გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება კონფლიქტებისა და ომის დროს - ინტერვიუ ხატია ღოღობერიძესთან
12.10.2023
“უკრაინელი ქალები ფრონტის ხაზზე, მაგრამ არა სათაურებში” - Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ რესპონდენტებს შორის, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრობენ, მხოლოდ 23%-ია ქალი. ეს ერთი მაგალითიც კარგად აჩვენებს, რამდენად დიდი გამოწვევაა გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება, განსაკუთრებით კი, კონფლიქტებისა და ომის დროს.

საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან

  • მედია საზოგადოების ინფორმირებულობის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს - მას შეუძლია, სტერეოტიპები გააძლიეროს, ან პირიქით, დაამსხვრიოს.
  • კონფლიქტების გაშუქებისას, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული გენდერული პრობლემატიკა.
  • ჟურნალისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ კონფლიქტის ანალიზის დროს კაცებთან ერთად ქალების ხმები და შეხედულებები გათვალისწინებული იყოს.

თემის აქტუალობის გათვალისწინებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები. დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება ჟურნალისტებმა მასალის მომზადების, რესპონდენტების მოძიების, კითხვების დასმის, შეგროვებული მასალის დამუშავების პროცესში და ა.შ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე საუბრობს მედიაში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქების მნიშვნელობაზე.

მედიაჩეკერი: კონფლიქტებისა და ომის გაშუქება ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხილოა. მაგრამ როდესაც ამ გარემოებას გენდერულად მგრძნობიარე საკითხები ემატება, გაცილებით სენსიტიურია. როგორ ფიქრობ, რა არის ძირითადი გამოწვევები?

ხატია ღოღობერიძე: ზოგადად, გენდერულად სენსიტიური გაშუქება გამოწვევაა ჩვენს მედიაში და არა მხოლოდ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთობლივად გაგვეკეთებინა სახელმძღვანელო, რომლითაც ჟურნალისტებს მივცემდით რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება, მოიქცნენ ასეთ დროს.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ქალების საჭიროებებზე ნაკლები ყურადღების მიქცევა. არსებულ რეალობაში, როდესაც სამხედროების უმრავლესობა კაცია და საომარი მოქმედებები მიდის, მათზეა დიდი აქცენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ომის დროს ქალები არ ზიანდებიან და ომს არ აქვს მათზე გავლენა. მნიშვნელოვანია, ქალები ჩანდნენ მედიების მასალებში, მათ შორის, მათი საჭიროებებიც. ქალებს უფრო ხშირად ვხედავთ პასიურ როლებში და ნაკლებად ჩანან ქალები, რომლებიც არიან ლიდერები და ცვლიან გარემოს - იქნება ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა თუ სამხედრო ქალები, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ არსებული ვითარება გაუმჯობესდეს.

ერთ-ერთ მაგალითს გავიხსენებ - როდესაც უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარება გროვდებოდა, ყველას ახსოვდა ტანსაცმელი, მაგრამ არავის გახსენებია, ვთქვათ, ჰიგიენური საფენები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეულებრივ მარტივად ხელმისაწვდომი ნივთები ომის დროს რთულად საშოვნელია. ამიტომ მედია თუ გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, რა საჭიროებები აქვთ ქალებს, იქნება ძალიან კარგი.

სახელმძღვანელოში მოკლედაა მიმოხილული ტერმინოლოგია, რეკომენდაციები გაშუქებისა და უსაფრთხოების ნაწილში. ასევე, არის რეკომენდაციები მედიამენეჯერებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ ეთიკური გაშუქებისას. მაგალითად, გადაამზადონ ჟურნალისტები, უზრუნველყონ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება იმ რეპორტიორებისთვის, ვისაც უწევს მსგავს საკითხებზე მუშაობა და ა.შ.

მედიაჩეკერი: სახელმძღვანელო წესებში გაწერილია ძირითადი პრინციპები, რაც ჟურნალისტს ამ საკითხის გაშუქებისას მეტ ცოდნას მისცემს. როგორ აფასებ, ზოგადად, მსგავსი სახელმძღვანელო წესების არსებობასა და როგორია მათი გამოყენების პრაქტიკა მედიაში?

ხატია ღოღობერიძე: სახელმძღვანელო მაქსიმალურად ეყრდნობა დღევანდელ პრაქტიკას და ვეცადეთ, ისეთი ინფორმაცია შეგვეგროვებინა, რაც ჟურნალისტებს მიმდინარე პერიოდში გამოადგებოდათ. როცა ეს სახელმძღვანელო იქმნებოდა, ისრაელში ომი არ იყო, მომზადების იდეა უკრაინის ომის შემდეგ გაჩნდა. ვეცადეთ, რომ პრაქტიკული ნაწილი გაგვეთვალისწინებინა და ჟურნალისტებისთვის ყოფილიყო გამოსადეგი.

