მულტიმედია
Emerging Voices ჰაკათონისთვის საგამოძიებო იდეების მიღება 4 ოქტომბერს სრულდება

საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. 

ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. 

IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:

• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.

• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება.

• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა - წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.

„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ. 

გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის. 

Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ. 

Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to Solutions - An Investigative Path to Survival and Renewal.  



საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე 6 წლით დავით ქართველიშვილი გახდა



საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ქართველიშვილი გახდა. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა. ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 6 წლის ვადით აირჩიეს. 

„ბატონო ვასიკო, კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. მართლა დიდი მადლობა. ჩემთვის არაფერი არ შეიცვლება ამით გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზრდება და მით უმეტეს, რომ ბატონი გია მურღულიას შემცვლელი, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც თავი უნდა გავართვა. 

მთავარია ჩემთვის, თქვენთან ერთად აი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ძალიან პერსპექტიული, ძალიან სიმპატიური და მოსახლეობის ძალიან დიდი მასების მიერ ნდობით აღჭურვილი სატელევიზიო და რადიო მაუწყებელი მართლა ფლაგმანი გახდეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა მან 29 ოქტომბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ. 


დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელია. სამთავრობო მედიები მას, როგორც ანალიტიკოსს ხშირად ციტირებენ. პარლამენტმა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში აირჩია. აქამდე, 2024 წლის 1 თებერვლიდან, ვასილ მაღლაფერიძის მოადგილე გია მურღულია იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, მისი შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარი (დარიცხული). 

ამჟამად სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია, რადგან ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილი კანდიდატებიდან ასარჩევად საჭირო ხმა ვერცერთმა ვერ დააგროვა. 

--------------
„პარლამენტის რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი შეიცვალა. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, გაუქმდა წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. ახლა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის 1 თანამდებობაზე პირის ასარჩევად მას მეურვეობის მხოლოდ 1 კანდიდატი წარედგინება. 
--------------

სამეურვეო საბჭოს დანარჩენი წევრები ახლა არიან: დავით ქართველიშვილი, გია მურღულია, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ლაშა ტუღუში, იზაბელა ოსიპოვა, თამილა დოლიძე, გია კოხრეიძე, გია იაკობაშვილი, სოსო სტურუა და ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარედ მეორე ვადით არის არჩეული. 


„მითების დეტექტორი“: ვის წინააღმდეგ ავრცელებდა დეზინფორმაციას საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე?

(ფოტო: „მითების დეტექტორი“)


ფაქტების გადამოწმების პორტალის - „მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახლად არჩეული  მოადგილის, დავით ქართველიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი წარსულში არაერთგზის გადაუმოწმებიათ. 

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, ქართველიშვილის მიერ გავრცელებული გზავნილების სამიზნეები იყვნენ: დასავლური ინსტიტუტები და პოლიტიკოსები, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, საქართველოს ოპოზიცია:

„გადამოწმებულ შემთხვევებში გვხვდება თვითმარქვია მედიაშინაარსის გავრცელება, განცხადებების კონტექსტის შეცვლა, გენდერული დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები“. 

მასალაში - „ვის წინააღმდეგ ავრცელებდა დეზინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე?“ „მითების დეტექტორს“ თავმოყრილი აქვს მაგალითები, რომლებიც „აჩვენებს, რა მტკიცებებს ავრცელებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ახალი მოადგილე, ვის წინააღმდეგ იყო ისინი მიმართული და რომელი მედიასაშუალებები აძლიერებდნენ მათ“. მათ შესახებ ვრცლად ამ ლინკზე იხილავთ.

„მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული მონაცემებით, დავით ქართველიშვილი მათ შორის, ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს:


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით ქართველიშვილი 6 წლის ვადით 29 ოქტომბერს აირჩიეს. მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაასახელა და მხარი, ლაშა ტუღუშისა და ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა, ყველამ დაუჭირა. 

ქართველიშვილი პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით 2026 წლის ივნისში აირჩია. 


სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიის ოპოზიციურ „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხების შემდეგ, სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის [RTS] დირექტორი, მანია გრჩიჩი გადადგა, მანამდე კი საინფორმაციო პროგრამის მთავარი რედაქტორი, ბოიანა მლადენოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

როგორც Reuters-ი წერს, გრჩიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება პროფკავშირების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. მისი განცხადებით, ის აცნობიერებს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის მისი თანამდებობაზე დარჩენა „დროებით ცვლილებების შემაფერხებელ გარემოებად აღიქმება“. 

მანია გრჩიჩი სერბეთის რადიოსა და ტელევიზიის გენერალურ დირექტორად 2026 წლის 11 თებერვალს დაინიშნა .  

RTS-ის სამეთვალყურეო საბჭომ კი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პროცედურა დაიწყო და დაინტერესებულ თანამშრომლებს განაცხადების შეტანისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, ვოევოდინის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTV-ის წამყვანმა, გორან ერორმა ინფორმაციის მრავალწლიანი დამალვისა და მოვლენების ცალმხრივი გაშუქებისთვის მაყურებელს პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა.

ამავე დღს თანამდებობა დატოვა RTV-ის პირველი არხის მთავარი რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნენად ჩაჩიჩმაც.