საქართველო
კატეგორია - საქართველო

 

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმე „უდოს კომისიაზე“ განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ კომისიას 12 იანვარს მიმართა. 

                                                        
„უდოს კომისიაზე“ პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას ციხის ადმინისტრაცია აყენებს. ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები, მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს.

პატიმრების საქმეებს განიხილავს სპეციალური კომისია, ოფიციალური სახელწოდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო, რომელსაც „უდოს კომისიას“ ეძახიან.
                                                        

როგორც გამოცემა წერს, ამ შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა:

„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.

არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით.

აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.

შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.

სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით.

შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.

ეს შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ 9 მარტს, შემდეგი შემადგენლობით განიხილა:

  • საბჭოს თავმჯდომარე: თამარ გელოვანი (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი);
  • წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);
  • ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი);
  • დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).

მისი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა. კომისიამ ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.

ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ - წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”.

როგორც გამოცემა წერს, საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება „იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“. გარდა ამისა, მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.

„ცნობისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა საბჭოს მიერ დანიშნული სასჯელის ნახევრის მოხდის შემდგომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (მზია ამაღლობელისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, სსკ-ის 353 ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაა) არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და პენიტენციური კოდექსის იმპერატიული ნორმა, დანაწესი, რისთვისაც არ მოითხოვება მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიმართვა ან თანხმობა.

საკითხი განიხილება სასჯელის მოხდის დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს საბჭოს სასჯელის ნახევრის მოხდისთანავე.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს. მზია ამაღლობელის დაპატიმრების და შემდეგ მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საჯარო განცხადებებში მისგან ბოდიშის მოხდას და მონანიებას ითხოვდნენ“, - წერს გამოცემა „ბათუმელები“.

მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა მზია ამაღლობელის მესამე საჩივარიც, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე. პირველ საქმეზე, რომელ ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას ეხება, საიამ წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე უკვე წარადგინა. მეორე საქმის საჩივარი კი, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ასევე, დარეგისტრირებულია.
 



კატეგორია - საქართველო

 

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ გამოცემის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით] დაიწყო.

„შემთხვევა ხადის ხეობაში 1-ელ აპრილს მოხდა, სადაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში სასაფლაო ჩამოიშალა. 21 წლის გიორგი ნარაიძის ნეშტი მეზობელი სოფლის სასაფლაოზე გადაასვენეს. ოთხი ადამიანის ნეშტს კი ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. „მთის ამბების“ ჟურნალისტები სწორედ ამ თემაზე მუშაობდნენ, როდესაც თავს დაესხნენ.

ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების შეწყვეტას დაჟინებით მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული თანამშრომლები, ხელმძღვანელის მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად უშლიდნენ ხელს, არ აძლევდნენ დრონით მუშაობის შესაძლებლობას და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.

ნეშტების საძიებო სამუშაოებიც კი შეაჩერეს და პროცესის გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენეს. ამ მიზნით, მათ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„პროვოკაციებს ნუ აწყობ, რა! ნუ გიხარია პახოდუ რა [საფლავების დაზიანება და ნეშტების დაკარგვა]... შენი დედა შევ... გაა**ი აქედან!.. ... არავის გადაუღუნო! შენი დედის მუტ... მოვ...“

„მიცვალებულები გვყავს ამოსასვენებელი, თქვენ გამო არ აკეთებენ; ნუ გვიღებენ, მაგიტომ ვართ გაჩერებულიო. ჩამოიღე, ჩამოიყვანე ეგ დრონი და გადით აქედან, რომ დაიწყონ მუშაობა და მკვდრები ამოიღონ, თორემ დამეხოცინებით იცოდეთ. ჩემი კარგი მოვ... თუ არ გავაკეთო იცოდე, ფეხებზე მკიდია თქვენი ჟურნალისტობა! თავს გაგაცლი ამ წუთში. ტელევიზიაში არ გამომაჩინო იცოდე“. 

ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ“, - წერს „მთის ამბები“ და შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

მომხდარს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაციამ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო შეშფოთება გამოთქვა და პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდა.

„ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ“, - აცხადებს ქარტია. 

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

 
კატეგორია - საქართველო

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს, 2 აპრილს, ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრავას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 7 თებერვალს ედავებოდა.

