მედიისთვის სასამართლოში მუშაობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა
30.06.2025


დღეს, 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები კამერებით არ შეუშვეს. ამოქმედდა„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ის ცვლილებები, რომლითაც სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში დაუშვებელი გახდა ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება  მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაუშვან.

სასამართლოსთან მყოფი ჟურნალისტები დილიდან ამბობდნენ, რომ სხდომის გადაღებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

საღამოს მედიის წარმომადგენლები საღამოს იუსტიციის საბჭოსთანაც შეიკრიბნენ. მათ საბჭოს მიმდინარე სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა მანდატურის სამსახურმა ჟურნალისტებს ამის შესაძლებლობა არ მისცა.

 

 

მედიის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან კომუნიკაციასა და სასამართლო პროცესების გადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილ განცხადებებზე დროულ რეაგირებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს მოქნილი წესი, რაც ჟურნალისტებს შესაძლებლობას მისცემს, სასამართლო პროცესების გასაშუქებლად ნებართვის მისაღებად, საბჭოს დისტანციურად, მარტივად და სწრაფად მიმართონ.

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების ამოქმედებას გამოეხმაურა„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციისთვის ნათელია, რომ ეს ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ პირდაპირ განზრახვით იყო მიმართული:

„აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები - ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და  გამჭირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა. დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება  ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ კი იუსტიციის საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, განცხადებებზე პასუხი სწრაფად მიიღოს.

ქარტიამ მოუწოდა საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოსაც, სხდომების ჩაწერაზე იზრუნონ და ეს ჩანაწერები მედიას დროულად და  გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ:

„იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად“.

დღის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დადგენილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეოჩაწერის და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ მიიღო. მასში ვკითხულობთ, რომ სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს დაწესებული აკრძალვების სათანადო აღსრულება დაევალათ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, 26 ივნისს მიიღო. 

კონტექსტი: საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 
31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტიც“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. 
კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ საჩივრებით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა კომუნიკაციების კომისიასაც. მიმართვის საფუძველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ის ცვლილებები გახდა, რომლითაც კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა.
ხუთ თვეზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი; სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“. ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 
ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მათ აქციების გაშუქებისას აჯარიმებენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვისაც“. ამასთან, დღემდე არ დასჯილან პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები. 

 

 

 

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