მულტიმედია
„მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა


პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მაისს აღინიშნება, „მედიის განვითარების ფონდმა“ და „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი ტენდენციები შეაჯამა. 

„მედია, როგორც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი ხშირად ხდება ძალაუფლების მქონეთა სამიზნე. ინფორმაციული ავტოკრატიის პირობებში ეს გამოწვევები კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს ატარებს, როცა დეზინფორმაცია, მათ შორის გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული, ასევე დისკრედიტაციის კამპანიები და კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) მედიისა და ცალკეული ჟურნალისტების წინააღმდეგ მტრული გარემოს შესაქმნელად გამოიყენება და იზოლირებული ხასიათი არ აქვს“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები. 

ანგარიშის მიხედვით, საკვლევ პერიოდში „მითების დეტექტორმა“ მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული - 26 ვიზუალური მანიპულაცია იყო. ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა ვიდეომანიპულაციისა (15) და ფოტო მანიპულაციის (11) შემთხვევებს. 

მკვლევრებმა გამოავლინეს თაღლითობის 6 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების ვიზუალს მეტწილად სამედიცინო მედიკამენტების რეალიზების მიზნით იყენებდნენ. ასევე, გამოვლინდა მანიპულაციისა და უკონტექსტო შინაარსის გავრცელების - 4, დეზინფორმაციის - 3 და ჟურნალისტების სახელით და ჟურნალისტის წინააღმდეგ ციტატის გაყალბების 3 შემთხვევა:

„ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება (12) ხდებოდა. ამასთანავე თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის ტაქტიკა (11),  შედარებით ნაკლებად - თაღლითურ პოსტებში მეტი სანდოობის მოსაპოვებლად მეინსტრიმული მედიის ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენება ხდებოდა (6). დეზინფორმაციული და მანიპულალციური მასალები ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე მოიცავდა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას (5), გაქილიკებას და შეურაცხადად გამოცხადებას (5), ორმაგ სტანდარტებში (4) და ერთ შემთხვევაში ჯაშუშობაში დადანაშაულებას“. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციული, მანიპულაციური შინაარსის ყველაზე ხშირი სამიზნე „ტვ პირველის“ ჟურნალისტები იყვნენ, ასევე პატიმრობაში მყოფი „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მისივე დაფუძნებული გამოცემები, რასაც პროპაგანდისტული ნარატივებიც ემატებოდა:

„დეზინფორმაციული და მანიპულაციური მასალები ასევე ვრცელდებოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის სხვა მედიების მიმართ: „ფორმულა“, „მისმინე“, „კავკასია“, „მთავარი არხი“, „მთის ამბები“. ერთ შემთხვევაში კი სამიზნე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2 გახდა. ფეისბუქზე გავრცელებულ თაღლითურ პოსტებში გამოყენებული ჟურნალისტები მეტწილად სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებიდან (საზოგადაოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „რუსთავი 2“) იყვნენ, ასევე „ევრონიუს საქართველოდან“ და ქვიარ-ფემინისტური გამოცემა „აპრილიდან„“. 



კვლევაში - „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ცალკე თავი ეთმობა დეზინფორმაციას მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. მასში აღნიშნულია, რომ ამაღლობელი მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნეც იყო, რასაც ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც ერთვოდა: 

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ ბათუმელების დამფუძნებელი დამნაშავედ მანამ გამოაცხადა, ვიდრე სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეზე ვერდიქტს გამოიტანდა და ის პოლიციის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში დაადანაშაულა. აღნიშნული ქმედება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მზია ამაღლობელს მისი რეპუტაციის დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან სასამართლომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ამაღლობელის საჩივრის განხილვა პირველივე სხდომაზე შეწყვიტა. 

