მულტიმედია
„ქარტიის პრიზი 2025“ - კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2025-ის” მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო. ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა. 

ორგანიზაცია კონკურსს ოთხ ნომინაციაში აცხადებს:  

- სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. 

- სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. 

- ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. პრიზი გაიცემა ნამუშევრისთვის, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საზოგადოების ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუციების დასაცავად. 

- ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი ამ ნომინაციისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დააწესა. 

დამატებით, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედიაპროდუქტი, რომელიც 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა. საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. თითოეულმა აპლიკანტმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარადგინოს ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი. გამარჯვებული კი დეკემბერში გამოვლინდება.   

განაცხადის შესავსებად უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/RWTz1sgL82aj1tR8A

ნამუშევრების შეფასებისა და კრიტერიუმების შესახებ ვრცლად კი იხილეთ აქ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.
„რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად ისევ რჩება“ - MDF-ის კვლევა

„უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში“ - „მედიის განვითარების ფონდის“ ახალი კვლევაა, რომელიც ქართულ საინფორმაციო გარემოს, უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში, აანალიზებს და იმ შიდა და გარე ფაქტორებს მიმოიხილავს, რაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. ის შეისწავლის საქართველოს პოლიტიკურ და მედია გარემოს,  მათ შორის, უცხოური აქტორების, რუსეთის და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ნარატივებს და ყურადღებას ამახვილებს ანტიდასავლური გზავნილების გაძლიერებაზე, საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციასა და ინფორმაციული ავტოკრატიის პრაქტიკების გაფართოებასთან დაკავშირებულ რისკებზე.

MDF-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთის და ადგილობრივი სახელისუფლებო აქტორების გზავნილების ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემაა, რადგან მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს:

„საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის მკვეთრი ცვლილება, განსაკუთრებით მისი ანტიდასავლური პოზიციის მკაფიოდ გამოკვეთა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკავშირდება. მანამდე მმართველი პარტია შიდა და გარე აუდიტორიებთან განსხვავებულად პოზიციონირებდა – საერთაშორისო დონეზე რუსეთს საფრთხედ წარმოაჩენდა, ხოლო ეროვნულ დონეზე მასთან გამკლავებას მინიმალური ძალისხმევით ცდილობდა“. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს რეპრესიული კანონმდებლობით და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მტრული რიტორიკით, რითაც დამოუკიდებელ ინსტიტუტებს წარმოაჩენს საფრთხედ, რომელსაც შეკავება სჭირდება.

კვლევის მთავარი ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, უცხოური გავლენიდან მომავალ საფრთხეებზე გარე და შიდა აქტორების თანმხვედრი გზავნილები სამი ძირითადი მიმართულებით ფორმირდება: 

  • სუვერენული დემოკრატიის ხელყოფა – დასავლეთი და ე.წ. „დიპ სტეიტი“ წარმოჩენილია ისე, თითქოს ისინი ერევიან საქართველოს საარჩევნო პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ინტერესების გასატარებლად აფინანსებენ და „მეორე მაიდნის“ მსგავსი რყევების ორგანიზებას ცდილობენ.

  • „მეორე ფრონტის“ იგივე საქართველოს „უკრაინიზაციის“ საფრთხე – ამკვიდრებს ნარატივს, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს. 

  • ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხე – დასავლეთი წარმოჩენილია ლიბერალური ღირებულებების გამავრცელებლად, რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ქართულ კულტურას და ხშირად აღიწერება ტერმინით „ლიბერალური ფაშიზმი“.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველოს საინფორმაციო სივრცის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის უმეტესობა (623 შემთხვევა), რომელიც TTPs-ს შესაფასებლად გაანალიზდა, ქართულენოვანი წყაროებიდან მომდინარეობდა, ხოლო 199 შემთხვევაში, ადგილობრივად გავრცელებამდე, ჯერ რუსულ მედიაში გამოჩნდა: 

„პოლიტიკა მთავარი თემა იყო როგორც ქართულ, ასევე შერეულ ქართულ-რუსულ შინაარსში. მას მოსდევდა იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელშიც გენდერი, სექსუალობა და პირადი რეპუტაცია მანიპულაციის ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა“.