მარიამ კუპრავას ადვოკატის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს-ის მიერ წარდგენილ კადრებშიც კი ჩანს, რომ „ტაბულას“ ჟურნალისტს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უკეთია, „იღებს და მუშაობს კეთილსინდისიერად, საზოგადოების ინფორმირებისთვის“.

„იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს და ზოგადადაც, იმის გათვალისწინებით, რომ მედიაზე არ უნდა გავრცელდეს აქციის მონაწილის სტანდარტი, სასამართლომ მიიღო საქმის წარმოების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პრეცედენტი მედიისთვის იქნება მნიშვნელოვანი შვება, იმიტომ რომ თუ აქამდე ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ მათი მუშაობის გამო, გზის სავალ ნაწილზე იქნებოდა ეს თუ ტროტუარზე, ადმინისტრაციული პასუხისგება შეიძლებოდა დაკისრებოდათ, დღეიდან ისინი შეძლებენ უფრო თავისუფლად მუშაობას, რადგან არსებობს სასამართლო პრეცედენტი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ამის გამო არ შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცეს. აქამდე იყო შემთხვევები, როდესაც შეწყდა ე.წ. ტროტუარის საქმე. ეს კი სასამართლოს მიერ „გზის გადაკეტვაზე“ საქმის შეწყვეტის პირველი შემთხვევაა. შეიძლება ფართო სურათში დიდ ამბად არ ჩანდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ მედიას ეცოდინება, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად იმუშაონ გზასა თუ ტროტუარზე, როდესაც ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს აშუქებენ და არ შეიძლება ისინი ამის გამო დაისაჯონ “.

ნიკა სიმონიშვილია კიდევ ერთი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას ადვოკატიც, ვისაც შსს 31 იანვარს, ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 27 მარტს, მარიამ ძიძარიას საქმის განხილვა სხდომის თარიღის განსაზღვრის გარეშე გადადო. სხდომის გადადების შუამდგომლობა, დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დააყენა. 

სიმონიშვილის თქმით, მას ამ საქმეზე შსს-ის მიერ წარდგენილი კადრები დღეს გადასცეს:

„მარიამ ძიძარიას შემთხვევაში, ცოტა ტრაგიკომედიამდეც ვართ მისულები, იმიტომ რომ ტროტუარის საქმეებში შსს-ს წარმოდგენილი აქვს „ნეტგაზეთის“ ვიდეოები, რომელიც ძიძარიას გადაღებულია. ანუ მარიამის ვიდეოებს შსს სხვა საქმეებში იყენებს, როგორც მედიის პროდუქტს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიბარეს იმის გამო, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს. მტკიცებულებებიც გვაქვს, არგუმენტებიც გვაქვს და მით უმეტეს დღევანდელი პრეცედენტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სასამართლო მის შემთხვევაშიც სამართალწარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავა 21 აპრილს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმეზე. 

მოსამართლე დავით მაკარაძემ 27 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თარხნიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას 2025 წლის 18 დეკემბერს ედავებოდა.

შსს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორს, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელსაც. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ხიდაშელის წინააღმდეგ „ტროტუარის საქმე“ 19 მარტს შეწყვიტა.



კატეგორია - საქართველო


ხვალ, 2 აპრილს, კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხებს  განიხილავს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მონიტორინგის მიზანი ამ მაუწყებლების მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება იყო.

ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია „პოსტვ“-ისა და „იმედის“ მიერ  საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხების განხილვაც, რომელიც სავარაუდოდ, ასევე, მედიამონიტორინგის შედეგებს ეხება. კონკრეტულად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის რომელი მუხლების დარღვევას ედავება კომუნიკაციების კომისია სამთავრობო მედიებს და რის საფუძველზე - ამის გარკვევა სცადა რედაქციამ, თუმცა „იმედის“ იურისტმა, ანა ვაზაგაშვილმა დღეს „მედიაჩეკერის“ ზარებს არ უპასუხა, ბოლო საუბრისას კი გვითხრა, რომ სამსახურში არ იყო და „მოკლებული იყო შესაძლებლობას“ ამაზე ესაუბრა. „მედიაჩეკერმა“ სცადა POSTV-ივთან დაკავშირებაც და კომისიისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებაც. რედაქცია მასალას ხვალ ჩანიშნული სხდომის შემდეგ, მათ შესახებ ComCom-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც მოამზადებს. 

