევ გაეხსნებოდათ ხელ-ფეხი - სამსახურის დაკარგვა და შემოსავლის გარეშე დარჩენა ნამდვილად არაა მარტივი. კრედიტები, ბავშვების სკოლა, წრეები, კვება - ყველაფერს ფული სჭირდება.. რთულია ბორბლებში საკუთარი ნებით შეუვარდე რეპრესიულ მანქანას, ვიდრე ის შენ უშუალოდ არ შეგეხება.. 

ჩვენი ამბავი სხვა კუთხითაც იყო განსხვავებული - ჩვენ საზმაუს პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბრეთ ისე, რომ სამსახურიდან არ წამოვსულვართ. მაშინ, რატომღაც, გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელმა, თინა ბერძენიშვილმა რაღაცები არ იცოდა (აი, „სტალინმა რომ არ იცოდა“, დაახლოებით მაგ ტალღას ავყევი, პატარა ხავსი დავინახე და ჩავეჭიდე).

დღეს კი უკვე აპრობირებული მეთოდია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში „ურჩობის შემთხვევები“ ანუ სამოქალაქო პოზიციის ან სოლიდარობის გამოხატვა ისჯება ჯერ იგნორით, შემდეგ საბაბის გამოგონებით და სრულდება ამ თითიდან გამოწოვილი საბაბით სამსახურიდან გათავისუფლებით. ბოლო და ყველაზე მკაფიო მაგალითი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლება იყო. მაშინ, როცა მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ხშირად გადაცემის ბოლო ბლოკში, ბოლოს წინა ამბად გვიყვებოდა მოშიმშილე მზია ამაღლობელზე, ვასილ ჩიქოვანმა ყველა ახალი ამბის პირველ წინადადებად სწორედ მზიას მიმართ სოლიდარობა აქცია. და სოლიდარობისთვის ისიც დაისაჯა.. სამაგიეროდ ეთერში დიდხანს იქნებიან მისი ყოფილი კოლეგები, რომლებიც, რა ირონიულია, რომ უკვე ვასილის დაკავების ამბავს ასე ჰყვებიან: „სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაიკო ბოკერია“... „მათ შორის“.

სხვათა შორის, სამსახურიდან ჩემი გაშვების შემდეგ, „ახალ კვირაში“ „იმედიდან“ პორტირებულმა პროდიუსერმა, თამარ გოგესაშვილმა დეზინფორმაციის მასტერკლასი ჩაატარა და ჩემი პროტესტის მთავარ საფუძვლად ხელფასთან დაკავშირებული უკმაყოფილება დაასახელა. ოღონდ გამორჩა იმის მითითება, როგორ იყენებდა საზმაუს მენეჯმენტი სახელფასო პოლიტიკას ჟურნალისტებზე ზეწოლის ბერკეტად, როგორ მუშაობდნენ წლობით მინიმალურ ანაზღაურებაზე ათვალწუნებული კადრები და როგორ იზრდებოდა ხელფასი პრივილეგირებული თანამშრომლებისთვის. ხელფასის მომატებით ხდებოდა არა გაწეული შრომის დაფასება, არამედ მორჩილი თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვება. ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი, თუმცა პროფესიონალი კადრების მოთხოვნებს კი მენეჯმენტი აიგნორებდა.

უკვე დღესავით ნათელია, რომ რეჟიმს არ სჭირდება მოაზროვნე თავები, ისეთი ჟურნალისტები ურჩევნია, ჩართვაზე დგომა ნაირ-ნაირი „ლუქის“ პრეზენტაციისთვის რომ სჭირდებათ, უცხოეთში გადაღებისთვის წასვლას პროფესიის ნაწილად კი არა, მენეჯმენტის წყალობად რომ თვლიან და ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, თვითცენზურაც კარგად ეხერხებათ და დამატებით პრობლემებსაც არასდროს ქმნიან. 

უნდა ვთქვათ ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სადამსჯელო ღონისძიებათა ნუსხაში მხოლოდ იგნორირება არ არის.. არსენალი დიდია. თქვენ კარგად იცნობთ „საზმაუს მცველებს“ (ღირსეულ პროფესიონალებს), მაგრამ მე ვიცნობ „მენეჯმენტის მცველებსაც“. „მენეჯმენტის მცველები“ პრივილეგირებულთა ჯგუფია, რომელიც, იგნორირების პარალელურად, სამუშაო პროცესისგან გარიყულთა დამცირებით, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევით არის დაკავებული, რათა მაქსიმალურად აუტანელი გახადოს შენთვის სამუშაო სივრცეში ყოფნა. ამ ჯგუფმა ჩემი და სოფოს მსგავს მდარე პროვოკაციაზე წამოგებაც არაერთხელ სცადა - არ გამოუვიდათ და საბოლოოდ, არხის „რეპუტაციის შელახვის“ საფუძვლით გაგვათავისუფლეს. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, მურუსიძის სასამართლოში.

წლების შემდეგ, ზუსტად ამ გზის გავლით დარჩნენ „საზმაუს მცველებიც“ საზმაუს გარეშე. რამდენიმე მათგანს ჩემთვის პირად საუბარშიც უთქვამს, რომ „ახალი კვირის“ გუნდის ნაწილის სამსახურიდან გაშვების დროს მათი პროტესტი უფრო ხმამაღალი უნდა ყოფილიყო.. სამწუხაროდ, მაშინ დღევანდელი რეალობის კონტურები ბუნდოვნად ჩანდა - რთული იყო იმის აღქმა, რამდენად საშიში პროცესი იწყებოდა.

ამას წინათ მეგობარს ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი. ცუდად, სამშობლო მტკივაო, მიპასუხა.. და, სამწუხაროდ, ეს არ არის პათეტიკა - უკვე ფიზიკურად ცუდად ვართ ამ ტოქსიკური გარემოს გამო. ტკივილს ზოგი გაქცევით იყუჩებს (ან იყუჩებს, კი?) ზოგი - რუსთაველზე დგომით,ზოგი - რეალობის ვერდანახვით.. 

რეჟიმს უნდა, რომ წავიდეთ, გავეცალოთ, შვილები გავარიდოთ, ათობით აქტივისტი ციხეშია, მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება და მათ შორის არიან ჟურნალისტები. 

თავისუფლების 30 წელი ცოტა არ არის - ეს ერთადერთია, რაც მიჩენს იმედს, რომ გადავრჩებით. მთავარია, გადარჩენამდე სისტემამ ბევრი ჩვენგანი არ გაჭყლიტოს. 

მთელმა ამ პროცესმა ერთი რამ მასწავლა, რომ წინააღმდეგობას, თითოეული ადამიანის ხმას, პოზიციას, თუ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აქვს აზრი. როგორც კი გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არხის ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრს იგნორირების რეჟიმში ამყოფებს, მეორე დღესვე, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, „პირველი არხის“ ეთერში ბელა ზაქაიძის სიუჟეტი გამოჩნდა. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


კატეგორია - ბლოგი


წარმოუდგენელია, დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო და არ გქონდეს ნაფიქრი - თუ დამიჭერენ, რა იქნება, როგორ ავიტან ამას, როგორ მოვიქცევი, რამდენად შევინარჩუნებ საკუთარ თავს?! ასეთ დროს, უნდა ვაღიარო, რომ პირველ რიგში, მზია ამაღლობელი მახსენდება და ვფიქრობ, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი. 



სასამართლო პროცესებზე ვუყურებ ფეხზე ამაყად მდგომ მზიას, რომელიც არ ჯდება და მახსენდება როზა პარკსი, რომელიც იჯდა და არ ადგა.  

50-იანი წლების ამერიკაში როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ეს ის ქალია, ავტობუსიდან. პარკსი სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მისთვის, ანუ შავკანიანი ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. მაშინდელი დისკრიმინაციული წესების თანახმად, ის ვალდებული იყო, უადგილოდ დარჩენილი თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილი დაეთმო. როზა პარკსმა თავისი ადგილი არ დათმო, რასაც ხანმოკლე, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც მოჰყვა და ჯარიმაც. თუმცა, საბოლოოდ, პარკსის სიჯიუტე და საკუთარი ღირსების დაცვა დიდი საპროტესტო ტალღის დასაბამი აღმოჩნდა, რომელიც 381 დღე გაგრძელდა და შედეგად საქალაქო ტრანსპორტში სეგრეგაციის გაუქმება მოიტანა. 

