კითხვები, რომელსაც მამუკა მდინარაძემ უნდა უპასუხოს. ტყუილები, რომელშიც დამოუკიდებელმა მედიამ "ქართული ოცნება" უნდა ამხილოს
04.04.2024


3 აპრილს, დილის 11 საათზე მამუკა მდინარაძის კიდევ ერთი ბრიფინგი დაიწყო, რომელმაც 2 აპრილს, გვიან ღამით მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შედეგები გაგვაცნო. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება მიიღო ხელმეორედ, თითქმის ერთი წლის თავზე, კვლავ დააინიციროს რუსული კანონი, სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“. პარლამენტში კანონპროექტი უცვლელი სახით დაბრუნდა. მდინარაძე ბრიფინგზე ხშირად იმეორებდა სიტყვებს „მდიდარი ენჯეოები“ და დაუფარავად აცხადებდა, რომ ამ ქვეყენაში (როგორც ჩანს ქვეყანაში "ქართული ოცნება" მოიაზრება) პრობლემას სწორედ ეს არასამთავრობო სექტორი და გარედან დაფინანსებული მედიები წარმოადგენს.

"ქართული ოცნების"აღმასრულებელი მდივანი რუსული კანონის მიღების აუცილებლობას რამდენიმე „არგუმენტით“ ხსნის და წინა წლების გამოცდილებით ასაბუთებს. 2020 წლის არჩევნების დროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები და მოვლენები, რომელიც მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოჰყვა. 2021 წელი, რომელშიც ალბათ, 5 ივლისს განვითარებული პროცესები იგულისხმა. მდინარაძემ გაიხსენა 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით ხალხში გამოწვეული უკმაყოფილება და ქუჩის მანიფესტაციებიც. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული კამპანია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, მისი განცხადებით, კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ მათ არსებობას პრობლემები შევუქმნათ. ცხადია, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ე.წ. ლგბტ პროპაგანდა კიდევ ერთი პრეტენზიაა. ამას თან მოსდევს „ქართული ოცნების“ მიერ „გახსნილი“ საქმეები: „დროას“, „ფრანკლინის კლუბისა“ და „კანვასის ტრეინინგების“ შესახებ, რომელიც მდინარაძის თქმით, პოლარიზაციის გაღვივებას უწყობს ხელს. უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თხოვნით „დემოკრატიის ევროპულ ფონდსა“ (EED) და „დემოკრატიის ნაციონალურ ფონდსაც“ (NED) მიმართეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

ერთი სიტყვით, ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლის მეშვეობითაც"ქართული ოცნება" ცდილობს, რუსული კანონპროექტის დაბრუნების აუცილებლობა ახსნას. მამუკა მდინარაძე მედიას შეჰპირდა, რომ კანონპროექტს კენჭს დაჩქარებული წესით არ უყრიან და დებატებში მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. სიტყვაზე არ უნდა ვედნოთ, რადგან მამუკა მდინარაძე და "ქართული ოცნება" მთელი ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ რუსულ კანონსაც აღარ დაუბრუნდებოდნენ. მდინარაძემ ღიად განაცხადა, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ მათი მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაა. სწორედ აქედან მინდა, დავიწყო საუბარი. რომ დიახ, უკვე აშკარაა, ამ ქვეყნის ბედი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადაწყდება. "ქართული ოცნება" ცდილობს მეოთხე ვადით მოიპოვოს ძალაუფლება, თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისე როგორც 2012 წელს იყო. ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს მხოლოდ ორი, ამ დროისათვის მარტოდ დარჩენილი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია უშლის. ორივე მათგანი სწორედ საერთაშორისო დონორებისგან ფინანსდება, ამიტომაც მათი ინტერესი სწორედ ამ დონორებისთვის იმგვარი პრობლემების შექმნაა, რომელიც მათ იძულებულს გახდის გავიდნენ ქვეყნიდან, ისე როგორც გავიდნენ რუსეთიდან.

მე მაქვს კითხვები და იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე ვერასდროს მოვხვდები და არც ის დამთანხმდება ინტერვიუზე, სულ რამდენიმეს აქ დავწერ. ვფიქრობ, ეს ნათლად გამოაჩენს იმ დიდი აბსურდის ერთ პატარა ნაწილს, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერი ავრცელებს.

