კატეგორია: ბლოგი
ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირად ხდება ადამიანური ტრაგედიების მოწმე. რთული პროცესია - გააშუქო სიუჟეტი, შექმნა სტატია ისე, რომ დაიცვა სამი ძირითადი პრინციპი: არ ავნო რესპონდენტს, რომელიც დაზარალებულის როლშია, არ ავნო საზოგადოებას, ვისთანაც გინდა მიიტანო შეგროვებული ინფორმაცია და ბოლოს, არ ავნო საკუთარ თავს.

ჩემი ბლოგის დაწერის მიზეზი გახდა სიუჟეტი, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას პანაშვიდის მიმდინარეობისას რეპორტიორი ეკითხება: რამდენი ტყვია მოხვდა გულში თქვენს შვილს?

რომელ აუდიტორიას სჭირდება ტყვიის რაოდენობის და ლოკალიზაციის ცოდნა?რა ინფორმაციულ ღირებულებას შეიცავს ეს ცნობა? ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არანაირს!

სიუჟეტს დრამატიზაცია ემატება, თუ ეს ინფორმაცია მიღებულია გარდაცვლილის მამისგან პანაშვიდის მსვლეობისას. სიუჟეტში კარგად ჩანს, თუ როგორ შეშდება რამდენიმე წამის განმავლობაში მამა და ამბობს:

-არ ვიცი რამდენი ტყვიით... მოკლეს. ალბათ რომ სცოდნონდა ჟურნალისტს, რომ ადამიანი მწვავე ტრავმის გადატანის შემდეგ პირველი 24 საათი შესაძლებელია შოკის ფაზაზე იყოს , ამ კითხვას არ დასვამდა, არ მოუნდებოდა შოკის ფაზაზე მყოფი მამისთვის გაეცნობიერებინა ტყვიების რაოდენობა.

ტრავმული მოვლენები, როგორციაა ომი, ტყვეობა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, წამება, სექსუალური ძალადობა იწვევს მრავალფეროვან ფსიქიკურ დარღვევებს - მწვავე სტრესით გამოწვეულ აშლილობას, პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას და ა.შ.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პიროვნებისთვის გარკვეული შემაწუხებელი სიმპტომებით გამოიხატება და საჭიროებს სპეცილისტების ჩარევას (ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტისა ან ფსიქოლოგის). სპეცილისტების ამოცანაა ტრავმირებულ ადამიანს გაუწიონ დახმარება, რომელიც არ ხორციელდება ზეწოლით და არ იჭრება დაზარალებულის საზღვრებში, ეს დამზოგველი და დროში გაწერილი პროცესია. ტრავმაზე მომუშავე სპეცილისტი კლიენტთან ერთად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ტრავმული ისტორია კლიენტის მხრიდან არ იყოს “ერთი სულის მოთქმით გამოტანილი”, ზოგჯერ სწრაფი და არასწორი თხრობა იწვევს ე.წ. რეტრავმატიზაციის ფენომენს ანუ ტრავმის გაცოცხლებას.

დაზარალებულ ადამიანთან კომუნიკაციის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრავმის სპეციალისტებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. ადამიანები, რომლებმაც კრიზისული მოვლენა გადაიტანეს, შეიძლება ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები ან დაბნეულები იყვნენ. ზოგი შეიძლება საკუთარ თავსაც კი ადანაშულებდეს მომხდარში.

ჟურნალისტის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება, რომ გესმით მათი, დაეხმარება დაზარალებულებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, დაფასებულად. იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ და რომ არ არიან სენსაციის მომტანი “მასალა”

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც უხდება განსაცდელის შემდგომ ადამიანებთან ურთიერთობა:

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს რესპოდენტს. მოვეპყრათ არა როგორც მძიმე მოვლენის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ობიექტს, არამედ როგორც პიროვნებას. დავამყაროთ მასთან თანამშრომლობა მოვლენის ეკოლოგიურად გაშუქების მიზნით, გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს, ღირსებას და ამ გზით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს აუდიტორიას, საზოგადოებას. აქ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, ვიფიქროთ არა სენსაციასა და სანახაობაზე, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე;

· გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა გადამდებია!