 

როზა პარკსი არ იყო რიგითი აქტივისტი, ის იყო კანონების მცოდნე, განათლებული, ჭკვიანი ქალი, რომელიც შავკანიანთა საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდა. ვინ არის მზია? მზია არ არის რიგითი აქტივისტი, რომელიც საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა. ის, ალბათ, არც ტელევიზიით უნახავს ვინმეს. მზია ბევრს არ ლაპარაკობს, ის მოქმედებს და ამ მოქმედებაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, შექმნა ორი სანდო, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა, რომელიც 20 წელიწადზე მეტია არსებობს და რომელმაც 3 სხვადასხვა მთავრობას გაუძლო, მათ შორის, ასლან აბაშიძის ავტორიტარიზმს. საქართველოში სიტყვის თავისუფლება სწორედ ამ გამოცემებთან და მზია ამაღლობელთან ასოცირდება, ამიტომ დღევანდელი მოძალადე, ავტორიტარი ხელისუფლებისთვის მზიას დამარცხებას სიმბოლური დატვირთვაც ექნება, ჩვენს ქვეყანაში ის სიტყვის თავისუფლების დამარცხების ტოლფასი გახდება.



რა არის ყველაზე მიმზიდველი მებრძოლ ქალებში: საკუთარი პრინციპების, სიმართლის ჯიუტად დაცვა. მზია ქალის იმ სტერეოტიპულ სახე-ხატსაც ანგრევს, რომელიც კაცებმა შეთხზეს - „მყვირალა“, ისტერიული ქალის. მზიასგან ახლობლებს არ აქვთ თანხმობა, ილაპარაკონ მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე. მზია საპყრობილეში, ხშირად კომფორტის იმ პირობებითაც არ სარგებლობს, რომლის უფლებაც მას აქვს. მაგრამ ყველაზე მომნუსხველი მისი ჩუმი, მონუმენტური სიდინჯეა, რომელსაც ყველა სასამართლო პროცესზე ავლენს. უკვე არაერთი პროცესი იყო და მზია სკამზე არც ერთი მათგანის დროს არ დამჯდარა. ის შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში, სასამართლო დარბაზის ე.წ. საკანში ჰყავთ გამოკეტილი. თითქმის ყველა პროცესზე ადვოკატი ითხოვს, რომ მზია მის გვერდით დაჯდეს და შუშის კედლების გარეშე შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ჯერ ისევ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის, თავდასხმის რისკი და ადვოკატის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. 

მზია ჩუმად და უსიტყვოდ აპროტესტებს მოძალადე რეჟიმისგან მიწებებულ მოძალადის იარლიყს. მზია დგას, ის არ ჯდება, არც ერთხელ დამჯდარა, არ ეგუება ამ უსამართლობას და აი, ასე იბრძვის. თუკი როზა პარკსი არ ადგა და არ დათმო ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მზია ამაღლობელი არ ჯდება იმ სკამზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. მზიასთვის იმ შემოსაზღვრულ, საშიში კრიმინალებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდომა, შეგუებისა და ბრალის აღიარების ტოლფასია. ამიტომ რამდენ საათსაც არ უნდა გრძელდებოდეს პროცესი, მზია იმდენი საათი იდგება ჩუმად, დინჯად. იმდენ ხანს, რამდენსაც მას ეს მოძალადე, ირაკლი დგებუაძის მსგავსი მშიშარა კაცების სისტემა აიძულებს. მშიშარა კაცები, რომელთა ლიდერიც ხალხის წინ მხოლოდ შუშის ტყვიაგაუმტარი კოლბით გადაადგილდება. 

ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, რა იქნება, როგორ გავიმარჯვებთ?! გავიმარჯვებთ, რადგან 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს და არც ერთი მათგანი არ გამტყდარა, ყველა მათგანი ფეხზე დგას, სალი კლდესავით და სწორედ ამ ურყევი პრინციპულობით „მოვიგებთ ამ ომს“. 



