რა ხდება მაშინ, თუ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვა მედიასაც შეეხო
16.03.2020
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს მთავრობაში ჯერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ თუ ამის საჭიროება დადგა, ქვეყანა ამ რეჟიმზეც გადავა.

“მედიაჩეკერი” დაინტერესდა რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა მედიისთვის, იმ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ინფორმაციის გავრცელებასაც შეეხება.

როდის ცხადდება და რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა
 
საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა პირობებში. ერთ-ერთი პირობა, რა დროსაც ასევე შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, არის ეპიდემია.

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერმინისტრის წარდგინებით.

პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტს, რომელსაც შემდგომ ისევ პრემიერის თანახელმოწერა სჭირდება. პრემიერის ხელმოწერის შემდეგ დეკრეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დოკუმენტი ძალაში შედის მისი გამოცემისთანავე და პარლამენტი მის ნამდვილობას ადასტურებს პირველი შეკრებისთანავე.

საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები იზღუდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების უფლება, ან თუნდაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განმარტებით, დეკრეტის გამოცემა არ ნიშნავს რომ კონსტიტუციაში ჩამოთვლილი ყველა უფლება ავტომატურად იზღუდება. დეკრეტში უნდა მიეთითოს რომელი უფლებები შეიზღუდება.

თუ შეზღუდვა მედიასაც შეეხო


ნიკოლოზ სიმონიშვილის განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა რომც გამოცხადდეს, ამ ეტაპზე ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა არ დგას. ამ უფლების შეზღუდვას, თუ ეს დღის წესრიგში დადგება ( მე-3, მე-5, მე-7 პუნქტები), ძალიან საფუძვლიანი დასაბუთება დასჭირდება.

ნიკოლოზ სიმონიშვილი ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად დეზინფორმაციისგან, ე.წ. ფეიკნიუსებისგან თავის დაცვა, ან საზოგადოების დაცვა საყოველთაო პანიკისგან, თუ ასეთი რამ იარსებებს.

“თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, უნდა იცოდეს რა ხდება იმ გარემოში სადაც იმყოფება. თუ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოემსახურება იმას, რომ მეტად დაცული იყოს მოქალაქე, ანუ, მეტი საზოგდოებრივი სიკეთე თუ ექნება, თუ პროპორციული იქნება ასეთი ჩარევა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას მოემსახურება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, როგორც ვახსენე, ამ დროისთვის ამის საჭიროება არ დგას”, - ამბობს იგი.

თუ დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ შეზღუდვა ინფორმაციის გავრცელებასაც შეეხო, მაშინ, ნიკოლოს სიმონიშვილის განმარტებით, დეკრეტში დეტალურად უნდა აისახოს რაში იქნება გამოხატული ეს შეზღუდვა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც შეზღუდვა არ შეეხება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა.

“არის პატარა გამონაკლისი, რასაც იცნობს მაუწყებლობის შესახებ კანონი. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვა ხვდება ყველასთვის, საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურთან შეთანხმებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო რეჟიმში უნდა იმაუწყებლოს, თუმცა, ყველა ინფორმაცია იქნება დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობასთან”, - ამბობს იგი და აქვე კიდევ ერთხელ დასძენს, რომ თუ შეზღუდვა კონსტიტუციის მე-17 მუხლსაც შეეხება, ინტერნეტის ნაწილიც შეიზღუდება, ანუ, შეზღუდვები შეეხება ონლაინ მედიებსაც და ინტერნეტში გამოქვეყნებულ სხვა ინფორმაციასაც, რაც ყოვლად დაუშვებელი იქნება, - “ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვა უნდა იყოს ძალიან, ძალიან უკანასკნელი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ გამოიყენოს”.


გარეკანის ფოტო: CNN

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