Covid-19
კატეგორია - Covid-19
არღვევს თუ არა ჟურნალისტი პროფესიულ ეთიკას, როდესაც COVID 19-ით ინფიცირებულის ვინაობას ასაჯაროებს? - ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაღები იმის გარკვევაშია, რამდენად ემსახურება ეს საზოგადოებრივ თუ საჯარო ინტერესს.

ბოლო დროს საქართველოში თითქოს ისე შემართებით აღარ დასდევს მედია საცხოვრებელ სახლებში ან მიკროავტობუსებში COVID 19-ით ინფიცირებულ ან ამ ვირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, როგორც ეს პირველ დღეებში ხდებოდა. თუმცა მაინც მოვახერხეთ არაერთი პაციენტის გაცნობა და შემდეგ მათი საჯაროდ გაკიცხვა და დაგმობა. ვიცით, ვინ არის პაციენტი #5, რომელმაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა. მის საჯარო ლანძღვა-გინებას მოჰყვა ე.წ. “სინანულის წერილი”, რომელიც თავად პაციენტმა დაწერა მოსაბოდიშებლად. მედიამ გაგვაცნო ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მფლობელის დაინფიცირების ამბავი, გვითხრა, რომ მისი ცოლიც დადებითი აღმოჩნდა COVID 19-ზე, რომელიც ერთ-ერთი კერძო ფონდის ხელმძღვანელი რგოლის წევრია და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამ საკითხზე კონკრეტული დაზარალებულების ან სხვა პირების განცხადებები ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯერ არ შესულა. შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნებოდა ქარტიის საბჭოს ვერდიქტი.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული საზოგადოებრივი ინტერესით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება? - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, რომელიც უკვე ორი თვეა ჩართულია პანდემიასთან ომში, რომელიც COVID 19-ის სახით დაატყდა თავს.

ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსში ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანი გახდა სწორედ ეს საკითხი, შეიძლება თუ არა მედიაში COVID 19-ით ინფიცირებული პირების ვინაობის გასაჯაროება?

როგორც გაირკვა, გერმანიის პრესის საბჭომ ამ კუთხით მიიღო უკვე პირველი საჩივარი ინფიცირებული წყვილისგან, რომლებიც ადვილად იდენტიფიცირებადი აღმოჩნდნენ სტატიაში, რომელიც ერთმა რეგიონულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. პრესის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გერმანიაში პრესისთვის მოქმედი ეთიკის კოდექსის მიხედვით, “ფიზიკური ან მენტალური დაავადება ან მიღებული ტრავმები პირის პირადი ცხოვრების სფეროა. როგორც წესი, პრესამ თავი უნდა აარიდოს დაავადებებისა და ტრავმების შესახებ რეპორტინგს, თუკი არ აქვს იმ პირთა თანხმობა, ვისაც ეს მასალა ეხება”.

ავსტრიაში შესაძლოა პრესის საბჭომ თვითინიცირებით განიხილოს საჩივარი ერთ-ერთ საქმეზე, როცა პაციენტის ვინაობა (ფოტო და სახელი) გასაჯაროვდა მედიაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ავსტრიაში ამ ინფექციაზე შემოწმების შედეგად დადებითი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მკურნალობდა გრიპზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრესის საბჭომ რამდენიმე საჩივარი მიიღო ისეთ სტატიებზე, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ან დაუდასტურებელ ცნობებს COVID 19-ზე როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის იდენტიფიცირება მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრესის საბჭოში მიაჩნია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის პირის პირადი ცხოვრების საკითხი და არ არსებობს მიზეზი, ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორშიც დღეს არის მსოფლიო, რომ გასაჯაროვდეს დაავადებული ადამიანის ვინაობა: გამონაკლისია საჯარო პირები და ესეც უნდა მოხდეს მათი ნებართვით.

საფრანგეთის მედიასაბჭოში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ფრანგული მედია ამას ცალსახად იცავს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პერსონა იყო დასახელებული მედიაში, ვისაც შეეხო კორონავირუსი. ესენია, მთავრობის 2 წევრი და 18 პარლამენტარი, რომლებიც აღმოჩნდნენ ინფიცირებულები. მათი უმრავლესობა კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. მათი ვინაობა მათივე ოფისების მიერ გასაჯაროვდა. საფრანგეთის პრესის საბჭოს ცნობით, ორივე შემთხვევაში გასაჯაროებით აიხსნა ის, თუ რატომ აღარ ჩანდნენ ეს პოლიტიკოსები საჯაროდ და მეორეს მხრივ, ეს იყო ერთგვარი დამხმარე მესიჯი იმისა, რომ არავინაა დაცული ამ ვირუსისგან. “ეს მიზეზები კი ნამდვილად არის საჯარო ინტერესის საგანი და შესაბამისად, პრესამ მათი სახელები გაასაჯაროვა”, - მიაჩნიათ საფრანგეთის პრესის საბჭოში.

კანადის პრესის საბჭოს შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური ინფორმაცია, ხოლო დაავადებული ინდივიდების იდენტიფიცირება ემსახურება საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და არა საჯარო ინტერესს. მათი შეფასებით, ინფორმაცია ასაკზე, სქესზე, რეგიონზე ან საცხოვრებელ მუნიციპალიტეტზე ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ეხმარება პანდემიის გავრცელების ბუნების გაგებას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია შუქდება მედიაში. ერთი გამონაკლისი შეეხებოდა კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს, რომელმაც თავად მოახდინა თვითიდენტიფიცირება და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაშია. ამ ინფორმაციის მიწოდებით აიხსნებოდა ის, თუ რატომ გაქრა ის საჯარო სივრციდან.

ევროპის ქვეყნებში მოქმედი ქცევის კოდექსები მედიას უზღუდავს პირადი ცხოვრების გაშუქებას, დაავადების შესახებ ინფორმაცია კი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ბელგიის პრესის საბჭოში მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია გაამართლო საჯარო ინტერესით ინფიცირებულის იდენტიფიცირება. მათი შეფასებით, ჟურნალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს საჯარო ინტერესი არის ინფექციის გავრცელების რისკი. მაგრამ როცა უკვე დადასტურებულია კონკრეტული პირის დიაგნოზი ან მიღებულია ზომები და კარანტინში და იზოლაციაშია გადაყვანილი პირი, უკვე აღარ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ინფექცია გადამდებია.

“სხვა დაავადებებიც არის გადამდები, მაგრამ ჩვენ არ ვასაჯაროებთ კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანების ვინაობას, გავიხსენოთ თუნდაც აივ/ინფექცია”, - აცხადებენ ბელგიის პრესის საბჭოში.

შვეიცარიის პრესის საბჭოს განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევები, როცა შეიძლება COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების გასაჯაროება, უკავშირდება საჯარო პირებს - პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს. ანალოგიური მიდგომა აქვს შვედეთის პრესის საბჭოსაც. მათი შეფასებით, დაცული უნდა იყვნენ კერძო პირები, მაგრამ შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესი მაშინ, როცა ისეთი პირი ხდება ავად, რომელსაც საზოგადოების წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებები.

განსხვავებული პრობლემის წინაშე დგანან უნგრეთში ჟურნალისტები, სადაც სახელმწიფო უწყებები მალავენ ინფორმაციას ისეთ საკითხზეც კი, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიული არეალი იმ მოტივით, რომ ამით დაირღვევა პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება. ჟურნალისტები კი ითხოვენ ამ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რომ ხალხმა იცოდეს, რომელ ქალაქებში ან ქვეყნის რა ნაწილშია ინფექცია გავრცელებული.

COVID 19-თან დაკავშირებით ზოგიერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედიას ამ თემების გაშუქებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა. თურქეთში რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს კიდეც. სომხეთში ნებადართული მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებააა. საქართველოში ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთან, დაავადებულთა შესახებ გარკვეულ ცნობებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონზე აპელირებით აღარ გასცემენ შესაბამისი უწყებები.
კატეგორია - Covid-19




სამი დღეა მარნეული მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ქვეყნის სხვა ტერიტორიისგან განსხვავებით, აქ ცენტრალური მედიისთვის მუშაობა შეზღუდულია. ამ ყველაფერმა ადგილობრივი მედიის დატვირთვა, რომელსაც ისედაც განსაკუთრებული და გამორჩეული როლი აქვს თემის ცხოვრებაში, კიდევ მეტად გაზარდა. პარალელურად, კიდევ უფრო დამძიმდა ის დამოკიდებულებები, რაც საჯარო პირებს ადგილობრივი მედიის მიმართ აქვთ და ის სირთულეები, რასთან გამკლავებაც პატარა მედიებს ყოველდღიურად უწევთ.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ხანდახან თავად არის რედაქტორიც, ჟურნალისტიც, წამყვანიც და მძღოლიც, გვიყვება როგორი იყო მარნეულში კარანტინის პირველი დღეები.