დღეს, 21 ივლისს, ერთ-ერთ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მზიას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას გულისხმობს. მან უნდა თქვას, რომ აგინებდა პოლიციელებს, ძალადობდა მათზე, რომ მოქმედებდა „დიფ სტეიტის” დავალებით და ა.შ. და ა.შ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ყველა ეს ქმედება ერთადერთ მიზანს ისახავს, გატეხონ და საბრალდებო სკამზე დასვან მზია ამაღლობელი. მისგან ითხოვენ კითხვაზე - ნანობს თუ არა ის საკუთარ საქციელს, განსხვავებული პასუხი მიიღონ და არა ის, რაც უკვე მოისმინეს: „რომ ვთქვა, რომ ვნანობ, ეს იქნება სიყალბე. ეს გარდაუვალი იყო. ვიმეორებ - ბევრად ჰარმონიაში ვიქნებოდი საკუთარ თავთან, რომ სათანადო სიტყვიერი პასუხი გამეცა, მაგრამ მოხდა ეს ფაქტი და ამას ვერსად გავექცევი”. 

მზია ჩვენი ღირსებაა, ის ჩვენი ბრძოლის სიმბოლოა, მას ვერასდროს დასვამთ საბრალდებო სკამზე, ის არასდროს აღიარებს ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი

ფოტო : Mo SE


„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მედიისა და ჟურნალისტების, მთლიანად სექტორის ეკოსისტემის დასაზიანებლად. თუმცა, ასე ჩანს, რომ მან რეპრესიული პოლიტიკის ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გათვალა - ვერ გათვალა ის, რომ მისი ქმედებები სოლიდარობის რესურსის შექმნას შეუწყობდა ხელს. 

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჟურნალისტურ თემში სოლიდარობის განცდის გაძლიერება იყო ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის პროფესიული მიზანიც და ოცნებაც. როცა მედიის განვითარების ხელშესაწყობად  აქტივობების დიზაინზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ უნარების შეძენის პარალელურად, პროფესიონალებს შორის ინტერაქციაც გაძლიერებულიყო. გვინდოდა, მეტად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან თბილისის წამყვან მედიებსა და რეგიონებში მომუშავე მცირე ზომის მედიებს, სამაუწყებლო მედიებსა და ჯერ ბეჭდურ და მერე უკვე ონლაინ მედიებს, სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიებს.

ჩვენ ვაწყობდით გაცნობით ვიზიტებს, ხელს ვუწყობდით ჟურნალისტებს თბილისიდან გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისთვის რეგიონებში, ჩამოგვყავდა ჟურნალისტები რეგიონიდან ნაციონალურ მედიაში პრაქტიკის გასავლელად, ვაძლიერებდით ქსელურ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე, სხვადასხვა ზომის მედიები სხვადასხვა რეგიონიდან მედიაპროდუქტს ერთობლივად ქმნიდნენ. ვცდილობდით, ამ საქმეს კრეატიულად მივდგომოდით  - თანამშრომლობის წასახალისებლად და ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ფორმა გამოგვეძებნა. 

ჩვენ ვიცოდით, იმისთვის რომ სექტორი განვითარებულიყო, მისი სოციალური ქსოვილი უნდა გამყარებულიყო. სექტორში თავისუფლად უნდა ემოძრავა ცოდნასა და გამოცდილებას, უნდა გააქტიურებულიყო პროფესიული კავშირები, განსხვავებულ მოცემულობაში მომუშავე პროფესიონალებს უკეთ უნდა გაეაზრებინათ ერთმანეთის საჭიროებები და გამოწვევები, რათა მეტად დაეფასებინათ ის ძალისხმევა, რასაც ისინი კოლექტიურად და ინდივიდუალურად იღებდნენ. 

