მულტიმედია
ჟურნალისტებზე თავდასხმა, სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის დარღვევა - რა წერია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში

 

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაა მიმოხილული, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და მედიის წარმომადგენლების დევნის შემთხვევებიც მოხვდა. ანგარიშში საუბარია მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებზეც.

არასათანადო მოპყრობა გაზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის აქციებზე


ომბუდსმენის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები 2024 წლის მსგავსად, 2025 წელსაც გამოვლინდა:

„კერძოდ, 2025 წლის 12 მაისს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „TV პირველის“ ჟურნალისტსა და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორს თავს დაესხა და ტექნიკა წაართვა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის მამამ… ასევე, საანგარიშო პერიოდში იყო შემთხვევა, როდესაც „მედია ომბუდსმენის“ დირექტორი მიუთითებდა „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე, ჟურნალისტ თ.დ.-ზე ძალადობის; ჟურნალისტ ნ.ქ.-სა და ოპერატორ ს.ბ.-სთან დაპირისპირების შესახებ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თავდაპირველად პროკურატურამ აპარატს აცნობა, რომ მიმდინარეობდა გარემოებების შესწავლა, ხოლო მოგვიანებით მიღებული პასუხის მიხედვით, შესწავლის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა და არც გამოძიება დაწყებულა“. 

ასევე, ანგარიშში მოხვდა 2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტიც, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დოკუმენტში აღნიშნულია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომა-ზამთრის აქციებზე არაერთი ჟურნალისტი გახდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, სამართალდამცავი უწყების არცერთი თანამშრომლის მიმართ ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 

სახალხო დამცველი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ ე.წ. შავნიღბიანი მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.

გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენელთა დაცულობა და ხელშემწყობი გარემო მათი საქმიანობისთვის 

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების 10 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, რაც მოიცავდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას. დოკუმენტის თანახმად, დასახელებული 10 საქმიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 4 საქმეში წარიმართა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 2024 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. მათგან 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხერხდა. საგულისხმოა, რომ დევნა არც მოცემული ეტაპისთვის დაწყებულა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების არცერთ შემთხვევაზე. 

ამასთანავე, პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დედაქალაქში 2023 წლის 2 და 7-9 მარტს, ასევე 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით/იარაღით გადამეტებისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ“.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გარდა, დოკუმენტში მოხვდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის სხვაგვარი შემთხვევაც. საუბარია 2025 წლის 12 თებერვალს ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ჟურნალისტის არ შეშვების ფაქტზე, მაშინ, როდესაც ასეთი შესაძლებლობით ისარგებლეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა: 

„საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა რეგულირების სისტემური პრობლემა, რადგან მუნიციპალურ ორგანოში არ მოქმედებდა შიდა წესი, რომელიც მედიასაშუალებათა თანაბარი დაშვებისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცედურას მოაწესრიგებდა“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის პრაქტიკა

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ის საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, 1 ივნისამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებსაც შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს, პროგრამულ შეზღუდვებს, საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს. 

„განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, სახალხო დამცველი საანგარიშო წელს გაეცნო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკას. როგორც გამოიკვეთა, სამ შემთხვევაში, მაუწყებლების მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკული შინაარსის გამოხატვის გამო სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა დაადგინა იმგვარად, რომ სათანადოდ არ შეუფასებია, თუ რამდენად აკმაყოფილებდა თითოეული სადავო გამონათქვამის აკრძალვა უფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ მოთხოვნას. კერძოდ, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლად და დეტალურად არ შეფასებულა, რამდენად გავრცელებული იყო თითოეული სადავო ფრაზა (ან მისი ნაწილი), მათ შორის, სალაპარაკო ენაში, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებში და ამ ფონზე, შეეძლო თუ არა თითოეული მათგანის გამოყენებას მომეტებულად დაეზიანებინა „ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობა“. გარდა ამისა, კომისიას სიღრმისეულად არ უმსჯელია, ექცეოდა თუ არა თითოეული სადავო გამონათქვამი მედიის წარმომადგენლებისთვის მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს მიღმა, რაც ჟურნალისტებს მოვლენების გარკვეული დონით გაზვიადებულად ან, თუნდაც, პროვოკაციულად აღწერის უფლებას ანიჭებს და რამდენად სცილდებოდა ის ხელისუფლების და თანამდებობის პირების დასაშვები კრიტიკის ფარგლებს…