⇒ დღე I - დაბნეულობა

როგორც კი გავიგეთ, რომ საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევა მარნეულთანაა კავშირში, უსაფრთხოებაზე ფიქრი მაშინვე დავიწყეთ. სადღაც მარტის დასაწყისში, როდესაც უკვე გაირკვა, რომ იტალია საშიში ზონაა და საქართველოში იტალიიდან ბევრი ბრუნდება,  უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გავამკაცრეთ. ამასობაში ჩვენი წყაროებიდან გავიგეთ, რომ მარნეულშიც ბევრი ხალხი ბრუნდება და ყველა მათგანი იზოლაციის წესებს არც იცავს. სადღაც 11-12 მარტს ცენტრალურ არხებზე თქვეს, რომ მარნეულში თვითიზოლაციაში 8 პირია და მათგან სამმა წესები დაარღვია. ჩვენი წყაროები სხვა ციფრებს გვეუბნებოდნენ. შფოთვის დონემ იმატა...

"რადიო მარნეულის" ყველა ჟურნალისტი მარნეულში არ ცხოვრობს, ზოგი სოფლიდან დადის და სადღაც ერთი საათი სჭირდება სამსახურამდე. ჩვენი საჯარო ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, არ არის დაცული ჰიგიენის არანაირი ნორმა, ეს არის ძველი მანქანები, რომლებიც "ძლივს სუნთქავენ" და შეიძლება პატარა მიკროავტობუსში 30 ადამიანიც ავიდეს. გადავწყვიტეთ, რომ დროა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეთ.

ვიდრე წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდებოდა, ჩვენ უკვე 12 დღის გადასული ვიყავით დისტანციურ მუშაობაზე. ამ დროს პარალელურად ფიქრობ იმაზე, როგორ იმუშაო ეფექტურად, რადგან შენ გისმენენ და გელოდებიან, შენ ხარ ინფორმაციის წყარო ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად.

ყველაზე კრეატიული ჩვენი ტექნიკური დირექტორი აღმოჩნდა. მოფიქრა, რომ შეგვეძლო საინფორმაციო გამოშვებები ხმის ჩამწერზე, ე.წ. დიქტოფონზე ჩაგვეწერა და რადიოში ისე გაგვეშვა. სომხური დაიჯესტი მანამდეც ასე იწერებოდა. ასე დისტანციურად ავამუშავეთ რადიოც, ვებგვერდიც და ჩვენი სოციალური ქსელებიც.

ჩვენი პლიუსი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან.

საუბარი იმაზე, რატომ არ საუბრობს მარნეულში ყველა ქართულად, ალბათ, აქ არ ღირს. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული, მას აქვს ამის უფლება და ჩვენ შეგვიძლია მას ეს შესაძლებლობა მივცეთ.

როდესაც გამოაცხადეს რომ მარნეული დაიკეტა, ჩემი შფოთვის დონე მაქსიმუმს მიუახლოვდა. ერთი მხრივ, იცი რომ უნდა იმუშაო, თუნდაც ისევ ისე, დისტანციურად, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე აღარ ხარ დაზღვეული, რომ შენ, ან რომელიმე შენი თანამშრომელი დაინფიცირებული არ ხართ.

ვერ ვრისკავ...

მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მძღოლს, რომელიც ამ ეტაპზე არ მუშაობს, არ ჰქონდა შეხება ვინმესთან, ვიდრე ჩაიხანები დაიხურებოდა, არ შეხვდა ადამიანს, რომელსაც აქვს კორონავირუსი. ამიტომ, ერთმანეთთან შეხვედრას ვერიდებით.

მე მარნეულში ვმუშაობ, ვცდილობ სხვადასხვა ადგილას გავიდე და ინფორმაცია მოვაგროვო. ჟურნალისტები სახლიდან მუშაობენ. მათ აქვთ ყველანაირი აღჭურვილობა, რაც სჭირდებათ, ინტერნეტი, კომპიუტერი და პროგრამები მონტაჟისთვის.

რა აღმოჩნდა დღეს ჩვენთვის ძალიან გაუგებარი? ის, რომ ქალაქის მერი არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. ვფიქრობთ, რომ ყველასთვის რთული დღეა. მაგრამ მერე ხედავ, რომ ეს ადამიანი საუბრობს ცენტრალურ ტელევიზიებთან, მისი სინქრონები გადის ეთერში, ყველა ტელევიზიაში. უყურებ ამ კადრებს და ფიქრობ, გაუგებარია, რატომ არ თანამშრომლობს ადგილობრივ მედიასთან, იმ მედიასთან, რომელიც ცდილობს ადგილობრივების ინფორმირებას მათთვის გასაგებ ენაზე...



ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მიზანი არის ერთი - მოსახლეობის ინფორმირებულობა. ერთ-ერთი ვერსია, რატომ აფეთქდა შემთხვევა მარნეულში, გვგონია, რომ არაინფორმირებულობაა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქალაქის მერის დამოკიდებულებას, ვერაფრით ვხსნი. ვერც სოზარ სუბარის, რომელიც საგანგებო შტაბის ხელმძღვანელია, მის პრესსამსახურს დღეს ორჯერ დავურეკე და ორივეჯერ ჩვენთვის ვერ მოიცალა, იმიტომ, რომ ჩართვები ჰქონდა ცენტრალურ ტელევიზიებთან.
ვერ უარვყოფ, რომ შემდეგ თავად გადმომირეკა, მაგრამ ისევ ვერ დამელაპარაკა, რადგან ისევ ჩართვა ჰქონდათ რომელიღაც ტელევიზიაში.

აქ უკვე შენ რაღაცნაირად გგონია, რომ მათთვის ხარ უბრალოდ რაღაც პატარა რედაქცია, რომელიც არაფრის გამკეთებელია. არადა, მუდმივად, ამ წლების განმავლობაში, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება და ვალდებულია რომ გააკეთოს, ამას რედაქცია აკეთებს უცხოური ინვესტიციების მეშვეობით. მაგალითად, თარგმნის ინფორმაციას, თარგმნის ძალიან კომპეტენტური და სანდო მედიის ამბებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდეს რა ხდება საქართველოში, რომ უფრო ახლოს მიიტანო მათთან მათი ქვეყნის ამბები.

და უცებ, გამოდის, რომ შენ არ ხარ მნიშვნელოვანი მათთვის, მათთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური მედია, იმიტომ, რომ ცენტრალურ მედიას უყურებენ მათი პარტიული ხელმძღვანელები და, ალბათ, აფასებენ რამდენად კარგად მუშაობენ. რა საჭიროა ამ შემთხვევაში ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა?! მერე რა, რომ ის ავრცელებს ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების ენებზე, გამოდის, რომ არც ეს არის მნიშვნელოვანი.

დღის ბოლოს ასკვნი, რომ ან რთული დღე ჰქონდათ, ან უბრალოდ დამოკიდებულება აქვთ ასეთი, ცენტრალურ მედიაში გამოჩენა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა.

სხვათაშორის, ეს ჩივილი თანამშრომლობაზე მხოლოდ მერიას არ ეხება, ეხება ყველა მუნიციპალურ დაწესებულებას, მაგალითად, მარნეულის ჯანდაცვის ცენტრს, რომელსაც არასდროს სცალია იმისთვის, რომ ჩაგერთოს გადაცემაში. და ამ დროს შენ უყურებ გამყრელიძეს, რომელიც ყველა ტელევიზიაშია, რადგან ფიქრობს, რომ ადამიანების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ადგილობრივ დონეზე ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებზეც საუბრობენ თბილისში. ან მათ ეშინიათ თქვან ისეთი რამ, რაც შემდეგ არ მოეწონებათ ცენტრში. ან იქნებ, უბრალოდ, საჭიროდ არ თვლიან, ხალხის ინფორმირებას. არ ვიცი. მათი დამოკიდებულება ჩვენდამი ჩემთვის ძალიან გაუგებარია.

და ვიდრე ამ დღეზე საუბარს დავამთავრებ, ცენტრალურ მედიაზე მინდა ვთქვა, მესმის, რომ ჩვენ ვართ აქ ერთადერთი წყარო ინფორმაციის მათთვის, მაგრამ ვერ ვხსნი მათ დამოკიდებულებას. ზოგი მაგალითად დღეს ითხოვდა ექსკლუზივს და აპელირებდნენ იმაზე, რომ ჟურნალისტს ჰონორარს გადაუხდიან. ეს ღარიბი, რეგიონული მედიისთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ უარი მიიღეს. როდესაც შენ ხარ ერთადერთი წყარო, ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია, ვიღაცას უთხრა კი ან არა, იმიტომ, რომ ისინი გადაგიხდიან. ეს სამოქალაქო პოზიციონირება ზოგადად უნდა შეიცვალოს, ყველაფერი არ შეიძლება იყიდებოდეს.

