კონკურსისთვის - ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026 განაცხადების
მიღება
დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჟურნალისტს
ან ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები
ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში 2025 წლის 20
ოქტომბრიდან 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში გაიცემა 7 საპრიზო კატეგორიაში:
კონკურსანტს ჩამოთვლილი კატეგორიებიდან მხოლოდ ერთის შერჩევა და ერთი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია. კონკურსში დაიშვება ქართულ ან ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და ორი ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 25 სექტემბერია.
სხვა მოთხოვნების, ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ, განაცხადის ფორმა და მითითებები კი ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მე-15 კონკურსი ჟურნალისტიკაში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 3 მაისს გამოაცხადა. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააარსა. კონკურსი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პრინციპებს ეფუძნება და მისი მიზანია ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა.
2026 წლის 31 მარტიდან „რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების (RFE/RL)“ რუმინული და ბულგარული სამსახურები, საბიუჯეტო სირთულეების გამო, საქმიანიობას წყვეტენ.
„ჩვენ ვამაყობთ იმ პრინციპული, დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიან და მადლიერები ვართ ამ გუნდების მიმართ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აუდიტორიისა და „რადიო თავისუფალი ევროპის“ მიმართ გაწეული ერთგულებისთვის“, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
„რადიო თავისუფლების“ რუმინული და ბულგარული რედაქციები თავდაპირველად 1950 წელს გაიხსნა. რუმინულ და ბულგარულ ენებზე რადიომაუწყებლობა 2004 წელს შეწყდა, 2019 წელს კი, ორივე მათგანის საქმიანობა ციფრული ფორმატით განახლდა.
„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლებას“ ფინანსური პრობლემები აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ შეექმნა.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც RFE/RL-ს საქმიანობას მეთვალყურეობს, კონგრესის მიერ 2025 წლისთვის გამოყოფილი დაფინანსების დაბლოკვა სცადა, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა დაეკისრა. USAGM-ის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნოემბერში „რადიო თავისუფლების“ უნგრული სამსახური დაიხურა.