საქართველო
კატეგორია - საქართველო

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პარლამენტის მიერ „TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის 1 თვით შეჩერებას ეხმაურება და მიღებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს. 

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დისკრიმინაციულად გამოიყენება. აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ასევე ონლაინ გამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“.

საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს ეზღუდებათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - აცხადებს კოალიცია. 

ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს „აკრედიტაციის წესს გადახედოს, რათა მედიასთან მისი თანამშრომლობა გახდეს საქმიანი და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

„ქარტიამ აკრედიტაციის ახალი წესი მისი მიღებისთანავე გააკრიტიკა, ჰქონდა რა მოლოდინი, რომ პარლამენტი მას დისკრიმინაციულად გამოიყენებდა, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესაზღუდად. პრაქტიკამ ქარტიის პესიმისტური მოლოდინი დაადასტურა. პარლამენტი უკვე რუტინულად იყენებს ამ წესს როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ჟურნალისტების, ისე ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.

აკრედიტაციის მოქმედი წესი არ უწყობს ხელს არც გამჭვირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას, რაც საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით მოეთხოვება. ამ წესის გამო საზოგადოება ვეღარ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოდან და პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ინფორმაციას კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

პარლამენტმა „TV პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს 1 თვით აკრედიტაცია 11 ნოემბერს შეუჩერა. პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ იმ მუხლის დარღვევა, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. 

„აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველებში“ გასული სიუჟეტით“, - ვკითხულობთ წერილში. მასში აღნიშნული არ არის, თუ ვისი მიმართვის საფუძველზე შეუჩერდა ხატია სამხარაძეს საპარლამენტო აკრედიტაცია.

ცნობისთვის, ივნისში საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს „TV პირველის“ სხვა ჟურნალისტებსაც: ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილსა და მაკა ჩიხლაძეს. ამავე თვეში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც. 21 მაისს კი, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადამდე ადრე გააუქმეს „პუბლიკასა“ და „მონიტორს“. 

შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, 14 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია“ და „მათ გადმოღებაზე“ იფიქრებდა. 8 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა და სანქციებიც გამკაცრდა. 

ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. მის საფუძველზე ითხოვენ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვასაც. 



კატეგორია - საქართველო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, სამეურვეო საბჭოს წევრები ერთი თვის ჰონორარებს დამატებით წელსაც აიღებენ. 

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა სამეურვეო საბჭოს რეგლამენტშიც და განისაზღვრა, რომ ნოემბერში საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი იქნება 10 898 ლარი (დარიცხული), სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - 8 403 (დარიცხული), მეურვის - 7 521 ლარი (დარიცხული).

ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება ნოემბერში დამატებით გაიცემა სამეურვეო საბჭოს აპარატის თანამშრომლებზეც - აპარატის უფროსა და უფროს სპეციალისტზე.

კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთიდან (407 314 ლარი) კი, 207 314 ლარი - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლების, 200 000 ლარი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პრემირებაზე მიემართება. 

„აჭარის ტელევიზიისთვის“ გადაცემული 207 314 ლარიდან 1 თვის ანაზღაურება დამატებით გაიცემა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორისთვის, ირაკლი კიკვაძისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კიკვიძეს მე-13 ხელფასი „წახალისების მიზნით“ მოუყვეს:

„ყოველთვის ძალიან მონდომებული იყო აჭარის ტელევიზია, მაგრამ აი, წელს რასაც მიაღწია ბატონმა ირაკლიმ და მთელმა კოლექტივმა ერთად, ნამდვილად აი, ძალიან ძლიერი სასტარტო პირობები შექმნეს განვითარებისათვის“. 

სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებთან დაკავშირებით კი, მაღლაფერიძემ თქვა, „ახლა მე გთავაზობთ, რომ არის საშუალება და ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო სიტუაცია იქნება, შემდეგ ვნახოთ უკვე, ახალი კანონიდან გამომდინარე როგორ იქნება საშუალება. შეიძლება, არ იყოს და რომ აღარ იყოს, მე გთავაზობთ, რომ ჰონორარები თვეში გაიზარდოს, რაც გაიცემა ყოველთვიური ჰონორარები, 16 611 ლარით. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროპორციულად გაიზარდოს, რა ჰონორარსაც იღებდნენ ყოველი თვის განმავლობაში წევრები და გარდა მაგისა, დარჩენილი ნაშთი გაიცეს მე-13 ჰონორარის სახით. ის, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა“.