ასე, ამ მიგნებებით სრულდება კარანტინის პირველი დღე. იმედი მაქვს, რომ ხვალ უფრო პროდუქტიული დღე გვექნება.


⇒  მე-2 და მე-3 დღე

ამ ორი დღის შეჯამება, ალბათ, პროფესიასა და პირადზე საუბრით უნდა დავიწყო. შეთავსება ცოტა რთულია... ერთ მხარეს არის ოჯახი, რომელიც გთხოვს არ გახვიდე გარეთ, ეშინიათ, რომ შეიძლება ვირუსი შეგხვდეს, რომელსაც შენ მარტივად გადაიტან, მაგრამ ოჯახში გყავს წევრი, რომელიც რისკ ჯგუფშია. და მეორე მხარეს არის პროფესია, რომელიც გეუბნება, რომ შენ აუცილებლად უნდა გახვიდე გარეთ და მოუყვე ხალხს, შენს კოლეგებს რა ხდება იქ, სადაც ახლა მხოლოდ შენ გაქვს ყოფნის შესაძლებლობა.

მეორე დღე ცოტა უფრო მშვიდი აღმოჩნდა. მგონია, რომ გააზრების ეტაპი დაიწყო. დღეს გარეთაც უფრო ცოტა ხალხი მოძრაობდა. მაგრამ მაინც რჩებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ეს არ დაემართებათ. ასეთ დროს ძალიან გინდა გაიგო რატომ ფიქრობენ ასე, არაინფორმირებულობის გამო, თუ  იციან, მაგრამ ეს მათი ღრმა რწმენაა.

გუშინ დაინფიცირებული ქალის საცხოვრებელ ქუჩაზე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ახლა მე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ იქ გარეთ იყვნენ მეზობლები, რომლებმაც მაჩვენეს სად ცხოვრობდა ის ქალი, მომიყვნენ, რომ იმ წლისთავზე თავადაც იყვნენ და ამას ისე მარტივად ყვებოდნენ... ერთმა მეზობელმა მოყვა, რომ "კი, მე იქ ვიყავი და გადავკოცნე კიდეც, მაგრამ მე არაფერი მჭირს". ოღონდ დაამატა, რომ ახლა დისტანციას იცავს და არსად დადის.

დღეს დამრჩა განცდა, რომ თითქოს შენი კოლეგები შენგან ნეგატიურ შეფასებებს ელოდებიან. ელოდებიან, რომ როდესაც მაგალითად მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერია, შენ საპირისპირო უნდა უთხრა. და როცა ეუბნები, რომ არა, ყველაფერია, შინაგანად დანაშაულის შეგრძნება გიჩნდება, - რატომ ვერ მონახე მაღაზია, სადაც არაფერი არ არის, რომ ამის შესახებ მოგეყოლა. ისეთი განცდა გაქვს, რომ შენგან მხოლოდ პრობლემებზე უნდათ საუბარი და არა იმაზე, რასაც შენ ხედავ.


ისევ განვმეორდები, რომ ძალიან რთულია მუშაობა დისტანციურად, როდესაც არ შეგიძლია დაამყარო კონტაქტი ადამიანთან და შორიდან უნდა ჰკითხო რაღაც. ადამიანებს ემოციები გვიყვარს, და როცა ხარ პირბადით, როცა ვერ ხედავენ შენს თვალებს, უფრო და უფრო ახლოს მოდიან, შენ კი გეშინია და უმეორებ, რომ არ მოგიახლოვდეს... დისტანციურობა, სიმშრალე, ახლა ისე ძალიან იგრძნობა..  როცა განუწყვეტლივ უმეორებ არ მოგიახლოვდეს, იკეტება და აღარ იხსნება. ახლა ვფიქრობ, რომ ის ემოციური კავშირები, რომელიც "კორონამდე" გვქონდა, ძალიან დაუფასებელი იყო...

... ძალიან ბევრი ვიზუალური მასალა კეთდება საიტისთვის და ამ დროს ხვდები, რამდენად გიჭირს, რომ არ გყავს დიდი გუნდი... არ შეგიძლია უცებ დაიმატო ადამიანები, ვერ იყიდი ფასიან პლატფორმებს უკეთესი მასალის გასაკეთებლად... აქ უკვე ფიქრობ შენს ფინანსურ მდგრადობაზე, რომელსაც ყველა რეგიონული მედია განიცდის და რომელიც არ გამოდის.

ბევრი რამ არის, რაც გიშლის ხელს მეტად ეფექტური იყო... მაგრამ მთავარს, ინფორმაცია მიაწოდო შენს მკითხველს, მაინც ახერხებ...
კატეგორია - Covid-19
სომხეთის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, მედიისთვის ახალი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო გვერდი e-gov.am ავრცელებს.

ცვლილებების შემდეგ მედიასთან დაკავშირებული პუნქტი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “იმ პუბლიკაციების, საინფორმაციო მასალების, ინტერვიუების, შეტყობინებების გასაჯაროებას, გადაცემას, მათ შორის ინტერნეტ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას, რომლებიც შეეხება სომხეთის რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა არსებულ და ახალ შემთხვევებს, კონკრეტული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინფექციის წყაროებს, სხვა პირთა წრეს, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან, ან ინფექციის შესაძლო მატარებელ პირებს, იმ პირებს, რომლებიც გადიან გამოკვლევებს (ინფექციაზე ტესტირებას), იზოლირებულ პირებს; ასევე, იმ ღონისძიებებს, რასაც ახორციელებს შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო ჯანდაცვის სფეროში და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ახორციელებენ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გადაიცემა სრულად (რედაქტირების გარეშე)”.

ამასთან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუკი ნაწილობრივ ან სრულად მოხდება უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის გადაბეჭდვა ახალი ტიპის კორონავირუსის თემაზე, მედია ვალდებულია მასალის წყარო სათაურშივე მიუთითოს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სომხეთში მედიისთვის არაერთი შეზღუდვაა დაწესებული. რამდენიმე დღის წინ, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სომხეთის ორი მედიის, „არავოტისა“ და „ჰრაპარაკის“ მასალები “პანიკის გამომწვევ ინფორმაციად" შეაფასა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში სომხეთში ასეთი მასალების გავრცელება აკრძალულია. აკრძლვები ეხება როგორც საინფორმაციო სააგენტოებს და ტელევიზიებს, ისე მოქალაქეებს.




“მედიაჩეკერი” მუშაობს თემაზე, რა შეზღუდვები მოქმედებს მედიისთვის სომხეთში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. თვალი ადევნეთ ვებგვერდს, მასალა მალე გამოქვეყნდება
კატეგორია - Covid-19
შეცვლილი დღის წესრიგი და საინფორმაციო ბადე, დისტანციური მუშაობა, გახშირებული სპეციალური გამოშვებები - ბოლო რამდენიმე თვეა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, ყოველდღიურობის მსგავსად, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი მედიასამყაროშიც. აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით მედია იმაზე მეტად არის დაინტერესებული, ვიდრე ეს ებოლას შემთხვევაში იყო და ამ თემაზე მსოფლიო მასშტაბით 23-ჯერ მეტი დაიწერა.

ამ დროის მონაცემებით, COVID-19 მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რიცხვი 436 159-ს აღწევს, ვირუსისგან განკურნებულია 111 847 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა კი უკვე მიაღწია 19 648-ს.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულია 73 ადამიანი, მათგან 10 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთლდა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, 23 მარტიდან კი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

ახალი გადამდები დაავადებები საზოგადოებაში შიშს იწვევს, რადგანაც ისინი ჯერ შესწავლილი არ არის და შედეგებიც არაპროგნოზირებადია. შესაბამისად, მის შესახებ ინფორმაციის სწორად გავრცელება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ეპიდემიური დაავადებების გაშუქებისას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, თუ როგორ კონტექსტში და რა ფორმით აწვდის მედია საზოგადოებას ინფორმაციას. ამ უკანასკნელს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი აკისრია. შესაბამისად, ჟურნალისტს ასეთ თემებზე მუშაობისას მაქსიმალური ყურადღების, პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის გამოჩენა მართებს.

ეპიდემიური და ინფექციური დაავადებები, ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ ინფორმაციულ კრიზისადაც შეიძლება იქცეს. ეპიდემიების გაშუქების დროს, დაავადების შესახებ კონკრეტული მეცნიერული ფაქტებისა და ჭორების გავრცელებით, ჟურნალისტები ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ნდობას განამტკიცებენ, ხოლო მეორე მხრივ მას ანგრევენ კიდეც ხოლმე.

მედიის მიერ კორონავირუსის თემის გაშუქებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხშირი იყო შემთხვევები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა მედიასაშუალებები საკითხს ისეთ კონტექსტში წარმოაჩენენ, რაც მოსახლეობაში პანიკისა და შიშის დათესვას უწყობდა ხელს.

მკვლევრები ამბობენ, რომ მთავარი ხაზი, რაც მედიის მიერ კორონავირუსის თემის გაშუქებისას გამოიკვეთა, ეს „შიში“ იყო. მედიის დიდმა ნაწილმა თემის გაშუქებისას ისეთი სიტყვები და ფრაზები („შიში“, „საშიში“, „შეშინებული“, „მკვლელი ვირუსი“ „მომაკვდინებელი დაავადება“ და ა.შ.) გამოიყენა, რომელიც მოსახლეობაში დაავადების მიმართ სწორედ შიშსა და პანიკას აძლიერებდა.

თუკი H1N1-ის გაშუქებისას, მედიის მთავარი ხაზი „განგაშზე“ გადიოდა, კორონავირუსის შემთხვევაში მედიამკვლევრები მედიის მიერ „შიშისა“ და „პანიკის“ დათესვის პრაქტიკაზე მიუთითებენ. მათი თქმით, როდესაც თემა მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, საზოგადოებისთვის ის მეტად საყურადღებო ხდება და მედია ადამიანების ემოციებისა და შიშების მართვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიის დროს, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები სიტუაციის მართვაში პარტნიორობას ცდილობენ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საზოგადოების სათანადო ინფორმირებას ემსახურებიან და მოსახლეობის დაშინებას არ ცდილობენ. ამასთან, მათივე რწმენით, მედიამ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია თავად ვირუსის, უსაფრთხოების წესებისა და ინფექციისგან თავდაცვის მექანიზმების შესახებ უნდა მიაწოდოს

უსაფრთხოების წესები ჟურნალისტებისთვის

ეპიდემიების გაშუქებისას, არანაკლები მნიშვნელობა ჟურნალისტების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვას ენიჭება. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ (CPJ) იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის თემაზე მუშაობენ უსაფრთხოების წესები გამოაქვეყნა.

წინასწარი მომზადების პერიოდი

  • იმ ქვეყანაში გამგზავრებამდე, სადაც ვირუსია დაფიქსირებული, დარწმუნდით, რომ ადგილზე დაავადების პროფილაქტიკისთვის ყველა საჭირო საშუალება არსებობს;
  • არ გაემგზავროთ თუკი ავად ხართ. გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო და რეგიონულ აეროპორტებში, ასევე სხვა სახის ტრანსპორტში მგზავრების შემოწმება მიმდინარეობს და აღნიშნულისთვის მზად უნდა იყოთ.
  • გაეცანით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ ინფორმაციას.
  • მოიძიეთ თქვენი დანიშნულების ადგილზე კორონავირუსის უსაფრთხოების წესების კუთხით არსებული ვითარება.
  • აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ ბევრმა ქვეყანამ ვირუსის რისკის გამო ფრენები შეაჩერა ან შეზღუდა, აგრეთვე საზღვრები ჩაკეტა და მიმოსვლა შეწყვიტა.

როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?

  • მოერიდეთ იმ ადამიანთან ახლო კონტაქტს, რომელსაც დაავადების შესაძლო ნიშნები აღენიშნება (ხველა, ცემინება).
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით ან გაიწმინდეთ ანტიბაქტერიული სითხით.
  • გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები ინციფირების ადგილზე მისვლისას, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებასთან მიახლოებისას. აგრეთვე, შესაძლოა, აუციელებელი გახდეს სხვა დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის - სახის სრული პირბადისა და შესაბამისი კოსტიუმის გამოყენებაც.
  • ინფიცირების ადგილზე მუშაობისას გამოიყენეთ ერთჯერადი ან წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, რომელიც ადგილის დატოვების შემდეგ აუცილებლად შესაბამისად უნდა გაიწმინდოს. ყოველთვის მიჰყევით შესაბამის ადგილობრივ უსაფრთხოების ინსტრუქციებს.


უსაფრთხოების წესები ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც გამოაქვეყნა. რეკომენდაციები ეხება ინტერვიუს აღების პროცესსა და მუშაობას შესაძლო ინფირცირებულ ადამიანთან. ამ რეკომენდაციებს შორის არის ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით, მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე, უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება და ა.შ

ამ თემაზე:
 

ერთგვარი გზამკვლევი როგორ უნდა უზრუნველყონ მედია მენეჯერებმა მათი თანამშრომლების შრომის უსაფრთხოება და თავად ჟურნალისტებს რა მარტივი წესების დაცვა შეუძლიათ, სპეციალურად “მედიაჩეკერისთვის” Safe ინიციატივა, IREX-მაც მოამზადა. ამ წესების დაცვა განსაკუთრებულ ძალისხმევასა და დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს.

გაეცანით ამ წესებს:

რჩევები ჟურნალისტებს კორონავირუსის გაშუქებასთან დაკავშირებით




როგორ ვიქცევით ინფიცირების ადგილის დატოვების შემდეგ?

  • დააკვირდით საკუთარ ჯანმრთელობას მუშაობის ადგილის დატოვების შემდეგ და დააკვირდით რესპირატორული ნიშნების გამოვლინებას მომდევნო 14 დღის განმავლობაში.
  • რესპირატორული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობეთ დამქირავებელს და მიმართეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს.

მხოლოდ ეთიკური გაშუქება და შრომის უსაფრთხოების დაცვა არ არის ის გამოწვევა, რის წინაშეც მედიასამყარო ახალმა Covid-19-მა დააყენა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ COVID-19-ის პანდემიის მუდმივად განახლებად რეჟიმში გაშუქება ბევრი ჟურნალისტისთვის შეიძლება სტრესული იყოს.

ქვემოთ რამდენიმე მასალას გთავაზობთ, რომლებიც სტრესის მართვაში დაგეხმარებათ:



მომზადებულია cpj.org-ის, theconversation.com-ისა და journalofethics.ama-assn.org-ის მასალების გამოყენებით.
კატეგორია - Covid-19
alt

მეორე დღეა მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ეს ზონა მიმოსვლისთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა. ჟურნალისტი მარიკო წიქორიძე, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს, გვიყვება რას ნიშნავს ცხოვრება ჩაკეტილ ზონაში, სადაც ყველაფერთან ერთად ინფორმაციული ვაკუუმია.


ბოლნისი 22 მარტამდე
 
2020 წელი მსოფლიოში ყველაზე დრამატულად დაიწყო, ჩინეთი კორონავირუსის ლეტალურ შედეგებზე ალაპარაკდა და მათგან ძალიან შორს, აგერ საქართველოში, ჩვენც შევეჩვიეთ აზრს, რომ ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევდა.

დიდი ხანია ჩემი ყველა დღე „პულტით“ ხელში, არხიდან არხზე ინფორმაციის ძიებით სრულდება. სატელევიზიო ინფორმაციის შფოთს სოციალური ქსელები და სააგენტოები ემატება. მთავარი თემა ყველგან ერთია -დაინფიცირებულთა რიცხვი, სადღაც მეტი, სადღაც ნაკლები...

22 მარტს ბოლო „პოსტი“ ისევ კორონავირუსზე გავაზიარე და იტალიაზე დარდით დავხურე ლეპტოპი.

ღამის 12 საათი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრიფინგის მოლოდინში საათს, რომ შევხედე. მეგონა გაამკაცრებდნენ საგანგებოს მდგომარეობას, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე და გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემს მეზობლებს, გუშინ მწვადებს რომ წვავდნენ ვაზის გასხვლისას ვენახებში, ეს მაინც აიძულებთ სახლში დარჩენას-მეთქი...

ზუსტად ნახევარ საათში ბოლნისი და მარნეული „წითელ ზონად“ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მარნეულში ვირუსის დაფიქსირებაზე, ბოლნისის კარანტინი შოკი იყო.

ღამის 2 საათზე, ჩემს სახლთან ახლოს მყოფი ყველა სასურსათო მაღაზია, რომელიც სადღეღამისო იყო, ხალხით გაივსო. ვხედავდი ჩემს მეზობლებს ფეხზე დამდგარი, გაშეშებულები როგორ უსმენდნენ ინფორმაციას არხიდან არხზე.

კარანტინის პირველი დღე

23 მარტის დილა იყი ყველაზე უჩვეულო ბოლნისისთვის. უამრავი ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით მოძრაობა სახლი - მაღაზიის მიმართულებით. სასურსათო მაღაზიებიდან ხალხს 10-12 შეკვრა პირველადი სასურსათო მარაგი გამოჰქონდა.

