აქციაზე დგომა არ ნიშნავს ჩვენს პროფესიულ მოვალეობაზე უარის თქმას - დიანა ტრაპაიძე
22.07.2021
  • "5 ივლისი არის ყველა თარიღზე მძიმე, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონია."
  • "ჩემთვის ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ხელისუფლების უმოქმედობას ვუყურებდი."
  • "აგრესიული რიტორიკით ხელისუფლება აჩვენებს, რომ მოძალადე ჯგუფების მოკავშირეები არიან."
  • "მინდა, რომ ეს მძიმე პერიოდი პროფესიულად სწორად გადავიტანოთ."
დღეს საქართველოში ჟურნალისტების დიდი ნაწილი პროტესტის რეჟიმში მუშაობს. 11 ივლისს ტელეწამყვანები ხალხს სტუდიების ნაცვლად, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის სცენიდან, პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმართავდნენ. „ტვ პირველის“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე გვესაუბრება ჟურნალისტების საპროტესტო რეჟიმზე და იმაზე, თუ როგორ აპირებს მედია მუშაობის გაგრძელებას.

რა შეცვალა 5-მა ივლისმა თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის?

ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. პირველსავე წუთებში გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც სახელმწიფო გადატრიალების მსგავსს ვადევნებდით თვალს. რამდენიმე დღის შემდეგ, ორმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ეს იყო [სახელმწიფოს მხრიდან] გამაოგნებელი უმოქმედობა და მართლაც, ჩემთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე დიდი შოკი ის იყო, რომ ხელისუფლების უმოქმედობას ვუყურებდი.

ჩემი მუდმივი პერსონალური შიში იყო ის, რომ არასდროს დამერღვია პროფესიული წონასწორობა. იმ დღეებში კი ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობდი. ეს იყო მთავარი ცვლილება, ჩემში რაც დავინახე. მომეხსნა მუდმივი შიში, რომ რაღაც ჟურნალისტური წონასწორობა არ დამრღვეოდა.

2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდით. რით არის უფრო მძიმე 5 ივლისი?

5 ივლისი არის ყველა თარიღზე მძიმე, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონია. 7 ნოემბერი, 26 მაისი, 20 ივნისი... - ამ თარიღებზე მძიმეა. იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფოს ვხედავდით, როგორც ლეგიტიმური ძალის მქონეს, რომელიც ძალადობდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ ბრბოს ძალადობა და სახელმწიფოს უმოქმედობა. სახელმწიფო უყურებდა, თუ როგორ მოვიდა სისრულეში მის მიერვე წაქეზებული, წახალისებული ამბავი.

5 ივლისი - ეს იყო დღე მთელი მედიის წინააღმდეგ. ამ დღეს გალახეს ეს პროფესია და თან სურთ, რომ ხელები დაიბანონ. ამ ტიპის ფლიდობასთან გვაქვს საქმე. კოლეგები იხსენებენ, რომ გვეგონა ვერ გადავრჩებოდით, რადგან არავინ იყო ჩვენი დამცველიო. 7 ნოემბერს მეც მქონდა ეს განცდა, რომ ცოცხალი ვერ გავიდოდი სტუდიიდან, როდესაც ავტომატიანები შემოვარდნენ ტელევიზიაში. მაშინ ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ძალადობა და ახლა კი ხელისუფლების წაქეზება და უმოქმედობა.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ამ დღის მერე მედიაგარემო საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით?

ვერ ვიტყვი, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში ოდესმე შეეძლო განსაკუთრებულად უსაფრთხოდ ეგრძნო თავი. მით უმეტეს, როცა ჟურნალისტი კრიტიკულია. ბოლო რამდენიმე წელია სტუდიაში ვმუშაობ, ეს კი განსაკუთრებულ საფრთხესთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ ყველა ვხედავთ, რა გამოწვევები აქვთ ველზე მომუშავე ჟურნალისტებს, როდესაც არიან აგრესიის, ძალადობის, უპასუხობის, შეურაცხყოფის მსხვერპლნი.

