საქართველო
კატეგორია - საქართველო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

ქარტიის განმარტებით, „ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ“.

28 ივლისს, დილით ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ნაციონალურ დევიზს სიტყვა პრაიდი დაამატა“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წინა დღეს, 27 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტვიტი: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სიამაყე.“ „იმედმა“ კი ფრანგული სიტყვა Fierté, ინგლისურად - Pride, რაც „სიამაყეს“ ნიშნავს, „პრაიდად“ თარგმნა და დაწერა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი““.

იმის მაგივრად, რომ ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაცია შესწორების სტანდარტის მიხედვით გაესწორებინა, „იმედმა“  შესაბამისი პოსტი მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალა. 


რას გულისხმობს შესწორების სტანდარტი მედიაში

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ სახელმძღვანელო წესების მიხედვით, შესწორების სტანდარტის დარღვევად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც დასტურდება, რომ მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციამ სწორი ინფორმაცია მიიღო, თუმცა, ის არ შეასწორა.

  • აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორ
  • სასურველია შეცდომაზე ერთ რედაქტორთან ანდა ჟურნალისტთან ერთად პასუხისმგებლობას რედაქციამაც აიღოს. თუ შესაძლებელია, ახსენით შეცდომის გამომწვევი მიზეზიც.
  • მასალა უნდა შესწორდეს გონივრულ ვადაში, გონივრული ვადა განისაზღვრება მედიის ტიპის, აუდიტორიის მოცულობის, შესაბამისად ინდივიდუალურად, კონტექსტის გათვალისწინებით.

რაც შეეხება გამოქვეყნებული მასალის წაშლას, ონლაინ მედიისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წესების მიხედვით, სასურველია რედაქციამ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახსნას.

  • მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს. მაგალითად მაშინ, როდესაც საჯარო ინტერესის არარსებობის შემთხვევაში ის ზიანს აყენებს, ლახავს სხვათა უფლებებს და განსაკუთრებით უხეშად არღვევს ეთიკურ სტანდარტებს
  • მასალა შესწორების ნაცვლად როგორც წესი, მაშინ შეიძლება წაიშალოს, როდესაც მხოლოდ თქვენ ხართ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთადერთი ღია წყარო. თუკი ინფორმაცია სხვების მიერაც არის გავრცელებული, მაშინ ჩამოხსნის ნაცვლად იმავე ბმულზე შესწორება სჯობს

შესწორების სტანდარტის გამოყენების ნაცვლად, რატომ წაშალა „იმედმა“ ემანუელ მაკრონის სიტყვებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაცია, „მედიაჩეკერი“ ტელეკომპანიასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებას ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ. 

„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის შეფასებით, ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია.

„ეს არის „იმედისა“ და სახელისუფლებო მედიის ინტერპრეტაცია და სამწუხაროა, რომ აი ამ ხელისუფლების პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომელიც ცდილობს, ვთქვათ, დასავლეთი მხოლოდ ამ თემატიკასთან გააიგივოს, ჩართული არის მედიაც. თვითონ ჩასწორების ფორმაც არ გულისხმობს მკითხველთან აგარიშვალდებულებას იმიტომ, რომ მედიამ თუ დაუშვა შეცდომა, მან ამის შესახებ აუდიტორიის ინფორმირებაც უნდა მოახდინოს,“ - ამბობს კინწურაშვილი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებთან დაკავშირებით ანალოგიური შინაარსის მასალა გუშინ, დილით გამოაქვეყნა ტელეკომპანია POSTV-მაც.

„მაკრონის მიერ შეცვლილი ფრანგული ნაციონალური დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, „პრაიდი““ - ვკითხულობთ „POSTV - ახალი ამბებისა“ და „POSTV - ანალიტიკას“ ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ ქარდზე. 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია POSTV-ის 52 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. ტელეკომპანიას „ხალხის ძალის“ მხარდაჭერა ღიად აქვს გაცხადებული.

კატეგორია - საქართველო


ფოტო: International Journalists' Network

შოვის ტრაგედია ის შემთხვევაა, რომელსაც გიორგი ლაფერაშვილი "მედიაჩეკერთან" ჟურნალისტების პროფესიულ სტრესსა და მასთან გამკლავების გზებზე საუბრის დროს იხსენებს. "ფორმულას" პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერის თქმით, სტიქიის ადგილიდან რამდენიმედღიანი გადაბმული მუშაობის შედეგად ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფებმა საკმაოდ სერიოზული სტრესი მიიღეს. ლაფერაშვილის განმარტებით ის, რაც მაშინ კომპანიამ შეძლო თანამშრომლებისთვის დასასვენებელი საგზურების მობილიზება იყო, რომ "ცოტა ამოესუნთქათ". 