მზია ამაღლობლის საქმეში პოლიტიკური მოტივების უარყოფის მიზნით მმართველი პარტიის წარმომადგენელი ნინო წილოსანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელისუფლებო ტელე იმედის ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ჟურნალისტს დარღვეული უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მათ მიერ გავრცელებული, განმეორებადი გზავნილები იდენტური შინაარსის იყო და ამკვიდრებდა აზრს, რომ ეს ფაქტი საქმეში პოლიტიკური მოტივების არარსებობას ადასტურებდა, რადგან გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად ამაღლობელმა საერთაშორისო მართლმსაჯულების შესაძლებლობებით არ ისარგბელა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის მზია ამაღლობელს ამ განცხადებების გაკეთებამდე გაცილებით ადრე ჰქონდა მიმართული, ხოლო 23 ივნისიდან სტრასბურგის სასამართლოს მოპასუხე მხარესთან - საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჰქონდა დაწყებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები მანიპულაციურად აშუქებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანიის ელჩის განცხადებასა (Postv) და ინფორმაციას გერმანიაში ჟურნალისტის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით (ტვ იმედი). გაშუქება მიზნად ისახავდა დაემკვიდრებინა აზრი, რომ ამაღლობელის საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელი და საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოვლინება იყო“. 

ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სოციალურ მედიაში კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც (CIB) გამოვლინდა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, ანონიმური ფეისბუქ გვერდები ამაღლობელის დისკრედიტაციას სხვადასხვა პოსტებით, მათ შორის გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, ყალბი ანგარიშები ონლაინ გამოცემების: „ინტერპრესნიუსის“, News.on.ge-ის და Tabula-ს კომენტარებში აქტიურობდნენ და ჟურნალისტის შესახებ ნეგატიურ კომენტარებსა და რეაქციებს ტოვებდნენ. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ტროლის კომენტარებს სახელისუფლებო მედიაც („კვირა“, „რეპორტიორი“, news-hub, „პრაიმ-ტაიმი“) კოორდინირებულად ციტირებდა: „ნიშანდლობლივია, რომ აღნიშნულ ანგარიშს რამდენიმე სახელი და ფოტო აქვს გამოცვლილი, მათ შორის სხვისი კუთვნილი და მედიაშიც განსხვავებული ვიზუალით და სახელით არის ციტირებული“. 

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედიასაშუალებების მიმართ უნდობლობის გაღვივება მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. ამ პროცესში კი როგორც სახელისუფლებო მედიები, ისე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშებიც არიან ჩართულნი. ხელისუფლების სამიზნე აღმოჩნდა საერთაშორისო მედიაც იმ ორი ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც ერთ შემთხვევაში - ხელისუფლების ქმედებებს, მეორე შემთხვევაში კი სახელისუფლებო „ტელეიმედის“ ყოფილი მფლობელის საქმიანობას შეეხებოდა. 

გენდერული დეზინფორმაცია და სლატშეიმინგი - ანგარიშის კიდევ ერთი ქვეთავია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალი ჟურნალისტების წინააღმდეგ გენდერული დეზინფორმაციის და სლატშეიმინგის გამოყენება წლებია დამკვიდრებული პრაქტიკაა:

„თუმცა, თუ ადრე ამ მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი („რუსთავი 2”, „პოსტვ”, „იმედი” და საინფორმაციო სააგენტო „ჯორჯიან თაიმსი”) ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით“.

კვლევის მიხედვით, ჟურნალისტების სლატშეიმინგის და სექსუალიზაციის მეთოდს მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ანგარიშები მიმართავდნენ, რომლებიც მედიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის ამოცანასაც ასრულებდნენ: „ასეთი ფეისბუქ გვერდები ჟურნალისტების ცალკეული ფრაზების მანიპულაციური დამონტაჟებით და უკონტექსტოდ გავრცელებით მათ სექსუალიზაციას ახდენდნენ. ამ მხრივ ერთ-ერთი სამიზნე ტვ პირველის წამყვანი ინგა გრიგოლია იყო, რომლის სიტყვებს არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით მანიპულაციური მონტაჟის შედეგად სექსუალური კონოტაცია ეძლეოდა, მეორე შემთხვევაში კი მისი სექსუალური ორიენტაციის ეჭვქვეშ დაყენება ხდებოდა.

