ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ქართულმა მედიამ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების შესახებ, ძირითადად ახალი ამბების გამოშვებებში გააშუქა. ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა „ბარიერის“ პირველი ივლისის გამოშვება კი მთლიანად ამ თემას მიეძღვნა.

26 ივნისს “მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოშვების მიწურულს ნახევარი წუთი დაეთმო. 28 ივნისს გაშუქდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საკვირაო ქადაგება. ქადაგებაში ილია მეორე ამერიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას “დიდი შეცდომა” უწოდა.

“მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი კიდევ ერთხელ 1 ივლისს მოხვდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში ზიმბაბვეს პრეზიდენტის ხუმრობა გაუშვა. მასალაში ჟურნალისტმა თქვა, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტმა “ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ამერიკაში მიემგზავრება, რათა ობამას დაქორწინება შესთავაზოს”. ახალ ამბავს ტიტრიც ჰქონდა წარწერით: “ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ობამას ხელი სთხოვა”.

ტელეკომპანია „იმედმა“ ამავე თემას დრო 29-30 ივნისს საინფორმაციო გამოშვებაში დაუთმო. მათ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს დაქორწინების უფლება მიეცათ. სიუჟეტში სტამბოლში მიმდინარე მოვლენებზეც იყო საუბარი, სადაც ლგბტ პირთა მომხრეების აქცია პოლიციამ დაშალა. სტუდიაში ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრეს. 30 ივნისს „იმედმა“ კვლავ გააშუქა ეს საკითხი. ამჯერად, სიუჟეტის თემა, ის პროტესტი და კრიტიკა იყო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წევრიც ჩაწერეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს ჩვენ არ გვემუქრება. ამერიკა სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ არაფერი გვესაქმება მის გადაწყვეტილებებთან“.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, აშშ-ში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხი მათ ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. 26 ივნისს კი თემას დრო საღამოს გამოშვებაში დაუთმეს. მასალაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეხვდა ამერიკული საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მაესტრომ“ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღის გამოშვებებშიც გააშუქა. 29 ივნისს კი საღამოს გამოშვებაში ტელეკომპანიამ ვრცლად მიმოიხილა პრემიერის ინიციატივა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერასთან დაკავშირებით. „მაესტრომ“ პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თემაც განიხილა. მაესტროს 9-იანის ეთერი სტუმრებს დაეთმო, რომლებმაც პრემიერის ინიციატივა შეაფასეს.

რაც შეეხება „კავკასიას“ - ტელეკომპანიამ გააშუქა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება, ისე საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. 1 ივლისის “ბარიერის“ თემა იყო, თუ რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამერიკაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ტოკშოუს განსახილველი საკითხი ასე წარუდგინეს მაყურებელს: “რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და რა გავლენას მოახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დანარჩენ მსოფლიოზე? პოლიტიკური განცხადებები, ემოციური შეფასებები და დებატები ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გარშემო. რატომ თვლიან მოწინააღმდეგები, რომ მალე შესაძლოა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი საქართველოშიც დადგეს? რა არგუმენტები აქვთ მომხრეებს, ვისთვისაც ამერიკის გადაწყვეტილება მისაღებია? ახალი ამერიკული რეალობა და ქართული რეაქცია”.


გადაცემაში მიწვეულ სტუმართაგან 2 პოლიტიკოსი იყო და ორივე მათგანი, გარდა იმისა, რომ არ იზიარებდა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას, აშკარად ჰომოფობიურად იყო განწყობილი და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდნენ, ასევე აღვივებდნენ ანტიდასავლურ სტერეოტიპებს. ისინი არ აცდიდნენ სხვა სტუმრებს საუბარს და გადაცემის მსვლელობისას წამყვანის ნაცვლად სვამდნენ კითხვებს.

წამყვანს უპასუხოდ არ დაუტოვებია სტუმართა არცერთი ჰომოფობიური გამონათქვამი და ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა სადავეები, თუმცა, როგორც თავადვე განაცხადა ერთ-ერთ სტუმართან დისკუსიისას, მას აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება წაკითხული არ ჰქონდა.

ასევე, მცდელობის მიუხედავად, წამყვანმა ვერ შეძლო სტუმრების მცდარ ბრალდებებზე ამერიკის პირველი პირების მიმართ და ფაქტობრივ შეცდომებზე სათანადო პასუხის გაცემა.

მაგალითად, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ „ბარაკ ობამამ პირდაპირი დავალება მისცა დიპლომატებს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ხაზი გაეტარებინათ ყველა სხვა ქვეყანაში“. ბაღათურიას თქმით, ამ დავალების მიხედვით საქართველოსაც ექმნება საფრთხე, რადგან ხელისუფლება ამერიკის ზეწოლის ქვეშ მოექცევა და ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებას დააკანონებს.

ასეთივე განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა: “ბაიდენმა 2 თვის წინ უთხრა დიპლომატებს: მე არ მაინტერესებს თქვენ ქვეყნებში რა კულტურული ღირებულებები არსებობს, მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რა დონეზე არსებობს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცულობა თქვენს ქვეყნებში. ეს არის კულტურის მთავარი გამოვლინება. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ამ მიმართულებით არ დგამს ნაბიჯებს და ერთსქესიან პირთა ქორწინების მიმართულებით არ იცავს ლგბტ პირთა უფლებებს. ყველა ესეთმა სახელმწიფომ უნდა ზღოს არაადამიანურობისთვის”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა, ასევე, მაგალითად მოიყვანა ჯონ კერი, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თითქოსდა იმისათვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დამკვიდრდეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ბაიდენის მსგავსი ციტატა, რაც ახვლედიანმა ამოიკითხა, Mediachecker- მა ვერ მოიძია. რაც შეეხება ჯონ კერის, მან მართლაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თუმცა არა - ლგბტ ქორწინების დასაკანონებლად და ამ ტენდენციის სხვადასხვა ქვეყნებში დასამკვიდრებლად.

“დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ვერც ერთი კანონი ვერ აღუდგება სამართლიანობას წინ. სწორედ ამიტომ მე დავნიშნე პირველი სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, რენდი ბერი, რომელიც ყოველდღე იბრძვის ამ ადამიანების უფლებებისათვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს, ამაყები იმ პროგრესით, რასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და შთაგონებულები იმ გამოწვევებით, რაც უნდა დავძლიოთ”, - განაცხადა ჯონ კერიმ.

„ბარიერში“ რესპონდენტების ნაწილი იყენებდა ჰომოფობიურ გამონათქვამებს, თუმცა წამყვანი, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდა რესპონდენტებს და ხაზს უსვამდა, რომ მათი ნათქვამი ჰომოფობიური იყო. ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში განაცხადა, რომ ის ჰომოსექსუალებთან ერთად საჭმელს არ შეჭამს.

ჟურნალისტმა კი რესპონდენტს ასე უპასუხა:

“ბატონო ჯონდი, თქვენ თუკი თვლით, რომ ჰომოსექსუალების მიერ თქვენთან საჭმლის ჭამა პრობლემაა და თქვენ მათ არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევთ? ეს წარმოუდგენელი რამეა. არსებობს რაღაც ფასეულობები, რაც უნდა დავიცვათ. ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს და ნამდვილად, ვიღაცა უნდა დაგვეხმაროს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად”.
კატეგორია - ეთიკა
საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ რთულია. ჟურნალისტებს ონლაინ მედიაში ხშირად უწევთ თავიანთი ნამუშევრისა და საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა.

ქართულ მედიაში მასალის კოპირების რამდენიმე ხერხს იყენებენ. ერთი, როდესაც სრულად გადააქვთ ტექსტი, ფოტო და ვიდეომასალა და საერთოდ არ უთითებენ ავტორებს. უფრო მეტიც, ვიდეოსა და ფოტომასალაზე ლოგოს შლიან და საკუთარ ლოგოს ადებენ.

მეორე შემთხვევაა, როდესაც სტატიის ბოლოს უთითებენ წყაროს.

არის შემთხვევა, როცა სტატიას ბოლოს ურთავენ ორიგინალი საიტის ლინკსაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც საავტორო უფლებების დარღვევასა და ჟურნალისტური მასალების მოპარვაზე ხშირად ჩივის. გელა Mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით რეგიონში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ მასალის მომზადებისას ადგილზე ჩავდივართ, რესპოდენტებს ვეძებთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სატრანსპორტო ხარჯებთან, ჟურნალისტების ჰონორართან, დროსთან, შრომასთან. მე, როგორც დამსაქმებელი, ვხარჯავ სერიოზულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. ამ დროს ვიღაცა ჩემი რამდენიმე დღის ნაშრომს 3-5 წუთში აკოპირებს და საკუთარ რეიტინგს ზრდის. კი, ხანდახან უთითებენ ლინკსაც სტატიის ბოლოს, მაგრამ რა აზრი აქვს?! თუკი მთელი მასალა, ფოტო და ვიდეო გადაიტანე, ვინღა გადმოვა სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკზე?!” - ამბობს გელა მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარ გვერდზე შემდეგი მითითებაა: “ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ”. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ, თავდაცვის მიზნით, ამ გაფრთხილებას თან ურთავენ ექსკლუზიურ მასალებსაც. თუმცა ძალიან ცოტა მედიასაშუალება სარგებლობს ამ ინსტრუქციით ინფორმაციის გამოყენებისას. გელა ფიქრობს, რომ მასალის გამოყენებისას კარგი იქნება რომელიმე მედიასაშუალებამ წაიღოს მოკლე ინფორმაცია და მიუთითოს წყარო, ლინკი, სადაც ვრცლად შეიძლება სტატიის წაკითხვა.

გელა მთივლიშვილი იმ ჟურნალისტებს შორისაა, ვინც თავად უკავშირდება საავტორო უფლებების დამრღვვებს და თუ ასეთი ფორმით ვერ აგვარებს პრობლემას, ჩივილსაც არ ერიდება. ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობს რეალურ უფლებადამრღვევებს, რადგან ზოგიერთ ონლაინ გამოცემას საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს და რთულია დაადგინო, ვინ დგას მის უკან, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მედიაში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებებს განიხილავს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

2015 წლის 6 აპრილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გელა მთივლიშვილის საჩივარი ვანო ჯავახიშვილის (ტელეკომპანია “რუსთავი 2”) და ცოტნე გეგეჭკორის (ტელეკომპანია “იმედი”) წინააღმდეგ. მოსარჩელე ამბობდა, რომ მისი ვიდეო „ნაკურთხი პრემიების შესახებ“ საავტორო უფლებების დარღვევით გამოქვეყნდა “რუსთავი 2-სა” და “იმედის” ეთერში.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანო ჯავახიშვილმა და ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპი, სადაც აღნიშნულია: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება – პლაგიატი.“

საბჭოს განმარტებაში ვკითხულობთ, რომ “არც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და არც ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გასულ ვიდეოში არ ჩანდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო და არ ყოფილა არანაირი მითითება ვიდეო მასალის პირველწყაროზე”.

პლაგიატის პრობლემა “ლიბერალსაც” აქვს. გამოცემის რედაქტორები ცდილობენ პირადად დაუკავშირდნენ პლაგიატის შემთხვევებში შესაბამის რედაქციებს და მასალის შესწორებას სთხოვენ. ზოგიერთი გამოცემა ასეთ კომუნიკაციაზე რეაგირებს და ასწორებს, ზოგი კი - არა. “ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ამბობს, რომ ახალი ამბავი ინტელექტუალური საკუთრება არ არის და მისი დაცვა რთულია.

“ეს ეთიკის საკითხია და არა კანონის”, - ამბობს ვარდიაშვილი.

მისი თქმით, ისეთ გამოცემას, რომელიც ეთიკურ ღირებულებებს ყურადღებას არ აქცევს, ძნელია რაიმე მოსთხოვო და უკვე გამოქვეყნებული მასალა შეასწორებინო. ამიტომ ეთიკის ქარტიაში ჩივილსაც არ მიიჩნევს გამოსავლად.

შესაძლებელია თუ არა ახალი ამბების საავტორო უფლებების დაცვა? არის თუ არა სადმე გაწერილი, როგორ უნდა დაიცვან მედიასაშუალებებმა თავი პლაგიატისგან?

იურისტი ლიკა საჯაია განმარტავს, რომ საავტორო უფლებების შესახებ კანონი ვრცელდება ძირითადად, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ან ისეთ პროდუქტზე, რაც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხასიათისაა. მისი თქმით, ახალი ამბები ინფორმაციულია და არ განიხილება ინტელექტუალურ ნაწარმოებად, შესაბამისად, რთული იქნება მათზე საავტორო უფლებების დაცვა.

„შესაძლებელია მედიასაშუალებებმა პლაგიატის შემთხვევაში არა საავტორო უფლებების კუთხით, არამედ არაკეთლისინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი ნორმით მოითხოვონ სასამართლოში საკითხის გადაწყვეტა. თუკი მოხდება მათი პროდუქციის უნებართვო გამოყენება, მათ შეუძლიათ დაასაბუთონ, თუ რა ზიანი მიადგათ ამ პროდუქტის უნებართვოდ გამოყენებით და ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ“, - ამბობს ლიკა საჯაია. ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, შეუძლიათ სამოქალაქო სამართლის ნორმებით იმოქმედონ.

რაც შეეხება ფოტო და ვიდეომასალას, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ასახავდეს ახალ ამბავს, და ამავდროულად, იყოს ხელოვნების ნიმუშიც. ლიკა საჯაიას განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მასზე გავრცელდება კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. არის თუ არა ვიზუალური მასალა ახალ ამბავთან ერთად ხელოვნების ნიმუშიც, ამაზე სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ინდივიდუალურად იმსჯელოს.
კატეგორია - ეთიკა
6 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემაში გავიდა სიუჟეტი მაშველ გოგონაზე - “სუსტი ძლიერი სქესი”. სიუჟეტის გმირი 23 წლის სოფი ცისკარიშვილია - პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტია, რომელიც ამჟამად სამაშველო სამსახურში მუშაობს და აქტიურ სამაშველო საქმიანობას, მოდელობასაც უთავსებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სოფიმ “მაშველის პროფესია კარგად მოირგო და სტერეოტიპი დაარღვია”. აქვე, ჟურნალისტი სიუჟეტის გმირს სუსტი სქესის წარმომადგენელს უწოდებს: “23 წლის სოფი ცისკარიშვილი ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია სამაშველო სამსახურში".

ის ხაზს უსვამს ქალთან - როგორც “სუსტი სქესის” წარმომადგენელთან თანამშრომლების განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც: “მიუხედავად იმისა, რომ სოფის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ, ცდილობენ გაუფრთხილდნენ და მინიმალურად დატვირთონ”.

„სუსტი ძლიერი სქესი“ - ამავე სათაურითაა დაარქივებული სიუჟეტი, ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც. როგორც სიუჟეტის აღწერაში ვკითხულობთ,“ 23 წლის სოფო სამაშველო სამსახურის ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია (...) ის, გამორჩეული გარეგნობის გარდა, აქტიური ცხოვრების წესით სხვა ქალებისგან განსხვავდება“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედია საშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდა მონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედია გაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.
კატეგორია - ეთიკა
23 ივნისს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია „გურიელიძის კომპანია წყალქვეშა ნადირობითაა დაკავებული“. სტატიაში ორგანიზაცია „თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი“ თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს ბრალს სდებს წყალქვეშა ნადირობისა და სანადირო იარაღის გაყიდვაში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გურიელიძე შპს „პოსეიდონის სამყაროს“ მეწილეა. ეს კომპანია კი წყალქვეშა ნადირობის ტურებს მართავს და ვაჭრობს წყალქვეშა ნადირობისთვის განკუთვნილი იარაღით. ორგანიზაცია ამ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უთითებს.

მასალაში მოყვანილია „თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის“ წარმომადგენლის ციტატა:

„ზოოპარკის დირექტორს ზ. გურიელიძეს (ადამიანს რომელიც მუდმივად ცდილობს დაგვარწმუნოს რომ არის დაკავებული ცხოველთა გადარჩენით) რამდენად გააჩნია მორალური უფლება ეკავოს ზოოლოგიური პარკის დირექტორის პოსტი იმ დროს, როდესაც პარტნიორისა და მეწილის სახით არის ჩართული ბიზნესში, რომელიც დაკავებულია სანადირო იარაღის ვაჭრობითა და ნადირობის ტურების გამართვით. ბიზნესში, რომელიც ემსახურება ცხოველთა განადგურებას გართობისა და კომერციული მოგების მიზნით".

ზურაბ გურიელიძე მართლაც ფლობს კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ 5 პროცენტს. რეესტრში მითითებული წესდების მიხედვით, „პოსეიდონის სამყარო“ არის მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დაივინგს, წყალქვეშა ნადირობას, სპორტული თევზაობის, ეკოტურიზმის და სხვა საზღვაო და საწყლოსნო ტურების და კვლევითი ექსპედიციების მოწყობას“.

„გურია ნიუსის“ სტატიაში გამოქვეყნებისას არ იყო ზურაბ გურიელიძის კომენტარი. მეორე დღეს გაჩნდა მინაწერი, რომ გამოცემა ეცდებოდა მასთან დაკავშირებას. მოგვიანებით კი მასალა საერთოდ გაქრა საიტიდან.

ზურაბ გურიელიძის თქმით, „გურია ნიუსიდან“ ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია. გურიელიძემ Mediachecker-თან საუბრისას განაცხადა, რომ წყალქვეშა ნადირობა არ ნიშნავს წყალქვეშ იარაღით ჩასვლას და პირდაპირი გაგებით ნადირობას. წყალქვეშა ნადირობის დროს ადამიანი წყალში ჩადის ერთი პატარა ისრით, საყვინთავი აღჭურვილობის გარეშე. მას შეუძლია ხელით დაიჭიროს ერთი-ორი თევზი. ბუნებრივად მეტი თევზის დაჭერის შესაძლებლობა მას არ აქვს. გურიელიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიღებული ფორმა წყალქვეშა სამყაროს უკეთ გასაცნობად და არანაირად არ ეწინააღმდეგება მის საქმიანობას.

გარდა ამისა, „გურია ნიუსის“ მასალაში, რესპონდენტი ინფორმაციის წყაროდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უთითებს. თავად მასალაში ორგანიზაციის პოზიცია წარმოჩენილი არაა, მისი ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდა: „გვსურს აღვნიშნოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია.სავარაუდოდ, ხსენებული მონაცემების მოპოვება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი საძიებო სისტემისhttp://companyinfo.ge/ka/საშუალებით მოხდა, სადაც ავტომატურად იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ კომპანიაში წილის ფლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას ან ინტერესთა შეუთავსებლობის მაგალითს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბატონი გურიელიძის იმიჯის შელახვის მცდელობა უსაფუძვლოა“.

Media Checker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის ცალმხრივი იყო. რედაქტორის განმარტებით, ამავე თემის შესახებ ახალ სტატიაზე ამ წუთებში მუშაობენ.

ინფორმაციის შესწორების სტანდარტი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე მუხლშია განმარტებული: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში კი აღნიშნულია:“ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ“.

MediaChecker: მასალაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება.

პირველადი ვერსია: MediaChecker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის არასრულყოფილი იყო.

ჩასწორებული: MediaChecker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის ცალმხივი იყო.
კატეგორია - ეთიკა
„რუსულ რეალითი შოუში წყვილი ყველას თვალწინ სექსით დაკავდა“, „15 წლის რუსი გოგონა გააშიშვლეს სცემეს და თმა დაუწვეს“, „გარყვნილმა ოჯახმა ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო - ცოლ-ქმრის "შიშველი თამაშები" მცირეწლოვანი შვილების თვალწინ“ , "შიშველმა ქალმა მიმავალი სატვირთო გააჩერა და მძღოლებს "ჩვენება" მოუწყო, “სექსუალური წამყვანი პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა“,„ნახევრად შიშველი მოდელები, კამერის წინ პოზიორობენ, გამნათებელს უდროოდ მოუნდა“...– ვიდეოებს მსგავსი სათაურებით, რომლებშიც სექსუალური სცენებია ასახული, პალიტა TV-ის მკითხველი და მაყურებელი საიტზე ხშირად გადააწყდება. როგორც წესი, ვიდეოებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნიშანი 18+ ადევს.

ქათული სამართლებრივი სივრცე ამ მომენტისათვის ვერ არეგულირებს ინტერნეტს, შესაბამისად რაიმე ტიპის რეგულაციის მოძებნა, რომელიც მსგავსი ვიდეომასალების განთავსებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა პალიტრა TV-ის, -არ არსებობს.

“საქართველოში, ამ მომენტისათვის არ არსებობს ინტერნეტ რეგულაცია, რომელიც ეროტიკის გავრცელებას აკრძალავდა. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არეგულირებს ტელევიზიებში უხამსობის ჩვენებას და მაუწყებლებს განუსაზღვრასვს სპეციალურ დროს. ინტერნეტის შემთხვევაში ეს ასე არაა და სექსუალური ხასიათის მასალები ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში“, - განმარტავს მედია სამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ ვიდეომასალის შინაარსს, არამედ ვიდეომასალის ქვეშ განთავსებულ კომენტარებსაც, რომლებიც შესაძლოა სტერეოტიპების გაღვივებას უწყობდეს ხელს.

როგორც იურისტი ამბობს, სტერეოტიპების გაღვივების კუთხით საგულისხმო კომენტარია დატოვებული ერთ-ერთ ვიდეოზე, რომელშიც რუსული რეალითი შოუს მონაწილეების სექსუალური აქტის ამსახველი კადრებია ნაჩვენები.

- კომენტარების ველში ვკითხულბთ:

„ამიტომ ვაფრენ ამ ქალებზე. გავკარი ავადმყოფ, მუდამ მოღუშულ, გაუბედურებულ ქართველ ქალს რომელიც ოქროში რომ ჩასვა, მაინც უკმაყოფილო იქნება“ - წერს მომხმარებელი დაზმირი.

„ატვირთული ვიდეოს ქვეშ არაერთი შეურაცხმყოფელი კომენტარია, მათ შორის საზოგადოებაში არსებული სამწუხარო სტერეტოპების დამამკვიდრებელი და გამაძლიერებელი. მედიამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა წაშალოს არსებული კომენტარები. ზოგადად კი, სასურველია, მედიამ თავი შეიკავოს ისეთი ინფორმაციის, მათ შორის, ვიდეობის გავრცელებისაგან, რომელმაც შეიძლება სტერეოტიპების დამკვიდრებასა და გაღრმავებას შეუწყოს ხელი“ - დასძენს მედიასამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთმა „პრაიმ-ტაიმმა“ გადამეტებული სიმძაფრით გააშუქა არასრულწლოვანთა კრიმინალური ისტორიები. თვალშისაცემია სტატიის სენსაციური სათაური - „მოძალადე და თვითმკვლელი არასრულწლოვნები“ და ქვესათაური - „დედის მკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობა - მიზეზები და ეჭვები“. სენსაციური და ამავდროულად დაუზუსტებელი ინფორმაციის შემცველია კიდევ ერთი ქვესათაური - „გახდა თუ არა ნარკოტიკი დედასთან დაპირისპირების მიზეზი“. სტატიას ასევე ამძაფრებს ინტერნეტში მოძიებული, არაავთენტური ფოტოილუსტრაცია - ხეზე ჩამოკიდებული თოკი ყულფით, რაც არასასურველი ფოტომანიპულაციის მაგალითია.

სტატიაში გაშუქებულია ორი სრულიად განსხვავებული ისტორია. პირველი ეხება თბილისში მომხდარ შემთხვევას, როცა 40 წლის ქალბატონი ყელში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი 16 წლის ვაჟი კი ჯერ მეათე სართულიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, შემდეგ კი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მეორე ისტორია ხარაგაულის რაიონის სოფელ ხულევში მომხდარ ტრაგედიას ეხება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ხულევში 11 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

„პრაიმ-ტაიმის“ სტატიის შეფასებითი სათაური შეიცავს დიდ რისკს, რომ მისი შინაარსი არაზუსტი იყოს, რადგან არც ერთი და არც მეორე შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სასამართლოს განაჩენით ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, იყო თუ არა „მოძალადე“ თბილისელი არასრულწლოვანი. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სრულიად სხვა ვერსია გაჩნდა ხულევშიც, სადაც აცხადებენ, რომ 11 წლის ბავშვმა თავი კი არ მოიკლა, არამედ იგი მოკლეს და ხეზე მკვდარი დაკიდეს. დაკავებულია ეჭვმიტანილიც. ამდენად, სტატიის სათაურში გამოტანილი ეპითეტები - „მოძალადე“ და „თვითმკვლელი“, შესაძლოა, არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის სარეკომენდაციო პრინციპების მიხედვით, მედიამ დიდი სიფრთხილით უნდა გააშუქოს ისტორიები, სადაც არასრულწლოვნები ბრალდებულად ან მსხვერპლად არიან მოხსენიებული. მსგავსი ამბების გაშუქებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სენსაციაზე, არამედ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არასრუწლოვანი ბრალდებულებისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

„პრაიმ-ტაიმის“ სტატიაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის ბიჭის ვინაობა პირდაპირ იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ სტატიაში ნახსენებია მისამართი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთ რესპონდენტად ჩაწერილია ბრალდებულის ბებია (მითითებულია მისი ვინაობა), რომლის ფოტოსურათი თან ერთვის სტატიას. იგი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. ხოლო კიდევ ერთი რესპონდენტი - ოჯახის მეზობელი ჰყვება, როგორ შეესწრნენ ბრალდებულის 15 და 4 წლის დედმამიშვილები „მოზარდის მიერ დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტს“.

ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში გასათვალისწინებელია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები: „ ჟურნალისტებმა ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.
კატეგორია - ეთიკა
ტოკშოუ გარკვეულ თემებზე საუბარს გულისხმობს. ამიტომაც მთელი გადაცემა უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კითხვებს დასვამს წამყვანი და მოწვეულ სტუმრებთან საუბრით რა მიმართულებით წაიყვანს გადაცემას. კითხვის დასმის ტექნიკა და სტილი არის ის, რაც წამყვანს მისი სხვა კოლეგებისგან გამოარჩევს.

თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მთავარი თემა იყო ყველა გადაცემისთვის, მათ შორის ტოკშოუებისთვის. ყველა არხის ეთერში რესპონდენტები მეორდებოდნენ, დაახლოებით მსგავს შინაარსის იყო წამყვანების კითხვები, თუმცა მკვეთრად განსხვავდებოდა მათი ფორმულირება.

გაუგებარი კითხვები

განსაკუთრებით რთულია პირდაპირ ეთერში მუშაობა. ამ რეჟიმში გადაცემის წაყვანა დამატებით სხვა უნარებთან არის დაკავშირებული. ქართულ მედიასივრცეში არის წამყვანების კატეგორია, რომელთა ტექსტების ინტონაციით, სტრუქტურით ადვილად გასარჩევია, კითხვას სუფლიორიდან კითხულობს თუ იმ დროს აყალიბებს აზრს. ასეთ დროს წაკითხულისგან განსხვავებით, ექსპრომტად დასმული კითხვისას აზრი ჩამოუყალიბებელია როგორც გრამატიკულად, ისე შინაარსობრივად:

„მე მინდა, რომ შენი 13 ივნისი და აი, ის თაობა და აი, ის საყოველთაო სოლიდარობა, ეს თითქოს გაგვიკვირდა, მაგრამ გასაკვირი არ იყო, მაგრამ აი, მინდა, რომ აი, ამ პათოსს შეუერთდე, მოყვე და რას მოუწოდებდი შენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ახლა გვიყურებენ?“

„და ჩვენს დარბაზში, ძირითადად თქვენ როგორც ხედავთ, ის ადამიანები, როგორც წესი, რომელსაც თქვენ ხედავთ, სხვადასხვა ტოკშოუებში, თუნდაც ჩემთან გადაცემებში, ისინი სხედან, ხმას არ იღებენ და უბრალოდ უყურებენ ამ კადრებს. მე ვფიქრობ, მართლაც მთავარი გმირების ერთი მცირე პროცენტი არის დღეს აქ თავმოყრილი, ის თაობა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არ ვიცნობდით. გიორგი, როგორ მოხდა არ ვიცნობდით? აი, ძალიან ბევრჯერ ითქვა.“

გრძელი კითხვები

წამყვანთა მეორე ნაწილი გრძელი კითხვებით გამოირჩევა, ხშირ შემთხვევაში ერთი კითხვის დასმის ქრონომეტრაჟი ერთ წუთს აჭარბებს. ასეთ დროს ისმევა რამდენიმე კითხვა ერთდროულად, ჟურნალისტი ცდილობს ჩაატიოს ყველა ინფორმაცია, რაც იცის თემასთან დაკავშირებით. რესპონდენტიც სურვილისამებრ პასუხობს მისთვის ყველაზე კომფორტულ კითხვას ან იმას, რის აზრსაც გაიგებს.

„ბატონო ირაკლი, მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, კონკრეტული კითხვა, რომელიც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ნახა ძალიან დიდი ზარალი, ადამიანური მსხვერპლი, ოჯახის წევრების დაკარგვა და ამის მიღმა ძალიან დიდი ზარალი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, მაგრამ მანამდე მინდა, ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ, თქვენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრი, იყო თუ არა შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? ვგულისხმობ ადამიანურ მსხვერპლზე თუ ხელისუფლება იყო იმაზე მეტად, რაც გააკეთა, შეუძლებელი იყო დავუშვათ თქვენთვის რაიმეს გაკეთება? მე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში თქვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ბრალდება, რომ ხელისუფლებამ დაიგვიანა, როცა წყნეთში ჩამოწვა მეწყერი. უკვე ძალიან გვიან, რაღაც პერიოდის შემდეგ, საათების შემდეგ მოხდაო ადამიანების ევაკუაცია კი არადა, დახმარება, რატომ არ მოხდა ევაკუაცია დროული და ა.შ. თქვენ ალბათ ამ დღეების განმავლობაში ისმენდით ასეთი ტიპის განცხადებებს. იყო თუ არა ხელისუფლების რეაქცია დროული და შეიძლებოდა თუ არა აი ამ ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, როგორ ფიქრობთ თქვენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა და მიიღეთ ინფორმაცია რომ წყნეთში იყო ჩამოწოლილი მეწყერი?“

ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ კითხვაზე წამყვანი კონკრეტულ პასუხს ითხოვს, თუმცა იმდენი ხნის განმავლობაში საუბრობს, იმდენ ინფორმაციას და კითხვას ატევს, რომ რესპონდენტი მხოლოდ მცირე ნაწილზე პასუხს ახერხებს.

„მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, კონკრეტულად რას უპირებს ხელისუფლება, დაუშვათ, იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ზარალი, ვინც დაკარგა ყველაფერი. აქ იყო საუბარი ახალი სახლების მშენებლობაზე, აქ იყო საუბარი საბანკო შეღავათებზე ზოგისთვის მთლიანად განულებაზე საბანკო სესხების. ძალიან საინტერესოა თქვენგან კონკრეტული პასუხები, რომ გვითხრათ პირდაპირ ეთერში ,რა ელოდებათ ადამიანებს ,რომლებმაც ამხელა ზარალი ნახეს, თუმცა მანამდე, თქვენი ნებართვით, მე მინდა უბრალოდ წავიკითხო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადება, რომელიც მან გაავრცელა:

„მე, თბილისის ყოფილი მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რასაც ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიე, ან ვერ მივაღწიე. ჩემი პოზიცია არასოდეს შეიცვლება იმის მიხედვით, არის თუ არა მომგებიანი. ეს გზა აუცილებელია ქალაქის ფუნქციონირებისათვის და მისი საჭიროება რამდენიმე დღეში მწვავედ გამოჩნდება, როცა ქალაქს სატრანსპორტო ქაოსი მოიცავს.“

ეს იყო დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადება. უბრალოდ მაყურებლისთვის მინდოდა, გამეცნო იგი და ახლა მინდა, თქვენგან მივიღო პირდაპირი პასუხი, რას უპირებთ კონკრეტულად ამ ადამიანებს, ახალი მშენებლობა, გამოიყო თბილისში მიწა თუ ჯერ არა რის გამოყოფილი? როდის მოხდება? სად მოხდება და როგორ მოხდება ამ ხალხის უზრუნველყოფა საცხოვრებლით? გისმენთ.“

აზრგამეორებული კითხვები

წამყვანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რესპონდენტმა ერთხელ ფორმულირებული კითხვა ვერ გაიგო, ამიტომ ერთ ჯერზე რამდენჯერმე უნდა გაიმეოროს კითხვა, სხვადასხვა ფორმულირებით:

მაშინ, როდესაც ათი დღის წინ მოხდა ასეთი რაღაც, რა გააკეთა დედაქალაქის მერიამ იმისათვის, თუნდაც პრევენციისთვის, რომ სტიქიის შემთხვევაში არ მომხდარიყო იგივე ან კიდევ უფრო უარესი რაც მივიღეთ. ანუ ათი დღის წინ ეს რომ მოხდა, რა გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა სტიქიას?

„რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ სტიქიის შემდეგ დედაქალაქში გავრცელედეს რაიმე ტიპის ეპიდემია. რა კეთდება ამ მიმართულებით თქვენ თუ ხედავთ ამ საფრთხეებს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემია, მით უმეტეს, რომ ჯერ არ არის ნაპოვნი ყველა გარდაცვლილი ... ხომ არ შეიძლება, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ გავიდეს რაღაც პერიოდი და ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოხალისეები მაგალითად, ჰქონდათ რაიმე ტიპის განაკაწრი, მათ არც აცრა გაუკეთებიათ და ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს საფრთხე გაჩნდა. მათ არ გაუკეთებიათ არც ტეტანუსის აცრა, მაგრამ მიიღეს თუნდაც პატარა დაზიანებები ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენ პირადად ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაიმე საფრთხეები გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“.

„მომიყევით“ ტიპის შეკითხვები

წამყვანების ნაწილს კითხვის დასმის თავისი ტექნიკა აქვს, უფრო სწორად, რესპონდენტთან საუბრის დაწყების თავისებური სტილი:

რესპონდენტი 1

- მომიყევით იმ ღამეს რა მოხდა

რესპონდენტი 2

-მომიყევით სად იყავით, რატომ იყავით?

რესპონდენტი 3

-როგორი გოგო იყო, მომიყევით

რესპონდენტი 4

-რთული ღამე იყო, მომიყევით რა

რესპონდენტი 5

-უმძიმესი ღამე გქონდათ და მართლა სასწაულით გადარჩით სიკვდილს, მომიყევით რა

საუბრის გახსნის შემდეგ დამატებითი „კითხვებიც“ ისმევა, რომელიც კონკრეტულ დეტალებზეა ფოკუსირებული:

-რა გესმოდათ, ქალბატონო სვეტა, და რას ხედავდით?

-ახლა, რაც კადრებში ჩანს, ამას საკუთარი თვალით უყურებდით?

-რა არის ახლა თქვენი ეზოს ადგილას?

-მესმის, რომ ახლა ხართ შოკურ მდგომარეობაში, მაგრამ როგორ გესახებათ მომავალი?

-ბოლოს როდის ნახეთ, გოგოებო?

-რას ამბობდა? რას ყვებოდა? როგორ მუშაობდა? რას აპირებდა? რაზე ოცნებობდა?

-ახლა როცა ნელ-ნელა გამოვდივართ ყველა შოკური მდგომარეობიდან, ახლა რა ფიქრები და განცდები გაქვთ?

-თუ არის ცნობილი, რა ვითარებაში დაიღუპა ის მაშველი, რომელიც ორი დღის წინ იპოვეს?
კატეგორია - ეთიკა
geworld.ge-მ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აგრესიული ჰომოსექსუალიზმი“, ანუ დემოტრაკია პირდაპირი გაგებით!“

სტატიაში ავტორი ბაკურ სვანიძე ჰომოფობიურ და ანტიდასავლური განცხადებებს აკეთებს. ასევე, აღვივებს სტერეოტიპებს სექსუალური უმცირესობების და დასავლური კულტურის მიმართ.

ბაკურ სვანიძე ჰომოსექსუალებს მოიხსენიებს „პედერასტებად“. ის ჰომოსექსუალების მიმართ სტერეოტიპებს შემდეგი ფრაზებით აძლიერებს:

„რა უცნაური მოვლენა შეიძლება არსებობდეს ჰომოსექსუალიზმთან კავშირში? _ მაგალითად, პედერასტების დამცველი “ძველი ბიჭები”!“

„აჰ, არიცოდი ეს, ღმერთო, და ეს ლგბტ-ები ვიღაც უცოდველი “უმცირესობა” გეგონა და ამიტომ “გააჯეჯილე” ასე აქამდე?“

„დარწმუნებული ვარ, თუკი ლგბტ-პირები რეალურ ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათზე აგრესიული, მათზე მოძალადე, მათზე დიქტატორი და მათზე სადისტი არავინ და არაფერი იქნება! ისინი ფიზიკურად მოსპობენ და გაანადგურებენ ყველა მათგან განსხვავებულს“.

„აკი, უკვე დღესვე და ახლავე, როდესაც “მაზოლზე” დააჭერ, თავს ვერ იკავებენ და თავიანთ აგრესიულ და ბოროტ ბუნებას ავლენენ!“

„ისინი ითვისებენ ხელოვნებას-აქაოდა, ღირებულ ხელოვნებას მხოლოდ ლგბტ-პირები ქმნიანო! ისინი ითვისებენ განათლებას-აქაოდა, ლგბტ-პირები ყველაზე ინტელექტუალები არიანო!“

სვანიძე საზოგადოებას ჰომოსექსუალებად და ჩვეულებრივ ადამიანებად ყოფს. ის საკმაოდ ხშირად ახსენებს სიტყვებს „ჩვეულებრივი ადამიანები“, „ნორმალური ადამიანები” და მათ ლგბტ პირების საპირისპიროდ იყენებს.

“ნებისმიერქვეყანაშიარალგბტ-პირები, ანუნორმალურიადამიანები, უმრავლესობაშიარიან“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების შესახებ ბაკურ სვანიძე „უმცირესობის დიქტატურას“ უწოდებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას კი, ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო რუსეთის, კრემლის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. თუმცა იქვე დასძენს, რომ ობამას კრემლის აგენტობას ვერ დაამტკიცებს.

სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ „ამერიკაზე, ნატოსა და ე.წ. დასავლურ ფასეულობებზე “გადამკვდარი” ადამიანები ძირითადად ან ლგბტ თემის წარმომადგენლები არიან, ან მათი დამცველები ყველაფრის ფასად, რაც სამშობლოს ფულზე გაყიდვის ტოლფასია!“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთი „ალია“ უარყოფითი ტონით აშუქებს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონების თაობაზე. ამ მოვლენის შეფასებისას გაზეთის ჟურნალისტები და მათი რესპონდენტები სიძულვილის ენასაც იყენებენ. ინტერვიუები ჩაწერილია იმ რესპონდენტებთან, რომლებიც პრორუსული, ამავე დროს - ანტიდასავლური შეხედულებებით არიან ცნობილი. ჰომოფობიური სიტყვებით გაჯერებულ ანტიდასავლურ რიტორიკას ჟურნალისტებიც მიმართავენ.

30 ივნისის ნომერში „ალიას“ ჟურნალისტი წერს: „ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ გვაიძულებს, გავფერადდეთ, ანგარიშს არ უწევს ჩვენს ღირებულებებს და ახდენს ჩვენს დისკრიმინაციას. მას ჩვენ ასეთი არ ვჭირდებით - თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, ტრადიციების მიმდევარი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ხალხი. როგორ შეიძლება ქართველს ელაპარაკო პიდარასტობაზე, ლესბოსელობაზე, მაშინ, როცა მისი ღირებულება არის - მამული, ენა, სარწმუნოება“.

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ სასულიერო პირთან, ელიზბარ დიაკონიძესთან, რომელიც აცხადებს: „ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებას აკანონებენ და იმუქრება, რომ ამას გაავრცელებს მთელს მსოფლიოში, ესაა ძეშეცდომილის ქმედება, მან ზედმიწევნით იცის, რას ავრცელებს და ესაა სულიერი გახრწნილობა. აი, ეს გახლავთ შედეგი სააკაშვილის, „რესპუბლიკელთა“ და მის დამქაშთა მეგობრობისა ამერიკულ ზნეობასთან. ანუ ამერიკაში რომ ჩახვალ და ქალმა რომ უარი გითხრას, ამისათვის კაცი ხომ უნდა იყოს გამზადებული? გამოდის, სულერთია, ვინ დაგთანხმდება, იყოს შენი პარტნიორი უზნეობაში. დიახ, ესაა ქვეყანა, საიდანაც ყოველნაირი უზნეობა მოდის ევროპისკენ!“

იგივე რესპონდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, რომელმაც პოპულისტური უწოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".
კატეგორია - ეთიკა
ონლაინ მედიაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საინფორმაციო სააგენტოები რიგ შემთხვევებში სარეკლამო და სარედაქციო მასალებს ერთმანეთისაგან არ მიჯნავენ. კომერციული რეკლამები სარედაქციო მასალის სახით ძირითადად ორ რუბრიკაში, "საზოგადოებასა" და "ბიზნესში" ხვდება. მასალებს არსად აქვს მითითებული რომ სარეკლამოა.

19 მაისს -info9.ge-მ გაავრცელა მასალები სახელწოდებით:გალტ & თაგარტმა მიიღო Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია“ და „საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში“ 2015 წელს“ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატება შუააზიის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე.“ ორივე სტატიაში იკვეთება ფარული რეკლამა.

სტატიაში - „გალტ&თაგარტმა მიიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია“ და „საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში“ 2015 წელს“ - დეტალურადაა აღწერილი კომპანიის სერვისები და მომსახურება, იგი მოხსენიებულია, როგორც წამყვანი კომპანია საქართველოს საინვესტიციო და საბანკო სფეროში.

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას“, - ნათქვამია მასალაში,რომელიც ბიზნესის ბლოკშია განთავსებული.

იმავე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ მეორე სტატიაში საუბარია „ნიუ ჰოსპიტალის“ წარმატებაზე ყაზახეთში გამართულ გამოფენაზე.

„ნიუ ჰოსპიტლის“ საგამოფენო სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი და დაინტერესება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.“ „ნიუ ჰოსპიტლის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ არა მარტო დსთ-ს ქვეყნების დელეგაციები, არამედ გამოფენაზე წარმოდგენილი ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ეკონომიკის ბლოკში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ფარული რეკლამის შემთხვევები გამოვლინდა საინფორმაციო სააგენტო ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით: „სერია "კიდევ 49 წიგნი" - ნებისმიერი ტომი 7 ლარად! ექსკლუზიურად მხოლოდ "რიდერსლენდზე."

სტატია ონლაინ მაღაზია Readersland.ge-ის აქციას ეძღვნება: „მხოლოდ "რიდერსლენდზე" შეძლებენ წიგნის მოყვარულები, 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით - ექსკლუზიურ ფასად სერიის "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - ნებისმიერი ტომის 7 ლარად შეძენას.“ სტატიაშივე მითითებულია, თუ სად შეუძლია დაინტერესებულ მკითხველს წიგნების შეღავათიან ფასში შეძენა, მასალაში ასევე აღწერილია Readersland.ge-ის - სხვა სერვისები და სიახლეები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის თანახმად: “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოსმარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერდაფინანსებული მასალებისაგან.”

სარეკლამო მასალები, წესისამებრ, აღნიშნულია რეკლამის ნიშნით (R) ან (A). აღნიშნული ნიშნები სასურველია განთავსდეს მასალის თავშივე, სათაურის ქვეშ, რათა მკითხველს თავიდანვე შეექმნას წარმოდგენა, თუ რა ტიპის ინფორმაციას ეცნობა.

ზემოთხსენებულ არცერთ სტატიაში არ იყო მითითებული, რომ გამოქვეყნებული მასალები სარეკლამო ხასიათისაა, მაშინ, როცა ისინი ცალსახად ემსახურებოდა ამა თუ იმ პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირებას.

რეკლამა ბევრი მედიასაშუალებისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროა და ამაში არაეთიკური არაფერია. თუმცა, უნდა მოხდეს სარედაქციო სტატიებისა და სარეკლამო მასალების ერთმანეთისაგან მკვეთრი გამიჯვნა, რათა მკითხველი არ შეცდეს ან არ მოტყუვდეს ინფორმაციის გაცნობისას. მედიამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს უტყუარი ინფორმაცია.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ჟურნალისტთა ტრენერი მონიკა ელენა ამბობს, რომ ეთიკური ზღვარი სარედაქციო და სარეკლამო მასალებს შორის ბუნდოვანი გახდა. მისი თქმით, მედისაშუალებებით გავრცელებული სარეკლამო სტატიები დღევანდელი ჟურნალისტიკის ქამელეონებია. ხშირად რეკლამა, რომელიც გამოიყურება როგორც სარედაქციო მასალა, არწმუნებს მკითხველს, რომ ის ნეიტრალურ დაბალანსებულ სტატიას კითხულობს, სინამდვილეში კი კარგად შეფუთულ რეკლამას ეცნობა.

„იდეალურ სამყაროში მედიასაშუალება მკაცრად უნდა მიჯნავდეს მარკეტინგს და სარედაქციო მასალას, რაც რეკლამის დამკვეთებისგან მის სარედაქციო დამოუკიდებლობას გაამყარებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიამ არ უნდა "გაანიუსოს" მასალები, რომელიც რეკლამაა ისე, თითქოს ჩვეულებრივი მასალაა,“- ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი.

მისივე თქმით, მედიასაშუალებები მუდმივი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან, რაც რეკლამის დამკვეთებს აძლევს უფრო მეტ ბერკეტს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებების პროცესში ჩაერიონ და მოახდინონ ზეწოლა გამომცემლებზე.

სარედაქციო და სარეკლამო მასალებს შორის ზღვარის გავლების პრობლემა არამხოლოდ ქართულ, არამედ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემებშიც მწვავედ დგას.

2013 წელს სარეკლამო და სარედაქციო მასალის ბუნდოვნად გამიჯვნისათვის სკანდალში გაეხვია მაღალი სტანდარტის მქონე გამოცემა„ატლანტიკი“ (The Atlantic), რომელმაც გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია „საიენტოლოგიის ეკლესიაზე“ (Church of Scientology), თუმცა არცთუ ისე ნათლად მიუთითა, რომ სტატია სარეკლამო ხასიათის იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მასალის თავში მითითებული იყო ნიშანი „სარეკლამო სტატია“, მისი დაკავშირება სტატიასთან რთული იყო. აღნიშნული მასალის ფონი და სტილი, ასევე კომენტარების ველი, არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სარედაქციო სტატიისაგან.

ეს დეტალები მალე შეამჩნიეს ერთგულმა მკითხველებმა, რასაც უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა, „ატლანტიკმა“ მალევე ამოიღო სტატია და განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღიარა დაშვებული შეცდომა და ბოდიში მოუხადა მკითხველს.
კატეგორია - ეთიკა
22 ივნისს „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა კადრ-სინქრონი, რომელიც კახეთში გარყვნილი ქმედებისათვის ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების შესახებ მოგვითხრობდა. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მშობლების ინფორმაციით, მან ბავშვებთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, ამის შესახებ საუბარი კი აუკრძალა.

სოფლის მცხოვრებლების გარდა ჟურნალისტს ჩაწერილი ჰყავდა ბავშვიც, რომელიც იხსენებდა, როგორ მოხდა ყველაფერი. ბავშვი ზურგითაა ჩაწერილი,კადრი „დაბლარულია“ და არასრულწლოვნის იდენტიფიცირება არ ხდება.

„გვითხრა, არავის უთხრათ, თორემ გცემთო. ჩვენც არ გვითქვია. მე მამაჩემისათვის ვაპირებდი თქმას, მაგრამ მრცხვენოდა და მერიდებოდა“, - ამბობს არასრულწლოვანი.

UNICEF-ის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში, რომელიც მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს ეხება, საუბარია ინტერვიუს აღების ფორმაზეც. წიგნში ვკითხულობთ, რომ ინტერვიუს აღებისას ჟურნალისტმა ზიანი არ უნდა მიაყენოს ბავშვს და უნდა აარიდოს ისეთი კითხვეები, რომლებიც იწვევს ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილისა და უარყოფითი ემოციის ხელახლა განცდას.

განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვთა საკითხების გაშუქების თავის მეექვსე პუნქტში ასევე აღნიშნულია, რომ არ უნდა გამოქვეყნდეს მასალა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვს, მის თანატოლებს, და-ძმებს, მაშინაც კი, თუ შეცვლილია, შენიღბულია ან არ არის მითითებული ბავშვის ვინაობა.
კატეგორია - ეთიკა
18 ივნისს, გადაცემა “პროფილში”, რომელიც მთლიანად 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარ წყალდიდობას მიეძღვნა, სტუდიაში მყოფი სტიქიით დაზარალებული ადამიანები წყალდიდობის დროს გადატანილ ამბებს მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით იხსენებენ.

გადაცემაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ ბავშვს წამყვანი, მშობლის თანხმობით, კითხვებსაც უსვამს:

- დედი, რა გახსოვს იმ ღამეს?

- ფანჯრიდან რომ გადავედით და სახურავზე რომ აგვსვა მამამ.

- შეგეშინდა შენ, დე?

- გოგონა უარის ნიშნად წამყვანს თავს უქნევს.

მანამდე დედა, რომელიც სტუდიაში კიდევ ერთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება, დეტალურად იხსენებს 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის მოვლენებს: როგორ იტბორებოდა მათი ბინა, როგორ აანგრია მეუღლემ შიშველი ხელებით აივნის სახურავი, როგორ შეყარეს ბავშვები აივანზე და მეზობლების დახმარებით, როგორ გადავიდნენ სამშვიდობოზე. დედა ამბობს, რომ უფროს გოგონას, რომელიც მილზე იყო ჩაჭიდებული და ცალი ხელით საკუთარ თავს იმაგრებდა, მეორეთი კი პატარა ძმას იკავებდა, ამ დროს ხელიც დაუზიანდა. ის მაყურებელს გოგონას ხელზე არსებულ დაზიანებასაც უჩვენებს და ამბობს, რომ პატარა ნატუკას ხელი დღემდე სტკივა.

გადაცემაში მიწვეული და სიუჟეტის გმირი მშობლების ნაწილი ამბობს, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ბავშვები შეიცვალნენ: ღამით ცუდად სძინავთ, ხშირად იღვიძებენ და ახსენებენ წყალს, გახდნენ გულჩათხრობილები და აქვთ შიშის გრძნობა. წამყვანი გადაცემის მსვლელობის დროს თავადაც აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მყოფი ბავშვები სტრესში არიან და მათ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადატანილი განსაცდელის გახსენებით, ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა ხელახლა არ მიადგეს.

“ ზიანი არ მიაყენოთ არც ერთ ბავშვს. თავი აარიდეთ ისეთი კითხვების დასმას, ან ისეთი დამოკიდებულების ან მოსაზრებების გამოხატვას, რომლებსაც აქვს განსჯის ხასიათი, რომლებიც არ ითვალისწინებს ბავშვის კულტურულ ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ან ამცირებს ბავშვს, ან რომლებიც იწვევს ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის და უარყოფითი ემოციის ხელახალ განცდას”, ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო პრინციპებში.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 44-ე მუხლში კი, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.