ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი გაშუქება TV პირველზე
06.02.2020
“ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს” - ამ აღწერით გამოაქვეყნა "ტელეკომპანია პირველმა" ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო, რომელიც ოჯახის მდგომარეობას აღწერდა და შემთხვევამდე 2 თვით ადრე იყო გადაღებული. ვიდეოს არ ერთვოდა განმარტება, რომ იყო საარქივო მასალა და არაზუსტი იყო ინფორმაცია დახმარების მოხსნის შესახებ. მომხდარიდან მალევე მასალის ამ ფორმით, განმარტების გარეშე გავრცელება მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. არაზუსტი და მანიპულაციური იყო დილის საინფორმაციო გამოშვებებში მაუწყებლის მიერ მაყურებლისთვის პირდაპირ ეთერში მიწვდილი ინფორმაციაც.

თემის TV პირველზე გაშუქების ქრონოლოგია 
 
შემთხვევა ბაღდათში 3 თებერვალს მოხდა. ხანძრს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა. ამბავი მედიისთვის იმავე ღამეს, დაახლოებით, 23:00 საათისთვის გახდა ცნობილი და 4 თებერვალს ყველა მედიასაშუალებისთვის დღის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. “TV პირველმა” ტრაგედიის გაშუქება მომხდარიდან მალევე დაიწყო. თავდაპირველად, 23:50 საათზე, არხის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ხანძრის ამსახველი ვიდეო, რომელსაც თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.” (თავდაპირველად, ყველა მედიასაშუალებამ 5 გარდაცვლილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია აუდიტორიას, რადგან მეექვსე ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს. მედიასაშუალებების ნაწილმა, მასალები შესწორების სტანდარტის შესაბამისად ჩაასწორა, ნაწილის გვერდზე (მათ შორის “TV პირველის“) კი არაზუსტი ინფორმაცია კვლავ იძებნება.)

მოგვიანებით, დაახლოებით, 03:00 საათისთვის არხის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა ვიდეო “TV პირველის” არქივიდან, სათაურით “ტრაგედია!” ვიდეო ასახავდა სოციალურად დაუცველი ოჯახის ცხოვრების კადრებს, რომელიც 21 ნოემბერს გადაცემა “რეაქციაში” გავიდა. გამოქვეყნებულ ვიდეოფრაგმენტში გაჭირვებაში მცხოვრები ქალი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ საუბრობდა. მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს შეცდომაში შემყვანი შინაარსის ტექსტი ერთვოდა თან: “ხანძარის შედეგად დაღუპული დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს ”.

alt

მაუწყებელს თავისი აუდიტორიისთვის არ მიუწვდია ინფორმაცია, რომ ოჯახს სოციალური დახმარება გარკვეული მიზეზით (ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერის არქონის გამო), დროებით ჰქონდა შეჩერებული, არ განუმარტავს, რომ დეკემბერში ოჯახს კვლავ აღუდგა დახმარება და განაცდური თანხა ერთიანად ჩაერიცხა.

ფეისბუქგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ბაღდათში მომხდარი ტრაგედია იგივე აქცენტით გაშუქდა 4 თებერვლის დღის პირველ ნახევარში მაუწყებლის ეთერში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში:

“TV პირველმა” 4 თებერვალს დილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება 20 წუთით ადრე, 08:40-ზე სპეციალური გამოშვებით დაიწყო. ბაღდათიდან ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვის შემდეგ, წამყვანმა მაყურებელს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის არქივიდან ამოღებული ვიდეო წარუდგინა და განუმარტა, რომ “გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოუხსენეს, რომ მას, დროებით, ელექტროენერგია მეზობლისგან ჰქონდა შემოყვანილი”.

ერთი საათის შემდეგ, საინფორმაციო გადაცემის წამყვანი კვლავ რამდენიმე წუთით ადრე(09:50) სპეციალური გამოშვებით დაბრუნდა ეთერში და მაყურებელს “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება შესთავაზა პირდაპირ ეთერში, რომელიც ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის პიკეტირების გადადების შესახებ საუბრობდა. გიგი უგულავას განცხადების შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და თემაზე მომუშავე ჟურნალისტმა კვლავ შეახსენეს მაყურებელს, რომ ოჯახს სოციალური დახმარება ჰქონდა მოხსნილი.

11:00 საათიან გამოშვებაშიც, წამყვანი და ჟურნალისტი კვლავ იგივე აქცენტს აკეთებდნენ - არქივიდან ამოღებულ ვიდეოს და ახლობლების ნათქვამს ეყრდნობოდნენ და ამბობდნენ, რომ ოჯახს დახმარება მოუხსნეს. თუმცა ამჯერად მერის კომენტარიც გავიდა ეთერში, რომელიც ამბობდა, რომ ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა.

“TV პირველის” მაყურებელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის მედიასთან გაკეთებული განცხადების შემდეგ, 12:00 საათიან გამოშვებაში გაიგო, რომ ოჯახს სოციალური დახმარება დროებით ჰქონდა შეწყვეტილი. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული განცხადების მიუხედავად, 13:00 საათიან გამოშვებაშიც მაუწყებელმა აქცენტი კვლავ სოციალური დახმარების მოხსნაზე გააკეთა. საინფორმაციო გამოშვების ანონსში და აღწერაში კვლავ განმარტების გარეშე, ხაზგასმული იყო, რომ ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. გარდა ამისა, სამინისტროს განცხადების შემდეგ, მაუწყებელი სოციალურ სააგენტოში არკვევდა, მოუხსენეს თუ არა დახმარება ოჯახს.


alt


როდის გაიგო TV პირველის მაყურებელმა დაზუსტებული ინფორმაცია

“TV პირველის” მაყურებელი შესაბამის წყაროებთან დაზუსტებულ ინფორმაციას მხოლოდ 14:00 საათიდან იღებდა. 4 თებერვალს ამავე ამბავს მიეძღვნა გადაცემა “რეაქციაც”.

თუმცა მანამდე გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კვლავ არ შეუსწორებია მაუწყებელს და ამ დრომდე იძებნება არხის ფეისბუკ გვერდზე. არც თავდაპირველად გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაშია ცვლილება შესული. აღსანიშნავია, რომ ვიდეო კვლავ იგივე ტექსტით ვრცელდება და ამ დროისთვის “TV პირველის” ფეისბუკგვერდზე აღნიშნულ ვიდეოს 393 000-ზე მეტი ნახვა და 5 400-მდე გაზიარება აქვს. ასევე, “TV პირველს” დღის განმავლობაში არცერთხელ არ აუღნიშნავს, რომ თავდაპირველად მაუწყებელმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

რატომ იყო პრობლემური ამგვარი გაშუქება

ბაღდათში მომხდარი ტრაგედია მედიის ფოკუსში ცხადია უნდა მომხვდარიყო და ასევე, ცხადია, რომ მედიას უნდა დაესვა ყველა კითხვა და დაეყენებინა ყველა შესაბამისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი.

თუმცა, მასალის ამ დროს და ამ ფორმით გავრცელება, მინიშნების გარეშე - რომ ის იყო არქივის, ასევე ის, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნის შემდეგ ისევ აღუდგა, მანიპულაციური იყო და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანა. ამგვარი გაშუქება ქმნიდა ირიბ მინიშნებას, თითქოს ხანძარი სიდუხჭირემ გამოიწვია, რაც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

TV პირველის ეს ვიდეო გახდა ინსპირაცია სხვა ონლაინ გამოცემებისთვისაც, რომლებმაც ასევე შეცდომაში შეიყვანეს აუდიტორია.

“TV პირველზე” დაყრდნობით, ხანძარის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: პალიტრავიდეო, ფორტუნა, ნიუპოსტი, პროგრესნიუსი, სარკე ნიუსი, რეზონანსი, newsreport.ge, cyc.ge, paqtebi.ge, hotnews და სხვა.

აღნიშნულ გვერდებზე სოციალური დახმარების მოხსნის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია კვლავ დამატებითი განმარტებების გარეშე იძებნება და არ დრომდე არ არის შესწორებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემებმა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე დღის განმავლობაში სხვა მასალებიც მოამზადეს, თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალები მაინც პრობლემურია, რადგან თუ მკითხველი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ მასალებს ნახავს, არაზუსტ ინფორმაციას მიიღებს.

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ; მანიპულაცია; ტრაგედიების გაშუქება ;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