ნახევარმა ქალაქმა არ იცოდა, რომ წუხანდელი ღამის შემდეგ ქალაქი კარანტინშია. არაფერი იცოდა ჩემმა მეზობელმა ტაქსის მძღოლმაც, რომელიც გამოძახებაზე აპირებდა გასვლას, თან ეჭვი ეპარებოდა, ,,სად ჩვენ და სად კორონაო“. 10 წუთში ხელთათმანებითა და კაშნეშემოხვეულმა სხვების ინფორმირება დაიწყო.

შუა დღისთვის ქალაქის არცერთ საცხობში აღარ იყო პური, ვერცერთ აფთიაქში ვერ შეიძენდით პირბადეს, ხელთათმანს, ანტიბაქტერიულ საშუალებას, არ იყო ბინტი და ანტისეპტიკური ხელსახოცი.

ქალქის მერი ყველა არხზე ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა, რომ ბოლნისში ვითარება კონტროლდება, ვიცავთ წესებს და მოსახლეობას მაღალი რისკის სოფლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

24 მარტი, კარანტინში ყოფნის მეორე დღე
 
როცა შიში, პანიკა და შფოთი თითქმის დაძლეული გაქვს, მოქმედებაზე გადადიხარ და ზუსტად აქ აღმოაჩენ, რომ ყველაზე დიდი სირთულე ყველაფრის დისტანციურად კეთებაა.

პირველი, ვინც დილით წერილი მომწერა, ჩემი მეგობარი იყო სოფელ ნახიდურიდან. ეს ის სოფელია, სადაც Covid-19-ით დაინფიცირებულმა მარნეულელმა ქალმა, ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე, და მოინახულა. მოგვიანებით ორივე მარნეულის კლინიკებში გადაიყვანეს. დღეს ეს კლინიკებიც კარანტინშია.

კარანტინშია სოფელი ნახიდურიც, თუმცა ლეილა ძალიან დარდობს მეზობლებზე, რომლებიც ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და კარანტინის წესებს ღიმილით ხვდებიან. უფრო მეტიც, ყოველ დღე ლეილას მაცივრითაც სარგებლობენ. ლეილა ამბობს, რომ მათათან არც ჯარი შესულა და არც სიცხე გაუზომავს ვინმეს. ლეილას ეშინია და ითხოვს, რომ კარანტინის დარღვევა დასჯადი გახდეს.

ხალხის დამოკიდებულებასავით არაერთგვაროვანია ინფორმაცია, რომელსაც დისტანციურად ვიღებ და მძაბავს. ვცდილობ ყველაფერი გადავამოწმო. მაგალითად, ბოლნისის სოფლებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ამბობს, რომ კორონავირუსზე არაფერი იციან, არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ისიც არ იციან, კარანტინი რა არის. ამავე დროს, გუშინდელი პრემიერის განცხადების შემდეგ, პენსიების წინასწარ გაცემასთან დაკავშირებით, დღეს რიგები დადგა ბანკომატებთან. დღეს უკვე იყო პირველი უკმაყოფილება, რომ სასაურსათო მაღაზიებში არავინ იცავს 2 მეტრის დისტანციას, რომ მარკეტებსა და აფთიაქებში არ არის სადეზინფექციო ხსნარები, რომ აღარ იყიდება 75 პროცენტიანი სპირტი და მხოლოდ ახლობლების იმედზე არიან, რომლებსაც ჭაჭა მაინც აქვთ. ეს კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ასეთი ხალხი ბევრი არ არის, ზოგმა კარანტინი აღიქვა როგორც თავისუფალი დრო მეზობლებ-ნათესავების მოსანახულებლად.

დღეს, დღის ბოლოს, მივხვდი რომ მარნეულისგან განსხვავებით, ბოლნისში საინფორმაციო ვაკუუმია და დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყეტილება მივიღეთ, როცა აქ, ამ რეგიონში და ამ ქალაქში ,,ქალთა რადიოს“ შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი.

დღესაც არ ვიცით, ნამდვილად იგეგმება თუ არა ქალაქისა და სოფლების სრული დეზინფექცია. თუ იგეგმება, როდის. გაგვაფრთხილებს თუ არა ვინმე ხალხს და დაინტერესდებიან თუ არა იმ ადამიანებით, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ ყნოსვის შეგრძნება, ალერგიულები არიან და შესაძლოა ეს მათთვის ეს სახიფათო იყოს.

ჯერ კიდევ გუშინ, ჩემი მეზობელი სუსანა დეიდა აღდგომისთვის ტოლმის რეცეპტს აწერინებდა შუა ქუჩაში გაბის. უხსნიდა, რომ ქინძი და პილპილი აუცილებელია, ვირუსებს კლავს. რეცეპტის ერთსაათიანი გარჩევის შემდეგ, კარანტინი მაინც არად ჩააგდეს და ყავის ერთად დალევაზე შეთანხმდნენ. დღეს აღარ გამოჩენილან. როგორც ჩანს ინფორმაცია ჩვენამდე იმაზე გაცილებით ნელა მოდის, ვიდრე ვირუსი.
კატეგორია - Covid-19
Presa.ge-ის მიერ დღეს, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა სამ და მეტ პირს შორის დახურულ სივრცეში სექსუალური ურთიერთობები აკრძალა, ყალბია.

presa.ge სატირულ გამოცემა worldnewsdailyreport-ს ეყრდნობა და წერს, თითქოს, მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “ორგიები იკრძალება, სანამ ვირუსის აფეთქება არ გადაივლის".

“დე ბლოკის თქმით, ამ აკრძალვის შემოღება აუცილებელი იყო, ბელგიის რეპუტაციის გამო, რომელიც ლუდის მსმელების და ევროპის ჯგუფური სექსის დედაქალაქადაა ცნობილი. "ბელგია ევროპაში, თუ არა მსოფლიოში, ჯგუფური სექსის კუთხით პირველია. ჩვენ ვალდებული ვიყავით ეს გადაგვეწყვიტა ამ სიტუაციაში," - განაცხადა მინისტრმა”, - წერს presa.ge

World News Daily Report გვერდის აღწერაში ნათქვამია, რომ გამოცემა ქმნის სატირული კონტენტს, არც გამოქვეყნებული ამბები შეესაბამება სინამდვილეს და არც გმირები არიან ნამდვილი. ასევე უთითებს, რომ მათ მიერ გამოგონილი პერსონაჟებსა და რეალურ ადამიანებს შორის ნებისმიერი სახის მსგავსება უბრალოდ „სასწაულად“ შეიძლება ჩაითვალოს.




კატეგორია - Covid-19
ყელში სამი-ოთხი დღით კორონავირუსის ჩაბუდება, ყოველ 20 წუთში ერთხელ თბილი წყლის დალევა და თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკების პირში გამოივლება ვირუსის პრევენციისთვის - მითია. 22 მარტს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარ აქცენტებში” მაყურებელმა მოისმინა კორონავირუსის “დასაძლევი” რჩევები, რომელთა ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორ უზრუნველვყოთ, რომ კორონა არ დაგვემართოს. არ მოგესმათ, ეს სავსებით შესაძლებელია. პრევენციის სწორი მექანიზმების დაცვით, კორონავირუსის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. ჩემს ამერიკელ მეგობრებს ვთხოვე, გამოეგზავნათ რას ურჩევენ მათ მათი ცენტრალური ჰოსპიტალები”, - ამ შესავლით დაიწყო “მთავარი აქცენტების” წამყვანმა ნიკა გვარამიამ მაყურებლისთვის რჩევების მიცემა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული რჩევები ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ არის შემუშავებული და ამერიკის ყველა რეგიონის მცხოვრებს ეგზავნება გაიდლაინები კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

“მათი ცენტრალური ჰოსპიტალები აგზავნიან CDC-ის, ანუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, სხვანაირად მათ უფლება არ აქვთ ეს ქნან… CDC-ის რეკომენდაციები და მის საფუძველზე გამოცემული კლინიკური რჩევები მინდა გაგაცნოთ, იმიტომ, რომ იცოდეთ როგორ დაამარცხოთ კორონავირუსი, როგორც ამერიკელებმა იციან, ზუსტად იმ დონეზე,” - ამ შესავლის შემდეგ გადაცემის წამყვანი მაყურებლისთვის კონკრეტული რჩევების მიცემაზე გადავიდა.

რეკომენდაციები, რომლებიც ნიკა გვარამიამ ეთერში გააჟღერა, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, “მედიაჩეკერმა” ინფექციონისტ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ მაია ბუწაშვილთან გადაამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს CDC-ის სახელით გაცემული რეკომენდაციები.

