ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
სააგენტო პირველმა ევროკავშირის გაუქმების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა2016-06-28 საინფორმაციო სააგენტო პირველმა 2016 წლის 27 ივნისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშული ინფორმაციის წყაროდ სააგენტომ “უცხოური მედია” მიუთითა. კერძოდ - პოლონური ტელეკომპანია TVP Info. ამ კონკრეტული საინფორმაციო საშუალების გარდა იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სხვა საინფორმაციო ვებგვერდმა, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ და Pravdareport-მა. მათ განაცხადეს, რომ ფრანგული და გერმანული მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია ახალი “სუპერსახელმწიფოს” შექმნაზე, თუმცა მითითებულ დოკუმენტში ევროკავშირის დაშლაზე არაფერია აღნიშნული.

იგივე შინაარსის სიახლე "მარშალპრესმაც" გაავრცელა და წყაროდ "პირველი" მიუთითა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არცერთ სანდო დასავლურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთანავე გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
კატეგორია - ეთიკა
პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარეს ვალარი კვარაცხელია ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემა მიჰყავს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრი გადაცემის წამყვანი არ შეიძლება იყოს.

ცესკოს მონაცემებით, პარტიამ უკვე მიმართა კომისიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამჯერად, განაცხადი რეგისტრაციის პროცესშია.



ვალერი კვარაცხელია გადაცემის მსვლელობისას აუდიტორიას ესაუბრება, როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი და ფაქტობრივად, ატარებს საარჩევნო კაპმპანიას, აკრიტიკებს ხელისუფლების საგარეო კურსს და მიმოიხილავს, რა პოზიტიური მხარეები აქვს თავად მის პარტიას საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მაგალითად 25 ივნისის გადაცემაში წამყვანი აღნიშნავს:

„რომელიღაცა პოლიტიკოსად წოდებულმა ადამიანმა ჩემ შესახებ თქვა, რომ მას მხარდამჭერები არ ჰყავსო, მაშინ იმ დღეს, გორში სრულიად საწინააღმდეგო რამ გამოჩნდა“- ამბობს წამყვანი და მაყურებელი რომ დაარწმუნოს, რამდენად ბევრია მისი მხარდამჭერი, ეთერში გვიჩვენებს გორის შეხვედრის ჩანაწერებს, სადაც პარტიის სიკეთეებზე მათი მხარდამჭერები საუბრობენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (მუხლი 16) აღნიშნულია: „დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით“.

საარჩევნო კოდექსის (მუხლი 51) მიხედვით კი, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საკითხი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის სფეროა, ის მაუწყებლობის შესახებ კანონით არ რეგულირდება და შესაბამისად, მისი განხილვა და რეაგირება კომისიის საქმიანობის სფეროში არ შედის. თუკი მსგავსი შემთხვევები კომისიის მედიამონიტორინგისას დაფიქსირდა, GNCC შენიშვნის სახით მიუთითებს ქცევის კოდექსის ნორმებს.
კატეგორია - ეთიკა
უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხების რეტრანსლირება საქართველოში - ამ თემაზე დისკუსია დღემდე არ წყდება, აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ არხები ქვეყნის განვითარებას უქმნის საფრთხეს, მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ აკრძალვა დემოკრატიული მეთოდი არ არის. ეს საკითხი საქართველოს გარდა განსაკუთრებით აქტუალურია ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდოვაში.

საქართველოში რუსული არხები 2008 წლის ომის პერიოდში დაიბლოკა, არხების რეტრანსლირება 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაწყო. ცოტა ხნის წინ არასამთავრობოების და საზოგადოების ნაწილის მიმართვა გავრცელდა. წერილის ხელმომწერები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კომუნიკაციების კომისიას შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხები საქართველოს ტერიტორიაზე. გავრცელებულ განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებული რუსული არხები ავრცელებენ დაუშვებელ პროდუქციას, კომისია მზადაა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს სათანადო ზომები - მათ შორის შეზღუდოს შესაბამისი არხების რეტრანსლირება.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მომძლავრებულ რუსულ საინფორმაციო შეტევას უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში რუსული არხებისა და ონლაინ გამოცემების დაბლოკვის არაერთი შემთხვევა მოჰყვა. გარდა ამისა, იქმნება უამრავი პლატფორმა თუ კამპანია, რომლის მეშვეობითაც რუსულ პროპაგანდას ებრძვიან.

უკრაინა

2014 წელს უკრაინამ 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა, მიზეზად კი ომისა და ძალადობის პროპაგანდა დაასახელა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს, განცხადებით, არხების დაბლოკვის მიზეზს ომის პროპაგანდა წარმოადგენდა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ეთნიკური რუსებისთვის რუსული არხები ინფორმაციის მიღების მთავარი საშუალებაა.

„როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას შეუძლია და ვალდებულია დაიცვას თავისი მედიასივრცე რუსული აგრესიისგან, რომელსაც უკრაინის მოქალაქეებს შორის სიძულვილი და უთანხმოება შეაქვს“ - განაცხადა გერაშენკომ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე რუსეთმა დაბლოკა უკრაინული არხები ყირიმის ტერიტორიაზე.

მოლდოვა

2015 წლის 28 მაისს მოლდოვის „ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ გადაწყვეტილებით დაიბლოკა რუსული არხი, „Россия 24“, ასევე დაჯარიმდა არხები: RTR Moldova და Ren Moldova. სამივე არხის დაჯარიმების მიზეზად რუსული არხების მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებისას ფაქტების დამახინჯება და მაყურებელთა მოსაზრებებით მანიპულირება დასახელდა.

„ტელევიზიისა და რადიოს საკოორდინაციო საბჭოს“ განცხადებით, არხებით გავრცელებული ინფორმაცია ხელს უწყობდა ეთნიკური შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას. ამგვარი ტრანსლირება კი არ შეესაბამება ახალი ამბების გაშუქების საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტანდარტს.

ლატვია

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ბალტიის ქვეყნებს. 2016 წლის 7 აპრილს რუსული არხი RTR 6 თვით გათიშა ლატვიამ. ქვეყნის „ნაციონალური ელექტრონული მასმედიის საბჭოს“ დადგენილებით, Rossiya RTR -მა ლატვიის მასმედიის შესახებ კანონი და ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიის შესახებ დირექტივა დაარღვია. მარეგულირებელმა გათიშვის მიზეზად ამავე არხზე გასული გადაცემებით სიძულვილის გაღვივება დაასახელა. მარეგულირებელმა არაერთხელ მიმართა არხის ადმინისტრაციას პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა უშედეგოდ.

მნიშვნელოვანია ის, რომ ლატვიის მარეგულირებელს არხი ანალოგიური ქმედებისთვის 2015 წლის სექტემბერშიც ჰყავს გაფრთხილებული. მაშინ გაფრთხილების მიზეზი ტელეარხით რუსი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ჟირინოვსკის, გამოსვლა გახდა. საკუთარ გამოსვლაში ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას დაებომბმა თურქეთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ამ შემთხვევაშიც მარეგულირებელმა სამხედრო ქმედებებისკენ მოწოდების და სიძულვილის გაღვივებისთვის არხს კანონმდებლობის დარღვევა დაუდგინა და გააფრთხილა.

იმავე არხის გათიშვის ტაქტიკას ლატვიის ხელისუფლებამ 2014 წელსაც მიმართა და RTR- ს ტრანსლირება შეუწყვიტა.

ლიტვა

2015 წლის 9 აპრილს ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, დაებლოკა RTR Planeta. იგი შედის რუსეთის „სახელმწიფო რადიო თუ ტელევიზიის გადამცემი კომპანიის“ (VGTRK) სერვისის პაკეტში, კომპანია დისტრიბუციას უწევს არხს მთელ ბალტიისპირეთში.

არხის დაბლოკვის მიზეზი ვლადიმერ სოლოვიევის გადაცემა გახდა, რომელშიც წამყვანი სიძულვილის ენასა და პროპაგანდას იყენებდა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით არხი 3 თვით დაიბლოკა.

VGTRK -ის მმართველი ოლეგ დობროდიევია, რომელიც პუტინის გაპრეზიდენტების შემდგომ, 2000 წელს, მის სპიკერად დაინიშნა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას მედიის კონტროლი და რუსული საინფორმაციო პროპაგანდის უზრუნველყოფა დაევალა. დობროდიევმა გააერთიანა ყველა სახელმწიფო რადიო და ტელევიზია, რითაც მძლავრი პროპაგანდისტული ქსელი შექმნა.

RTR Planeta-ს დაბლოკვა იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც არხის დაბლოკვა მოხდა ევროკავშირის აუდივიზუალური დირექტივის თანახმად. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ თავად აღნიშნული დირექტივა არხის დაბლოკვას კრძალავს, თუმცა ლიტვის მარეგულირებელმა მიუთითა დირექტივის მე-6 მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი ყველა შესაძლო ხერხით უნდა შეეწინააღმდეგოს პროპაგანდას.

„ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა არხი, შესაძლოა ბევრი არ დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კანონმდებლობის ჩარჩოებში“, - განაცხადა ედმუნდას ვაიტეიკუნასმა, ლიტვის მარეგულირებლის პრესსპიკერმა, ევრონიუსისთვის მიცემულ კომენტარში.

ლიტვამ სანქციები გაატარა ონლაინგამოცემა Sputnik-ის მიმართაც და 2016 წლის გაზაფხულზე პროპაგანდისტული შინაარსის მასალების გამო დაბლოკა იგი. ამავე პერიოდში, იმავე მიზეზით, Sputnik-ი დაიბლოკა თურქეთში და ლატვიაში.

ესტონეთი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონეთი ყურადღებით დააკვირდება, ხომ არ არღვევს ესტონურ კანონმდებლობას რუსული ონლაინგამოცემა, თუმცა ამ მომენტისათვის მეზობელი ქვეყნების მსგავსად Sputnik-ის გათიშვას ქვეყანა არ გეგმავს.

ფინეთი

რუსულ მედიასაშუალებებზე დასაკვირვებლად სამუშაო ჯგუფი შექმნა ფინეთმაც. სამთავრობო ჯგუფი, შემდგარი არასამთავრობო და უმცირესობათა წევრებისაგან, დააკვირდება და შეისწავლის ინფორმაციის დამახინჯებისა და პროპაგანდის ფაქტებს ფინეთის ტერიტორიაზე.

შვედეთი

რაც შეეხება შვედეთს - შვედეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთი შვედეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ საინფორმაციო შეტევას ახორციელებს, რომლისგანაც თავდაცვა ქვეყნის პრიორიტეტად იქცა. შვედეთის მთავრობის განცხადებით, ასეთი მძლავრი საინფორმაციო აგრესია რუსეთის მხრიდან ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს მოდიოდა.

მომძლავრებული რუსული პროპაგანდის გამო შვედეთი შეუერთდა ნატოს ანტიპროპაგანდისტულ ცენტრს და გააძლიერა იგი ფინანსურად. ცენტრის მიზანია, წინ აღუდგეს რუსეთი საინფორმაციო ომს.

ქვეყნებში რუსული არხების დაბლოკვამ პრობლემა ვერ მოაგვარა, აღმოჩნდა, რომ ეს არაა ერთადერთი და ეფექტური მეთოდი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. დასავლეთში პროპაგანდას ფაქტების გადამოწმებით უპირისპირდებიან. სწორედ ამ მიზნით, უკარინაში შეიქმნა საიტი “stop fake”. ორგანიზაცია დაზუსტებულ მასალებს რვა ენაზე ავრცელებს (რუმინულ, ბულგარულ, იტალიურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, ესპანურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე).პროექტი 2014 წლის 2 მარტს შექმნეს სტუდენტებმა, „კიევის მოჰილას ჟურნალისტურ სკოლაში“.

„სთოფ ფეიქ-ის“ მთავარი მიზანია გამოავლინოს ყალბი ისტორიები, ფოტოები და მათი ალტერნატიული, რეალური, ისტორია აჩვენოს. საიტზე მოცემულია ტუტორიალები, თუ როგორ გამოვავლინოთ ყალბი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც გამოადგება ნებისმიერ ჟურნალისტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არსებობის 2 წლის განმავლობაში საიტს რამდენიმე მილიონი მნახველი და უამრავი ხელმომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში. ხაზგასასმელია, რომ ეს არაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საიტი. ის ძირითადად შემოწირულობებით და გრანტებით არსებობს.

გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში ლატვიაში შეიქმნა “ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი“, რომელიც აერთიანებს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს: ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს, გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ფინეთს, აშშ-ს და ნიდერლანდების სამეფოს.

ცენტრის მიზანია ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო უსაფრთხოება და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ლიტვის პრეზიდენტმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, „პროპაგანდა განსაკუთრებით საშიშია, მით უმეტეს ამ რეგიონში. მას შეუძლია შექმნას ხელსაყრელი კლიმატი სამხედრო ინტერვენციისთვის“.

2011 წლის 1 იანვარს ჩაეშვა „ევროპის საგარეო მოქმედების სერვისიც. (European External Action Service) ცენტრის მიზანია დაეხმაროს დიპლომატებს. ის აკეთებს ყოველკვირეულ მოკლე მონახაზს კრემლის პროპაგანდისტულ აქტივობებზე.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმის ჩვენება, რომელიც მან წინასწარი გამოძიების ეტაპზე მისცა. მასალა გამოქვეყნდა www.kvirispalitra.ge- ზეც. სასამართლო სხდომა კი, რომელზეც ეს მოწმე დაიკითხა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაიხურა, ვინაიდან საქმე პირად ცხოვრებას ეხებოდა.

მასალაში ვკითხულობთ, რომ „გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა და მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული მოწმის ჩვენება”. გამოცემამ მკითხველს შესთავაზა ჩვენების ნაწილი, რომელშიც მოწმისა და ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალებზეა საუბარი.

მედიაჩეკერი „კვირის პალიტრის“ რედაქტორს, გიორგი კვიტაშვილს, ესაუბრა, ის ფიქრობს, რომ გამოცემამ ჩვენება ყველა ეთიკური და სამართლებრივი ნორმის დაცვით გამოაქვეყნა: „ამ საქმის მიმართ საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია, მას საუკუნის მკვლელობაც კი უწოდეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის სწორედ ამ ადამიანთან ურთიერთობა იყო მკვლელობის მოტივი. ეს არ იყო დახურულ სხდომაზე მიცემული ჩვენება, ეს იყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, საქმეს არ ედო გრიფით საიდუმლო, შესაბამისად, მისი გამოქვეყნების უფლება გვქონდა და გამოვაქვეყნეთ კიდეც, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენება მნიშვნელოვნად დავარედაქტირეთ, ამოვიღეთ ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო ინტიმურ დეტალებზე და დავტოვეთ მხოლოდ ის, რაც საქმეს ეხებოდა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის, განმარტებით, სამართლებრივად, თუკი საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების არგასაჯაროების ვალდებულება მხარეებს არ აქვთ. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენების გასაჯაროებამ სასამართლო სხდომის დახურვას აზრი დაუკარგა:

„ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ამ მოწმის ჩვენება დახურულ სხდომაზე განიხილეს, ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენება შეიცავდა ისეთ დეტალებს, რისი საჯარო სხდომაზე განხილვა არ შეიძლებოდა. რადგან გამოძიების ეტაპზე ამ პირის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა, სასამართლო სხდომის დახურვამ აზრი დაკარგა”- ამბობს ნესტან ლონდარიძე.

მაგდა პაპიძის საქმის მედიაგაშუქების შესახებ მედიაჩეკერმა მიმოხილვა მოამზადა. მასალაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საკითხების გაშუქებისას არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ინფორმაციის ან ჩვენების გასაჯაროება ჟურნალისტის მხრიდან კანონდარღვევა არ არის, თუმცა კანონის გარდა არსებობს პროფესიული ეთიკაც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაფილტროს ინფორმაცია, რომელსაც საქმის შესახებ წყაროებისგან იღებს ან სასამართლო პროცესზე ისმენს.

„ჩვენ დიდხანს მოგვიწია ბრძოლა იმისთვის, რომ სასამართლო მედისთვის ღია ყოფილიყო. მედია არ უნდა იქცეოდეს ისე, რომ აუდიტორიას არწმუნებდეს, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. ის რაც ახლა ხდება პაპიძის საქმესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით აფუჭებს მდგომარეობას, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით დააზიანებს მთლიან პროცესს. თუ მედიამ ვერ დაინახა ზღვარი, რა არის საზოგადოებისთვის საჭირო და რა არის ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს, ეს საფრთხის შემცველია. გასაგებია, რომ მედიას შეუძლია მოიპოვოს საქმის მასალები, მათ შორის დახურული სხდომიდან, თანაც ისე, რომ წყარო არ გაამჟღავნოს, მას ამ უფლებას არავინ ართმევს, მაგრამ ამგვარი ინფორმაციის მოპოვებას ამართლებს ერთადერთი რამ - საჯარო ინტერესი. ოღონდ, საჯარო ინტერესი არამც და არამც არ ნიშნავს ცნობისმოყვარეობას. მედიას ამ ზღვარის გავლება უჭირს" -ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი.
კატეგორია - ეთიკა
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 11 ივნისს, გადაცემა „არჩევანის“ მიმდინარეობისას, წამყვანის მიერ მოსამართლე გუჯაბიძის მისამართით ნათქვამის გამო „რუსთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანოს მიმართავენ. განმცხადებლების აზრით, წამყვანის სიტყვები „სექსისტური და გენდერის ნიშნით შეურაცხმყოფელი“ იყო.

"შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტი "რუსთავის 2-ის" საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აჰყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც... "

„გიორგი გაბუნიამ,განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებას და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით,უწყინარი და შეუმჩნეველი სექსიზმი აქცევს ქალს მეორეხარისხოვან არსებად. სექსიზმის საკითხის გასარკვევად შემდეგი კითხვის დასმა იქნებოდა მარტივი გამოსავალი: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მამაკაცი რომ ყოფილიყო, გააკეთებდა თუ არა გიორგი გაბუნია იმავე განცხადებას? ამ კითხვაზე მიღებული უარყოფითი პასუხი არის იმის დასტური, რომ გიორგი გაბუნიას ეს განცხადება სწორედ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სქესით იყო განპირობებული“ - ვკითხულობთ საჩივარში.

განმცხადებლები თვითრეგულირების ორგანოსგან წამყვანის განცხადების შეფასებას და სათანადო რეაგირებას ითხოვენ. როგორც ერთ-ერთი განმცხადებელი იდა ბახტურიძე აღნიშნავს, საჩივრის შეტანის ვადა 21 ივნისამდეა, საჩივრის ტექსტზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კატეგორია - ეთიკა
9 ივნისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემაში - “პროფილი” გავიდა სიუჟეტი უსახლკარო წყვილზე. სიუჟეტის გმირები კახაბერ და თამუნა შარბანაშვილები არიან, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ და ღამეს მანქანაში ათევენ.

სტუდიაში სტუმრად მიწვეულ თამუნა შარბანაშვილთან საუბარში “პროფილის” წამყვანი ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპის დამკვიდრებას, რომ მუშაობა და ოჯახის რჩენა მამაკაცის ვალდებულებაა, ქალი მხოლოდ ბინით უზრუნველყოფილ კაცს უნდა გაჰყვეს ცოლად და ორსული ქალის მუშაობა არ შეიძლება.

“სწორად გამიგეთ, რა, გკითხავთ, ახალგაზრდები ხართ, მაგრამ არცთუ ისე პატარები, რომ რაღაც გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიგეღოთ და ასე, ინტერნეტში გაცნობილ უცხო ადამიანს, რომელსაც არც სახლი ჰქონდა, არც კარი ჰქონდა რეალურად, არ იყო მზად ოჯახის შესაქმნელად, ცოლად რატომ გაჰყევით?” - ეკითხება წამყვანი სტუმარს.

დიალოგის ბოლოს კი მაია ასათიანი სტუმარს მეუღლესთან რჩევასაც აბარებს: “მეუღლეს გადაეცით, რომ ხელი გაანძრიოს. ოღონდ მართლა. ასეთი კატეგორიული არ ვარ ხოლმე, მაგრამ 30 წლის კაცს, რომელსაც ძალა ერჩის, ორსული ცოლი მანქანაში არ უნდა ჰყავდეს".
კატეგორია - ეთიკა
ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო, რომელიც მასალებს ერთვოდა, ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სტატიას თან ერთვის იგივე საპროტესტო აქციიდან მეორე ფოტოც.





კატეგორია - ეთიკა
2016 წლის 6 ივნისს საინფორმაციო პორტალმა კვირამ (kvira.ge) გამოაქვეყნა სტატია “ზურაბ ქუმსიაშვილი: ლგბტ პირთა 98 პროცენტი გარყვნილი ცხოვრების წესის მიმდევარია”.სტატია გაზეთ “ასავალ დასავალში” ექიმ-პროფესორის ზურაბ ქუმსიაშვილის ინტერვიუს მიმოიხილავს. მასალა ლგბტ პირების სტიგმატიზებას უწყობს ხელს და მათი ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.

“როგორც პროფესორი აღნიშნავს, ლგბტ პირების 98 პროცენტი გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. მისივე თქმით, ისინი მოსახლეობის ტრადიციებსა და კრედოს ეწინააღმდეგებიან. ისინი სექსუალური ორიენტაციას მორალური ნორმების მიმართ პროტესტის ან მატერიალური დაინტერსების გამო იცვლიან. აღსანიშნავია „მიბაძვის“ მომენტიც”,- აღნიშნულია სტატიაში. მოსაზრებები ფაქტადაა წარმოჩენილი.

ამასთანავე წერილში ლგბტ პირების წინააღმდეგ კანონის ძალით ბრძოლის აუცილებლობაზეა საუბარი, რაც საზოგადოებაში აგრესიას აღვივებს მათ მიმართ. კონკრეტული პირების სექსუალურ ორიენტაციას კი ავტორი დაავადებას უწოდებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, აღნიშნულ პირებს დაავადებებისგან განკურნებაში დაეხმაროს.

“სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ დაავადებულ 2 პროცენტს მაქსიმალურად დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში და შექმნას არასრულფასოვან ადამიანებთან მიდგომის შემწყნარებლური გარემო. რაც შეეხება 98 პროცენტს, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან, უპირისპირდებიან მოსახლეობის ტრადიციებს და მორალურ კრედოს – სახელმწიფო მათ დაუნდობლად უნდა ებრძოლოს შესაბამისი კანონშემოქმედი საქმიანობით და ზნეობრივი ნორმების პროგანდით გააბათილოს მათი უზნეო რიტორიკა”, - ვკითხულობთ წერილში.
კატეგორია - ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 14 აპრილის „პროფილში“, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). საბჭოს განცხადებით ორგანიზაცია "მომავლის სოფელმა" მიმართა.

გადაცემის პირველ ბლოკში მოწვეული იყო ილარიონ სამხარაძე და ნინო სირაძე, რომელთაც სტალინი წმინდანად მიაჩნდათ.

საბჭო განმარტავს: „რესპონდენტების პასუხებით მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ილარიონ სამხარაძეს ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სწორედ ამის ფონზე მოხდა მისი დისკრიმინაცია, მის მიმართ, როგორც წამყვანმა, ისე გადაცემაში მონაწილე სხვა პირებმა გამოიყენეს დამცინავი ტონი, რითიც გაძლიერდა სტიგმა, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანები მუდმივად ვერ აღიქვამენ რეალობას ადეკვატურად და მათი პოზიცია დაცინვის საგანია“.

ხოლო რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, საბჭო აღნიშნავს: "რესპონდენტი ნინო სირაძე წამყვანს ერთ – ერთ კითხვაზე პასუხობს – „მაშინდელი სინოდის დასკვნით: ფსიქიური დაავადებიდან გამომდინარე, ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე გათავისუფლებული იქნეს ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან ხარისხის შენარჩუნებით“, მეორე რესპონდენტმაც, არჩილ ჭყოიძემაც ხაზი გაუსვა, რომ „თავად პიროვნებამ [იგულისხმება ილარიონ სამხარაძე] თვითონ თქვა, რომ ფსიქიურად ვერ იყო კარგად და ამის გამო გამოაგდეს“ და რაც ყველა მნიშვნელოვანია, მიქაელ ბოტკოველი, რომელიც საპატრიარქოს პოზიციას გამოხატავდა ასევე აღნიშნავდა, რომ: „მეუფე ილარიონთან დაკავშირებით, არსებობს ამონაწერი სინოდის სხდომის ოქმიდან, სადაც წმინდა სინოდმა მიიჩნია, რომ ის ავად არის და გაათავისუფლა ის მოქმედი ეპისკოპოსის თანამდებობიდან". საბჭოს მიაჩნია, რომ პირის ჯანმრთელობის შესახებ დადასტურებული ან სავარაუდო ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევას, (პირადი ცხოვრება) ამასთან, არ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი ილარიონ სამხარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ".

გარდა ამისა, განმცხადებელი, “მომავლის სოფელი” მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა სადავო გადაცემაში, გარდა ზემოთ აღნიშნული პრინციპისა, დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) პრინციპი. თუმცა, საბჭომ მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და გადაწყვიტა, რომ მაია ასათიანს არ დაურღვევია პირველი და მესამე პრინციპი.

გადაცემა: http://rustavi2.com/ka/video/14605?v=2
კატეგორია - ეთიკა
7 ივნისს, გერმანული ტაბოლიდის, Bild-ის გვერდზე, კრიმინალის განყოფილებაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციაზე უარს ამბობს”.
კატეგორია - ეთიკა
31 მაისს “კურიერის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი , აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. სიუჟეტის მიხედვით, უცნობმა პირებმა ჯერ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს და მანქანის კაპოტზე ცეკვა განაგრძეს.

წამყვანის თქმით, “რაც შეეხება თეთრი აუდის მარკის მანქანას, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ის მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის”.

სიუჟეტში კი, ჟურნალისტი ამბობს, რომ “გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის, თუმცა ამ ინფორმაციას ძალოვან სტრუქტურაში არ ადასტურებენ”. სიუჟეტიდან არ ჩანდა რა იგულისხმებოდა „გავრცელებულ ინფორმაციაში“, ვინ და როდის გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ მანქანა თალაკვაძეს ეკუთვნოდა.

ჟურნალისტი განმარტავს, რომ “გამოძიების ინფორმაციით, მძღოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეურნეო განყოფილებაში მუშაობდა და ის სამსახურიდან ამ ინციდენტის მერე გაათავისუფლეს”. ეს ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიუჟეტის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 30 მაისს ოფიციალურად გაავრცელა.

სიუჟეტს, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა ფეისბუქის გვერდზე და აღნიშნა, რომ აუდის მარკის თეთრი მანქანა არასდროს ჰყოლია.