- 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები ემუქრებოდნენ ქვიარ თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენელებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ამ თავდასხმას 40-მდე ჟურნალისტის ფიზიკური დაზიანება და ერთი მათგანის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა. რაში მდგომარეობს დონორების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალეულობა? მხოლოდ პრაიდ ფესტივალის ჩატარების სურვილში, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროში ტარდება, გარდა რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ავტორიტარული თუ ტოტალიტარული სახელმწიფოებისა? რატომ არ დააკავეთ ამ ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორები და რატომ არ აღკვეთეთ ეს დანაშაული ისე, როგორც ეს 2022 წლის 2 ივლისს?

- კონკრეტულად „დროას“, „ფრანკლინის კლუბისა“ და „კანვასის ტრეინინგების“ რა საქმეები გახსენით? სად არის მტკიცებულებები? რატომ ისმის მხოლოდ ზოგადი ბრალდებები? თუკი მტკიცებულებები არსებობს, რატომ არ ასაჯაროვებთ? კადრები, რომელიც გაავრცელეთ არაფერს ამტკიცებს. მსგავსი ტრეინინგები ყოველთვის ტარდება და "ფრანკლინის კლუბის" მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრებიც ბევრია.

- კონკრეტულად რის გამჭვირვალობას ითხოვდით და ვერ მიიღეთ? უფრო ზუსტად, რა გაინტერესებთ და არ იცით? რატომ ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს, რომ რომელიმე დაფინანსების შესახებ ინფორმაცია დამალულია?

- თქვენ არასამთავრობო სექტორს ბრალს სდებთ ე.წ. ლგბტქ პროპაგანდაში. გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა? კონკრეტულად რაში გამოიხატება? სად ვლინდება? ვისზე მოახდინა გავლენა? როდის? როგორ? როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა სექსუალური იდენტობა პროპაგანდის საშუალებით შეიცვალოს? როგორ აპირებთ, რომ საუბარი და ინფორმაცია განსხვავებული სექსუალური იდენტობების შესახებ დაარეგულიროთ და შეზღუდოთ ინტერნეტ სივრცეში, რომლის მომხმარებელიც ახალგაზრდა თაობაა. ის თაობა, რომელზე ზრუნვითაც თქვენ იძულებული ხართ, მიიღოთ კიდევ ერთი პუტინის რუსეთის კანონი?!

- და ბოლოს, ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება, სწორედ იმიტომ რომ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებას მეტი ლეგიტიმაცია ჰქონოდა. „მთავარმა არხმა“ მიიღო საერთაშორისო გრანტი იმისათვის, რომ დამოუკიდებლად არსებობა გააგრძელოს. ყველამ კარგად იცის, რომ არსებობს ორი ტიპის გრანტი - თემატური და ორგანიზაციის გასაძლიერებლად გაცემული დახმარება. მედია მისი ინტერესების მიხედვით ითხოვს დაფინანსებას. ნებისმიერი გრანტი საბოლოო ჯამში დემოკრატიული პრინციპების განვითარების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული. რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ეს დაფინანსება ჰომოფობიური პროპაგანდის ქვეშ მოაქციოს? რა მტკიცებულებები გაქვთ, რომ ეს გრანტი თემატურად იყო გაცემული?

ეს მხოლოდ ის რამდენიმე კითხვაა, რომელიც ჩემს საქმესა და ინტერესის სფეროს ეხება, მაგრამ კითხვები ძალიან ბევრია. კითხვები, რომელიც ყველგან უნდა ისმოდეს. ახლა საქმე მედიასა და იმ კონკრეტულ ჟურნალისტებზეა, რომელთაც საშუალება მიეცემათ კითხვები მამუკა მდინარაძეს და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს დაუსვან და გამოააშკარავონ მათი ტყუილები, მათი მიზანმიმართული პროპაგანდა, მანიპულაცია, რომლის მიზანიც ერთადერთია - ქვეყნის სათავეში მეოთხედ მოსვლა და თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