გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს თბილისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი 15 დეკემბერს
გაიმართება.
დიტო ჩუბინიძე, რომელსაც ედავებიან სამშობლოს ღალატს - საბოტაჟს დავით გარეჯის შესახებ ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატური გავრცელებით, რითაც ხელი შეუშალა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფუნქციონირებას, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვეა“ და სამშობლოსთვის არ უღალატია. როგორც ჩუბინიძე ამობს, მისი განცხადებები დავით გარეჯთან დაკავშირებით „ეფუძნებოდა იმ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელაციას, რომელიც აწ განსვენებულმა, ჩემმა რესპონდენტმა [ლაზარე ჯორბენაძემ] ჩემთან საგაზეთო ინტერვიუში თქვა. მე არ ვარ საშიში კაცი, არც გამქცევი და არც დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამარჯვებული, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“.
დიტო ჩუბინიძის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მისი ქმედებები არის „განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს“ და „ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობიდან“.
ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით კი, საქმე ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხება და „ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება“.
ხატიაშვილმა მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, [Handyside v. the United Kingdom, 1976] „რომელმაც განმარტა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის მისაღები საზოგადოებისთვის, არამედ ისეთ გამონათქვამებს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შოკისმომგვრელი. ჟურნალისტმა დააფიქსირა კომენტარი რესპონდენტის და ამ რესპონდენტის კომენტარზე აკეთებდა შემდეგ კომენტარს. აი, ეს არის დიტო ჩუბინიძის ბრალდების არსი და ვიღაცას თურმე ეს არ მოეწონა და ხელი შეეშალა საქმიანობაში. კონვენციის მე-10 მუხლი დარღვეულია…
ანუ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უფრო ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, იმიტომ რომ ეს არის ჟურნალისტის დამოუკიდებლობა და თავისუფალი პროფესია, ხომ? ეს დავაყენე და მოსამართლემ ისინი [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები] საერთოდ არ გაითვალისწინა და ჩემი აზრით, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება…“
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, 22 ოქტომბერს დააკავეს. ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის თქმით, საქმეში „სხვა მტკიცებულებები, გარდა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრების გამოკითხვის ოქმებისა და დიტო ჩუბინიძის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის, ინტერვიუებისა“ არაფერი დევს.
პროკურატურის განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით ჩუბინიძემ „განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“.
--------------------------------------------------
2026 წლის თებერვალში, ლაზარე ჯორბენაძემ, რომელიც „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო, დიტო ჩუბინიძესთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან საიდუმლო შეთანხმებას მოაწერა ხელი და დავით გარეჯის ნაწილი დათმო, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია მოჰყვა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა, ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. დიტო ჩუბინიძემ კი თქვა, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში ლაზარე ჯორბენაძე ახსენა და თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი. ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი „ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია“.
საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას.
IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ
მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:
• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე
წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.
• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები,
ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის
უსაფრთხოება.
• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა -
წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და
ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ.
Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to
Solutions - An Investigative Path to Survival and
Renewal.
ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, ვინც სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებული სტატუსის გამო იყო
დაპატიმრებული. ტელეწამყვანს „ქართული ოცნების“
წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით,
14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ
ზაფხულში
შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სანაიას
წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს დღესაც განიხილავს. შსს მას ისევ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებისა და ვიდეოს გამო
ედავება.
ვახო სანაიამ ჟურნალისტად მუშაობა 2004 წელს,
ტელეკომპანია „მზეში“ დაიწყო, მას შემდეგ სხვადასხვა დროს
საინფორმაციო გამოშვებები, ტოქშოუები და საავტორო გადაცემები მიჰყავდა
„რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „მაესტროში“.
2015-2020 წლებში მუშაობდა „TV პირველში“, 2020 წლიდან კი არის
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, სადაც რამდენიმე გადაცემა
მიჰყავს.
მასთან ინტერვიუ იმის კითხვით დავიწყეთ, თუ როდის და რატომ აირჩია ჟურნალისტის პროფესია.
- მთელი ბავშვობა მინდოდა, ფეხბურთის მატჩების კომენტატორი ვყოფილიყავი. გიორგი [სანაია] რომ მოკლეს, მაგის შემდეგ ერთ წელიწადში მიწევდა ჩაბარება და ეს ერთი წელი ვფიქრობდი ჟურნალისტობაზე. შეიძლება ითქვას, გიორგის სიკვდილმა გადაწყვიტა ჩემი ჟურნალისტობა და ეს თავისთავად მოხდა.
2002 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იმ პერიოდში ძალიან საინტერესო პროცესები მიდიოდა, ერთ წელიწადში „ვარდების რევოლუციაც“ მოხდა და ბევრი რამე შეიცვალა. ჩემი სწავლის პირველი და მეორე კურსი ქვეყნის ტრანსფორმაციის პერიოდი იყო. სულ ვამბობ, რომ ორ უნივერსიტეტში ვისწავლე: ერთში, რომელიც „ვარდების რევოლუციამდე“ იყო და მეორეში - რევოლუციის შემდეგ. ჩავაბარე იქ, რაც 2003 წლამდე იყო, 2003 წლის შემდეგ კი ძველი აღარ იყო და ვერც ახლის შექმნას მოვესწარი.
სწავლის პერიოდშივე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო პრაქტიკა ტელევიზიაში. ასე აღმოვჩნდი სტუდენტობისას ტელეკომპანია „მზეში“. თავიდან შეგნებულად არ წავედი სამუშაოდ „რუსთავი 2“-ში, არ მსურდა ვიღაცას ეთქვა, რომ გიორგის გამო მიმიღეს. „მზეში“ სტაჟიორად 40 სტუდენტთან ერთად მივედი და თვეები ვიმუშავე უხელფასოდ. მერე შტატში ამიყვანეს, ძალიან მალე დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გავხდი, მერე - მთავარი გამოშვების. აი, მაშინ მივიღე „რუსთავი 2“-დან შემოთავაზება და „კურიერის“ წამყვანად გადავედი.
2006 წელს მივედი „რუსთავი 2“-ში. იქ დამხვდნენ
ადამიანები, ჩემი პროდიუსერები და რედაქტორები, რომლებმაც
ჩამომაყალიბეს ჟურნალისტად და წამყვანად. ფაქტობრივად ყველაფერი იქ
ვისწავლე.
ამ დროის განმავლობაში შენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის რა აღმოჩნდა ყველაზე მძიმე გამოცდილება?
- აგვისტოს ომი. მაგ დროს არ ვმუშაობდი, მაგრამ გორში ვიყავი და ვაკვირდებოდი სიტუაციას. ძალიან მძიმე გამოცდილება იყო პროფესიულადაც და ადამიანურადაც. ასევე, 5 ივლისი და შემდგომი დღეები, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი. რამდენი ხანიც ჟურნალისტიკაში ვარ, ხალხთან ასეთი დაუნდობელი ანგარიშსწორება არ მახსოვს. მძიმე მოვლენები იყო 7 ნოემბერს, მაგრამ ასეთი დაუნდობელი ცემა, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, არასდროს ყოფილა. მთელი ღამეები არბევდნენ ხალხს განუწყვეტლივ.
პირველი ჟურნალისტი აღმოჩნდი, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული
სტატუსის გამო ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა
შეუფარდეს. რას ფიქრობ, შენ მიერ დაწერილი სიტყვების გამო
პატიმრობაზე?
- სიტყვა არის სიტყვა და ეს იყო პატიმრობა სიტყვის გამო, რომლის მიზანიც სხვების დაშინებაც იყო. სიტყვა უნდა იყოს დაცული, როგორიც არ უნდა იყოს ის.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ სიძულვილის ენა გამოიყენესო. ეს არ არის სიძულვილის ენა. ამ ტერმინს აქვს კონკრეტული განმარტება და გამოიყენება მაშინ, როდესაც სიძულვილი მიემართება უმცირესობებს, მოწყვლად ჯგუფებს. სიძულვილის ენას ვერ იყენებ ძლიერის, ძალაუფლების მქონეს წინააღმდეგ. სიტყვა შეიძლება შეიზღუდოს მაშინაც, როდესაც ადამიანი ძალადობისკენ მოუწოდებს. ჩემს სიტყვებში არც ძალადობისკენ მოწოდება ყოფილა და არც იდენტობის ნიშნით შეურაცხყოფა. პირდაპირ არაფერი მითქვამს და იმაზე მედავებიან, რომ რაღაც ვიგულისხმე. საბოლოოდ მიიღეს ის, რომ რა სიტყვისთვისაც დამაპატიმრეს, იმ სიტყვის სინონიმი გახდა ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე მიიღო.
არ არსებობს სიტყვა, რომლითაც შეაფასებ „ქართულ
ოცნებასა“ თუ მის ჩინოვნიკს და თუ დაჭერა მოუნდათ, ვერ დაგიჭირონ.
ნებისმიერი სიტყვისთვის შეუძლიათ დაგიჭირონ. ამიტომ ციხიდან რომ
გამოვედი, კიდევ ვთქვი ეს სიტყვები, ეს პრინციპის საკითხია. უკან თუ
დავიხევ, ხვალ სხვა სიტყვასაც აგვიკრძალავენ. სიტყვის თავისუფლებას
კომპრომისი არ უყვარს. რამდენჯერაც უნდა დამიჭირონ, დამაჯარიმონ თუ
დამაყადაღონ, ჩემი მხრიდან კომპრომისი არ იქნება.
20 წელზე მეტია ტელეწამყვანი ხარ და ამ დროის განმავლობაში არაერთ ტელევიზიაში მუშაობდი. რას ფიქრობ შენი ყოფილი კოლეგების დღევანდელ სიჩუმეზე, მათ შორის შენს ადმინისტრაციულ პატიმრობაზე?
- დუმილი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მათ გადაწყვეტილებაში. წინა პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ მაჩვენეს, რა ტექსტებს აცხადებდნენ ჩემს დაპატიმრებაზე „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“. მათგან ზოგი ჩემი კურსელი იყო, ზოგთან ვახლობლობდი, ზოგი ჩემი ძმის მეგობარი და კოლეგა იყო. ასე რომ, დუმილის მიღმა არის სიტყვები, რომლებიც დუმილზე მეტია, თუმცა დუმილიც შეიძლება მძიმე იყოს.
ეს ხდება იმის გამო, რომ არსებობს მორჩილების ზღვარი. ამ წითელ ხაზს რომ გადააბიჯებ, უკან მოსაბრუნებელ გზასა და აზრს ვეღარ ხედავ, არამხოლოდ პროფესიაში, არამედ ადამიანურ გზაზეც. შესაბამისად, ხდები რეჟიმის გულწრფელი გულშემატკივარი. არსებობს ისეთი წითელი ხაზები, როგორიცაა: სამშობლოს ღალატი, ადამიანების გაწირვა, ყველაფერზე ხელის მოწერა. ეს ყოველგვარ პროფესიაზე მეტია. ახლა ჩემი ყოფილი კოლეგები და დღევანდელი პროპაგანდისტული მედიების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ერთ ნავში სხედან. სამწუხაროდ, არ ახსოვთ, რომ როდესაც ნავი დამძიმდება, ბიძინა ივანიშვილმა იქიდან ხალხის გადაყრა იცის, მაგრამ რას ვიზამთ, მათ თავად აირჩიეს ეს გზა.
მეორე მიზეზი შიშია. ისინი იმდენად ჰყავს რეჟიმს
კლანჭებში მომწყვდეული, რომ შიშის ფაქტორი მოქმედებს. ჯამში ოთხი
ფაქტორია: ვერ ხვდები, სად აღმოჩნდი; ხვდები და იღებ გადაწყვეტილებას,
ბოლომდე ჩაჰყვე; შიში; მატერიალური სარგებელი. მგონია, რომ ამ ოთხი
ფაქტორის ერთობლიობა ქმნის ამ ე.წ. დუმილს.
შენ თუ შეძლებ მაგ შემთხვევაში მათი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას?
- უდანაშაულო ადამიანს დავიცავ ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, როდესაც ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმესა და ასეთ სამართლებრივ კატეგორიებზე.
მაგრამ რაც შეეხება პროფესიულად, არ არსებობს უფრო მძიმე
სასჯელი, ვიდრე მაყურებლისა და მკითხველის მიერ გამოტანილი განაჩენი.
ამისგან კი მხოლოდ თავად შეუძლიათ საკუთარი თავების გადარჩენა.
ფეისბუქპოსტის გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვას არ ესწრებოდი, უარი თქვი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანაზეც, რატომ?
- სტრასბურგში ამ საქმეს მოვიგებდით, მაგრამ მაქვს პრინციპი - არ ვცნობ „ქართული ოცნების“ სასამართლოს, პროცესზეც კი არ მივედი. მათ მასკარადში არ ვმონაწილეობ. სტრასბურგში რომ წავიღო, გამოდის, რომ უნდა მივიდე სასამართლოში, გავასაჩივრო და წავიდე სხვა ინსტანციაში, მე კი მათ არ ვცნობ.
როგორ ფიქრობ, როგორ მივიდა ქვეყანა გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის ასეთ ფორმებამდე?
- ეს დიქტატურის ლოგიკაა. დიქტატურა ვერ იქნება ბოლომდე კონსოლიდირებული, თუკი თავისუფალი მედია არსებობს და უძლებს შემოტევას. ამიტომ ის, რომ გვაპატიმრებენ და გვაჯარიმებენ, ჩვენი ბრალი ყველაზე ნაკლებად არის.
ივანიშვილს პრობლემები აქვს როგორც გარეთ, ისე რეჟიმის შიგნით. რადგან მისი აპარატი რეპრესიული და კორუმპირებულია, იცის, რომ თავისუფალი მედიის პირობებში რეჟიმი შეიძლება აუყირავდეს. ამიტომ მას უნდა, რომ თავისუფალი მედია უბრალოდ არ არსებობდეს. ეს მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად საუკეთესო გადაზღვევაა.
ჩვენი ამოცანაა, ამის საშუალება არ მივცეთ.
სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს გზა: რაც არ უნდა გააკეთო, მაინც დავწერ და
ვიტყვი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გამომკეტავ ციხეში. მე ვიცი,
რა არის შენი პრობლემა - ის, რის გამოც მიჭერ. რადგან ამის გამო
მიჭერ, სადაც გექმნება პრობლემა, იმას არ მოვეშვები, იმიტომ რომ ჩემი
დაპატიმრება ვერ დაამარცხებს იმას, რასაც ვაკეთებ. ყველას
თავისი ბრძოლის გზა აქვს და ამ გზების ერთობლიობა დაამარცხებს ამ
რეჟიმს.
შენთვის როდის ან რა აღმოჩნდა ის ზღვარი, როდესაც იფიქრე, რომ „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებისკენ დგამდა ნაბიჯებს?
- ეს, ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი იკადრეს. მაშინ გამოაცხადეს, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან: ქალაქში გააკრეს ბანერები, ზედ მკვლელები დააწერეს და სისხლი მიასხეს. მოგვიანებით საარჩევნო კლიპში უკრაინაში რუსების მიერ დახოცილი ადამიანების საფლავები რომ ჩასვეს, მე არ გამკვირვებია, რადგან 2018 წელს ეგ უკვე გაკეთებული ჰქონდათ. მაშინ გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ, რომ [ბიძინა] ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი.
გავრილოვის ღამე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ 5 ივლისს რეალურად მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება. [ირაკლი] ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ იცხოვრებს უმცირესობაო და მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს. მან გვითხრა, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს, ვინ როგორ იცხოვრებს. ყველა დიქტატორი ამბობს, რომ უმრავლესობა ის არის.
ამის საფუძველი თავიდანვე იყო. როდესაც ადამიანი მოდის
ამხელა კაპიტალით, რუსული კავშირებით და ამბობს, რომ სიცოცხლის
ბოლომდე უნდა იყოს, ის ყველაფერზე წამსვლელია. ივანიშვილისთვის
სახელმწიფოს ერთადერთი ფუნქცია მისივე მსახურებაა, ამ მოცემულობაში კი
თავისუფალი მედია არ უნდა არსებობდეს. მისთვის ჟურნალისტი ან ციხეში
უნდა იყოს ან ქვეყნიდან გაძევებული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ
მიზანს ვერ აღწევს და წინააღმდეგობას ვუწევთ, საბოლოო ჯამში,
დავამარცხებთ მას.
როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს, რომ შენ, როგორც ჟურნალისტს, საკუთარი პოზიციის ასე საჯაროდ დეკლარირება გიწევს?
- ეს აუცილებლობით არის გამოწვეული. დღეს სიტუაცია გვაქვს, როდესაც ან გადავრჩებით ან დავიღუპებით, როგორც ქვეყანა. ეს ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, რომელმაც გვითხრა, რომ უბრალოდ უნდა განადგურდეთო. ასეთ დროს პასუხია, რომ შევასრულო პროფესიული მოვალეობა და მეორე მხრივ, არ მოგცე საშუალება, ქვეყანა გაანადგურო. დღეს ბრძოლა და მუშაობა ერთდროულად ხდება.
როდესაც ვხედავ, რომ იარაღით გადგას ვიღაც თავზე, ჩემი ვალდებულებაა, ვთქვა, რომ არ მოგცემ, ხელისუფლება, საშუალებას ცემო ან მოკლა მოქალაქე. როგორ უნდა იყო ამ დროს მხოლოდ დამკვირვებელი და ამბის გამშუქებელი? როგორ გავაშუქო ცივად, როგორ კლავენ გურამ როგავას? გავაშუქე, საავადმყოფოდან ჩავრთე ლაივში, მაგრამ აქ არ მთავრდება ეს ამბავი. იმ დღეს გურამ როგავა მოკლეს პირდაპირ ეთერში. თუკი ამას ასე ცივსისხლიანად ვუყურებ, მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ჟურნალისტობას? ჩემი ვალია, ვისაც დახმარება სჭირდება, მისი ხმა გავაგონო სხვას. როდესაც გარშემო ადამიანებს ურტყამ და ომი გაქვს გამოცხადებული, ჟურნალისტიკა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნორვეგიაში ან შვედეთშია.
მთავარია, დავიცვა სტანდარტი: ფაქტი და მოსაზრება გავმიჯნო ერთმანეთისგან, არ მოვიტყუო, არ ვუთხრა თეთრზე შავი და შავზე - თეთრი, არ გამოვიყენო ეთერში არანორმატიული ლექსიკა და სხვ. ჩვენ ომი გამოგვიცხადეს და ჩვენს ხელში ერთადერთი იარაღი სიტყვა და სიმართლეა.
ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, მაშინაც იმ ტიპის ჟურნალისტიკაში ვიქნებოდი, სადაც ჩემი აზრის გამოთქმის საშუალება მექნებოდა. ახლა ასე ვმუშაობ: მიმყავს საინფორმაციო გამოშვება, მაქვს საავტორო გადაცემა, სადაც მოსაზრებებს თავისუფლად გამოვთქვამ, ვარ გადაცემაში სხვა წამყვანებთან ერთად და სოციალურ ქსელშიც განსხვავებული მიდგომა მაქვს.
მედიის დანიშნულება არ არის, რაღაც კარგი აჩვენოს. ტელევიზია იმისთვისაა, რამე კარგი თუ გაკეთდა, იქ ეძებოს ხარვეზი. კარგ „ნიუსებზე“ პროპაგანდისტული არხები ამზადებენ კლიპებს, ჩვენი ფუნქცია კი არის, მაგალითად, ახალ ავტობუსებს თუ შემოიყვანს მერია, შევამოწმოთ, იქიდან ფული ხომ არ მოიპარეს, ტენდერი როგორ ჩაატარეს და ა.შ. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, გაკეთებულზე ბევრი ილაპარაკოს ჩემი დახმარების გარეშე. დახმარება სჭირდება საზოგადოებას, ვისი ფულიც იხარჯება და უნდა იცოდეს, რამდენად კეთილსინდისიერად იხარჯება.
ჩემი სიტყვები მხოლოდ ხელისუფლებაზე არ ვრცელდება,
ასევე, კრიტიკული უნდა ვიყო ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების
მიმართ. დღეს „ფორმულა“ ზუსტად ასე მუშაობს. ჟურნალისტებმა მიიღეს
გადაწყვეტილება, რომ არავის შემოადგმევინებენ ფეხს, ვისაც ექნება
პოლიტიკური გავლენა და ამით ძალიან ვამაყობ. ის, რაც ტელევიზიებთან
დაკავშირებით ხდებოდა წლების განმავლობაში, მედიას მოჰყვება და არ
უნდა განმეორდეს.
თქვენი არხის მიმართ ისმის პრეტენზიები დაბლოკვის შესახებ, მაგალითად, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერისგან, თამარ ჩერგოლეიშვილისგან.
- დაბლოკვა ხდება ცენტრალიზებულად, ზემოდან. დღეს „ფორმულას“ არანაირი უფროსი არ ჰყავს პოლიტიკური წრეებიდან, ვინც შეიძლება მისი დაბლოკვა მოითხოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მისი
გაცხადებული სურვილია ჩვენი ტელევიზია დაიხუროს, ის დაბლოკილი მაინც
არ არის. პირიქით, მან დაბლოკა თავისი პარტია, როდესაც
„ფედერალისტების“ სხვა წევრებს იწვევენ, აცხადებენ, რომ იქნება ან
[თამარ] ჩერგოლეიშვილი, ან არავინ. ჩემთვის კი მისი აზრი არ არის
საინტერესო, როდესაც გახდება საინტერესო, აუცილებლად მოვიწვევ.
რა შეიძლება აღმოჩნდეს ის მიზეზი, რის გამოც პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებ?
- სიტუაციის სიმძიმე ბევრს ჯერ ისევ არ ესმის. ვიღაცას ჰგონია, რომ ჟურნალისტები ხელფასს იღებენ და კარგად ცხოვრობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, ცუდად ყოფნის პირობებშიც ვიმუშაოთ. ალბათ, ფიზიკურად აღარ უნდა შემეძლოს, რომ ვეღარ გავაგრძელო მუშაობა, ან შუქი უნდა ჩაქრეს, მაგრამ მაშინაც გენერატორისთვის საწვავის ფულს მოვაგროვებთ როგორღაც. სანამ ფიზიკურად შეგვიძლია, ვმუშაობთ და ასეც იქნება.