საზოგადოებისათვის ტრავმის გადადების პირდაპირი გზა მედიასაშუალებებით მისი არასწორი გაშუქებაა, ჟურნალისტს კი ემუქრება საფრთხე, აღმოჩნდეს ტრავმის გადამცემის როლში.

· გავაშუქოთ მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს. ტრავმა და ტრავმული განცდები გადამდებია მისი თვითმხილველისათვის, ინტერვიუს ამღებისათვის. როდესაც ჟურნალისტი ხვდება ტრავმული მოვლენით დაზარალებულს, თავადაც არის რისკის ქვეშ (არის ტრავმული სიმპტომების საშიშროება). კვლევები აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 80-100% ტრავმულ გამოცდილებას აწყდება თავის სამუშაო გარემოში(e.g., Dworznik, 2011; Newman et al., 2003; Pyevich et al., 2003; Smith, 2008; Teegen&Gotwinkel, 2001)
კატეგორია: ბლოგი
ერთმა კაცმა დაკარგა თავისი ცული და იფიქრა, რომ ცული მეზობლის შვილმა მოიპარა. ყოველთვის, როცა ეს კაცი იმ ყმაწვილს ხედავდა, ფიქრობდა, რომ ის ნამდვილად ქურდია.

- განა ისე არ გამოიყურება, როგორც ნამდვილი ქურდი?

- განა ისე არ დადის, როგორც ნამდვილი ქურდი? - ფიქრობდა ეს კაცი.

ცოტა ხნის შემდეგ კაცმა თვისი ცული იპოვა. როდესაც მეორე დილით თავისი მეზობლის შვილი დაინახა, ის უკვე აღარ ჰგავდა ქურდს. (ლაო-ძი)

მედიის წარმომადგენლები მუდმივად დგანან გამოწვევის წინაშე, როგორ მიიტანონ ინფორმაცია საზოგადოებასთან, გამოწვევა კიდევ უფრო მაშინ მძაფრდება, როცა საქმე პირადი, ადამიანური ტრაგედიების ან მძიმე დანაშაულის გაშუქებას ეხება. ეს არის ხელოვნება - შეძლო და არ ჩადო მძიმე ისტორიაში შენი განცდები.

ამჯერად მედიის მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გაშუქებისას კონკრეტული პირების მიმართ სიტყვა „მანიაკის“ გამოყენებაზე მსურს ყურადღების გამახვილება. ალბათ, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგი მაგალითია ე.წ.“რუსთაველი მანიაკის” შემთხვევა. გამოძიების პროცესში, სხვადასხვა დროს, „რუსთაველი მანიაკის“ საქმეში 16 ეჭვმიტანილი ფიგურირებდა. აი ასე, დააკავებდნენ ადამიანს „მანიაკობის“ ბრალდებით, შემდეგ გამოუშვებდნენ, მტკიცებულებები არ გვაქვსო, მერე სხვას დაიჭერდნენ და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. მედიაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გამოძიებას, ყოველ ახალ ეჭვმიტანილზე ახალ სენსაციურ ისტორიებს თხზავდა, მტკიცებით ფორმაში ჰყვებოდა გოგონების გაუპატიურების, წამების შესახებ, აქვეყნებდა „მანიაკობაში ეჭვმიტანილი“ პირების ფოტოებს, პირად ისტორიებს. საბოლოოდ 16 ეჭვმიტანილიდან დანაშაული მხოლოდ ერთს დაუმტკიცდა, დანარჩენმა 15-მა კი „მანიაკის“ იარლიყით გააგრძელა ცხოვრება. ერთ-ერთ მათგანს პატიმრობაში ყოფნაც სრულიად უმიზეზოდ მოუწია.

მძიმე დანაშაულის გაშუქებისას „მანიაკს“ დღესაც იყენებენ, თუმცა, საბედნიეროდ, ისეთი სიხშირით აღარ, როგორც ეს „რუსთაველი მანიაკის“ შემთხვევაში იყო. გასაგებია, რომ გამომცემლობა ჟურნალისტისგან ითხოვს სენსაციას, საზოგადოებაც სწრაფად “ყიდულობს” ეფექტებით გაჯერებულ მასალას, მაგრამ აქ ჩნდება რისკი, რომ შესაძლოა, ჟურნალისტური მასალა “ინფიცირების წყაროდ” ჟურნალისტი კი - „ინფექციის გამავრცელებლად“ იქცეს. დარტ ცენტრის (ბერლინი, ტრავმა და ჟურნალისტიკა) მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი გაშუქებული ჰომოციდი ან სუიციდი ზრდის ახალი დრამატული მოვლენების ტალღას. თითქოს ძალადობა კასკადური ხდება და ეს კასკადურობა მით უფრო იზრდება, რაც უფრო მძიმეა ჩადენილი დანაშაულის ბუნება.

გადამწყვეტ როლს სერიული მკვლელების ფსიქოლოგიაში ფანტაზია წარმოადგენს. ასეთი ადამიანების ფსიქოლოგიის შესწავლისას ჩანს, რომ მათ ხშირად ბავშვობის ასაკიდან აქვთ სიამოვნების განცდის მიღების პათოლოგიური სურვილი და ეს სურვილი მათ ფანტაზიებშია. ისინი დანაშაულის ჩადენამდე ფანტაზიორებენ თუ როგორ მოხდება ეს მოვლენა და ამ პროცესით იღებენ სიამოვნებას. ყოველი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დგება ე.წ.დეპრესიის ფაზა, დაუკმაყოფილებლობის მძაფრი შეგრძნება, თითქოს ჩადენილმა არ მიანიჭა ის კმაყოფილება, რასაც ელოდა პროცესისგან და დამნაშავე ამ ფაზაზე ეძიებს ნებისმიერ მასალას, რომელიც დაიწერება, რომელიც ამ მოვლენის შესახებ სიუჟეტად იქცევა. ამაშია ჟურნალისტის ამოცანა, საჭიროა კი რომ პრობლემური ფსიქიკის მქონე პიროვნებებს მივცეთ მხატვრული აღწერილობის მასალა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ მოტივაციას ან ადამიანებს , რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ასეთი ტიპის ფანტაზიებისკენ, მივცეთ სტიმული, გააკეთონ მსგავსი ფანტაზიების რეალიზება.

ტერმინი “სერიული მკვლელობა” 70-იანი წლების ბოლოს ევროპაში გაჩნდა და სიტყვა “მანიაკი“ ჩაანაცვლა. ტერმინის სწორად შერჩევამ მნიშვნელოვნად შეამცირა მკვლელობების ტალღა. ერთი მხრივ, ეს ტერმინი ხსნის მომხდარ ფაქტს და მეორე მხრივ, არ აწებებს იარლიყს კონკრეტულ ადამიანს.

სერიული მკვლელობების და ძალადობის რიცხვი მზარდი ხდება, როცა საქმეში იარლიყი ჩნდება - განსაკუთრებით მძიმეა იარლიყი “მანიაკი”. „მანიაკი“ საინტერესოდ ჟღერს, ყურადღებას იქცევს და ასეთ მასალას მკითხველთა დიდი რაოდენობაც გარანტირებული აქვს. ამ დროს აღარავის ახსოვს უდანაშაულობის პრეზუმფცია, სწრაფად და უაპელაციოდ ვაკრავთ ადამიანს „მანიაკის“ იარლიყს.

ეს არ არის მისტიკური წრე, ეს ხილული პროცესია, რის შექმნაში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენ იოლად ვიმეტებთ ადამიანებს, ძალადობის ფაქტის შთამბეჭდავი აღწერილობით ვაფარებთ საზოგადოებას “ეჭვის სქელ ტილოს” ,რის ქვეშაც მარტივია დადანაშაულება და ძალადობის გაღვივება.