ბლოგი
კატეგორია - ბლოგი

პოლიცია ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით უზღუდავს თავისუფლებას იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს აშუქებენ. 24 ოქტომბერს, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ავტომობილში ჰყავდათ დაკავებული ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი, ხოლო 5 ნოემბერს დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავება, რის შემდეგაც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გზის ხელოვნურად ბლოკირების ბრალდებით და წარედგინა სასამართლოს სახდელის დასადებად. შსს-ს განმარტებით, ნინია კაკაბაძე არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, რადგანაც როდესაც ჟურნალისტი შეწყვეტს გაშუქებას, უნდა გადაინაცვლოს ტროტუარისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს. არაერთგვაროვან პრაქტიკას უფრო მეტად ბუნდოვნად აქცევს სამინისტროს განმარტებები ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების წესების შესახებ, რაც თავის მხრივ, არ ეფუძნება არავითარ საკანონმდებლო აქტს, თუ საერთაშორისო პრაქტიკას. მეტიც, შსს-ს დასაბუთება ძირითადად ეყრდნობა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის შესახებ სასამართლოს პრაქტიკას, რაც საერთოდ არაა რელევანტური ჟურნალისტის მიერ აქციის გაშუქების საქმის კონტექსტში.

შსს-ს განმარტებებს უპირისპირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს, რომელთა თანახმად, საქმეები განხილული უნდა იყოს არა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის, არამედ გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. ქვემოთ მიმოხილული იქნება სტრასბურგის სასამართლოს საქმეები ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც მოხდა ჟურნალისტების დაკავება ან სხვაგვარად შეფერხება აქციის გაშუქებისას. 

BUTKEVICH v. RUSSIA

საქმეში - ბუტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება არის ჟურნალისტიკის მომზადების არსებითი ეტაპი, მტკიცედ დაცული, როგორც პრესის თავისუფლების ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტის დაკავება, დევნა და დასჯა არღვევს მის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად (კონვენციის მე-10 მუხლი), დაადგინა თავისუფლების უფლებისა (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (კონვენციის მე-6 მუხლი) დარღვევაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედია ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დემონსტრაციებზე უწესრიგობის აღმოფხვრისას ხელისუფლების ქმედებებზე. ამიტომ ჟურნალისტების დემონსტრაციების დროს ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს დაქვემდებარებული „მკაცრ კონტროლს“. ეს ასევე, ეხება ისეთ შემდგომ ზომებს, როგორიცაა სავარაუდო სამართალდარღვევისთვის დევნა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქმე უნდა ყოფილიყო განხილული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და არა მე-11 (მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) მუხლთან მიმართებით, რაც კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომას. 

ასევე, ეს გადაწყვეტილება ადგენს, რომ ჟურნალისტებისთვის არ არის მოთხოვნილი განმასხვავებელი ტანსაცმლის ან პრესის ნიშნების ტარება საზოგადოებრივ შეკრებებზე, კონვენციით გარანტირებული დაცვის მოსაპოვებლად. ამავე კონტექსტში აგრეთვე საყურადღებოა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების დაკავებისგან დაცვის შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტები იმყოფებიან აქციის იმ მონაწილეებთან ერთად, რომლებიც კანონს არღვევენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გონივრული ეჭვი აქტივისტების დაკავებისთვის და ჟურნალისტის, ერთი შეხედვით, აქციის მონაწილედ მიჩნევისთვის, თუმცა გადამწყვეტია ის, რომ დაკავების შემდეგ, ძალიან მალე აღარ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი წარადგენს პრესის ბარათსა და ვალიდურ პირადობის მოწმობას. როდესაც ჟურნალისტი საქმიანობს კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიციამ უნდა ივარაუდოს, რომ პირი, რომელიც ატარებს ასეთ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ნამდვილად არის ჟურნალისტი და ეს წესი მოქმედებს ე.წ. „ჩანერგილი ჟურნალისტიკის“ შემთხვევაშიც. სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავების მცირე ხნისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღარ იყო სამართლებრივი საფუძველი დაკავებისთვის და პოლიციას უნდა გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი.

ამდენად, სასამართლო გადამწყვეტად მიიჩნევს ჟურნალისტის განზრახვას, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო მასალა. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ფუნქციონალურ და ფართო მიდგომას ჟურნალისტის ცნებისადმი, რომლითაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის როლს.

BRYAN AND OTHERS v. RUSSIA

საქმეში - ბრაიენი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა პროტესტის გაშუქების დროს ჟურნალისტების დაკავებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-5 (თავისუფლების უფლება) მუხლების დარღვევა.

სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ჟურნალისტების მუშაობაში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შეკრება, რომელსაც ისინი დოკუმენტირებენ, მიიჩნევა უკანონოდ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ დემონსტრაცია უკანონოა, პოლიციის მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მედია გაშუქებისა და ჟურნალისტური რეპორტაჟის რელევანტობა. ამავე საქმეში სასამართლომ კონვენციით გარანტირებული თანაბარი დაცვის სტანდარტი გაავრცელა არა მხოლოდ მედიასაშუალებებში დასაქმებულ, არამედ ფრილანსერ ჟურნალისტებზეც.

Magyar Helsinki Bizottság v. Hungary

უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი უნგრეთის წინააღმდეგ - საქმეში სასამართლოს დიდმა პალატამ ჟურნალისტური საქმიანობა ფართოდ, ფუნქციონალური გაგებით დაინახა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოებრივ მეთვალყურეებსა (Social Watchdog) და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.

სასამართლომ აღიარა, რომ საზოგადოებრივი დებატისთვის სხვადასხვა პლატფორმის შექმნის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პრესით, არამედ შეიძლება განხორციელდეს, სხვებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთა საქმიანობა ინფორმირებული საზოგადოებრივი დებატის არსებითი ელემენტია. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, ის ახორციელებს საზოგადოებრივი მეთვალყურის (Social Watchdog) როლს, რომელიც პრესის მსგავსი მნიშვნელობისაა და შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მეთვალყურე, რომელიც იმსახურებს კონვენციის ქვეშ პრესისთვის მინიჭებულის მსგავსად დაცვას.

სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიული საზოგადოების ინტერესშია, რომ როგორც პრესას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ, შეასრულონ საზოგადოებრივი მეთვალყურის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტი ინფორმაცია მათი საქმიანობის იარაღია, აუცილებელია, მათ მოიპოვონ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შეასრულონ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ცნობების გამავრცელებლის როლი. ინფორმაციაზე წვდომის შესაფერხებლად შექმნილმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მედიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავე პირებს აღარ შეეძლოთ ეფექტურად შეასრულონ „მეთვალყურის“ როლი და მათი უნარი, ზუსტად და საიმედოდ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, დაქვეითდება.

სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, მოიპოვებს თუ არა პირი ინფორმაციას საზოგადოებრივი მეთვალყურის ხარისხით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ ინტერნეტის მიერ ახალი ამბების მიმართ საზოგადოების წვდომის გაძლიერებასა და ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების ფუნქცია ასევე შეიძლება გაუთანაბრდეს „საზოგადოებრივ მეთვალყურეებს“ და მოექცევა კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცულ სფეროში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში

მედიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოც აქამდე მიღებულ დადგენილებებში (2025 წლის 23 მაისის N4/1433-25 დადგენილება, პ. 8.3.) ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების სტანდარტების განსაზღვრისთვის და ადგენს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ემსახურება საპროტესტო აქციის გაშუქებასა და იქ არსებული მოვლენების დაფიქსირებას, ხოლო ამგვარი საქმიანობისთვის ხელშეშლა, ცხადია, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. საქალაქო სასამართლო იშველიებს საქმეს - Pentikäinen v. Finland, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „მედიის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა შეეშალოთ პოლიციის ოპერაციების დაკვირვებასა და ჩაწერაში, თუ (გამონაკლისის სახით) მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ან ხელს არ შეუშლის სამართალდამცავებს სამუშაოს შესრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად. თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, შესაძლებელია, ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვეს პროპორციული რეაგირება.“  

თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე, მიუთითებს სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეზეც - Najafli v. Azerbaijan, რომელშიც განმარტებულია, რომ „თუ მედიის წარმომადგენელს არ აცვია სპეციალური ტანსაცმელი ან არ უკეთია სამკერდე ნიშანი, მას უნდა მიეცეს უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აწარმოოს საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობა, მას შემდეგ, რაც პოლიციელისთვის ცნობილი გახდება მისი ვინაობა და პროფესია, ამ შემთხვევაში, ზემოხსენებულ პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაცვის ისეთსავე საშუალებებზე, როგორიც მედიის ყველა სხვა წარმომადგენელს ექნებოდა.“

როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ბოლოდროინდელ შემთხვევებზე?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და იერარქიულად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მაღლაც დგას, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები, კონტექსტის შესაბამისად, სავალდებულოდაა გასათვალისწინებელი ადგილობრივი სასამართლოებისთვის.

მოქმედი კანონმდებლობა (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი) ადგენს პასუხისმგებლობას შეკრება/მანიფესტაციის გამართვის წესის დარღვევისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დარღევის ჩადენისთვის პირი უნდა მონაწილეობდეს შეკრებში და ამავდროულად ხელოვნურად კეტავდეს გზის სავალ ნაწილს. პრაქტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის შეზღუდვა უნდა შეფასდეს არა კონვენციის მე-11 (მშვიდობიანი შეკრების უფლება), არამედ მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) კონტექსტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალისტი არ შეიძლება ჩაითვალოს შეკრება/მანიფესტაციის მონაწილედ და შესაბამისად, ის ვერ დაარღვევს იმ წესს, რომლის დარღვევაც მხოლოდ შეკრების მონაწილეს შეუძლია. ისევე, როგორც ჟურნალისტი ვერ გახდება მისი ნების საწინააღმდეგოდ ან მისდა უნებურად შეკრების მონაწილე და მასზე ვერ გავრცელდება აქციის მონაწილის შემზღუდავი კანონმდებლობა.

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტის მიმართ შემდეგი მოთხოვნები უნდა იყოს დაცული:

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს და დაუშვებელია მშვიდობიანი შეკრების წესის დარღვევისთვის ჟურნალისტის დაკავება ან საქმიანობის სხვაგვარად შეზღუდვა;

  • კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს არა მხოლოდ მედიასაშუალებაში დასაქმებული, არამედ ფრილანსერი ჟურნალისტების და სხვა ნებისმიერი პირის საქმიანობას, რომელთა განზრახვაა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივმა მეთვალყურემ;

  • პრესის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება რეკომენდირებულია, მაგრამ არაა აუცილებელი იმისთვის, რომ პირი მოექცეს კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის ქვეშ;

  • თუ პოლიციას გაუჩნდება დასაბუთებული ეჭვი, არის თუ არა პირი ჟურნალისტი, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. მას შემდეგ, რაც პოლიციას წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, მას უფლება აღარ აქვს, დააბრკოლოს ჟურნალისტი ან შეუზღუდოს გადაადგილება მას;

  • ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და აქციის გაშუქების წესებზე არ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რადგან ეს მედიის თავისუფლად საქმიანობის განუყოფელი ნაწილია;

  • ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადი წესი, რომელიც მედიამ აქციის გაშუქებისას უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს საპოლიციო ღონისძიებებს და დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს;

  • ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად;

  • პოლიციას შემდგომი პროპორციული რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან.





    ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი

ვიცი ავტოკრატიაში, სადაც რეჟიმი პროპაგანდაზე დგას, იუმორით წერა დიდ რისკებს შეიცავს, მაინც არ შევეპუები და ვეცდები ის აბსურდი, რომელშიც თავი ამოვყავი, მსუბუქად მოგიყვეთ. 

მე ვარ ნინია კაკაბაძე, პასპორტში ნინო ზურაბის ასული კაკაბაძე, დაბადებული 1974 წლის 15 აპრილს. უკანასკნელ პერიოდში, რაც ქვეყნის ე.წ. პრემიერი ქუჩის გადაკეტვისთვის ყველას პატიმრობით დაგვემუქრა და ამ მუქარას ყოველდღიურად ასრულებს, მეც ყოველდღე ჩავდივარ რუსთაველზე და ვიღებ ყველაფერს: პოლიციელებს, ჟურნალისტებს, მანიფესტანტებს და გადაკეტილი გზით უკმაყოფილო მგზავრებსაც კი. მასალას ვაგროვებ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ „მედიაჩეკერისთვის“, თქვენ რომ ახლა კითხულობთ, იმ ონლაინ გამოცემისთვის.

3 ნოემბერს, ჩემი ახლობელი და მეგობარი ანუკა გამსახურდია ისევ გზაზე დადგა დროშით ხელში და სანამ ტროტუარზე არ გადმოგვრეკეს, იდგა. რასაკვირველია, მას დღეს დააკავებენ. ანუკ, მოდი, დღეს გაგიყვან-მეთქი აქედან და ხვალ დილით ჩაჯექი, მიხვალ სახლში, მოემზადები, ჩაალაგებ ჩანთას და ბარემ დაგაკავებენ. კაიო. ჩემი მანქანა ჭიჭინაძეზე დგას, იქ ბევრი პოლიციელია, შენ ჩიტაძის მხარეს წადი, მე ჭიჭინაძიდან ავალ, ჩიტაძით ჩამოვალ და უცებ ჩამიხტი მანქანაში. ისევ კაიო. ავედი ჩქარა მანქანასთან, ჩავჯექი, ავიარე ჭიჭინაძის ქუჩა და რომ უნდა შევუხვიო - მარჯვნიდან, მარცხნიდან მოაყენეს მანქანები, თვით საპატრულო პოლიციის უფროსი, გოგა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა ჩემი შეპყრობის აქტს. გადმობრძანდით, პირადობა, გამოგვყევით… ჩამსვეს მანქანაში, აქეთ-იქიდან მომისხდნენ პოლიციელები და რაღაცნაირად მავიწროვებენ. მეთქი, მეგობრებო, გაიწიეთ ცოტა, ნუ მაწვებით, ხომ არ გადავფრინდები მანქანიდან. ჩემს მანქანას შუშა მაინც აუწიეთ და დაკეტეთ, ასე ხომ არ უნდა დატოვოთ?! ვესროლე ვიღაც პოლიციელს გასაღები, გყავდეს შენ მანქანა-მეთქი. 

ვზივარ მანქანაში და ვფიქრობ, ანუკას გაყვანის რა დიდებული სტრატეგია დავგეგმე, რა დროს ჩემი დაპატიმრება იყო?! ამ დროს მირეკავს სწორედ ანუკა, ტელეფონს მართმევენ პოლიციელები და მითიშავენ. ისეთ ადგილას გამაჩერეს, ვაითუ ვერავინ გაიგოს, რომ დამიჭირეს. მაგრამ არა, გათიშული ტელეფონით მიხვდებიან, რომ დამაკავეს, ატეხენ განგაშს, გატეხავენ ციხის კარს და გამათავისუფლებენ. თქვენ არ იცით, მე ვინ ვარ? - ვეკითხები ჩემს დამკავებელ პოლიციელებს მანქანაში. მინდა ვუთხრა, რომ - სახალხო არტისტი, მაგრამ ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ, არ გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება. მოკლედ, არ აინტერესებთ. 

თქვენ ილიაუნიში არ ასწავლით? თითქმის ჩურჩულით მეკითხება ჩემი გამკავებელი პოლიციელი. დიახ. ჩემი სტუდენტი ხომ არ იყავით? არა, მაგრამ ვიცი. ილიაუნის სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე წელს. აი, აგერჩია ჩემი საგანი და დღეს პოლიციელი კი არ იქნებოდი. აფსუს. 

მივქრივართ კახეთის გზატკეცილისკენ. მივედით, გადმომიყვანეს მანქანიდან, შემიყვანეს შენობაში, ხელი მაინც ჩაკიდული აქვთ, რომ არ გავიქცე. შევდივარ და რას ვხედავ, ანუკა გამსახურდია ზის და მელის. არ იყო აშკარად ეს ჩიტაძის კუთხე. რა კარგია, ერთად ვიქნებით იზოლატორში. ცოტა ამოვისუნთქე. 

სურათი ასეთია: პოლიციის შუშის შენობაში, პირველივე სართულზე, მგონი მანქანების სადგომი იყო, ციოდა, თითქმის ბნელოდა, დაახლოებით 20 პოლიციელი დგას, მიდის, მოდის… ვსხედვართ მე და ანუკა. მაინც გაგვაცალკევეს, რომ უცებ და იქვე რამე ტერაქტი არ დავგეგმოთ. 

ამის მერე იწყება: სახელი, გვარი, სად მუშაობ, როდის დაიბადე, სად დაიბადე. ქალბატონო ნინო, ეს რა მედიაა? დაკვირვებით უყურებენ ჩემს პრესის ბარათს. მეთქი, ხალხო, ხომ არ გადაირიეთ, რა ნინო, რა ნინო? ნინია ვარ კაკაბაძე. არანაირი რეაგირება, მიყურებენ შუშის თვალებით. მეთქი, ხალხო, რატომ უკეთებთ ამას ბატონ ბიძინას? მისი მტრები ხომ არ ხართ? ვერ ნახეთ, გუშინ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში რომ შეიყვანეს? დღეს ჟურნალისტის დაკავება ხომ ბატონი ბიძინას წინააღმდეგ გადადგმულია ნაბიჯია?! თვალები - ისევ შუშის, არც წესიერი ლაპარაკი, არც ხუმრობა, არაფერი ესმით. 

ვზივარ და ვფიქრობ, ალბათ, უკვე ყველამ გაიგო, რომ დამაკავეს. ნეტავ, რას წერენ ჩემზე? ალბათ, ფოტოებსაც დებენ, იხსენებენ რამდენი რამე, ღმერთო, რამდენი რამე მაქვს გაკეთებული სამშობლოსთვის?! ვის აღარ ვებრძოდი - ზვიადი, შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა! ნეტავ, ის თუ დაწერეს სააკაშვილს რომ ვაგინე? (სინამდვილეში, მე არ მიგინებია და იმან მაგინა, მაგრამ არაუშავს). მოკლედ, ვზივარ და ვხედავ ფბ პოსტებს, ხალხს ქუჩაში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით… 

რომელ იზოლატორში წაგვიყვანთ? ზაჰესის „კაპეზეს“ აქებენ, ახალგარემონტებულიაო და იქნებ, იქ გადაგვიყვანოთ. არა, დიღომში მიგვყავხართ. უცებ, მახსენდება, რომ ხანდახან კლაუსტროფობიული შემოტევებიც მაქვს და წარმოსახვაში ვხედავ ჩემს ზურგს უკან მოჯახუნებულ რკინის კარს. ახლა ჩანთაში რომ ტრანკვილიზატორი (სახელს შეგნებულად არ ვწერ) მიდევს, ის როგორმე უნდა გადავყლაპო. 

წავიღე ხელი წამლების ყუთისკენ. აქ რა გიდევთ? მეთქი-არაფერი, წამლებია. ჰოდა, აი, ეს წამალი, საღამოობით რომ ვსვამ, უნდა გადავყლაპო. არ შეიძლება, მეუბნება პოლიციელი. როგორ გეკადრებათ, ვპასუხობ მე და უცებ ვიგდებ პირში ნახევარ აბ ტრანკვილიზატორს. დალია, წამალი დალია, ხმამაღლა ამბობს პოლიციელი ქალი. რა დალიეთ? დამამშვიდებელი. რატომ ღელავთ, რა გგონიათ, „ნავიჩოკი“ მიდევს ჩანთაში და თავს ვიკლავ? ისევ შუშის თვალები. არაფერზე არ გპასუხობენ. დაპატიმრების წამიდან საათნახევრის განმავლობაში ვეკითხები, როდის დამარეკინებენ ჩემს შვილთან ან ჩემს ადვოკატთან. მანქანაში მეუბნებიან, როგორც კი მივალთ პოლიციის შენობაშიო, პოლიციის შენობაში მეუბნებიან ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, ოქმს რომ შევადგენთ მერეო, ოქმს რომ შეადგენენ. მეუბნებიან ისევ ცოტა ხანშიო, ცოტა ხანში მეუბნებიან, რომ მიგიყვანთ იზოლატორში, იქ გექნებათ ერთი ზარის განხორციელების უფლებაო. ამ დროს მოდის ერთი პოლიციელი ადამიანი, ადამიანი, რადგან დანარჩენები აპიჩატპონგ ვირესეტაკულის ფილმების გმირებს ჰგვანან და მეუბნება, დარეკე ბავშვთან და მარეკინებს. 

ვირესეტაკული და მისი გმირები იხილეთ აქ → Apichatpong Weerasethakul  

ოქმს მოაწერეთ ხელი, თუ შეიძლება. როგორ გეკადრებათ?! მახსენდება, რომ სანამ ადვოკატს არ ვნახავ, არაფერზე ხელი არ უნდა მოვაწერო. ვერა, გენაცვალე, მაგაზე ხელს ვერ მოგიწერ, დამარეკინეთ ადვოკატთან და მერე, კი ბატონო. თქვენ უკვე ისარგებლეთ ერთი ზარის უფლებით, ამიტომ ადვოკატთან ვეღარ დარეკავთ. შევახსენე, რომ კანონს არღვევენ, მაგრამ არ აინტერესებთ, რადგან მათი ერთადერთი კანონი ბატონი ბიძინაა. 

შუალედებში სულ მეფიქრება, აზვირთებული ხალხის ნაკადი როგორ მოემართება კახეთის გზატკეცილისკენ ჩემ დასახსნელად, შეძახილებით - „თავისუფლება ნინია კაკაბაძეს“. ამ დროს ერთი უტყვი ისევ მომმართავს, ქალბატონო ნინო, (ღმერთო, ისევ ნინო!) თქვენი ჩანთა და ნივთები უნდა აღვწეროთ და დავლუქოთ. აღწერეთ და დალუქეთ. ტრანკვილიზატორს ჯერ არ უმოქმედია, როგორც სჩანს, ამიტომ ჩემი გული ფრიალს იწყებს. სანამ დალუქავთ-მეთქი, ანაპრილინი მიდევს მანდ და უნდა დავლიო. არ შეიძლება. ამ სიტყვებს ქართულად ამბობენ, მაგრამ მათ ორიგინალ ენაზე მესმის - Не положено.  

- რატომ?
- არ შეიძლება. 
- რატომ არ შეიძლება? 
- არ შეიძლება. Не положено!

არ ვწყვეტ ერთი აბი ანაპრილინის მოთხოვნას. ნახეთ და თუ გინდათ, პულსი გამისინჯეთ, გული მაქვს აჩქარებული და თან მიფრიალებს კიდეც. არ შეიძლება, ქალბატონო ნინო. (ღმერთო, ისევ ნინო!) თუ გინდათ, სასწრაფოს გამოვიძახებთ და ის დაგალევინებთ, რაც საჭიროა. გამოიძახეთ. სადღაც 20 წუთში მოდის სასწრაფო. წნევას მიზომავს და 140/110-ზე მაქვს, როდესაც ჩემი ნორმა 90/60-ზეა. ეუჰ, ვიფიქრე, არაა ჩემი საქმე კარგად. ეს ოხერი ბიძინაც, ყველაზე საზიზღარი მმართველი, მაინც და მაინც ამ ასაკში უნდა დამწეოდა, ხომ?! რა ენერგიული და უპრობლემო ვიყავი მიშას დროს. ძალიან მაღალია 140. ეტყობა, მაინც ვნერვიულობ. 

- რამე დამამშვიდებელი ხომ არ გაქვთ კიდევ? - მივმართავ სასწრაფოს ექიმს.
- კი, კორსიზი გვაქვს. 
- რა კორსიზი, ქალბატონო, კორსიზს ყურში ვიწვეთებ. ნახევარი აბი ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს და უთხარით, ის მეორე ნახევარიც დამალევინონ. 

მოკლედ, ექიმის ხელით დამალევინეს ანაპრილინიც და ტრანკვილიზატორიც. აწი აღარაფრის მეშინია, ანუკაც აქ არის, მარტო არ ვარ, ტრანკვილიზატორი დალეული მაქვს, ანაპრილინიც დავაყოლე და აწი კი მომერევა ძილი. ცოტა ხანში წნევა ჩამოდის 110-ზე და სასწრაფოც მიდის.   

ცოტა ხანი ისევ ვსხედვართ. არ ვიცი, რას ველით, ამიტომ ვიწყებ პოლიციელებთან საუბარს. ვუხსნი, რომ ეს კანონები უკანონოა, რომ ჩვენ დასაპატიმრებლად მიიღეს. ვცდილობ, გული ავუჩუყო იმ მამაცობით, რასაც ყოველდღე თავად უყურებენ რუსთაველის გამზირზე, მერე ვუყვები, რომ სამკურნალოდ ვეღარ ვივლით ევროპაში, რომ მხოლოდ მინსკში და რუსეთში შეგვეძლება დასვენება. ამ დროს ანუკა ერთვება დიალოგში: 

- და განათლების რეფორმაზე რას ფიქრობთ? აი, მე ყველაზე მეტად ეგ მაღელვებს, რას ფიქრობთ ამაზე??? 

- ანუკა, გენაცვალე, რა განათლების რეფორმა და აპიჩატპონგ ვირესეტაკულის შემოქმედება. მაცალე. ვაგრძელებ ღარიბაშვილის და მისი გუნდის წევრების ოქროს ზოდებზე საუბარს, რომელსაც 13 წლის მანძილზე მათ, ანუ პოლიციელებს და მე მპარავდნენ. 

რაღაც ეტაპზე ვხვდები, რომ ტყუილად ვირჯები და ვჩუმდები, თან ტრანკვილიზატორმაც აშკარად დაიწყო მოქმედება. ახლა უკვე ვნატრობ იზოლატორის ლოგინზე, რომელსაც არც თუ ისე მიმზიდველად ახასიათებენ, მაგრამ არ ვჩივი. 

მოკლედ, იზოლატორისკენ გამგზავრებამდე მხოლოდ ჩემი პირადი ნივთების დალუქვა დარჩა. მოიტანეს ფაილი, დიდი ძაფი და დაიწყეს: 

- ხელის კრემი, გასაღები, ტუჩსაცხი 1, ტუჩსაცხი 2. 

- სჯობს, მაინც დააკონკრეტოთ-მეთქი, ერთი ტუჩსაცხი კოსმეტიკურია, მეორე - ჰიგიენური. უზუსტობა არ გაიპაროს. 

- კარგით. ამას რა ჰქვია? დაწერე: ბარათების ჩასადები ჩანთა, ან საფულე. მეც არ ვიცი, ამას რა ქვია, ამიტომ ვერ ვეხმარები. 



- სველი ხელსახოცი - ამბობს ერთი პოლიციელი. მეორე პოლიციელი, რომელსაც ხელში უჭირავს ხელსახოცი, პასუხობს - მშრალია. დავწეროთ: გამშრალი სველი ხელსახოცი. 

- არასდროს ყოფილა ეგ ხელსახოცი სველი, მშრალია, მშრალი - ვკარნახობ მე. 

- კარგით. წერენ: მშრალი ხელსახოცი. კანფეტი 1,2,3 ითვლის. 

- რაშია იცით საქმე - ისევ ვერთვები -  მაინც სჯობს დააკონკრეტოთ - ეს 2 კანფეტი სამკურნალოა, ევკალიპტს შეიცავს და ყელის სიმშრალეს შველის. ეს ერთი ცალი შოკოლადია, ე.წ. გრილიაჟი. შუშის თვალები მიცქერენ. შემდეგ წერს: ერთი შოკოლადი, 2 კანფეტი. 

- ისე, მაგ შოკოლადს თუ მომცემთ, ბარემ შევჭამ, ცოდოა მაგის დალუქვა. ნაჭამი ვიქნები და აღარ დამჭირდება იზოლატორში არაფერი ხვალ დილამდე. 

- არ შეიძლება. Не положено. 

- ჯანდაბა! 

ჩადეს ჩემი ნივთები და პატარა ჩანთა ფაილში, მოუკრეს თავი თეთრი ძაფით და ველით. ჯერ ანუკა უნდა გაიყვანონ. ამიტომ ჩხრეკენ, გახადეს ტყავის ქურთუკი და აღმოჩნდა, რომ ამ გადარეულ გოგოს მხოლოდ ერთი უსახელო მაისური აცვია შიგნით და სცივა. მეთქი-მივცემ, თუ შეიძლება ჩემს ჟაკეტს. მე თბილად მაცვია. პასუხი იგივეა: არ შეიძლება, Не положено. რატომ? გაჩხრიკეთ ეს ჟაკეტი და თქვენ მიეცით. რატომ არ შეიძლება?! ანუკა გაჰყავთ. ბარემ ერთად წავიდეთ-მეთქი, რად გინდათ ახლა ორი მანქანა და საპატრულო სისტემის გადატვირთვა. არ შეიძლება, Не положено.

ვზივარ და ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მოდის უკვე ხალხის ცუნამი ჩემ დასახსნელად. ვიცდი, ვიცდი და ბოლოს მეუბნებიან: თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, გათავისუფლებთ, ხვალ დილით ჩაინიშნება თქვენი სასამართლო პროცესი და უნდა გამოცხადდეთ. გაიგეთ, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი? გაგიბრაზდათ ხომ ბატონი ბიძინა? ხომ გაფრთხილებდით, რატომ არ დამიჯერეთ?! გამომეტყველება კვლავ შუშისაა. 

გაგაცილებთ გასასვლელამდე. ანუ სახლში არ წამიყვანთ? - არა. როგორ წავიდე? ეზოდან რომ გახვალთ, უკვე შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის ჩართვა და შეგიძლიათ, ტაქსი გამოიძახოთ. ახლა უკვე მე მაქვს გაოგნებისგან შუშის თვალები. კარგით. ვფიქრობ, რა ვიცი, იქნებ მოვიდეს ის ბრაზისგან აზვირთებული ხალხის ტალღა, ჩემ გათავისუფლებას რომ ითხოვს, მედიაც იქნება, ფოტოები, ვიდეოები, განათებები… ხოდა არა უშავს, მანქანაც ეყოლება ვინმეს და გავყვები. 

მიმაცილა ერთ-ერთმა ზომბმა გასასვლელამდე. ღამის 12 საათია. გამოვედი კახეთის გზატკეცილზე, ბნელა, მანქანებიც კანტიკუნტად დადიან, ჯერ საერთაშორისო ფრენებისთვისაც ადრეა, აეროპორტში მიმავალმა ხალხმა მაინც რომ დამინახოს, რა ამაყად ვტოვებ პოლიციის შენობას. ვრთავ ტელეფონს, ვიძახებ ტაქსის, 7 წუთში მოვაო. 7 წუთის განმავლობაში მაინც ვიყურები აქეთ-იქით, იქნებ, ვინმე, სადმე… ჩემ თვალწინ ეკრანზე მიდის სხვა პატიმრების გათავისუფლების კადრები: „ბო-ლო-მდეე!“ რომ ჰყვირიან, მღერიან, ხალხი ტაშს უკრავს, ყვავილებს აძლევს… 

ტაქსი მოვიდა, ეს მეტყვის-მეთქი - გათავისუფლებას გილოცავთ, ქალბატონო ნინია. ვჯდები ტაქსიში და მესმის მძღოლის ხმა: „რა გვიან ამთავრებთ სამსახურს, ქალბატონო“. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი


წლების წინ, როცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ვმუშაობდი, სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის კადრებზე

პოსტში ტანსაცმელშემოხეულ ყოფილ პრეზიდენტზე ვწერდი, რომ ეს იყო პატიმრის ღირსების შეურაცხყოფა და რომ ხელისუფლებამ მორალური უპირატესობა დაკარგა. იმ დღეს სამსახურში არ ვყოფილვარ, ვისვენებდი. როგორც კოლეგებმა მითხრეს, არხის საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელმა პირმა, ეკა შონიამ ჩემს პოსტზე ტანტრუმი დაიმართა და ამხანაგური სასამართლო მოაწყო. მისი ინიციატივით, სიუჟეტების მომზადება სამი კვირის განმავლობაში ამეკრძალა.

სააკაშვილის მიმართ სენტიმენტები ნამდვილად არ მქონია, მისი მმართველობის პერიოდზე იმდენი კრიტიკული სიუჟეტი მაქვს მომზადებული, კოლეგები ხუმრობდნენ, მიშა ხელისუფლებაში თუ დაბრუნდა, ქვეყნიდან წასვლა მოგიწევსო. უბრალოდ, მაშინ ჩემთვის ამორალური იყო თავად ფაქტი, როგორ მოექცნენ პატიმარს. მაშინ შემეხო პირველად საზმაუს იგნორირების პოლიტიკაც. მაშინ პირველად გამოვცადე, როგორია იყო გადაცემის ნაწილი და სრულიად არასაჭიროდ გრძნობდე თავს. ეს გამოცდილება, ამჯერად ჩემი კოლეგის, ბელა ზაქაიძის შემთხვევამ გამახსენა. 



საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ბელა ზაქაიძემ ეს პოსტი ჩვენი კოლეგის, ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, მის მხარდასაჭერად გამოაქვეყნა.

„საკუთარი კოლეგების დაცვის გამო, ძალადობის გაპროტესტების გამო არ უნდა გვეკრძალებოდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, რომელსაც წლები შევალიეთ. თითქოს შევეგუეთ ჩვენი კოლეგების დაკავებებს, რაც შემზარავია“, - წავიკითხე პოსტში და მივხვდი, რის ფასად უჯდებოდა ჩემს კოლეგას თავისუფალი აზრის გამოთქმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ბელას სიუჟეტების ძებნა დავიწყე და ჩემი ვარაუდი დადასტურდა - კვალიფიციური ჟურნალისტი, რომლის ძირითადი სამუშაო სფერო სამართალია და წესით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა ჰქონოდა, მთელი 45 დღე უსაქმოდ იყო. 

ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც 3 სექტემბერს ჩატარდა, ბელას სიუჟეტი აღარ იძებნებოდა. დარწმუნებული ვარ, თუ ამაზე ვინმე მიუთითებს, მენეჯმენტი უამრავ საბაბს მოიფიქრებს, რატომაც ბელა გადაღებებზე არ დადის, თუმცა არავინ იტყვის მთავარს, რომ ეს მაუწყებლისთვის მიღებული და გამოცდილი პრაქტიკაა - ამოჩემებული ჟურნალისტის დასჯის ერთ-ერთი ფორმა მისი იგნორირებაა. 

მოგვიანებით დააკავეს არხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები: სამეურვეო საბჭოს წევრი - ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მაიკო ბოკერია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე არ შეუერთდა ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც საბჭოს ორმა წევრმა ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა მოამზადეს. მეტიც, მაღლაფერიძემ თანამშრომლებს შეახსენა, რომ კოლეგების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა შინაგანაწესით აკრძალული აქვთ.

„ჩემი დაბეჯითებითი რეკომენდაცია იქნება, რომ თითოეულ თანამშრომელს კიდევ ერთხელ მიაწოდოთ, რომ ზუსტად დაიცვას. ამას გთხოვთ, რომ ჩემი ერთი სახელით, თუ წევრები გაიზიარებენ, ჩემი სახელით, რომ ძალიან ზუსტად დაიცვან თანამშრომლებმა ის შინაგანაწესი, რომელიც მათ ავალდებულებთ მიუკერძოებლობას პროცესების მიმართ…“, - მიუთითა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ „პირველი არხის“ იურისტს ელენე მიხაილოვას. (სტილი დაცულია) 

ამის მიუხედავად, დაკავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობა საზმაუს გაცილებით მეტმა თანამშრომელმა გამოხატა, ვიდრე ამას ვასილ მაღლაფერიძე ისურვებდა. 

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იგნორირების პოლიტიკა მათზეც წარმატებით ვრცელდება, ვისაც კადრში ვერ ხედავთ. ორ თვეზე მეტია გადაღება არც კვალიფიციურ ფოტოგრაფს, მირიან მელაძეს ჰქონია. მირიანიც  ფბ-ზე აქტიურობაშია „ბრალდებული“, ის ხმამაღალი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევა, ამიტომ საზმაუს არც მისი შრომა სჭირდება. ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება არხის ვებ-გვერდზე, სადაც მირიანის ბოლო ნამუშევარი 22 ივლისით თარიღდება.

როგორც უკვე გითხარით, არასასურველ თანამშრომელთა იგნორირების პოლიტიკა წელს არ დაწყებულა. ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც საზმაუს მიკერძოება ასე აშკარა ჯერ არ იყო. შესაბამისად, ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურებოდა გადაცემა „ახალ კვირაში“ ე.წ. რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ, ჩემი და ჩემი ორი კოლეგის, იმედა დარსალიასა და სოფო ზედელაშვილის პროტესტი.

ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ არხზე არსებობდა ე.წ. შავი სიები და მიუკერძოებლობის პრინციპი ირღვეოდა ხელისუფლების სასარგებლოდ, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ საბაბია და მენეჯმენტი ამ გზით უბრალოდ თავიდან იშორებდა გუნდის იმ ნაწილს, რომელიც ცენზურის პირობებში მუშაობაზე ვერ დაითანხმა.     

ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ მე და ჩემი ორი კოლეგა სამსახურიდან მაშინვე არ გავუშვივართ, როგორც კი პრობლემებზე საჯაროდ დავიწყეთ ლაპარაკი. ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას დაგვდებდნენ ბრალად, ჩვენ მიმართაც, თვეების განმავლობაში იგნორირების პოლიტიკა ტარდებოდა. მეც და სოფოც, ბელას და მირიანის მსგავსად, კვირების მანძილზე უშედეგოდ ველოდით, როდის მოგვეცემოდა მუშაობის საშუალება. საათების განმავლობაში უსაქმოდ ვისხედით ნიუსრუმში, სადაც ყველა რაღაცას წერდა, ამონტაჟებდა და სადაც დემონსტრაციულად მიგვანიშნებდნენ, რომ ყველასთვის გამოიძებნება საქმე, ჩვენ გარდა, რომ ჩვენი ადგილი ამ სივრცეში არ არის.

რას აკეთებდნენ სხვები? „ახალი კვირის“ სხვა ჟურნალისტები მაშინ გადაღებებზე დადიოდნენ, ნაწილმა კი გაავრცელა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ცენზურა არასდროს შეხებიათ და ყველა სიუჟეტი პროფესიული პრინციპების დაცვით მოამზადეს.  

ხელმომწერებს შორის, სამწუხაროდ, იყვნენ ისინიც, ვინც დღეებით ადრე ჩვენთან ერთად წუხდა უკვე შექმნილ პრობლემებზე, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც  სვამდა კითხვებს: რატომ არ აძლევენ სიუჟეტის მომზადების უფლებას, მაგალითად,  მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის კორუფციულ სქემებზე, მაშინ, როცა ნებადართულია სიუჟეტი რომელიღაც სოფლის გამგებლის მოადგილის კორუმპირებულობასა და დაუოკებელ მადაზე? რატომ არ იმჩნევდნენ პროდიუსერები მწვავე პოლიტიკურ თემებს? კითხვები კითხვებად დარჩა, უკმაყოფილება - ჩუმ უკმაყოფილებად. საჯაროდ არავის არაფერი უთქვამს. 

რატომ მოიქცნენ ჩემი კოლეგები მაშინ ასე და არა სხვაგვარად? რატომ არ დადგნენ ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად არ გააპროტესტეს, ალბათ, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ცენზურა?

ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ მაშინ გამოჩენილ სოლიდარობას ჩვენს შემთხვევაშიც და ზოგადად, მედიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, შეეჩერებინა ის ზვავი, რომელიც ახლა მოექანება და ჩატანით ემუქრება მთლიანად პროფესიას. 

შესაძლოა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ ეს დროებითი უსიამოვნება იყო, გადაივლიდა და ისევ გაეხსნებოდათ ხელ-ფეხი - სამსახურის დაკარგვა და შემოსავლის გარეშე დარჩენა ნამდვილად არაა მარტივი. კრედიტები, ბავშვების სკოლა, წრეები, კვება - ყველაფერს ფული სჭირდება.. რთულია ბორბლებში საკუთარი ნებით შეუვარდე რეპრესიულ მანქანას, ვიდრე ის შენ უშუალოდ არ შეგეხება.. 

ჩვენი ამბავი სხვა კუთხითაც იყო განსხვავებული - ჩვენ საზმაუს პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბრეთ ისე, რომ სამსახურიდან არ წამოვსულვართ. მაშინ, რატომღაც, გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელმა, თინა ბერძენიშვილმა რაღაცები არ იცოდა (აი, „სტალინმა რომ არ იცოდა“, დაახლოებით მაგ ტალღას ავყევი, პატარა ხავსი დავინახე და ჩავეჭიდე).

დღეს კი უკვე აპრობირებული მეთოდია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში „ურჩობის შემთხვევები“ ანუ სამოქალაქო პოზიციის ან სოლიდარობის გამოხატვა ისჯება ჯერ იგნორით, შემდეგ საბაბის გამოგონებით და სრულდება ამ თითიდან გამოწოვილი საბაბით სამსახურიდან გათავისუფლებით. ბოლო და ყველაზე მკაფიო მაგალითი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლება იყო. მაშინ, როცა მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ხშირად გადაცემის ბოლო ბლოკში, ბოლოს წინა ამბად გვიყვებოდა მოშიმშილე მზია ამაღლობელზე, ვასილ ჩიქოვანმა ყველა ახალი ამბის პირველ წინადადებად სწორედ მზიას მიმართ სოლიდარობა აქცია. და სოლიდარობისთვის ისიც დაისაჯა.. სამაგიეროდ ეთერში დიდხანს იქნებიან მისი ყოფილი კოლეგები, რომლებიც, რა ირონიულია, რომ უკვე ვასილის დაკავების ამბავს ასე ჰყვებიან: „სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაიკო ბოკერია“... „მათ შორის“.

სხვათა შორის, სამსახურიდან ჩემი გაშვების შემდეგ, „ახალ კვირაში“ „იმედიდან“ პორტირებულმა პროდიუსერმა, თამარ გოგესაშვილმა დეზინფორმაციის მასტერკლასი ჩაატარა და ჩემი პროტესტის მთავარ საფუძვლად ხელფასთან დაკავშირებული უკმაყოფილება დაასახელა. ოღონდ გამორჩა იმის მითითება, როგორ იყენებდა საზმაუს მენეჯმენტი სახელფასო პოლიტიკას ჟურნალისტებზე ზეწოლის ბერკეტად, როგორ მუშაობდნენ წლობით მინიმალურ ანაზღაურებაზე ათვალწუნებული კადრები და როგორ იზრდებოდა ხელფასი პრივილეგირებული თანამშრომლებისთვის. ხელფასის მომატებით ხდებოდა არა გაწეული შრომის დაფასება, არამედ მორჩილი თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვება. ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი, თუმცა პროფესიონალი კადრების მოთხოვნებს კი მენეჯმენტი აიგნორებდა.

უკვე დღესავით ნათელია, რომ რეჟიმს არ სჭირდება მოაზროვნე თავები, ისეთი ჟურნალისტები ურჩევნია, ჩართვაზე დგომა ნაირ-ნაირი „ლუქის“ პრეზენტაციისთვის რომ სჭირდებათ, უცხოეთში გადაღებისთვის წასვლას პროფესიის ნაწილად კი არა, მენეჯმენტის წყალობად რომ თვლიან და ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, თვითცენზურაც კარგად ეხერხებათ და დამატებით პრობლემებსაც არასდროს ქმნიან. 

უნდა ვთქვათ ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სადამსჯელო ღონისძიებათა ნუსხაში მხოლოდ იგნორირება არ არის.. არსენალი დიდია. თქვენ კარგად იცნობთ „საზმაუს მცველებს“ (ღირსეულ პროფესიონალებს), მაგრამ მე ვიცნობ „მენეჯმენტის მცველებსაც“. „მენეჯმენტის მცველები“ პრივილეგირებულთა ჯგუფია, რომელიც, იგნორირების პარალელურად, სამუშაო პროცესისგან გარიყულთა დამცირებით, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევით არის დაკავებული, რათა მაქსიმალურად აუტანელი გახადოს შენთვის სამუშაო სივრცეში ყოფნა. ამ ჯგუფმა ჩემი და სოფოს მსგავს მდარე პროვოკაციაზე წამოგებაც არაერთხელ სცადა - არ გამოუვიდათ და საბოლოოდ, არხის „რეპუტაციის შელახვის“ საფუძვლით გაგვათავისუფლეს. საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, მურუსიძის სასამართლოში.

წლების შემდეგ, ზუსტად ამ გზის გავლით დარჩნენ „საზმაუს მცველებიც“ საზმაუს გარეშე. რამდენიმე მათგანს ჩემთვის პირად საუბარშიც უთქვამს, რომ „ახალი კვირის“ გუნდის ნაწილის სამსახურიდან გაშვების დროს მათი პროტესტი უფრო ხმამაღალი უნდა ყოფილიყო.. სამწუხაროდ, მაშინ დღევანდელი რეალობის კონტურები ბუნდოვნად ჩანდა - რთული იყო იმის აღქმა, რამდენად საშიში პროცესი იწყებოდა.

ამას წინათ მეგობარს ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი. ცუდად, სამშობლო მტკივაო, მიპასუხა.. და, სამწუხაროდ, ეს არ არის პათეტიკა - უკვე ფიზიკურად ცუდად ვართ ამ ტოქსიკური გარემოს გამო. ტკივილს ზოგი გაქცევით იყუჩებს (ან იყუჩებს, კი?) ზოგი - რუსთაველზე დგომით,ზოგი - რეალობის ვერდანახვით.. 

რეჟიმს უნდა, რომ წავიდეთ, გავეცალოთ, შვილები გავარიდოთ, ათობით აქტივისტი ციხეშია, მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება და მათ შორის არიან ჟურნალისტები. 

თავისუფლების 30 წელი ცოტა არ არის - ეს ერთადერთია, რაც მიჩენს იმედს, რომ გადავრჩებით. მთავარია, გადარჩენამდე სისტემამ ბევრი ჩვენგანი არ გაჭყლიტოს. 