ეს გადაწყვეტილებები სამეურვეო საბჭომ 12 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. ამ სხდომის დღის წესრიგში ვასილ მაღლაფერიძის ეს ინიციატივები მიმდინარე საკითხებად იყო გაწერილი. ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, ამ საკითხების შესახებ მათ წერილობით წინასწარ არ შეატყობინეს, რაც კანონს ეწინააღმდეგება და სხდომა დატოვეს. 

„საერთოდ ასეთი პრაქტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, უნდა შეწყდეს. ასე საკითხის გადაწყვეტა, პირდაპირ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კეთილშობილური განზრახვა არის, შეიძლება ნორმალურად რომ შემოტანილიყო საკითხი, დავთანხმებულიყავი კიდევაც ასეთ მიდგომას, რაღაც თემაში შეიძლება მეთქვა, მოდი, მეტიც კი მივცეთ, მაგრამ ამაზე არ არის, ახლა საუბარი არის რაღაცა წესზე, რომელსაც ჩვენ, იმ შემთხვევაშიც დავარღვიეთ და ამ შემთხვევაშიც გვთავაზობთ ბატონო ვასილ, ჩვენ რომ დავარღვიოთ მოქმედი კანონი… 

თან ეს ფინანსური საკითხებია, აქედან გამომდინარე მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ასე არ არის სწორი გადადგმა ნაბიჯის, შესაბამისად, გთავაზობთ, რომ ეს საკითხი გაიტანოთ და შემოიტანოთ ისე, როგორც არის კანონმდებლობის მოთხოვნა და თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ ამ საკითხის დაყენებას, მე აქვე ვამბობ, რომ არათუ წინააღმდეგ მივცემ ხმას, საერთოდ ვემიჯნები ამ კენჭისყრას იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის კანონის უხეში დარღვევა…“, - თქვა ტუღუშმა სხდომის დატოვებამდე. 

„მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის კანონის დარღვევა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომლითაც ვმოქმედებთ, ამ ტიპის საკითხები არაერთგზის გასულა“, - განაცხადა მაღლაფერიძემ მის საპასუხოდ და დასაზუსტებლად არხის იურისტსაც მიმართა. „ეს პრაქტიკა მიღებულია, ნამდვილად დაგეთანხმებით…“ - თქვა ელენე მიხაილოვამ.

ლიკა ბასილაია-შავგულიძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი უარს ამბობენ დამატებითი ჰონორარების აღებაზეც. 

„ეს ფინანსური საკითხები, არ იყო დღის წესრიგში შეტანილი, რაც კანონით ევალება ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, რომ 3 დღით ადრე შეგვატყობინოს შინაარსი და ჩამონათვალი საკითხების. იმის გამო, რომ სიურპრიზად დაგვახვედრეს ეს საკითხები, ამიტომ ჩვენ ავდექით და დავტოვეთ სხდომა. მეორე საკითხი, როდესაც საუბარი არის აი, ასეთი კანონდარღვევით დასარიცხ ჰონორარებზე, მით უმეტეს ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, გავდივართ და უარს ვამბობთ ამ ჰონორარის აღებაზეც“. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. ამჟამად სამეურვეო საბჭოში 10 წევრია, საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული). 

სამეურვეო საბჭოს წევრები ახლა არიან: დავით ქართველიშვილი - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა ტუღუში, იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია იაკობაშვილი, სოსო სტურუა და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული.  

ამავე თემაზე „მედიაჩეკერის“ არქივიდან: 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლაშა ტუღუშმა „მე-13 ხელფასის“ აღებაზე უარი განაცხადა

კატეგორია - საქართველო


ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდეს. 

როგორც გურამ როგავა ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის შესახებ მას საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ტელეფონით შეატყობინა. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია:

„საქმე დახურულ რეჟიმში ისე განიხილეს, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე ფორმალურადაც კი არ გამომიძახეს, უფრო მეტიც, სხდომებზე დასწრება საერთოდ ამიკრძალეს. რატომღაც ველოდი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლე ფორმალურად მაინც დაინტერესდებოდა დაზარალებულის პოზიციით, მაგრამ პროცესი ისე დაასრულეს, რომ ჩემი მოსმენა არავინ ისურვა. არ მომისმინეს იმიტომ, რომ იციან, სიმართლეს ვამბობ, მე ე.წ. მტკიცებულებებს უნდობლობას ვუცხადებ, საქმე რეალურად ცარიელი ფურცლებით არის სავსე და ამიტომაც დახურეს და გაასაიდუმლოეს სასამართლო სხდომები, რომ საქმის აბსურდულობა ხალხს არ დაენახა“. 