სხვა შემთხვევებში, კომისიამ დასახელებული მოთხოვნის დარღვევად არ შეაფასა მაუწყებლის მიერ კრიტიკული შინაარსის გამოხატვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნული დასკვნის დასაბუთებისთვის, კომისიამ მიუთითა, რომ სადავო ფრაზები ვერ შეფასდებოდა პოზიციის გამოხატვად, ვინაიდან ამ ფრაზებს საფუძვლად ედო და წინ უსწრებდა ამავე მაუწყებლის საგამოძიებო სიუჟეტი ან წარმოაჩენდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს. აღნიშნული საქმეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად რთულია აზრისა და ფაქტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც არაერთხელ გამხდარა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლოების მსჯელობის საგანი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სწორი შეფასების გაკეთება შეუძლებელია იმ გარემოებების სათანადოდ გამოუკვლევლად, რასაც სადავო განცხადებები ეფუძნება. გარდა იმისა, რომ კომისიის დასახელებული გადაწყვეტილება ამგვარი სტანდარტის დასაბუთებას არ შეიცავს, ის კარგად წარმოაჩენს, ერთი მხრივ, 1 აპრილის ცვლილებებით დაწესებული რეგულირების თაობაზე თანმიმდევრული, დასაბუთებული და არგუმენტირებული ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროებას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საკანონმდებლო ცვლილებების ბუნდოვანებასა და მისი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას“.

ასევე, მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც. 

სახალხო დამცველის შეფასებით, ამდაგვარი ბლანკეტური აკრძალვის დაწესებით იზღუდება არა მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებისთვის პოტენციურად საზიანო, არამედ იმგვარი გარე დაფინანსებაც, რომლის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერა: „მოცემულ ეტაპზე, უცხოური დაფინანსების მიღების შეწყვეტა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაერთი რადიომაუწყებლის და ტელემაუწყებლისთვის აქვს მოთხოვნილი. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას უტოლდებოდეს“.

სხვა საკანონმდებლო ცვლილებები

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილმა ცვლილებებმაც, რომლითაც მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება და აიკრძალა მასალის გადაღება როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის ეზოში. 

ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობის უზრუნველმყოფი გარანტიების გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ისე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.  

დასაქმებულების გამოხატვის თავისუფლება

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს შრომის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტებზეც და მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილისა და საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლების საქმეები.

„დაკავებული პოზიციებიდან განმცხადებლების გათავისუფლების ზემოხსენებული საქმეები განსხვავდება სტანდარტული შრომითსამართლებრივი დავებისგან და მათი სათანადო გადაწყვეტა დამატებით მოითხოვს კომპლექსურ მსჯელობას დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა შორის ექცევა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დამსაქმებლის მიმართ ლოიალურობის გამოჩენის ვალდებულების ფარგლები. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მათი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად, სახალხო დამცველმა 2025 წლის 2 ოქტომბერს საქმის განმხილველ სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. დოკუმენტში გაწერილია ის გარემოებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხედველობაში უნდა მიიღებოდეს, როდესაც დასაქმებულის გამოხატვის თავისუფლება ბალანსდება დამსაქმებლის მიერ მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელების საპირწონედ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეული გადაწყვეტილებები, რომლებშიც უფლებადარღვევა დადგინდა სახელმწიფო ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების გათავისუფლების ან/და მათი სხვაგვარი სანქცირების შედეგად, რაც მათ მიერ დამსაქმებლის საჯარო კრიტიკას მოჰყვა“. 

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, ახლებურად ჩამოყალიბდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რათა მოიცვას ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ ჩადენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება და გამკაცრდეს ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი.