მთელმა ამ პროცესმა ერთი რამ მასწავლა, რომ წინააღმდეგობას, თითოეული ადამიანის ხმას, პოზიციას, თუ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს აქვს აზრი. როგორც კი გაირკვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არხის ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრს იგნორირების რეჟიმში ამყოფებს, მეორე დღესვე, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, „პირველი არხის“ ეთერში ბელა ზაქაიძის სიუჟეტი გამოჩნდა. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.


კატეგორია - ბლოგი


წარმოუდგენელია, დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო და არ გქონდეს ნაფიქრი - თუ დამიჭერენ, რა იქნება, როგორ ავიტან ამას, როგორ მოვიქცევი, რამდენად შევინარჩუნებ საკუთარ თავს?! ასეთ დროს, უნდა ვაღიარო, რომ პირველ რიგში, მზია ამაღლობელი მახსენდება და ვფიქრობ, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი. 



სასამართლო პროცესებზე ვუყურებ ფეხზე ამაყად მდგომ მზიას, რომელიც არ ჯდება და მახსენდება როზა პარკსი, რომელიც იჯდა და არ ადგა.  

50-იანი წლების ამერიკაში როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ეს ის ქალია, ავტობუსიდან. პარკსი სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მისთვის, ანუ შავკანიანი ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. მაშინდელი დისკრიმინაციული წესების თანახმად, ის ვალდებული იყო, უადგილოდ დარჩენილი თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილი დაეთმო. როზა პარკსმა თავისი ადგილი არ დათმო, რასაც ხანმოკლე, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც მოჰყვა და ჯარიმაც. თუმცა, საბოლოოდ, პარკსის სიჯიუტე და საკუთარი ღირსების დაცვა დიდი საპროტესტო ტალღის დასაბამი აღმოჩნდა, რომელიც 381 დღე გაგრძელდა და შედეგად საქალაქო ტრანსპორტში სეგრეგაციის გაუქმება მოიტანა. 

 

როზა პარკსი არ იყო რიგითი აქტივისტი, ის იყო კანონების მცოდნე, განათლებული, ჭკვიანი ქალი, რომელიც შავკანიანთა საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდა. ვინ არის მზია? მზია არ არის რიგითი აქტივისტი, რომელიც საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა. ის, ალბათ, არც ტელევიზიით უნახავს ვინმეს. მზია ბევრს არ ლაპარაკობს, ის მოქმედებს და ამ მოქმედებაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, შექმნა ორი სანდო, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა, რომელიც 20 წელიწადზე მეტია არსებობს და რომელმაც 3 სხვადასხვა მთავრობას გაუძლო, მათ შორის, ასლან აბაშიძის ავტორიტარიზმს. საქართველოში სიტყვის თავისუფლება სწორედ ამ გამოცემებთან და მზია ამაღლობელთან ასოცირდება, ამიტომ დღევანდელი მოძალადე, ავტორიტარი ხელისუფლებისთვის მზიას დამარცხებას სიმბოლური დატვირთვაც ექნება, ჩვენს ქვეყანაში ის სიტყვის თავისუფლების დამარცხების ტოლფასი გახდება.



რა არის ყველაზე მიმზიდველი მებრძოლ ქალებში: საკუთარი პრინციპების, სიმართლის ჯიუტად დაცვა. მზია ქალის იმ სტერეოტიპულ სახე-ხატსაც ანგრევს, რომელიც კაცებმა შეთხზეს - „მყვირალა“, ისტერიული ქალის. მზიასგან ახლობლებს არ აქვთ თანხმობა, ილაპარაკონ მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე. მზია საპყრობილეში, ხშირად კომფორტის იმ პირობებითაც არ სარგებლობს, რომლის უფლებაც მას აქვს. მაგრამ ყველაზე მომნუსხველი მისი ჩუმი, მონუმენტური სიდინჯეა, რომელსაც ყველა სასამართლო პროცესზე ავლენს. უკვე არაერთი პროცესი იყო და მზია სკამზე არც ერთი მათგანის დროს არ დამჯდარა. ის შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში, სასამართლო დარბაზის ე.წ. საკანში ჰყავთ გამოკეტილი. თითქმის ყველა პროცესზე ადვოკატი ითხოვს, რომ მზია მის გვერდით დაჯდეს და შუშის კედლების გარეშე შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ჯერ ისევ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის, თავდასხმის რისკი და ადვოკატის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. 

მზია ჩუმად და უსიტყვოდ აპროტესტებს მოძალადე რეჟიმისგან მიწებებულ მოძალადის იარლიყს. მზია დგას, ის არ ჯდება, არც ერთხელ დამჯდარა, არ ეგუება ამ უსამართლობას და აი, ასე იბრძვის. თუკი როზა პარკსი არ ადგა და არ დათმო ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მზია ამაღლობელი არ ჯდება იმ სკამზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. მზიასთვის იმ შემოსაზღვრულ, საშიში კრიმინალებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდომა, შეგუებისა და ბრალის აღიარების ტოლფასია. ამიტომ რამდენ საათსაც არ უნდა გრძელდებოდეს პროცესი, მზია იმდენი საათი იდგება ჩუმად, დინჯად. იმდენ ხანს, რამდენსაც მას ეს მოძალადე, ირაკლი დგებუაძის მსგავსი მშიშარა კაცების სისტემა აიძულებს. მშიშარა კაცები, რომელთა ლიდერიც ხალხის წინ მხოლოდ შუშის ტყვიაგაუმტარი კოლბით გადაადგილდება. 

ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, რა იქნება, როგორ გავიმარჯვებთ?! გავიმარჯვებთ, რადგან 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს და არც ერთი მათგანი არ გამტყდარა, ყველა მათგანი ფეხზე დგას, სალი კლდესავით და სწორედ ამ ურყევი პრინციპულობით „მოვიგებთ ამ ომს“. 



დღეს, 21 ივლისს, ერთ-ერთ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მზიას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას გულისხმობს. მან უნდა თქვას, რომ აგინებდა პოლიციელებს, ძალადობდა მათზე, რომ მოქმედებდა „დიფ სტეიტის” დავალებით და ა.შ. და ა.შ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ყველა ეს ქმედება ერთადერთ მიზანს ისახავს, გატეხონ და საბრალდებო სკამზე დასვან მზია ამაღლობელი. მისგან ითხოვენ კითხვაზე - ნანობს თუ არა ის საკუთარ საქციელს, განსხვავებული პასუხი მიიღონ და არა ის, რაც უკვე მოისმინეს: „რომ ვთქვა, რომ ვნანობ, ეს იქნება სიყალბე. ეს გარდაუვალი იყო. ვიმეორებ - ბევრად ჰარმონიაში ვიქნებოდი საკუთარ თავთან, რომ სათანადო სიტყვიერი პასუხი გამეცა, მაგრამ მოხდა ეს ფაქტი და ამას ვერსად გავექცევი”. 

მზია ჩვენი ღირსებაა, ის ჩვენი ბრძოლის სიმბოლოა, მას ვერასდროს დასვამთ საბრალდებო სკამზე, ის არასდროს აღიარებს ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი

ფოტო : Mo SE


„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მედიისა და ჟურნალისტების, მთლიანად სექტორის ეკოსისტემის დასაზიანებლად. თუმცა, ასე ჩანს, რომ მან რეპრესიული პოლიტიკის ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გათვალა - ვერ გათვალა ის, რომ მისი ქმედებები სოლიდარობის რესურსის შექმნას შეუწყობდა ხელს. 

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჟურნალისტურ თემში სოლიდარობის განცდის გაძლიერება იყო ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის პროფესიული მიზანიც და ოცნებაც. როცა მედიის განვითარების ხელშესაწყობად  აქტივობების დიზაინზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ უნარების შეძენის პარალელურად, პროფესიონალებს შორის ინტერაქციაც გაძლიერებულიყო. გვინდოდა, მეტად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან თბილისის წამყვან მედიებსა და რეგიონებში მომუშავე მცირე ზომის მედიებს, სამაუწყებლო მედიებსა და ჯერ ბეჭდურ და მერე უკვე ონლაინ მედიებს, სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიებს.

ჩვენ ვაწყობდით გაცნობით ვიზიტებს, ხელს ვუწყობდით ჟურნალისტებს თბილისიდან გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისთვის რეგიონებში, ჩამოგვყავდა ჟურნალისტები რეგიონიდან ნაციონალურ მედიაში პრაქტიკის გასავლელად, ვაძლიერებდით ქსელურ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე, სხვადასხვა ზომის მედიები სხვადასხვა რეგიონიდან მედიაპროდუქტს ერთობლივად ქმნიდნენ. ვცდილობდით, ამ საქმეს კრეატიულად მივდგომოდით  - თანამშრომლობის წასახალისებლად და ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ფორმა გამოგვეძებნა. 

ჩვენ ვიცოდით, იმისთვის რომ სექტორი განვითარებულიყო, მისი სოციალური ქსოვილი უნდა გამყარებულიყო. სექტორში თავისუფლად უნდა ემოძრავა ცოდნასა და გამოცდილებას, უნდა გააქტიურებულიყო პროფესიული კავშირები, განსხვავებულ მოცემულობაში მომუშავე პროფესიონალებს უკეთ უნდა გაეაზრებინათ ერთმანეთის საჭიროებები და გამოწვევები, რათა მეტად დაეფასებინათ ის ძალისხმევა, რასაც ისინი კოლექტიურად და ინდივიდუალურად იღებდნენ. 

ეს ყველაფერი პოზიტიური დღის წესრიგის შესასრულებლად იყო საჭირო, რათა მედიებს ერთად ეზრუნათ სარეკლამო ბაზრის გაფართოებასა და სარეკლამო რესურსების სამართლიანად განაწილებაზე, ნაციონალურ მედიას უფრო ხშირად და კვალიფიციურად გაეშუქებინა რეგიონებში მიმდინარე ამბები, რეგიონულ მედიას უფრო უკეთ გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამის გაკეთება პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ადვილი არ იყო. რაღაც, ალბათ, გამოგვივიდა, რაღაც, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ყოველთვის წარმატებული არ აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, ხელი შეგვეწყო მედიების გაერთიანებების, ჟურნალისტთა ასოციაციების დაარსებისა და, რაც მთავარია, შენარჩუნებისთვის. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ სირთულეების საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია. რამდენიმე ჩავარდნილი მცდელობის მერე, როცა განსხვავებული პოზიციების მქონე მედიების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება არ მოხერხდა, პროფესიული პრინციპების დასაცავად ჟურნალისტები უკვე ინდივიდულურად გაერთიანდნენ. 

თანამშრომლობის სხვადასხვაგვარი გამოცდილება სექტორში კი იყო, მაგრამ არ იყო საკმარისად ბევრი თვისებრივი ცვლილების გამოსაწვევად. 

2023 წლის გაზაფხულზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, „უცხოეთის აგენტებად“ შეერაცხა ყველა, ვინც დასავლურ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდა, ვითარება კარდინალურად შეცვალა. უეცრად ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით, ყოველდღიურად მზარდი საფრთხის წინაშე. მართალია, ძალიან განსხვავებულები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც, თუმცა, ძალიან მყარად შეთანხმებულები ერთ საკითხზე - დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი სწორი არჩევანია და ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

შემდეგი მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაეპაუზებინა. დაუნდობელმა თავდასხმებმა ჟურნალისტებზე და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობამ ჟურნალისტური თემი კიდევ უფრო შეაკავშირა. 

მას მერე, ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ათას საშინელებას -  ერთად ვჭამეთ ცხრა ფუთი მარილი და ერთად შევხედეთ თვალებში წარმოუდგენელ სისასტიკესა და ღალატს. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი საპროტესტო აქციებზე, მარშებზე და მის მიღმა. მათ, ვინც საბაზრო კანონების თანახმად, კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთისთვის თავდადების შთამბეჭდავი მაგალითები აჩვენეს. ორგანიზაციებმა და ადამიანებმა საერთო ამოცანების ირგვლივ გააერთიანეს ტექნიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები.  

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ მოკლე ვადაში შეძლო მედიის სექტორის ისე გაძლიერება, თავისი მიზნის საპირისპიროდ, როგორც წლების განმავლობაში ვერ შევძელით მედიის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა. 

იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, საკანონმდებლო თუ სხვა მექანიზმებით გვირაზავენ ყველა კარს, გვდევნიან, გვემუქრებიან და ჩვენს გასაქრობად ძალისხმევას არ იშურებენ, ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური თემი მთლიანობაში და მისი ცალკეული წევრები, ასეთი ძლიერები აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. გვჯერა, რომ სიხარულისა და ბედნიერების ის განცდა, რაც ამ ერთად ყოფნამ მოგვიტანა, მთებს გადაგვადგმევინებს. და უბრალოდ ვიცით, რომ როცა ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენ-ჩვენი ნიუსრუმების რუტინას დავუბრუნდებით, ეს გამოცდილება და კავშირები იმ საგზლად დაგვრჩება, რაც უკეთეს საქართველოში უკეთესი მედიაგარემოსა და მედიასაშუალებების შექმნას შეგვაძლებინებს. 

 
კატეგორია - ბლოგი


წელს, კანის ფესტივალზე ყოფნისას, საქართველოდან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა მოხვდა თუ არა ინფლუენსერი მანჩო (სახელი შეცვლილია, რადგან ჩემი ბლოგის მთავარი გმირი ის არ არის) წითელ ხალიჩაზე და თუ მართლა მოხვდა, როგორ? ერთი სიტყვით, ფეისბუკის ქართველი მაყურებელი არკვევდა, რეალობა იყო თუ არა ის, რაც მათ ნახეს. მივხვდი, რომ პასუხის გაცემა რთულია. 

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანის უახლოესი მეგობარი თუ მრჩეველი ნებისმიერ საკითხში, მათ შორის პირადშიც კი, ხელოვნური ინტელექტია, ახალგაზრდა თაობა კი დროის უმეტესობას ვირტუალურ სამყაროში ატარებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის ან რომელია რეალობა?! ამიტომ პირველად მაშინ გამიჩნდა ეს პასუხი - არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სინამდვილეში წითელ ხალიჩაზე, რადგან რეალობა არის ის, რაც ნახეთ. 

სურათი კი ასეთი იყო: მანჩო წითელ ხალიჩასთან ფესტივალის ფეშენებელური მანქანით მიგრიალდა, ეცვა ძვირადღირებული საღამოს კაბა, მას ტაშს უკრავდნენ, უყვიროდნენ, ის პოზირებდა ფოტოკამერების წინ და ფოტოგრაფებიც უღებდნენ ფოტოებს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის, ერთი პატარა გამონაკლისის გარდა - მისი სახელი და გვარი არ გამოაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ. ინფლუენსერის ცნობილ ვიდეოში, ზემოდან დადებული ოვაციების ხმის გარდა, ყველაფერი ნამდვილია. მხოლოდ ერთია, რომ ქართველმა ინფლუენსერმა ეს რეალობა სოციალური ქსელისთვის შეიძინა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ფულს იხდის იმ რეალობისთვის, რომელსაც პროპაგანდა მისთვის ქმნის და ხალხს სთავაზობს. 

მანჩოს რამდენიმე ათასმა გამომწერმა დაიმახსოვრა, რომ ის კანის ფესტივალზე დაპატიჟეს, გულთბილად დახვდნენ, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ააცილეს და მხოლოდ ეჭვიანმა ერთეულებმა გამოიკვლიეს, რომ ნანახი ბოლომდე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასევეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მერე რა რომ ეს ზრდა ჩვენს ჯიბეზე არ ასახულა.

