საქართველოში არ გაზრდილა პრესის თავისუფლების ხარისხი — პასუხი პრემიერ ღარიბაშვილს
21.03.2023
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ამ დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ და ეს უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის, "საქართველოს გაზეთის" პირველი ნომრის გამოსვლის თარიღს — 1819 წლის 21 მარტს.

დღეს, 2023 წლის 21 მარტს, საქართველოს მთავრობის ფეისბუკგვერდმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ის ქართველ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და წერს, რომ მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს ჟურნალისტების პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.

"ამის დასტურია "ქართული ოცნების" მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი".

რეალობა, პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსის საპირისპიროა. პრესის თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუარესდა და უმთავრესად, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების გამო, როდესაც ძალადობრივი, პრორუსი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

საგულისხმოა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 5 ივლისის დილით, პრემიერ ღარიბაშვილმა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშს" "პროპაგანდისტული" უწოდა და თქვა, რომ აღლუმის ჩატარების იდეას "მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგება".

ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორები კი საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ დაუსჯია.



ამ სტატიაში, "მედიაჩეკერი" ხელისუფლებას შეახსენებს ფაქტორებზე, რამაც ქართული მედიაგარემო და პრესის წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა გააუარესა.

ფაქტი: საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა

ეს ინფოგრაფიკა მომზადებულია "პრესის თავისუფლების ინდექსის" 2017-2022 წლების მონაცემების მიხედვით . ინდექსში, საქართველოს პოზიციების დაღმასვლა, ფართო სურათით გვიჩვენებს, როგორ უარესდება მედიაგარემო.

alt

განსაკუთრებით, 2022 წელს და მსოფლიო ინდექსში, 180 ქვეყანას შორის, მე-60-დან 89-ე ადგილზე გადავინაცვლეთ. მეტწილად, სწორედ მედიის მიმართ, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძალადობისკენ წამაქეზებელი განცხადებების გამო, რისი ნათელი მაგალითია 2021 წლის 5 ივნისს, მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე ძალადობა.

საყურადღებოა, რომ

"ალტ ინფოს" ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორების დაუსჯელობა წელსაც ახალისებს ჟურნალისტების ფიზიკურ დაზიანებასა და მათზე მუქარებს. მაგალითია "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნატო გოგელია, რომელსაც "ალტ ინფოს" აქტივისტი ფიზიკურად გაუსწორდა 15 მარტს, ოზურგეთში.

ჟურნალისტი, მოძალადის მხარდამჭერებისგან იღებს მუქარის შემცველ წერილებს მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. მეტი

რატომ უნდა აღელვებდეს რიგით მოქალაქეს საქართველოს პოზიციების ვარდნა "პრესის თავისუფლების ინდექსში?"

იმიტომ, რომ:
  • პრესის თავისუფლების ხარისხი ქვეყნებისათვის, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია. თუ უარესდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება — უარესდება დემოკრატიის ხარისხი.
ორგანიზაცია ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე შეფასებაში მიუთითებს, რომ პრესის თავისუფლება, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, საქართველოში კიდევ უფრო გაუარესებულია და ამ კუთხით, ისევ პრობლემურ ქვეყნებს შორისაა.

ფაქტი: საქართველოში მედიაპლურალიზმი საფრთხის წინაშეა

"არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი" — წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტების მისალოც ტექსტში.

რას ნიშნავს მედიაპლურალიზმი?
  • მედიაპლურალიზმი, მრალაფეროვანი მედიის არსებობას ნიშნავს. განმსაზღვრელი ფაქტოები კომპლექსურია და ის მაშინ მიიღწევა, თუ ქვეყანაში არსებობს მრავალფეროვანი, სტაბილური, ფინანსურად მდგრადი მედიაკომპანიები, რომლებიც მრავალფეროვან შინაარსს სთავაზობენ აუდიტორიას. ორგანიზაციის “რეპორტიორიები საზღვრებს გარეშე” შეფასებით, სარეკლამო ბაზრის განუვითარებლობა და დაფინანსების პრობლემა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობას ქმნის მედიისთვის საქართველოში.
შესაბამისად, ფაქტები, ამ ნაწილშიც პრემიერის შეხედულების საპირისპიროა, რაზეც ასევე მოწმობს:
  • ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიამფლობელების მიმართ არსებული სასამართლო დავები და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, რაც, სწორედ მედიაპლურალიზმის დამაზიანებელ ფაქტორებად არის მოყვანილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში. სახდეპის ანგარიშზე დღეს, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენთვის [მთავრობისთვის] საინტერესო არ არისო.
გარდა ამისა,
  • მედიების ფინანასური ზიანისკენ იყო მიმართული გასულ, 2022 წელს, "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სასამართლო პროცესები კრიტიკული მედიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. მეტი

იგივე ნიშნები ჩანდა სხვადასხვა ქალაქის მერების მიერ, კოორდინირებულად შეტანილ სარჩელებში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ,
რადგან:
  • მერების მიერ სასამართლოში შეტანილი ყველა სარჩელი თითქმის იდენტურია ფორმით, სტრუქტურით, სიტყვებით და შინაარსით. მსგავსია სარჩელო მოთხოვნაც: ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარით.

უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა ოპოზიციური არხების მიმართ
  • 2022 წლის 23 აგვისტოს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, “ოცნების” საჩივრის საფუძველზე, “მთავარი არხი” 118 688 ლარით დააჯარიმა, ტელეკომპანია “პირველი” და “ფორმულა” კი წერილობითი გააფრთხილა. მედიაკოალიციამ, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, თქვა, რომ კომისიის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და აუარესებს მედიაგარემოს.

ფაქტი: მთავრობამ მხარი დაუჭირა მედიის დისკრედიტებაზე მიმართულ რუსული კანონს

რაც მიზნად ისახავდა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, როგორც ეს მოხდა ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ რუსეთში.
  • 10 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ — "ქართულმა ოცნებამ" და ღიად ანტიდასავლურმა "ხალხის ძალამ", რუსული შინაარსის კანონი ჩააგდო, მაგრამ იმავდროულად, წინ წამოწიეს რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მიდგომები, რომლითაც ახლა, აქციის რიგითი მონაწილეების, სტუდენტებისა და სხვა ჯგუფების დისკრედიტებას ცდილობენ. მეტი
  • განაცხადეს, რომ შეეცდებიან საზოგადოების დარწმუნებას, თითქოს, კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დემონიზებას გულისხმობს, სასიკეთოა. ამისთვის იყენებენ პროპაგანდისტულ სამთავრობო მედიარესურსებს, სადაც წამყვანები, ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის კრიტიკისაგან დაცლილ გარემოს ქმნიან.
რატომ არის "აგენტების შესახებ" კანონი რუსული? მეტი

ფაქტი: საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივაა, მიიღოს ე.წ. "მედიის კანონი"

"ხალხის ძალა" არის საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენელი, გაცხადებულად ანტიდასავლური მოძრაობა, რომლის ოფიციალური მედიარესურსია "პოსტივი".

2022 წლის დეკემბრის მიწურულს, როდესაც რუსული კანონის ანალოგიური კანონპროექტის შესახებ დაიწყეს საუბარი, ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, მომდევნო მიზნად ე.წ. "მედიის კანონის" მიღება განსაზღვრეს, რაც შეიძლება გახდეს დამატებითი საკანონმდებლო რესურსი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების შესაზღუდად.

"მედიის კანონი როდის იქნება?", — მოიკითხა შალვა რამიშვილმა "ხალხის ძალაში", როდესაც მათ ლიდერებს მასპინძლობდა გადაცემაში 2022 წლის 30 დეკემბერს, რაზეც მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა, რომ არ ეშინია ამ კითხვაზე პასუხის, რადგან — "მედიის კანონი მოჰყვება ამ ყველაფერს, ეს არის შემდეგი ეტაპი".
  • "ეს ყველაფერი" კი, რუსული კანონის მიღება უნდა ყოფილიყო, რომლითაც დამოუკიდებელ მედიას "აგენტებად" გამოაცხადებდნენ.
  • ანტიდასავლური "ხალხის ძალის" ამ ინიციატივას ჯერ არ მიუღია საკანონმდებლო ინიციატივის სახე.

ფაქტი: საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები

2022 წელს, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებით, სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა.
რა შეიცვალა ამით?
  • მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის მანამდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის. მეტი

საყურადღებოა კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ", რომელიც შესაძლოა, იმდენადვე შეეხოს მდიდარ, გავლენიან ადამიანებს, რამდენადაც — მედიას.

კანონპროექტი დასკვნას ვენეციის კომისიისგან ელოდება. "ოცნების" გადაწყვეტილება, უკრაინული კანონპროექტის ანალოგით დააკმაყოფილოს ევროკომისიის მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის შესახებ, კრიტიკულად შეფასდა, რადგან თავად კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ პროექტში გაწერილი კრიტერიუმებით "აქსიომაა", რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კი არა, დავით კეზერაშვილია — ოპოზიციური არხის, "ფორმულას" დამფუძნებელი.

პრობლემაა ისიც, რომ ავტორებს კანონპროექტში არ დაუკონკრეტებიათ, რა ბედი ეწევა მედიას, თუ კანონი მის მფლობელს ოლიგარქად სცნობს. მეტი

ფაქტი: სახელმწიფო უწყებები მედიას საჯარო ინფორმაციას არ აძლევენ

  • სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიწოდების მაქსიმალური ვადა 10 დღითაა განსაზღვრული, თუმცა, ისინი ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას.
პრობლემაა, რომ:
საჯარო სამსახურების მსგავსი დამოკიდებულება აფერხებს: გადამოწმებული, ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.
გარდა ამისა,
  • გახშირდა შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყება კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს არ აწვდის ინფორმაციას შეხვედრების და სხვადასხვა აქტივობის შესახებ, არ უშვებს პრესკონფერენციებზე.
  • 2022 წლის სექტემბერში, მთავრობის პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს BM.GE-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია, არგუმენტით, რომ "ბევრ კითხას სვამს."

ეს არასრული ჩამონათვალია პრობლემებისა, რომელიც ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად აზიანებს მედიაგარემოს საქართველოში. უფრო ვრცლად

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