მითი #1 - “დალიეთ ბევრი ცხელი სითხე 20 წუთში ერთხელ”

“დალიეთ ბევრი სითხე და დალიეთ 20 წუთში ერთხელ. მოდით, მოგიყვებით ეს რას ნიშნავს. სითხის დალევა ზოგადად ებრძვის ვირუსულ ინფექციებს - ეს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირში თბილი სითხის გამოვლების შედეგად, კორონავირუსი რომც გქონდეთ, ზედა სასუნთქ გზებში, ანუ ხახაში და ყელში, ეს ვირუსი ჩადის კუჭში თბილ წყალთან ერთად და კუჭის წვენი მას ანადგურებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, დალიოთ ძალიან დიდი რაოდენობით, რაც შეგიძლიათ, თბილი სითხე და სასურველია 20 წუთში ერთხელ. ეს იქნება სუპი, ჩაი თუ უბრალოდ თბილი წყალი. ისე, რომ იცოდეთ, თბილი წყალი ყველაფერს ჯობია”.

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ დიდი რაოდენობით თბილი წყლის დალევა ვირუსით ინფიცირებით რისკს ამცირებს. მისივე თქმით, თითქოს კუჭში ვირუსი კვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ზოგადად, სითხით შევსება ორგანიზმისთვის აუცილებელია, უბრალოდ 20 წუთში ერთხელ სმა არავის დაუწესებია ჯერ. ზოგადად, სითხეების სმა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასარგებლოა. თბილ წყალს რაც შეეხება, არავითარი მტკიცებულება არ არის, რომ ეს რამენაირად ამცირებს ვირუსით ინფიცირებას, ამის სამეცნიერო საფუძველი არ არსებობს.

საერთოდ, უფრო ხშირად სასუნთქ გზებში ხვდება ვირუსი პირდაპირ ან შეიძლება მოხვდეს ცხვირის ლორწოვანზე, თვალის ლორწოვანზე. შესაბამისად, ასე უნივერსალურად, რომ მაინც და მაინც პირის ღრუდან ხვდება, ასე არ არის. კუჭში როდესაც მოხვდება ვირუსი, არის ლოგიკა, რომ კუჭის ლორწოვანმა ნაწილობრივ გაანადგუროს. თუმცა, როგორც კვლევებით დამტკიცდა, კორონავირუსი ეფექტურად ვრცელდება განავლის გზით, ამიტომ, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წვენი მას მთლიანად არ ანადგურებს და განავალი მასებითაც გარემოში გამოიყოფა ცოცხალი ვირუსები”.

მითი #2 - “გამოივლეთ ბუნებრივი ანტისეპტიკები”

“დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ პირში გამოივლეთ თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკები. არ გჭირდებათ აფთიაქი, არ გჭირდებათ ქიმიური ხსნარები. მარილი, ლიმონი ან ძმარი. ის, რაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. რატომ? იმიტომ, რომ ის ასუფთავებს პირის ღრუს. კლავს, თქვენ წარმოიდგინეთ, კორონავირუსს, რომელიც შემთხვევით იქ შეიძლება იყოს. რას ვასკვნით აქედან - პირის ღრუში კორონავირუსი, ანუ თუ ის გადმოგეცათ, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენ დაავადდით. თქვენ გაქვთ შანსი, რომ კორონავირუსმა არ განავითაროს მისი მძიმე, ასე ვთქვათ, შედეგები. ეს შანსი არსებობს რამდენიმე საათის და დღის განმავლობაშიც კი. ამისთვის მნიშვნელოვანია გამოივლოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, როგორც უკვე გითხარით.”

მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითქოს ძმრის, მარილის და ლიმონის გამოვლება ვირუსს მოკლავს - ამის სამეცნიერო მტკიცებულებებიც არ არსებობს.

მითი #3 - “პირველი საგანგაშო სიმპტომია დისკომფორტი ყელის არეში”

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებლად უნდა იცოდეთ. პირველი და უმნიშვნელოვანესი საგანგაშო სიმპტომი არის დისკომფორტი ყელის არეში. ტკივილი, ხვრა ე.წ., ზუსტად რომ ვთარგმნოთ, როცა გხრავთ ყელში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. შეიძლება სიცხე არ გქონდეთ, შეიძლება არანაირი სხვა სიმპტპმი არ გქონდეთ და ეს ოდნავ დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ ეს ოდნავ დისკომფორტი არის სიგნალი, რომ თქვენ ძალიან მაღალი ალბათობით კორონავირუსი გაქვთ ჩაბუდებული ყელში. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამას ყურადღება მივაქციოთ? სამი-ოთხი დღე კორონავირუსი ცხოვრობს მხოლოდ თქვენს ყელში. ის არ შლის თავის მომაკვდინებელ საცეცებს, იმიტომ, რომ არ მიუღწევია ჯერ ბრონხებამდე და ფილტვებამდე. ის ცხოვრობს ჯერ ყელში, სადაც არ არის ისე საშიში, კი არა და, მცირე დისკომფორტის შემქმნელია მხოლოდ. გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი ყველაზე საშიში არის, როცა ხვდება ფილტვებში. აი, ყელში როცა ის არის, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ექიმს უნდა დაუკავშირდეთ და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც, დიდი ალბათობით, მას მოკლავს იქ, სადაც არის, ანუ ყელის არეში და ის ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას, ვეღარ ჩავა ფილტვებამდე და ბრონხებამდე და ვეღარ იმოქმედებს თქვენზე ისე მძიმედ, როგორც ის მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც დაავადებულნი არიან კორონავირუსით”.


მაია ბუწაშვილის თქმით, არც ის შეესაბამება სიმართლეს, რომ ყელის ტკივილი კორონავირუსის პირველი საგანგაშო სიმპტომია.

“3-4 დღე კორონავირუსი ყელში არ ცხოვობს. ზოგადად, ყელის ტკივილი ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირ სიმპტომებში რაც შედის, არის ტემპერატურის მომატება და სუნთქვის გაძნელება. ყელის ტკივილი, სურდო და ა.შ., რა თქმა უნდა, ესენიც შესაძლო სიმპტომებია. ყელის ტკივილი, თეორიულად, შეიძლება პირველი სიმპტომიც იყოს, თუმცა ის, რომ ეს ყველაზე საგანგაშო სიმპტომია, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კორონავირუსის სიმპტომებს შორის ყველაზე საგანგაშო არის სუნთქვის გაძნელება”.

რაც შეეხება “მთავარი აქცენტების” წამყვანის მიერ გაჟღერებულ სხვა რეკომენდაციებს - ხელების დაბანას, ყოველდღიურად შხაპის მიღებას, ლითონის ზედაპირიანი ნივთების დასუფთავებას, სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავებას და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თითოეული რეკომენდაცია ისედაც ზოგადი ჰიგიენის და სწორი კვების ნაწილია და ჯანსაღი ცხოვრების წესი კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა:

“შეიძლება, პირდაპირი ანტიკორონავირუსული ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ ზოგადად ჯანსაღი კვებაც და ჯანსაღი ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, ავსებს ჩვენს ძალებს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლა. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, სწორი რეკომენდაციაა, ხელების დაბანა ამცირებს სერიოზულად რისკს, რამდენადაც ხელი ყოველ წუთში ეხება ზედაპირებს, სადაც შეიძლება იყოს ინფიცირებული ადამიანის წვეთები და ამ ხელით შემდეგ შეიძლება გადავიტანოთ ლორწოვან გარსზე. ეგ ისედაც ზოგადი ჰიგიენის ნაწილია და კორონავირუსის ბრძოლისთვისაც სასარგებლოა”.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამომწურავი და ზუსტი იყოს.

“ვირუსთან დაკავშირებით თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გადაამოწმეთ ყველა შესაძლო წყაროსთან, რადგან თქვენს მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს”,- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ.
კატეგორია - Covid-19
"ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არ სჯეროდათ კორონავირუსის არსებობა და რეკომენდაციებსაც არ იცავდნენ", - მსგავსი ტექსტით ჩაერთო 23 მარტს, გვიან ღამით, მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი „მაესტროს“ სპეციალურ გამოშვებაში. მან ვრცელი საუბარი, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებდა, ისე დაასრულა, რომ გამოშვების წამყვანს რეაქცია არ ჰქონია, პირიქით, ის დაეთანხმა სტუმარს და ადგილობრივების გაუფრთხილებლობას "ერთგვარი უპასუხისმგებლობა" უწოდა.

„მაესტროს“ სპეციალური გამოშვება მარნეულში 62 წლის ქალისთვის კორონავირუსის დადგენის ამბავსა და მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრებას დაეთმო. ვინაიდან ამ დაინფიცირების წყარო უცნობია, დაავადებულს კი ასობით მოქალაქესთან ჰქონდა შეხება, საქართველოს მთავრობის განმარტებით, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა და დაიკეტა. გვიან ღამით მიმდინარე სპეციალურ გამოშვებაში, წამყვანმა „მარნეული TV-ს“ ჟურნალისტი ჩართო, რომელთანაც მარნეულში ამ დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ადგილობრივების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების თემას შეეხო.