ჟურნალისტების სლატშეიმინგის მიზნით ფოტოფაბრიკაციის მეთოდიც გამოიყენებოდა და ყველაზე ხშირი სამიზნე ამ მხრივ ტვ პირველის ჟურნალისტი და აქტივისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რომლის სექსუალურ ობიექტივიზაციას და მრუშობით შერცხვენას ანონიმური ფეისბუქ გვერდები და სხვადასხვა ანგარიშები მიმართავდნენ. გარკვეულ შემთხვევებში ასეთი შინაარსის პოსტების კოორდინირებული გავრცელების ტენდენციაც იკვეთებოდა“.  

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს გახშირდა ფინანსური სარგებლის მიღების ან პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თაღლითურ მასალებში ჟურნალისტების ვიზუალის გამოყენების პრაქტიკა, რასაც ინფორმაციის სანდოდ წარმოჩენის მიზნით მიმართავენ. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობაში კი ხმის ხელოვნური ინტელექტით დამუშავების ტენდენცია გამოვლინდა.  



კვლევის ბოლო ნაწილში განხილულია დეზინფორმაცია/მანიპულაციის წყაროებიც. ავტორები წერენ, რომ მედიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის მასალების გავრცელებაში მეტწილად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქ გვერდები ფიგურირებენ, რომელთა ნაწილი სახელწოდებიდან გამომდინარე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით არის შექმნილი, ზოგის სახელწოდებაში „მედია“ ფიგურირებს, ზოგიერთში კი - მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი. 

„ჟურნალისტების და მედიის მიმართ მტრული რიტორიკის გარდა, რამდენიმე შემთხვევაში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებმა თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმაც გაავრცელეს, ასევე სახელისუფლებო ტელეკომპანია იმედის ყოფლმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ. მედიის წინააღმდეგ სახელისულებო დეზინფორმაციისა და მანიპულაციის გავრცელებაში სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები („იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“) და ონლაინ მედიებიც („ნიუსჰაბი“, „მარშალპრესი“, INFO9, Exclusive Media, „დაიჯესტი“, The Georgian Times) იყვნენ ჩართულნი“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

კვლევა „დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანიები მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“ ვრლად, კონკრეტული მაგალითებით იხილეთ აქ. 




ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026 - განაცხადების მიღება დაიწყო


კონკურსისთვის - ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026 განაცხადების მიღება დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში გაიცემა 7 საპრიზო კატეგორიაში:

  • სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი  ან/და ჟურნალისტური (მედია) პროექტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
  • საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ელექტრონულ ან სოციალურ მედიაში;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.

კონკურსანტს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მხოლოდ ერთის შერჩევა და ერთი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია. კონკურსში დაიშვება ქართულ ან ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და ორი ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან. 

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2026  წლის 25 სექტემბერია. 

სხვა მოთხოვნების, ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ, განაცხადის ფორმა და მითითებები კი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მე-15 კონკურსი ჟურნალისტიკაში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 3 მაისს გამოაცხადა. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააარსა. კონკურსი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მისი მიზანია ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა. 

 
ამაღლობელის საქმე დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე - საერთაშორისო ორგანიზაციები


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და MFRR-ის პარტნიორი სხვა მედიის, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მედია გარემოზე მომზადებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პრესის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და სერიოზული გაუარესება დაფიქსირდა, რაც კი ოდესმე ევროკავშირის წევრ ან კანდიდატ ქვეყანაში მომხდარა.

2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით 6 საერთაშორისო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე საქართველოში, „სადაც რუსეთისადმი კეთილგანწყობილმა მმართველმა პარტიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ზეწოლის გაძლიერება განაგრძო“. 

MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციები განსაკუთრებულად აღნიშნავენ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, სახაროვის პრემიის ლაურეატს, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე ერთი წელი და სამი თვეა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ციხეში იმყოფება. 

