საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და
დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით,
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საარჩევნო თემატურ
მედიამონიტორინგს
იწყებს.
მედიამონიტორინგისთვის შემდეგი 10 ტელევიზია:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი,
მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, palitra news და
კავკასია და 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge,
radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge,
sputnik-georgia.com, publika.ge და news.on.ge შეირჩა.
"სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების
შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში
პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს,
ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ
ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც
ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ
რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს
საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის
მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები
შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი,
მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული
ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული
გაშუქება. ქარტია დააკვირდება, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება
მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის
აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია
ყურადღებას მივაქცევს იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის
მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას",-
ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
ინფორმაცია
ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის
პროექტების შესახებ და შესაბამისი ანგარიშები ხელმისაწვდომია
ვებგვერდზე: მედიამონიტორინგი
(qartia.ge)
აზერბაიჯანში OC Media-ს კიდევ ერთი კონტრიბუტორი და აქტივისტი, სამად
შიხი დააკავეს. გამოცემის
ინფორმაციით, ის ბაქოს აეროპორტში სწორედ
მაშინ დააკავეს, როდესაც თბილისში გამგზავრებას ცდილობდა.
სამად შიხის დაკავებისა და ბრალდების შესახებ
აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ
გაუვრცელებია.
OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, მარიამ
ნიკურაძის თქმით, ისიც კი უცნობია, თუ სად ჰყავთ
დაკავებული.
„სამწუხაროდ, არაფერი ვიცით ბევრი, ისიც არ
იციან, სად ჰყავთ. ალბათ, სასამართლო რომ ჩაინიშნება, მეტი
გვეცოდინება“, - განაცხადა ნიკურაძემ.
22 აგვისტოს აზერბაიჯანში OC media-ს კიდევ ერთი
კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ სამადოვიც
დააკავეს.
სამადოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებითაა დაკავებული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12-20 წლით თავისუფლების აღკვეთა
ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
როგორც OC Media-ს რედაქტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანში
ჟურნალისტებს რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. დაკავებების სერია კი,
გასული წლის ნოებერ-დეკემბერში დაიყო, როდესაც abzas media-ში
შევიდნენ და 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, მიმდინარე წლის
დასაწყისში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი
რამდენიმე ჟურნალისტი.
მარიამ ნიკურაძე ამ ამბების გაგრძელებად მიიჩნევს
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან საგიგოვისა და
აზერბაიჯანში, ბაჰრუზ სამადოვის დაკავების საქმეებსაც.
„აზერბაიჯანშიც საპარლამენტო არჩევნები მოდის.
ჯერ ისედაც ვინც იყო დაჩენილი კრიტიკული ჟურნალისტი, ძლივს ახერხებდა
აზერბაიჯანიდან მუშაობას და უკვე თითქმის, აღარავინ დარჩა. ძალიან
რთული სიტუაციაა და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ნამდვილად,“ -
აღნიშნა მან.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი
შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი
აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო
სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო
სასამართლომაც.
აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ
„მედიაჩეკერის“ მასალებში:
OC media-ს კონტრიბუტორი და ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი, ბაჰრუზ
სამადოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა
სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს, რომელიც „სომხებთან
მიმოწერას“ უკავშირდება. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს“ ჟურნალისტის
ბებიამ განუცხადა.
ზიბეიდი ოსმანოვას თქმით, მისი შვილიშვილი 21 აგვისტოს,
დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს, როდესაც მეგობრებთან ერთად
სანაპიროზე წავიდა.
აღნიშნული ინტერვიუდან ირკვევა, რომ მოგვიანებით
ჟურნალისტის ბებიას მისთვის უცნობმა ადვოკატმა დაურეკა და უთხრა, რომ
ბაჰრუზი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი, ვინაიდან აღმოჩენილია მისი
„მიმოწერა სომხებთან“, რომელთა შეკვეთითაც თარგმნიდა და წერდა
სტატიებს.
როგორც ირკვევა, ბაჰრუზ სამადოვი მომავალი პოლიტოლოგია,
რომელიც კვლევების ფარგლებში სწავლობდა სომხეთ-აზერბაიჯანის
კონფლიქტსაც. ის ალიევის ხელისუფლების კრიტიკოსი და ასევე,
სომხეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის მხარდამჭერია.
სამადოვის კოლეგები
ვარაუდობენ, რომ მისი დაკავება საერთაშორისო
მედიებში ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ სტატიებს უკავშირდება.
OC Media-ს თანადამფუძნებლისა და რედაქტორის,
მარიამ ნიკურაძის
თქმით, ბაჰრუზ სამადოვი მწვავედ აკრიტიკებს
აზერბაიჯანის ხელისუფლების ავტორიტარიზმს, ქვეყნის მილიტარისტულ
რიტორიკასა და მიდგომებს და ეწინააღმდეგება სომხეთსა და აზერბაიჯანს
შორის კონფლიქტს. ასევე, ის ხშირად აქვეყნებს პუბლიკაციებს ქვეყნის
შიდა ამბებზე, მთავრობასა და პოლიტიკაზე.
ნიკურაძის შეფასებით, სადამოვის დაკავების მიზეზი
შეიძლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მისი მოსაზრებები
გამხდარიყო.
„ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ბაჰრუზის დაკავება
მისსავე მოსაზრებებს უკავშირდებოდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე,
რადგან ომის დროსაც კი, ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, რაც
აზერბაიჯანისთვის საკმაოდ საკამათო პოზიციაა.
მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ,
მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამობებნ, ბრალი ღალატში ედება… ეს
ალბათ, კონფლიქტთან დაკავშირებული მოსაზრების გამოა და არა პოლიტიკური
კრიტიკის გამო“.
როგორც OC Media-ს რედაქტორი აღნიშნავს, აზერბაიჯანში
ჟურნალისტებს რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა. დაკავებების სერია კი,
გასული წლის ნოებერ-დეკემბერში დაიყო, როდესაც abzas media-ში
შევიდნენ და 10-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, მიმდინარე წლის
დასაწყისში დააკავეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი
რამდენიმე ჟურნალისტი.
მარიამ ნიკურაძე ამ ამბების გაგრძელებად მიიჩნევს
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან საგიგოვისა და
აზერბაიჯანში, ბაჰრუზ სამადოვის დაკავების საქმეებსაც.
„აზერბაიჯანშიც საპარლამენტო არჩევნები მოდის.
ჯერ ისედაც ვინც იყო დაჩენილი კრიტიკული ჟურნალისტი, ძლივს ახერხებდა
აზერბაიჯანიდან მუშაობას და უკვე თითქმის, აღარავინ დარჩა. ძალიან
რთული სიტუაციაა და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ნამდვილად,“ -
აღნიშნა მან.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი
შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი
აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო
სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო
სასამართლომაც.
აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ
„მედიაჩეკერის“ მასალებში:
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ პოლიტიკური
გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მომავალ არჩევნებში
ხელშემწყობი და სხვა პარტიების არჩევის ხელშემშლელი ვიდეორგოლების
გამო წერილობით გააფრთხილა.
„ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის
შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა
აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ,
ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა
პენსიები, უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ანაბრების დაბრუნება და ა.შ.
ამასთან ერთად კი, გაკრიტიკებულია სხვა პარტიებისა თუ პოლიტიკური
ძალების საქმიანობა“, - ვკითხულობთ მარეგულირებლის
განცხადებაში.
აღნიშნული რეკლამები კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურ
რეკლამად შეაფასა და რადგან „ობიექტივი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა ის წერილობით
გააფრთხილა.
კომისიამ 15 აგვისტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად"
მოხსენიებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია
„მთავარი არხი“, პოლიტიკური რეკლამის
არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა
POSTV-ი.
პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის 9 აგვისტოს
დასანქცირდა „ალტ-ინფოც“.
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის
გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე
ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი
არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში
პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე
საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“
,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის
საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის
მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან,
წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე
რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს
გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო
კოდექსის
მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
„მედიაომბუდსმენის“
ანგარიშის თანახმად, 2023 და 2024 წლებში
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, საქართველოს
პარლამენტში მომუშავე 12 ჟურნალისტის, 4 ოპერატორისა და 1
ფოტოჟურნალისტის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის 19 შემთხვევა
გამოვლინდა.
როგორც ანგარიშიდან - „აკრედიტაციით და აკრედიტაციის
გარეშე მედიის სამუშაო პირობები საქართველოს პარლამენტის შენობაში
2023 და 2024 წელს“ ირკვევა, „მედიაომბუდსმენმა“ 15 ჟურნალისტის და
ოპერატორის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის საქალაქო
სასამართლოს, სახალხო დამცველს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,
თუმცა, ანგარიშის გასაჯაროების დროისთვის (20.08.2024) სახელმწიფოს
საპასუხო ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობაში,
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, შეზღუდვები და ხელოვნური
ბარიერები გამოყენებული იყო დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო
პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფების მიმართ.
სახდელის დაკისრების ინიციატორები იყვნენ მმართველი პარტიის, „ქართული
ოცნების“ დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის
აპარატი“.
მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის
შემთხვევებიდან 3 პარლამენტის შენობიდან გამოძევების ფაქტია, 3
პარლამენტის წევრის ეთიკური ნორმების სავარაუდო დარღვევა, ხოლო 12
აკრედიტაციის შეჩერება (აქედან 1 სახდელის განმეორებით
დაკისრება).