"მართლა ძალიან დიდი სტრესი მიიღეს, რამდენიმეს ვურჩიეთ კიდეც, რომ ცოტა უფრო სერიოზული დახმარებისთვისაც მიემართა, მაგრამ ასე ვთქვათ, პირადი რჩევის დონეზე". 

2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირიც. 

"არ არის ლაპარაკი მარტო ომზე, კატასტროფებზე, ბუნებრივ კატაკლიზმებზე და ა.შ. ნებისმიერი დღე, ნებისმიერი შემდეგი დავალება, თუნდაც 1 მკვლელობა და მისი გაშუქება შეიძლება ტრიგერი გახდეს ძალიან დიდი ტრავმის, რომელსაც ჟურნალისტი ყოველდღიურად იღებს დამატებით იმ სტრესისგან, რაც ამ საქმეს ისედაც თან ახლავს. 

სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან ეს პრაქტიკა, რომ ამაზე ჟურნალისტები ღიად ლაპარაკობდნენ. რედაქციის ჩარევა როგორც წესი, იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე,  თუ ფიზიკურ ტრავმასთან გვაქვს საქმე და რედაქცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი რეპორტიორები ფიზიკური ტრავმებისგან დაიცვას. მაგრამ რაც შეეხება ამ ფსიქოლოგიურ მომენტებს, აქ ძირითადად მედიამენეჯერების ან კეთილსინდისირებაზე ან გამოცდილებასა და დაკვირვებაზე ვართ მინდობილი, როცა ან თვითონ ხვდებიან ამის საჭიროებას და თვითონ ცდილობენ ამ ტიპის პრობლემები მოაგვარონ ან საუბრით ან გადაამისამართებენ ხოლმე ვინმე ნაცნობთან თუ ასეთი არსებობს. ამის კონკრეტული მაგალითებიც ვიცი, მაგრამ ამას როგორც წესი, პრაქტიკის სახე არ აქვს" - ამბობს გიორგი ლაფერაშვილი.

რატი მუჯირი ერთ-ერთი ის ჟურნალისტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს აშუქებდა, რამდენჯერმე იყო ავღანეთშიც, უკრაინაშიც და დღემდე აქტიურად აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს. მუჯირის პროფესიული გამოცდილება აერთიანებს არაერთი ისეთი საპროტესტო აქციის გაშუქებას, სადაც გამოცდილი აქვს: რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, დაკავება.

რატი ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულაში“, გადაცემა „დროებისთვის“ მუშაობს. როგორც ის "მედიაჩეკერთან" საუბრისას აღნიშნავს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გაშუქება იყო, რადგან როდესაც ომი შენს ქვეყანაშია, ამ დროს ოჯახზე, შენს ახლობლებსა და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრობ, ასეთ დროს კი რთულია დარჩე ობიექტურ და ნეიტრალურ ჟურნალისტად. 

„ჟურნალისტები ადამიანები არიან. ნებისმიერი სტრესული გარემო მათზეც ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერ სხვაზე. შეიძლება, ჩვენ რაღაცები წინასწარ ვიცით და ვემზადებით, მაგრამ მაინც მოქმედებს. ამ გამოცდილებამ, რა თქმა უნდა,  ჩემზეც იმოქმედა. ალბათ, სტრესულ გარემოსთან  უფრო შემგუებელი გამხადა, ემოციური ნაწილი გაცილებით დაბალ ნიშნულზე ჩამოიყვანა და უფრო პრაგმატული გავხდი", - ჰყვება მუჯირი.

კითხვაზე - როგორ უმკლავდება პროფესიული საქმიანობიდან გამოწვეულ სტრესს, ჟურნალისტის პასუხი ასეთია: „ვცდილობ, არ ვიფიქრო ამაზე, რამდენად გამომდის, არ ვიცი. ცალსახა პასუხი არ მაქვს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ“.

რატის ფსიქოლოგისთვის არასდროს მიუმართავს და ამას, მისი თქმით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. თუმცა, როგორც მუჯირი აღნიშნავს, შეუძლებელია სენსიტიური და გავლენის მომხდენი საკითხების გაშუქების შემდეგ ჟურნალისტს მენტალური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება არ დასჭირდეს.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში - "მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები"   ერს, რომ ჟურნალისტი თავის პრაქტიკაში ხშირად ხვდება სიტუაციებს, რომელიც როგორც მის, ასევე მისი რესპონდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. 

"ის ხომ პირველი მიდის ამა თუ იმ მოვლენის ეპიცენტრში, რათა გააშუქოს - ახალ ამბად ან სხვა ფორმატის სიუჟეტად მოუყვეს მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს. თუ გასაშუქებელი მოვლენა ბუნებრივი კატასტროფა (წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი თუ სხვა), უბედური შემთხვევა (მაგ., სახმელეთო ავარია) ან ძალადობაა (ფემიციდი, ჰომიციდი და ა.შ.) - ის, ფაქტობრივად, იმ პროფესიების წარმომადგენლებს შორისაა, ვინც ადამიანურ ტრაგედიებს პირველი ეგებება/ხვდება. იგი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ცდილობს სიტუაციაში გარკვევას, მის ასახვას, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის, ან სულაც სიცოცხლის ფასად". 



როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ძალადობის, ჰომიციდის, ფემიციდის, სტიქიური უბედურების, ომის, პანდემიის და ადამიანურ ტკივილთან დაკავშირებული სხვა სიუჟეტების გაშუქება ჟურნალისტის ტრავმირების რისკს შეიცავს. ამიტომ  სტრესის თვალსაზრისით, ჟურნალისტები მაღალი რისკის პროფესიებს მიეკუთვნებიან. ამავე დროს, როგორც ჯავახიშვილი სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, სტრესზე ადამიანების (და შესაბამისად, ჟურნალისტების) ყველაზე გავრცელებული რეაქცია მის მიმართ მედეგობაა. 

„ის სხვადასხვა ადამიანის მეტ-ნაკლებად აქვს გამოხატული. მედეგობის გაძლიერებასა და შესაბამისად, პროფესიული სტრესის პრევენციაზე ზრუნვა კი შესაძლებელია“. 

პროფესიული სტრესსა და მედია ორგანიზაციებისთვის მისი პრევენციის გზებზე საუბარს სახელმძღვანელოში ცალკე თავი ეთმობა. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან ორ ფაქტორს უთმობს, როგორიცაა: ჟურნალისტების მომზადებაზე ზრუნვა და მადლიერების კულტურა ორგანიზაციაში. წიგნში დეტალურადაა განხილული სტრესთან გამკლავების სტრატეგიები და ფსიქოლოგიური სავარჯიშოები. 

 

 

ჯანა ჯავახიშვილი ჩართულია „დოიჩე ველე აკადემიის“ ახალ პროექტშიც - „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“, რომელიც მედია პროფესიონალებს სამსახურებრივ სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს. 

ჯავახიშვილის თქმით, მედიაორგანიზაციებში ორგანიზაციული პოლიტიკა, სტრატეგიები სტრესსა და ტრავმაზე ინფორმირებული უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ნაკლებია რისკის ფაქტორი, რომ ჟურნალისტი "გადაიწვას". 

"გავაძლიერეთ კიდევ ეს მუშაობა, იმიტომ რომ რთულ, მტრულ გარემოში უწევთ ჩვენს ჟურნალისტებს მუშაობა. მტრულია გარემო იმიტომ, რომ რაღაცნაირად უცებ დამნაშავე ჟურნალისტი გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ გააშუქა, იმიტომ რომ ფარდა ახადა, სიმართლე გამოამჟღავნა. მოკლედ, ძალიან ხილვადია ჟურნალისტი და ამიტომ ადვილი თავდასხმის ობიექტი გახდა.

საზოგადოებაში, რომელიც ფრაგმენტირებულია და ძალადობის მუხტი მაღალია, ჟურნალისტი ერთ-ერთი პირველი ეშელონია, რომელიც ამ დარტყმებს სრულიად დაუმსახურებლად იღებს".

ფსიქოლოგი "მედიაჩეკერთან" საუბრისას ყურადღებას მოახლოებულ არჩევნეზეც [26 ოქტომბერი] ამახვილებს და ამბობს, რომ  მშვიდი საარჩევნო პერიოდი ჩვენ არასოდეს არ გვაქვს.

