Index და MTE უნგრეთის წინააღმდეგ
23.04.2017
უნგრეთის ინტერნეტ კონტენტის პროვაიდერთა ასოციაციის (MTE) და უნგრეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ გამოცემა INDEX-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები ეხებოდა უძრავი ქონების ვებგვერდების საქმიანობას. ამ მასალების კომენტარების ველში მომხმარებლები შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდნენ ვებგვერდის მფლობელი კომპანიის მიმართ. კომპანიამ ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. მოსარჩელის აზრით, კომენტარების ველში გამოთქმული მოსაზრებები ლახავდა მის საქმიან რეპუტაციას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მისი პოზიცია, სააპელაციო სასამართლომაც თქვა, რომ შეილახა კომპანიის რეპუტაცია და კომენტარებზე პასუხისმგებლობა დააკისრა MTE-სა და INDEX-ს.

MTE-სა და INDEX-მა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მკითხველების მიერ გაკეთებული კომენტარები არ გამოხატავდა პორტალების მოსაზრებას და მათ შინაარსზე კომენტარების ავტორები იყვნენ პასუხისმგებლები. შესაბამისად, შეიზღუდა მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლება.

ევროპის სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ინტერნეტის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ბალანსი ერთი მხრივ, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასა და მეორეს მხრივ, მე-8 მუხლით დადგენილ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის. ევროპის სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო დასაბუთებული ადგილობრივი სასამართლოს მიერ მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა.

ევროპის სასამართლო აღნიშნავს, რომ კომენტარები არ შეიცავდა მკაფიოდ არამართლზომიერ და სიძულვილის ენას ან ძალადობისკენ წაქეზებას. ეროვნულ სასამართლოს კი დამატებით არ შეუფასებია კომენტარების შინაარსი, მიიჩნია არამართლზომიერად, ვინაიდან მათ შელახეს კომპანიის რეპუტაცია.

სიძულვილის ენის და ძალადობის წამქეზებელ კომენტარების არ წაშლის გამო მსხვილი ახალი ამბების მსხვილი ინტერნეტ პორტალების პასუხისმგებლობის შეფასებისთვის სასამართლოს დადგენილი აქვს შემდეგი კრიტერიუმები (Delfi v Estonia): კომენტარების კონტექსტი, განმცხადებელი კომპანიის მიერ გამოყენებული ღონისძიებები ცილისმწამებლური კომენტარების თავიდან აცილების ან წაშლის მიზნით, კომენტარების რეალური ავტორების პასუხისმგებლობა, როგორც შუამავლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა და ეროვნული სამართალწარმოების შედეგები განმცხადებელი კომპანიისთვის.

სასამართლომ აღნიშნა, რომ MTE-სა და INDEX-ის მიერ საკუთარი პლატფორმის დათმობა მესამე მხარისთვის მოსაზრების გამოსახატავად „წარმოადგენს განსაკუთრებული ხასიათის ჟურნალისტურ საქმიანობას“. იმ შემთხვევაშიც კი აღნიშნული კომენტარები დისკრედიტაციას რომ შეიცავდეს, „რთულია მომჩივანებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შეჯერება არსებული პრეცედენტული სამართალით დადგენილ მიდგომებთან, რომლის შესაბამისადაც „ჟურნალისტის დასჯა ინტერვიუს დროს სხვა პირის მიერ გაკეთებული განცხადებების გავრცელებაში დახმარების გამო სერიოზულად შეზღუდავდა პრესის წვლილს იმ საკითხების განხილვის ხელშეწყობაში, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენენ. ეს დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს“.

სასამართლო შენიშნავს, რომ მომჩივნებმა მიიღეს გარკვეული ზოგადი ზომები საკუთარ ვებგვერდებზე მადისკრედიტირებელი კომენტარების განთავსების თავიდან აცილების ან მათი წაშლისთვის.

უნგრეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაუფილტრავი კომენტარების განთავსების ნების დართვით, მომჩივნებს უნდა ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ ზოგიერთი მათგანი კანონს დაარღვევდა. ევროპის სასამართლოსთვის ეს წარმოადგენს ქმედებას, რომელიც მოითხოვს გადაჭარბებულ და შეუსრულებად წინდახედულობას, რომელსაც შეუძლია ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის შეტყობინების უფლების თავისუფლება შებღალოს.

ამ არგუმენტების გათვალისწინებით ევროპის სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე.


თეგები : ECHR-ის საქმეები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