ინფორმაციის თავისუფლება

დოკუმენტში საუბარია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემურია ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის და ამ ვადებში ინფორმაციის გაცემის საკითხი, რაც „საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობას და საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციის განმახორციელებელი პირების საქმიანობას, ვინაიდან დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება“.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, დასაკონკრეტებელია, თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაციის დამუშავების ფარგლები: „არ არსებობს ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულების სათანადო შესრულების საზედამხედველო მექანიზმი. პრობლემურია შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტის ცნებაც და ასევე, მისი მეტი სიცხადით გაწერა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით უზრუნველყოფს უფლების დროულ და ეფექტიან დაცვას“. 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირისთვის არ არის ეფექტიანი მექანიზმი, ვინაიდან „სასარჩელო წარმოება ხანგრძლივ დროს მოითხოვს და არ არის იაფი პროცედურა. ასევე, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ინფორმაციის დროულად მიღება, რასაც ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო“.

საარჩევნო უფლება - სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები და მათი გამოძიება

ანგარიშის თანახმად, საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის შედეგად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში ჯამში 12 სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც ერთ შემთხვევაში გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ხელშეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. 

„დაზარალებულად ცნობილია ოთხი პირი. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. აღსანიშნავია, რომ ამავე ფაქტთან დაკავშირებით, იკვეთება საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაციის პრობლემურობა. ჟურნალისტები მიუთითებდნენ არა მხოლოდ საქმიანობაში ხელშეშლის, არამედ, ფიზიკური ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტებზეც. კვალიფიკაცია არასრულია და საჭიროა, საქმეზე, გამოძიებამ, დამატებით ძალადობისა და ეკონომიკური დანაშაულის შესაბამისი მუხლებით (ძარცვა ან ყაჩაღობა) კვალიფიკაციის შესახებაც იმსჯელოს“.

დისკრიმინაციის წახალისება და დისკრიმინაციული პრაქტიკები, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ 

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. საქმისწარმოების ფარგლებში გამოვლინდა სიძულვილისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი მიმართვების გამოყენება სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, ასევე, რელიგიური კუთვნილების გამო. 

ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო სივრცეში ჰომოფობიასთან ბრძოლის საკითხზე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ მიმართა:

„სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე, თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვისა და სიძულვილის ენის პრევენციის უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი – „გამოხატვის თავისუფლება, თანასწორობა და მაუწყებლის როლი სიძულვილის ენის პრევენციაში“. ამასთანავე, მედიასაშუალების თანამშრომლები გადამზადნენ სიძულვილის ენის გამოვლენისა და პრევენციის საკითხებზე. აღნიშნულ საქმეში, სახალხო დამცველის გადაწყვეტილების საფუძველზე ტელევიზიის მხრიდან გატარებული ღონისძიებები, დადებითად იქნა შეფასებული“.

დოკუმენტში მოხვდა 2025 წლის 10 ივნისს, პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში „TV პირველის“ ქალი ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული სექსისტური გამონათქვამებიც.

როგორც ომბუდსმენი წერს, საანგარიშო წელსაც გამოვლინდა ჟურნალისტებისთვის ადმინისტრაციული ბარიერების შექმნის შემთხვევები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 

„სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შენარჩუნდა მომართვიანობა ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. პრობლემურია, რომ აკრედიტაციის წესი არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გათვალისწინების გარანტიებს და უფლების დაცვის პროცედურულ საშუალებებს არ უზრუნველყოფს“. 

მედიის ხელმისაწვდომობა

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების – „მოამბე 21:00 საათზე“ – სინქრონულ თარგმანს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ყოველდღიურად ამზადებს ოთხ საინფორმაციო გამოშვებას ამავე ენებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია პირველი არხის ვებგვერდზე და უსასყიდლოდ გადაეცემა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტელევიზიებს“, ეროვნული უმცირესობებისთვის შექმნილი მედიაპროდუქტის პოპულარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება.

დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულმა სამუშაო შეხვედრებმა ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ან არასრულად ფლობს. 

ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების შესახებ ინფორმაციის მიზნობრივი და სისტემური გავრცელება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონკრეტული მექანიზმების (სინქრონული თარგმანი, ვებგვერდი, რეგიონული მაუწყებლები და სხვ.) შესახებ საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირების უზრუნველყოფით.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem) დაირღვა „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში.

„პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია. დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო. ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა. თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. 

რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი. ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა“, - წერია ანგარიშში.

 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.