„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის
განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ 2023-2024
წლებში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად,
კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მუდმივი დევნა გრძელდება.
„საქართველოს პარლამეტის წარმომადგენლების
ჟურნალისტების დიდ ნაწილს სრულიად დაუსაბუთებლად ართმევენ
შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოდან გააშუქონ ქვეყნისთვის
მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება
აკრედიტაციის შეჩერების გზით, ზოგ შემთხვევაში კი - უსაფრთხოების
მიზეზით, დაშვებაზე უარის თქმით.
საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ
აქვთ უსაფრთხო სამუშაო გარემო:
მათ საერთოდ არ იცავენ ან
სათანადოდ არ იცავენ სასამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლები;
სპეციალური საგამოძიებო
სამსახური საერთოდ ან სათანადოთ არ იძიებს მათდამი განხორციელებულ
ძალადობრივ ქმედებებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ჟურნალისტურ
საქმიანობას;
სახალხო დამცველი
სათანადოდ არ რეაგირებს მათი უფლებების დარღვევების
ფაქტებზე“ - აღნიშნა დიასამიძემ.
2023 და 2024 წლებში გამოკვეთილ სხვა ტენდენციებთან
დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ:
ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებისას
სამი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არ
შეისწავლა მედიის წარმომადგენლების შევიწროვების და მათი პარლამენტის
შენობიდან გამოძევების საკითხების კანონიერება. მიუხედავად არაერთი
მტკიცებულების და მიმართვისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს არ მიანიჭა
სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. Საქმეზე გამოძიება დასრულებული არ
არის;
განმეორებითი დარღვევის საფუძვლით
საქართველოს პარლამენტის აპარატმა უკანონო და არაპროპორციული სახდელი
გამოიყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის სოფიო გოზალიშვილის
მიმართ, როცა ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალა საქართველოს პარლამენტში
საქმიანობა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ
დრომდე არ განუხილავს 2023 წელს პარლამენტის წინააღმდეგ რეგლამენტის
გაუქმებასთან დაკავშირებული დავები.
„მედიაომბუდსმენის“ განმარტებით, საქართველოს
პარლამენტის აპარატის მიერ განვითარებული პრაქტიკა, რაც კრიტიკული
მედიასაშუალებების დასჯის ტენდენციად ჩამოყალიბდა, ყველაზე
თვალსაჩინოდ მიანიშნებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით
სარგებლობის მნიშვნელოვან კრიზისზე.
სამი ჟურნალისტის პარლამენტის შენობიდან გამოძევების საქმე
რეაგირების მიღმა
2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით
გააძევეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტორეპორტიორი ვახტანგ ქარელი,
ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია და ონლაინ
გამოცემა On.ge-ს რედაქტორი თამარ გეგიძე. სამივე მათგანი პარლამენტის
შენობიდან აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც
საგარეო და თავდაცის კომიტეტებში რუსული შინაარსის კანონპროექტის
მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.
„მედიაომბუდსმენმა“ საქართველოს პარლამენტს მომხდარი
ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო რეაგირების შესახებ
ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით სამჯერ (05.03.2023, 16.03.2023 და
24.04.2023) მიმართა. ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხი არ ჰქონია არც
ადმინისტრაციულ საჩივარზე. ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოსაც.
საპარლამენტო აკრედიტაციის შესახებ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავები
„ფორმულა“
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ
წარმოებაში მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ სარჩელი. ტელევიზია მისი
ჟურნალისტის, სოფიო გოზალიშვილისათვის საპარლამენტო აკრედიტაციის 6
თვით შეჩერებას ასაჩივრებს.
პარლამენტის აპარატის დასაბუთებით, სოფიო გოზალიშვილმა
2024 წლის 29 მაისს უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ
ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის
მცდელობა კვლავ გააგრძელა და ვიდეოჩაწერა არ შეწყვიტა.
„ფორმულამ“ სასამართლომდე საჩივრით საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა, კანონით დადგენილ ვადაში მან
წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით არ იმსჯელა.
სასამართლომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება არ შეაჩერა
და მიუთითა, რომ მისი შეჩერება სხვა პირის კანონიერ უფლებას ან
ინტერესს მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს. აღნიშნული განჩინების
გაუქმების მიზნით, ტელეკომპანიამ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო
სასამართლოს.
„TV პირველი და ნატალია ქაჯაია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“
„TV პირველი“ და მისი ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია 2023
წლის მაისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებენ
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც
აკრედიტაციის წესებს ადგენს და ამ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად
ცნობას მოითხოვენ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ
ჩანიშნულა. იდენტური შინაარსის მოთხოვნით ჟურნალისტები და ოპერატორები
საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ.
გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა
ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის
წესით გათვალისწინებული ნორმა - რესპონდენტის უარის მიუხედავად,
კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება საკონსტიტუციო
სასამართლოში
გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში
გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის
სასახლეში უსაფრთხოების დაცვის
წესიც“, რომელიც უსაფრთხოების მოტივით
ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად
განსახილველად მიიღო.
პარლამენტის ეთიკის საბჭოს
უმოქმედობა
როგორც „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში ვკითხულობთ, პარლამენტის
წევრების მხრიდან გამოვლენილი არაერთი დარღვევისა და საჭირო ეთიკის
კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის
საბჭოს შემადგენლობა და დღემდე არ ეკისრებათ კანონმდებლებს პოლიტიკური
პასუხისმგებლობა.
„ჟურნალისტების სამუშაო გარემო საქართველოს
პარლამენტში უფრო და უფრო მძიმდება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის
წევრები მმართველი პარტიიდან აგრძელებენ ჟურნალისტების შევიწროვებას
როგორც უხეში ქცევით, ისე საკანონმდებლო აქტების
გაუარესებით“.
კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების
წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით,
მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით
გზამკვლევი გამოაქვეყნა.
„გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო
ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის სწორად
წარმართვაში, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის წინასწარ განჭვრეტადი
იქნება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას კომუნიკაციების კომისიის
როგორც ხედვები, ისე კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევაში,
კომისიის მიდგომები,“ - ნათქვამია ComCom-ის
განცხადებაში.
დოკუმენტში მიმოხილულია მაუწყებლებისთვის განსაზღვრული
ვალდებულებები, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის მიმართ მოთხოვნები,
ასევე, მაუწყებლების ვალდებულებები ფასიან და უფასო პოლიტიკური
რეკლამის ეთერში განთავსებასთან, საზოგადოებრივი აზრის კვლევების
გამოქვეყნებასა და წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით, როგორც
შინაარსობრივი, ისე გავრცელებისთვის განსაზღვრული პერიოდის
კუთხით.
გზამკვლევში ასევე განხილულია მედიის მიერ საარჩევნო
საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისთვის
პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი ნორმები, მათ შორის
„მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის, საარჩევნო
კოდექსისა და კომუნიკაციების კომისიის მიერ
მიღებული დადგენილებების მიხედვით
15 აგვისტოს ComCom-მა ტელეკომპანია „მთავარი
არხი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ
კონტექსტში წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით
დააჯარიმა, ხოლო პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში
გავრცელებისთვის წერილობით გააფრთხილა POSTV-ი.
9 აგვისტოს კომისიამ პოლიტიკური რეკლამის
გავრცელებისთვის
დაასანქცირა .„ალტ-ინფო“.
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის
გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე
ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი
არხი“ გააფრთხილა ივლისშიც.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი
პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის
საკუთარ წიგნზე საუბარიც მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“,
„ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის
საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის
მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან,
წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე
რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს
გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო
კოდექსის
მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
დღეს, 16 აგვისტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიების „მთის ამბები /
საქართველოს ამბებისა“ და „სტუდია მონიტორის“ სახელით რუსული კანონის
წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი
შევიდა.
„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და მთავარი
რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, სარჩელი რუსული კანონის
საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის 3 მუხლს: დისკრიმინაცია,
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებას
შეეხება.
„სარჩელით რუსულ კანონს სადავოდ ვხდით საქართველოს
კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. ამასთან,
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვითხოვთ რუსული კანონის
მთელი რიგი მუხლების შეჩერებას.
სარჩელში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ
ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რასაც რუსული კანონი უქმნის გამომძიებელ
ჟურნალისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას,“ - წერს
მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, რუსული
კანონი გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის და იმ საზოგადოებრივი
ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, ვინც კრიტიკულ კონტენტს ქმნის
და ხელისუფლებისგან თავისუფალია.
„დიდი მოლოდინი არ გვაქვს. მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო
სასამართლო მაინც სისტემის ნაწილია. თუნდაც დავის მოგების შანსი
0.001% იყოს, არ გვაქვს უფლება არ გამოვიყენოთ. ამ კანონის უკან
იმხელა უფსკრულია არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი
საქართველოსთვის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ,“-
განაცხადა ზურიაშვილმა.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში
უკვე ოთხი სარჩელი შევიდა.
17 ივლისს საკონსტიტუციოს სამოქალაქო სექტორმა მიმართა. 120-ზე
მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია რუსული კანონის გაუქმებასა
და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის
არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით 18 ივლისს საკონსტიტუციო
სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელიც დარეგისტრირდა.
ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან პრეზიდენტს აქამდე საკონსტიტუციო
სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავს და ასევე, მოსამართლეებს აქამდე
არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე
მუხლის დარღვევაზე, რომლის მიხედვით,
კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა
და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგიანიზაციაში საქართველოს სრული
ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
ამავე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის
საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება და „სწორედ საკონსტიტუციო
სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი
ინსტიტუტის ფუნქციაში შედის არაკონსტიტუციურად ცნოს ყველა
ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის
78-ე მუხლს და საფრთხეს უქმნის და ხელს უშლის საქართველოს ევროპულ და
ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
29 ივლისს კი საკონსტიტუციო სასამართლოს 38-მა ოპოზიციონერმა
დეპუტატმა მიმართა.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის
მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის
ინტერესების გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ნეგატიურ კონტექსტში
წარმოჩენისა და „რუსულად" მოხსენიებისთვის 2500 ლარით
დააჯარიმა.
“„მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური
შინაარსის ვიდეორგოლებში, ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც
მოხსენიებულია საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველ
„რუსულ“ კანონად.
„აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ
პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ,
რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების
კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის
მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში,“ - განმარტავს
კომისია.
ვინაიდან „მთავარი არხი“ ანალოგიური დარღვევისთვის გასულ თვეში
კომისიამ წერილობითი გაფრთხილება, ახლა ComCom-მა მაუწყებელს კანონით
გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა დააკისრა და ვიდეორგოლის
სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა.
კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივის“ წარმომადგენლებმაც, რომლებმაც განმარტეს, რომ
ვიდეორგოლები კანონმდებლობით გათვალისწინებული
პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში არ ექცეოდა და ის სოციალურ
რეკლამას წარმოადგენდა.
„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
მედიებისათვის ცენზურის დაწესება „რუსული კანონის“ ხსენებისათვის,
არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი
გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ
კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი
მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
გარდა ამისა, ჩვენი აზრით, კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არის
მინიშნება იმისა, რომ კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნოდ
მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასა და რუსული კანონის ირგვლივ
არსებული კრიტიკის ჩახშობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი აქტორი
იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია ბოლო დროის განმავლობაში, წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით
აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაუწყებლების
წინააღმდეგ, რაც აშკარას ხდის კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ
სრულმასშტაბიან შეტევას ავტორიტარული ხელისუფლების კიდევ ერთი
ინსტიტუტის მხრიდან,“ - ნათქვამია GDI-ის
განცხადებაში.
საქმე „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებულ ორ ვიდეორგოლს
ეხება. პირველ რგოლში ნახსენებია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია
ნაკლებად პოპულარული იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში,
თუმცა, სამოქალაქო სექტორის კვლევით დამტკიცდა, რომ ეს ყველა რეგიონზე
არ ვრცელდება და სტერეოტიპების დარღვევას ეთნიკურად აზერბაიჯანული
მედია ებრძვის. ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია: „რამდენადაც მარტივია
მაგალითების პოვნა რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ
სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა რა
საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს „რუსული კანონის“
ამოქმედებით.“
მეორე ვიდეორგოლში კი, ნიაზ დიასამიძის სიმღერის ფონზე
ნაჩვენებია კადრები რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციებიდან,
რის შემდეგაც ჩანს ლოგო: „კი - ევროპას, არა- რუსულ კანონს“.
„მთავარი არხის“ განმარტებით, სადავო ვიდეორგოლები განთავსებული
იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის
მიზანიც იყო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით
კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება.
„მათი მოსაზრებით ვიდეორგოლები ვერ ჩაითვლება პოლიტიკურად
ვინაიდან მასში არაა ნაჩვენები/ნახსენები არც ერთი პოლიტიკური
პარტია. “მთავარი არხის” წარმომადგენლემა ყურადღება გაამახვილა
იმაზეც, რომ კანონი თავად მას, მაუწყებელსაც ეხება და შესაბამისად
მაუწყებელს სრული უფლება აქვს დააფიქსიროს საკუთარი სარედაქციო
პოზიცია/აზრი ამ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის მას უწოდოს
„რუსული“, ხოლო დაუშვებელია კომუნიკაციების კომისია ჩაერიოს
გამოხატვის შინაარსში“, - წერს GDI
კომუნიკაციების კომისიამ ივლისში "მთავარი არხი" რუსული
კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამოც
გააფრთხილა.
„მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსი აქტიურობა და
ცენზურის შემცველი გადაწყვეტილებები, მიზნად ისახავს სამაუწყებლო
სივრცეში კანონის “რუსულ კანონად” მოხსენიების ცენზურას, რათა
მედიასივრცეში გაქრეს რუსული კანონის ირგვლივ არსებული დისკუსია და
ზოგადად ხელისუფლების კრიტიკა, ამჯერად კომუნიკაციების კომისიის
გამოყენების გზით. აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო საფრთხისშემცველია
კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე,
როგორიც არის რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე
ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია,
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები
და სხვა", - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.
ComCom-მა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის
არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის 15 აგვისტოს წერილობით
გააფრთხილა POSTV-იც.
"„პოსტვ“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლები, სხვადასხვა
საწარმოებისა და მეწარმეების შესახებ, რომლებიც სახელმწიფო
პროგრამების დახმარებასა და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“
მიერ მეწარმეობის სფეროში წარმატებული პროექტების შესახებ საუბრობენ.
ამასთან, ვიდეორგოლებს მითითებული აქვს წარწერა: „ქართული ოცნების“
დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა“. ეთერში განთავსებული
პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების მიზანი არის არა მხოლოდ
მეწარმეებისა ან სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის
გავრცელება, არამედ პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ოცნების“ არჩევის
ხელშეწყობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე,“ - ვკითხულობთ
ComCom-ის განცხადებაში.
იმის გამო, რომ POSTV ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი
დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით
გააფრთხილა.
ივნისის თვეში ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ
რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარიც
მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“
და „კავკასია“ დაასანქცირა.
9 აგვისტოს კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის
დაასანქცირა
„ალტ-ინფოც“.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის საფუძველზე
მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის მონიტორინგს კომისია
წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან, წლის განმავლობაში
რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე რეიტინგული, TOP 10
ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს
გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო
კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის
დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წევრთა საერთო კრების
ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით,
ორგანიზაცია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს და „უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ
დარეგისტრირდება.
ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული,
სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან და
ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას,
თანასწორი მოპყრობის უფლებას და საქართველოს კონსტიტუციითა და
ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით გარანტირებულ სხვა
ფუნდამენტურ უფლებებს.
„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს
ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს
საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს
საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო
წესრიგსა და მშვიდობას.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად
აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური
სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით
მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს
ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.
რეგისტრაცია „უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დამაზიანებელი და შეუთავსებელია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და
პრინციპებთან“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული
კანონი
საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონი გრანტის მიმღებ
ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების
გამტარებლის“ სტატუსს ანიჭებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება კი "უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრის წარმოების,
საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების
შესახებ საქართველოს საკანონდებლო მაცნეზე პირველ აგვისტოს
გამოქვეყნდა.
ორგანიზაციებს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 1
სექტემბერს ეწურებათ. შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს
დაიწყებს, აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხო ძალის ინტერესების
გამტარებელს" 25 000 ლარით დააჯარიმებს და მისი ნების მიუხედავად
დაარეგისტრირებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე გიორგი მიროტაძემ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობის საჩივარი დაუშვებლად ცნო და
საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის თანახმადაც აფგან
სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი პატიმრობა აქვს
შეფარდებული, უცვლელი დატოვა.
„მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის
უკანონო და დაუსაბუთებელი. საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ
გაითვალისწინა ახალი გარემოება, კერძოდ სადიგოვმა საქართველოში
საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის
პროცესს,“ - ნათქვამია „უფლებები საქართველოს“
განცხადებაში.
სადიგოვის ადვოკატის, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის,
დიმიტრი ნოზაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება
შეუძლებელია და ჯერი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის
დეპარტამენტზეა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მედიაჩეკერი“ სადიგოვის მეუღლეს, სევინჩ
სადიგოვასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწერა და ჟურნალისტის
საექსტრადიციო პატიმრობის საჩივარი დაუშვებლად ცნო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციში 8 აგვისტოს
გასაჩივრდა. ორგანიზაციის ადვოკატებმა პატიმრობის განჩინების გაუქმება
მოითხოვეს და სასამართლოს ალტერნატივის სახით 2000 ლარის ოდენობის
გირაო შესთავაზეს. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის
განცხადება საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ,
საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
თბილისში აერბაიჯანელი ჟურნალისტი ექსტრადირების მიზნით 3
აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი აფგან სადიგოვს 3-თვიანი
საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ტრაგედია ისე, რომ ამბავიც სრულად მოყვეს
და არც ეთიკური პრინციპები დაარღვიოს, ამაზე არაერთი სახელმძღვანელო
წესი არსებობს. არაერთი მასალა დაწერილა იმაზეც, მათ შორის
"მედიაჩეკერზეც", როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ტრაგიკული
ამბების გაშუქებისას.
თუმცა, საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ პრინციპებს შორის ბალანსი
ქართულმა მედიამ ვერ დაიცვა ზუგდიდში, ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით
გაჩენილი ხანძარის შედეგად ბავშვების დაღუპვის ამბის გაშუქების
დროსაც.
ამბავი მოკლედ: ოჯახი, რომლის ორი წევრიც - ექვსი წლის ტყუპები
ხანძარს ემსხვერპლა, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. დაღუპულები
და-ძმასა და დედასთან ერთად დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.
მეზობლების თქმით, 5-წევრიან ოჯახს დავალიანების გამო ელექტროენერგია
გათიშული ჰქონდა და, სავარაუდოდ, სანთლის გამოყენების მიზეზით
გაჩენილი ხანძრის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. უფროსმა
და-ძმამ ბინიდან დროულად გამოსვლა შეძლო, ადგილზე მისულ მაშველებს კი
ტყუპები გარდაცვლილები დახვდათ. მეზობლების თქმითვე, რადგან დედას
ოჯახის სარჩენად ფიზიკური შრომა უწევდა, ბავშვები მარტო ხშირად
რჩებოდნენ. მომხდარს განცხადებითგამოეხმაურა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც.
ზუგდიდში, ბუკიას
ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი 12 აგვისტოს, ღამით გაჩნდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას
გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვია.
როგორ წესი, მედია მაყურებელსა თუ მკითხველს ინფორმირებული
გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასე
შეიძლება არ მოხდეს მაშინაც კი, როდესაც საქმე არასრულწლოვნების
გარდაცვალებას ეხება.
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით,
საერთო მაუწყებელი ვალდებულია, ახალი ამბებისა და
საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები საუკეთესო დროს განათავსოს და
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აუდიტორიის დროული
ინფორმირება უზრუნველყოს. კანონი საუკეთესო დროდ 19.00 სთ-დან 24.00
სთ-მდე პერიოდს განსაზღვრავს - "როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის
პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის
პიკურმა რაოდენობამ".
ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიას ტელეკომპანია "იმედმა" 13 აგვისტოს
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც 20:00 საათზე იწყება, დრო
საერთოდ არ დაუთმო. სამაგიეროდ, ამავე "ქრონიკის" ეთერში მოხვდა,
საბერძნეთში ტყის ხანძრებს მსხვერპლი რომ
მოჰყვა. ხანძრის შედეგად არასრულწლოვნების
გარდაცვალების ამბავი ვერ მოხვდა ტელეკომპანია POSTV-ის მთავარ,
19:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაშიც.
სამაგიეროდ, POSTV-ის ვებგვერდზე იძებნება 2 ამბავი: "ნინო
ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რადიკალების
გამოხმაურებებზე: “სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და თითო
ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ. ადამიანმა არ უნდა იკადრო
ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს
ადამიანობის არაფერი სცხიათ”
და "ნინო კვარაცხელია ზუგდიდის ტრაგედიის შესახებ: “მარტივია დააბრალო
მთავრობას, უბრალოდ, რომ ირაზმებით, ათას სისაძაგლეს იგონებთ, ან
ღმერთის არ გეშინიათ, ან საკუთარ სინდისთან ღამე მარტო დარჩენის?
გლოვაც რომ არ შეგიძლიათ, რამე წმინდა დარჩა თქვენთვის?”
"სამოქალაქო აქტივისტის", ნინო კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტი
გამოქვეყნებულია ტელეკომპანია "იმედის" ვებგვერდზეც.
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება"
წერს, პროსახელისუფლებო ექსპერტის, ნინო
ფოჩხუას პოსტი პროსახელისუფლებო მედიებიდან „იმედმაც“ გაავრცელა,
თუმცა, მოგვიანებით ეს სიახლე წაიშალა და ის ვებგვერდზე აღარ
იძებნება.
აღსანიშნავია, რომ ფოჩხუასა და კვარაცხელიას ფეისბუკ პოსტები
ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილი ტყუპების დედის დისკრედიტაციის
კამპანიის ნაწილად იქცა.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მეექვსე
სართულზე ხანძარი 12 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მისული
ჟურნალისტები მომხდარში გარკვევას იქ მყოფი ადამიანებისგან,
მეზობლებისგან ცდილობდნენ და ყველა საჭირო და არასაჭირო, ინფორმაციული
ღირებულების მქონე თუ ცნობისმოყვარეობის დამაკმაყოფილებელ კითხვას
სვამდნენ.
"როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი
მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის
რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი
ახლობლების "დევნის" პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც
შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,
გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა
და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას", -
ვკითხულობთ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ
მომზადებულ კრიმინალის გაშუქების
სახელმძღვანელოში.
"როდესაც ფაქტი ახალი
მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი
ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს
ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის
ქვეშ".
Palitravideo.ge-იმ გაავრცელა
ვიდეო - "რას ამბობს ზუგდიდში ტრაგიკულად
დაღუპული ბავშვების დედა?", რომელშიც ისმის ჟურნალისტების კითხვა -
"სად მუშაობ?" და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი დედის ფიცი, რომ
თხილზე სამუშაოდ იყო წასული. ამავე მედიასაშუალების მეორე
მასალაში -"მამობას ვუწევდი" - რას ამბობს
კაცი, ვისთან ერთადაც ტყუპი ბავშვი ხანძრის გაჩენამდე ცხოვრობდა", კი
ვხედავთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხისა" და "ფორმულას"
ჟურნალისტები ტრაგედიის ადგილზე მისულ მამაკაცს უკან მიჰყვებიან და
ეკითხებიან: "სად მუშაობდით შუაღამე? გვითხარით, სად მუშაობდით?",
"არასრულწლოვანი ბავშვები როგორ დატოვე", "თქვენ მამობილი ხართ თუ
მამა ხართ ამ ბავშვის".
"მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც
ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება
პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია
პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გადაღებასა და
მასალის გავრცელებაზე საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა", -
ვკითხულობთ "მაუწყებელთა ქცევის კოდექსში".
„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ გასაჭირში მყოფი
ადამიანების მიმართ ზეწოლის განორციელება იმისათვის, რომ მათ
პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა ან დათანხმდნენ
ინტერვიუზე."
მწუხარებისა და ტრაგიკული მოვლენების გაშუქებას ცალკე ქვეთავი
ეთმობა "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსშიც", სადაც
ვკითხულობთ, რომ "ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ბალანსი მწუხარებისა და
ტრაგიკული მოვლენებისადმი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის".
აღსანიშნავია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 13 აგვისტოს
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას 70 წამი 21:34 წუთზე დაეთმო და მასალაში
(გადაფარვა) აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე იყო.
გარდაცვლილების დედის ფიცისა და კადრების ჩვენებით დაიწყო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში
გასული სიუჟეტი - "ხანძარი ზუგდიდში".
მომხდარის კიდევ უფრო დრამატიზებას შეეცადა ტელეკომპანია
"მთავარი არხი", რომლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც 13 აგვისტოს
სწორედ ამ ამბის გაშუქებით დაიწყო: "უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში,
რომელიც თვითმხილველების თვალწინ განვითარდა", "შემზარავი ტრაგედია",
"საზარელი სურათი".
"კორპუსში, მე-6 სართულზე, ცეცხლმოკიდებული სახლის აივნიდან
სახლში მარტოდ დარჩენილი ბავშვები დახმარებას ითხოვდნენ, მათი
გადარჩენა ვერავინ შეძლო", - ჟურნალისტის ამ ფრაზას თან გარდაცვლილი
ტყუპების ფოტოც ახლავს.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" მსგავსად სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის საკითხზე გააკეთა აქცენტი ტელეკომპანია
"ფორმულამაც", რომლის მთავარი საინფორმაციო
გამოშვებაც ამ თემის გაშუქებით დაიწყო,
სიუჟეტი "ტრაგედია ზუგდიდში და პასუხისგაუცემელი შეკითხვები" კი -
გარდაცვლილი არასრულწლოვანი ძმების ფოტოების, სახელებისა და გვარის
დასახელებით. მასალაში ვხვდებით ტყუპების ვიდეოსაც.
როგორც "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მიერ
მედიისთვის შექმნილ ეთიკურად გაშუქების
სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, მძიმე
სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები ბავშვების დახმარების ერთადერთი გზა
ხშირ შემთხვევაში მედიაა. ამ თემაზე მასალის მომზადებისას კი:
ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის
მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის
სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას
სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე
მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება
ვერ მოახერხეს.
მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები
გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი,
სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად.
კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური
რეკლამის გავრცელებისთვის „ალტ-ინფო" წერილობით გააფრთხილა. მიმდინარე
წლის ივლისში მაუწყებლის ეთერით გასულ ვიდეორგოლში „ალტ-ინფოს“
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მათი
პოლიტიკური პარტიების უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად, არჩევნებში
მონაწილეობას მიიღებენ.
„ასევე, ის [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი]
გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ
„ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული
ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას
ემსახურება“, - განმარტავს კომისია.
ვინაიდან „ალტ-ინფო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
მსგავსი დარღვევისთვის დასანქცირებული არ ყოფილა, ComCom-მა ის
წერილობით გააფრთხილა.
„ალტ-ინფო“ ღიად კრემლისტური და ანტიდასავლური
სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. არხის წამყვანები ხშირად
ავრცელებენ დეზინფორმაციას. ტელეკომპანიის
შესახებ ვრცლად წაიკითხეთ mediameter-ზე.
კომუნიკაციების კომისიამ მანამდე, ივლისში,
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის
- რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში
გაშვების გამო "მთავარი არხი" გააფრთხილა.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში
პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე
საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“
,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს
გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო
კოდექსის
მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის
საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის
მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან,
წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე
რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.