კომუნიკაციების კომისიამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ComCom-ი წერს, რომ „შესწავლილი გარემოებების მიხედვით, სადავო სიუჟეტები წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჟურნალისტები იკვლევენ უცხოური სპეცსამსახურების მიერ ქართული ონლაინ მედიის გამოყენებას, უცხოური ფულით ონლაინ მედიის დაფინანსების ფინანსურ სქემას და აღნიშნული თანხების გამოყენებას ონლაინ მედიების მიერ თავიანთ საქმიანობაში“.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ „მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტურ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი სტანდარტები“ და „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
„სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“, ბრენდული სახელწოდებით „რადიო თბილისი FM 93.5“, ComCom-ს გადაცემა „იმედის კვირაში“, 2025 წლის 23 და 30 ნოემბერს, გასული გასული სიუჟეტების გამო მიმართა. მომჩივანის შეფასებით, „იმედმა“ „რადიო თბილისი FM 93.5“-ისა და კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ სამხარაძის შესახებ არაზუსტი, ცრუ, შეცდომაში შემყვანი და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან „წარმოჩენილი იყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ და უცხოური სპეცსამსახურების კონტექსტში მოქმედი სუბიექტები“:
„საჩივრის თანახმად, სიუჟეტში გამოყენებული იყო კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და კომპანიის ლოგო. სიუჟეტში მითითებული ბრალდებები წარმოდგენილი იყო ფაქტის სახით და არ ეფუძნებოდა არც სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ოფიციალურ დასკვნას და არც გადამოწმებულ ფაქტობრივ წყაროებს“.
ასევე, რამაზ სამხარაძის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას მაუწყებლიდან მისი კომენტარის ან პოზიციის გასაგებად და ინფორმაციის გადასამოწმებლად არავინ დაკავშირებია. მან სადავო სიუჟეტთან დაკავშირებით, წერილობით „იმედსაც“ მიმართა და არასწორი (მცდარი) ფაქტების გასწორება ან უარყოფა მოითხოვა.
ტელეკომპანიის წერილობითი განმარტებით კი, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ „იმედისთვის“ პასუხის უფლების მოთხოვნით არ მიუმართავს, „რადგან მომჩივანის წერილში არ იყო მითითებული მსგავსი მოთხოვნა და არც შესაბამისი სამაართლებრივი საფუძველი. შპს „ტელეიმედის“ წერილობით პოზიციააში აღნიშნულია, რომ მომჩივანის მოთხოვნა მოიცავდა გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის გავრცელებას, რაც შპს „ტელეიმედის“ განმარტებით, სასამართლოს მსჯელობის საგანია“.
რამაზ სამხარაძემ კომუნიკაციების კომისიას „იმედის კვირის“ სადავო სიუჟეტებში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ რამდენიმე პუნქტის დარღვევის დასადგენად მიმართა.
სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის არცერთი (4) საჩივარიც.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის
შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს მიღებული ცვლილებებით,
კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე
თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და
მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების
დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო
განსაზღვრული.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ,
სანამ გვიან არ არის.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია
- https://sinatle.media/
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული გზავნილები გააანალიზა და გამოაქვეყნა კვლევა - „„ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“.
მასში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის წინააღმდეგ დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - მამუკა მდინარაძე. ასევე, მათ გარდა, პერიოდულად, განცხადებებს აკეთებდნენ „ქართული ოცნების“ თბილისის მერი - კახა კალაძე და პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, დავით მათიკაშვილი და სოზარ სუბარი.
CMIS-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ რამდენიმე ძირითად გზავნილს ეყრდნობოდა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე განცხადებაში ერთდროულად იკვეთებოდა:გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა ყალბი ინფორმაციაც, თითქოსდა მზია ამაღლობელი პოლიციელებს სტიკერს აკრავდა ზურგზე, ან/და მზია ამაღლობელმა პოლიციელს შეაფურთხა.
„„ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ პროპაგანდის მეშვეობით მზია ამაღლობელის დემონიზებას და დისკრედიტაციას ცდილობდა, რაც ჟურნალისტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და მანიპულირებას ისახავდა მიზნად. აღნიშნული კი წარმოაჩენს პარტიის პოლიტიკას პრესის თავისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. მათი დამოკიდებულებები და ქმედებები პირდაპირ მიესადაგება ავტოკრატიის ლოგიკას, სადაც პოლიტიკური ლიდერები ნაცვლად ანგარიშვალდებულებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით ხელმძღვანელობისა, საზოგადოების მანიპულირებას მიმართავენ და დამოუკიდებელ მედიას ზღუდავენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, - ვკითხულობთ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
CMIS-მა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები და განცხადებები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მოიძია ონლაინ მედიასაშუალებებიდან: Netgazeti.ge, Publika.ge, On.ge, Tabula.ge, ipn.ge, 1TV.GE, „რეზონანსი“, Imedinews.ge და Ambebi.ge. მონაცემები შეაგროვა საძიებო სისტემებისა და თეგების გამოყენებით და კვლევაში სულ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული 38 განცხადება გააანალიზა.
------------------------------------------------
მზია ამაღლობელი 1 წელია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვრის ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.
სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.