მედიამ გახმაურებული მკვლელობა თსუ-ს პროფესორს შეცდომით დაუკავშირა
24.05.2017
20 მაისს, ორთაჭალაში, შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მოკლულის ქალიშვილი დააკავეს. მოკლულის ვინაობის შესახებ მედიაში განსხვავებული ვერსიები გამოქვეყნდა. Kvira.ge, intermedia.ge, newpost.ge, presa.ge გარდაცვლილს მარინე მინდორაშვილად მოიხსენიებდა და სტატიების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილი თსუ-ს პროფესორია. საქმის პროკურორის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან კი ვიგებთ, რომ მოკლული არა მარინე მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილია,.

მედიაჩეკერს დაუკავშირდა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მაია (მარინე) მინდორაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიის მიერ გარდაცვლილის სახელის არასწორად გავრცელებამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მისი სახელი და გვარი ამ მკვლელობას დაუკავშირდა:

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შეცდომაში შეყვანილია უამრავი ადამიანი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი აკადემიურ თანამდებობაზე ბოლოს, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტმა, რომელმაც პირველმა გაიგო ამ ინციდენტის შესახებ, ყური მოკრა, რომ მოკლულის გვარი იყო მინდორაშვილი და ის ლექტორი იყო, შემდეგ დაგუგლა, და ინტერნეტმა მე ამომაგდო, რადგან აკადემიური საბჭოს წევრი ვარ, ინტერნეტში მრავლად არის ჩემზე ინფორმაცია. გარდა ჩემი სახელის, გვარის და აკადემიური თანამდებობისა, ჩემი CV-დან ამოღებული მონაცემებიც არის ინფორმაციაზე მიბმული. ამიერიდან, ინტერნეტში ეს მკვლელობა ჩემს სახელს დაუკავშირდება, რაც ცხადია, არასასიამოვნო მდგომარეობაში მაყენებს, “ - ამბობს მაია მინდორაშვილი მედიაჩეკერთან საუბრისას.

გარდა ამ ფაქტობრივი შეცდომისა, მედიაში თემის სენსაციურ კონტექსტში გაშუქებაც შეინიშნებოდა. სანამ გამოძიება დეტალებს დაადგენდა, მედიამ ბრალდებულის მკვლელად მოხსენიება მოასწრო და პირის დამნაშავედ ცნობამდე, მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ „ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა“.

მოგვიანებით კი, იმ ფაქტმა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ბალერინა აღმოჩნდა, მედიის მიერ მისი პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება და თემის სენსაციურ, სენტიმენტალურ ჭრილში გაშუქება გამოიწვია. რამდენიმე ონლაინ და ბეჭდური გამოცემა ბრალდებულის თანამშრომლებთან და მეზობლებთან არკვევდა, მის პიროვნულ თვისებებს, იმას, თუ რატომ არ ჰყავდა ბრალდებულს შვილები ყოფილ ქმართან. გავიგეთ არა მხოლოდ ყოფილის ქმრის ვინაობა, არამედ ყოფილი მამათილისა და მისი ძმის პროფესიული საქმიანობის დეტალებიც. მედია მეზობლებისგან ცდილობდა მკვლელობის მოტივის გარკვევას.

„რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ;“ „დედის მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი - რას ჰყვებიან ბალერინას კოლეგები;“ „ამიერიდან დიდ სცენას ციხის კარები შეცვლის" - რას წერს ლიკა ყაზბეგი ბალერინაზე, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული,“ - ეს ის ხმაურიანი და სენსაციური სათაურების ნაწილია, რომლებითაც მედიამ ამბავი გააშუქა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მედიის მხრიდან მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას მიზანშეწონილია:

ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცედენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროება

მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის

თეგები : არაზუსტი ინფორმაცია ;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