„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ „ქარტიის პრიზი 2025-ის”
მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო.
ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების
ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა.
დამატებით, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედიაპროდუქტი, რომელიც 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში გამოქვეყნდა. საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. თითოეულმა აპლიკანტმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარადგინოს ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი. გამარჯვებული კი დეკემბერში გამოვლინდება.
განაცხადის შესავსებად უნდა გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/RWTz1sgL82aj1tR8A
ნამუშევრების შეფასებისა და კრიტერიუმების შესახებ ვრცლად კი იხილეთ აქ.პოლიცია ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიზეზით უზღუდავს თავისუფლებას იმ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს აშუქებენ. 24 ოქტომბერს, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ავტომობილში ჰყავდათ დაკავებული ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი, ხოლო 5 ნოემბერს დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავება, რის შემდეგაც მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გზის ხელოვნურად ბლოკირების ბრალდებით და წარედგინა სასამართლოს სახდელის დასადებად. შსს-ს განმარტებით, ნინია კაკაბაძე არ ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, რადგანაც როდესაც ჟურნალისტი შეწყვეტს გაშუქებას, უნდა გადაინაცვლოს ტროტუარისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტური საქმიანობის დროს გზის გადაკეტვის მიზეზით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს. არაერთგვაროვან პრაქტიკას უფრო მეტად ბუნდოვნად აქცევს სამინისტროს განმარტებები ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების წესების შესახებ, რაც თავის მხრივ, არ ეფუძნება არავითარ საკანონმდებლო აქტს, თუ საერთაშორისო პრაქტიკას. მეტიც, შსს-ს დასაბუთება ძირითადად ეყრდნობა შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის შესახებ სასამართლოს პრაქტიკას, რაც საერთოდ არაა რელევანტური ჟურნალისტის მიერ აქციის გაშუქების საქმის კონტექსტში.
შსს-ს განმარტებებს უპირისპირდება ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და გვთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს,
რომელთა თანახმად, საქმეები განხილული უნდა იყოს არა
შეკრება/მანიფესტაციის წესების დარღვევის, არამედ გამოხატვის
თავისუფლების კონტექსტში. ქვემოთ მიმოხილული იქნება სტრასბურგის
სასამართლოს საქმეები ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც მოხდა
ჟურნალისტების დაკავება ან სხვაგვარად შეფერხება აქციის
გაშუქებისას.
BUTKEVICH v. RUSSIA
საქმეში - ბუტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის შეგროვება არის ჟურნალისტიკის მომზადების არსებითი ეტაპი, მტკიცედ დაცული, როგორც პრესის თავისუფლების ნაწილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტის დაკავება, დევნა და დასჯა არღვევს მის გამოხატვის თავისუფლების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად (კონვენციის მე-10 მუხლი), დაადგინა თავისუფლების უფლებისა (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლების (კონვენციის მე-6 მუხლი) დარღვევაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ მედია ასრულებს მნიშვნელოვან ამოცანას დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დემონსტრაციებზე უწესრიგობის აღმოფხვრისას ხელისუფლების ქმედებებზე. ამიტომ ჟურნალისტების დემონსტრაციების დროს ხელის შეშლის ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს დაქვემდებარებული „მკაცრ კონტროლს“. ეს ასევე, ეხება ისეთ შემდგომ ზომებს, როგორიცაა სავარაუდო სამართალდარღვევისთვის დევნა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმე უნდა ყოფილიყო განხილული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და არა მე-11 (მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება) მუხლთან მიმართებით, რაც კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომას.
ასევე, ეს გადაწყვეტილება ადგენს, რომ ჟურნალისტებისთვის არ არის მოთხოვნილი განმასხვავებელი ტანსაცმლის ან პრესის ნიშნების ტარება საზოგადოებრივ შეკრებებზე, კონვენციით გარანტირებული დაცვის მოსაპოვებლად. ამავე კონტექსტში აგრეთვე საყურადღებოა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჟურნალისტების დაკავებისგან დაცვის შესახებ იმ ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტები იმყოფებიან აქციის იმ მონაწილეებთან ერთად, რომლებიც კანონს არღვევენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გონივრული ეჭვი აქტივისტების დაკავებისთვის და ჟურნალისტის, ერთი შეხედვით, აქციის მონაწილედ მიჩნევისთვის, თუმცა გადამწყვეტია ის, რომ დაკავების შემდეგ, ძალიან მალე აღარ უნდა არსებობდეს რაიმე ეჭვი მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი წარადგენს პრესის ბარათსა და ვალიდურ პირადობის მოწმობას. როდესაც ჟურნალისტი საქმიანობს კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიციამ უნდა ივარაუდოს, რომ პირი, რომელიც ატარებს ასეთ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ნამდვილად არის ჟურნალისტი და ეს წესი მოქმედებს ე.წ. „ჩანერგილი ჟურნალისტიკის“ შემთხვევაშიც. სასამართლომ განაცხადა, რომ დაკავების მცირე ხნისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღარ იყო სამართლებრივი საფუძველი დაკავებისთვის და პოლიციას უნდა გაეთავისუფლებინა ჟურნალისტი.
ამდენად, სასამართლო გადამწყვეტად მიიჩნევს ჟურნალისტის
განზრახვას, შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია და ფოტო/ვიდეო
მასალა. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს ფუნქციონალურ და ფართო
მიდგომას ჟურნალისტის ცნებისადმი, რომლითაც განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება მის როლს.
BRYAN AND OTHERS v. RUSSIA
საქმეში - ბრაიენი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა პროტესტის გაშუქების დროს ჟურნალისტების დაკავებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-5 (თავისუფლების უფლება) მუხლების დარღვევა.
სასამართლომ აღიარა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს
ჟურნალისტების მუშაობაში მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ შეკრება, რომელსაც
ისინი დოკუმენტირებენ, მიიჩნევა უკანონოდ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ
დემონსტრაცია უკანონოა, პოლიციის მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო
გაზარდოს მედია გაშუქებისა და ჟურნალისტური რეპორტაჟის რელევანტობა.
ამავე საქმეში სასამართლომ კონვენციით გარანტირებული თანაბარი
დაცვის სტანდარტი გაავრცელა არა მხოლოდ მედიასაშუალებებში დასაქმებულ,
არამედ ფრილანსერ ჟურნალისტებზეც.
Magyar Helsinki Bizottság v. Hungary
უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი უნგრეთის წინააღმდეგ - საქმეში სასამართლოს დიდმა პალატამ ჟურნალისტური საქმიანობა ფართოდ, ფუნქციონალური გაგებით დაინახა და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოებრივ მეთვალყურეებსა (Social Watchdog) და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.
სასამართლომ აღიარა, რომ საზოგადოებრივი დებატისთვის სხვადასხვა პლატფორმის შექმნის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პრესით, არამედ შეიძლება განხორციელდეს, სხვებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთა საქმიანობა ინფორმირებული საზოგადოებრივი დებატის არსებითი ელემენტია. სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, ის ახორციელებს საზოგადოებრივი მეთვალყურის (Social Watchdog) როლს, რომელიც პრესის მსგავსი მნიშვნელობისაა და შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მეთვალყურე, რომელიც იმსახურებს კონვენციის ქვეშ პრესისთვის მინიჭებულის მსგავსად დაცვას.
სასამართლოს შეფასებით, დემოკრატიული საზოგადოების ინტერესშია, რომ როგორც პრესას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ, შეასრულონ საზოგადოებრივი მეთვალყურის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გადაცემაში. იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტი ინფორმაცია მათი საქმიანობის იარაღია, აუცილებელია, მათ მოიპოვონ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შეასრულონ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ცნობების გამავრცელებლის როლი. ინფორმაციაზე წვდომის შესაფერხებლად შექმნილმა დაბრკოლებებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მედიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავე პირებს აღარ შეეძლოთ ეფექტურად შეასრულონ „მეთვალყურის“ როლი და მათი უნარი, ზუსტად და საიმედოდ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, დაქვეითდება.
სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის,
მოიპოვებს თუ არა პირი ინფორმაციას საზოგადოებრივი მეთვალყურის
ხარისხით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით. სასამართლო
ასევე, აღნიშნავს, რომ ინტერნეტის მიერ ახალი ამბების მიმართ
საზოგადოების წვდომის გაძლიერებასა და ინფორმაციის გავრცელების
ხელშეწყობაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით,
ბლოგერებისა და სოციალური მედიის პოპულარული მომხმარებლების ფუნქცია
ასევე შეიძლება გაუთანაბრდეს „საზოგადოებრივ მეთვალყურეებს“ და
მოექცევა კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცულ
სფეროში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში
მედიასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოც აქამდე მიღებულ დადგენილებებში (2025 წლის 23 მაისის N4/1433-25 დადგენილება, პ. 8.3.) ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსისა და აქციის გაშუქების სტანდარტების განსაზღვრისთვის და ადგენს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ემსახურება საპროტესტო აქციის გაშუქებასა და იქ არსებული მოვლენების დაფიქსირებას, ხოლო ამგვარი საქმიანობისთვის ხელშეშლა, ცხადია, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. საქალაქო სასამართლო იშველიებს საქმეს - Pentikäinen v. Finland, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ „მედიის წარმომადგენლებს ხელი არ უნდა შეეშალოთ პოლიციის ოპერაციების დაკვირვებასა და ჩაწერაში, თუ (გამონაკლისის სახით) მათი იქ ყოფნა მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს ან ხელს არ შეუშლის სამართალდამცავებს სამუშაოს შესრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად. თუ მედიის წარმომადგენლები დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან, შესაძლებელია, ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვეს პროპორციული რეაგირება.“
თბილისის საქალაქო სასამართლო ასევე, მიუთითებს
სტრასბურგის სასამართლოს სხვა საქმეზეც -
Najafli v. Azerbaijan, რომელშიც
განმარტებულია, რომ „თუ მედიის წარმომადგენელს არ აცვია
სპეციალური ტანსაცმელი ან არ უკეთია სამკერდე ნიშანი, მას უნდა მიეცეს
უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აწარმოოს საკუთარი
ჟურნალისტური საქმიანობა, მას შემდეგ, რაც პოლიციელისთვის ცნობილი
გახდება მისი ვინაობა და პროფესია, ამ შემთხვევაში, ზემოხსენებულ პირს
უნდა მიუწვდებოდეს ხელი დაცვის ისეთსავე საშუალებებზე, როგორიც მედიის
ყველა სხვა წარმომადგენელს ექნებოდა.“
როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებები ბოლოდროინდელ შემთხვევებზე?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია და იერარქიულად „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მაღლაც დგას, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები, კონტექსტის შესაბამისად, სავალდებულოდაა გასათვალისწინებელი ადგილობრივი სასამართლოებისთვის.
