არასრულწლოვანთა კრიმინალური ისტორიების სენსაციური გაშუქება „პრაიმ-ტაიმში“
03.07.2015
გაზეთმა „პრაიმ-ტაიმმა“ გადამეტებული სიმძაფრით გააშუქა არასრულწლოვანთა კრიმინალური ისტორიები. თვალშისაცემია სტატიის სენსაციური სათაური - „მოძალადე და თვითმკვლელი არასრულწლოვნები“ და ქვესათაური - „დედის მკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობა - მიზეზები და ეჭვები“. სენსაციური და ამავდროულად დაუზუსტებელი ინფორმაციის შემცველია კიდევ ერთი ქვესათაური - „გახდა თუ არა ნარკოტიკი დედასთან დაპირისპირების მიზეზი“. სტატიას ასევე ამძაფრებს ინტერნეტში მოძიებული, არაავთენტური ფოტოილუსტრაცია - ხეზე ჩამოკიდებული თოკი ყულფით, რაც არასასურველი ფოტომანიპულაციის მაგალითია.

სტატიაში გაშუქებულია ორი სრულიად განსხვავებული ისტორია. პირველი ეხება თბილისში მომხდარ შემთხვევას, როცა 40 წლის ქალბატონი ყელში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი 16 წლის ვაჟი კი ჯერ მეათე სართულიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, შემდეგ კი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მეორე ისტორია ხარაგაულის რაიონის სოფელ ხულევში მომხდარ ტრაგედიას ეხება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ხულევში 11 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

„პრაიმ-ტაიმის“ სტატიის შეფასებითი სათაური შეიცავს დიდ რისკს, რომ მისი შინაარსი არაზუსტი იყოს, რადგან არც ერთი და არც მეორე შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სასამართლოს განაჩენით ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, იყო თუ არა „მოძალადე“ თბილისელი არასრულწლოვანი. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სრულიად სხვა ვერსია გაჩნდა ხულევშიც, სადაც აცხადებენ, რომ 11 წლის ბავშვმა თავი კი არ მოიკლა, არამედ იგი მოკლეს და ხეზე მკვდარი დაკიდეს. დაკავებულია ეჭვმიტანილიც. ამდენად, სტატიის სათაურში გამოტანილი ეპითეტები - „მოძალადე“ და „თვითმკვლელი“, შესაძლოა, არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის სარეკომენდაციო პრინციპების მიხედვით, მედიამ დიდი სიფრთხილით უნდა გააშუქოს ისტორიები, სადაც არასრულწლოვნები ბრალდებულად ან მსხვერპლად არიან მოხსენიებული. მსგავსი ამბების გაშუქებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა სენსაციაზე, არამედ პრობლემაზე. მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არასრუწლოვანი ბრალდებულებისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

„პრაიმ-ტაიმის“ სტატიაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის ბიჭის ვინაობა პირდაპირ იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ სტატიაში ნახსენებია მისამართი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. ერთ-ერთ რესპონდენტად ჩაწერილია ბრალდებულის ბებია (მითითებულია მისი ვინაობა), რომლის ფოტოსურათი თან ერთვის სტატიას. იგი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. ხოლო კიდევ ერთი რესპონდენტი - ოჯახის მეზობელი ჰყვება, როგორ შეესწრნენ ბრალდებულის 15 და 4 წლის დედმამიშვილები „მოზარდის მიერ დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტს“.

ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში გასათვალისწინებელია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები: „ ჟურნალისტებმა ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით“.

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