გთავაზობთ ნაწყვეტს წამყვანისა და ჟურნალისტის დიალოგიდან:

წამყვანი: რეკომენდაციების შესრულებაზე რას გვეტყვით, სანამ მარნეული და ბოლნისი გადავიდოდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, ის რეკომენდაცები, რომლებიც დაწესებული იყო მთელი საქართველოსთვის, რამდენად სიზუსტით სრულდებოდა ეს მანდ?

სტუმარი: როგორ იყო იცი, ჩვენი ტელევიზიაც ორენოვანია, ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ იცი რა ეს ვირუსი არ არის, სინამდვილეში ეს არის პოლიტიკური და თვითონ მოსახლეობას, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რატომღაც არ ჯეროდათ ამ ვირუსის.
წამყვანი: დიახ და შესაბამისად ისინი არ იცავდნენ ზედმიწევნით, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს?
სტუმარი: არა, არა, არანაირად არ იცავდნენ, ქუჩებიც სავსე იყო, ჩაიხანები ძლივს დაკეტეს, ზოგ ადგილას პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
წამყვანი: ფიქრობთ, რომ ამას შეიძლებოდა გამოეწვია ის სურათი, რაც დღეს მივიღეთ? მოქალაქეთა დაუდევრობამ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობამ? უპასუხისმგებლობამ, შეიძლება ასეც ვუწოდოთ...
სტუმარი: ზუსტად ეგ არის ის, რაც მივიღეთ, მოქალაქეების დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა, არ ჯეროდათ ამ ვირუსის, თან დაემთხვა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ერთმანეთთან ალბათ ხშირად მიდიოდნენ - მოდიოდნენ სტუმრად. და ამ დაუდევრობამ გამოიწვია, რომ არ ჯეროდათ ამ ვირუსის, ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ, წამყვანმა მას ჰკითხა, რა ხდებოდა იმ წუთებში მარნეულში და დაემშვიდობა ისე, რომ არ გამიჯვნია მის ნათქვამს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ახალისებდა.




აღსანიშნავია, რომ ვიდეოს იმ მოკლე მონაკვეთს, რომელშიც ეს დიალოგია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი ახლავს და მათი უმეტესობა რასიზმსა და ქსეონოფობიას ახალისებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიაში გავრცელებული მასალები, სახიფათო შინაარსის გამო, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფრთხეებს აჩენს. კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო მედიაში გაჩნდა მასალები, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ გარკვეული ჯგუფების მიმართ უარყოფითი, რასისტული განწყობები იკვეთებოდა. საქართველოში ასეთი ჯგუფი თავდაპირველად ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც გუშინ მარნეულში ვირუსი დაუდასტურდა ადგლობრივ მცხოვრებს და ეს თემა მედიისთვის მთავარ თემად იქცა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც რამდენიმე დეტალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ეს არ არის ქარტიის საბჭოს მხრიდან კორონავირუსის თემაზე გავრცელებული პირველი განცხადება. თემის სიფრთხილით გაშუქების აუცილებლობაზე ქარტია ზუსტად ერთი თვის წინ ალაპარაკდა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„კონკრეტული შემთხვევების გაშუქებისას, არ გაამჟღავნოთ პაციენტის პირადი ინფორმაცია (ვინაობა, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი და ა.შ.), ასევე არ გააკეთოთ აქცენტი პაციენტის ეროვნებაზე, რამაც, შესაძლოა, წაახალისოს ქსენოფობია“, - ვკითხულობთ ერთი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც ამავე დროს ქარტის საბჭოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს ამ განცხადებების გავრცელებაში, ამბობს, რომ ახლა მედიის პასუხისმგებლობა სიფრთხილით გააშუქოს თემა, გაათმაგებულია. მასალაში, რომელიც ამავე თემის გაშუქებისას „TV პირველის“ ეთერით გაჟღერებულ ასევე დისკრიმინაციულ განცხადებებს შეეხებოდა, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მედია ასეთ დროს არ უნდა იყოს ინფორმაციის მხოლოდ გამტარი და მას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, ისევე როგორც რესპონდენტების შერჩევისას, ასევე მათი განცხადებების მოსმენისას.

„როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - უთხრა „მედიაჩეკერს“ ზვიად ქორიძემ.

„ვირუსს, დაავადებას არ აქვს არც მოქალაქეობრივი კუთვნილება არც ეთნიკური ნიშანი, ის ვრცელდება კონკრეტულ ქვეყანაში და ყველანაირი მიმართება, რომელიც ეხება ეთნიკურ ნიშანს, იქნება რასისტული და ქსენოფობიური“, - ამბობს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბარში “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა.

გამოცემა ეკა ჭითანავას დაახლოებით ერთი თვის წინ ესაუბრა, მაშინ როდესაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტირდა და მედიაში ამ თემაზე წერა გააქტიურდა.

„ ცალკე უსაფრთხოების საკითხის იგნორირება არ შეიძლება და აქაც სახელმწიფოები იღებენ სპეციალურ ზომებს, მაგრამ ასე კონკრეტულად ეთნიკური ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა ან ქსენოფობიური დამოკიდებულება არ არის გამართლებული”, - განაცხადა ეკა ჭითანავამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.
კატეგორია - Covid-19
საქართველოს მთავრობის მიერ დღეს, 23 მარტს გამოცემული დადგენილების თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ცვლილებები ეხება საჯარო ინფორმაციის გაცემის წესსაც. აღნიშნული დოკუმენტის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები ჩერდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკოლოზ სიმონიშვილი ამბობს, რომ ეს შეზღუდვა არაპროპორციულია. მისი თქმით, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებისთვის, მედიისთვის მნიშვნელოვანია დროულად მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან ის დოკუმენტაცია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

"აღნიშნული შეზღუდვა ხელს უშლის მედიის წარმომადგენლებს ასეთი დოკუმენტების მოპოვებაში. ისინი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ვერ შეძლებენ საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მიღებას. იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით არ შეზღუდულა საჯარო სამსახურების მუშაობა და შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე, გამომდინარე იქედან, რომ გარკვეული ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, ასეთი შეზღუდვა არაპროპორციულად შეგვიძლია მივიჩნიოთ”, - აცხადებს ნიკოლოზ სიმონიშვილი.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გარკვეული უფლებები შეზღუდულია. ამ შეზღდვებს შორის არ არის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, - მედია ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვები მედიას 23 მარტიდან შეეხო, მას შემდეგ, რაც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამ შეზღუდვების მიხედვით, მარნეულსა და ბოლნისში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, სხვა ყველას კი ინფორმაცია და შესაბამისი კადრები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიაწოდოს.

მაცნეზე დაცული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეხუთე შემთხვევაა. ამ შემთხვევების ისტორიას თუ გადავხედავთ, მედიას შეზღუდვა დეკრეტით მხოლოდ ერთხელ, 2007 წლის 7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს შეეხო.

,,შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით”,- ვკითხულობთ დეკრეტში, რომელიც მაშინ გამოიცა. ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების განხორციელება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო. თუმცა, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემას ეს შეზღუდვა არ შეხებია.
კატეგორია - Covid-19
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ინფორმაციით, თურქეთში დააკავეს 7 ჟურნალისტი, რომლებიც კორონავირუსის თემაზე მუშაობდნენ. ჟურნალისტებს „პანიკის გავრცელებას“ ედავებიან.

“ჟურნალისტებს ეკრძალებათ Covid 19-ის შემთხვევების გამოაშკარავება და მათ ამ საკითხებზე მუშაობისას შეზღუდული აქვთ გადამოწმების შესაძლებლობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ დროისთვის თურქეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით, Covid-19-ით ინფიცირების 1236 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 30-ს აღწევს.



alt
კატეგორია - Covid-19
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, მედიისთვის შეზღუდვები დაწესდა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობენ მუშაობას ადგილობრივი მედიასაშუალებები, სხვა ყველას ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში შესვლა ეკრძალება, ისინი ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მიიღებენ.
 
"ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებას. სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება რამდენიმე სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც 23 მარტს, გვიან ღამით, 00:30 საათზე გაიმართა.

პრემიერის ეს ბრიფინგი მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას იმის შესახებ, რომ მარნეულში კორონავირუსი დაუდგინა 62 წლის ქალს, რომელიც ბოლო 4 დღე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული. ამ ეტაპზე კლინიკაც საკარანტინო რეჟიმშია გადასული. 

 

კატეგორია - Covid-19
19 მარტს “TV პირველის” 16:00 სათიან საინფორმაციო გამოშვებაში კორონავირუსსზე სასაუბროდ ეთერში სტუმრად დიზაინერი ზალიკო ბერგერი მიიწვიეს. წამყვანის განმარტებით, რესპონდენტის ჩართვის მიზანი “ცოტა პოზიტივის შემოტანა” იყო. თუმცა, საბოლოოდ, მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ არარელევანტური რესპონდენტის ჩართვამ და წამყვანის ინერტულობამ, “პოზიტივის შემოტანის” ნაცვლად, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის ადამიანების დისკრიმინაციას და კორონავირუსზე საშიში დეზინფორმაციისა და მითების გავრცელებას შეუწყო ხელი.

წამყვანმა კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბარი რესპონდეტთან შემდეგი კითხვით დაიწყო:

“ზალიკო, ეხლა რომ გვითხრა იმ თემაზე, რომელიც არის ჩვენი დღვანდელი, ასე ვთქვათ, ტელეეთერში შეხვედრის მთავარი მიზეზი, ეს არის ძალიან საშიში ვირუსი - კორონავირუსი. აი, რომ გვითხრა, ჩვენ გვინდა, რომ ცოტა პოზიტივი შემოვიტანოთ, არ იყო დღეს მარტივი დღე, როგორც ვიცით, გარდაიცვალა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ესპანეთში, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს გარკვეული შიშის დაძლევა ამ მიმართულებით. პირადად შენ როგორ ცდილობ, რომ გაუმკლავდე ამ შიშს, რომ არ აგიტანოს ამ შიშმა, ვგულისხმობ, ცუდ ფორმებს. აი, რას აკეთებ ამისთვის?”

რაზეც რესპონდენტმა უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა ოღონდ ყველა ქართველი 74 წლამდე აცოცხლოს და მერე მე რა ვიცი, ღმერთო მაპატიე, მაგრამ(იცინის) ისეთი თემაა, კორონა მოკლავდა თუ ისა, მე რა ვიცი, ღმერთმა იცის, ღმერთო მაპატიე. ცოტა პოზიტიურად უნდა შევხედოთ ამ ვირუსსაც და ამ თემასაც…”

პირდაპირ ეთერში რესპონდენტის ამგვარმა განცხადებამ ხელი შეუწყო გარკვეული ასაკის ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას. წამყვანს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონია რესპონდენტის არასერიოზულ და დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარზე.

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა არა კონკრეტული ადამიანის მსგავსი მოსაზრებები, არამედ მედიის დამოკიდებულებაა:

“ცალკეულ ადამიანს შეიძლება უფრო ექსტრავაგანტული აზრებიც ჰქონდეს , მაგრამ არ არის საჭირო გამოიტანო საეთერო განხილვაზე. მითუმეტეს, ეს შესთავაზო ადამიანს, რომელიც ისედაც დასტრესილია შექმნილი ვითარებით და მოჩერებულია შენს ეთერს. 74 წელზე უფრო ასაკოვანი ადამიანებიც უყურებენ ამ ეთერს, ჩამოვწეროთ ის ადამიანები?! აი, აქ, ამ შემთხვევაში, პრობლემა არის არა ის, რესპოდენტი რას ფიქრობს და როგორ აზროვნებს, არამედ რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს მედია, როდესაც ესა თუ ის ადამიანი მოჰყავს სტუდიაში და ესაუბრება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, შენ ამ ადამიანთან გექნება თუ არა კრიტიკული დიალოგი. უკვე ის, რომ ის თავისი მოსაზრებებით შენს ეთერშია, გარკვეულწილად ეს არის პოზიცია იმისა, რომ ეს არის ნორმალური და შენ მიგაჩნია რომ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია.”

ზვიად ქორიძე მსგავს კრიზისულ ვითარებაში რელევანტური რესპონდენტების შერჩევის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელმა ინფორმაცია კვალიფიციური წყაროსგან მიიღოს:

“როდესაც წამყვანს ეთერში მოჰყავს ნებისმიერი რესპოდენტი, ის, პრაქტიკულად, იმ რესპოდენტის პირადი განწყობების გენერალიზებას ახდენს, ამიტომაც ყოველთვის მნიშნელოვანია ასეთ კრიზისულ ვითარებაში, არა ზოგადად საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მოსაზრებები და განწყობები გავიგოთ ჩვენ, არამედ კვალიფიციური სპეციალისტების მოსაზრებები და კომენტარები ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის მნიშვნელოვანი”.

წამყვანს რეაგირება არც მაშინ ჰქონია, როდესაც რესპონდენტი “TV პირველის” ეთერით საკუთარ უარგუმენტო და საშიშ მოსაზრებებს აჟღერებდა კორონავირუსზე. დისკრიმინაციული განცხადების შემდეგ, მაყურებელს ზალიკო ბერგერის ვარაუდების მოსმენა მოუწია და ამ ვარაუდების გაჟღერების დროსაც, იგი კვლავ შეეხო უფროსი ასაკის ადამიანების თემას.

ე.ი. კორონავირუსი დამთავრდება მალე, როგორც მე ჩემი კოსმიური ენერგია მომივიდა და მივხვდი რაც არის ეგ ვირუსი, როგორც ყველა ვირუსი მოდის ხოლმე ამ ყოველი წლის განმავლობაში...

- საიდან იღებ ზალიკო ამ კოსმიურ ენერგიას, ამას გეკითხები

- იცი რა, ძაან ვინერვიულე თქო მეც, რომ ესეთი მსგავსი რამე, ჰაერის ჩაკეტვა და რაღაცა მსოფლიოში არ მომხდარა აქამდე და რა ასაკობრივ ჯგუფზეც არის, მე სოციოლოგია მაქვს დამთავრებული და რაც ე.ი. დედამიწის გახშირვა, ალბათ, სჭირდება, რა ჰქვია, მსოფლიოს მამებს, როჩილდია თუ ვინ არიან კიდე, რამდენიმე ე.ი., ვინც ტრამპებს ნიშნავს და ა.შ. ეს ვირუსი დაამთავრონ ბოლო-ბოლო, როგორც დაიწყეს. მე ვფიქრობ, რომ 14-დან 20 აპრილამდე ვაქცინა იქნება და მანამდე ის, სამწუხაროდ, რა ასაკობრივ მოსახლეობაზე არის გათვლილი, რომელიც ევროკავშირს ძვირი უჯდება, იმ ასაკობრივ ადამიანებზე არის, ასე რომ, გავუფრთხილდეთ მოხუცებს.

ჩართვის დასასრულს რესპონდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ვარაუდი, რაზეც წამყვანმა უპასუხა:

“საინტერესოა, აუცილებლად დავიმახსოვრებთ ამ რიცხვებს, თუ გამართლდება შენი პროგნოზი.”

ზვიად ქორიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ვარაუდების და დაუდასტურებელი ინფორმაციების ტირაჟირებამ შეიძლება გამოიწვიოს. იგი მიიჩნევს, რომ რთულ სიტუაციებში მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია და ის მხოლოდ ინფორმაციის გამტარი არ უნდა იყოს.

“შეიძლება, მაგალითად, ასეთმა მოსაზრებებმა გამოიწვიოს ინერტული დამოკიდებულებები იმ დათქმების მიმართ, რომელსაც მთავრობა სთავაზობს საზოგადოებას. ან დავუშვათ, გააჩინოს უფრო მეტი ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რაც ასევე მძიმეა კრიტიკულ ვითარებაში. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელზეც, რა თქმა უნდა, მედია უნდა ფიქრობდეს და მედია არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამტარი. როდესაც არის კრიტიკული ვითარება, სულერთია, ეს არის ეპიდემია, პანდემია, საომარი ვითარება თუ სხვა ტიპის საგანგებო ვითარებები, არ შეიძლება მედია მოქმედებდეს არარაციონალურად”, - ამბობს ზვიად ქორიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

ჟურნალისტის მოვალეობა, მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსგავს კრიზისულ სიტუაციებშია. კორონავირუსის პანდემია მსოფლიო მედიისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. “მედიაჩეკერს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული იმ რეკომენდაციებზე, რომლების გათვალისწინებაც კორონავირუსის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს მართებთ. რეკომენდაციებში ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და საკითხის კვალიფიციურ გაშუქების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. კვალიფიციური გაშუქებისთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ჟურნალისტებმა სიფრთხილით შეარჩიონ რესპონდენტები და წინასწარ გაითვალისწინონ მათი შეხედულებები.

გარდა ამისა, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეს თემა მედიის დღის წესრიგშ ერთ-ერთი წამყვანი გახდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ ეს თემა მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს.