მულტიმედია
ComCom-მა ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის „ობიექტივი“ სამართალდამრღვევად ცნო



კომუნიკაციების კომისიამ ფიზიკური პირის, ლევან მამფორიას საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა: 

„კერძოდ, მაუწყებელმა ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე და ფაქტად გააშუქა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, მაყურებელს მკაფიოდ არ მიუთითა წყაროს ანონიმურობის შესახებ, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა.

მაუწყებლის მიერ გავრცელებული სიუჟეტი შეეხებოდა კერძო პირს და შეიცავდა მის მიმართ მნიშვნელოვან ბრალდებებს, რაც განსაკუთრებული სიზუსტით უნდა გაშუქდეს და ტელევიზიამ უნდა გამოიყენოს ყველა გონივრული ზომა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ისიც, რომ მაუწყებელმა აღნიშნული სიუჟეტი სოციალური ქსელების მეშვეობითაც გაავრცელა, რითიც ასევე დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის განთავსების წესების შესახებ“.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საჩივარში მითითებული იყო მოთხოვნაც მაუწყებლის მიერ იმავე გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის შესახებ, რაც არ დააკმაყოფილეს, „ვინაიდან კომისიამ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაადგინა, რომ მაუწყებელს სათანადოდ არ ჰქონდა გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაცია, რაც არღვევდა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით მიწოდების  სტანდარტებს“.

როგორც ComCom-ი წერს, შესწავლილი გარემოებების საფუძველზე, კომისიამ ლევან მამფორიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ობიექტივი“ სამართალდამრღვევად ცნო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „დარღვევა 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში იქნა ჩადენილი, მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა“.

ამასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიამ „ობიექტივს“ სიუჟეტის სოციალური ქსელიდან აღებაც დაავალა.

კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე თვეში „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“, „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე, სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი 3 ტელევიზია.

ამ ტელეკომპანიების შემთხვევაშიც საჩივრების საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები გახდა. 

„ქართული ოცნების“ საჩივრები პირველი იყო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები სამართალდამრღვევად ცნო. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, კანონის გარდამავლი დებულებით კი, მანამდე შეფარდებული სანქციები არ აღსრულდება. 

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
ჟურნალისტის ვაკანსია „ტაბულაში“



ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.

ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:

ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;

მოთხოვნა:

  • გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.
  • ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);

 
რა მოხდა ქართულ მედიაში მხოლოდ 2025 წლის იანვრიდან დღემდე ?


დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა❗

რა მოხდა ქართულ მედიაში მხოლოდ 2025 წლის იანვრიდან დღემდე ❓