ზვიად ქორიძე - პანდემიას ამარცხებ შეგნებით და შეგნება დგას ინფორმირებულობაზე
20.04.2020
რატომ იზრდება, კიდევ უფრო მეტად, პანდემიის დროს, გადამოწმებული ინფორმაციის, სწორად დასმული კითხვებისა და აქცენტების და მაღალკვალიფიციურად შერჩეული რესპონდენტების როლი, რატომ არის მნიშვნელოვანი პერსონალური მონაცემების დაცვა, როგორ შეუძლია მედიას აიცილოს რასისტული ნარატივი და ადამიანების სტიგმატიზება - „მედიაჩეკერი“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრს, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

- ყველა ვთანხმდებით, რომ პანდემიის დროს მედიაზე მოთხოვნა გაზრდილია და გაიზარდა კეთილსინდისიერი და ხარისხიანი ჟურნალისტიკის საჭიროებაც. რატომ არის ახლა მედიის როლი განსაკუთრებული?

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ასპექტია რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა ზოგადად და კონკრეტულად, საქართველოში.

ერთი მხრივ, ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რა არის ეს ვირუსი, რამ გამოიწვია, როგორ ხდება მისი მუტაცია, გავრცელება; მეორე მხრივ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ ჰიპერბოლური წარმოდგენები კი არ შევიქმნათ მასზე, არამედ რეალურად წარმოვიდგინოთ როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ; და მესამე, როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ დროს მოქალაქე. აქ ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანობაში იმაზე, რამდენად ინფორმირებულია მოქალაქე, როდესაც ასეთ სერიოზულ პრობლემაზეა საუბარი. ეს არის ჩემი აზრით ახლა მედიის ერთ-ერთი მთავარი დილემა - ინფორმირება, ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით.

საჭიროა ბევრი წყაროს მოძიება, დოკუმენტის გაცნობა, მაღალკვალიფიციური ადამიანების: მეცნიერების, ექიმების, მკვლევრების პოზიციების მოსმენა. თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ვეძებოთ მაღალრეიტინგულ და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალებში, ან თუნდაც პოპულარულ მედიაში, ოღონდ სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე მედიაში.


რასისტული ნარატივი და  დისკრიმინაციის საფრთხეები

კორონავირუსის პანდემიას, დასაწყისში, თან ახლდა  რასისტული ნარატივი მედიაში. ამ თემაზე მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს



- სანდო წყაროების შერჩევის მნიშვნელობას უსვამთ ხაზს?

რა თქმა უნდა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენ დავიწყებთ მარჩიელობას, როგორც კი ვიფიქრებთ, რომ ნახე, როგორი საინტერესო წყარო, საინტერესო რესპონდენტი ვიპოვე და ყურადღებას არ მივაქცევთ ამ წყაროს კვალიფიციურობას, ეს უკვე იქნება პრობლემა.

დღეს საკმაოდ დიდი ნაკადია ინფორმაციის, ადამიანებს ძალიან უჭირთ ტყუილ-მართალის გარჩევა, მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება. ამიტომ, ამ ადამიანებს ჩვენ უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. როგორც კი ვიწყებთ გარკვეული ვარაუდების გავრცელებას, ვარაუდებში ვგულისხმობ იმას, რომ ჰიპოთეტურ კითხვას დავსვამთ, რომელზეც ვერც რესპონდენტს ვპოულობთ, ვერც წყაროს და ასეთი ტიპის ინფორმაციას ვავრცელებთ, ამით ჩვენ ვიწვევთ ადამიანების სრულ დეზორიენტაციას.

დღეს რომ ქუჩაში გავიდეთ, 100 ადამიანი გავაჩეროთ და პრევენციის საშუალებებზე გამოვკითხოთ, უამრავ ვერსიას მოვისმენთ, ზოგი გვეტყვის, რომ ნიღაბია საჭირო, ზოგი ამას უარყოფს, ზოგს ნიორი გაახსენდება... საიდან იღებენ ეს ადამიანები ინფორმაციას? ის, რომ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სრულებით არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად. ამ ინფორმაციის ანალიზი უნდა შევძლოთ მოქალაქეებმა და თუ მედია არ დაგვეხმარება ზუსტი ინფორმაციით, ჩვენ ეს გაგვიჭირდება.



იდენტიფიცირება/პერსონალური მონაცემების დაცვა 

ახალი კორონავირუსული ინფექციის მასშტაბების ზრდის პარალელურად, პროფესიულ წრეებში მსჯელობენ, უნდა გაასაჯაროოს თუ არა მედიამ ინფიცირებული ადამიანის ვინაობა, როდის არის ეს გამართლებული, სად გადის ზღვარი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პერსონალურ ინფორმაციას შორის - მოუსმინეთ ზვიად ქორიძეს


მთელი საუბრის განმავლობაში თქვენ ხაზს უსვამთ ზუსტი ინფორმაციის მნიშვნელობას, რაც ცხადია, ზოგადადაც მნიშვნელოვანია, უბრალოდ ახლა გაასმაგებულად რადგან საქმე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება?

არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, ეს ეხება ექსტრემალურ ვითარებას, როდესაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას როგორ იმოქმედონ. ჩვენ პოსტმოდერნული ადამიანები ვართ, სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ, თანამედროვე ადამიანის მართვა რთულია, ის ახერხებს თავად მართვას, თავად ორგანიზებას, ახერხებს სწორად დაალაგოს მიღებული ინფორმაცია და ისე მოიქცეს, როგორც არის საჭირო ამ კონკრეტულ ვითარებაში. სამწუხაროდ, დღეს არ არის თვითორგანიზების მაღალი მაჩვენებელი, ვერ შეთანხმდა საზოგადოება, რომ პანდემიურ სურათს უნდა დაუპირისპირდეს, ოღონდ არა იმ რეგულაციით, რომელსაც დეკრეტში ჩაწერს პრეზიდენტი, არამედ, იმ თვითრეგულაციით, რომლითაც საჭიროა რომ მე დავიცვა ჩემი უსაფრთხოება, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი სიცოცხლის უფლება და ასევე, შენი უსაფრთხოება და შენი სიცოცხლის უფლება. თუ მე ვარ ინფორმირებული, მაშინ ამის არც გაცნობიერება მიჭირს და არც შესრულება.

მაგრამ, ამაში მედია უნდა დამეხმაროს ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციით. განსაკუთრებულად მაშინ, როცა ვხედავ, რომ ის ვისაც ევალება მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა, ამას ვერ ახერხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ დარჩება კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ქუჩაში სამნი ვივლით თუ ორნი, მანქანაში წინ დავსხდებით თუ უკან. და მერე ეს დისკუსია კარიკატურული გახდება, და როცა საკითხი კარიკატურული ხდება, მისი დაბრუნება საინფორმაციო ველში უკვე შეუძლებელია.

საქართველო ახლა არის ე.წ. დაპაუზებულ მდგომარეობაში, ასეთ მდგომარეობაში არის ბევრი ქვეყანა, სწორედ ის ქვეყნები, სადაც ვერ მოხერხდა საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირება და შესაბამისად საზოგადოებამ ვერ იმოქმედა. ჩვენ მოქალაქეებს ვთხოვთ, მოიქეცი ასე, მაგრამ ახსნის გარეშე ვერ მოიქცევა, რადგან ხიშტის და მათრახის მექანიზმით პანდემიას ვერ დაამარცხებ, პანდემიას ამარცხებ მხოლოდ და მხოლოდ შეგნებით და ეს შეგნება დგას ინფორმირებაზე.



ვრცლად იმ ეთიკური დილემების შესახებ, რაც ახალი კორონავისული პანდემიის გაშუქებისას გაჩნდა, წაიკითხეთ სახელმძღვანელოში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და IREX M-TAG პროგრამის ფარგლებში მომზადდა


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