მოქმედი კანონმდებლობა (ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის მე-10 ნაწილი) ადგენს
პასუხისმგებლობას შეკრება/მანიფესტაციის გამართვის წესის
დარღვევისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ დარღევის ჩადენისთვის
პირი უნდა მონაწილეობდეს შეკრებში და ამავდროულად ხელოვნურად კეტავდეს
გზის სავალ ნაწილს. პრაქტიკის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ჟურნალისტის
საქმიანობის შეზღუდვა უნდა შეფასდეს არა კონვენციის მე-11
(მშვიდობიანი შეკრების უფლება), არამედ მე-10 მუხლის (გამოხატვის
თავისუფლება) კონტექსტში. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ჟურნალისტი არ შეიძლება ჩაითვალოს შეკრება/მანიფესტაციის მონაწილედ და
შესაბამისად, ის ვერ დაარღვევს იმ წესს, რომლის დარღვევაც მხოლოდ
შეკრების მონაწილეს შეუძლია. ისევე, როგორც ჟურნალისტი ვერ გახდება
მისი ნების საწინააღმდეგოდ ან მისდა უნებურად შეკრების მონაწილე და
მასზე ვერ გავრცელდება აქციის მონაწილის შემზღუდავი
კანონმდებლობა.
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკის გათვალისწინებით, აქციის გაშუქების დროს ჟურნალისტის მიმართ
შემდეგი მოთხოვნები უნდა იყოს დაცული:
კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს და დაუშვებელია მშვიდობიანი შეკრების წესის დარღვევისთვის ჟურნალისტის დაკავება ან საქმიანობის სხვაგვარად შეზღუდვა;
კონვენცია გამოხატვის თავისუფლების ქვეშ იცავს არა მხოლოდ მედიასაშუალებაში დასაქმებული, არამედ ფრილანსერი ჟურნალისტების და სხვა ნებისმიერი პირის საქმიანობას, რომელთა განზრახვაა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, როგორც საზოგადოებრივმა მეთვალყურემ;
პრესის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის ტარება რეკომენდირებულია, მაგრამ არაა აუცილებელი იმისთვის, რომ პირი მოექცეს კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის ქვეშ;
თუ პოლიციას გაუჩნდება დასაბუთებული ეჭვი, არის თუ არა პირი ჟურნალისტი, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. მას შემდეგ, რაც პოლიციას წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, მას უფლება აღარ აქვს, დააბრკოლოს ჟურნალისტი ან შეუზღუდოს გადაადგილება მას;
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისა და აქციის გაშუქების წესებზე არ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რადგან ეს მედიის თავისუფლად საქმიანობის განუყოფელი ნაწილია;
ყველაზე მნიშვნელოვანი და ზოგადი წესი, რომელიც მედიამ აქციის გაშუქებისას უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ ხელი არ უნდა შეუშალოს საპოლიციო ღონისძიებებს და დაემორჩილოს პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს;
ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტებს დასაშლელად უნდა მიეცეთ მკაფიო ინსტრუქციები და საკმარისი დრო, ხოლო ამის შემდეგ მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობები შეკრების სათანადოდ გასაშუქებლად;
პოლიციას შემდგომი პროპორციული
რეაგირების უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ მედიის წარმომადგენლები
დაშლის შესახებ კანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილებიან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ,
სანამ გვიან არ არის.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია
- https://sinatle.media/
გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად:
#GE76TB7548536080100013
#GE06BG0000000609779465
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა.
საჩივარი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებას და მის წინააღმდეგ წარმოებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს შეეხება.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ მზია ამაღლობელი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა და მოგვიანებით, მის მიმართ ერთიდაიმავე ფაქტზე 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ორივე საქმეზე სასამართლომ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და დააჯარიმა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით (173-ე მუხლი) - 2000 ლარის, ხოლო სტიკერის კედელზე გაკვრით იერსახის დამახინჯების საფუძვლით 150-ე მუხლი) - 1000 ლარის ოდენობით“,- განმარტავს ორგანიზაცია.
საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი ახალი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული დაკავებით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი); საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი); გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი); შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13) კონვენციის მე-5 მუხლთან ერთობლიობაში:
„თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მუხლი 13)
როგორც ცნობილია, 2025 წლის 11 იანვარს, მზია ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, გაკვრის გამო დააკავა აღნიშნულ დროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ. დაკავებისას, იმ დროს ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, განმარტა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 150-ე მუხლის საფუძველზე, შენობის იერსახის დამახინჯებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის საფუძველზე კანონი პოლიციას პირის დაკავების უფლებამოსილებას არ აძლევს. შესაბამისად, უკანონო დაკავების გასამართლებლად, მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციამ შეადგინა გაყალბებული ოქმი 173-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა სრულად მცდარ ინფორმაციას, მათ შორის დამკავებელი პირის შესახებ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის დაკავება იყო რუტინული და თვითნებური, რა დროსაც არ შეფასდა საქმის ინდივიდუალური გარემოებები.
ეროვნულ დონეზე მზია ამაღლობელმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა უკანონოდ გამოყენებული დაკავება. 2025 წლის 31 იანვარს, მზია ამაღლობელს და მის წარმომადგენელს ეცნობა, რომ შსს-ს იმდროინდელი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი საჩივარი ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შესწავლის შესახებ გადაეგზავნა იმავე უწყებას და პირს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, გრიგოლ ბესელიას, რომელმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავა. გარდა იმისა, რომ ამ წერილით დაკავების კანონიერება განსახილველად გადაეგზავნა იმ პირს, რომელმაც თავად დააკავა მზია ამაღლობელი, საჩივრის განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. ეს გარემოებები, რომელიც მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული სისტემური ხარვეზის ნაწილია, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეფექტიან სასამართლო კონტროლს დაკავების კანონიერების შესწავლისას, რითაც დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი.
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
საჩივარში ვდავობთ, რომ 173-ე მუხლის საქმეზე დაირღვა კონვენციის 6(1) და 6(2) მუხლით გარანტირებული უფლებები, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო უსაფუძვლო, ხოლო დადგენილი ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებები იყო მცდარი და არაჯეროვანი. რეალურად საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელთა ჩვენებებისა, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფისა, თუ ამ უკანაკნელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მისამართით მოწოდების ფაქტებს. შედეგად, ორივე ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა და მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია მზია ამაღლობელი სამართალდარღვევად, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 11)
2025 წლის 30 აპრილს მზია ამაღლობელის მიმართ კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შედგა 150-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც მზია ამაღლობელს სტიკერის მიკვირს გამო შსს ედავებოდა შენობის იერსახის დამახინჯებას. ნიშანდობლივია, რომ 150-ე მუხლზე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია პოლიციელის, ნოდარ ზენაიშვილის მიერ, რომელმაც 2025 წლის 11 იანვარს თავად შეადგინა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი და სტიკერის მიკვრის ფაქტი თავადვე მიუთითა დაკავების მოტივად. საჩივარში მითითებულია, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციელებისთვის, ხოლო სტიკერის გაკვრას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არ არსებობდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებში ჩარევის გამამართლებელი საფუძველი, ხოლო წარმოებული ადმინისტრაციული საქმეები იყო თვითნებური და წარმოადგენდა მზია ამაღლობელის მიზანმიმართულ დასჯას“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სწრაფ ვადაში უკვე მიმდინარეობს მზია ამაღლობელის პირველი საჩივარის განხილვა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენებას, დაუსაბუთებელი პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონზე ექსპერტიზის ჩატარებას და სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არსებულ იმ დარღვევებს შეეხება, რომლებზე ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები უკვე ამოწურულია.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელის
უფლებების დარღვევის ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში ეტაპობრივად
კიდევ გაიგზავნება საჩივრები.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12
იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს.
პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო
დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის
საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის
სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების
შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ
დაუწყია.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების
დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. პატიმრობაში მას მკვეთრად დაუქვეითდა
მხედველობა.
მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო
ჯილდოს მფლობელი
გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის
პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.