როგორც ჟურნალისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ხშირად შევსულვარ ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე, მინახავს სხვადასხვა სახელმძღვანელო და გამომიყენებია. უნდა ვიხელმძღვანელოთ წესებით და რეკომენდაციებით იმისთვის, რომ ჩვენი მედიაპროდუქტი იყოს სანდო და დაბალანსებული, მათ შორის, გენდერულად დაბალანსებული. მგონია, რომ ძალიან გამოსადეგი და ასევე მარტივად მოძიებადიცაა. ქარტიის ვებგვერდზე ყველას შეუძლია ნახოს და ჩაიკითხოს ძირითადი პრინციპები, რაც მუშაობისას გამოადგება.

მედიაჩეკერი: ჟურნალისტიც იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც იზრდება, შესაბამისად, შესაძლებელია, მასაც ჰქონდეს სტერეოტიპები. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა დაივიწყოს წინასწარ განწყობები და ისე გააშუქოს ამბავი?

ხატია ღოღობერიძე: მე ხშირად ვამბობ ხოლმე სწორედ ამას, რაც მკითხე. ჩვენ, ჟურნალისტებს ისეთივე განათლება გვაქვს, რასაც განათლების არსებული სისტემა გვაძლევს და ჩვენც ვართ ამ საზოგადოების ნაწილი. შესაბამისად, შეიძლება ვიყოთ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. ეს, ცხადია, არ არის კარგი, მაგრამ რეალობაა. მეორე მხარეს არის მედიის პასუხისმგებლობა. როდესაც ირჩევ ამ პროფესიას, გაქვს დამატებითი პასუხისმგებლობაც - შენ არ ხარ უბრალოდ დამკვირვებელი ან აუდიტორია, რომელიც მხოლოდ "მოიხმარს" ინფორმაციას, არამედ ხარ ადამიანი, რომელიც ავრცელებს მას.

ჟურნალისტი ვალდებულია, იზრუნოს თვითგანვითარებაზე და გამოიჩინოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მედიის როლი ძალიან დიდია. მედიას შეუძლია სტერეოტიპების როგორც გაღრმავება, ასევე პირიქით, მის დამსხვრევაში მონაწილეობის მიღება - ცხადია, მან უნდა აირჩიოს მეორე და ამისთვის აუცილებელია, მოინდომოს უფრო მეტ საკითხში გარკვევა. უნდა მოინდომონ მედიამენეჯერებმაც, რადგან მხოლოდ ჟურნალისტების ნებით ეს ვერ ხდება.

მედიაჩეკერი: ახლაც ახსენე და სახელმძღვანელოშიც ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გაქვთ გამახვილებული, არის მედიამენეჯერები. შენი შეფასებით, რამდენად დიდია მათი როლი და რამდენად ეკისრებათ პასუხისმგებლობა მედიამენეჯერებს გადაცდომების, ამბების სტერეოტიპულ გაშუქებაში?

ხატია ღოღობერიძე: ეთიკის ქარტიიდან რამდენ შეხვედრაზეც ვყოფილვარ ჟურნალისტებთან, ალბათ, ყველგან გაჟღერებულა ეს აზრი - ჩვენ კი ვიცით, რომ ასეა სწორი, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც მედიამენეჯერები სხვა რამეს გვავალებენ. რეალურად, მედიის გარკვეულ ნაწილში ეს პრობლემა არსებობს, როდესაც მედიამენეჯერები ერთპიროვნულად წყვეტენ, რა არის მათთვის უფრო საინტერესო და ეთიკურად გააშუქებენ თუ "სკანდალურად".

მედიამენეჯერების როლი მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ვუწოდებდი ერთგვარ პოლიტიკურ ნებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათი მხრიდან, რომ ეთიკურად გაშუქდეს ესა თუ ის საკითხი, განსაკუთრებით ქალებთან, უმცირესობებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა აქაც ჟურნალისტის პასუხისმგებლობას ვერ გამოვრიცხავდი. მესმის სამსახურის დაკარგვის საფრთხე, მესმის ის, რომ რთულია, ზემდგომს შეეწინააღმდეგო. შეიძლება, ჩემთვის ეს ნაკლებად რთულია, მაგრამ ვითვალისწინებ სხვა ადამიანების გამოცდილებასაც - ყველასთვის არ არის მარტივი ხელმძღვანელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და როდესაც იცი, რომ რაღაც არის არასწორი და გაქვს შენი პრინციპები და ღირებულებები, ძალიან რთულია, რომ ამაზე ხელი მოაწერო.

რეალურად, ორივე რგოლის მუშაობაა საჭირო. მხოლოდ მედიამენეჯერებს არ დავაკისრებდი პასუხისმგებლობას. თუმცა მგონია, თუ მათი პოლიტიკური ნება იქნება, ბევრად უფრო ეთიკურად გაშუქდება სხვადასხვა საკითხი, ვიდრე დღეს შუქდება.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