ქარტია საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
01.05.2024
კატეგორია - საქართველო
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ 30 აპრილსა და 1 მაისს საპოლიციო ძალების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დაშლას გმობს და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები იტაცებდნენ ადამიანებს და დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორცული ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. 

ამ პროცესში საპოლიციო ძალების სამიზნე აღმოჩნდნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათი ერთი ნაწილის მიმართ საპოლიციო ძალებმა სპეციალური საშუალებები, კერძოდ, წიწაკის სპრეი, გამოიყენეს, ხოლო მეორე ნაწილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

,,ტვ პირველის” ცნობით და და ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ნანუკა ქაჯაია, დავით ბერაძე) იძალადა  - მათ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს (გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს). ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით,  მათ  ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში „პუბლიკას“ რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე, სრულიად მშვიდობიანად მდგომი, პოლიციელებმა ჯერ კორდონში შეითრიეს, სადაც მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც პოლიციელები მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ჟურნალისტი იყო, მათ რობი ზარიძის პატრულისთვის გადაბარება გადაწყვიტეს, თუმცა პატრული ვერ იპოვეს და საბოლოოდ ჟურნალისტი გაუშვეს. მას დაუბრუნეს ჩამორთმეული ტელეფონიც, თუმცა დაზიანებული. 
 
პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს, რომელსაც ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, მას უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  
ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ცნობით, დაშავდა ასევე CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ქმედების და ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა და მოძალადეები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