ეს ყველაფერი პოზიტიური დღის წესრიგის შესასრულებლად იყო საჭირო, რათა მედიებს ერთად ეზრუნათ სარეკლამო ბაზრის გაფართოებასა და სარეკლამო რესურსების სამართლიანად განაწილებაზე, ნაციონალურ მედიას უფრო ხშირად და კვალიფიციურად გაეშუქებინა რეგიონებში მიმდინარე ამბები, რეგიონულ მედიას უფრო უკეთ გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამის გაკეთება პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ადვილი არ იყო. რაღაც, ალბათ, გამოგვივიდა, რაღაც, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ყოველთვის წარმატებული არ აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, ხელი შეგვეწყო მედიების გაერთიანებების, ჟურნალისტთა ასოციაციების დაარსებისა და, რაც მთავარია, შენარჩუნებისთვის. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ სირთულეების საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია. რამდენიმე ჩავარდნილი მცდელობის მერე, როცა განსხვავებული პოზიციების მქონე მედიების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება არ მოხერხდა, პროფესიული პრინციპების დასაცავად ჟურნალისტები უკვე ინდივიდულურად გაერთიანდნენ. 

თანამშრომლობის სხვადასხვაგვარი გამოცდილება სექტორში კი იყო, მაგრამ არ იყო საკმარისად ბევრი თვისებრივი ცვლილების გამოსაწვევად. 

2023 წლის გაზაფხულზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, „უცხოეთის აგენტებად“ შეერაცხა ყველა, ვინც დასავლურ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდა, ვითარება კარდინალურად შეცვალა. უეცრად ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით, ყოველდღიურად მზარდი საფრთხის წინაშე. მართალია, ძალიან განსხვავებულები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც, თუმცა, ძალიან მყარად შეთანხმებულები ერთ საკითხზე - დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი სწორი არჩევანია და ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

შემდეგი მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაეპაუზებინა. დაუნდობელმა თავდასხმებმა ჟურნალისტებზე და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობამ ჟურნალისტური თემი კიდევ უფრო შეაკავშირა. 

მას მერე, ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ათას საშინელებას -  ერთად ვჭამეთ ცხრა ფუთი მარილი და ერთად შევხედეთ თვალებში წარმოუდგენელ სისასტიკესა და ღალატს. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი საპროტესტო აქციებზე, მარშებზე და მის მიღმა. მათ, ვინც საბაზრო კანონების თანახმად, კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთისთვის თავდადების შთამბეჭდავი მაგალითები აჩვენეს. ორგანიზაციებმა და ადამიანებმა საერთო ამოცანების ირგვლივ გააერთიანეს ტექნიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები.  

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ მოკლე ვადაში შეძლო მედიის სექტორის ისე გაძლიერება, თავისი მიზნის საპირისპიროდ, როგორც წლების განმავლობაში ვერ შევძელით მედიის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა. 

იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, საკანონმდებლო თუ სხვა მექანიზმებით გვირაზავენ ყველა კარს, გვდევნიან, გვემუქრებიან და ჩვენს გასაქრობად ძალისხმევას არ იშურებენ, ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური თემი მთლიანობაში და მისი ცალკეული წევრები, ასეთი ძლიერები აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. გვჯერა, რომ სიხარულისა და ბედნიერების ის განცდა, რაც ამ ერთად ყოფნამ მოგვიტანა, მთებს გადაგვადგმევინებს. და უბრალოდ ვიცით, რომ როცა ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენ-ჩვენი ნიუსრუმების რუტინას დავუბრუნდებით, ეს გამოცდილება და კავშირები იმ საგზლად დაგვრჩება, რაც უკეთეს საქართველოში უკეთესი მედიაგარემოსა და მედიასაშუალებების შექმნას შეგვაძლებინებს. 

 
კატეგორია - ბლოგი


წელს, კანის ფესტივალზე ყოფნისას, საქართველოდან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა მოხვდა თუ არა ინფლუენსერი მანჩო (სახელი შეცვლილია, რადგან ჩემი ბლოგის მთავარი გმირი ის არ არის) წითელ ხალიჩაზე და თუ მართლა მოხვდა, როგორ? ერთი სიტყვით, ფეისბუკის ქართველი მაყურებელი არკვევდა, რეალობა იყო თუ არა ის, რაც მათ ნახეს. მივხვდი, რომ პასუხის გაცემა რთულია. 