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მედიის თავისუფლების ხელყოფა დემოკრატიული უკუსვლის უპრეცედენტო პერიოდის მამოძრავებელი ფაქტორი გახდა ქვეყანაში, რომელიც ფურცელზე კვლავ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება. 

„მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფო ქმედებებისკენ, რათა მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას და ამ ავტოკრატიულ თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ. 

ანგარიშის ქვეთავში, რომელიც ჟურნალისტების სამართლებრივ და ეკონომიკურ შევიწროებას შეეხება, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, მედიის თავისუფლების მონიტორინგის პლატფორმამ (Mapping Media Freedom Platform), რომელიც ევროპაში მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების უდიდესმა მონაცემთა ბაზაა, საქართველოში მედიის თავისუფლების 319 დარღვევა დააფიქსირდა, რაც 555 ჟურნალისტსა და მედია ორგანიზაციას შეეხო. ამან კი საქართველო ევროპაში მედიის თავისუფლების ყველაზე სწრაფი ვარდნის მქონე ერთ-ერთ ქვეყნად აქცია. 

დოკუმენტში მოხვდა „TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტების, მაკა ჩიხლაძისა და ლიზა ციციშვილის ანგარიშების დაყადაღების შემთხვევებიც. ასევე,  პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით mediachecker-ის ჟურნალისტის დაკავებისა და „ტაბულასა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმეები.

„მხოლოდ 2025 წელს, MFRR-მა ჟურნალისტების თვითნებური დაჯარიმების 36 შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის 25 საპროტესტო აქციების გაშუქებას უკავშირდებოდა“, - განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 25-ვე შემთხვევაში, ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ისინი დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ცხადად ჩანდა, რომ პრესის წარმომადგენლები იყვნენ.

საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ რეპრესიულ კანონმდებლობაზეც და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს ყველაზე ფართომასშტაბიან მაგალითს იმისას, თუ როგორ ბოროტად იყენებს ხელისუფლება რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის „უცხოური აგენტების“ კანონებს, თავისუფალი მედიის ჩასახშობად. 

რაც შეეხება ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ანგარიშის მიხედვით, 2024 წლიდან ქვეყნის მედია გარემო სულ უფრო მტრულად განწყობილი და სახიფათო ხდება, ჟურნალისტები კი ფიზიკური თავდასხმებისა და სამართლებრივი ან ინსტიტუციური შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, Mapping Media Freedom-მა, 2024 წლიდან, 148 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმის 63 შემთხვევა დააფიქსირა. მათ 60%-ში კი დამნაშავეები სამართალდამცავები და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები იყვნენ, მაშინ როცა ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ჟურნალისტებმა, მათ შორის დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის „მთის ამბების“ ჟურნალისტებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა დავით ჭაბაშვილმა, კერძო პირებისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარები მიიღეს.

MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ღრმად შემაშფოთებელია მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ, ის და მისი მედიასაშუალებები განუწყვეტლივ განიცდიან ცილისწამებას, დამამცირებელ მოპყრობასა და ეკონომიკურ ზეწოლას: „მისი საქმე დამოუკიდებელი მედიის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფონზე“

ანგარიშის ბოლოს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და MFRR-ის პარტნიორი სხვა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, რომელმაც „ფიდესის“ მმართველობის პერიოდში არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ევროკავშირს ახლა აქვს მიზნობრივი სანქციების წინსვლის შესაძლებლობა. 

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნისას, ეს ორგანიზაციები მოუწოდებენ ევროპას, მხედველობიდან არ გამორჩეს საქართველოში მედიის თავისუფლების შევიწროება. ისინი ასევე, მიმართავენ ევროკავშირს მიიღოს სასწრაფო, კოორდინირებული და ეფექტური ზომები, მათ შორის იმ ინსტიტუტების ხელმძღვანელების დასანქცირების სახით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის თავისუფალ პრესაზე ამ ღია თავდასხმაში. 

 „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) რუმინული და ბულგარული სამსახურები იხურება
(ფოტო: RFE/RL)

2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ. 

„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.

„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.