„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ) გუშინ საქართველოს პარლამენტის
მიერ რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების გამო
შეშფოთებას გამოთქვამს.
კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებებია.
CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროექტების მენეჯერის, გულნოზა საიდის განცხადებით, საზოგადოების მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველი პარტიის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონის ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში მიღება, მედიის თავისუფლებას ახშობს.
„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ აღნიშნავს, რომ კანონის
საწინააღმდეგოდ გამართული მასობრივი აქციებისას ორგანიზაციამ პოლიციის
მხრიდან მედიის არაერთ წარმომადგენელზე ძალადობა დააფიქსირა. ასევე,
კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ კოორდინირებული დაშინების
კამპანია მიმდინარეობდა.
კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური კანონი მიმდინარე
წლის აპრილში ყირგიზეთშიც მიიღეს.