TI: „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ ბრიტანული სანქციები ტელევიზიების მიერ რეკლამიდან შემოსავლის მიღებასაც ზღუდავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პროპაგანდისტული არხების სარეკლამო დროებს ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი ყიდულობს. „ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა და კერძო პირებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი“.

დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო ტელევიზიები: „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის 24 თებერვალს დაასანქცირა . როგორც TI წერს, ტელევიზიების დასანქცირების საფუძვლად ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ არსებული სასანქციო რეჟიმი გამოიყენა, რითაც ისინი რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარეებად გამოაცხადა და მიზნად  ფინანსური შეზღუდვების გზით ამგვარი საქმიანობის შეჩერება დაისახა.


რას ნიშნავს ბრიტანული სანქცია და როგორ მუშაობს ის?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბრიტანული სანქციის გავრცელების არეალი ბრიტანეთის იურისდიქციას სცილდება და ის კონკრეტულ შეზღუდვებსა და აკრძალვებს მის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს და მეორადი სანქციის საფრთხეს უქმნის ყველა იმ კომპანიასა თუ ბიზნესმენს, რომელიც სანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობას განაგრძობენ ან მათთან ახალ გარიგებებში შესვლას გადაწყვეტენ:

„ამდენად, მეორადი სანქციის რისკისა და უზარმაზარი რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს მთელი დასავლური ცივილიზებული სამყარო, განსაკუთრებით კი - დასავლური საფინანსო სისტემა.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საბანკო სისტემაც დასავლური სისტემის ნაწილია, ის მის წესებს უნდა დაემორჩილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ბანკებმა (არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“) სანქცირებულ ტელეკომპანიებს ანგარიშები უნდა გაუყინონ და მათ ყველანაირ ფინანსურ სერვისსა და მომსახურებაზე უარი უთხრან, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი საფრთხეს მათსავე ბიზნესს შეუქმნიან“.

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქციები „იმედსა“ და „პოსტვის“?

TI აღნიშნავს, რომ ანგარიშების გაყინვისა და საბანკო სერვისების შეზღუდვის პარალელურად, დასანქცირებული პროპაგანდისტული არხები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან. კერძოდ:

  • ვეღარ მიიღებენ შემოსავლებს, მათ შორის რეკლამიდან, საბანკო ანგარიშსწორების გზით;
  • თანამშრომლებს ვერ გადაუხდიან ხელფასებს;
  • ვეღარ იყიდიან უცხოურ  სერიალებს;
  • გაუუქმდებათ გასართობი გადაცემებისთვის არსებული საერთაშორისო ლიცენზიები;
  • გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რომელსაც სანქცირებული ტელეკომპანიები იღებენ დასავლური კომპანიებიდან ან დასავლური კავშირების მქონე ქართული კომპანიებიდან;
  • დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში;
  • შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება/ვერ გაუშვებენ რეკლამებს;
  • ვეღარ აიღებენ სესხს და ვეღარ მიიღებენ ახალ დაფინანსებას;
  • ვერ გაყიდიან ან/და გააქირავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას;
  • ვეღარ შეიძენენ ან/და იქირავებენ ტექნიკას;
  • საბანკო ანგარიშსწორებით ვეღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს;
  • გაურთულდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა, როგორიცაა (დაზღვევა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, იურიდიული და საბუღალტრო მომსახურება);
  • თანამშრომლებს გაურთულდებათ საბანკო სესხების აღება.

„საყურადღებოა, რომ მეორადი სანქციის რისკი შეექმნება ყველა იმ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომელიც დასანქცირებულ ტელევიზიებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში დაეხმარება“, - წერს ორგანიზაცია.

რას გამოიწვევს „იმედისა“ და „პოსტვის“ დახმარება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, რომ მათი მხრიდან დასანქცირებული ტელევიზიებისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება, შესაძლოა, გახდეს მათთვის მეორადი სანქციების დაწესების საფუძველი: „სანქციების შესრულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესებით „იმედი“ და „პოსტვ“ გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში დაეხმარებიან.

შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავონ „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია იქნება მეორადი სანქციის სამიზნე“.

„ოცნების“ მხარდაჭერა პროპაგანდისტულ მედიებს და შავი ფულის ტრიალის რისკი

„პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების შემდგომ, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციები ცხადჰყოფს, რომ სანქციები მათთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა. ბრიტანული სანქციების გამოცხადებიდან მალევე, „ოცნების“ გუნდმა „იმედსა“ და „პოსტვის“ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც თან მოჰყვა თავდასხმები დიდ ბრიტანეთზე და ახსნა-განმარტებისთვის ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაც. „ოცნებამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მეტიც,  „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს ღიად მოუწოდა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ, სავარაუდოდ, კომპანიების მიმართ იქნება წნეხი სანქცირებულ ტელევიზიებში რეკლამის მიტანასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, შავი ფულის ტრიალის რისკებს ქმნის, კომპანიებს კი მეორადი სანქციების საფრთხის წინაშე აყენებს, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარების გამო. 

სანქცირებული პროპაგანდისტული მედიებისადმი მმართველი გუნდის წევრების დემონსტრაციული მხარდაჭერა და მათი დახმარებისკენ მიმართული ღია ძალისხმევა, კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ მძლავრ გავლენებს ხსენებული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკასა და საქმიანობაზე“, - წერს ორგანიზაცია.

ბრიტანული სანქციების ეფექტი

როგორც TI წერს, პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები დაიცვეს: „ამას მოწმობს ტელეკომპანია „იმედის“ 27 თებერვლის განცხადებაც, სადაც ტელევიზია განმარტავს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი „უმოკლეს დროში“ ახალ ბანკს - „იმედის ბანკს“ დააარსებენ, რომელიც მათ მოემსახურებათ. 27 თებერვალსვე  „რადიო თავისუფლებამ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანული სანქციების გამო „იმედში“ ხელფასები „ნაღდი ფულით“ - „კონვერტებით“ დაარიგეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართულ ბანკებში მათ მომსახურება უკვე შეეზღუდათ და სანქცირებულ ტელევიზიებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრათ ბიძინა ივანიშვითლის ოჯახთან დაკავშირებულმა და „იმედის“ აწ უკვე ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კუთვნილმა ბანკებმაც, შესაბამისად, „ქართუმ“ და „ლიბერთიმ“.

საბანკო სერვისებით სარგებლობით შეზღუდვის პარალელურად, „იმედი“ და „პოსტვ“ შემოსავალს ვეღარც რეკლამიდან მიიღებენ, რადგანაც ქართულ ბანკებს ეკრძალებათ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიებისთვის ნებისმიერი სახის ტრანზაქციის შესრულება. ამდენად, „იმედი“ და „პოსტვ“ თანხებს ვეღარც ეთერში გაშვებული კომერციული რეკლამისთვის მიიღებენ, ყველა შესაძლო შემოვლითი გზა კი - აღქმული იქნება როგორც სანქციებისგან თავის არიდება. შედეგად, ნებისმიერი ბიზნესმენი თუ კომპანია, რომელიც „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამისთვის თანხას გადაუხდის, ან მათ თანხის შემოვლითი გზით მიღებაში დაეხმარება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე თავად დადგება“.

დასანქცირებული არხები სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში?

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების გამოცხადებიდან მალევე, ორივე სანქცირებული პროპაგანდისტული ტელეარხის მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათ სანქციების თავიდან არიდებისა და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს:

„მაგალითად, პროპაგანდისტული არხების დასანქირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრმა ორი ახალი ორგანიზაცია შპს „იმედის მხარდამჭერები“ და შპს „პოსტივის მხარდამჭერები“ დაარეგისტრირა. პირველის 100%-იანი წილის მფლობელი „იმედის“ სოციალური ქსელების მენეჯერი, ნიკა კლდიაშვილია, „შპს პოსტივის მხარდამჭერების“ 100%-ს კი გიორგი შენგელია ფლობს.

დაწესებული სანქციების გამო, 25 თებერვალს, გაითიშა „იმედის“ ვებგვერდები -  imedinews.ge  და imedi.ge. მათი ფუნქციონირება მეორე დღეს აღდგა. გავრცელებული ცნობებით, „იმედმა“ ვებსაიტის უსაფრთხოების სისტემა რუსულ კომპანიაზე  გადაიყვანა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ იყენებენ. თავად „იმედმა“ ინფორმაცია უარყო და მას „პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის“ მიერ გავრცელებულ „მორიგი ტყუილი“ უწოდა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ ბოლო კვლევამ ისიც აჩვენა, რომ  „იმედისა“ და „პოსტვისთვის“ Meta-ს მიერ მისი სოციალური ქსელების პლატფორმაზე საკუთარი კონტენტის დასპონსორება/რეკლამირების შეზღუდვის შემდეგ, ისინი ახალი გვერდების დარეგისტრირებას და კონტენტის ამ გზით რეკლამირებას ცდილობენ.

გარდა ამისა, „მითების დეტექტორის“ კვლევამ ისიც გამოკვეთა, რომ „იმედსა“ და „პოსტვის“ დასანქცირების შემდეგ, მათი მასალების გამოქვეყნებასა და დარეკლამებაში აქტიურად ეხმარებიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ახლადშექმნილი მედიაპლატფორმები, რომლებიც მათ მასალებს მანამდეც აქვეყნებდნენ. ერთ-ერთის მფლობელი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილია.

ასევე, საგულისხმოა, რომ რუხაძის „იმედიდან“ წასვლიდან რამდენიმე დღეში, „იმედის“ 100%-იანი წილის მფლობელ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან მფლობელობაში არსებულ კიდევ 4 სხვა კომპანიაში - „შპს IMEDI FILMS“, „შპს ტელეკომპანია აისი“, „შპს თაჩ მედია“ და „შპს ჯი-დი-ეს თი-ვი“ - დირექტორის თანამდებობები „იმედის“ თანამშრომლებმა და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10%-10%-იანი წილების მფლობელებმა - მარიამ ლომიძემ და მაია ჩიგოშვილმა დაიკავეს. „იმედის“ მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში განხორციელებული ცვლილებები, იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ, შესაძლოა, არსებობდა წინასწარი ინფორმაცია „იმედის“ დასანქცირების შესახებ და ნაჩქარევი გადაადგილებები აღნიშნული კომპანიების გავლით, სანქციების თავიდან აცილების მცდელობასთან უნდა იყოს დაკავშირეული. ნესბიმიერ შემთხვევაში, ამგვარი კონფიგურაცია, სანქციების გვერდის ავლის კარგ წინაპირობას ქმნის.

გარდა ამისა, „იმედის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ და ასევე პროსამთავრობო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ფლობენ შპს „უნიმედიას“ 50%-50%-იან წილებს და მათი პარტნიორობა, შესაძლოა, სანქციების თავიდან აცილების დამატებით მექანიზმად იქნას გამოყენებული საერთაშორისო და ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის ნაწილში“.

ვინ ყიდულობს სარეკლამო დროს „იმედსა“ და „პოსტვზე“?

„ტელეკომპანია „იმედს“ უკვე წლებია, პირველი ადგილი უკავია სარეკლამო შემოსავლების კუთხით და პროსამთავრობო „პოსტვისთან“ და „მედია ჰოლდინგთან“ („რუსთავი 2-თან“) ერთად, მნიშვნელოვნად უსწრებს კრიტიკულ მაუწყებლებს („ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“), რომელთა რეკლამიდან მიღებული შემოსავალი, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, კიდევ უფრო მწირია. მაგალითად, 2025 წელს, მხოლოდ ტელეკომპანია „იმედმა“ 45 მლნ ლარზე მეტის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარია. გასულ წელს 7.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „პოსტვმაც“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ქართული სატელევიზიო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა და სარეკლამო შემოსავლების უდიდეს ნაწილსაც ის იღებს, უკვე წლებია, კომპანია ვერც მოგებაზე გასვლას ახერხებს და ვერც ხარჯების შემოსავლებით დაფარვას უზრუნველყოფს. მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს „იმედმა“ თითქმის 68 მლნ ლარით იზარალა. მთლიანობაში მისი ზარალი 454 ლარამდეა გაზრდილი და 391 მლნ ლარის ვალი აქვს. 2024 წელი 1 მლნ-იანი ლარის ზარალით დახურა „პოსტვიმაც“.

საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს შეღავათიანი სესხების გზით, მასთან დაკავშირებული კომპანიების - „ბანკი ქართუ“, „შპს ქართუ ჯგუფის“, Wenigen Management Limited - საშუალებით. მოცემული მომენტისთვის, „ბანკი ქართუსა“ და „შპს ქართუ ჯგუფის“ 100%-100%-იან წილებს ფონდი „ქართუ“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ სს „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა, ამ უკანასკნელის 35%-იანი წილის მფლობელი კი - ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია,  დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული. მთლიანობაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ „იმედის“ ჯამური სასესხო დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის 50%-ია.

იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციების კომისია, ტელევიზიებისგან სარეკლამო დროის შემსყიდველი კომპანიებისა და მათ მიერ ტელევიზიებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას კვარტალურად აქვეყნებს და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გამოქვეყნდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „იმედისა“ და „პოსტვის“ მოქმედი სარეკლამო კონტრაქტორები მედიამონიტორინგის პრინციპით გამოავლინა, რისთვისაც სრულად დამონიტორინგდა ტელევიზიების 24 თებერვლის საეთერო ბადეები (24 სთ).

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „იმედისა“ და „პოსტვის“ სანქცირების მომენტისთვის მათ სარეკლამო დამკვეთებს შორის იყვნენ: კოკაკოლა, მაკდონალდსი, პსპ, ავერსი, მეამა, კარფური, სანდომი, გლოვო, სანტე (სანტინო), ბორჯომი, RMG, Hyundai Auto-Georgia, Head & Shoulders; Pantene, m2, Pampers, Raffaello და სხვ. სანქცირებულ ტელეციზიებში რეკლამას ათავსებს საქართველოს კულტურის სამინისტროც. (ტელევიზიების მიხედვით რეკლამების ჩამონათვალი ნახეთ ცხრილში #1).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს შორის დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები საჯარო არ არის, ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, რთულია როგორც სარეკლამო დროის შესყიდვაში გადახდილი თანხის გამოთვლა, ასევე იმის დადგენა თუ რა ვადით აქვთ კომპანიებს ეს მომსახურება ნაყიდი. ამ მომენტისთვის არც ის არის ცნობილი, რომელი მათგანი აპირებს მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამ მხრივ არსებული სურათი მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ნათელი.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც სანქციების დაწესებიდან 4 დღეში განაცხადა, რომ „არ ითანამშრომლებდა სანქცირებულ კომპანიებთან“ ყავის მწარმოებელი კომპანია „მეამა“ იყო, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთია და რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმის ქვისლი, თამაზ ხარაიძეა. თუმცა, განცხადებიდან მეორე დღესვე, კომპანიამ დააზუსტა, რომ მათ უარი არ უთქვამთ „ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, „იმედთან“ და „პოსტვისთან“ თანამშრომლობაზე“ და ეს პროცესი კვლავინდებურად გაგრძელდება“, - წერია კვლევაში.

ვინ ფლობს სანქცირებულ „იმედსა“ და „პოსტვის“?

ორგანიზაცია წერს, რომ ბრიტანეთის მიერ ორი პროპაგანდისტული არხის დასანქცირებამდე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი რუხაძე იყო: „მაგალითად, რუხაძესა და ივანიშვილს საერთო ბიზნესინტერესები აქვთ ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელ უმსხვილეს ქართულ კომპანიაში „ქართული ცემენტი“.

„იმედის“ დასანქცირებამდე 18 დღით ადრე, 6 თებერვალს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის ტელეკომპანიის წილების მფლობელობიდან გადიოდა და კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-ს, რომლის საშუალებითაც იგი მის  უცხოელ პარნიორებთან ერთად „იმედს“ ფლობდა, „იმედის“ თანამშრომლებსა და კომპანია „პრაიმ მედია გლობალს“ გადასცემდა. შედეგად, „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილი სიმბოლურ ფასად - 1 000 ლარად „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა, რომელმაც თავის მხრივ, 10%-10%-იანი წილები - ასევე სიმბოლურ ფასად 100-100 ლარად „იმედის“ თანამშრომლებს - ნათია სონღულაშვილს, ირაკლი ჩიხლაძეს, მარიამ ლომიძეს, მაია ჩიგოშვილს და ვასილ კალანდარიშვილს გადასცა. ბრიტანეთის სანქციების დაწესებიდან მეორე დღესვე, 25 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ კიდევ სამ წევრთან ერთად „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოც დაჩქარებული წესით დატოვა.

რუხაძის „იმედიდან“ ნაჩქარევად გასვლამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამ ქმედებით მან პირად სანქციებს აარიდა თავი. ირაკლი რუხაძე „იმედიდან“ წასვლის შემდეგ, მედიასთან პირველად 19 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდზე გამოჩნდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები არის „აბსოლუტურად დაუმსახურებელი“ და რომ ამით „იმედს“ არაფერი შეეტყო და არც მომავალში შეეტყობა.

„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან 4 წევრის გასვლიდან დაახლოებით 20 დღეში, 13 მარტს, არხის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ საჯარო რეესტრს სამეთვალყურეო წევრების ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი;

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ასევე „იმედის“ მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. საბჭოს წევრები: მაგდა (მაგდალინა) ანიკაშვილი - „იმედი LIVE-ისა“ და „ღია ეთერის“ წამყვანი; მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, აგრეთვე ტელევიზიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი; ილია მიქელაიშვილი - „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მფლობელი.

რაც შეეხება „პოსტვის“, მის 52%-იან წილს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. ჯაფარიძე არაერთხელ იყო მხილებული სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და კავშირებში. „პოსტვის“ 24%-24%-იან წილებს ამავე არხის წამყვანი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, შალვა რამიშვილი და თემურ ჭარელაშვილი ფლობენ.

საგულისხმოა, რომ ჯაფარიძემ პროპაგანდისტული ტელევიზიების სანქცირებამდე 25 დღით ადრე, წილები სამართავად სხვა პირს - ზაზა მარიდაშვილს გადასცა, რომელიც 2017-2022 წლებში კასპის მერის მოადგილე იყო“.

რას საქმიანობს „პრაიმ მედია გლობალი“ და ვინ არის მისი მფლობელი?

კვლევის მიხედვით, „პრაიმ მედია გლობალი“ სატელევიზიო რეკლამის გამყიდველი შუამავალი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ილია მიქელაიშვილია: „კომპანია ტელევიზიაში რეკლამის განთავსების მსურველებს პროსამთავრობო ტელეკომპანიების -  „იმედის“, „GDS-ის“, „რუსთავი 2-ის“, „მაესტროს“ და „პოსტვის“ სარეკლამო დროს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სარეკლამო დროს ტელევიზიების ნაცვლად თავად ყიდის და დამკვეთის რეკლამას, მისი სურვილისამებრ, შესაბამის ტელევიზიას გადასცემს, სარეკლამო მომსახურების თანხასთან ერთად. სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიის მიერ გაყიდული სარეკლამო დროის დიდი წილი ტელეკომპანია „იმედზე“ მოდის. გამოცემა „ბიემჯის“ ცნობით, 2024 წელს კომპანიამ რეკლამის გაყიდვისგან 29.5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 26.4 მლნ ლარის რეკლამა ტელევიზიებში განათავსა, 3.1 მლნ ლარი კი - შემოსავლის სახით დარჩა“.

კვლევა - „რომელი კომპანიები აფინანსებენ დასანქცირებულ რუსულ პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „პოსტვის“ რეკლამით და ვის ემუქრება მეორადი სანქციები?“ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 



ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 2025 წელს 45.04 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის შემოსავალზე 20.2 მილიონი ლარით მეტია. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 1.4 მილიონით გაიზარდა POSTV-ის კომერციული შემოსავალიც.

2025 წელს 8.3 მილიონით გაიზარდა და 18.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „რუსთავი 2“-ის („მედია ჰოლდინგის“) კომერციული სარეკლამო შემოსავალიც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს 2.6-ჯერ გაიზარდა GDS-ის კომერციული შემოსავალიც.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანიებმა: „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ კი გასულ წელს ჯამში 10 585 573 ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, რაც 4-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“.

analytics.comcom.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, როგორი იყო ტელეკომპანიების მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავლები.

[კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს].

* შენიშვნა: analytics.comcom.ge-ზე იძებნება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ 2021 წლის I და II კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალიც - ჯამში 489 621ლარი, რომელიც ქარდზე ასახულ „მედია ჰოლდინგის“ შემოსავალში გათვალისწინებული არ არის. „რუსთავი 2“ და „პრაიმ ტაიმი“ „მედია ჰოლდინგში“ სწორედ 2021 წელს გაერთიანდნენ.