ჟურნალისტის თქმით, მისი ინფორმაციით, „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“. 

„რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა, ცრუ აღიარების სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო და მე დარწმუნებული ვარ, მას მაქსიმუმ ერთ წელში გამოუშვებენ ციხიდან “, - ამბობს გურამ როგავა.

ამ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გაარკვიეს, 2 დღეში, პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა. პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა როგავამაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ იყო ის პირი, ვისზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. 

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. 



კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „TV პირველის“ ჟურნალისტ ხატია სამხარაძისთვის 1 თვით საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება და პარლამენტს მოუწოდებს, ჟურნალისტთა აკრედიტაციის მოქმედი წესი შეცვალოს და მედიას შეუფერხებლად მუშაობის საშუალება მისცეს.

ქარტიის განცხადებით, პარლამენტი დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოზე წვდომას, სხვადასხვა ვადით, ხშირად უზღუდავს, მსგავს გადაწყვეტილებებს კი მისი თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვალის ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის წესის საფუძველზე იღებს.  

„ქარტიამ აკრედიტაციის ახალი წესი მისი მიღებისთანავე გააკრიტიკა, ჰქონდა რა მოლოდინი, რომ პარლამენტი მას დისკრიმინაციულად გამოიყენებდა, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესაზღუდად. პრაქტიკამ ქარტიის პესიმისტური მოლოდინი დაადასტურა. პარლამენტი უკვე რუტინულად იყენებს ამ წესს როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ჟურნალისტების, ისე ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.

აკრედიტაციის მოქმედი წესი არ უწყობს ხელს არც გამჭვირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას, რაც საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით მოეთხოვება. ამ წესის გამო საზოგადოება ვეღარ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოდან და პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ინფორმაციას კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ.

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტს, აკრედიტაციის წესს გადახედოს, რათა მედიასთან მისი თანამშრომლობა გახდეს საქმიანი და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა „TV პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს 11 ნოემბერს, 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ იმ მუხლის დარღვევა, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. 

„აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველებში“ გასული სიუჟეტით“, - ვკითხულობთ წერილში. მასში აღნიშნული არ არის, თუ ვისი მიმართვის საფუძველზე შეუჩერდა ხატია სამხარაძეს საპარლამენტო აკრედიტაცია.

ცნობისთვის, ივნისში საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს „TV პირველის“ სხვა ჟურნალისტებსაც: ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილსა და მაკა ჩიხლაძეს. ამავე თვეში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც. 21 მაისს კი, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადამდე ადრე გააუქმეს „პუბლიკასა“ და „მონიტორს“. 

შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, 14 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია“ და „მათ გადმოღებაზე“ იფიქრებდა. 8 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ 

„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა და სანქციებიც გამკაცრდა. 

ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. მის საფუძველზე ითხოვენ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვასაც. 


კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ პირდაპირ ეთერში მუშაობა შეწყვიტა, საინფორმაციო მაუწყებლობა დღეს, 20:00 საათზე განაახლა. ნინო ჟიჟილაშვილმა პირდაპირ ეთერში დაბრუნებისას თქვა, რომ ტექნიკური წინააღმდეგობები ნაწილობრივ აღმოფხვრილია.  

„დავიწყებთ მადლობით, პირველ რიგში, მეხანძრე-მაშველების მისამართით, მათ გადაარჩინეს ჩვენი მეგობრების სიცოცხლე. მადლობა მაყურებელს, თქვენი მხარდაჭერა იყო ძალიან ძლიერი, რამაც ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვამხნევა. „ფორმულა“ იმუშავებს მანამდე, ვიდრე თქვენ დაგჭირდებით ნამდვილი ამბების გასაგებად, ვიქნებით თქვენი კითხვების დასასმელად, თქვენი ინტერესის დასაცავად, ჩვენი საერთო მიზნების ერთად მისაღწევად. ეს არხი არის თქვენი და ყველაფერს გააკეთებს, რომ იმუშაოს თქვენთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს თითოეულ ჩვენგანს“, - ამ სიტყვებით დაიწყო ჟიჟილაშვილმა გადაცემა „ახალი ფორმულა“. 



ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, რომლის რამდენიმე სართულზეც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გუშინ, შუადღით გაჩნდა. 

მე-17 სართულზე, ტელევიზიის ნიუსრუმში მყოფმა 22-მა ადამიანმა შენობა მეხანძრე-მაშველების დახმარებით დატოვა. დაკვამლიანების გამო ისინი შენობიდან გამოსვლას ერთ საათზე მეტხანს ვერ ახერხებდნენ. 


„ახალ ფორმულაში“ სტუმრობისას ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ თქვა, რომ მათი მოვალეობაა ის, რაც გუშინ ხანძარს გადაურჩა, გადაურჩეს ყველაფერს.

„არანორმალურია მდგომარეობა, როდესაც ფინანსური შეზღუდვების გამო ჩვენი ზომის რეიტინგის ტელევიზია ვერ ახერხებს იმას, რომ აქ იყოს სტაბილური ფინანსური მდგომარეობა და გუშინდელმა დღემ მე დამანახა ამის უზრუნველყოფის დრამატული აუცილებლობა და იმედი მაქვს, რომ მარტო მე არ ვარ ახლა ასეთი, არამედ ყველამ დაინახა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ „ფორმულა“ არსებობდეს“. 

მშილდაძემ მიმართა მაყურებლებსაც და პარტნიორებსაც, რომ „ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა „ფორმულას“ სჭირდება დახმარება და ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა „ფორმულას“ შეუძლია გადავიდეს ისეთ მოდელზე, იმდენ ხალხთან იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, რომ იყოს სრულად ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე“.

„ჩვენ გვინდა გავხდეთ სახალხო ტელევიზია, აი, ასე მარტივად რომ ვთქვათ, რომ ჩვენი მაუწყებლობის კონტრიბუტორი იყოს თითოეული ადამიანი, ვისაც რამდენი შეუძლია და თვლის საჭიროდ, რომ შეუძლია გაიღოს იმისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვინც თვლის, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ღირებული, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ ყველას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამით ჩვენ შევქმნით ახალ მდგრად მოდელს მედიის საქმიანობის საქართველოში და აი, ამ ტიპის პრობლემატურ გარემოში, როგორიც ახლა საქართველოშია, რომელიც არა მგონია, რომ მარტო საქართველოში არსებობდეს. არსებობს ბევრგან, სადაც ადამიანს თავს გაუდის და დღეს საქართველოში ადამიანებს თავს გაუვიდათ და ამიტომაც ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, რომ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვთხოვოთ საზოგადოებას დახმარება და შევთავაზოთ პარტნიორობა და მათი ინტერესის აბსოლუტურად და სრულად წარმოდგენა. ვთხოვოთ დახმარება ყველა ჩვენს პარტნიორს და ასევე, ყველა ახალ პარტნიორს, ვისთანაც შეგვიძლია პარტნიორობა დავამყაროთ და ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს, მათ ჩვენთან სარეკლამო ტიპის ურთიერთობა ჰქონდეთ. აი, ახლა არის ზუსტად ის დრო, როცა ეს უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საცოდაობაა, ცეცხლგადარჩენილ „ფორმულას“ რომ კიდევ რამე დაემუქროს“, - თქვა მიშა მშვილდაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მედიაჩეკერს“ უთხრეს, რომ ბიზნეს ცენტრში მომხდარ ხანძარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. 

ვრცლად, ტელეკომპანია „ფორმულაში“ 4 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე იხილეთ აქ. 


კატეგორია - საქართველო


ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა, მადლობას უხდის ყველას, „ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა“ გამოუცხადა და იმედოვნებს, რომ ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შეძლებს.

„“ფორმულას“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ რთულ ვითარებაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. თქვენი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მადლობას ვუხდით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ მაყურებელს. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, შესაბამისი სამსახურების დროული მუშაობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხვალ საღამოს მაუწყებლობის აღდგენას შევძლებთ.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მიყენებული ზარალის მასშტაბი დადგენილი არ არის. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას მას აუცილებლად მივაწვდით“, - წერს „ფორმულა“.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრში, რომლის რამდენიმე სართულზეც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი დღეს, შუადღით გაჩნდა. ამ დროს ეთერში გადაცემა „ფორმულას დღე“ გადიოდა, რომლის წამყვანმაც, ირაკლი კიკნაველიძემაც, დაახლოებით 15:43 წუთზე, თქვა, რომ ტელევიზიის შენობაში კვამლი იყო და პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა შეწყვიტა.

მე-17 სართულზე მყოფი 22 ადამიანი დაკვამლიანების გამო შენობის დატოვებას ვერ ახერხებდა. 

„22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, - დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, დაახლოებით 17:00 საათზე, მათ ბიზნეს ცენტრის შენობა მეხანძრე-მაშველების დახმარებით დატოვეს. 

ბიზნეს ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ „ფორმულას“ წამყვანმა, სოფო ვარდიაშვილმა „მედიაჩეკერს“ უამბო, რომ გამოშვებისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ძლიერი სუნი იგრძნეს და შემდეგ უკვე კვამლიც დაინახეს:

„თავიდან კვამლი ძლიერი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე გავიგეთ, რომ რომელიღაცა ქვედა სართულზე იყო ცეცხლი და ეს კვამლი ამოდიოდა ზემოთ. მერე ვცადეთ კიბით ჩასვლა, ჩავედით კიდეც, მაგრამ რაღაც ეტაპამდე შევძელით მისვლა იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი კვამლი იყო კიბეზე და მოგვიწია, რომ ამოვბრუნებულიყავით უკან. ლიფტებიც გაითიშა, მერე უკვე გათიშეს და ლიფტით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო უსაფრთხო. ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ჩვენს სართულზე, მე-17 სართულზე ვიყავით ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლები და სტუმრებიც გადაცემების, და ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები კვამლი იქნებოდა. მერე შევედით ნიუსრუმში და იქ გავაღეთ ფანჯრები, მერე რაღაც ეტაპზე ჟალუზები ჩამოგვლიჯეთ იმიტომ, რომ ისინი ფანჯრების გაღებას, კარგად გაღებას ხელს უშლიდა და მერე ბოლომდე გავაღეთ ფანჯრები. რაღაც ეტაპზე უკვე კვამლი ძალიან ძლიერი იყო და სიმართლე რომ ვთქვა, ამ მომენტში მართლა ცოტა შემეშინდა, მაგრამ მერე მაშველებიც მოვიდნენ, ჩვენთან შემოვიდნენ და გვითხრეს, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო ნიუსრუმი და აქ დავრჩენილიყავით. არ ვიცი, მგონი განიხილებოდა რაღაცა ვერსია გარედან, ფანჯრიდან გადმოსვლის, მაგრამ მერე ცეცხლი რომ ჩააქრეს, კვამლიც ნელ-ნელა გაიფანტა და შიდა კიბით ჩამოგვიყვანეს ნაწილ-ნაწილ. 22 ადამიანი ვიყავით ნიუსრუმში“. 

სიუჟეტს ამზადებდა ჟურნალისტი ნინი ბალანჩივაძეც, როდესაც დაკვამლიანება შეამჩნია: „ვაპირებდი, რომ ჩამეწერა რესპონდენტი, სიუჟეტისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ისეთი დაკვამლიანება გაჩნდა, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ვერ ჩამოვედით ვერც კიბით. შემდგომ უკვე, დაახლოებით 40 წუთში, ამოვიდნენ მაშველები, მეხანძრეები და გვითხრეს, რომ ეძებდნენ გზებს, როგორ ჩავეყვანეთ უსაფრთხოდ და ჯამში, უხეშად რომ ვთქვათ, საათ-ნახევარში შევძელით, რომ ჩამოვსულიყავით უკვე კიბეების მეშვეობით ქვემოთ“. 

„ფორმულას“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ „საკმაოდ ტოქსიკური გამონაბოლქვი იყო, იმიტომ რომ კაბელები იწვოდა ძირითადად, როგორც ჩანს, მაგრამ არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“. თარგამაძის თქმით, როგორც თანამშრომლებმა ნახეს, აპარატურა - არა, მაგრამ დაზიანებულია ოპტიკური კაბელი, რაც ტელევიზიისთვის სერიოზული პრობლემაა. 

ხანძრის ლიკვიდირების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო ავტოტექნიკა იყო მობილიზებული. რომელ სართულზე გაჩნდა ხანძრის კერა და რამ გამოიწვია ის, მღებრიშვილს ეს დაზუსტებით არ უთქვამს: „ამ ეტაპზე მაგას ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო ზუსტად კერა, თუმცაღა მთელს შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში. დაახლოებით, ქვედა სართულებზე იყო, დიახ, საწყისი“. 


კატეგორია - საქართველო


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს სასამართლოში უჩივის. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა შეიტანა. მისი თქმით, სარჩელი ეხება „იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული“ და ივანიშვილი „ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას“ ითხოვს. 

„მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას...

მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ“, - ამბობს ასათიანი „პირველ არხთან“. 

ტელეკომპანიებს სარჩელი ჯერ არ ჩაბარებიათ. 

ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“ დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვდა. 


კატეგორია - საქართველო


„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) 2 ნოემბერთან - ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წელსაც შეიყვანა. 

ივანიშვილთან ერთად „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2026 წლის სიაში მოხვდნენ: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი,  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და სხვები. 

„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათი იარაღი შეიძლება განსხვავდებოდეს მაგრამ მათი მიზნები მსგავსია: დამოუკიდებელი ხმების გაჩუმება და ინფორმაციის მიღების უფლების გათელვა. პრესის გასაჩუმებლად მათ მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს: მკვლელობებს, დაპატიმრებებს, პროპაგანდას და ტროლების არმიებს. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკის მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, - წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. 

RSF-ის გენერალური დირექტორის, ტიბო ბრუტენის თქმით, ეს სია პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსს ეფუძნება და ყურადღებას იმ სუბიექტებზე ამახვილებს, რომლებიც პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე არიან პასუხისმგებელნი:

„პრესის თავისუფლების მტრების გამოვლენა, მათი მეთოდების მხილება და ჩადენილი დარღვევების დოკუმენტირება ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ მათი თავდასხმების ნორმად ქცევა. მათ საპირისპიროდ, ვინც დუმილის დამყარებას ცდილობს, RSF განაგრძობს იმ პირთა დასახელებას, რომლებიც ჟურნალისტიკას კლავენ“.

ბიძინა ივანიშვილზე მომზადებულ პროფილში „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს: „მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ რეალურ ძალად. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს მას, მკაცრად აკონტროლებდეს ქვეყნის მედიაგარემოს, განსაკუთრებით პროსახელისუფლებო ტელეარხების მეშვეობით, როგორებიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად მიმართული პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენება: ფინანსური ზეწოლის, რეპრესიული კანონების, ცენზურისა და სამართლებრივი დევნის სახით. ხდება დამოუკიდებელი ჟურნალისტების სტიგმატიზაცია, მათ აშინებენ და აჩუმებენ “. 

2026 წელს მომხდარი მოვლენებიდან კი ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება: „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება; ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მისი მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობას; კომუნიკაციების კომისიით  მანიპულირება იმ ტელეარხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ; ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და სანქციების მზარდი რაოდენობა, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად.

„პრესის თავისუფლების მტაცებლების სია“ RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ ნაწილია. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, „მტაცებელთა სია“ კი გამოყოფს მათ, ვინც თავისუფალ მედიას ებრძვის. „პრესის თავისუფლების მტაცებლები“ 5 კატეგორიად არის [პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, სამართლებრივი და სოციალური] დაყოფილი. ბიძინა ივანიშვილი მათ შორის მოხვდა, ვინც მედიას ფინანსურად ანადგურებს. 

------------------------------------

პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშით, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 40.77 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყნიდან 135-ე ადგილს იკავებს. ამ პოზიციით საქართველო, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. 2025 წელს ქვეყანა 114-ე ადგილს იკავებდა, მედიის თავისუფლების ხარისხი კი 50.53 ქულით იყო შეფასებული. RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზე იყო 2024 წელს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა.

საქართველო ამ მაჩვენებლით ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორებიცაა: პაპუა ახალი გვინეა, ზიმბაბვე, სომალი, გვატემალა, უგანდა, შრი-ლანკა. 



კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2026-ის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო. ქარტიის ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ 6 კატეგორიაში:  

  • სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. 
  • სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. 
  • ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. 
  • სატელევიზიო ან რადიო რეპორტაჟი. 
  • ადგილობრივი პრობლემის საუკეთესო გაშუქება. 
  • ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი ამ ნომინაციისთვის „გაეროს ქალთა ორგანიზაციამ“ დააწესა. ამ კატეგორიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ „ქარტიის პრიზი 2024“-ისა და „ქარტიის პრიზი 2025“-ის ამავე კატეგორიის გამარჯვებულები.

დამატებით, სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გასცემს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ  მედიაპროდუქტი, რომელიც გამოქვეყნებულია 2025 წლის 5 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში. ის მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის. საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. თითოეულ აპლიკანტს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი და ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/hj37YVMvKuHLP8vw7 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი, 18:00 საათი. გამარჯვებულები კი, რომლებსაც ჟიური შეარჩევს, 2026 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან. 

ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებისა და დამატებითი ინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია. 




კატეგორია - საქართველო



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა. ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 6 წლის ვადით აირჩიეს. 

„ბატონო ვასიკო, კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. მართლა დიდი მადლობა. ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება ამით გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება და მით უმეტეს, რომ ბატონი გია მურღულიას შემცვლელი, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. 

მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად აი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა მან 29 ოქტომბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ. 


დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. სამთავრობო მედიები მას, როგორც ანალიტიკოსს ხშირად ციტირებენ. პარლამენტმა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში აირჩია. აქამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილე გია მურღულია იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული). 

ამჟამად სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა. 

--------------
„პარლამენტის რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი შეიცვალა. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, გაუქმდა წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. ახლა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად მას მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. 
--------------

სამეურვეო საბჭოს დანარჩენი წევრები ახლა არიან: დავით ქართველიშვილი, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა ტუღუში, იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია იაკობაშვილი, სოსო სტურუა და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული. 


კატეგორია - საქართველო

(ფოტო: სოციალური ქსელი)


გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია კვირიკაშვილმა დღეს მიიღო. 

ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა, რადგან ის ითხოვდა, რომ „აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“. 

„დიტო ჩუბინიძის ბრალი იყო ჟურნალისტთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ბრალი, სადაც პროკურატურა აღიარებდა, რომ დიტო ჩუბინიძემ რესპონდენტთან ჩაწერა ინტერვიუ, შემდეგ დიტო ჩუბინიძე ამ ინტერვიუდან გამომდინარე ავრცელებდა ინფორმაციას და დიტო ჩუბინიძის მიერ ინტერვიუზე დაყრდნობილი ინფორმაციის გავრცელებით შეექმნა დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას მუშაობაში შეფერხება. ახლა ეს რას ნიშნავს, ნებისმიერმა ჟურნალისტმა, აი, ჩემთან ახლა ინტერვიუს რომ წერთ, თუ ჩემს ინტერვიუზე დაყრდნობით თქვენს აზრს გაავრცელებთ, შეიძლება რომელიმე სამინისტრომ, ან რომელიმე უწყებამ თქვას, რომ ამა და ამ ჟურნალისტის აზრებმა მე მუშაობაში ხელი შემიშალეს და ეს არის სამშობლოს ღალატი…

ვითხოვდი, რომ ასეთი ბრალდებით არ შეიძლება ადამიანს შეეფარდოს პატიმრობა და მივუთითებდი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე „შაჰინ ალფაი თურქეთის წინააღმდეგ“ [Şahin Alpay v. Turkey] … ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ეჭვის საფუძველზე, როცა არ არსებობს დასაბუთებული რაიმე სტანდარტი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ადამიანის დაპატიმრება და ეს გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, მაგრამ ნაწილობრივ, იმიტომ რომ მე ვითხოვდი, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო დიტო ჩუბინიძე, როგორც პოლიტპატიმარი“, - ამბობს ხატიაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით 22 ოქტომბერს დააკავეს. 

------------------------
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“. 

უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.  
---------------------------

ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით აქამდე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან 23 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე  თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და სამშობლოსთვის არ უღალატია.  ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სწორედ 23 ოქტომბერს შეუფარდა. 


კატეგორია - საქართველო



„სინათლე მედია“ Index on Censorship-ის 2026 წლის Freedom of Expression Awards-ის ფინალისტებს შორისაა. 

„გამოხატვის თავისუფლების ჯილდო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემათ მათ, ვინც ცენზურას უპირისპირდებიან და გამოხატვის თავისუფლების უფლებას იცავენ.

როგორც Index on Censorship-ი წერს „სინათლე მედია“ - სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელი, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, შეიქმა სახელმწიფო რეპრესიების საპასუხოდ, რათა წინააღმდეგობა გაეწია დამოუკიდებელი ხმების ჩახშობისთვის.



„სინათლე მედია“ ნომინირებულია ჟურნალისტიკის კატეგორიაში. ამ კატეგორიის ფინალისტები ასევე არიან:

Abzas Media - „დამოუკიდებელი რედაქცია, რომელიც აზერბაიჯანში კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამოძიებაზეა ორიენტირებული. გავლენიანი ბიზნესინტერესებისა და მმართველი რეჟიმის შესახებ მომზადებული მასალების გამო, მათი ექვსი კოლეგა ამჟამად ციხეში იმყოფება, გუნდის დანარჩენი წევრები კი ემიგრაციიდან მუშაობენ“;

Vorskla - „დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სუმის ოლქიდან, რომელიც ფრონტის ხაზზე და მის სიახლოვეს მდებარე თემებში მუშაობს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს მონიტორინგი გაუწიოს“.

ჟურნალისტიკის გარდა, ჯილდო გაიცემა ხელოვნებისა (Arts) და კამპანიების (Campaigning) კატეგორიაშიც. 

ორგანიზაცია Index on Censorship-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯემიმა სტეინფელდის [Jemimah Steinfeld] თქმით: „ამ ჯილდოების შეფასება არასდროსაა ადვილი, წელს კი -  მით უმეტეს. შემოქმედებითობისა და სიმამაცის ის ერთობლიობა, რაც ვიხილეთ, აღმაფრთოვანებელი იყო და შეგვახსენა, თუ რამდენი სიკეთე არსებობს მსოფლიოში. და რა მნიშვნელოვანი გზავნილია ეს ამჟამად! იმ დროს, როდესაც ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გლობალური საფუძვლები ირყევა, ეს ჯილდოები იმის დასტურია, რომ ბევრმა, თითქმის შეუძლებელ პირობებშიც კი, ბრძოლას თავი არ დაანება. ეს ყველას გვახსენებს, სადაც არ უნდა ვიყოთ, რომ მათი მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მტკიცედ დავიცვათ პოზიცია“. 

როგორც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჰონგკონგელი დისიდენტი ქლოი ჩენგი [Chloe Cheung] აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოები ქმნიან მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ამ საქმეში სულ უფრო იხვეწებიან, ადვილია, თავი უძლურად იგრძნო, თუმცა „ეს მოკლე სია საპირისპიროს ამტკიცებს. ეს ხელოვანები, კამპანიის ორგანიზატორები და ჟურნალისტები აჩვენებენ, რომ კონტროლის არცერთი სისტემა არ არის სრულყოფილი, რადგან მას ვერ მიუწვდება ხელი იმ ერთი ადამიანის ნებაზე, რომელიც უარს ამბობს გაჩუმებაზე. ერთი წლის წინ მე თავად ვიყავი ამ მოკლე სიაში. დღეს კი ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მისი ჟიურის წევრი. არავის არ უნდა უწევდეს ამ მექანიზმთან მარტო გამკლავება. მადლობელი ვარ Index-ის (Index on Censorship) მათი აღიარებისთვის, ხოლო მათი ბრძოლის მხარდაჭერა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“.

Freedom of Expression Awards-ის წლევანდელი გამარჯვებულები 19 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდებიან. როგორც Index on Censorship-ი წერს, წლევანდელი მოკლე სია წარმოაჩენს შემოქმედებით, გაბედულ და მრავალფეროვან ხმებს, რომლებიც ავტორიტარიზმსა და დუმილს უპირისპირდებიან.

Index on Censorship-ი უკვე 25-ე წელია ამ ჯილდოთი აფასებს მათ, ვინც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად იბრძვის, დემოკრატიების შესუსტების, კონფლიქტების გამწვავებისა და დეზინფორმაციისა თუ ცენზურის ზრდის ფონზე. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში იცავს და ხელს უწყობს გამოხატვის თავისუფლებას. Index on Censorship-ი მათ შორის, აქვეყნებს ცენზურის ქვეშ მყოფი მწერლებისა და ხელოვანების ნამუშევრებს და აკვირდება სიტყვის თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეებს.