ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებით, გუშინ პარლამენტთან, აქციის მიმდინარეობის დროს „ქრონიკის“ ჟურნალისტი დაშავდა.
ტელევიზიის ცნობით, სამართალდამცველებმა ლინა პოღოსოვა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოღოსოვა კლინიკიდან უკვე გამოწერეს.
„მიკროფონის დანახვისთანავე მათ დაიწყეს აგრესიული მომართვა და ძალადობრივი ქმედებები და გვაწვებოდნენ სპეციალურად და გვიყვიროდნენ, რომ ჩვენ ვართ მონები და რუსეთს ვემსახურებოდით, რა დროს ჩემმა ოპერატორმა გაწია კამერა იმისთვის, რომ მათი სახეები ეჩვენებინა. რა დროსაც მათ გვთხოვეს, რომ კამერა გაგვეწია და არ გადაგვეღო მათი სახეები. შემდგომ უკვე მე დავინახე პოლიტიკური ლიდერები და ვცდილობდი მათთან მისვლას, რა დროსაც ატყდა უფრო დიდი შემოძახილები და ვგრძნობდი, რომ სპეციალურად, მიზანმიმართულად ყელში მაწვებოდნენ იდაყვით და არ მიშვებდნენ, რომ მივსულიყავი ადგილამდე და ვინმე მაინც ჩამეწერა და გამეგო, რა ხდებოდა, იმიტო რო პირდაპირ ეთერში ვიყავით და ვგრძნობდი ასევე, ზეწოლას, გვერდებიდან მოჭერას და დამცინავ ტონს. პოლიციამ როდესაც პოლიციამ სკამზე დამსვა, მახსოვს ფაქტი, რომ წინ ჯებირი გამოარღვია ერთმა ადამიანმა და პოლიციას ეუბნებოდა, რო ვის იცავო, არ იციო, რას აშუქებსო. ანუ ის, რომ შეიძლება, გქონდეს განსაკუთრებული ან განსხვავებული აზრი, არის მათთვის მიუღებელი“, - ამბობს ჟურნალისტი „ქრონიკის“ ეთერში.
საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღე იმართება.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების ერთობლივი აქცია გუშინ, 28 აპრილსაც გაიმართა.
25 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან
პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითქმის,
2 საათი გაგრძელდა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების არაერთი კრიტიკული კითხვა მოისმინა.
მედიის წარმომადგენლებმა მწვავე შეფასებებიც გააკეთეს. ყველაზე
ხმაურიანი, გამოცემა “ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და
რედაქტორის ეთერ თურაძის გამოსვლა აღმოჩნდა.
პარლამენტის თავმჯდომარისა და რეგიონული მედიების შეხვედრაზე
ინფორმაცია მაყურებელმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 3, 6 და
9-საათიან საინფორმაციო გამოშვებებში ვერ მოისმია. „პირველი არხის“
ვებ პლატფორმაზე კი მხოლოდ შალვა პაპუაშვილის რამდენიმე, მათ შორის
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი პასუხი განთავსდა, რომელიც მან
„ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებელს, ეთერ თურაძეს გასცა.
საგულისხმოა, რომ ვებგვერდზე თავად ეთერ თურაძის გამოსვლა არ
გამოქვეყნებულა.
რა მოხდა?
რამდენიმე დღის წინ "ნეტგაზეთი/ბათუმელებმა" შალვა პაპუაშვილის
ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც
ირკვეოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ჰექტარი მიწა
სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო. პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, რომ
გავრცელებული ამბავი ტყუილი იყო, რედაქციამ მკითხველს ბოდიში მოუხადა,
ინფორმაცია გაასწორა და განმარტებაც გააკეთა. [დეტალური ინფორმაცია
იხილეთ აქ:
https://netgazeti.ge/opinion/719180/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2_TbwWxlAUvEZ8dgtSI-OZAKjwsxd-ViCxJbew7YsGgadaDwlXw4oilag_aem_AfdqrJLSHRBUYdLXwFg4YXp0N9ikIOr5KqP5eXf8_osYiYMLvtZq5bWBKCCGqVOCmpJcnA4FzK5CxpDt15HS6Xud]
შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას ეთერ თურაძემ საკუთარ გამოსვლაში ეს
შემთხვევაც გაიხსენა. ერთ ლარად შეძენილი 20 ჰექტარი მიწაც ახსენა და
რუსული კანონის კონტექსტში "ქართული ოცნების" მისამართით არაერთი
კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.
"პირველი არხის" ვებ პლატფორმამ მომხდარი ცალმხრივად, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის სასარგებლოდ ისე გააშუქა, რომ არცერთ მასალაში მიზეზი თუ რატომ უპირისპირდება შალვა პაპუაშვილი ეთერ თურაძეს არ უხსენებია. ცხადია, დრო არ დაეთმო თავად ჟურნალისტის პოზიციასაც. ასეთი ზედაპირული გაშუქებით "პირველმა არხმა" მაყურებელს არასრული ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, გამოქვეყნებული მასალების სათაურებიც, რომელიც "ნეტგაზეთი/ბათუმელების" მიმართ გამოთქმულ შალვა პაპუაშვილის მადისკრედიტებელ გამონათქვამებს ტირაჟირებს.
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მომხდარის ასე გაშუქებით, თავისივე ქცევის კოდექსით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია.
"შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი", - ვკითხულობთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში".
თუკი "პირველი არხის" საინფორმაციო გადაცემა "მოამბემ" მთლიანად შეხვედრის ფაქტი და თემა გამოტოვა, ხოლო ტელევიზიის ვებგვერდზე მხოლოდ შალვა პაპუაშვილის მედიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გამოქვეყნდა, მაშინ სად არის მედიის კიდევ ერთი - სიზუსტის პრინციპი, რომელიც მკითხველს სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ მედიის პროფესიული საქმიანობის ასეთი სტანდარტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიკერძოებულ პოზიციაზე მიანიშნებს.
ეთერ თურაძე აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას 2001 წლიდან დღემდე ეწევა, გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთი“ კი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროფესიული ჯილდოს მფლობელია.
ეთერ თურაძის გამოსვლა სრულად იხილეთ აქ:
1 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა თავისუფალია და კითხვა-პასუხის რეჟიმში შალვა პაპუაშვილი ყველა დასმულ საკითხზე ისაუბრებს.
საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევნენ. თამარ ჯანელიძის განმარტებით, შეხვედრაზე ის ტელევიზიებიც იქნებიან, რომლებსაც ბიური დასავლეთ საქართველოში აქვთ.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასაც აღწერს.
პრესისა და სხვა მედიების შესახებ მიძღვნილ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რუსული კანონი მედია ორგანიზაციების მიმართ საფრთხის შემცველი იყო, რადგან ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 50 %-ს უცხოეთიდან იღებს, ისინი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდებოდნენ. ასევე, შეშფოთების ერთ-ერთი საფუძველი კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრება გახდა.
დოკუმენტში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი აქტებიც, რომელსაც სახდეპი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის ანგარიშვალდებულებად აფასებს.
ჟურნალისტებზე თავდასხმა
ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის 27 ივნისს "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გადაცემის წამყვანზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა. საუბარია ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორცელებული ძალადობის მაგალითებზეც. დოკუმენტში ნახსენებია „ალტ-ინფოს“ წევრის "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გეგელიაზე თავდასხმისა და ტელეფონის დამტვრევის ფაქტი. გეგელია ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს პერმანენტულად იღებდა. ამის პარალელურად გაძარცვეს მისი საცხოვრებელი სახლიც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მარტის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებულ ცრემლსადენ გაზზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
გამოხატვის თავისუფლება
გამოხატვის თავისუფლებას ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა. მასში საუბარი გასულ წელს პარლამენტის მიერ მედიის მიმართ მიღებულ ახალ რეგულაციებზეა.
2023 წლის თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ პრესის აკრედიტაციის ახალი წესი შემოიღო, რომლითაც ჟურნალისტებს დამატებითი შეზღუდვა დაუწესდათ. მედია ორგანიზაციებმა ახალი რეგულაცია გააკრიტიკეს და მას არაინკლუზიური და ბუნდოვანი უწოდეს. "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გამოუშვა და მათი აკრედიტაციები გაუუქმა.
ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ მომხდარს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციით გამოწვეული სანქციები რატომღაც მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ეხებოდათ.
ტელევიზიები
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან ერთად, ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "ფორმულაზეც". მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იურიდიულ სამართალწარმოებაზე, რომელიც კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციის მცდელობას ემსახურებოდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ანგარიშშიც ყურადღებას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევათა სტატისტიკაზე ამახვილებს. სტატისტიკის სიმწირე პრობლემის რეალურ მასშტაბს ბუნდოვანს ხდის.
ნეტგაზეთი/ბათუმელები შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის
ნაკვეთზე მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და დაშვებული
შეცდომის გამო წუხილს გამოთქვამს.
„ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება
ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ
ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ
შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე,
რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში მუდმივად ვიმყოფებით,
დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს
მკითხველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ნეტგაზეთი/ბათუმელების მასალას გუშინ შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის
კრიტიკისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ „ამ დეზინფორმაციის შესახებ
დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან
დგანან“.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ მისი იმპიჩმენტიდან 5 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. კაპანაძე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებების დარღვევის დადგენას ითხოვს:
„მე ვითხოვ ჩემი აუნაზღაურებელი ზიანის სიმბოლურ ფასად ანაზღაურებას - დღეს ეს საფასურია 41 ევრო!"
აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილი დირექტორის თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის ხელშეუხებლობისთვის.
„ხუთი წლის შემდეგ მე, საქართველოს ერთი მოქალაქე უამრავი დამცირების, დევნის, დისკრიმინაციის, შეურაცხყოფის, დაშინების და დანაკარგის მიუხედავად, ასე ვაგრძელებ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. ბრძოლას ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის და მედიის ხელშეუხებლობისთვის. ზუსტად ხუთი წლის წინ, მმართველი პარტიის დაკვეთით, როგორც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სამიზნე აღმოვჩნდი. გუნდის, რომელსაც ასე სძულს სიტყვის თავისუფლება და რუსული მეთოდებით დაგეგმეს იმპიჩმენტი. დრომ და განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ გაცხადებული პოლიტიკური ინტერესები და დევნის ქრონოლოგია, თუმცა ამბავი დოკუმენტებში უკეთესადაა ასახული", - წერს ნათია კაპანაძე
ნათია კაპანაძის განცხადებით, მან ამ ფორმით მიუკერძოებელ მედიაში მომუშავე ყველა ადამიანს სოლიდარობა გამოუცხადა.
კაპანაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტი გამოუცხადა. მან საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. კაპანაძემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებსაც. უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ განიხილა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვდა.
ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ.
„ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა“, - წერს „ფორმულა“.
ია სართანიას განმარტებით, ის ატარებდა ჩანთას, რომელზეც „ფორმულას“ ლოგოა დატანილი.
ჟურნალისტის განცხადებით, მან შსს-ს წარმომადგენელს მეტროშივე მიმართა, პირი უკვე დაკავებულია და სასამართლოშია გადაყვანილი.
"მედიაჩეკერს" შსს-მ დაუდასტურა, რომ მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია.