ონლაინ მედიის ჟურნალისტები მესამე დღეა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებს ვერ
ესწრებიან.მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებული უსაფრთხოების
ყვითელი დონეა. შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ ეხებათ.ონლაინ მედიის
წარმომადგენლები მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას
დისკრიმინაციად აფასებენ:
„პარლამენტის მიერ ჩვენს მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დევნა ხდება ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ კანონპროექტი უპირველესად გვეხება ჩვენ და განკუთვნილია ჩვენს გასანადგურებლად. სწორედ ჩვენ, ონლაინმედიებმა ვუწოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“, კრიტიკულად ვაშუქებთ მას და საზოგადოებას ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი“.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებით
სახალხო დამცველს გუშინ მიმართეს.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა
საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია
საღამოს, 19:00 საათზეც.
რუსული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონად ქცევამდე ის კიდევ 2 პლენარულ სხდომაზე უნდა მოისმინონ.
2024 წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე - ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ, სათანადო მოპასუხედ ჟურნალისტიც ცნო.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.
კოალიციისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სასამართლოებმა არაერთ მსგავს საქმეზე კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს.
კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, იხელმძღვანელონ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით და გაითვალისწინონ კანონში არსებული ჩანაწერი ჟურნალისტების არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით.
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა
შალელაშვილის ცოლის ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნანა ლეჟავა
იქნება. მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრმა
ლეჟავას განცხადება უკვე მიიღო.
ახალი ტელევიზია „ტვ 24“-ის ბაზაზე საცდელ მაუწყებლობას აპრილის ბოლოს
დაიწყებს.
შოთა შალელაშვილის მეუღლის, ირა ფიჩხაძის კომპანია შპს „ნომი
ინვესთმენთსა“ და ტელე-რადიოკომპანია „ტვ 24“-ის მფლობელ ვიქტორ
მეძმარიაშვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 29
იანვარს გაფორმდა. ფიჩხაძემ "ტვ 24" 50 000 აშშ დოლარად იყიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ დრომდე ტელევიზიის
დირექტორიც ირა ფიჩხაძე იყო. ახალი გენერალური დირექტორი, ნანა ლეჟავა
კი „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს
უძღვებოდა.
შოთა შალელაშვილი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული
ოცნების" დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით გახდა. მან
პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები
საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობას გეგმავს.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების მიღების ბარათი:
https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=7c9JthgWNnAMXazKP2jf0K0hSzsFra5G5SVu2PhxnCO[L[9KO0S]5LknDWrYtl50