კატეგორია: ბლოგი
მე ვარ აუტიზმის მქონე ბავშვის დედა და იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ჩემი შვილი, ძალიან ბევრს ვიბრძვი. ამ ბრძოლაში მე მჭირდება მოკავშირე და ამ მოკავშირედ მედიას მივიჩნევ.

ჩემს შვილს, და არა მხოლო მას, სწორედ დღეს სჭირდება ჟურნალისტების გვერდით დგომა იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს, იმისთვის, რომ ის ინტეგრირდეს საზოგადოებაში, სადაც ღირსეულად და დამოუკიდებლად იცხოვრებს.

მედიას დიდი როლი აკისრია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი სწორ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობდეს იმ საკითხის შესახებ, რაზეც მუშაობს.

როცა ჟურნალისტი გირეკავს და გეუბნება, რომ შენი შვილის გადაღება უნდა, ძალაუნებურად იწყებ ანალიზს - რატომ? რა შეიძლება იყოს ჩემი ინტერესი?

მე არ მსურს სიუჟეტი კეთდებოდეს უმიზნოდ, უსაფუძვლოდ. ბავშვის ცისფერ ეკრანზე გამოჩენაც, ცხადია, ვერ იქნება მიზანი. ჩემი ინტერესია, მედიამ საკითხი გააშუქოს ისე, რომ აამაღლოს მაყურებლის ცნობიერება, შექმნას პოზიტიური განწყობა.

ბევრ ჟურნალისტთან მქონია ურთიერთობა და თანამშრომლობის შედეგად მათ ნამდვილად კარგი სტატია თუ სიუჟეტი შეუქმნიათ. მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც, როგორც მშობელს, ძალიან მეტკინა გული.

ერთ-ერთ ჟურნალისტთან შეთანხმებული ვიყავი, რომ ჩემს შვილს გადაიღებდა ცურვის დროს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არაფერი შეუძლია. სწორედ ამ მცდარი შეხედულების გაქარწყლება მინდოდა იმის ჩვენებით, რომ დიახ, ჩემს შვილს აქვს აუტიზმი და მასაც შეუძლია ძალიან კარგად ცურვა და ყვინთვა. სამწუხაროდ, ჟურნალისტი და ოპერატორი 40 წუთის დაგვიანებით მოვიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ტექნიკის აწყობა, რასაც დამატებით დრო სჭირდებოდა. ბავშვი აღარ ჩერდებოდა წყალში.

თუ აუტიზმის შესახებ ფლობ ცოტაოდენ ინფორმაციას მაინც, აუცილებლად გეცოდინება, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს ძალიან უჭირთ ლოდინი და მასთან შესახვედრად არ უნდა დაიგვიანო.

როდესაც ჟურნალისტს საყვედური ვუთხარი დაგვიანებისთვის, მან განმიცხადა, რომ ჩემს ინტერესებშიც არის ჩემი შვილის გადაღება და ამიტომ საყვედური არ უნდა გამოვთქვა. ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ჟურნალისტს ჰგონია, ყველაფერზე თანახმა ხარ, ოღონდაც შენი შვილი გადაიღონ და ტელევიზორში აჩვენონ.

რაღა თქმა უნდა, ბავშვი ამოვიყვანე აუზიდან და სახლში წამოვიყვანე.

მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალისტმა საერთოდ გადაიფიქრა ჩემი შვილის გადაღება მას შემდეგ, რაც მან ბავშვის ტანტრუმი (ტანტრუმი- ბავშვის უეცარი ჭირვეულობა, ისტერიკა)დაინახა. ტანტრუმი კი დაემართა იმიტომ, რომ მას შტატივით თამაში უნდოდა და გადაღება ჩაიშალა. შეთანხმებულები ვიყავით, რომ მეორე დღესაც უნდა გადაეღოთ ბავშვი, მაგრამ საღამოს გადაიფიქრა. მიზეზად დაასახელა ის, რომ ეთერში გასვლამდე ცოტა დრო რჩებოდა და ვეღარ მოასწრებდა. არადა რამდენიმე კვირით ადრე შევთანხმდით, რომ 2-ჯერ მოვიდოდა ბავშვის სხვადასხვა ვითარებაში გადასაღებად.

ამ დროს გამახსენდა სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაცია ერთ ამერიკელ სტილისტზე, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვს თმას იატაკზე დაწოლილი ჭრიდა.

ტანტრუმმა არ უნდა შეგაშინოს და იატაკზეც კი უნდა დაწვე, თუ ნამდვილად იმ საქმის გაკეთება გინდა, რასაც ემსახურები.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი და მას შემდეგ გადავწყვიტე, რომ არც ერთ ჟურნალისტს არ მივცემ ჩემი შვილის გადაღების უფლებას, თუ მას არ ეცოდინება, რა არის აუტიზმი, როგორია აუტიზმის მქონე ადამიანი და როგორ უნდა დაამყაროს კონტაქტი მასთან. მე მინდა, ჩემი შვილი საზოგადოებამ მიიღოს როგორც პიროვნება და არა როგორც რეიტინგის ასამაღლებელი საშუალება. გარდა რეიტინგისა, ჟურნალისტი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე.

როდესაც აპირებ სიუჟეტის გაკეთებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ, აუცილებლად უნდა იცოდე, თუ რა არის შეზღუდული შესაძლებლობა, რას ნიშნავს ინკლუზია და ინკლუზიური საზოგადოება, გაეცნო იმ ადამიანის “დიაგნოზის” ყოველ დეტალს, ვის შესახებაც წერ ან ვის გადაღებასაც აპირებ, რომ უხერხულობა არ იგრძნო არც შენ და არც რესპონდენტმა.

მედიის გავლენა საკმაოდ დიდია საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

როგორც მედია წარმოაჩენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ისეთებად მიიღებს მას საზოგადოება. დავადებთ ტრაგიკულ მუსიკალურ ფონს სიუჟეტებს - საზოგადოება მათ მიიღებს „საცოდავ“ ადამიანებად, წარმოვაჩენთ მათ „გმირებად“ - მოვახდენთ პოზიტიურ დისკრიმინაციას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, უბრალოდ მათ ხელშეწყობა სჭირდებათ იმისათვის, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ.

მარი კორკოტაძე, ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ"
კატეგორია: ბლოგი
მას შემდეგ რაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ვიბრძვი იმისთვის, რომ ის ინტეგრირდეს საზოგადოებაში. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. ინკლუზიური საზოგადოება კი გულისხმობს ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველა ადამიანია გაერთიანებული, სადაც ერთმანეთის ღირსებას და პიროვნებას პატივს სცემენ, სადაც ყველა თანასწორია.

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის მე-19 მუხლიც ითვალისწინებს შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციას.

დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძირითადად სახლში იმყოფებიან. ზოგი სახლიდან ვერ გამოდის იმიტომ, რომ მისთვის გარემო არ არის ადაპტირებული, ზოგის შემთხვევაში კი დიდ როლს თამაშობს სტიგმა და სტერეოტიპები. მიუხედავად ამისა, არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც არაფერს უშინდებიან, გამოდიან გარეთ და უფლებებისთვისაც იბრძვიან.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. როგორც ჩვენ შეგვიძლია დავუდგეთ მათ გვერდით, ასევე შეუძლიათ მათაც დაგვიდგნენ ჩვენ. ამის დასტური იყო 2016 წლის 4 თებერვალს მათი აქტიურობა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, სადაც პარლამენტარ გოგი თოფაძის მიერ გაჟღერებულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ვაპროტესტებდით.

აქცია თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა. უამრავი ფოტო და სიუჟეტი გავრცელდა. თუმცა გავრცელდა კადრებიც, სადაც აქციის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის ბავშვებს) სახე დაფარული ჰქონდათ. ალბათ არავის მოგვეწონებოდა, ჩვენი სახე ასე დაფარული რომ გვენახა, ალბათ დავიწყებდით ფიქრს, თუ რატომ დამალეს ჩვენი სახე და როდესაც აღმოვაჩენდით, რომ ამის მიზეზი ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობაა, თავს აუცილებლად დისკრიმინირებულად ვიგრძნობდით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პირველ რიგში, უნდა აღვიქვათ პიროვნებებად და ჩვენს თანასწორად, პატივი უნდა ვცეთ მათ აზრს და გამოხატვის თავისუფლებას. აქციაში მონაწილეობა არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. თუ მათ სახეებს დავფარავთ, ვერ მოვახდენთ მათ სრულ და ეფექტურ ინტეგრაციას.

ამ ყველაფერს არ ვწერ იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა ვასწავლო ან რჩევა-დარიგება მივცე. უბრალოდ, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მინდა, რომ ყველამ ერთად ვისწავლოთ, თუ როგორ შევქმნათ ინკლუზიური საზოგადოება.