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანის უახლოესი მეგობარი თუ მრჩეველი ნებისმიერ საკითხში, მათ შორის პირადშიც კი, ხელოვნური ინტელექტია, ახალგაზრდა თაობა კი დროის უმეტესობას ვირტუალურ სამყაროში ატარებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის ან რომელია რეალობა?! ამიტომ პირველად მაშინ გამიჩნდა ეს პასუხი - არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სინამდვილეში წითელ ხალიჩაზე, რადგან რეალობა არის ის, რაც ნახეთ. 

სურათი კი ასეთი იყო: მანჩო წითელ ხალიჩასთან ფესტივალის ფეშენებელური მანქანით მიგრიალდა, ეცვა ძვირადღირებული საღამოს კაბა, მას ტაშს უკრავდნენ, უყვიროდნენ, ის პოზირებდა ფოტოკამერების წინ და ფოტოგრაფებიც უღებდნენ ფოტოებს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის, ერთი პატარა გამონაკლისის გარდა - მისი სახელი და გვარი არ გამოაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ. ინფლუენსერის ცნობილ ვიდეოში, ზემოდან დადებული ოვაციების ხმის გარდა, ყველაფერი ნამდვილია. მხოლოდ ერთია, რომ ქართველმა ინფლუენსერმა ეს რეალობა სოციალური ქსელისთვის შეიძინა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ფულს იხდის იმ რეალობისთვის, რომელსაც პროპაგანდა მისთვის ქმნის და ხალხს სთავაზობს. 

მანჩოს რამდენიმე ათასმა გამომწერმა დაიმახსოვრა, რომ ის კანის ფესტივალზე დაპატიჟეს, გულთბილად დახვდნენ, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ააცილეს და მხოლოდ ეჭვიანმა ერთეულებმა გამოიკვლიეს, რომ ნანახი ბოლომდე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასევეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მერე რა რომ ეს ზრდა ჩვენს ჯიბეზე არ ასახულა.

უკვე საზეპიროსავით ვიცით, რომ პროპაგანდას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ „მტრის“ მიმართ შიშის გაღრმავებაზე მუშაობა. თუკი წინა ხელისუფლება მუდმივად რუსეთით გვაშინებდა და რეალური საფრთხის გადაჭარბებული და უზომო წარმოჩენით ნაწილობრივ მისი დევალვაციაც მოახდინა, დღევანდელი ხელისუფლების მტერი დასავლეთია, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თუ ირანში ხდება. ერთი სიტყვით, ამ მტრის მიმართ შიშის გაძლიერებაზე ეფექტურად მუშაობს: ომში ჩაგვითრევს, გაგვანადგურებს, ტრადიციებს წაგვართმევს, სქესს დაგვაკარგვინებს და ა.შ. 

გარდა ამისა, პროპაგანდის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია რეალობის პოზიტიურად წარმოჩენაც: ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ ყველა დასაქმებულია, კარგი ანაზღაურება აქვს და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა და ცდილობს საქართველოს მდგომარეობა ისეთი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, როგორც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავები ბრწყინავენ. 

ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, როგორ ყვავის და ბრწყინავს საქართველო. ამგვარი სიახლეები, რაც ეკონომიკურ პროგრესს წარმოაჩენს, ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ეს ილუზია კი ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზე მოქმედებს. 



ეს პოზიტიური ამბები ხშირად ნეგატიური მოვლენების, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. მაგალითად, „იმედის“ მაყურებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დარწმუნებულია, მაგალითად, არ აღშფოთდება, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დაგროვებულ ქონებას რომ ნახავს. მთავარია, „ქვეყანა ვითარდება“. 

პოზიტიური პროპაგანდა იდეალური სახელმწიფოს იმიჯს ქმნის. ამიტომ არის, რომ მმართველი პარტია ნებისმიერი წარმატების მითვისებას, მასთან გაიგივებას ცდილობს: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გოლი თუ გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა, რადგან ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ სახელმწიფოს მე ვმართავ. მაგრამ თუ სადმე, ჩემი სახელით წასული დამარცხდება, მას ასე წარმოვაჩენ:


და ამ „შთამბეჭდავი“ გამოსვლის შემდეგ, პროპაგანდა იმას კი არ იტყვის, რომ მარიამ შენგელია შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, არამედ იტყვის, თუ ვინ გადავიდა:


ასეთია პოზიტიური ამბების პროპაგანდის ხასიათი, ის ქმნის სტაბილურობისა და კომფორტის ილუზიას. აგრესიული „აბა, ომი გინდათ“ კამპანიის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის საფრთხეში უკვე მყარად დააჯერეს და დააშინეს, აქცენტი ახლა სწორედ ამ სტაბილურობასა და კომფორტზე კეთდება. საბჭოთა ადამიანს სჯეროდა, რომ საბჭოეთში ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო, დასავლეთში კი ცოცხალ ადამიანებს მაღაზიებში ვიტრინის მანეკენებად ამუშავებდნენ.

დროთა განმავლობაში სინამდვილე და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვირტუალური რეალობა ერთმანეთში იმდენად იდღაბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცარიელი მაცივარის ვირტუალურად გავსებას წარმატებით ახერხებს და ამას მოქალაქეებსაც აჯერებს. ასე იქცა 21-ე საუკუნეში ვირტუალური რეალობა პარალელურ რეალობად. 

ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და გაჩვენებთ გოგოს, რომელსაც აქვს კაბა წითელ ხალიჩაზე ასასვლელად, მაგრამ არ აქვს მოსაწვევი. ფურცელზე დაწერილი ტესტით ის სწორედ მოსაწვევს ითხოვს და მას ამ მოსაწვევს ან ბილეთს აუცილებლად აჩუქებს ვინმე ჩემნაირი, ვისაც აქვს ბილეთი, მაგრამ არ აქვს კაბა. ბილეთის გამოყენება კი აუცილებელია და მისი უქმად გაცდენა აკრძალულია.

ამ გოგოსაც შეუძლია შექმნას წარმატებული ქალის სურათი და ვინ გასცემს ცალსახა პასუხს კითხვაზე, რეალური იქნება ეს იმიჯი თუ ვირტუალური?! რადგან მთავარი მაინც ის იქნება, რომ მის „ბრწყინვალებას“ აუცილებლად დაიმახსოვრებს და დაიჯერებს ეკრანთან მჯდომი ობივატელი. 

 
კატეგორია - ბლოგი

 

პროლოგი

29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა, რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო. შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება, დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება, რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა, როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ „უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში. 


მედია და რეალობა

28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში ირანული ფილმი აჩვენეს წმინდა ლეღვის თესლი, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს ირანის რეალობაა. 

29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და დაამატეს: 

იხილეთ ვიდეო: 

ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი კონცერტი იყო, ირანულ ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან განსხვავებულია. 

დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე. რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?!  სანახაობა ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“. ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა, მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას სთავაზობენ.  

იცით, ეს გადაცემები რისთვის არის? 

„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება, ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს, მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით. 

მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს, საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი, არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ. 

ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო, იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის, ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ, თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით. ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.  


ეპილოგი

29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და კარზე კაკუნის ხმის შიში. 

კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები! 










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


არცერთი კითხვა ბიძინაზე


უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?! ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ - ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას 68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა, რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე, წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“. 



საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...

მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა: 

შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება. 

  • არ გიქმნით უხერხულობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას“? 
  • რამდენად თავსებადია ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა).

„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“

კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:

  • ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
  • როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“ თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია? 
  • ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს. სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც. 

ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე. 

  • „პირველი არხის“ მაყურებელი იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს. 
  • კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები, მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის განცხადებიდან: 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )

აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.

არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!

„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები, აგენტები“...

ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე რეალური სივრცის რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.

აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?

ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია. 

მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.

  • აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ლეგიტიმაცია

კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

  • არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?

დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა. 

ჭიათურა 

ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.

კონტექსტი

„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა. 

ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს. 

მაგალითად:

მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“. 

აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა. 



P. S. 

ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!