ერთ-ერთი მთავარი მიგნების მიხედვით, გარე აქტორებს შორის ყველაზე ხშირი სამიზნე ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები იყვნენ, ხოლო შიდა კონტექსტში დეზინფორმაცია ძირითადად პოლიტიკურ ოპოზიციასა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე იყო ფოკუსირებული:

„ვიზუალური და ნარატიული მანიპულაციებით საპროტესტო აქციებს ძალადობრივ და/ან უცხოეთის მიერ ორგანიზებულ ქმედებად წარმოაჩენდნენ, რისთვისაც რედაქტირებულ ფოტოებს, ცრუ იდენტიფიცირების ტაქტიკას და დასავლეთის მხრიდან ძალადობის წახალისების შესახებ ყალბ ცნობებს იყენებდნენ“.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი საქართველოში უცხოური გავლენის ოპერაციების მთავარ წამყვან ძალად ისევ რჩება:

  • კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, როგორებიცაა: Sputnik, NewsFront და Pravda, უფრო ფართო მრავალენოვანი პროპაგანდისტული ქსელის ფარგლებში ოპერირებენ, მათ შორის ქართულენოვანი მასალებით, თუმცა ისინი ფართო აუდიტორიამდე ნაკლებად აღწევენ.

  • კრემლის ინტერესების გამტარებელ ადგილობრივ აქტორებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის: „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“.

  • ამ პარტიებთან დაკავშირებული მედიები, მათ შორის „ალტ-ინფო“, „ობიექტივი“ და „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, მკაფიო კრემლისტურ სარედაქციო პოლიტიკას მისდევენ, ხოლო პარტიის წევრები ხშირად წამყვანებად ან კომენტატორებად გვევლინებიან.




მასში აღნიშნულია, რომ ჩინეთის გავლენა კრემლისტურ ტელეარხებზე საელჩოს დაფინანსებული გადაცემების სახით ვლინდება, „ასევე, სხვადასხვა ქართულ პლატფორმასა და სოციალური მედიის ანგარიშზე ჩინური Global Times-ის მასალების გამოქვეყნების გზით“.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ეკოსისტემა აქვს შექმნილი:

  • „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“ და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები, როგორიცაა „ნეიტრალური საქართველო“, ანტიდასავლური რიტორიკის ძირითად წყაროებად გვევლინებიან. მათ გზავნილებს მთავრობის მიერ კონტროლირებადი გავლენიანი ტელევიზიები და სახელმწიფო კონტრაქტებით დაფინანსებული ონლაინ პლატფორმების ქსელით ავრცელებენ.

  • ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანონიმური სოციალური მედიის ანგარიშები ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება და კოორდინირებულად მოქმედებს.

  • პარალელური ინსტიტუტები, მათ შორის მმართველი პარტიის ფაქტების გადამოწმების ფეისბუქ გვერდი და კომუნიკაციების კომისიის „მედიაკრიტიკის“ პროექტი, დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციისა და მთავრობის ინტერესების სასარგებლო ნარატივების ფორმირების ინსტრუმენტებად გამოიყენება.



კვლევა - „უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI) და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში“ MDF-მა შერეული მეთოდოლოგიით ჩაატარა, რაც სამაგიდო კვლევას, მედია მონიტორინგის და ფაქტების გადამოწმების მონაცემებს, დისკურს ანალიზსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ასევე ფოკუს ჯგუფებს აერთიანებს. ის ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - „SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ” ფარგლებში მომზადდა



„ფლიმარკეტი სინათლისთვის“ - 27 დეკემბერს, დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად საახალწლო ფლიმარკეტი მოეწყობა

27 დეკემბერს, „ეზოში“, „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ - დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად საახალწლო ფლიმარკეტი მოეწყობა.

როგორც „სინათლე მედია“ წერს, მომავალ შაბათს დაგეგმილია სამი მთავარი აქტივობა: ფლიმარკეტი, აუქციონი და სინათლის მარში:

ფლიმარკეტი | 14:00–18:00

მოიტანე შენი ნივთები, გაყიდე სინათლისთვის და გააძლიერე დამოუკიდებელი ონლაინმედია.

აუქციონი | 18:00

აუქციონზე გაიყიდება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტოები, პოსტერები და განსაკუთრებული ისტორიის მქონე მემორიალური ნივთები.

სინათლის მარში | 20:00

დღე დასრულდება სინათლის მარშით - მედიის მხარდასაჭერი მშვიდობიანი მსვლელობით რუსთაველისკენ“. 

ფლიმარკეტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ კითხვარი: https://shorturl.at/SOnUe

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ონლაინმედიების ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს


22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. 

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია - https://sinatle.media/




გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:

#GE76TB7548536080100013

#GE06BG0000000609779465

რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.

  1. ბათუმელები
  2. ნეტგაზეთი
  3. პუბლიკა
  4. ინდიგო
  5. ქართლის ამბები
  6. გურია ნიუსი
  7. სამხრეთის კარიბჭე
  8. Chai Khana
  9. Info imereti
  10. სტუდია მონიტორი
  11. ქუთაისიპოსტი
  12. OC Media
  13. რადიო მარნეული
  14. აჭარა თაიმსი
  15. აი ფაქტი
  16. პროექტი 64
  17. მედიაჩეკერი
  18. ჩემი ხარაგაული
  19. აპრილი
  20. გურიის მოამბე
  21. TOK2Region
  22. Jnews