"საარჩევნო ბრძოლა, სამწუხაროდ, არ არის იმდენად ცივილიზებული, როგორც სასურველია, რომ იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში და ეხლა  მითუმეტეს, ძალადობა წინასაარჩევნოდ ძალიან ადრე დაიწყო…პირობები, რომელშიც მუშაობენ [მედიის წარმომადგენლები] უაღრესად რთულია და წინასაარჩევნოდ ეს კიდე უფრო მეტად დაიძაბება და ამის ინდიკატორები ჩვენ ვნახეთ ხალხის ცემის, დარეკვის და გინების და ა.შ. სახით და ამიტომ საჭიროა, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ საკუთარ თავზე იზრუნონ". 

პროექტი - „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებისთვის“ სამ კომპონენტს მოიცავს:

  • საინფორმაციო მასალების მიწოდება მედიის წარმომადგენლებისთვის, რათა უკეთ გაუმკლავდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს;
  • სამუშაო შეხვედრები სტრესმედეგობის გაძლიერების მიზნით ჟურნალისტებისთვის, ვიდეო/ფოტოგრაფებისთვის, ციფრულ/გრაფიკულ კონტენტზე პასუხისმგებელი პირებისთვის, მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის;
  •  ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტირება ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

„დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის მენეჯერის, ნინო გოგოლაშვილის თქმით, აკადემია გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, "დოიჩე ველეს" განუყოფელი ნაწილია და ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მედიის და მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტს, გოგოლაშვილის განმარტებით, მისი საჭიროება ჟურნალისტებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა. 

"ეს იყო ზუსტად ერთ-ერთი ამ ფოკუს ჯგუფების შეხვედრის დროს გამოკვეთილი პრიორიტეტი…ჟურნალისტები ყოველდღიურად  საკმაოდ სტრესულ გარემოში მუშაობენ და ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა".

პროექტი პარტნიორ ორგანიზაციასთან, "ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება. 

მედიის წარმომადგენლებისთვის სამსახურებრივ სტრესთან გამკლავების საკითხზე სამუშაო შეხვედრები 30 და 31 ივლისს გაიმართება და მას ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გაუძღვება.
კატეგორია - საქართველო



"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისის მერის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს.

2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა. თბილისის მერი წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ ამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ალბათ, ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნა და ისინი ვალდებულები არიან, მოცემული გადაწყვეტილება შეასრულონ. გადაწყვეტილების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას…

ჩვენ ამ თანხას ვითხოვთ და იმედია, იძულებითი აღსრულება არ დაგვჭირდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა არ იქნება გადახდილი, ბუნებრივია, დაიწყება იძულებითი აღსრულება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საბანკო ანგარიშები დაყადაღება. შემდეგი ნაბიჯი იქნება ქონების დაყადაღება და თუ არ აღსრულდა სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის გამორიცხული, ხელმძღვანელი პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც არის გათვალისწინებული სააღსრულებო კანონით", - დიმიტრი გაბუნიას ამ კომენტარს "ტვ პირველი" ავრცელებს. 

"ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან. 

"ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას.

აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება - "მამულაშვილის ქეისი".

რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს ქონება მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა, დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც "წავაგეთ". დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა.

რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება. მაგალითად, მიკროფონი, კამერა, სკამი,  კომპიუტერი,  გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს", - წერს მელაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

კატეგორია - საქართველო


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. 

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ,  მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.  ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეო კამერა და  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის 26 ივლისს, სოფელ სუფსაში მცხოვრები მოქალაქეები ვ.ი. და ა.ი. ,სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

 

ასევე ნახეთ  "გურიის ბიუროს ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ", - "მთავარი არხი" 

კატეგორია - საქართველო


გადაცემა "აკუსტიკის" წამყვანის მებო ნუცუბიძის განცხადებით, ის და მისი თანაწამყვანი, მაკო მჭედლიშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" გაათავისუფლეს.


როგორც ნუცუბიძე სოციალურ ქსელში წერს, ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.

"9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.

სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.

გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა.

ასე გადაწყდა - ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.

მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს.

ჩემი პირადი მადლობა თითოეულ მუსიკოსს, ვის გარეშეც აკუსტიკა ვერ იქნებოდა ასეთი კარგი და საინტერესო.

და მადლობა მაკოს: მის გვერდით, ამ 6 წლის განმავლობაში, უკეთეს ადამიანად და უკეთეს პროფესიონალად ვიქეცი.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დანაპირებს მაინც შევასრულებთ და ძალიან მალე ისევ შევხვდებით სხვა სივრცეში, სხვა პლატფორმაზე და სხვა სახელით.

და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით. დროებით".

"მედიაჩეკერი" "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებასაც ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

 
კატეგორია - საქართველო



,,ტვ მონიტორინგის“ განცხადებით, გორი-თბილისის მიკროავტობუსებთან დაკავშირებით მომზადებული მასალის გამო მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  

"გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  შემთხვევა დღეს დილით თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი".

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის მონაწილე პირები გასაუბრებაზე უწყებაში არიან დაბარებულები.

შოთიკო სადაღაშვილისა და ბექა პირველის მიერ მომზადებული მასალა ,,ტვ მონიტორინგის“ ეთერში,  23 ივლისს გავიდა.

 
კატეგორია - საქართველო



"მთავარი არხის" განცხადებით, ტელეკომპანიის გურიის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ სუფსაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ოცნების" ტიტუშკები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ჩვენი არხის ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა. დააზიანეს "მთავარი არხის" კუთვნილი ტექნიკაც. ადგილზე სასწრაფო დამხარება გამოიძახეს", - წერს "მთავარი არხი".

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საქმეში მონაწილე პირები დაბარებულები ბათუმის ოფისში არიან.

 
კატეგორია - საქართველო


"მედიის ადვოკატირების კოალიცია" სასამართლო პროცესებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით "ტელეკომპანია პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ გუშინ, 22 ივლისს ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე  უშვებს.

"მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას. 

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. 

სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები", - ვკითხულობთ "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებაში.  

 
კატეგორია - საქართველო

 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ავგან სადიგოვს სამართალდამცველებმა თბილისიდან თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა გაავრცელა


გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტი თურქეთში მიემგზავრებოდა, თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია, რადგან მის პასპორტს პრობლემა აქვს. სადიგოვი ამას ილჰამ ალიევის მორიგ პოლიტიკური დაკვეთად აფასებს.

ამ ფაქტს სადიგოვის კოლეგა, რამდენიმე წლის წინ თბილისიდან გატაცებული ავგან მუხთარლიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით დააკავებენ.

„საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაკავება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანიშვილისთვის, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია. მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ამის დავიწყება არ შეიძლება.  2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან. ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება,“ - წერს მუხთარლი.




აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. რვა თვის შემდეგ, დევნილ ჟურნალისტს, რომელიც თბილისს აფარებდა თავს, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2020 წლის მარტში კი ის ციხიდან გაათავისუფლეს და მალევე გერმანიაში გაემგზავრა.

აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარება უარყოფიდა აისახა საქართველოს იმიჯზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში. 

„მედიაჩეკერი“ საქმის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ავგან სადიგოვის საქმეზე მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

 
კატეგორია - საქართველო


"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სოლიდარობას უცხადებს და მის დაცვას ითხოვს. 

გრიგოლიამ გუშინ, 17 ივლისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მამაკაცი, რომელიც მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა და დაჭერის შემდეგ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, თავისუფალია. 

"მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმსების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე , რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას( რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა ,ისევე როგორც ადრე,მისი  განსაკუთრებული  შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს..ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).

მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის  მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს , ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე , არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…მოკლედ, ყველაფერი ახლიდან  დაიწყო..

ახლა  რატომ ვწერ- დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს!  სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე,რაც  შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს,გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.

ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!!

არც ერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას- იმოქმედეთ დაუყონებლივ ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი( პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია)".

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებით, სახელმწიფო უწყებები იმ საფრთხეებს, რომელიც საჯარო სივრცეში აქტიურ ქალებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ემუქრება კარგად უნდა აცნობიერებდნენ. 

"სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საპოლიციო ძალებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოძალადეების დროულად გამოსავლენად და მთელი სიმკაცრით დასასჯელად. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და პროფესიული რეალიზაციისთვის და მათთვის ამ გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა".

ქარტია გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

 
კატეგორია - საქართველო



„მედიის განვითარების ფონდის“ ფაქტების გადამოწმების პორტალმა, "მითების დეტექტორმა“ რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღების გაშუქება მიმოიხილა

„კრემლი, მისი სატელიტი მედია საშუალებები და აქტორები აქტიურად აკვირდებოდნენ და აშუქებდნენ საქართველოში ხელახლა დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების პროცესებს, აქებდნენ საქართველოს მთავრობას, აფასებდნენ აღნიშნულ ფაქტს, როგორც  „გაბედულ ნაბიჯს“ და „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ინტერესების დასაცავად გამძლეობას უსურვებდნენ".

როგორც „მითების დეტექტორი" წერს, რუსულ მედიაში რამდენიმე მთავარი გზავნილი გამოიკვეთა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა რუსი და ქართველი ექსპერტები ავრცელებდნენ:

  • საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტი რუსული არ არის, მსგავსი კანონი მოქმედებს ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში;
  • ქართული კანონპროექტი ბევრად უფრო ლოიალურია, ვიდრე სხვა (დასავლურ) ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონები;
  • დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტებით მოქმედებს;
  • დასავლეთი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში;
  • ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მაიდანიზაციას გეგმავენ, ხოლო კანონი მათ ხელს შეუშლით ამ გეგმის განხორციელებაში;
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველია;

ამ გზავნილებით, ქართველი კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ექსპერტებიდან რუსულ მედიაში ციტირებდნენ: შოთა აფხაიძეს, ვლადიმერ ხომერიკს, პეტრე მამრაძეს, ლალი მოროშკინას და არჩილ სიხარულიძეს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ძირითადი გზავნილების შესახებ ვრცლად მკვლევარი ნიკა შეყელაძე საუბრობს.



კატეგორია - საქართველო



2024 წლის ივნისში „მედიაჩეკერმა“ საჯარო ინფორმაცია 3 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტს გამოცემამ 6 ივნისს სთხოვა, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. მედია გამოცემამ 17 და 18 ივნისს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან და ანტიკორუფციული ბიუროდანაც მოითხოვა. ორივე უწყებამ რედაქციას არასრული განცხადებით უპასუხა. ამასთან, სასწავლო ცენტრმა კანონიც დადგენილი ვადაც დაარღვია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკას აგროვებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

 

ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება კი პასუხის გარეშე დარჩა. 





როგორც „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება საგრძნობლად გართულებულია და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა წლიდან წლამდე რთულდებოდა, რაც სტრუქტურების გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს.

„ჩვენი, თითქმის, ერთწლიანი დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შედეგად, რაც  მედიისთვის საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიისთვის მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.

ისეთ კითხვებზეც კი, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვინ არიან დასაქმებულები და ა.შ. ამ თემაზეც კი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდებოდეს, ათდღიან ვადასაც ვერ ასრულებენ. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, თუ როგორია გამჭვირვალობა საჯარო უწყებებში“.

ეკატერინე ბასილაიას თქმით, სტატისტიკის შექმნამ ეს პრობლემები ციფრებში ასახა, რამაც უფრო გაამარტივა აღქმა, თუ რამდენად კრიტიკული ვითარებაა საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით. 


მედიის გამოცდილება

ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელსაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროულად ან/და სრულად მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება, საგამოძიებო მედია - „სტუდია მონიტორია“.

როგორც „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან შეიზღუდა.

„ჩვენთვის ინფორმაციის მიუღებლობა დიდი პრობლემაა, ვინაიდან როცა რაღაცას აკეთებ, ინფორმაციის შევსება გჭირდება. გარდა ამისა, ზოგიერთ ინფორმაციას ბალანსისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია არ გავიდეს და ინსტიტუციას პასუხის უფლება ჰქონდეს. ისინი ამით არც სარგებლობენ და არც გვეთანამშრომლებიან. ეს თავისუფალი ჟურნალისტიკისთვის მთავრობის მხრიდან შეგნებულად პრობლემების შექმნაა“.

ზურიაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ის შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც  ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს "სტუდია მონიტორისთვის" უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიწოდება აუკრძალა. მედია გამოცემამ NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნინო მამუკაშვილის შესაბამისი მეილის მიმოწერა მოიპოვა. 



სახელმწიფოს წარმოუდგენელ გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე საუბრობს „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, „პუბლიკას“ გამოცდილება იმ საერთო პრაქტიკისგან არ განსხვავდება, რაც დამოუკიდებელ მედიას საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით აქვს. 

„როდესაც კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესი არსებობს, აუცილებელია, რომ მტკიცებულებები, ფაქტები, მონაცემები დროულად იქნეს მიწოდებული. როცა მედიისთვის ინფორმაციის დროული გადაცემა არ ხდება, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება ფერხდება და ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.

ინფორმაცია დროულად როდის მივიღეთ, აღარც კი მახსოვს, მაგალითის მოყვანაც კი გამიჭირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსული კანონის პირველად ინიციირებიდან დღემდე, დამოუკიდებელი მედიიებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა“.

ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, ძალიან გართულებულია საჯარო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც. 

„დარეკვა და პასუხი სახვეწარი გახდა. როდესაც მედიებთან ეს სამსახურები ასეთი დაბალი ანგარიშვალდებულებით მუშაობენ, ეს დიდი პრობლემაა დემოკრატიისთვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის“.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრობლემურია „ნეტგაზეთისთვისაც“. როგორც მედია გამოცემის რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლების მანძილზე არასრულყოფილ ან დაგვიანებულ პასუხებს მაინც იღებდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, საჯარო უწყებები ინფორმაციას ფაქტობრივად არ გასცემენ. ყველაზე ჩაკეტილი უწყება კი, კულტურის სამინისტროა.

„მათთან ელემენტარული სახის კომუნიკაციაც შეუძლებელია, თუნდაც პრესსამსახურის გავლით. სხვა სამინისტროებთან, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რომ დარეკავ, რაღაც ზოგად პასუხს მაინც გაგცემენ, რომ მოიკვლევენ, მოიძიებენ, თუმცა, თანდათანობით, ჩაკეტილობის მხრივ სხვა უწყებებიც უთანაბრდებიან“.

კუპრეიშვილით თქმით, როდესაც ისინი ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათ თავის მართლება არ უწევთ და გაცილებით გაუმჭვირვალედ, თავიანთ ნება-სურვილზე ხარჯავენ თანხებს და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულსაც კი მალავენ. 

„ინფორმაციის გაუსაჯაროებლობის მიზანია, დამალონ საკუთარი დანაშაული, დამალონ ბიუჯეტის არაეფექტიანი და უმიზნო ხარჯვა. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფული მიზნობრივად არ იხარჯება“.


გასაჩივრების შესაძლებლობა

ინფორმაციის გაცემაზე საჯარო დაწესებულების უარის გასაჩივრება მედიას იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის შეტანისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეუძლია. ჟურნალისტებს ამ პროცესში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ეხმარება.

IDFI-ის იურისტის, ნიკა ბოლქვაძის შეფასებით, დაწესებულებები კანონს სისტემურად არღვევენ და ისინი ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლების გამოუცდელობით სარგებლობენ. მისი თქმით, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით პრობლემური ბოლო ორ წელში გახდა. 

„თავიდან ცენტრალური უწყებებით, მთავრობის, სამინისტროების დონეზე დაიწყო და ტენდენცია უკვე ადგილობრივ დონეზეც შეიმჩნევა“.

ნიკა ბოლქვაძის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება ეფექტური საშუალება არაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს საჩივრები იმავე უწყების უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიერ  განიხილება და დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-მდე ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნეს, საიდანაც პროცედურის სრული დაცვით განხილული საჩივრები იშვიათობაა.

„ზოგიერთ შემთხვევაში დე-ფაქტო აკმაყოფილებენ ხოლმე, ანუ როცა გავუსაჩივრებთ, შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას და იმავე საჩივარზე საქმის წარმოებას წყვეტენ ან ჩვენ გამოგვაქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ დაწესებულებას არ გაუსაჩივრე, იქამდე ის თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის“.

თუ ადმინისტრაციულმა საჩივარმა შედეგი არ გამოიღო, შემდეგ IDFI-ი დავას სასამართლო წესით იწყებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში 50-მდე სარჩელი შევიტანეთ და აქედან 6 შემთხვევაში, სარჩელის შეტანის შემდგომ, საჯარო დაწესებულებამ  ინფორმაცია შესაგებლის სახით ან სხვა ფორმით მოგვაწოდა. სხვა შემთხვევებში, ეს საქმეები დღემდე მიმდინარეა, რაც პრობლემაა. გაწელილი ვადები სასამართლოს გზით უფლების დაცვის ეფექტიანობას ამცირებს“.


რას წერს სახალხო დამცველი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რაც მედიასაქმიანობის ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. 

ომბუდსმენი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა  და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს. 

„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. მას საჩივრებით უმეტესად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ. საჩივრების უმრავლესობა კი, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარგენილ განცხადებებზე საჯარო დაწესებულებების მხრიდან თვეების განმავლობაში გამოვლენილ უმოქმედობას შეეხებოდა. 

აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების ნაწილმა პასუხი მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით,  ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.