უკვე საზეპიროსავით ვიცით, რომ პროპაგანდას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ „მტრის“ მიმართ შიშის გაღრმავებაზე მუშაობა. თუკი წინა ხელისუფლება მუდმივად რუსეთით გვაშინებდა და რეალური საფრთხის გადაჭარბებული და უზომო წარმოჩენით ნაწილობრივ მისი დევალვაციაც მოახდინა, დღევანდელი ხელისუფლების მტერი დასავლეთია, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თუ ირანში ხდება. ერთი სიტყვით, ამ მტრის მიმართ შიშის გაძლიერებაზე ეფექტურად მუშაობს: ომში ჩაგვითრევს, გაგვანადგურებს, ტრადიციებს წაგვართმევს, სქესს დაგვაკარგვინებს და ა.შ. 

გარდა ამისა, პროპაგანდის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია რეალობის პოზიტიურად წარმოჩენაც: ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ ყველა დასაქმებულია, კარგი ანაზღაურება აქვს და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა და ცდილობს საქართველოს მდგომარეობა ისეთი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, როგორც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავები ბრწყინავენ. 

ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, როგორ ყვავის და ბრწყინავს საქართველო. ამგვარი სიახლეები, რაც ეკონომიკურ პროგრესს წარმოაჩენს, ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ეს ილუზია კი ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზე მოქმედებს. 



ეს პოზიტიური ამბები ხშირად ნეგატიური მოვლენების, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. მაგალითად, „იმედის“ მაყურებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დარწმუნებულია, მაგალითად, არ აღშფოთდება, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დაგროვებულ ქონებას რომ ნახავს. მთავარია, „ქვეყანა ვითარდება“. 

პოზიტიური პროპაგანდა იდეალური სახელმწიფოს იმიჯს ქმნის. ამიტომ არის, რომ მმართველი პარტია ნებისმიერი წარმატების მითვისებას, მასთან გაიგივებას ცდილობს: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გოლი თუ გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა, რადგან ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ სახელმწიფოს მე ვმართავ. მაგრამ თუ სადმე, ჩემი სახელით წასული დამარცხდება, მას ასე წარმოვაჩენ:


და ამ „შთამბეჭდავი“ გამოსვლის შემდეგ, პროპაგანდა იმას კი არ იტყვის, რომ მარიამ შენგელია შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, არამედ იტყვის, თუ ვინ გადავიდა:


ასეთია პოზიტიური ამბების პროპაგანდის ხასიათი, ის ქმნის სტაბილურობისა და კომფორტის ილუზიას. აგრესიული „აბა, ომი გინდათ“ კამპანიის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის საფრთხეში უკვე მყარად დააჯერეს და დააშინეს, აქცენტი ახლა სწორედ ამ სტაბილურობასა და კომფორტზე კეთდება. საბჭოთა ადამიანს სჯეროდა, რომ საბჭოეთში ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო, დასავლეთში კი ცოცხალ ადამიანებს მაღაზიებში ვიტრინის მანეკენებად ამუშავებდნენ.

დროთა განმავლობაში სინამდვილე და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვირტუალური რეალობა ერთმანეთში იმდენად იდღაბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცარიელი მაცივარის ვირტუალურად გავსებას წარმატებით ახერხებს და ამას მოქალაქეებსაც აჯერებს. ასე იქცა 21-ე საუკუნეში ვირტუალური რეალობა პარალელურ რეალობად. 

ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და გაჩვენებთ გოგოს, რომელსაც აქვს კაბა წითელ ხალიჩაზე ასასვლელად, მაგრამ არ აქვს მოსაწვევი. ფურცელზე დაწერილი ტესტით ის სწორედ მოსაწვევს ითხოვს და მას ამ მოსაწვევს ან ბილეთს აუცილებლად აჩუქებს ვინმე ჩემნაირი, ვისაც აქვს ბილეთი, მაგრამ არ აქვს კაბა. ბილეთის გამოყენება კი აუცილებელია და მისი უქმად გაცდენა აკრძალულია.

ამ გოგოსაც შეუძლია შექმნას წარმატებული ქალის სურათი და ვინ გასცემს ცალსახა პასუხს კითხვაზე, რეალური იქნება ეს იმიჯი თუ ვირტუალური?! რადგან მთავარი მაინც ის იქნება, რომ მის „ბრწყინვალებას“ აუცილებლად დაიმახსოვრებს და დაიჯერებს ეკრანთან მჯდომი ობივატელი. 

 
კატეგორია - ბლოგი

 

პროლოგი

29 აპრილს, დილის 9 საათზე მეგობრის ზარმა გამაღვიძა, რომელიც მეკითხებოდა ჩვენს კიდევ ერთ მეგობართანაც ხომ არ შევიდნენო. შევიდნენ, ანუ სახლში ჩხრეკაზე, რომელიც არავინ იცის რით დასრულდება, დაპატიმრებით თუ უბრალოდ ტექნიკის კონფისკაციით. რატომღაც ისე ხდება, რომ ქუჩაში, მიტინგის დროს დარბევაზე მეტად ეს სახლში შევარდნები უფრო მაშინებს. დედაჩემი, რომელიც 30-იან წლებში გაიზარდა, სულ მიყვებოდა, როგორ აშინებდათ სადარბაზოში ნაბიჯების ხმა, კარზე კაკუნის ხმა ჩხრეკაზე მისული ხალხის, დაპატიმრების… ამას ძალიან ხშირად გვიყვებოდა, სხვა ტრავმებთან ერთად, როგორც ჩანს, დედას შიშები იღვიძებს, როდესაც ვხედავ ახლობლების, ნაცნობების, თანამოაზრეების სახლში მისულ დღევანდელ „ენკავედეს“ და ვიცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემთანაც მოვლენ. არც მათ დააშავეს რამე და არც მე, მაგრამ ჩვენ ხომ „უცხო ქვეყნის ჯაშუშები“ ვართ, როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ გასული საუკუნის 30-იან წლებში. 


მედია და რეალობა

28 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში“, დოკას კინოკლუბში ირანული ფილმი აჩვენეს წმინდა ლეღვის თესლი, სადაც ასეთი ეპიზოდია: გარეთ ადამიანებს სცემენ, არბევენ, წამლავენ, აპატიმრებენ… ქალს უნდა გაიგოს, რა ხდება ქალაქში, ტელევიზორს რთავს და კონცერტი მიდის. ეს ირანის რეალობაა. 

29 აპრილს, მასობრივი ჩხრეკების ფონზე, 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომა ერთ საათს გაგრძელდა, დეტალებს არ მოვყვები, მხოლოდ ერთ მონაკვეთს გამოვყოფ. ტელევიზიის დირექტორის მოხსენების შემდეგ, რომელშიც მან მაუწყებლის წარმატებებზე ისაუბრა (ასეთი ეპიზოდები საბჭოთა ფილმებში გექნებათ ნანახი, ქარხნის დირექტორი რომ გასული კვარტლის მიღწევებს უამბობს მის ზემდგომს), ბორდის წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს და დაამატეს: 

იხილეთ ვიდეო: 

ეს ახალი გადაცემაა „ხალხური“. ამ პროექტის შინაარსის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მისი ანოტაციაც და გადაცემებიც აქ შეგიძლიათ იხილოთ. გეტყვით, რომ მშვენიერი, გადასარევი ხალხური მუსიკა ისმის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მოსამზადებელ პერიოდში, გასულ ზაფხულს „ხალხურის“ ჯგუფმა შემოიარა მთელი საქართველო, საუკეთესო სასტუმროებში გაჩერდა, თან დაჰქონდათ დიდი სცენა, აპარატურა… ამ პროექტის ბიუჯეტი ჯერჯერობით უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ოდნავ გაცნობიერებული ადამიანიც კი მიხვდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

თუმცა, კარგი მუსიკა ნამდვილად ისმის, იქაც კარგი კონცერტი იყო, ირანულ ფილმში, ტელევიზორში რომ გამოჩნდა, მაგრამ კონტექსტი აქაც და ირანშიც ამ კონცერტებისგან განსხვავებულია. 

დღევანდელ დღეს ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ძალიან დიდ ფულს ხარჯავს პროპაგანდასა და გასართობ გადაცემებზე. რუსეთის ტელევიზიაც ხომ ამით არის ცნობილი?!  სანახაობა ნებისმიერი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია, ამიტომაც არ იშურებს ვასილ მაღლაფერიძე ხალხის ფულს მათი გართობისთვის. წლებია ამ ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება გადაცემაზე - „მასტერ შეფი“. ქვეყანაში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა, მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით, 369,924-ს შეადგენდა, ამ ბავშვებს ეკრანზე გემრიელად მომზადებული საჭმლის სანახაობას სთავაზობენ.  

იცით, ეს გადაცემები რისთვის არის? 

„სამართალდამცავები“ გარეთ რომ პროტესტში მონაწილე ადამიანებს დაარბევენ, აქტივისტების სახლებში შეიჭრებიან, ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო რომ გაიზრდება, ადამიანებს ისევ სცემენ, დაასახიჩრებენ და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ დროს იმაზე უნდა ინერვიულოს, ვინ გაიმარჯვებს კახეთის, იმერეთის თუ მცხეთა-მთიანეთის ჯგუფი. ვისი სიმღერა თუ კერძი აჯობებს?! შეხედავს სცენაზე ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილ წამყვანებს, მათ ჩაცმულობასა თუ თმის ვარცხნილობაზე სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდები იზრუნებენ, იკაშკაშებს და იბრწყინებს ეკრანი, რომლის მეორე მხარეს ჩვენ ვისხდებით, რომელთაც კი, კარზე კაკუნის გვეშინია, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევთ და არ ვჩუმდებით. 

მესმის, ამ ადამიანებისთვის უცხოა ეს განცდა, რადგან მათ წინაშე საფრთხე არ არის, კარგად იქცევიან, რეჟიმის მოლაპარაკე თავები მათ უღიმიან, ხელს ართმევენ, მადლობას უხდიან შესანიშნავი გადაცემებისთვის... ისინიც ფიქრობენ: მე ხომ არაფერს ვაშავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არც მე მომწონს ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს და ოჯახს - პურს, საზოგადოებას კი სანახაობას ვაჭმევ. დიახ, სწორედ მათზე დგას რეჟიმი, არა მის ერთგულ მონა-მორჩილებზე, არამედ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ჩუმად არის და „თავის საქმეს აკეთებს“, აი, ასე:

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ისეთი, ვისაც არ მოსწონს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ამას არც მალავს, ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებს მონაწილეობას, ზოგი პირად საუბრებში აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს ადამიანები შემდეგ მიდიან სამსახურში, მაყურებელს ართობენ და ფიქრობენ, რომ ამით არაფერს აშავებენ. 

ძვირფასო მეგობრებო, მსახიობებო, ჟურნალისტებო, იუმორისტებო… მე თქვენ გადანაშაულებთ რეჟიმის მხარდაჭერაში, მის გაძლიერებასა და თქვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძის, მზია ამაღლობელის, ონისე ცხადაძისა და სხვების უკანონო პატიმრობის გამართლებაში. დიახ, თქვენი თანამშრომლობა რეჟიმთან ამ ადამიანების პატიმრობის გამართლებაა. ყველა, ვინც დღეს პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობთ და ღია ეთერში არ ლაპარაკობთ იმ რეპრესიებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ამ ბოროტების მონაწილეები ხართ, რადგან ბოროტება ხშირად არა სიძულვილით და დაუნდობლობით არის ჩადენილი, არამედ უპასუხისმგებლობით. ასეთია ჰანა არენდტის მიერ მოყოლილი „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბოროტება ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივი ადამიანების ჩუმ მორჩილებაში არსებობს.  


ეპილოგი

29 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ მის ბინაში პირველი შეჭრისა და ჩხრეკის შემდეგ, დიდხანს კარზე კაკუნის შიში ჰქონდა. ეს ფრაზა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანამ კონტექსტიდან ამოიღო და ქარდად აქცია. „იმედის“ თანამშრომლებმა ვერ გაიგეს, რა იგულისხმა ილიამ, ისინი ახლა ძალაუფლების ვერტიკალში არიან და იფიქრეს, ეს სიტყვები ილიას აკნინებს, მათ არ იციან, რომ დედაჩემს და მის თაობას მთელი ცხოვრება გაჰყვა სადარბაზოს კიბეებიდან მომავალი ნაბიჯების და კარზე კაკუნის ხმის შიში. 

კი, ჩვენც ასე ვიქნებით და დღეს, როდესაც ერთმანეთით ვამაყობთ, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გვაბედნიერებს, ერთად ვშფოთავთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ამორალურად გამოიყურებით ეკრანზე მოლაზღანდარე, ბრჭყვიალა მოლაპარაკე თუ მომღერალი თავები! 










ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


არცერთი კითხვა ბიძინაზე


უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?! ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ - ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას 68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა, რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე, წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“. 



საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...

მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა: 

შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება. 

  • არ გიქმნით უხერხულობას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორი ვიზიტი, როცა ორივეჯერ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების გვერდით აღმოჩნდით, როგორიცაა: „ჰამასი”, „ისლამური ჯიჰადი” და „ჰეზბოლა“. ინაუგურაციაზე კი, რომელსაც „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო, სულაც ისმოდა შეძახილები სიკვდილი ამერიკას“? 
  • რამდენად თავსებადია ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება? მათ შორის, მათთვის ანაკლიის პორტის გადაცემა, ბოლო-ბოლო „ესაქმებათ თუ არა ამერიკელებს შავ ზღვაში“? (ეს ივანიშვილის ცნობილი ციტატის პერიფრაზია, რაც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა).

„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“

კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:

  • ქვეყანას მისცეს კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ ახლა ომში უნდა ვიყოთ ჩართული?
  • როგორ ჯდება თქვენს ,,ომის“ თეორიაში, რომ მოლდოვას საქართველოზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი და მას ბრძოლაში ჩართვა არ მოუწია? 
  • ამბობთ, რომ ევროპარლამენტი მისი ბოლო რეზოლუციითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვს. სინამდვილეში, „რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, სანქცია დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“. ჩამონათვალში ხართ თქვენც და „პირველი არხის“ ხელმძღვანელობაც. 

ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი. 

ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე. 

  • „პირველი არხის“ მაყურებელი იმსახურებდა იმის გახსენებას, სინამდვილეში, როგორ იქცეოდნენ მოგვიანებით სწორედ სისასტიკის გამო სანქცირებული ძალოვანები, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), რომელიც პირდაპირ ჩართული იყო დარბევაში და რუპორით აგინებდა მომიტინგეებს. 
  • კობახიძისთვის წამყვანს რამდენიმე ინციდენტზე საუბრისას უნდა შეესწორებინა და მოეყვანა მშრალი ფაქტები, მათ შორის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის განცხადებიდან: 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე  შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით  450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )

აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.

არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!

„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები, აგენტები“...

ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე რეალური სივრცის რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.

აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?

ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია. 

მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.

  • აქვე ვკითხავდი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ოცნება“ იმ ათეულობით ბავშვის ჯანმრთელობაზე, რომლებიც „ნანუკას ფონდის“ დაყადაღების გამო გადაუდებელი და სასიცოცხლო დახმარების გარეშე დარჩნენ.

ლეგიტიმაცია

კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

  • არჩევნებამდე რატომ არ უთხრეს ამომრჩეველს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გაჩერებას გეგმავდნენ? ექნებოდათ ამ შემთხვევაში მხარდაჭერა?

დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის

წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა. 

ჭიათურა 

ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.

კონტექსტი

„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა. 

ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს. 

მაგალითად:

მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“. 

აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა. 



P. S. 

ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!

 
კატეგორია - ბლოგი


„პირველი არხის“ ჟურნალისტების მეთოდია მუდმივად ციტატებით საუბარი. მაგალითად, გადაცემის წამყვანი დაიწყებს უზარმაზარი ტექსტის კითხვას და სულ ბოლოს დააყოლებს: „განაცხადა ქვეყნის პრემიერმა“, „განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ“ ან სხვ.  ეს ტექსტი იმდენად დიდი ხნის წინ არის დაწყებული, რომ წარმოუდგენელია მსმენელმა გაარჩიოს კონკრეტულად რომელი სიტყვა ეკუთვნოდა „პრემიერს“ და რომელი „მოამბის“ წამყვანს. არის კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც გინდა პარტიის გზავნილი ისე გააჟღერო, რომ „ნეიტრალურად“ დარჩე. აი, მაგალითად, 18 მარტის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი „დაყადაღებული ფონდების“ შესახებ, რომლის ავტორებიც არიან: 



ინფორმაცია ამგვარია: 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე 5 საქველმოქმედო ფონდი დააყადაღა. 

დავალება ასეთია - მაყურებელს გავაგებინოთ, რომ 5 ფონდი ქვეყანაში ძალადობრივ წინააღმდეგობას აფინანსებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ახლა მივყვეთ სიუჟეტს ქრონოლოგიურად და ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ დავალებას პროპაგანდისტული მედია, რომელსაც კანონი ავალდებულებს იყოს დაბალანსებული და წარმოაჩინოს საქმის მეორეც მხარეც. 

სიუჟეტი იწყება სიტყვებით, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს: „რაში დაიხარჯა 5 ორგანიზაციის: „ნანუკას ფონდის“, ნიკა გილაურის ფონდის - “ფროსფერითი ჯორჯია”, ფონდი „ერთმანეთსთვის“, „სირცხვილიასა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ 2 მილიონ ლარზე მეტი? პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ნაწილი - ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა”. 

ამას ამტკიცებს პროკურატურა. ჟურნალისტის მიზანი უნდა იყოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი და გაარკვიოს რამდენად შეესაბამება პროკურატურის ბრალდება სიმართლეს. რას აკეთებს ამისთვის? 

პირდაპირ ეთერში კითხულობს ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას ფეისბუკ პოსტიდან აი ამ ფრაგმენტს: „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“ მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში”. 

გუგა ხელაიას პოსტში არის სიტყვებიც, რომელიც პირდაპირ პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რაში დაიხარჯა ფული? თუმცა, ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა: „ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად“.

შემდეგი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც სატელეფონო კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ შეძენილი აქვს აირწინაღებიც მაშინ, როდესაც მისი გამოყენება არ იყო აკრძალული. სხვა არანაირი ინფორმაცია „ნანუკას ფონდის“ შესახებ არ ჩანს. ჟურნალისტი მაყურებელს არ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს ფონდი არსებობს, რომ ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უკანასკნელ პერიოდში, გარდა აირწინაღებისა, ეხმარება პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და გაუმკლავდნენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მოკლედ, ძირითადი მესიჯი „ნანუკას ფონდის“ შესახებ იყო, რომ კი, აირწინაღები ნამდვილად შეიძინა. 

მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ სად დაიხარჯა „სინამდვილეში“ 2 მილიონი ლარი, ფონდების დაყადაღების საქმის მთავარი ფიგურანტი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სცემს: „ამაზრზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ, თითქოს, ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს. ეს არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ კანონგარეშე ქმედებებს”. 

ამის შემდეგ თათია მაყაშვილი ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, გვიამბობს: „ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არა თუ კანონს არღვევდნენ, არამედ პირიქით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს“. არც ამ სიტყვებში ჩანს, რა ფუნქცია ჰქონდა გილაურის ფონდს. ოპოზიციის განცხადებიდან ამოღებული ციტატა პრაქტიკულად მტკიცებულებაა იმისა, რომ დიახ, „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“. ამას ელენე ხოშტარიას სიტყვებიდან ამოღებული ფრაგმენტიც ადასტურებს: „უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბა თანხები. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. აქ სადმე ჩანს კონკრეტულად რაში მდგომარეობს დახმარება, იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დასვა ჟურნალისტმა? არა. 

ამას მოჰყვება კიდევ ორი ოპოზიციონერის კომენტარი. პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მათ უჭირთ, რადგან ვერ აჩერებენ გულწრფელ პროტესტს, „ნანუკას ფონდის“ დაკავება არის 21-ე საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია“. ფიქრია ჩიხრაძე, „ლელო“: „პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლოვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს”. პასუხი მთავარ კითხვაზე არც აქ ჩანს. 

სიუჟეტის მეორე ნახევარი ცხადია, მთლიანად „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს მოიცავს, სადაც ისინი გვარწმუნებენ, რომ „ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და თავის სიტყვებს გურამ მაჭავარიანის სინქრონით ამყარებს. მას მოჰყვებიან გიორგი ვოლსკი და ირაკლი კირცხალია. საინტერესოა, რომ სადაც მომჩივანი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“, საქმეს პროკურატურა იძიებს და მოპასუხეები ფონდების წარმომადგენლები არიან, რატომ გადის სიუჟეტში მმართველი პარტიის 3 წევრის კომენტარი, თანაც დასკვნით ნაწილში? ამაზე პასუხს თავად ირაკლი კირცხალია სცემს: „ასე რომ მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული”.

დასასრულს თათია მაყაშვილი ვრცელ ციტატას გვიკითხავს პროკურატურის განცხადებიდან და სიუჟეტს ამ სიტყვებით ასრულებს: „პროკურატურის განცხადებით, დაყადაღებული ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა”. 

ერთი სიტყვით, კითხვას, რომელიც დასაწყისში დაისვა - რაში იხარჯებოდა საქველმოქმედო ფონდების ფული,  პასუხი ისევ პროკურატურამ და ვატო შაქარიშვილმა გასცეს, დანარჩენი რესპონდენტები უარყოფდნენ პროკურატურის ბრალდებას, მაგრამ „არ გვითხრეს“, რაში მდგომარეობდა სიმართლე. უფრო სწორედ გვითხრეს, მაგრამ ეს სიუჟეტში არ მოხვდა. 

მაგალითად, ფონდი „ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა 2024 წლის 23 დეკემბერს, თუკი ჟურნალისტი დაინტერესდებოდა, მიიღებდა პასუხს, რომ ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა პოლიტპატიმრებს თანხებს, მათ ოჯახებს ეხმარებოდა საჭიროებისამებრ და რამდენიმე პატიმარს, რომლებიც ოჯახის მარჩენალი იყო, ბანკის სესხი დაუფარეს.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი 2010 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „უფლებები საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საფარი“. მიმდინარე მოვლენების პერიოდში ფონდი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა.

ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“ შემოსული თანხის განაწილების დეტალებს (2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით) ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აქ ამომწურავი პასუხია კითხვაზე, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დაისვა, მაგრამ „მოამბის“ ჟურნალისტს ის არ აინტერესებს. 

შემდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“:   

„ნანუკას ფონდის“ შესახებ ზემოთაც აღვნიშნე და მის მიერ გაწეული დახმარებები იმდენად საჯაროა, მასზე ინფორმაციის მოძიება მინიმალურ მონდომებას საჭიროებს, იმ მონდომებას, რომელიც „მოამბის“ ჟურნალისტებს არ გააჩნიათ. 

იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის, ბლოგისა თუ სიუჟეტის დასაწყისი და დასასრული სიტყვები თუ კადრები მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად მაყურებელი თუ მკითხველი სწორედ ამას იმახსოვრებს, მეც მინდა, მკითხველის ყურადღება იმ დეტალზე გავამახვილო, რომელიც მთელ სიუჟეტს ლაიტმოტივად  სდევდა თან. მოგეხსენებათ, სატელევიზიო სიუჟეტში გამოსახულებას არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე სიტყვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი კადრებით აფორმებს „მოამბის“ ჟურნალისტი თავის სიტყვებს. 

ეს არის მთავარი პასუხი, ასე უნდა იმუშაოს სამთავრობო მედიამ, რომელსაც დაავალეს, რომ ხალხს გააგებინოს - ფონდები მომიტინგეების შეიარაღებას ემსახურებოდა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეიქმნაო. ეს არის პარტიის შეკვეთა და ამას ზედმიწევნით ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვება და მისი ჟურნალისტები. 

სათაურში ჩვენ დავსვით კითხვა, როგორც შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“? ძირითადად, სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებით, რომელიც მედიის ტონს ზომავს, „პირველი არხი“ ნეიტრალურობით გამოირჩევა, რადგან „მოამბეში“ იშვიათად ისმის ჟურნალისტის მიერ პირველ პირში გაკეთებული შეფასებები, მაგალითად, ისე, როგორც ეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხდება. თუმცა, დასმული კითხვები, პასუხებიდან ამოღებული ციტატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კადრები მაინც ჟურნალისტის სუბიექტური შეფასებაა, სადაც სუბიექტი უმეტესწილად არა თავად ის, კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ ქვეყნის მმართველი პარტიაა.



კატეგორია - ბლოგი
ავტორი : სოფო ბუკია, კავკასიური ვებგვერდის, JAMnews-ის რედაქტორი

ვარდისფერ ღამის პერანგში ჩაცმული სამი წლის გოგონა მამას ფეხზე ეხვევა, ტირის და ცდილობს არ გაატანოს ნიღბიან პოლიციელებს, რომლებსაც ბინიდან გაჰყავთ. მამა ემშვიდობება ქალიშვილს და ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს მიჰყვება. 

ეს დრამატული ეპიზოდი 2023 წლის ნოემბერში, ბაქოში, ჟურნალისტ აზიზ ორუჯევის სახლში მოხდა. ორუჯევის დაკავება აზერბაიჯანში ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის ათვლის წერტილად იქცა. 

დღეს ორუჯევი პატიმრობაში იმყოფება გამოგონილი ბრალდებებით, მისი პატარა ქალიშვილი კი მამის გარეშე იზრდება.

აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები კარგად გრძნობდნენ თავს, თუმცა 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიები დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვისაც კი. 

ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ბრალდებით 100-ზე მეტი ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, უფლებადამცველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. 

2025 წლის თებერვალში უფლებადამცველებმა აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 357 ადამიანი დაითვალეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიტპატიმრების რიცხვის ყველაზე მეტად გასულ წელს გაიზარდა და დაკავებულებს შორის სწორედ ჟურნალისტები ჭარბობდნენ. 

დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა ხელისუფლებამ კონტრაბანდაში დაადანაშაულა – მათ ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი). რეჟიმი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს უკანონოდ შემოჰქონდათ აზერბაიჯანში ფინანსური სახსრები დონორი ორგანიზაციებისგან.

მედია სფეროში წმენდა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი (!) კრიტიკული მედიასაშუალება და არც ერთი (!) დამოუკიდებელი ჟურნალისტი. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დღეს ან ემიგრაციაში არიან, ან ციხეში, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ვინც დევნას  გადაურჩა და ქვეყანაში დარჩა, პროფესიიდან წავიდა ან რეჟიმის მიმართ ლოიალური გახდა. 

ერთი მაგალითი - ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი 25-წლიანი სტაჟით, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი იყო, მარტიდან საბავშვო ბაღში აღმზრდელად იმუშავებს.  მისი კოლეგა, ასევე დიდი სტაჟის მქონე აზერბაიჯანელი რედაქტორი, უძრავი ქონების სააგენტოში იწყებს მუშაობას. 

„ადრე შეგვეძლო, ასე ვთქვათ, აფიშირების გარეშე გვემუშავა. მასალებს სახელსა და გვარს არ ვაწერდით, როცა საერთაშორისო მედიასთან ვთანამშრომლობდით. ჰონორარების აღებასაც ვახერხებდით, იყო ლავირების საშუალება. თუმცა, უკვე ეს ყველაფერი გამორიცხულია.  ფრილანსერობაც გამორიცხულია.  ყველა გზა მოჭრეს და ყველა ხვრელი ამოავსეს. ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან ან უნდა წახვიდე პროფესიიდან. მე ვერ გავიქცეოდი, მოხუცი მშობლები მყავს“, - მითხრა მან. 


როგორ მოახერხა ალიევმა ეს?

კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ აზერბაიჯანულად 

ალიევს არ გამოუგონებია ველოსიპედი და მოიქცა ისე, როგორც ყველა სხვა ავტორიტარი მმართველი იქცევა, რომელსაც ხელისუფლების დათმობა და გაზიარება არავისთვის უნდა - მიიღო რეპრესიული კანონები - ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის აზერბაიჯანული ანალოგები. 

გადამწყვეტი გახდა 2014 წელი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გრანტების შესახებ კანონებში შესწორებები შევიდა. ცვლილებები მკაცრად ზღუდავდა უცხოურ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესისთვის.

ამ ცვლილებებით სახელმწიფომ აიძულა არასამთავრობო ორგანიზაციები დაერეგისტრირებინათ გრანტები იუსტიციის სამინისტროში, ხოლო საკუთარ თავს უფლება მისცა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე.

შედეგად საერთაშორისო დონორებმა აზერბაიჯანიდან მასობრივი გასვლა დაიწყეს. აზერბაიჯანი 50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.

თუმცა, კულმინაცია აღმოჩნდა „მედიის შესახებ“ კანონი, რომელსაც ალიევმა 2022 წლის თებერვალში მოაწერა ხელი და რომელიც უშუალოდ ჟურნალისტებს შეეხო.

ჟურნალისტებს აეკრძალათ ყველანაირი უცხოური ფულის მიღება - გრანტის, ჰონორარის, ხელფასის და ა.შ. ახალი კანონი მათ ავალდებულებდა რეგისტრაციას ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რა დროსაც სახელმწიფოსთვის უნდა მიეწოდებინათ პერსონალური მონაცემების გრძელი სია. 

ასევე კანონი არეგულირებს, თუ ვის შეუძლია იმუშაოს ჟურნალისტად -  აწესებს პროფესიაში მიღების მკაცრ კრიტერიუმებს. მაგალითად, მედიასაშუალების ფლობა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეუძლია (ყოველგვარი უცხოური მონაწილეობის გარეშე). ხოლო ჟურნალისტად დარეგისტრირებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, არ იყოს ნასამართლევი და ჰქონდეს შრომითი ხელშეკრულება. ანუ ფრილანსერები (ასეთები კი აზერბაიჯანში ძალიან ბევრნი იყვნენ - ძირითადად სწორედ ფრილანსერები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან) ავტომატურად კანონგარეშედ გამოცხადდნენ.  

მეტიც, ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო მარეგულირებელს შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ლიცენზია გაუუქმოს მოვლენების ე.წ. „მიკერძოებული“ გაშუქების გამო. 

ამ ჩანაწერით, ფაქტობრივად, ცენზურა დაკანონდა. მთავრობა წყვეტდა - რა არის ჟურნალისტიკა და რა - არა, რა არის ახალი ამბავი და რა - არა.

როგორც ვარაუდობდნენ, ეს კანონი ალიევის ხელისუფლების ხელში რეპრესიების მძლავრ იარაღად გადაიქცა.  

ყველას ერთ დღეს როდი მიადგნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში რეპრესიებს ვერავინ გადაურჩა. აზერბაიჯანში დაიწყო დამოუკიდებელი მედიის ფიზიკური განადგურების ხანა  – ეკონომიკური ჩახშობის, ძალოვანი სტრუქტურების რეიდების და სასამართლო აკრძალვების გზით. 


რეპრესიები: დაპატიმრებები და დევნა 


2024 წელს აზერბაიჯანი ჟურნალისტების ციხეში გამომწყვდევის თვალსაზრისით მსოფლიოს ათეულში მოხვდა.

ბოლო წლებში ჟურნალისტებს უფრო ხშირად აკავებენ არა „ცილისწამებისთვის“, როგორც ადრე, არამედ ფალსიფიცირებულ ეკონომიკურ და სისხლის სამართლის ბრალდებებს უსადაგებენ – „კონტრაბანდა“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „ვალუტის უკანონო შენახვა“.

შედეგად, 2025 წლის დასაწყისისთვის, რამდენიმე ათეული ჟურნალისტი აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში „ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით.

ამ ბრალდებით ცალკეული ჟურნალისტები კი არა, მთელი რედაქციები დააკავეს. 

მაგალითად, პირველი ასეთი მასობრივი დაკავება იყო 2023 წლის ნოემბერში -  პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელი გამოცემა Abzas Media-ს ოფისში, სადაც „აღმოაჩინა“ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (ევრო). 

დააკავეს გამოცემის ხელმძღვანელები: ულვი ჰასანლი და სევინჯ ვაგიფგიზი.  დაკავებულების კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ფული პოლიციამ ჩადო. ამის შემდგომ, ამავე გამოცემის კიდევ სხვა ჟურნალისტები დააკავეს, ასევე კონტრაბანდის ბრალდებით. ბევრ მათგანს 8-12 წელი ემუქრება. 

უფრო ცხადი რომ გახდეს - უბრალოდ ჰონორარის აღება შესრულებულ საქმეში საერთაშორისო ფონდისგან უკვე შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად. 

როგორც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, კრიტიკული, მაგრამ შედარებით პატარა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების დაკავება დემონსტრაციული ხასიათის იყო და ზოგადად ჟურნალისტების დასაშინებლად იყო მიმართული:

„მათ დევნიან არა იმდენად იმის გამო, რაც კონკრეტულად თქვეს მათ მასალებში, არამედ იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ ჭკუა და სხვებისთვის იყოს გაკვეთილი. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო უვნებელი და უდანაშაულოა მსხვერპლი, მით უფრო დიდია მიღწეული ფსიქოლოგიური ეფექტი“, - ამბობს უფლებადამცველი და ჟურნალისტი ელდარ ზეინალოვი. 

საერთაშორისო გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტებს სპეციალური ჯაშუშური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდა - ამ პროგრამით ჟურნალისტების ტელეფონები დაავირუსეს, რათა თვალი ედევნებინათ მათი მიმოწერისთვის. 

კიდევ ერთი დეტალი - 2014 წელს, როდესაც „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს, ქალი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა ამ ქვეყნისთვის „ეგზოტიკა“ იყო. დღეს აზერბაიჯანის ციხეები გავსებულია დატყვევებული ქალი ჟურნალისტებითა და აქტივისტებით.


ემიგრანტი ჟურნალისტები


ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რათა დაპატიმრებას გადარჩენოდა. (თუმცა, არც ემიგრაციაში გრძნობენ ისინი თავს უსაფრთხოდ – სპეცსამსახურები მათ იქაც უთვალთვალებენ - შორს რომ არ წავიდეთ, აფგან მუხტარლის შემთხვევა გავიხსენოთ. ხოლო აზერბაიჯანში დარჩენილ მათ ოჯახის წევრებზე ალიევის რეჟიმი ზეწოლას ახდენს). 

ემიგრაციაში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ონლაინ მედია დააფუძნეს და აგრძელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით მყოფი ფრილანსერი ჟურნალისტების დახმარებით. 

ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Meydan TV-ი, რომელიც  გერმანიაში ემიგრირებულმა ჟურნალისტმა გამომძიებლებმა დააფუძნეს. 

ამ გამოცემას დიდი ფრილანსერების ქსელი ჰყავდა აზერბაიჯანში - ისინი, როგორც წესი, სახელისა და გვარის გაუმჟღავნებლად წერდნენ, თუმცა, აქტიურად მუშაობდნენ და ამ წლების განმავლობაში ბევრი კრიტიკული რეპორტაჟი და გამოძიება მოამზადეს. 

თუმცა, ამიერიდან, Meydan TV-ი უკვე ვეღარ იმუშავებს აზერბაიჯანში ფრილანსერების დახმარებით - გასული წლის შემოდგომიდან დღემდე Meydan TV-ის ცხრა კორესპონდენტი დააკავა ალიევის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში. ამის შემდეგ, გამოცემამ საბოლოოდ უარი თქვა ადგილობრივ კორესპონდენტებთან თანამშრომლობაზე მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

იგივე მოხდა სხვა საერთაშორისო მედიების შემთხვევაშიც - თუკი აქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რისკავდნენ და მაინც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან, 2025 წლიდან უკვე ეს შესაძლებლობაც დაიხურა. 


მსოფლიოს რეაქცია: დუმილი და შეშფოთება


საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, მუდმივად გამოხატავს შეშფოთება იმის გამო, რაც აზერბაიჯანში ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, არასაკმარისად მკაცრია და დიპლომატიურ დუმილს ინარჩუნებს, რადგან აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული. 

სულ ბოლო მაგალითი -  2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა უმასპინძლა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს - გაეროს კლიმატის კონფერენციას (COP29). ანუ მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ფორუმს დაესწრო, არ შეაფერხა იმან, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული.

ამიტომაც, აზერბაიჯანში ხშირად ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ნავთობია და ალიევის ხელისუფლება ბუნებრივ რესურსებსა და ნავთობზე დგას. 

დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ყოველ ჯერზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს დაუწერელი კანონია - ალიევის ყოველი მორიგი „გადარჩევის“ შემდეგ რეპრესიები განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს. 

გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ალიევმა გლობალურადაც კარგი მომენტი აირჩია წმენდისთვის - აშშ საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, ევროპა კი - უკრაინის ომით. 

ხოლო, დღეს, როდესაც მსოფლიო წესრიგში ერთი დიდი გაურკვევლობა სუფევს, ალიევი კიდევ უფრო თამამად მიუყვება აღებულ კურსს, რადგან მის შესაჩერებლად არავის სცალია. 


რა ხდება დღეს?

ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან შეუჩერებლად მართავს ქვეყანას, აგრძელებს ძალაუფლების ვერტიკალური სისტემის გამაგრებას. 

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ათწლიანი ბრძოლის შედეგები უკვე აშკარაა და საგრძნობლად აისახება აზერბაიჯანის მოქალაქეებზე. 

ქვეყანაში დამყარდა საინფორმაციო მონოპოლია – მოქალაქეების უმეტესობა ახალ ამბებს მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელეარხებიდან იღებს, სადაც აზერბაიჯანი წარმოჩენილია როგორც აყვავებული ქვეყანა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მედიაში დომინირებს ოფიციალური პროპაგანდა – ყოველდღიურ ეთერში ტრიალებს რეპორტაჟები ყარაბაღის დაბრუნებული მიწების, გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავად ალიევის ოჯახის შესახებ. 

კორუფციული სკანდალები და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაშუქებას არ ექვემდებარება. ოპოზიცია ან იგნორირებულია, ან „სახელმწიფოს მტრად“ არის გამოცხადებული. 

ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლა, იქნება ეს სოციალური თუ ეკოლოგიური, ან საერთოდ არ შუქდება, ან მიზანმიმართულად წარმოჩინდება, როგორც მარგინალური მოვლენა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე კორუფციამ და ჩინოვნიკების განუკითხაობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. არავინ დარჩა, ვინც გამოიძიებს ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ოფშორულ სქემებს, მიწის თაღლითობებს, პოლიციის თვითნებობას, ციხეებში წამებასა და ბიუჯეტის სახსრების ფლანგვას. 

საჯარო კონტროლის არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე კრიტიკული სიტყვა არც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება და არც ტელევიზიით გაჟღერდება. 

საერთაშორისო მასშტაბის გახმაურებული კორუფციული გამოძიებები, რომლებიც პირდაპირ ბაქოს ხელისუფლებას ეხება, შიდა სივრცეში საერთოდ არ განიხილება, რადგან ამაზე მედია დუმს.

ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყვეტილია. დამოუკიდებელი მედიის გარეშე მოქალაქეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. 

„ეს კანონი ართმევს უფლებებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არამედ მთელ საზოგადოებას“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

ამ პროცესის კიდევ ერთი მძიმე შედეგია აზერბაიჯანიდან ე.წ. „ტვინების გადინება“. ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იძულებულნი არიან, ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ განვითარების პერსპექტივა. 

მრავალწლიანი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აშკარად უთანასწორო აღმოჩნდა. ოპოზიცია დასუსტებული და დაქუცმაცებულია, სამოქალაქო საზოგადოება კი – განადგურებული. ქვეყანაში დუმილია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები არღვევს.








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, ეკონომისტი



2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მანიფესტაციები, აქციები, მსვლელობები თუ მარშები ბევრ ქალაქში, ბევრ სხვადასხვა ლოკაციაზე შეგხვდებოდათ. თუმცა, აქციების მუდმივ წერტილად 2 ლოკაცია შეიძლება მივიჩნიოთ - პარლამენტთან, რუსთაველის გამზირი და  კოსტავას ქუჩა, საზმაუს წინ. დაწყებული პროტესტების პარალელურად აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფი თვლის და, შეიძლება ითქვას - სამართლიანადაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განსაკუთრებული მნიშვნელობის ტელევიზიაა, ვინაიდან ის ხალხის საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება კი „პირველი არხისაკენ“ მიმართული იყო იმდენად, რამდენადაც ისინი თვლიდნენ, რომ მათი ტელევიზია მათ არ წარმოადგენდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის საკითხს თავის დასკვნაში ეუთო/ოდირიც გამოეხმაურა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშში სადამკვირვებლო მისია წერს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა პარტიას ძირითადად პოზიტიურ ან ნეიტრალურ კონტექსტში აშუქებდა, თუმცა ახალი ამბების გაშუქებისას, მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი დროით უპირატესობა მიანიჭა.“ (გვ.6) ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება მაუწყებლის პოზიტიური შეფასება გვეგონოს, თუმცა ვეცდები გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ მაგალითზე გაჩვენოთ, რას ნიშნავს „მეტნაკლებად პოზიტური“ ან „ნეიტრალური“ და „მნიშვნელოვანი დროითი უპირატესობა“. ეს ეკონომიკური გადაცემა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინდიკატორია, ვინაიდან აქ - არა პოლიტიკურ შეფასებებზე, მოსაზრებებსა და აღქმებზე, არამედ რიცხვებზე და სტატისტიკაზე შეგვიძლია დაკვირვება.

პირველი მაგალითი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი

გადაცემის წამყვანმა, მაია ჭუჭულაშვილმა, 6 თებერვალს, შესავალში აღნიშნა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად, 4.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ სტუმარს, მარიამ ქვრივიშვილს ჰკითხა (1:20-დან): „4.4 მლრდ, მე სრულიად გააზრებულად ვთქვი, დიახ, ეს არის რეკორდული შემოსავალი... აი ამ პროცესის განმავლობაში [პოლიტიკური კრიზისი] 4.4 მლრდ-ს ელოდა თუ არა ტურიზმის მიმართულებით პასუხისმგებელი, ელოდით თუ არა პირადად თქვენ, იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ აი ეს შედეგი გვექნებოდა - 4.4 მლრდ?“

წამყვანი აღფრთოვანებულია - 4.4 მილიარდი, რეკორდული შემოსავალი „კრიზისის დროს“. მონაცემი თანხობრივად სწორია, თუმცა ზრდის ტემპი 7.3%-ია, მაშინ როცა 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი - 18%-ით, 2013 წელს - 21%-ით, 2017 წელს - 28%-ით და 2012 წელს 50%-ით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ წამყვანს აღფრთოვანება არც დაუმალავს, მაშ, რა იყო რეკორდული რიცხვი?! მხოლოდ ნომინალური მაჩვენებელი ბევრს არაფერს ამბობს, ვინაიდან ის, ბოლო 14 წელია, ყოველთვის „რეკორდულია“ - 2010 წლიდან დღემდე, 2020 წლის - ანუ პანდემიური წლის გამოკლებით, ყოველ მომდევნო წელს ტურიზმიდან შემოსავალი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინა წელს.

ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში ტექნიკურად არასწორი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, თუმცა წამყვანის მხრიდან ტერმინების შერჩევა მაყურებლის/მსმენელის შთაბეჭდილებას იმგვარად ცვლის, რომ რეალური კონტექსტი აღქმადი აღარაა. საყურადღებოა ისიც, რომ ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან საუბარში ხდება. შედეგად მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ გვაქვს „რეკორდული“ მიღწევა და ეს მიღწევა „ხელისუფლების“ დამსახურებაა.


მეორე მაგალითი - ეროვნული ბანკის რეზერვები


2024 წლის 7 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდული თანხით, 628 მლნ დოლარით შემცირდა. მეორე დღეს აღნიშნული ინფორმაცია ეთერში გავიდა, (21:48-დან) ითქვა ისიც, რომ წლიურად რეზერვები კიდევ უფრო მეტად, 1 მლრდ-ით შემცირდა და რომ მისი მოცულობა 2022 წლის ივნისის დონეს დაუბრუნდა, თუმცა მოკლე 30-წამიანი ნიუსი (49-წუთიან გადაცემაში) მესამე თემად, მხოლოდ 22-ე წუთზე შეგხვდებოდათ. გარდა ამისა, წამყვანს არ უთქვამს, რომ პიკთან, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით კლება 1.3 მლრდ-ზე მეტი იყო და არც ის, რომ სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული ადეკვატურობის კოეფიციენტი იყო დარღვეული. დამატებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ წამყვანმა კლება ძირითადად სავალუტო ინტერვენციებს დაუკავშირა და არაფერი უთქვამს Bmatch პლატფორმაზე. მართალია, ამ პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები 25 ნოემბერს გახდა ცნობილი, მაგრამ 628 მლნ-დან სავალუტო აუქციონზე 213 მლნ გაიყიდა, რაც მესამედზე ოდნავ მეტია. რაც მესამედია, ის ძირითადი ვერ იქნებოდა.

რეზერვების თემას მოკლე 2-წუთიანი სიუჟეტით „ბიზნესპარტნიორი“ მომდევნო 11 თებერვლის (ორშაბათის) გადაცემაში დაუბრუნდა (5.22-დან). გაჟღერდა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას პოზიცია. თურნავასთვის არც კრიტიკული კითხვა დაუსვამთ და არც მისი ნათქვამი გადაუმოწმებიათ. მან განაცხადა, რომ 2023 წელს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც სიტყვასიტყვით სწორია, თუმცა 2023 წელს ეროვნული ბანკის რეზერვები არა - 1.3 მლრდ-ით, არამედ მხოლოდ 100 მლნ დოლარით გაიზარდა.

მოცემული მაგალითი ცალსახად მიუთითებს ორ მნიშვნელოვან მახასიათებელზე: 1. ხელისუფლებისთვის ნაკლებად სასურველი რეალობა გაჟღერდეს შედარებით გვიან და შედარებით მოკლე სიუჟეტში; 2. ხელისუფლებისთვის არასასურველ რეალობაზე საუბრისას კრიტიკული კითხვები და საწინააღმდეგო აზრი არ მოგვისმენია.


მესამე მაგალითი - ინვესტიციები


9 სექტემბერს საქსტატმა მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით იყო გაზრდილი. თემას იმავე დღეს „ბიზნესპარტნიორმა4 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა (22:20-დან). რეპორტაჟში არ უხსენებიათ ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, როგორიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-ისთან ფარდობაა. არც ის, რომ ბოლო წლებში რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია და ახალი ინვესტიციები მინიმუმამდეა დაყვანილი. რეინვესტირების შესახებ მხოლოდ უშუალოდ მეორე კვარტალზე იყო მოცემული ინფორმაცია.

საინტერესოა,  4-წუთიანი სიუჟეტი საკმაოდ ხანგრძლივი დროა და, რა ხდება მაშინ, როდესაც ინვესტიციები მცირდება?! ამისთვის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ მომზადებული სიუჟეტი ვიპოვეთ - 3 ივნისს საქსტატმა პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. პირველ კვარტალში ინვესტიციები 64%-ით იყო შემცირებული და ამ მასშტაბის შემცირების საკითხს 10 ივნისის გადაცემაში მხოლოდ 45 წამი დაეთმო (4:35-დან).

ეს მაგალითი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი მონაცემები მცირე ქრონომეტრაჟით უნდა გაშუქდეს. მოცემულ შემთხვევაში მაგალითი კიდევ უფრო ხელშესახებია, ზუსტად ერთი და იმავე ინდიკატორის გაშუქებას თუ შევხედავთ, დავინახავთ - როდესაც ხელისუფლებისთვის სასარგებლო იყო, გაშუქებას ეთერში დაახლოებით 6-ჯერ მეტი დრო დაეთმო.

 

მეოთხე მაგალითი - საჯარო დისკუსია დედოლარიზაციაზე

 

2025 წლის 13 იანვრის გადაცემაში სიუჟეტი დედოლარიზაციის ფარგლებში უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხის ქვედა ზღვარის 500 000 ლარამდე გაზრდაზე (28:02-დან) მომზადდა. ორი რესპოდენტიდან ერთი - საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია ნეიტრალურად იყო განწყობილი და მოვლენების ქრონოლოგიას მისდევდა, ხოლო მეორე - ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი მარეგულირებლის პოზიციას იცავდა. საპირისპირო აზრის მქონე ეკონომისტის ან პოლიტიკოსის მოსაზრება ეთერში არ გვინახავს.

13 იანვრის გადაცემის თემა - ეროვნული ბანკის რეზერვების 324 მლნ დოლარიანი ზრდა დეკემბერში (36:15-დან), სტუმარი კი ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე იყო. წამყვანმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ლარის ჭარბი მერყეობის გასანეიტრალებლად სავალუტო ბაზარზე აქტიურად იყო წარმომადგენილი, თუმცა არ უთქვამს, რომ დეკემბრის ზრდის მიუხედავად, 2023 წლის ივლის-აგვისტოსთან შედარებით, მილიარდ დოლარზე მეტი კლება ფიქსირდებოდა. თემაზე კრიტიკულად არც სხვა რესპოდენტს უსაუბრია.


მეხუთე მაგალითი - ექსპორტის ზრდა


2025 წლის 20 იანვარს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გაცნობისას (1:48-დან) წამყვანმა აღნიშნა, თუ რამდენი პროცენტით და რა თანხამდე გაიზარდა ექსპორტი, იმპორტი და მთლიანი ბრუნვა. დაასახელა ძირითადი საექსპორტო და საიმპორტო პროდუქცია, თუმცა მკაფიოდ არ უთქვამს, რომ ბოლო წლებში გაზრდილი ექსპორტი ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მოხდა და არც ის უხსენებია, რომ ადგილობრივი ექსპორტი 2021 და 2022 წლებთან შედარებით შემცირდა.

იმავე დღის გადაცემაში სტუმრად „რეფორმატიქსის“ წარმომადგენელი გიგა მელიქიშვილი იმყოფებოდა (30:02-დან). ხელისუფლებისადმი ლოიალურად ან ნეიტრალურად განწყობილი სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, წამყვანი გამოირჩეოდა კრიტიკული კითხვებით. რაიმეს უარყოფით ან ჩაკითხვებით, თითქმის, ყოველ წინადადებას აწყვეტინებდა სტუმარს.

მიმოხილული მაგალითები აჩვენებს, რომ მართალია, გადაცემაში გამოგონილი ფაქტები და კლასიკური გაგებით, დეზინფორმაცია არ გვხვდება, ის მაინც შორსაა ობიექტურობისგან და გადახრილია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო პოზიციების გაჟღერებისა და დაცვისაკენ. მათთვის არასასურველი საკითხები კი - ჯეროვნად არ შუქდება.






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


რა შემთხვევაში შეიძლება ვენესუელელმა მადურომ, რომელიმე ამაყმა ქოცმა ზარქუამ, რუსეთის ყოფილმა პრემიერმა მედვედევმა, ბელარუსის მარადიულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკამ და მარინ ლე პენმა თანამედროვე სამყაროს ყველაზე მამაცი ლიდერი ზელენსკი კლოუნად მოიხსენიონ?!

ა) თუ ზელენსკი მართლა კლოუნია
ბ) თუ ზემოთ აღიშნული პირები საერთო პროპაგანდისტულ ხაზს მიჰყვებიან, რომელიც, მათ შორის, ერთი და იგივე სიტყვების, ფრაზებისა და კონცეფციების გავრცელებას გულისხმობს. 

დიქტატურის საყრდენი რომ ძალოვნების გარდა პროპაგანდაცაა, ეს თეორიულად ყველამ იცის, თუმცა პრაქტიკაში, მთელი ბრწყინვალებით, მაშინ ვიხილეთ, როცა ივანიშვილის თავზეხელაღებულმა სპეცრაზმელებმა მომიტინგეები არაერთხელ, არამხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ იდეოლოგიური მოტივებითაც დაასისხლიანეს პროპაგანდისტული შეძახილების ფონზე: „ომი გინდათ?“; „კაცები უნდა გაათხოვოთ?“ ; „ასლარიანო პუტანკებო“ … აშკარად ჩანდა, რომ ხალხის ცემისგან თავისუფალ დროს მთლიანად პროპაგანდისტული მედიებიდან იღებდნენ „განათლებას“.

პროპაგანდისტული ჰაბი რუსეთშია. ყველა ქართველი, სამხრეთ ამერიკელი თუ ევროპელი პრორუსული ძალა აქედან იღებს მთავარ მესიჯებსაც, ლოზუნგებსაც და „არგუმენტებსაც“.

მხოლოდ პირდაპირი პროპაგანდა რეჟიმის მომხრეებზე მუშაობს, მერყევი, დაბნეული და გარკვეულწილად ინდეფერენტული ხალხისთვის კი ირიბი მესიჯები მუშავდება, რომელიც ერთი მხრივ, გულგრილი ნაწილის გადმობირებას ემსახურება, მეორეს მხრივ კი, პროტესტში განხეთქილების შეტანას, ფოკუსის გადღაბნას და დემორალიზაციას ცდილობს.

როგორ ახშობდა ლუკაშენკას რეჟიმი პროტესტს?

პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაცია - სამთავრობო მედიები ( ОНТ, СТВ и Беларусь 1) ცდილობდნენ პროტესტის მომხრეების გაშავებას. ტელევიზორთან მიმსხდარ ხალხს არწმუნებდნენ, რომ პროტესტის მონაწილეებს დასავლეთის ფულით ნაყიდი სასმელი, ნარკოტიკები და გეობა აინტერესებდათ. მათი მიზანი ქვეყნის ტრადიციული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრიობის შერყვნა იყო. ვრცელდებოდა ამის „დამადასტურებელი“ დამონტაჟებული ვიდეოები.

არანაირი რეალური უკმაყოფილება არ არსებობს, პროტესტი ხელოვნურად ორკესტრირებულია დასავლეთის ფულით და პროპაგანდით - აცხადებდნენ რეჟიმის კარის მომღერლები, სპორტსმენები და ინფლუენსერები. 

ოპოზიციის დისკრედიტაცია - ლუკაშენკას რეჟიმი მედიების საშუალებით ავრცელებდა ნარატივს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ გააჩნია, იმართება დასავლეთისგან, იღებს ბრძანებებს ამერიკელი და ევროპელი დონორებისგან (ბელარუსში ასეთ „ბუა ქვეყნებად“ ძირითადად პოლონეთი და ლიტვა სახელდებოდა), იტანჯება კოლონიალური სინდრომით, სურს ბელარუსის სრული გაჩანაგება და მისი დასავლეთის კოლონიად გადაქცევა. 

მედია ხშირად იმეორებდა სიტყვებს: „რადიკალი“; „ექსტრემისტი“; „მოღალატე“, რომ კარგად გამჯდარიყო მაყურებლის, მსმენელის, მკითხველის ლექსიკონში. 

რეპრესიების გამართლება - ბელორუსში ათასობით მომიტინგე აქტივისტია დაჭერილი. უმეტესობას აწამებენ, შეურაცხყოფენ, ულახავენ ღირსებას. ამ ყველაფერს კი პროპაგანდა იმით ამართლებს, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანა ჩამოიშლება და დასავლეთის მარიონეტი გახდება. სამაგალითო დასჯა როგორც „ომონის“, ისე ტიტუშკების მხრიდან ემსახურებოდა მოსახლეობის დაშინებას და თვითცენზურის ჩართვას. 

„გამწარებული ხალხის“ ჩართულობა სამთავრობო თავდასხმებში - ონლაინ ტროლების გარდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ სხვადასხვა სოციალურ მედიაპლატფორმაზე, ტიტუშკებიც ჩართულები იყვნენ პროტესტთან ბრძოლაში. ჩვეულებრივ მოქალაქეებად გადაცმული სპეცსამსახურების თანამშრომლები მინსკის მეტროში თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც თეთრ-წითელ-თეთრ საპროტესტო სიმბოლიკას ატარებდნენ. ხშირად ჯანიანი ტიტუშკები პატრულირებდნენ სხვადასხვა უბანში, „მოღალატე პროტესტანტებს“ სადარბაზოებთან აკავებდნენ და გადასცემდნენ „ომონს“. 

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს გალინა აბაკუნჩიკს დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს „ხალხის მტრობის“ გამო. 

სამთავრობო მედიების ამოცანა დაპირისპირების გამძაფრება და პროტესტის მონაწილეების დეჰუმანიზაცია იყო. პროპაგანდით მოწამლულ ბელორუსს უნდა ეთქვა: „ღირსია! ხალხის მტრები უნდა განადგურდნენ!“ 

განხეთქილება ოპოზიციაში - 2020 წლის მერე ქვეყნიდან წასულ ოპოზიციონერებს შორის, ერთი შეხედვით, არსებობს შეთანხმება კონსოლიდაციაზე, ფოკუსის გასწორებაზე, პოლიტპატიმრების დახსნაზე, თუმცა ხშირად მეტი დრო ურთიერთბრალდებებსა და გარჩევებს მიაქვს, ვიდრე რეალურ სტრატეგიაზე მუშაობას. პროტესტის აქტიურმა ფაზამ და დუღილმა დიდი ხანია გადაიარა. ოპოზიციონერების დიდი ნაწილი განეიტრალებული, დაჭერილი ან ქვეყნიდან განდევნილია. 

„ბუნებრივია, რომ ხალხი დღევანდელ, ყოფით პრობლემებზე ფოკუსირდა, პოლიტიკა ყოველთვის ემოციაა, ემოციას კი ყოველთვის მაღალ დონეზე ვერ შეინარჩუნებ“, - ამბობს ქვეყნიდან წასული ოპოზიციონერი ვალერი ცეპკალო. ირიბად აღიარებს, რომ ამ ეტაპზე მომენტუმი ხელიდან გაშვებულია. 

ლუკაშენკმა დასავლეთში ლეგიტიმურობა სრულად დაკარგა, ამიტომ მისი პოლიტიკური ბედი და რეჟიმის სიმყარე მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთი ავტოკრატების და ქაოსში ღლავებზე მონადირეების ნამდვილი მეგობარია.
დღეს, ოფიციალური მონაცემებით, რეჟიმს 2020 წლიდან დღემდე 1420 პოლიტიკური ტყვე ჰყავს. სამართალდამცველები ამბობენ, რომ სისხლის სამართლებრივად დევნილია 4300 ადამიანი. 

ლუკაშენკას პოპულიზმიც და რეპრესიებიც მზარდია. სხვანაირად შეუძლებელია ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ 2025 წლის არჩევნებში ლუკაშენკამ 86, 82% აიღო. 

რუსული პროპაგანდის პატერნი, სამწუხაროდ, უკვე ბელარუსის მაგალითზე კი არა, საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ. უბრალოდ, ჩვენ ჯერ პროცესში ვართ და გვაქვს შანსი, საკუთარი, სხვანაირი წარსული და ბელარუსების წარუმატებელი ბრძოლა გაკვეთილად გამოვიყენოთ. თავი კი არ დავიმშვიდოთ, „აქ ბელარუსი არ გამოვაო“, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მრავალჯერ გამოცდილი რუსული შაბლონის კიდევ ერთ ქვეყანაში გამარჯვება.

დღეს ლუკაშენკას სტრატეგია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ხმის ამომღებების სრული განეიტრალება, პროტესტის ხმის ჩახშობა და ყოფილი ამბოხებულების საკუთარ სამსახურში ჩაყენებაა. ავტოკრატია და დიქტატურა უკიდურესად ცინიკური მექანიზმია, სწორედ ამით იხსნება ყოფილი ბელორუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის ბედი, რომელიც ჯერ თვითმფრინავიდან ჩამოსვეს, აწამეს და დაამცირეს, მერე კი, 2025 წელს ლუკაშენკას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აქციეს. 

ამიტომ ჩვენ ბევრი და ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ყველასა და ყველაფერზე, რასაც ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება ეხება და ჩაგრავს. რაც მთავარია, ჩვენი ხმა უნდა ესმოდეს არამარტო დასავლეთს, არამედ ტელეკომპანია „იმედის“ მსხვერპლთაც, რომლებიც კორუფციის, დაუდევრობისა და ფეოდალური მართვის გამო მომხდარ ტრაგედიებზეც ერთხმად იმეორებენ: „ნუ აპოლიტიკურებთ“. ალბათ, მრავალი წუთი, საათი და დღე დასჭირდება იმის ახსნას, რატომ არის ბავშვების სიკვდილი ამ ქვეყანაში პოლიტიკური. 

ახლა მთავარია, რეჟიმის სამი ძირითადი საყრდენიდან ერთ-ერთი - პროპაგანდა დავასუსტოთ. ამას სჭირდება კრიტიკული მედიების, პროტესტში მონაწილე ხალხის, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო მიზანი, რომელიც პირველ რიგში, რეჟიმის პროპაგანდას გაანეიტრალებს და არა - ერთმანეთს. 

მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ერთობას არ გამორიცხავს. შიში, ნიჰილიზმი და კონფლიქტები, რომელსაც „იმედის“, „რუსთავი 2-ის“, POSTV-ისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარდა, პროპაგანდით მოწამლული საზოგდოების ნაწილიც ასე აქტიურად კვებავს, დასაძლევი და გადასატეხია. ზოგჯერ ერთმანეთის მიმართ გულწრფელი და სამართლიანი ბრაზი რეჟიმს აძლიერებს, ჩვენ კი გვასუსტებს და ენერგიას გვაცლის. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ეშმაკი სწორედ ბანალური ჭეშმარიტების დაცინვასა და უარყოფას ცდილობს.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.