ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი ბოლო დროს კვლავ პოპულარული ხდება ქართულ მედიასივრცეში. მედიის ერთი ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ მკალავიშვილი საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონაა, მას წარმოგვიდგენს არა როგორც ქსენოფობიური იდეების ავტორს, არამედ როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის მებრძოლ ადამიანს, მარტვილსა და უსამართლობის მსხვერპლს.

1 მარტს „იმედის“ ტოკ-შოუ „იმედის კვირამ“ მკალავიშვილს სიუჟეტი მიუძღვნა.

ტოკ-შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანუკა ხაზარაძემ, სიუჟეტის დაწყებამდე

მკალავიშვილი სასულიერო პირად მოიხსენია, მაგრამ არ უწოდა მას „მამა“. ხაზარაძისთვის იგი უბრალოდ ბასილია („დღეს ბასილი უკვე თავისუფალია და მოღვაწეობას კვლავ გლდანის ეკლესიაში განაგრძობს“), სიუჟეტის ავტორისთვის კი - „მამა ბასილი“ და მეტიც - „პროტოპრესვიტერი“. ერთგან, როცა ავტორი თავის გმირს ფამილარულ კითხვას უსვამს („ისევ ისე ენერგიული ხართ თუ არა?“) ჩნდება ტიტრი: „ბასილ მკალავიშვილი, პროტოპრესვიტერი“.

„მამა ბასილ მკალავიშვილი ახლა უკვე 70 წლისაა და ამბობს, რომ ხშირად ავადმყოფობს. ერთი თვის წინ ტაძრიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მაგრამ ტაძრის აღდგენაში ფიზიკურად მაინც მონაწილეობს“, - გვიამბობს ჟურნალისტი და იმ დროს, როცა მაყურებელს უკვე შეცოდების ცრემლი უნდა მოერიოს, თავისი გმირის რიხიან განცხადებასაც წარმოგვიდგენს: „არავითარი სინანული მე არ გამაჩნია, რა თქმა უნდა, და მე მზადა ვარ, კიდე გავაგრძელო ბრძოლა ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის და მართლმადიდებლობისათვის, სარწმუნოების დაცვისათვის“.

ალეკო ცქიტიშვილი სიუჟეტის გმირის პორტრეტი ისე იხატება, რომ ეს ხატი ერთდროულად იწვევს მაყურებლის სიბრალულს, თანაგრძნობას, სიყვარულსა და მხარდაჭერას. ჟურნალისტი გვიჩვენებს და მოგვითხრობს, როგორ აქვს გამოკრული „მამა ბასილს“ ტაძარში, საგანგებო დაფაზე, „თავისი მოღვაწეობის ფოტომასალა“, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ცნობილ ჩინოვნიკებს (ფოტოებზე ჩანან: გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი). ჟურნალისტი ასევე ეხება მკალავიშვილისა და მისი „მრევლის“ მიერ „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელთა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს: „დღემდე ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა მაშინ, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთადერთი ნანობს, როცა მრევლთან ერთად სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებს თმებს ჯვრის ფორმით ჭრიდა. უბრალოდ, მაშინ მრევლის ყველა წევრის გაკონტროლება ვერ შეძლო“.

სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არც „თავისუფლების ინსტიტუტის“ და არც იეჰოვას მოწმეთა ან ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიცია.

ბასილ მკალავიშვილი სიუჟეტში იეჰოვას მოწმეებს ბოკერიას და პაიჭაძის ჯარს უწოდებს: „ერთ-ერთი სასამართლო დამთავრდა. ბოკერიას ორასი კაცი ჰყოლია იაღოველები ჩასაფრებული ნაძვებში. სასამართლო რომ დამთავრდა, გამოვედით ჩვენ იქიდან, გავუშვი ხალხი უკვე და ერთი 30 ადამიანი დავრჩით იქ და ამ დროს ბოკერია და დავით პაიჭაძე მოუძღვის ამ იმას, რა ქვია, თავის ჯარს, იაღოველებს და დეგვესივნენ ამ 30 კაცს და მერე ჩვენი მრევლიც მობრუნდა და გაიმართა იქ ხელჩართული ბრძოლა. ყველა ამ სექტანტებს ხელმძღვანელობს ბოკერია“.

ამის შემდეგ ჟურნალისტი მკალავიშვილს ეკითხება: „გინდოდათ, გეცემათ მაშინ ბოკერია?“ მკალავიშვილიც ამაყად და მუქარანარევი სიტყვებით პასუხობს: „ბოკერიამ საკმარისად მიიღო და კიდევ ემუქრება მრევლი. თუ კიდევ წინ აღუდგება მართლმადიდებლობას, ფიზიკურადაც გავუსწორდებით მათ“. ამ დროს სიუჟეტში კვლავ ჩანს საარქივო კადრები, სადაც ბოკერიას ტანსაცმელი აქვს შემოხეული და ტანზემოთ შიშველი გარბის.

სიუჟეტი ჟურნალისტის შესაბრალისი სიტყვებით მთავრდება: „ახლა ტკივილები აწუხებს. ტკივილები, რომელიც ცემისგან და ციხეში ყოფნის მერე დარჩა. როგორც თვითონ ამბობს, ახლა ისე ვეღარ ხმაურობს, როგორც ადრე, მაგრამ თუ საჭირო გახდა, თავს არ შეიკავებს. ამჟამად ტაძრის შემოსვით არის დაკავებული. სამრეკლო თვითონ დააპროექტა და გალავანიც უკვე აქვთ“.

ჟურნალისტი სიუჟეტის ფინალში მკალავიშვილის მრევლს ეკითხება: „ამბობს, რომ მტკივაო?“ ქალბატონი ტირის და გულამომჯდარი ძლივს პასუხობს: „კი“. ასე სენტიმენტალურად მთავრდება სიუჟეტი ადამიანზე, რომელიც ძალადობის გამო განკვეთეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ძალადობის გამო გაასამართლეს და დღესაც იმუქრება, რომ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, კვლავ ასეთ საქმიანობას გააგრძელებს.
კატეგორია - ბლოგი
„სპექტრი“- „კავკასიის“ სავიზიტო ბარათი 2015-02-28 რატომღაც მჯერა, რომ ნებისმიერ ქვეყანაშია ერთი პოლიტიკოსი მაინც, რომელიც ყველას ოპოზიციაში უდგას, არავინ და არაფერი მოსწონს და ყველას აკრიტიკებს. მოკლედ, მჯერა, რომ ყველგან არსებობს შალვა ნათელაშვილის მსგავსი პოლიტიკოსი და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რა თვისებებს და ხასიათის თავისებურებებს მოიაზრებს განზოგადებული სახე „შალვა ნათელაშვილი“... ქართული მედიის „შალვა ნათელაშვილის“ წოდება რომ არსებობდეს, მისი უალტერნატივო მფლობელი დავით აქუბარდია იქნებოდა, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, „სპექტრის“ სტუდიიდან თანამოაზრეებთან ერთად ესალმება მაყურებელს და ისიც მთელი საათით ქვეყნის ბედზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მართლმსაჯულებასა თუ სოციალიზმზე მეგობრული სჯა-ბაასის მოწმე ხდება. გულწრფელი საუბრები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე - „სპექტრს“ სატელევიზიო სივრცეში ეს ნიშა უკავია. მიმართვის ფორმებს და ეთერში ქცევას თუ დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ წამყვანი მაყურებელთან ისეა გაშინაურებული, ხანდახან საჭიროდ არც მიიჩნევს სტუმრების წარდგენას - რიგ შემთხვევებში მხოლოდ სახელიც საკმარისია. წამყვანი არც მეტყველების მანერასა და ფორმას ანიჭებს მნიშვნელობას: გაუმართავი წინადადებები, ხშირად და უმართებულოდ გამოყენებული კალკი და ბარბარიზმები („ვიგოდნიკი“, „დვარნიაშკა“ და სხვა), გადაცემის ძირითადი თემებისგან ხშირი გადახვევა ან სპონტანური ცვლილებები - „სპექტრის“ „საფირმო“ მახასიათებლებია. წამყვანი ხშირად სცდება ასევე ჟურნალისტის ამპლუას და სტუმრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ საკითხებზეც აძლევს რჩევებს. ასე, მაგალითად, ნინო გვენეტაძეს „სასამართლოების დირექტორობის“ შემთხვევაში, „იუსტიციის უმაღლესი კანტორის“ გაუქმებას და ალტერნატივის შექმნასაც სთხოვს. (ამერიკაში სულ ასეაო, მოჰყავს არგუმენტად. თან მაყურებელს განუმარტავს, რომ მიშამ სასამართლოს „კამასუტრა“ უყო და სისტემა ამოიდო.)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა უკრაინაში დანიშვნას გაკვირვებული ეხმაურება, აქაოდა, ეს „დვარნიაშკები“ და „ვიგოდნიკები“ თუ ასეთ მაღალ თანამდებობებზე მოსხდებოდნენ, როგორ წარმოვიდგენდიო. ამავდროულად კი ერთ-ერთ რუსულ ტელევიზიაში მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ ტენდენციურ გადაცემაზეა გაბრაზებული...

ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, იუბილართან ერთად, მოსახლეობასაც ულოცავს, შიგადაშიგ მთავრობასაც აკრიტიკებს, ჩაბმულ „ელექტრიჩკას“ უწოდებს.

ამ და სხვა უამრავი მაგალითის მოყვანა სავსებით საკმარისია იმის დასტურად, რომ გადაცემა “სპექტრი“ ჟურნალისტურ სტანდარტს არ ექვემდებარება: აქ ვერასდროს ნახავთ საწინააღმდეგო აზრის მქონე ორ სტუმარს, წამყვანი არც თავად უწევს მათ ოპონირებას, მეტიც, ხშირად სტუმარზე მეტს თავად საუბრობს ისე, თითქოს სტუმარი მხოლოდ იმისათვის სჭირდება, სტუდიაში რომ ეულად არ იგრძნოს თავი, ტენდენციურიც არის და ეთიკის სტანდარტებსაც არღვევს...

„კავკასია“ საინტერესოდ მოწყობილი ტელევიზიაა, სადაც, სხვა მაუწყებლებთან შედარებით დაბალანსებული და რაფინირებული საინფორმაციო გამოშვების ფონზე, აქუბარდიას „სპექტრი“სტანდარტიდან არის ამოვარდნილი.

მიუხედავად ამისა, სწორედ ეს გადაცემა იქცა ტელევიზიის სავიზიტო ბარათად.
კატეგორია - ბლოგი
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ჟურნალისტს ავალდებულებს, ხელი შეუშალოს სტერეოტიპების გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტის კომენტარი ნეგატიური სტერეოტიპებითაა გაჯერებული, ჟურნალისტმა კონტრკითხვები უნდა დასვას და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიშველიოს.

ზუსტად გაწერილი ადგილობრივი და საერთაშორისო გაიდლაინების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში, განსაკუთრებით გასართობ შოუებში, გენდერული სტერეოტიპები (სახეობათა მრავალფეროვნებით) კვლავაც უხვად გვხვდება. ხანდახან ისეც ხდება, უკვე დავიწყებული და დაძლეული რომ გგონია, იმგვარი სტერეოტიპებით სავსე გადაცემა გადის წამყვანი ტელეარხის ეთერში.

25 თებერვალს „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ნანუკას შოუ“ „სადედამთილოებსა და სარძლოებს“ მიუძღვნა.

წამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოყვანილი ქალები, რომელთაც სამი ტიპის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული: „სადედამთილო“, „მაჭანკალი“ და „სასურველი სარძლო“. მთელი გადაცემის განმავლობაში ქალი ნაჩვენები იყო, როგორც „შესაფასებელი ნივთი“, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ გათხოვდეს. კრიტერიუმებს ბიჭის მშობლები ადგენენ, გათხოვება კი, ქალისთვის როგორც მთავარი მიზანი, ისეა წარმოჩენილი.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჰკითხა სტუმრებს:

- „ - უნდა იყოს თუ არა რძალი მეგრელი?

- თქვენ არ ჰგავხართ მეგრელ დედამთილებს...

- მეგრელებს გაქვთ გვარებზე გართულება?

- რა არის მთავარი, რაც არ უნდა მეგრელს ოჯახში შესაშვებად?“

ზემოთ აღნიშნულ ბოლო კითხვაზე რესპონდენტმა უპასუხა:„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი, ეს არის პირველი და უმთავრესი, მეორე -აუცილებლად უმაღლესი განათლებით . . . მესამე არის კარგი დიასახლისი. აუცილებლად ღომი საცივი, ეს აუცილებელი პირობაა მეგრულად გაკეთებული...“

ამ პასუხის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტს ეკითხება: „დედისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, გოგოს როგორ გაათხოვებს თუ რძალი როგორი შემოუვა?“ მოგვიანებით კი შენიშნავს „მე როგორც მივხვდი, სამეგრელოში უფრო მთავარია იყო ქალიშვილი, ვიდრე მეგრელი“.

გადაცემის მსვლელობისას კიდევ ერთი სტერეოტიპი ძლიერდება - არაერთხელაა ხაზგასმული ის, რომ მამრობითი სქესის შვილი არის უპირატესი.

გადაცემაში მოწვეულია მომღერალი დათო ხუჯაძეც, რომელსაც წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში მხოლოდ ერთ საკითხზე შეეკამათა - რატომ ითვლება კაცის ღალატი უფრო მსუბუქად, ვიდრე - ქალის. რესპონდენტის თქმით, „ქალი უფრო მეტად ფაქიზია, ნაზია და სუფთა უნდა იყოს ვიდრე მამაკაცი“. წამყვანი განმარტებებს სთხოვს. საუბრის ბოლოს, ხუჯაძე ამბობს, „ეპატიება, კაცია რა, ცხოველია“. წამყვანი სიცილით ხვდება ამ ნათქვამს და ამბობს - „ო, ეს მოსულა, მივიღე სათანადო პასუხი“.

შესაძლოა, ამ გადაცემის მომზადებისას, წამყვანის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების წარმოჩენა და მათი დისკრიმინაციული ხასიათის ჩვენება იყო, თუმცა შექმნილი პროდუქტით მიზანი მიუღწეველი დარჩა. გადაცემაში გაჟღერებულ სტერეოტიპებს წამყვანი რომ არ ეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს მის მიერ წარმოთქმული რეპლიკა, „მეშინია, არ გეგონოთ, რომ რამე განსხვავებულს ვფიქრობ“.

საერთო ჯამში, გადაცემამ შემდეგ უარყოფით სტერეოტიპებს მოუყარა ერთად თავი:

ქალი, რომელიც ქალიშვილი არ არის, სიგარეტს ეწევა, ტატუ აქვს და დახეული ჯინსებით დადის, ოჯახში შესაშვები არ არის;

გოგოები კვლავაც მაჭანკლის დახმარებით თხოვდებიან;

რძლებს დედამთილები ირჩევენ;

მეგრელის ოჯახში მეგრელი რძალი უნდა შევიდეს;

მამრობითი სქესის შვილი უპირატესია;

კაცი ცხოველია და ამიტომ მას ღალატი ეპატიება, ქალს კი არა;

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. იქვე ნათქვამია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

ამავე მუხლის განმარტების თანახმად, პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდაქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.