ამ დღეებში, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ამბობდა, ომის დროსაც კი პრესის ნიშანი გვიცავსო; დღეს კი ისე ხდება, რომ პრესის ნიშანი საფრთხეა - აგრესიის მსხვერპლი ხდები მხოლოდ იმის გამო, რომ მედიას წარმოადგენ.

5 ივლისს ეთერში თქვით, რომ რაც მოხდა საპატრიარქოს და ხელისუფლების სინდისზეა. თქვით, რომ ამ დღეს მათ “აუნაზღაურებლად დააზიანეს ქვეყანა და მისი მომავალი”. რატომ ფიქრობთ ასე?

ცოტა უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ აქციაზეც გამოვდიოდი და ვამბობდი - აქ იმიტომ ვარ, რომ ნორმალური ქვეყანა მინდა-მეთქი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის და რწმენის სახელით არ უნდა ძალადობდნენ ადამიანებზე, უმცირესობების უფლებები დაცული უნდა იყოს. ძალიან მინიმალური სტანდარტითაც რომ მივუდგეთ, ხელისუფალი, რომელიც არ და ვერ იცავს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, თავად უნდა გრძნობდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სულ რომ ერთი კაციც არ იდგეს ქუჩაში და ერთ ადამიანსაც უჩნდებოდეს პროტესტი. წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფალი, რომელიც მოქალაქეების წინაშეა ვალდებული, ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას.

დღეს ჟურნალისტები აქციაზე დგახართ. 11 ივლისს პარლამენტის წინ, მიკროფონთან ამბობდით, “როგორ მოახერხეთ, რომ სცენაზე ვდგავარ და ვამბობ, მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი?!“ როგორია, როდესაც ჟურნალისტს აქციის ტრიბუნიდან უხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება?

ეს ჩვენთვის ნამდვილად არ არის კომფორტული სიტუაცია. ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო, რომ აქციაზე სიტყვით გამოვსულიყავი. მაგრამ, მიმაჩნდა, რომ 5 ივლისი ისეთი წყალგამყოფი დღე იყო, რომ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს და მერე როგორც ჟურნალისტებს, რომლებიც დიდი ხანია ამ ქვეყნის „აღმწერები“ ვართ, ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა დაგვეფიქსირებინა ამ პროცესებთან დაკავშირებით.

ეს არ ნიშნავს ჩვენს პროფესიულ მოვალეობაზე უარის თქმას. მე მუშაობას ვაგრძელებ და ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევაა, რომელიც უნდა გავიაროთ სწორად. ისე, რომ არ ავცდეთ ჩვენს მთავარ საქმეს.

ძალიან ბევრს ვფიქრობ, ბევრს ვღელავ და მინდა, რომ ეს მძიმე პერიოდი პროფესიულად სწორად გადავიტანოთ.

ჩვეულ ამპლუაში აღარ ხართ, ფიქრობთ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა და სხვა გამოსავალი არ დაგიტოვათ მთავრობამ?

ფოტოგრაფების საქმე მახსენდება [2011 წელს ოთხი ფოტოჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს]. მაშინ 8-10 ადამიანი ვიდექით ხოლმე აქციაზე, დღეს კი ბევრად მეტნი ვართ. ნამდვილად, ისეთი უჩვეულოა, როდესაც პროტესტის ავანგარდში ვხედავ ჩემს კოლეგებს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, პირველ რიგში, ჟურნალისტებს შეეხო ეს დღე. დავინახეთ, რომ ეს იყო ანგარიშსწორება, ორგანიზებული შეტევა მედიაზე.

ხელისუფლების განცხადებებით მივედით აქამდე - “რიტორიკა გადააწყვეთ, თქვენ ხართ ზონდერები, ნაციონალებიო”, რომ გვეძახდნენ. გახსოვთ, ალბათ, ირაკლი კობახიძე ნინო ჟიჟილაშვილს როგორ ეუბნებოდა პირდაპირ ეთერში „ნაციონალი ხარო“. ან როგორ მიყვიროდა მიშა ყაველაშვილი ეთერში - აი, სწორედ ასე, ნელ-ნელა მივედით 5 ივლისამდე.

როგორ აფასებთ ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას, არ დაელაპარაკონ აქციებში მონაწილე მედიების ჟურნალისტებს?

ისედაც არ დადიოდნენ ჩვენს ეთერებში, ისედაც აგდებით და ამრეზით პასუხობდნენ ჩვენს კითხვებს, ისედაც უფსკრული გააჩინეს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ეს არის მათი მეთოდი.

ხშირად გეუბნებოდნენ, პოლიტიკური მხარე ხართო. მართლა არ მესმის, როგორ ამბობენ ამას. ამ პროფესიის არსი არის ხელისუფლების მხილება. მთელი ცხოვრებაა კრიტიკულ ტელევიზიებში ვმუშაობ. რა პოლიტიკური ინტერესი უნდა მქონდეს მე, თუ არა ნორმალურ ქვეყანაში და პასუხისმგებლიანი, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში ცხოვრება. წარმოუდგენელია მათი მცდელობები, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკურ ბანაკში ჩაგვწერონ.

რატომღაც, კიდევ მეგონა, რომ 5 ივლისის შემდეგ დარცხვენილები იქნებოდნენ ჟურნალისტების წინაშე და ექნებოდათ ბოდიშის და თანაგრძნობის განცდა, რომ ვერ დაიცვეს. შემდეგმა დღეებმა არ აჩვენა არც სინანულის და არც პასუხისმგებლობის განცდა. შოკი მივიღე, რომ იმ დღიდანვე ვისმენდი მათ შემტევ და აგრესიულ განცხადებებს. ასეთი რიტორიკით ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ იმ მოძალადე ჯგუფების მოკავშირეები არიან. ვხედავთ, როგორ მიდის სამართლებრივი პროცესიც: 2 კვირაზე მეტია გასული და მხოლოდ 26 პირია დაკავებული - მათ შორის არცერთი ორგანიზატორი.

ფიქრობთ, რომ ეს პროტესტი შედეგს გამოიტანს?

ფოტოგრაფების საქმე გავიხსენე და მაშინ არაფერი მოასწავებდა, რომ რეაგირება იქნებოდა, მაგრამ ჩვენ დაჟინებით, ყოველ დღე ვიდექით აქციებზე.

ის, რომ ახლა რეაგირებას ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ პროტესტი აღარ გვქონდეს. არ ნიშნავს, რომ ორგანიზატორების დასჯას აღარ ვითხოვდეთ.

ხელისუფლების ვალია პრევენციაც, აღკვეთაც და შემდეგ რეაგირებაც და ჩვენ არცერთ ნაწილში არ გვინახავს არც ერთი ეფექტური ნაბიჯი. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, მე არ ვამბობ “ქართული ოცნება” უნდა წავიდეს-მეთქი, იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამას წყვეტს ამომრჩეველი. მე, როგორც ჟურნალისტი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ვალდებულების მიუხედავად თავისი მოქალაქეები ვერ დაიცვა, ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ გააგრძელებს მედია მუშაობას, თუ აქციის მოთხოვნები არ შესრულდა?

მგონია, რომ დღეს ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთი უმთავრესია. თუნდაც ამ შექმნილმა საფრთხემ აჩვენა, რომ ამ პროფესიაში ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ რაღაც ბრძოლის ნაწილი ხარ.

ამ ქვეყანაში ისეთი მთავრობის წევრები გვყავს, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ თავიანთ პერსონალურ, პირად ბედს, სხვა უწყვეტთ როდის წავიდნენ და მოვიდნენ და ამ ტიპის პოლიტიკოსები ვერც ქვეყნის ბედს გადაწყვეტენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას სხვა არჩევანი აქვს და ეს პროცესი ასე არ დასრულდება. ოპტიმისტურ განწყობას ვინარჩუნებ ამ მძიმე პერიოდშიც კი.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