ხვალ, 2 აპრილს, კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული
მედიამონიტორინგის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და
„TV პირველის“
მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის
საკითხებს განიხილავს. მედიამომსახურებების რეგულირების
დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მონიტორინგის მიზანი
ამ მაუწყებლების მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე
დაკვირვება იყო.
ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია „პოსტვ“-ისა და „იმედის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხების განხილვაც, რომელიც სავარაუდოდ, ასევე, მედიამონიტორინგის შედეგებს ეხება. კონკრეტულად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის რომელი მუხლების დარღვევას ედავება კომუნიკაციების კომისია სამთავრობო მედიებს და რის საფუძველზე - ამის გარკვევა სცადა რედაქციამ, თუმცა „იმედის“ იურისტმა, ანა ვაზაგაშვილმა დღეს „მედიაჩეკერის“ ზარებს არ უპასუხა, ბოლო საუბრისას კი გვითხრა, რომ სამსახურში არ იყო და „მოკლებული იყო შესაძლებლობას“ ამაზე ესაუბრა. „მედიაჩეკერმა“ სცადა POSTV-ივთან დაკავშირებაც და კომისიისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებაც. რედაქცია მასალას ხვალ ჩანიშნული სხდომის შემდეგ, მათ შესახებ ComCom-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც მოამზადებს.
---------------------------------------------------
ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის
კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა
მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი
სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ
სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების
შემდეგ,
დააანონსა.
მაშინდელ განცხადებაში კომუნიკაციების კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია. ხვალინდელი განხილვა კი ამის პირველი შემთხვევა იქნება.
კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში
მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების
შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის
გაზაფხულზე შესული ცვლილებებით მიეცა.
------------------------------------------------
„ფორმულასთან“ დაკავშირებით მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მონიტორინგის დროს, 23 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში, ტელეკომპანიამ ახალი ამბების პროგრამებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტები დაარღვია.
მათი დასაბუთებით, მაგალითად, ფრაზები: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პარლამენტი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე“, „ქართული ოცნების მერი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ოლიგარქის პარტია“, „ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის პარლამენტის სპიკერი“, „ოლიგარქის სამინისტრო“, „ოცნების მინისტრი“ და სხვ. მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქებაა, რითაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ირღვევა.
იმის მაგალითად კი, რომ „ფორმულამ“ მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსი არ დაიცვა, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მოყვანილი აქვს 25 თებერვლის სიუჟეტი - „საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“, რადგან მასში ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება არ იყო.
ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის აღსრულება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ზოგადად, ჟურნალისტურ სარედაქციო დამოუკიდებლობას:
„ეს ნიშნავს კომისიის მიერ შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას ჟურნალისტების სიტყვებზე. უსაფუძვლოა იმ სიტყვებზე დავა, რაც საზოგადოებრივ დისკუსიაშიც დამკვიდრებულია და საკმაოდ ნეიტრალური შინაარსის არის მაგალითად, „ქართული ოცნების მთავრობა“, „ოლიგარქი“ და ა.შ.
რაც შეეხება მონიტორინგს, ბრიტანეთის სანქციების დაწესებისთანავე კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ აპირებდნენ ამ კანონის აღსრულებას და შექმნილმა მდგომარეობამ ეს კიდევ უფრო დააჩქარა. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ბრიტანეთის სანქციებს და კომიისიის მიერ შინაარსობრივ რეგულირებას. მოლოდინი მაქვს, რომ პირველ ეტაპზე ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა იქნება, თუმცა ამ პრაქტიკის დამკვიდრება ძალიან დიდ საფრთხეს გვიქმნის კრიტიკულ მედიას, რომ შემდგომში კომისიის მხრიდან აქცენტირება ჩვენზე გაკეთდეს. ისედაც მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგავართ და ეს კიდევ ერთი ბერკეტი გახდება კომისიის ხელში ჩვენს დასასანქცირებლად“, - ამბობს „ფორმულას“ იურისტი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი 20 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით პერიოდში შერჩევითად დააკვირდა „TV პირველის“ ეთერში გასულ ახალი ამბების პროგრამებსაც, მონიტორინგის შედეგად კი დაადგინა, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა, 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ პირველი პუნქტიც დაარღვია.
„TV პირველთან“ დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებით ბარათში იმის დასასაბუთებლად, რომ ტელეკომპანია ახალი ამბების პროგრამაში საკითხს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდა, მოყვანილია ფრაზები : „ოლიგარქის პარტიამ“, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზობს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“, „რეჟიმს“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ოცნების მინისტრს“, „ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“, „ოცნების სუსის“ და სხვ.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ასევე, მიიჩნევს, რომ „TV პირველმა“ 9 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში: „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“, „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ არ დაიცვა მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსი, რადგან მათში ალტერნატიული პოზიცია, მეორე მასალის შემთხვევაში მაგ. პოლიციის კომენტარი, წარმოჩენილი არ იყო.
ტელევიზიის მიერ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევას კი მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი 9-10 მარტის საინფორმაციო გამოშვებებიდან მოყვანილი შემდეგი ფრაზების მაგალითზე ასაბუთების: „იქ ოთხი ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტეს, რომ კედელზე გიორგი ანწუხელიძის სტენსილს ხატავდნენ. საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ აქტივისტები გაათავისუფლეს [...].“; „მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერცერთს დაადეს. თუმცა, პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.“
„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიისგან ისეთი გადაწყვეტილებები და მოქმედებები ახსოვთ, რომ ამ მონიტორინგის მიზანი მისთვის ცალსახად ნათელია:
„როცა საინფორმაციო გამოშვების ერთი სიუჟეტი არის დაახლოებით 3-5-წუთიანი და შენ სადავო განცხადებას განიხილავ მხოლოდ 20-წამიან ჭრილში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს დაგრჩება განცდა, რომ შეიძლება რაღაც იყოს მიკერძოებულად გაკეთებული, იმიტომ რომ შენ უნდა განიხილო მთლიანი კონტექსტი. მაშინ უნდა დაამტკიცო და დაასაბუთო, რამდენად მიკერძოებულად კეთდება რამე, მოსაზრებები რამდენადაა გაჟღერებული და ა.შ. იმიტომ, რომ ჟურნალისტი ხშირ შემთხვევაში საუბრობს რესპოდენტის კომენტარზე, ხშირ შემთხვევაში ისეთ განცხადებებს იშველიებს, რომელიც საჯაროდ აღიარებული ფაქტებია. მათ შორის, ის რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის, რომ კონკრეტული პარტია დაკავშირებულია მასთან და საქართველოში 2024 წლიდან დღემდე არის რეპრესიული კანონმდებლობა, ეს არც ჩემი, არც თქვენი და არც მაგალითად, ნატა ქაჯაიას მოსაზრებაა. ეს არის რეზოლუციებით დამტკიცებული ფაქტები, საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ ამ ყველაფერზე. ამიტომ მსგავსი რამ მოსაზრებად როგორ უნდა შეფასდეს და საკუთარი დამოკიდებულების ჩვენებად, ცოტა გასაკვირია“, - აღნიშნავს მიგინეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
---------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია
„მთავართან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი
ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“
სამართალდამრღვევად
ცნო 2025 წლის ივნისში, „მაუწყებლობის შესახებ“
კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, თუმცა გარდამავალი პერიოდის
გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
---------------------------------------
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 6 მარტის განცხადების შემდეგ კომუნიკაციების კომისიას მოუწოდა, თავი შეეკავებინა იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. ქარტიის განცხადებით, სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით კი, ComCom-ის ეს განცხადება აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ შურისძიება იმ სანქციების სანაცვლოდ, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის ხელისუფლების მორჩილ რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ სატელევიზიო არხებზე - „იმედსა“ და „პოსტივიზე“ დააწესა.












