თავისუფალი სიტყვა კვლავ ჩახშობის საფრთხის წინაშე
15.05.2025
კატეგორია - ბლოგი

ფოტო : ქავერი წიგნისა Cold War Radio: The Russian Broadcasts of the Voice of America and Radio Free Europe/Radio Liberty


რას უპირისპირებდა საბჭოთა ხელისუფლება დასავლურ საინფორმაციო კამპანიას - გოგი თუშმალიშვილი, ჟურნალისტი, წიგნის - „მედიაპოლიტიკა: სიტყვიერი, ბეჭდვითი და გამოსახულებითი კომუნიკაციების შესახებ“ ავტორი სპეციალურად „მედიაჩეკერისთვის“ . 


მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის სახელისუფლებო ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE), რომელსაც ხელმძღვანელობს ილონ მასკი, გაახმოვანა წინადადება, თანხების დაზოგვის მიზნით „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ. თავად ილონ მასკმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად: 1) ევროპა უკვე თავისუფალია (თუ არ მივიღებთ მხედველობაში მგუდავ ბიუროკრატიას); 2) მათ აღარავინ უსმენს; 3) მხოლოდ რადიკალი გიჟი მემარცხენეები ესაუბრებიან ერთმანეთს და ამით ქარს მიაქვს ამერიკელი გადამხდელის 1 მილიარდი დოლარი წელიწადში.

მალევე, დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება „გლობალური მედიის ამერიკული სააგენტოს“ (USAGM) შემცირების თაობაზე, „ბიუროკრატიის შეზღუდვის“ მოტივით. იმავდროულად, RFE/RL-ის თანამშრომლებმა მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ ჩაებარებინათ სააკრედიტაციო ბარათები, სამსახურებრივი ტელეფონები და სხვა ეკიპირება. ერთი სიტყვით, ისინი დაითხოვეს სამსახურიდან. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მმართველები, ხოლო RFE/RL-ის დირექტორმა სასამართლოში გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ამ რადიოსადგურების დახურვა „დიდი საჩუქარია ამერიკის მტრებისთვის.“

ამ მხრივ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ყველა იმ ტოტალიტარული სახელმწიფოს მოსახლეობა, იქნება ეს რუსეთი, კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო თუ შორეული აღმოსავლეთი, დარჩება მართალი სიტყვისა და მიუკერძოებელი ინფორმაციის გარეშე, რაც ვერანაირად ვერ მოემსახურება თვით ამერიკის შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესებს.


„დასავლური ხმების“ დაფუძნების მიზეზები

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ცხადი შეიქმნა, რომ საბჭოთა კავშირსა და ანგლოსაქსურ ქვეყნებს შორის ომისდროინდელი მოკავშირეობა მხოლოდ პრაგმატული მიზნებით იყო განპირობებული და რომ ის იდეოლოგიური ნაპრალი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთ სამყაროებს შორის არსებობდა, პრობლემურს გახდიდა მშვიდობიან თანაარსებობას.

მოსკოვიდან წამოსული აგრესიული რიტორიკისა და, განსაკუთრებით, საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტური ქმედებების ფონზე, პრეზიდენტ ტრუმენის ადმინისტრაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ყველაფრისთვის აქტიური საინფორმაციო პოლიტიკა უნდა დაეპირისპირებინა. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ბეჭდვითი ნაწარმის ან კინოფირების გატანა „რკინის ფარდის“ მიღმა, საბჭოთა მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი აღმოსავლეთ ვროპელებისთვის, ხმის მისაწვდენად ერთადერთ საშუალებად რადიომაუწყებლობა რჩებოდა.

ჯერ კიდევ 1945 წლის ნოემბერში აშშ-ის ელჩმა მოსკოვში, ავერელ ჰარიმანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეერთებულ შტატებს უნდა აეგო მძლავრი რადიოსადგური ევროპაში, რომელიც წამოიწყებდა მაუწყებლობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მისამართით და მათ მშობლიურ ენებზე გაავრცელებდა ობიექტურ ინფორმაციას. თავის ერთ-ერთ ანგარიშში ჰარიმანი იუწყებოდა, რომ საბჭოთა პროპაგანდა გამუდმებით ცდილობდა ამერიკის გამრუდებული სურათი დაეხატა. მაგალითად, კრემლის პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ ომის დამთავრების შემდეგ შეერთებულ შტატებში სამხედრო ინდუსტრიაზე მომუშავე ექვსი მილიონი ქალი იძულებული გახადეს მეძავებად ან მაღაზიების ვიტრინებში ცოცხალ მანეკენებად ემუშავათ. ელჩი ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდებდა ჩამოეყალიბებინა ქმედითი და გააზრებული საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც თავიანთ ენებზე „სიმართლეს ეტყოდა რკინის ფარდის მიღმა მყოფ ხალხს.“

მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზარდა 1950 წელს კორეის კონფლიქტის დაწყებისთანავე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ მთლიანად ვაშინგტონსა და „მას დაქვემდებარებულ“ ქვეყნებს გადააბრალა.


უხერხულობა სიტყვა „პროპაგანდის“ გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული, ომისშემდგომი „შეკავების პოლიტიკისთვის“ აუცილებელი იდეოლოგიური კომპონენტი ანუ მისი პროპაგანდისტული მხარდაჭერა პირველ ეტაპზე საგრძნობ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ტერმინს - „პროპაგანდა“ ამერიკაში იმპერიალიზმთან, ბელიციზმთან, დიქტატურასთან და, საერთოდ, ყოველივე დემონურთან აიგივებდნენ. ამერიკული ისტებლიშმენტის მრავალი წარმომადგენლისთვის პროპაგანდა არ თავსდდებოდა ამერიკულ ტრადიციებთან. „ჯენტლმენები არ კითხულობენ სხვის წერილებს“, - ამბობდა ჰენრი სტიმსონი, რომელსაც თავის დროზე სამხედრო მდივნის (Secretary of War), შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.

თუმცა, მალევე გამოიძებნა გამოსავალი და იმას, რაც ფაქტობრივად სხვა არაფერი იყო, თუ არა პროპაგანდა, „სიმართლის კამპანია“ (Campaign of Truth) დაერქვა. პრეზიდენტ ტრუმენის განმარტებით, აუცილებელი იყო „იმპერიალისტური კომუნიზმის ძალებს, მარტივი, პირდაპირი, შეულამაზებელი სიმართლით“ დაპირისპირებოდნენ.

„სიმართლის კამპანიის“ არსს ოთხი ძირითადი კომპონენტი განსაზღვრავდა: „ჯანსაღი“ საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბება; ამ საზოგადოებისთვის ამერიკის მიზნების სათანადოდ წარდგენა; საბჭოთა მავნებლური პროპაგანდის განეიტრალება; და, ყველა არსებული საშუალების გამოყენებით, მსოფლიო მასშტაბით საბჭოთა გავლენის შეფერხება.


„რადიო თავისუფალი ევროპა“/„რადიო თავისუფლების“ დაფუძნება

„რადიო თავისუფალი ევროპა“ (Radio Free Europe - RFE), რომელმაც ფრანკფურტის მახლობლად, ლამპერტჰაიმში აგებული გადამცემიდან დაიწყო მაუწყებლობა, 1950 წლის ივლისში დაფუძნდა. პირველ ხანებში გადაცემები ხუთი ქვეყნის: ჩეხოსლოვაკიის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მიმართულებით ხორციელდებოდა. თანაც, „ამერიკის ხმისა“ და BBC-სგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მოკლე პერიოდებით მაუწყებლობდნენ, RFE დღეში 18-საათიან მაუწყებლობას გეგმავდა და, ამდენად, ის სამიზნე ქვეყნებში სრულფასოვანი მედიუმი ხდებოდა.

1953 წლის პირველ მარტს, სტალინის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, კიდევ ერთი რადიოსადგური - „რადიო თავისუფლება“ (Radio Liberty - RL) ამოქმედდა. თეორიულად „რადიო თავისუფლება“ იმავე ამოცანებს ემსახურებოდა, რასაც „რადიო თავისუფალი ევროპა“. თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით, მისი სამიზნე არა კრემლის სატელიტი ქვეყნები, არამედ თვით საბჭოთა კავშირი იყო. ეს რადიოსადგური სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი თექვსმეტივე რესპუბლიკის ენაზე მაუწყებლობდა.