---------------------------------------------------
ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა

მაშინდელ განცხადებაში კომუნიკაციების კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია. ხვალინდელი განხილვა კი ამის პირველი შემთხვევა იქნება. 

კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის გაზაფხულზე შესული ცვლილებებით მიეცა. 
------------------------------------------------

„ფორმულასთან“ დაკავშირებით მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მონიტორინგის დროს, 23 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში, ტელეკომპანიამ ახალი ამბების პროგრამებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები დაარღვია. 

მათი დასაბუთებით, მაგალითად,  ფრაზები: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პარლამენტი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“, „ოლიგარქის სამინისტრო“, „ოცნების მინისტრი“ და სხვ. მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქებაა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ირღვევა. 

იმის მაგალითად კი, რომ „ფორმულამ“ მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსი არ დაიცვა, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მოყვანილი აქვს 25 თებერვლის სიუჟეტი - „საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“, რადგან მასში ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება არ იყო. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის აღსრულება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ზოგადად, ჟურნალისტურ სარედაქციო დამოუკიდებლობას: 

„ეს ნიშნავს კომისიის მიერ შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას ჟურნალისტების სიტყვებზე. უსაფუძვლოა იმ სიტყვებზე დავა, რაც საზოგადოებრივ დისკუსიაშიც დამკვიდრებულია და საკმაოდ ნეიტრალური შინაარსის არის მაგალითად, „ქართული ოცნების მთავრობა“, „ოლიგარქი“ და ა.შ. 

რაც შეეხება მონიტორინგს, ბრიტანეთის სანქციების დაწესებისთანავე კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ აპირებდნენ ამ კანონის აღსრულებას და შექმნილმა მდგომარეობამ ეს კიდევ უფრო დააჩქარა. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ბრიტანეთის სანქციებს და კომიისიის მიერ შინაარსობრივ რეგულირებას. მოლოდინი მაქვს, რომ პირველ ეტაპზე ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა იქნება, თუმცა ამ პრაქტიკის დამკვიდრება ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნის კრიტიკულ მედიას, რომ შემდგომში კომისიის მხრიდან აქცენტირება ჩვენზე გაკეთდეს. ისედაც მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგავართ და ეს კიდევ ერთი ბერკეტი გახდება კომისიის ხელში ჩვენს დასასანქცირებლად“,  - ამბობს „ფორმულას“ იურისტი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი 20 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში შერჩევითად დააკვირდა „TV პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამებსაც, მონიტორინგის შედეგად კი დაადგინა, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა, 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ პირველი პუნქტიც დაარღვია.

 „TV პირველთან“ დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებით ბარათში იმის დასასაბუთებლად, რომ ტელეკომპანია ახალი ამბების პროგრამაში საკითხს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდა, მოყვანილია ფრაზები : „ოლიგარქის პარტიამ“, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზობს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“, „რეჟიმს“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ოცნების მინისტრს“, „ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“, „ოცნების სუსის“ და სხვ. 

მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ასევე, მიიჩნევს, რომ „TV პირველმა“ 9 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში: „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“, „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ არ დაიცვა მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსი, რადგან მათში ალტერნატიული პოზიცია, მეორე მასალის შემთხვევაში მაგ. პოლიციის კომენტარი, წარმოჩენილი არ იყო. 

ტელევიზიის მიერ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას კი  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი 9-10 მარტის საინფორმაციო გამოშვებებიდან მოყვანილი შემდეგი ფრაზების მაგალითზე ასაბუთების: „იქ ოთხი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ კედელზე გიორგი ანწუხელიძის სტენსილს ხატავდნენ. საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს [...].“; „მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერცერთს დაადეს. თუმცა, პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.“

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიისგან ისეთი გადაწყვეტილებები და მოქმედებები ახსოვთ, რომ ამ მონიტორინგის მიზანი მისთვის ცალსახად ნათელია:

„როცა საინფორმაციო გამოშვების ერთი სიუჟეტი არის დაახლოებით 3-5-წუთიანი და შენ სადავო განცხადებას განიხილავ მხოლოდ 20-წამიან ჭრილში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს დაგრჩება განცდა, რომ შეიძლება რაღაც იყოს მიკერძოებულად გაკეთებული, იმიტომ რომ შენ უნდა განიხილო მთლიანი კონტექსტი. მაშინ უნდა დაამტკიცო და დაასაბუთო, რამდენად მიკერძოებულად კეთდება რამე, მოსაზრებები რამდენადაა გაჟღერებული და ა.შ.  იმიტომ, რომ ჟურნალისტი ხშირ შემთხვევაში საუბრობს რესპოდენტის კომენტარზე, ხშირ შემთხვევაში ისეთ განცხადებებს იშველიებს, რომელიც საჯაროდ აღიარებული ფაქტებია. მათ შორის, ის რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის, რომ კონკრეტული პარტია დაკავშირებულია მასთან და საქართველოში 2024 წლიდან დღემდე არის რეპრესიული კანონმდებლობა, ეს არც ჩემი, არც თქვენი და არც მაგალითად, ნატა ქაჯაიას მოსაზრებაა. ეს არის რეზოლუციებით დამტკიცებული ფაქტები, საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ ამ ყველაფერზე. ამიტომ მსგავსი რამ მოსაზრებად როგორ უნდა შეფასდეს და საკუთარი დამოკიდებულების ჩვენებად, ცოტა გასაკვირია“, - აღნიშნავს მიგინეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

---------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავართან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო 2025 წლის ივნისში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
---------------------------------------

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 6 მარტის განცხადების შემდეგ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდა, თავი შეეკავებინა იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. ქარტიის განცხადებით, სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით კი, ComCom-ის ეს განცხადება აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ შურისძიება იმ სანქციების სანაცვლოდ, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებზე - „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დააწესა.

 
კატეგორია - საქართველო

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ (FARA) დაკავშირებით საიას და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო და მიუთითა, რომ მას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.

2026 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ დაიწყო ამ კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც საიამ 2025 წელს გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში 6 მომჩივნის სახელით, კერძოდ, სამი ორგანიზაციის (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, და მედია ორგანიზაციები: სტუდია მონიტორი და საქართველოს ამბები), და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.

„ქართული ოცნება“ ამ კანონს ამერიკული FARA-ს („Foreign Agents Registration Act“) ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს“. 

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას: „სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით“.

საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს: მე-11 (გაერთიანების თავისუფლება); მე-10 (გამოხატვის თავისუფლება); მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება); მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა); მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები):

„ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს განიხილავს პრიორიტეტულ რეჟიმში, რადგან იგი ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის სამართლებრივ პრობლემას და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გახდება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის.

საჩივარში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (წარსულში „ანტიკორუფციული ბიურო“ - ახლა მისი სამართალმემკვიდრე, აუდიტის სამსახური, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ამასთან, დიდია ის მსუსხავი ეფექტი, რომელიც ამ ტიპის აღსრულების მოლოდინში შესაბამის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ.

პროცედურის კუთხით, განვმარტავთ, რომ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებით, ევროპულმა სასამართლომ დასვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა ჯერ სახელმწიფოს მოუწევს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ, საჭიროა შეფასდეს, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლებების შეზღუდვა ფარულად სხვა, არაკონვენციური მიზნებისთვის. კერძოდ, ხომ არ იყო უფლებების შეზღუდვის რეალური და დომინანტური მიზანი სხვა ფარული განზრახვა, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება ან/და კრიტიკული ხმების გაჩუმება, რაც იმთავითვე კონვენციასთან შეუსაბამოა“.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა შეკითხვებიც:

· მსხვერპლის სტატუსი - შეუძლიათ თუ არა მომჩივნებს, განაცხადონ პრეტენზია „მსხვერპლის“ სტატუსზე კანონის მოქმედების გამო (კონვენციის 34-ე მუხლი)? კერძოდ, გავრცელდა თუ არა მათზე კანონის რომელიმე დებულება?

· პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - წარმოადგენს თუ არა კანონით დადგენილი პერსონალური მონაცემების წარდგენისა და ეტიკეტირების ვალდებულება ჩარევას ფიზიკური პირების (მომჩივნები) უფლებებში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან?

· გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება - დაარღვია თუ არა კანონის მოქმედებამ (მათ შორის: რეგისტრაციის, ანგარიშგების, გასაჯაროების, ეტიკეტირების და დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულებებმა) მომჩივანთა უფლებები (კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები)? დადებითი პასუხის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს ჩარევა თავსებადი კონვენციის ამ მუხლების მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან?

· სტიგმატიზაცია - აქვს თუ არა ორგანიზაციების „უცხოური პრინციპალის აგენტად“ მოხსენიებას სტიგმატიზაციის ეფექტი, ქართული ენის სპეციფიკური ლინგვისტური ნიუანსების გათვალისწინებით? აქვს თუ არა ამ ტერმინს მნიშვნელოვანი შემაკავებელი გავლენა ორგანიზაციების საქმიანობაზე? რა ობიექტური მტკიცებულებები (საზოგადოებრივი აზრის კვლევები, ენათმეცნიერთა დასკვნები) არსებობს იმის დასასაბუთებლად, რომ ეს დასახელება ქართულ ენაში სტიგმატიზებულ კონოტაციას ატარებს?

· „უცხოური ძალა“ და „აგენტურული ურთიერთობა“ - შეესაბამება თუ არა „უცხოური პრინციპალის“ დეფინიცია აუცილებლობის, რელევანტურობის და სათანადო დასაბუთების პრინციპებს? კანონი საკმარისი სიცხადით განსაზღვრავს თუ არა „აგენტურულ ურთიერთობას“ „უცხოურ ძალასა“ და ეროვნულ „აგენტს“ შორის, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფართო და პოტენციურად ბოროტად გამოყენებადი ინტერპრეტაციები?

· სანქციების პროპორციულობა - არის თუ არა კანონის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული?

· დისკრიმინაცია - წარმოადგენს თუ არა კანონის მოქმედება მომჩივნების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას (კონვენციის მე-14 მუხლი მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში)?

· ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა - ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს წვდომა სამართლებრივი დაცვის ეფექტიან შიდა სახელმწიფოებრივ საშუალებებზე საკუთარი უფლებების დასაცავად (კონვენციის მე-13 მუხლი)?

· უფლებების შეზღუდვა ფარული განზრახვით - გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა სხვა მიზნებისთვის, გარდა იმისა, რაც თავად ამ მუხლებით არის გათვალისწინებული (კონვენციის მე-18 მუხლი)?


როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, სახელმწიფოს პოზიციის წარსადგენად ვადა 21 ივლისით განესაზღვრა, ამის შემდეგ, პროცედურის შესაბამისად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.

საიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფაქტობრივად, უკვე დაასრულა 136 ორგანიზაციისა და 4 პირის ერთობლივი საჩივრის განხილვა ე.წ. „რუსულ კანონთან“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) დაკავშირებით.


კატეგორია - საქართველო


„მედიაკრიტიკა“ და „მედიალაბი“ - კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემიის“ მიმართულებები მუშაობას „გარკვეული ცვლილებებით, საჭიროებისამებრ, გააგრძელებენ“. 

----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედიაკრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. 

კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.
--------------------------------------

მათ ვებგვერდებზე ინფორმაცია თითქმის ორი თვეა არ განახლებულა. „მედიაკრიტიკაზე“ ბოლო მასალა 6 თებერვლით თარიღდება, „მედიალაბზე“ - 4 თებერვლით. 

გაუქმდა თუ არა „მედია აკადემიის“ ეს  მიმართულებები? - კომუნიკაციების კომისიამ „მედიაჩეკერის“ ამ კითხვას წერილობით ასე უპასუხა:

„მედიაკრიტიკის შექმნის დროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შინაარსის რეგულირებას არ ითვალისწინებდა. კომისია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქვეყნებდა მედიაკრიტიკას. შესაბამისად, მედიაკრიტიკა და მედიალაბი გარკვეული ცვლილებებით, საჭიროებისამებრ, გააგრძელებენ მუშაობას“.

----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წელს შესული ცვლილებებით მიეცა.
----------------------------------------

„მედიაკრიტიკისა“ და „მედიალაბის“ გარდა, „მედია აკადემიის“ კიდევ ერთი მიმართულება „მედია სკოლაა“. ComCom-ის ინფორმაციით, „მედიასკოლაში გრძელდება პრაქტიკული, ოთხთვიანი კურსები ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის“.

ამ კურსის დაწყების შესახებ მასალა კომისიის ვებგვერდზე 16 მარტს არის გამოქვეყნებული

„მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და ბრიტანეთის მიერ სანქირებული „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძეა.

ფუტკარაძე ამ პოზიციაზე, ჯერ ერთი თვით, შემდეგ კი 31 აგვისტოს ჩათვლით, კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ 10 თებერვალს, მას შემდეგ დანიშნა, რაც „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

გოგა გულორდავამ შორენა შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. 

 

კატეგორია - საქართველო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სტრასბურგის სასამართლოში „TV პირველის“ წამყვანის, ვიკა ბუკიასა და ადვოკატ მიხეილ ზაქარეიშვილის საჩივრები გააგზავნა

როგორც TI აღნიშნავს, „TV პირველის“ წამყვანის მიმართ დაირღვა გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოსა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებები. ხოლო ზაქარეიშვილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების, პირადი ცხოვრების დაცულობისა და სამართლიანი სასამართლოს დარღვევის მსხვერპლი გახდა.

ვიკა ბუკიას საქმე „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის დაკისრებულ ჯარიმას ეხება:

„ვიკა ბუკია ივანიშვილის მორჩილმა სასამართლოებმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და მას ჯარიმის სახით 4000 ლარი დააკისრეს იმის გამო, რომ თავის ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს - მარიამ ლაშხს „მონა“ უწოდა. კლანურმა სასამართლომ იხელმძღვანელა, თვითონ „ქართული ოცნების“  დეპუტატების, მათ შორის, თავად მარიამ ლაშხის მიერ მიღებული კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს  სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და ადმინისტრაციული წესით სჯის ყველას, ვინც მათ „შეურაცხყოფას“ გაბედავს. ეროვნულმა სასამართლოებმა უგულებელყვეს გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედი ისეთი მაღალი სტანდარტები, როგორებიცაა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის, როგორც საზოგადოების დარაჯის განსაკუთრებული როლის აღიარება, პოლიტიკოსის მეტი თმენის ვალდებულება, შეფასებითი მსჯელობის, მათ შორის, მეტაფორული და სხვა სახის ფიგურალური გამოხატვის მომეტებული დაცულობა და სხვ“, - აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ ზაქარეიშვილს, მას  პარლამენტის წინ ტროტუარზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს:

„მიხელ ზაქარეიშვილს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მარტო იმიტომ, რომ იგი პარლამენტის წინ ტროტუარზე საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას. სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მიხეილ ზაქარეიშვილი ხალხის მოძრაობას უშლიდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ვიდეომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ საპროტესტოდ შეკრებილი ხალხის რაოდენობა მცირე იყო იმისათვის, რომ გამვლელების გადაადგილება შეეფერხებინა“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

TI-იმ გასული წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში 8 საჩივარი წარადგინა. 



კატეგორია - საქართველო

ირაკლი კობახიძის ბრძანებით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით შეარჩევს: 

  • ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
  • ზურაბ ტაბიძე - შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
  • თალიკო ჟვანია - სტუ-ს ინფორმატიკსა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი;

                                               

საკონკურსო კომისიამ ამ შემადგენლობით შეარჩია ComCom-ის წევრობის კანდიდატები 2025 წლის დეკემბერშიც. მაშინ კომუნიკაციების კომისიის წევრად პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩია. გულორდავას გარდა, ComCom-ის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორსა და ილია მიქელაიშვილს, შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ახლა უკვე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელს სურდათ

გოგა გულორდავა 29 იანვარს ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ ახალ თავმჯდომარედაც აირჩია. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა

მაშინ კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ამოეწურა. ახლა კომისიაში უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება.

                                               

კომუნიკაციების კომისიის წევრობის მსურველები არიან:

ანი ვაზაგაშვილი - სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

გიორგი ელისაშვილი - 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორი. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა;

სოლომონ ექვთიმიშვილი
- 2025 წლიდან დღემდე „რუსთავი 2“-ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

იოსებ აბულაძე - „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. ის 2000 - 2016 წლებში კომუნიკაციების კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზეც მუშაობდა.

ნუგზარ რუხაძე, ზურაბ ტაბიძე და თალიკო ჟვანია მათი განცხადებებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ წარუდგენს რეკომენდაციას. მთავრობა კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

კატეგორია - საქართველო

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თორნიკე კაპანაძეს მიმართავენ, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ჟურნალისტ მარიამ ძიძარიას საქმეზე:

„კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გვსურს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მედიის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტ მარიამ ძიძარიას, რომელსაც შსს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას იმ მომენტში, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და აშუქებდა პროევროპულ საპროტესტო აქციას.

