საგამოძიებო სამსახურმა “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტების გამოკითხვა დაიწყო
19.04.2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ დაშავებული ჟურნალისტების გამოკითხვა დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური და „ტაბულას“ ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც. 

საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებით, ეს ჟურნალისტები სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ, რაც სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით უკვე დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.

16 აპრილს, ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებზე შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა. 

„აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი“, - მოხვდა ომბუდსმენის 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველად შედეგებშიც. 

 
ფოტო: "აპრილი", "პუბლიკა"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