სტალინურ საბჭოთა კავშირში დასავლური სადგურების მოსმენა სერიოზულ რისკებს შეიცავდა. აპარატის შეძენისას, რომლის ფასი საბჭოთა მოქალაქის თითქმის ერთი თვის ხელფასს უდრიდა, მყიდველს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარედგინა და, სავარაუდოდ, მისი მონაცემები უშიშროების სამსახურებში იგზავნებოდა. თუ ვინმეს წაუსწრებდნენ დასავლური სადგურების მოსმენისას, ამ პიროვნებას შეიძლება უსიამოვნება შეხვედროდა სასწავლებელსა თუ სამუშაო ადგილზე.


რას უპირისპირებდა დასავლურ საინფორმაციო კამპანიას საბჭოთა ხელისუფლება?

საწყის ეტაპზე დასავლური მაუწყებლობისადმი საბჭოთა ხელისუფლების დაპირისპირება ძირითადად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა. პირველ რიგში, ეს იყო კონტრპროპაგანდისტული აგიტაცია, როდესაც საბჭოთა ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები მასობრივ მედიასაშუალებებში სისტემატურად გმობდნენ დასავლური პროპაგანდის მიერ „საბჭოთა რეალიების გაშავების“ მცდელობას. ეს აგიტაცია თავისი ფორმით მრავალმხრივი იყო. მაგალითად, 1950 წელს კონტრპროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში დაიდგა სპექტაკლი „ამერიკის ხმა“, რომლისთვისაც დრამატურგ ბორის ლავრენიევს სტალინური პრემია მიენიჭა.

დაპირისპირების მეორე მიმართულება ელემენტარულ ჩახშობას გულისხმობდა. 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული საბჭოთა კავშირში 1400 სპეციალიზებული ჩამხშობი სადგური აიგო, რომლებიც „ამერიკის ხმის“, “ბი-ბი-სის“, „რადიო თავისუფლების“ და სხვა დასავლური  სადგურების ტრანსლაციების დაახლოებით 60%-ს წვდებოდა.

თუმცა, ამ ჩამხშობი სადგურების უარყოფით მხარეს მათი განსაკუთრებული სიძვირე წარმოადგენდა. BBC-ის მიერ 1980-იან წლებში მომზადებული ანგარიში იტყობინებოდა, რომ საბჭოთა კავშირს ჩახშობის ოთხი დღე იმდენივე უჯდებოდა, რაც BBC-ის მთელი წლის განმავლობაში რუსული რედაქციის შენახვა. „რადიო თავისუფლების“ მონაცემებით, საბჭოთებს ჩახშობა წელიწადში 250-300 მილიონი დოლარი უჯდებოდათ.

დასავლური სადგურების მოსმენის აკრძალვითი ზომები აბსურდამდე მიდიოდა. საბჭოთა  და კრემლის სატელიტი ქვეყნების სკოლებში მასწავლებლები მოუწოდებდნენ მოსწავლეებს, დაჰკვირვებოდნენ საკუთარ მშობლებს და თუ შეამჩნევდნენ, რომ უფროსები რადიოსადგურებს უსმენდნენ, ეს მათ სკოლისთვის უნდა ეცნობებინათ.


რას წარმოადგენდა თვით საბჭოთა პროპაგანდა?

ფრანგი ლიტერატორი, მარკიზი დე კიუსტინი ჯერ კიდევ 1839 წელს წერდა, რომ რუსეთში საზოგადოებრივი მოწყობის ენდემური მახასიათებლებია იდუმალება და სიმართლის მიჩქმალვა: „აქ ცრუობა საზოგადოების დაცვას ნიშნავს, სიმართლის თქმა კი სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია“. ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომა კიდევ უფრო გამძაფრდა საბჭოთა მმართველობისას. ამასთან ერთად, დასავლური პროპაგანდის საპასუხოდ, საჭირო იყო კონტრზომების შემუშავება, საბჭოთა საინფორმაციო საშუალებების არსებულ რეალობასთან ადაპტირება.

1964 წლის აგვისტოში მაუწყებლობა დაიწყო საბჭოთა კონტრპროპაგანდის უმთავრესმა იარაღმა, რადიოსადგურმა Маяк („შუქურა“). Маяк -ის ფორმატი დასავლურ მოდელზე იყო აგებული: 24-საათიანი მაუწყებლობა ახალი ამბების განმეორებითი ბლოკებისგან შედგებოდა, შუალედებში კი მუსიკა, ინტერვიუები და კომენტარები გადაიცემოდა. დასავლურ საინფორმაციო საშუალებებთან ბრძოლაში საბჭოთა ჟურნალისტებს, იდეოლოგიურ სიფხიზლესთან ერთად, სამაგალითო ოპერატიულობაც უნდა გამოეჩინათ.

მაგრამ, არსებული ბიუროკრატიული სისტემიდან გამომდინარე, საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები ინფორმაციის სწრაფად გავრცელების თვალსაზრისით მუდამ წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ. თუ დასავლელი ჟურნალისტები ინფორმაციის გამოქვეყნებისას მხოლოდ თავიანთ პროფესიულ მსჯელობას ეყრდნობოდნენ, მათი საბჭოთა კოლეგები ცენზორი ინსტანციის - „მთავლიტის“ გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდნენ. ეს კი, თავისთავად, აფერხებდა ინფორმაციის გავრცელების სისწრაფეს.


დაშინება, მკვლელობები, ტერაქტები

„ცივი ომის“ პირობებში მიმდინარე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში სსრკ და მისი სატელიტი ქვეყნები მხოლოდ კონტრპროპაგანდისტული და სააგიტაციო მეთოდებით არ შემოიფარგლებოდნენ. საბჭოთა საიდუმლო სამსახურების ზედამხედველობით ფართოდ გამოიყენებოდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში საკუთარი აგენტების ჩანერგვის პრაქტიკა, ამ რედაქციების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ორგანიზება და ზოგჯერ არასასურველი ჟურნალისტების ლიკვიდაციაც კი.

რადიოსადგურების რედაქციებში ინფილტრირებული აგენტების მეშვეობით, აღმოსავლური სპეცსამსახურები იმ ემიგრირებული ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენდნენ, რომლებიც რადიოსადგურებში იყვნენ დასაქმებულნი და „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილი მათი ახლობლებისა და ნათესავების წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართავდნენ. მეტიც, ნადირობა იყო გამოცხადებული თვით ამ ემიგრირებული პერსონალის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზეც. 1954 წლის სექტემბერში „რადიო თავისუფლების“ ბელორუსული სამსახურის ჟურნალისტი ლეონიდ კარასი დამხრჩვალი იპოვეს მიუნხენის მახლობლად, მდინარე იზარში. ორიოდე თვის შემდეგ მიუნხენში, ერთ-ერთ ბინაში, მოკლული ნახეს ამავე რადიოსადგურის აზერბაიჯანული რედაქციის ხელმძღვანელი აბო ფატალიბეი.

1978 წლის სექტემბერში ქოლგის ჩხვლეტით, სასიკვდილოდ მოწამლეს ბულგარელი დისიდენტი-მწერალი გეორგი მარკოვი, რომელიც ლონდონში, BBC-ის რედაქციაში მუშაობდა. 1981 წლის თებერვალში, მიუნხენში მდებარე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისში მოხდა აფეთქება. ვარაუდობენ, რომ რუმინელი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს დავალებით აფეთქება განახორციელა ცნობილმა ვენესუელელმა ტერორისტმა ილიჩ რამირეს სანჩესმა („კარლოსი“). თუმცა, КГБ-ს ყოფილი აგენტის, ოლეგ კალუგინის ინფორმაციით, აფეთქება განახორციელა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ რადიოსადგურში ჩანერგილმა აგენტმა.


დასავლური რადიოსადგურების პოლიტიკური გავლენა

„შეიძლება დედამიწამ მზის გარეშე იარსებოს?“ - ამბობდა 1980-იანი წლების პოლონური საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ლეხ ვალესა. მისი თქმით, პოლონეთში დემოკრატიული მოძრაობის დაბადებისთანავე „რადიო თავისუფალი ევროპის“ პოლონური სამსახური თან ახლდა ამ ბრძოლის ყველა ნაბიჯს როგორც 1980 წლის ერთობის დღეებში, ისე 1981 წლის, ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და ოპოზიციის ლიდერების დაკავების ძნელბედობისას: „ეს ჩვენი რადიოსადგური იყო. მაგრამ არა მხოლოდ რადიოსადგური. აკრძალული ნაწარმოებების ჩვენთვის წარმოდგენისას, ის ჩვენი კულტურის სამინისტრო იყო. აბსურდული ეკონომიკური პოლიტიკის გაშუქებისას, ის ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო იყო. ამა თუ იმ მოვლენაზე სათანადოდ და სწრაფად რეაგირებისას, ის ჩვენი ინფორმაციის სამინისტრო იყო“.


დასავლეთ სადგურების როლი საბჭოთა სისტემის რღვევაში

საბჭოთა ხელისუფლება გამუდმებით მალავდა ნეგატიურ ინფორმაციას. საინფორმაციო საშუალებები არასდროს, ან დიდი გაჭირვებით ახმოვანდებდნენ ბუნებრივ თუ ადამიანის შეცდომის შედეგად მომხდარ კატასტროფებს. საკმარისია ითქვას, რომ 1986 წლის 26 აპრილის ღამეს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შესახებ დასავლურმა რადიოსადგურებმა იმავე დღეს აცნობეს სამყაროს, ხოლო საბჭოთა მთავრობამ მხოლოდ 28 აპრილს, საღამოს ცხრა საათზე გააკეთა განცხადება. თანაც, ჩერნობილი ცენტრალური ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ რიგით მეშვიდე სიუჟეტი იყო. საბჭოთა ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი საბჭოთა ტელევიზიით აფეთქებიდან მხოლოდ სამი კვირის თავზე, 14 მაისს გამოჩნდა და ისიც იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის „დისკრედიტაციის მცდელობაში“ დასავლური მედია დაედანაშაულებინა.

ჯამში, ხალხის იმ რაოდენობამ, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ჩერნობილის შედეგები და დროის იმ მონაკვეთმა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას სიმართლის სათქმელად დასჭირდა, მძიმე რეპუტაციული ზიანი მიაყენა იმდროინდელ რეჟიმს.


დასავლური რადიოსადგურები პოსტ-საბჭოთა რუსეთში

მართალია, 1991 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა ნება დართო „რადიო თავისუფლებას“ გაეხსნა საკუთარი ოფისი მოსკოვში, მაგრამ ვითარება მკვეთრად გაუარესდა პუტინის მმართველობისას. მას შემდეგ, რაც რუსეთში შემოიღეს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, „როსკომნადზორმა“, ანუ რუსეთის მედია-ზედამხედველობის სააგენტომ, ხუთასზე მეტი „ქეისი“ აღძრა RFE/RL-ის წინააღმდეგ, ხოლო დაწესებული ჯარიმების რაოდენობა 2,5 მილიონ დოლარს მიუახლოვდა. ამასთან, რადიოსადგურის რედაქციას პერმანენტულად ემუქრებოდა საპოლიციო რეიდები, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება და თანამშრომლების დაკავება. ჯამში, „რადიო თავისუფლება“, სხვა რვა ამერიკულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად, პირველ უცხოურ „მედია აგენტად“ გამოცხადდა ჯერ კიდევ 2017 წელს.

ამჟამად, პოლიტიკური მოტივებით „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობა აკრძალულია რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და ირანში.


და ბოლოს, ვითარება საქართველოში

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პროპაგანდისტული ნარატივი ტიპურად საბჭოთა, სტალინური სულისკვეთებისაა. ამ სულისკვეთებისთვის დამახასიათებელი პარანოიდალური ეჭვიანობა დასავლური სამყაროსადმი, დაუცველობის შეგრძნება და საკუთარი სირთულეების გადაბრალება „გარეშე ძალებზე“, უხვად გვხვდება მმართველი წრეების რიტორიკაში. ხელისუფალთა საკომუნიკაციო ენაში საკვანძო სიტყვაა - „სუვერენიტეტი“. ხშირად გვიმეორებენ, რომ არასდროს ყოფილა ქვეყანა ისეთი სუვერენული, როგორც ახლა, ხოლო „გარეშე ძალები“, პირველ რიგში კი მათი საინფორმაციო საშუალებები, ცდილობენ ეროვნული იდენტობის მოსპობას და, „ელგებეტე“ პროპაგანდაზე დაყრდნობით, სრულიად ქვეყნის მორალურად გარყვნას.

ამ მხრივ, ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე „რადიო თავისუფლებაა“, რომლის მიმართულებით მასირებული, ორგანიზებული შეტევების კონტურები იკვეთება. ამის ნათელი მაგალითია ამ მაუწყებლის ინტერნეტ-გვერდზე დაქირავებული ტროლ-ბოტებისა თუ გულმხურვალედ „ოცნებისტი“ მოქალაქეების მიერ დატოვებული ბრაზიანი, ხშირად შეურაცხყმყოფელი კომენტარები.

ცალსახად ნათელია, რომ რუსეთის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების მიზანს ალტერნატიული აზრისა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა წარმოადგენს.

 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