მასალები მიუთითებს, რომ შსს-ს მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების მომენტში მარიამ ძიძარიას ჰქონდა მედიის ყველა ამომცნობი ნიშანი – ვიზუალური მასალით დასტურდება, რომ ის იყო არა აქციის მონაწილე, არამედ – მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გამშუქებელი ჟურნალისტი.

მარიამი არის ძალიან კარგი სტუდენტი, მას ადმინისტრაცია და ლექტორები ვახასიათებთ, როგორც გამორჩეულ ახალგაზრდას. სტუდენტს, მაღალი მოსწრებისა და მისი ინტერესის გათვალისწინებით, გასულ წელს მიეცა რეკომენდაცია ჩვენს პარტნიორ მედიაორგანიზაცია – „ნეტგაზეთში“ სტაჟირებისთვის. პროცესს მარიამმა წარმატებით გაართვა თავი და აღნიშნული მედიასაშუალების რეპორტიორი გახდა. სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დღეს ის სწორედ საკუთარი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების გამო არის წარდგენილი. მიგვაჩნია, რომ თუკი მარიამ ძიძარია „გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის“ მაინც დაისჯება, ეს შექმნის მძიმე პრეცედენტს არა მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის, არამედ ზოგადად, მედიისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტის საქმეზე სასამართლო მიიღებს სამართლიან და კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას.

გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ ძიძარიას საქმეზე,“ - მიმართვას ხელს კავკასიის უნივერსიტეტის 40-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი აწერს.

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესი 27 მარტს არის ჩანიშნული. შსს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის  ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ძიძარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშს“ აშუქებდა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, აქციის გაშუქებისას მას ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.

მის საქმეზე ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალიც ჩართო და მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ  მარიამ კუპრავასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი დღეს არის ჩანიშნული. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მარიამ კუპრავას საქმეზე მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტაც სთხოვეს. კუპრავა 7 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის „შაბათის მარშს“ აშუქებდა. 

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 19 მარტს, „ტროტუარის საქმე“ შეწყვიტა „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ. 

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება შსს ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე ჟურნალისტის „ტროტუარის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 27 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი დევნის წამოწყების გამო იმ ჟურნალისტთა მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განცხადებით, სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

 
კატეგორია - საქართველო

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ოპერატორის, ზურაბ (ზუკა) ხიდაშელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული საქმე შეწყვიტა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღეს მიიღო. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, შსს-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ხიდაშელს პარლამენტთან არსებულ ტროტუარზე მუშაობა მხოლოდ ფოტო ან ვიდეო გადაღების დროს შეეძლო:

„ზუკა ხიდაშელს შსს-მ 4 სექტემბერს გამოუწერა 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი „გზის გადაკეტვის“ საბაბით, თუმცა ეს რადიო თავისუფლების თანამშრომელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამართალწარმოება დაიწყო. ეს ჯარიმა მან, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაასაჩივრა. ორივე შემთხვევაში - 2025 წლის 4 სექტემბერსაც და 18 დეკემბერსაც - ხიდაშელი, როგორც რადიო თავისუფლების ოპერატორი ასრულებდა სარედაქციო დავალებას და აშუქებდა საპოტესტო აქციას. ხიდაშელის მიერ 4 სექტემბერსა და 18 დეკემბერს გადაღებული ფოტოები გამოქვეყნებულია რადიო თავისუფლების სხვადასხვა პლატფორმებზე სოციალურ ქსელში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე ჟურნალისტის „ტროტუარის საქმეზე“ გადაწყვეტილებას 27 მარტს ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

27 მარტს არის ჩანიშნული „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას სასამართლო პროცესიც. შსს მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის  ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება. ამ საქმის მოსამართლეც თორნიკე კაპანაძეა. მარიამ ძიძარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშს“ აშუქებდა. როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, აქციის გაშუქებისას მას ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS), და თან ჰქონდა კამერა.

ძიძარიას საქმეზე ევროპის საბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“ განგაშის სიგნალიც ჩართო და მის წინააღმდეგ არსებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტ  მარიამ კუპრავასაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი 23 მარტს არის ჩანიშნული. მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მარიამ კუპრავას საქმეზე მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა სთხოვეს.  კუპრავა 7 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის „შაბათის მარშს“ აშუქებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართლებრივი დევნის წამოწყების გამო იმ ჟურნალისტთა მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ პროტესტი გამოთქვა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. ქარტიის განცხადებით, სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. 

კატეგორია - საქართველო

 

კინორეჟისორი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს. 

„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის:

„ტელეკომპანია „ფორმულა“ ინფორმაციას ავრცელებდა წყაროზე დაყრდნობით და არ არსებობს განზრახვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ცილისწამების შემადგენლობა, როგორც წესი, არ უნდა დადგინდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირს არ მოსწონს მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ვერ გახდება ცილისწამების სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი. 

დამატებით, სარჩელში მითითებულია 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, თუმცა საიდან გამომდინარეობს ეს თანხა,  სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ვმუშაობთ შესაგებელზე და ჩვენს არგუმენტებსაც წარვუდგენთ სასამართლოს“, - ამბობს ეთო ქათამაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში - „ბოდიშიდან შენდობამდე - რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები: 1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“ 2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც - „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი — შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“. ამის მაგალითად მოყვანილია შემდეგი ფრაზები: 

1) „ინდოელები და პაკისტანელები რაც შემოდიოდნენ ხაინდრავას შემოყვანილია, 2000 აშშ დოლარს იხდიდნენ საქართველოში რომ შემოსულიყვნენ“; (წყაროს მიერ ნათქვამი)

2) „“შაბათის ფორმულა“-ს წყარო უყვება, რომ 2016-2017 წლებში სუსთან დალაგებული ჰქონდა ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოყვანა“;

3) „წყარო ამბობს, რომ სუსს გოგა ხაინდრავა კონკრეტულ სიებს აძლევდა და მათგან ითხოვდა, საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდა და ქვეყანაში ისინი მარტივად უწდა შემოეშვათ“;

4) „სქემის მიხედვით, რომელზეც წყარო გველაპარაკება, თუ გადავითვლით გამოდის, რომ 2016-2017 წლებში ინდოეთისა და პაკისტანის 2000-მდე მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. თუ კინორეჟისორი თითო მოქლაქის შემოყვანაში 2000 აშშ დოლარს იღებდა, მაშინ მან სავარაუდოდ ამ სქემით 4 მლნ. დოლარი იშოვა“;

5) „როგორც ვიცით, ბატონ გოგას 2016-2017 წლებში შემოყავდა საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები“.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანასთან ერთად, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, დააანონსა, რომ დააფუძნებს ფონდსაც, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“. 

კატეგორია - საქართველო

კომუნიკაციების კომისიის წევრობა ანი ვაზაგაშვილს, გიორგი ელისაშვილს, სოლომონ ექვთიმიშვილსა და იოსებ აბულაძეს სურთ.

  • ანი ვაზაგაშვილი სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელია. 
  • 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორია გიორგი ელისაშვილი. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა. 
  • სოლომონ ექვთიმიშვილი 2025 წლიდან დღემდე „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. სს „მედია ჰოლდინგის“ 90% აქციების მფლობელი შპს „პრაიმ თაიმია“, 10% აქციების კი - „რუსთავი 2“. ექვთიმიშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც მუშაობს. 
  • „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია იოსებ აბულაძე. ის 2000 - 2016 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე კომუნიკაციების კომისიაშიც მუშაობდა.

ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 11 თებერვალს გამოცხადდა და საბუთების მიღების ბოლო ვადა 12 მარტი იყო. ამ პერიოდში განცხადებები და საჭირო დოკუმენტაცია ამ ოთხმა კანდიდატმა წარადგინა.

კომისიის წევრობის ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება. ის 2014-2017 წლებში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე იყო, 2017 წლიდან კი კომისიის წევრია. აბაშიძე ComCom-ის თავმჯდომარე იყო 2000-2004 წლებშიც. 

                                                                                  

კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს, გოგა გულორდავა თავმჯდომარედ ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ აირჩია. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა. იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტის დირექტორიც. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

                                                                                  

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე კანდიდატთა სიისა და წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, საკონკურსო კომისია არანაკლებ 3 კანდიდატს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა - პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება.