„რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ სიმართლე სასამართლოში?“ – „პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლები
12.04.2024
„რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ სიმართლე სასამართლოში?“ – „პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლები
 
 
29 აპრილს ორი წელი გავა მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი და 2 ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა. ცენზურა და ე.წ. შავი სიები „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - ეს ის საკითხებია, რომლებზე საუბარიც ჟურნალისტებმა გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე ხმამაღლა დაიწყეს. 

იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძისა და სოფო ზედელაშვილის გათავისუფლების მიზეზად პირველი არხის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებები“ დაასახელა. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მათი ბრალდებებიც უარყო.
 
ჟურნალისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მალევე მიმართეს. 2022 წლიდან ისინი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, პოზიციაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. 

იმედა დარსალიას საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა და ჟურნალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. დარსალია სამართლებრივ დავას შემდგომ ინსტანციაში განაგრძობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს პირველი სხდომა 19 აპრილს გაიმართება. განხილვის პროცესშია თამთა ჯანაძის საქმეც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი მოსამზადებელი სხდომა მაისშია ჩანიშნული. სოფო ზედელაშვილის საქმის განხილვა კი ჯერაც არ დაწყებულა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მათი მუშაობის გამოცდილებასა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე „მედიაჩეკერი“ „ახალი კვირის“ ჟურნალისტებს ესაუბრა.

ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რედაქცია „პირველი არხის“ მთავარ პროდიუსერთან, ეკატერინე შონიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა კიდევ ერთმა პროდიუსერმა, თამარ გოგესაშვილმა. დაკავშირება ვერ მოხერხდება თინათინ ბერძენიშვილთანაც.
 
საუბარი ცენზურაზე
 
თამთა ჯანაძე გადაცემა „ახალი კვირის“ პოლიტიკური მიმართულების ჟურნალისტი იყო. როგორც ის „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ამბობს, „ცენზურის მწვავე მარწუხები იგრძნობოდა პოლიტიკურ სიუჟეტებთან დაკავშირებით“ .  

მედიაჩეკერის კითხვის საპასუხოდ, პირველად ყველაზე მკაფიოდ ეს როდის იგრძნო, ჯანაძე ამბობს: „მაგალითად 2018 წლის 2 დეკემბერს გასული სიუჟეტი - “გამაფრთხილებელი მანდატი” შემიძლია გავიხსენო. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა და სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პერიოდი იყო. გავაკეთე სიუჟეტი, ჩავაბარე პროდიუსერს, ნინი კინწურაშვილს და მან მითხრა, რომ შემეძლო აღარ დავლოდებოდი გადაცემის დასრულებას და წავსულიყავი სახლში. ზუსტად მახსოვს ის მომენტი, სანაპიროზე ვიყავი, სახლში მივდიოდი მანქანით და ნინი კინწურაშვილმა დამირეკა. მითხრა - სასწრაფოდ დაბრუნდი უკან, ეკას შენს სიუჟეტთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები და შეკითხვები აქვსო.

ვბრუნდები სამსახურში და ვხედავ, რომ სამონტაჟოში ეკა შონია არის შემოსული და ნათია თოიძე (რომელიც ამ დროს „მოამბეში“ მუშაობდა და ჩვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა) და ისინი მემონტაჟეს უთითებენ, კონკრეტულად რა ნაწილი უნდა ამოჭრას ჩემი სიუჟეტიდან. მე როდესაც დავინტერესდი და ვიკითხე, რა ხდება-თქო, მითხრეს, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე და ეს რეპორტაჟი იყო ძალიან დიდი. მითხრეს, რესპოდენტები ერთსა და იმავეს იმეორებენო. ეკა შონია იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პირი, რომელიც ამბობდა, მე მინდა ასე. მე ვთვლი ასე და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
 
მან მითხრა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი აზრი, მითხრა ისიც, რომ დიდი სისულელე გავაკეთე და ამოჭრა სიუჟეტიდან „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ის მონაცემები, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ რამდენი ამომრჩეველი დაკარგა ცხრა წლის განმავლობაში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და ასევე იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად იმდენივე ამომრჩეველი დაკარგა ექვს წელიწადში. ეს მონაცემენი იყო გრაფიკულად ჩასმული სიუჟეტში და ასევე იყო ჩემი ტექსტი, კრიტიკული ტექსტი ხელისუფლებისთვის. გარდა ამისა, სიუჟეტიდან ამოიღეს კოტე ჩოკორაიას, რამაზ საყვარელიძის და ერთ-ერთი სტუდენტი გოგონას სიტყვები, რომლებიც ასევე კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ“.
 
მაშინ, როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მენეჯმენტმა მისი სიუჟეტის შემოკლების მიზეზად დიდი ქრონომეტრაჟი დაასახელა. ჯანაძის თქმით კი, მასალიდან მხოლოდ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შინაარსის მქონე ნაწილები ამოიღო. 

„ამის შემდეგ დრო და დრო იყო ისეთი სიუჟეტები, როცა მეუბნებოდნენ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინტერვიუები, კრიტიკული განწყობები ან შემერბლინებინა, ან საერთოდ ამომეღო. ამასთან დაკავშირებით მიწევდა ხოლმე კამათი“.

თამთა ჯანაძის საქმის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელიც წინა კვირაში გაიმართა, ეკატერინე შონიაც გამოიკითხა. მისი თქმით, საერთოდ ჯანაძის რეპორტაჟების შინაარსი კარგად არ ახსოვს, ჟურნალისტების ბრალდებებზე საპასუხოდ კი მან რამდენჯერმე თქვა, რომ დეტალები არ ახსოვს.
 
თამთა ჯანაძემ გაიხსენა სიუჟეტიც „ჩრდილოვან კაბინეტთან“ დაკავშირებით, რომელიც ეთერში არ გაუშვეს. მისი თქმით, მასალისთვის ნიკა მელია ჩაწერა, რომელმაც, როგორც ჯანაძე აცხადებს, უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა მის ჩაწერას, რადგან ეთერში მაინც არ გააშვებინებდნენ და ასეც მოხდა. 

„მე ვუთხარი, აბა, კვირას საღამოს, 9 საათზე დაგველოდეთ და ვნახოთ ერთი, თუ არ გამაშვებინებენ-თქო. შაბათია, სიუჟეტის მონტაჟი უნდა დავიწყო და ახალი პროდიუსერი - თამარ გოგესაშვილი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი სიუჟეტი აღარ გავა ეთერში“...მე მაშინ ეს გავაპროტესტე და მთავარ პროდიუსერს ვუთხარი, რომ როდესაც მთავარი პოლიტიკური მოვლენის ამოღება ხდება კვირის ანალიტიკური გადაცემიდან, ეს ნიშნავს ორ რაღაცას: არაპროფესიონალიზმს ან ცენზურას და ვუთხარი, თავად აირჩიე ამ ორიდან რომელი ხარ-თქო“.

თამთა ჯანაძემ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგინა ეკატერინე შონიასა და ერთ-ერთ ჟურნალისტის შორის მიმოწერაც, სადაც კოლეგა პროდიუსერს ეკითხება, გააშვებინებენ თუ არა კონკრეტულ სიუჟეტს ეთერში.

ფოტო

როგორც ჯანაძე ამბობს, სასამართლო პროცესზე ამასთან დაკავშირებით კითხვა: თუ ვის გულისხმობდა ჟურნალისტი, ვისთვის უნდა ეთხოვა მას უფლება, რომ რეპორტაჟი ეთერში გაეშვა და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების წარმომადგენელი,   შონიასაც დაუსვა. მან კი უპასუხა, რომ არ იცოდა, ჟურნალისტი ვის გულისხმობდა.

მედიაჩეკერი: თქვენი აზრით, რატომ იცოდა ამ ჟურნალისტმა, რომ “ვიღაც” აკონტროლებდა, რა გადიოდა ეთერში და რა არა. ისიც, რომ პროდიუსერს მასთან უნდა შეეთანხმებინა სადავო სიუჟეტები და რატომ არ იცოდით თქვენ ამის შესახებ? გაგჩენიათ იგივე კითხვა და გიკითხავთ პროდიუსერისთვის?

თამთა ჯანაძე: „რომ არ გვიკითხავს, მაგიტომ არ გვაქვს დღეს სამსახური „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. (იცინის)

ეკა შონიასთან დაკავშირებულ გამოცდილებს გვიზიარებს სოფო ზედელაშვილიც: „მეც მქონია შემთხვევა, როცა ინდივიდუალურად ჩემთან არჩევდა თემას ბავშვების შიმშილთან დაკავშირებით, მაგალითად. ეს თემა განსაკუთრებით არ მოეწონა, არ შიმშილობენ ბავშვები საქართველოშიო - ეს იყო მისი პასუხი. სხვადასხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ ჟურნალისტებთან. მე აზრადაც არ მომივიდოდა მეკითხა, ამას გაგვაშვებინებენ თუ არა-თქო. მე ჩემს თემაზე ვამტკიცებდი, რომ პრობლემური იყო და საჭირო“. 

ზედელაშვილმა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორი რეაქცია მოჰყვა თამთა ჯანაძის ფეისბუქ სტატუსს, რომელიც მან 2021 წლის 11 ნოემბერს მიხელ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ საკუთარ გვერდზე დაწერა. 

„უცბად დაგვიბარა[შონიამ], შემოდით ოთახშიო, ასე იცოდა ხოლმე…უმეტესობას თამთას სტატუსი ნანახი არ გვქონდა და გვეკითხება, თუ ნახეთ თამთა ჯანაძის სტატუსიო, ესე დაწერა ეს ხელისუფლება უნდა წავიდესო, თამთა ჯანაძე პოლიტიკაზე სიუჟეტს აღარ გააკეთებსო“.

როგორც ჯანაძე იხსენებს, ის სამი კვირის განმავლობაში მართლაც სიუჟეტის გარეშე იყო: „მთავაზობდნენ მსუბუქ თემებს და მე უარს ვამბობდი, ვეუბნებოდი არ არის ჩემი თემა-თქო. სამი კვირა ვიყავი უსაქმოდ და შემდეგ გიორგი გვიმრაძის გადაწყვეტილებით, მომცეს პოლიტიკური სიუჟეტი. ის ხანდახან ესწრებოდა ხოლმე თემების გადანაწილების დროს და მისი გადაწყვეტილებით მომცეს პოლიტიკური სიუჟეტი. ეკა შონია არ შეწინააღმდეგებია. ეკა შონიამ მომწერა კიდეც სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსთან დაკავშირებით. ამის მტკიცებულებაც (სქრინიც) არსებობს. მწერდა, გულშემატკივრის როლიდან შენი საუბარი შენთვის შეინახე. მიშას გულშემატკივარი თუ ხარ, გულში დაიმარხეო“.
 
 
სოფო ზედელაშვილი: „ეს ამბავი და პოლიტიკიდან ჩამოშორება, თითქოს, ამით დამთავრდა, გიორგი გვიმრაძემ რომ დაავალა თამთას, სიუჟეტი გააკეთე ამ თემაზეო, თუმცა, ამის შემდეგ მაინც უჭირდა ხოლმე თამთას, რადგან [თამარ]გოგესაშვილი ითავსებდა ძირითადად პოლიტიკის თემებს და ცდილობდნენ, თამთა საზოგადოებრივ თემებზე გადაერთოთ“.

იმედა დარსალია: „პოლიტიკის წამყვან ჟურნალისტს ანალიტიკურ გადაცემა “ახალ კვირაში” სიუჟეტი უნდა მოემზადებინა ბორდიურების პრობლემაზე ქალაქში. ეს რომ გავიგე ჭკუიდან გადავედი. ვუთხარი, ხალხო, თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ, რას კადრულობთ-თქო“.

„მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში თამთა ჯანაძემ უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა არგუმენტს, რომ „პირველი არხიდან“ წასული ჟურნალისტები სამსახურს ძირითადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებში იწყებენ და მათი გათავისუფლების მიზეზიც, შესაძლოა, ოპოზიციისადმი ლოიალობა და არაობიექტურობა იყოს. ჯანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ წასვლის შემდეგ შექმნილი ის ფინანსური და ოჯახური პრობლემები გაიხსენა, რაც მისმა უმუშევრობამ გამოიწვია. 
 
 
თამთა ჯანაძე: „მე შემიძლია ვთქვა, როგორ დაზარალდა ჩემი ოჯახი, როცა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გამომიშვეს… ის არგუმენტი რომ ეს მოლაპარაკებული იყო კრიტიკულ ტელევიზიასთან და აღარ ვიყავი ობიექტური, არარელევანტური ხდება, რადგან მე მთელი ერთი წელი ვიყავი უმუშევარი. ჩემი ქმარი ემიგრაციიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ მე სამსახური დავკარგე და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, ჩემი ქმარი იძულებული გახდა ისევ ემიგრაციაში წასულიყო. მე კი ჩემს შვილებთან ერთად აღმოვჩნდი აბსოლუტურად მარტო.  ზუსტად ვიცოდი, რა პრობლემები შეიძლება შექმნოდა ჩემს ოჯახს ჩემი სამსახურიდან წამოსვლით, თუმცა, ახლაც იმავეს გავაკეთებდი. იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა დისკომფორტი არ შეიქმნეს, სინდისის სასარგებლოდ, მართლა არასდროს არაფერი გვეშველება. ცოტა იდეალისტურად კი ჩანს, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ იდეალისტი ვარ, იდიოტი - არა და გადასარევად მქონდა გაცნობიერებული, რა ბრძოლაშიც შევდიოდი“.

„ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში სიუჟეტი - „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია“ გაიხსენა. როგორც დარსალია ამბობს, მასზე ჟურნალისტი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, ეთერში გასვლა კი ბევრჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, გადაიდო. სიუჟეტის გადაცემაში მოხვედრიდან 1 თვის შემდეგ კი „ახალი კვირა“ დაიხურა.

„მუქარები წამოვიდა ჩვენ მიმართ. მუქარები ჩვენ მიმართ წამოვიდა იმავე ღამეს, როცა “ალტ ინფოზე” სიუჟეტი გავუშვით ეთერში. “ალტ ინფოს” ლიდერებმა ფეისბუქზე დაწერეს და ზუსტად ერთ თვეში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ზუსტად აასრულა ეს მუქარები. მუქარები იყო შემდეგი: გაგვაქრობდნენ ჩვენი პროფესიიდან და დახურავდნენ გადაცემას, ერთიც და მეორეც შეასრულეს. მეტი რა უნდა გაეკეთებინათ? ხო არ მოგვკლავდნენ?“

„მედიაჩეკერის“ კითხვაზე - უკავშირებს თუ არა “ალტ ინფოზე” სიუჟეტის ეთერში გასვლას და გადაცემის დახურვას ერთმანეთს, დარსალია ამბობს: „ჩვენ ვყვებით ფაქტებს. ეს დამთხვევაა თუ რეალობა მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი. “ალტ ინფოს” ლიდერები, რომლებზეც ჩვენ რეპორტაჟი მოვამზადეთ და ეს იყო ძალიან სერიოზული სიუჟეტი, იმავე ღამეს დაგვემუქრნენ და ზუსტად ერთ თვეში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დახურა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაცემა. სწორედ ის გადაცემა, სადაც “ალტ ინფოზე” რეპორტაჟი გავიდა და თან ზუსტად ის გააკეთეს, რასაც “ალტ ინფოს” ლიდერები გვპირდებოდნენ“.

სოფო ზედელაშვილის თქმით, კი „ძალიან ცუდად დაემთხვა. რთულია პირდაპირი კავშირის დამტკიცება, თუმცა ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა“.

შეგახსენებთ, რომ სიუჟეტის ავტორი, ქეთი თუთბერიძე 2021 წლის 24 დეკემბერს „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ გამართულ აქციაზე თავდასხმის ობიექტი გახდა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ - „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ აღნიშნა, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა „ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია“ სახელდება. ორგანიზაციის განცხადებით, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეს შეიცავდა. 
 
 
კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციაზე
 
თამთა ჯანაძე: „გვეუბნებიან, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეპუტაციას შევეხეთ და როცა შიგნით ვიყავით, ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით. რეალურად ეს ასე არ იყო. ჩვენ ვიბრძოდით ყველა შესაძლო ხერხით“.

ჟურნალისტები „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში „ახალი კვირის“ წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. გადაცემის ფორმატის ცვლილებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დარსალიამ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ დაიგეგმა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენზურას ეწინააღმდეგებოდა. მან პირველად ახსენა ე.წ. შავი სიებიც. ეს განცხადება მალავე დაადასტურეს თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა.

თამთა ჯანაძე იხსენებს, რომ მათ გადაწყვეტილებას წინ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ გამართული თათბირი უძღვოდა, რომელიც გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა მოიწვია. 

თამთა ჯანაძე: „“ახალი კვირის” ჟურნალისტები ვიყავით და შემოიყვანა ეკა შონია, რომელთანაც უშუალოდ გვქონდა პრეტენზიები. ჯერ გაუგებარი იყო მისი ჩვენთან შემოყვანა, რადგან როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი იგებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი არის ცენზორის როლში, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაპირისპირება რომ თავიდან აირიდო, ჯერ უნდა დაელაპარაკო ერთ მხარეს, შემდეგ - მეორე მხარეს და თუ სიმართლის გარკვევა არის მიზანი, სწორედ ასე გაარკვევს. თუმცა, ასე არ მოიქცა. მოიწვია თათბირი, შემოიყვანა გიორგი გვიმრაძე, ეკა შონია,  გადაცემის ყველა თანამშრომელი და მოგვიწყო სასამართლო პროცესი“.

როგორ იხსენებენ ჟურნალისტები თათბირს
 
სოფო ზედელაშვილი: „აბა რაშია ცენზურა, მომიყევით, დაახლოებით ეს ფორმა ჰქონდა ამ თათბირს“.
 
იმედა დარსალია: „ამ დროს მან ყველა დეტალი იცოდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე მე ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით“.
 
თამთა ჯანაძე: „თათბირზე გვითხრა, რომ ამ გადაცემამ უკვე თავი მოაბეზრა. გვეკითხებოდა, რა პრეტენზიები გვქონდა, რაში იყო პრობლემა. აბა, კარგად ამიხსენითო, ამბობდა. მე მართლა ვცადე ამეხსნა, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი სიტუაცია იყო. სიმართლის გარკვევა არავის არ უნდოდა. არავის აინტერესებდა. ეს იყო კომუნისტური თათბირი “ვინ გვარცხვენს?!” მისი მიზანი იყო ჩვენთვის თითის დაქნევა“.
 
სოფო ზედელაშვილი: „თამთამ დაიწყო მოყოლა, ეკა აწყვეტინებდა და აი ასე მიდიოდა თათბირი“.
 
თამთა ჯანაძე: „მე ვუთხარი, რომ ტყუილად ვიყავით, რადგან გადაცემა გაჩერდა, ჩვენ მიგვამაგრეს “მოამბეს”, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს და ჩვენ უბრალოდ არაფერს ვაკეთებდით და ეს იყო შემაწუხებელი ჩვენთვის. ამის საპასუხოდ კი მივიღე: აა, არ მოგწონთ დასვენება? არ გინდათ დასვენება? დაიღალეთ? დაგასაქმებთ…არც შვებულება გექნებათ, არც ზაფხულში გაგიშვებთ არსად…ესე ძალიან გინდათ მუშაობა?. აი ასე ცინიკურად გვპასუხობდა თინა ბერძენიშვილი. იმდენად არაჯანსაღი სიტუაცია და დამოკიდებულება იყო, ერთ-ერთი ჟურნალისტი ცუდად გახდა. პანიკური შეტევა დაეწყო და გავიდა თათბირიდან“.
 
იმედა დარსალია: „თინათინ ბერძენიშვილი ტიპური ცენზორია“.
 
ხმამაღლა საუბრის გადაწყვეტილება
 
როგორც თამთა ჯანაძე იხსენებს, ამ თათბირიდან გამოსვლის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ: „მაყურებელი, რომლის წინაშეც ჩვენ თავს ვალდებულებად ვთვლიდით, ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, რა ხდებოდა რეალურად „საზოგადოებრივ მაუწყებელში“.

სოფო ზედელაშვილი: „ერთ დღეში თუ ორ დღეში მე და თამთამ იმედას ნაამბობი დავადასტურეთ ჩვენი წერილობითი განცხადებით. იმ დღეს, უფრო სწორედ ღამეს, ეკა შონიამ  ღამის პირველ საათზე მოაწყო თათბირი, დაიბარა ჟურნალისტები და მოსთხოვა ხელი მოეწერათ საბუთზე, სადაც ადასტურებდნენ, რომ გადაცემაში ცენზურა არ ყოფილა და ჩვენი ნათქვამი ტყუილი იყო. ორი ჟურნალისტი იყო მხოლოდ, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს. ისინი ჩვენ არ შემოგვიერთდნენ, თუმცა, არც ხელი  მოაწერეს. ერთი გიორგი მანჯავიძე იყო და მეორე ქეთი თუთბერიძე“.
 
უკვე 19 თებერვალს „პირველი არხის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა გადაცემა „ახალი კვირის“ განცხადება, სადაც ჟურნალისტები გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ განცხადების გამოქვეყნების დროდ 00 სათი და 42 წუთია მითითებული. 

 
იმედა დარსალია: „ამის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს. იმ ორი განცხადების შემდეგ, ერთი თვის მერე გაახსენდათ, რომ კომისია უნდა შეექმნათ და კომისიის გარეშე არ შეიძლებოდა ჩვენი დადანაშაულება. ჯერ ხომ კომისიას უნდა გამოეკვლია, რა და როგორ მოხდა. ეს გვიან გაახსენდათ, მიხვდნენ, რომ სისულელე გააკეთეს. კომისია რას დაწერდა, ყველამ კარგად ვიცით და ზუსტად სიტყვასიტყვით გაიმეორეს სასამართლოზე“.

სოფო ზედელაშვილი: „ისე გვიმეორებდნენ რეპუტაცია, რეპუტაციაო, თითქოს, ჟურნალისტისთვის სიმართლეზე მაღალი ღირებულება რამე იყოს“.
 
სამუშაო გარემო ცენზურაზე ხმამაღლა საუბრის შემდეგ
 
ჟურნალისტები „მედიაჩეკერთან“ იმ გარემოზეც საუბრობენ, თუ რა პირობებში უწევდათ მაშ მუშაობა თებერვალში გაკეთებული განცხადებებიდან აპრილამდე, როდესაც ისინი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

სოფო ზედელაშვილი: „სანამ სამსახურიდან გაგვიშვებდნენ, ერთი თვე დავდიოდით. ამ პერიოდში საერთოდ არ გვაძლევდნენ საქმეს. არ გვავალებდნენ სიუჟეტებს. ვიღაცეები თავს გვესხმოდნენ კივილით“. 

თამთა ჯანაძე: „იმიტომ დავდიოდით, რომ არ ეთქვათ დისციპლინის დარღვევისთვის გაგათავისუფლეთო. ვინც ჩვენთან ერთად იყო, მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ: ყველას, ვინც ბუფეტში ჩვენს მაგიდასთან დაჯდებოდა, ვინც მოგვესალმებოდა, ვინც მოგვიკითხავდა. ძალიან სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი...ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა მოგვაძახებდნენ, როგორ არ გრცხვენიათ! ხან დერეფანში გვეძახდნენ. ხან ბუფეტში. ხან ოთახში გვივარდებოდნენ. იყო საქმის გარჩევები...გვამუნათებდნენ. რეალურად გულის სიღრმეში ხომ ყველამ იცოდა, რომ ეს სიმართლეა. ხომ ყველამ იცის რომ სიმართლეს ვამბობთ და სიმართლისთვის ვიბრძვით. ხომ ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლების გავლენები „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ აშკარაა“.
 
სოფო ზედელაშვილი: „სანიმუშოდ დაგვსაჯეს ამით. აჩვენეს ყველას, რომ თუ ვინმე კიდევ გაბედავს, რამე ხმამაღლა თქვას, აი რას ვუზამთ“.
ჟურნალისტებმა სასამართლოს ორივე ინსტანციაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასეს და ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნის იმედი გამოთქვეს. 
 
თამთა ჯანაძე: „როცა წამყვანი და ოთხი წამყვანი ჟურნალისტი ამბობს ერთსა და იმავეს. როდესაც არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, თუნდაც მიმოწერის ფოტოსურათები. როცა არსებობს დაჩეხილი რეპორტაჟები, აი რა არის კიდევ საჭირო, რომ სასამართლომ ცენზურა დაინახოს. ცენზორი ხომ არასდროს  იტყვის, რომ ცენზორია? ცენზურა ყოველთვის ან რედაქტირებით, ან სამუშაო პროცესით ან ქრონომეტრაჟით იფუთება. რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ დაინახონ სიმართლე სასამართლოში?“
 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი თანამშრომლების თქმით, ძალიან გაუხარდებათ, თუ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა არ დასჭირდებათ.

თამთა ჯანაძე: „ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ცენზურის ფაქტი დაადასტუროს სასამართლომ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. შესაბამისად, მათ ხელთ არსებულ ყველა რესურს გამოიყენებს იმისთვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იყოს ისეთი, როგორიც მათ აწყობთ. თუმცა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. თუ არ ვიბრძოლეთ, ბრძოლის გარეშე არაფერი გვეშველება. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი შვილები არ გაიქცნენ და აქ იცხოვრონ. ამიტომ მზად ვარ, მე შევიქმნა დისკომფორტი, იმისათვის რომ შემდეგ ჩემს შვილებს არ ჰქონდეთ დისკომფორტი“. 
 
 
 
ავტორი: ანი არველაძე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