საქართველო
კატეგორია - საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ტელემაყურებელი “იმედს” და “პირველ არხს” ენდობა, ყველაზე ნაკლები კი ტელეკომპანია “ფორმულას”.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი არ ენდობა “მთავარ არხს”(30%) და “ტვ პირველს” (27%). უნდობლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი “პირველ არხს” აქვს.

alt


ინტერვიუერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სრულწლოვან მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას თუ „რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობიან ყველაზე მეტად?” რესპონდენტები კი ჩამოთვლილ ტელევიზიებს 5-ბალიანი შკალით აფასებდნენ.

18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, მკვლევარებმა ტელეფონით გამოჰკითხეს 1 501 რესპონდენტი.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, შესადარებლად შერჩეული იყო კიდევ ხუთი ტელევიზია: “იმედი”, “რუსთავი 2”, “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტვ პირველი”.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო ტელევიზია და სოციალური მედიაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კვლევა შპს SONAR-მა ჩაატარა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპანიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება 2020 წლის 7 აგვისტოს გააფორმა და SONAR-ს სოციალური და მარკეტინგული კვლევების მომსახურებაში 80 000 ლარი გადაუხადა.

აქედან 32 400 ლარი ტელეაუდიტორიის კვლევისთვის იყო გამოყოფილი. რაც ითვალისწინებდა, რომ კვლევით ორგანიზაციას 1500 სატელეფონო ინტერვიუ 9 ეტაპად (ჯამში 13 500 ინტერვიუ) უნდა ჩაეტარებინა. თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორმა ნინელი იშხნელმა განგვიმარტა, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ცვლილება შეეხო ტელეაუდიტორიის რაოდენობრივ კვლევასაც და მხოლოდ 3 ეტაპად ჩატარდა.
კატეგორია - საქართველო
„2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე, მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე.“ - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში 2021 წლის მოვლენებს აჯამებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლების საკითხი.

ორგანიზაციის შეფასებით, „გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა.“

რა წერია მედიაზე Human Rights Watch-ის ანგარიშში?

უფლებადამცველი ორგანიზაცია მედიასთან მიმართებით გასულ წელს მომხდარ რამდენიმე შემთხვევას გამოყოფს:

• „ფორმულას“ წამყვანის ვახო სანაიას თავდამსხმელების თებერვალში დაკავება. აგვისტოში კი მათი დამნაშავედ ცნობა და პატიმრობის ზუსტად იმ ვადით შეუფარდება, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

• 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმა. ანგარიშში წერია, რომ ძალადობის დროს პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. სახალხო დამცველმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ ძალადობის არც ერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია.

• „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება 5 ივლისის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში.

• ლაშქარავას გარდაცვალების მომდევნო დღეს, „ექსპერტიზის შუალედური დასკვნის“ საფუძველზე, ხელისუფლების მიერ ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირების დასახელება.

• დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ლაშქარავას ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ეჭვის შეტანა და შსს-ს მიერ საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიების დაწყება.

• 22 ივლისს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის „წაგლეჯვა და აღარ დაბრუნება“. [წულუკიანმა "მთავარ არხს" მიკროფონი ოქტომბერში დაუბრუნა.]

• 2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო. ანგარიშში წერია, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული.
კატეგორია - საქართველო
2021 წელს მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით „იუნესკო“ ხელისუფლებას 2022 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდება, ხოლო ინფორმაცია შემოდგომაზე გასაჯაროვდება.

2021 წლის 13 ივლისს „იუნესკოს“ გენერალურმა დირექტორმა განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას ლაშქარავას სიკვდილის ფაქტის გამჭვირვალედ და სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა. 

ამ ინფორმაციის "იუნესკოს" "მოკლული ჟურნალისტების" სიაში გადატანის შემდეგ, ლაშქარავას გარდაცვალების თარიღად 5 ივლისი იყო მითითებული, რაც მოგვიანებით 11 ივლისით შეიცვალა.

alt

„იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ  სიაში ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული.

ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ „იუნესკო ჟურნალისტების მკვლელობებს სანდო პარტნიორებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გმობს.“

სიაში მითითებული „სასამართლო გამოძიების სტატუსი“ კი აღწერს მიაწოდა თუ არა ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ “იუნესკოს“ ჟურნალისტის სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლოს შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია.

ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა მედიის თემებზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ: „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ). ამ უკანასკნელს ვრცელი ინფორმაციაც უდევს ლაშქარავასთან დაკავშირებით და აღნიშნული აქვს, რომ მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა: „იუნესკოს“ გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა გილერმე კანელამ „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ სიაში „იუნესკოს“ გენერალური დირექტორის მიერ ლაშქარავას გარდაცვალების თავდაპირველი თარიღი შეცდომით იყო მითითებული",  რაც "მედიაჩეკერმა" შეასწორა.

კატეგორია - საქართველო
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისი ოჯახის უფლებადამცველებს კითხვის ნიშნებს უჩენს.
  • დასკვნის მიხედვით, “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალება ნარკოტიკულმა საშუალებამ გამოიწვია და არა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მიღებულმა დაზიანებებმა.
  • დასკვნის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 იანვარს, მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UNESCO-მ ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
  • “ტვ პირველის” დაქირავებული ექსპერტი ამბობს, რომ იანვრის დასაწყისში ექსპერტიზის დასკვნის ასლი უკვე ჰქონდა, თუმცა "ტვ პირველს" არ აცნობა, რადგან საშობაო დღეებში „სადღესასწაულო განწყობა“ არ გაეფუჭებინა.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტებში?

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 30 დეკემბერს მიღებული 37-გვერდიანი დასკვნიდან მედიისთვის მიწოდებული ნაწილით ირკვევა:

• გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში).

• ორმხრივ საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი - 1 საათი, მარჯვნივ 30 წუთი - 1 საათი.

• ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი. ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა იყოს საშუალოდ 10 წთ - 3 საათის შუალედი.

ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენებია დაზიანებები, რომლებიც ოპერატორმა 5 ივლის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს მიიღო. თუმცა, ეს დაზიანებები ნაკლებად მძიმედაა შეფასებული და დოკუმენტის მიხედვით, ლაშქარავას გარდაცვალებას არ უკავშირდება.

„დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარიხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან კავშირში დამდგარ შედეგთან“.

რაშია პრობლემა?


ლექსო ლაშქარავას ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ექსპერტიზის დასკვნაში სამ მთავარ პრობლემას ხედავს.
  • ექსპერტიზის წარმართვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “საიას” 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ექსპერტების დასახელება შესთავაზა, რომლებიც ექსპერტიზაცში ჩაერთვებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლაშქარავას ოჯახის უფლებების დამცველმა მხარემ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები დაასახელა, შსს-მ მათს მიწვევაზე უარი განაცხადა.

“ისინი არ მოიწვიეს იმ მიზეზით, რომ თურმე ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონია აშშ-სთან და დიდ ბრიტანეტთან ამგვარი თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არასერიოზული არგუმენტიაო”, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ არ მოიწვია ის შვეიცარიელი ექსპერტებიც, რომლებსაც ლაშქრავას ოჯახს თავად სთავაზობდნენ:

“როცა ისინი გვთავაზობდნენ კონკრეტულ საერთაშორისო ექსპერტებს და გაუგებარი მიზეზებით, დაუსაბუთებლად ბოლოს უარყვეს, რა თქმა უნდა, [ეს გარემოება ექსპერტიზის დასკვნის] სანდოობის ხარისხს გვიკლებს“ - განმარტავს “საიას” თავმჯდომარე.

  • „ცხედრის გატაცება“
2021 წლის 11 ივლისს, დილაადრიან, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამართალდამცავებმა სახლიდან ექსპერტიზის ბიუროში ისე გადაიყვანეს, რომ მის ადვოკატებს არ დაელოდნენ. ბინიდან ცხედრის ნაჩქარევად გამოსვენების კადრები მედიაშიც ვრცელდებოდა. 

“ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

  • დასკვნის გასაჯაროების ფორმა
ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ლაშქარავას ოჯახმა და ადვოკატებმა მედიიდან შეიტყვეს, რაც ოჯახისთვის ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი იყო:

“აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როცა ასეთ ინფორმაციას მედიიდან იგებენ ოჯახის წევრები იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეა უკვე მიღებულია.“

სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი 7 იანვარს მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გაირკვა, რომ იუნესკომ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს დაღუპოული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ნიკა სიმონიშვილის აზრით, ეს „პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ჰქონდა ეს დასკვნა, და ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ამ დასკვნის გამოყენება შეეძლებოდათ.”

დამატებით: იუნესკო ლექსო ლაშქარავას გამოძიების შესახებ. 

“საიას” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ჯერ ოჯახი და ადვოკატები უნდა გაცნობოდნენ, თუმცა სხვაგვარი ფორმით გასაჯაროვება ხელისუფლების მიერ „პოლიტიკური ქულების დაწერას“ უკავშირებს - „პოლიტიკური მოტივებით მოქმედება უფრო მეტ კითხვას გვიჩენს ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებითო”, - დასძენს სიმონიშვილი.

“საიაში” მიიჩნევენ, რომ მართებული არ იყო არც სრული დოკუმენტის და არც მისი ნაწილის გასაჯაროვება და ინფორმაცია ისე უნდა გავრცელებულიყო, რომ გარდაცვლილის პერსონალური მონაცემები სათანადოდ დაეცვათ.

“თუმცა აქაც საინტერესოა, რომ გასაჯაროვდა ის ნაწილი, რომელიც რეალურად ხელისუფლებას აწყობდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.”, - გვეუბნება სიმონიშვილი.

რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი?

ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნას დაეთანხმა და 30 დეკემბერს ხელი მოაწერა “ტვ პირველის” მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ. თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შესახებ მას არხისთვის არ უცნობებია, რადგან „რადგან, დღესასწაულების ჩავლას ელოდა.“

„ადამიანური და მორალური თვალსაზრისით, ახლოვდებოდა შობა, განწყობა იყო სხვა და არ დავძაბე სიტუაცია. რომ დამერეკა 4-ში [როდესაც მისი თქმით, დასკვნის ასლი ჩაბარდა] და მეთქვა, დასკვნა ხელში მაქვს, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, წარმოიდგინეთ, რა რეაქცია იქნებოდა“, - გვითხრა ალექსანდრე გეჯაძემ.

გეჯაძე ამბობს, რომ შინაარსის გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა, თუმცა, ექსპერტიზის დასრულების შესახებ “ტვ პირველისთვის” ინფორმაციის მიწოდებას შობის მეორე დღეს აპირებდა: „მე რა ვიცოდი რომ გამოძიება გამოაქვეყნებდა. პოლიტიკურ სიმულაციებში მე ვერც ვერკვევი და არც მაინტერესებს“.

8 იანვარს “ტვ პირველის” დირექტორმა ვატო წერეთლმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მათთვის ალექსანდრე გეჯაძეს არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ არ უცნობებია, რაც “ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც “იუნესკომ” ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა“ - წერს ვატო წერეთელი.



ხელისუფლების პასუხისმგებლობა და 5 ივლისი

ნიკა სიმონიშვილი ფიქრობს, რომ ექსპერტიზის ამ დასკვნით ხელისუფლება 5 ივლისის მოვლენებთან თავისი ბრალეულობის გაწყვეტას ცდილობს.

“რაც უნდა იყოს ლექსოს გარდაცვალების მიზეზი, ხელისუფლების ბრალი 5 ივლისს ჟურნალისტების ჯანმრთელობის დაზიანებისა და უსაფრთხოების დაუცველობის საკითხში პირდაპირ იკვეთება“ - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

“საია” გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით ექსპერტიზის დასკვნას შეისწავლის და ლაშქარავას ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს გაასაჯაროვებენ თუ არა სრულ დოკუმენტს.

მანამდე კი ლაშქარავას ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. „ყველა დამნაშავე პირი გამოკვეთილი და დასჯილი არ არის, არც მოძალადეებისა და არც ორგანიზატორების ნაწილში, ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი თანამდებობის პირების ბრალი გამოიკვეთოს, რომლებსაც უნდა ემოქმედათ და არ იმოქმედეს, ამ ნაწილში ვაგრძელებთ მუშაობას.”, - ამბობს “საიას” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

კონტექსტი

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
კატეგორია - საქართველო
მედიის თემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში მედიის 45 წარმომადგენელი და 4 სამოქალაქო ჟურნალისტი მოკლეს.

აქედან ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში (7) და ავღანეთში (6) მოკლეს.

alt

2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში მოხვდა „TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც.

RSF-ის გვერდზე 20 წლიანი სტატისტიკა იძებნება. ამ დროის განმავლობაში საქართველო ორჯერ მოხვდა იმ ქვეყნების სტატისტიკაში, სადაც ჟურნალისტები მოკლეს. პირველად 2008 წლის ომის დროს, როდესაც 4 ჟურნალისტი მოკლეს და მეორედ 2021 წელს, 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

RSF-ის განმარტებით, მათ მიერ გამოქვეყნებული ცხრილში მხოლოდ იმ ჟურნალისტების ჩამონათვალია, რომლებზეც ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მათი სიკვდილი ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.
კატეგორია - საქართველო
ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები, მედიის ათობით დაშავებული წარმომადგენელი, დაუსჯელი ორგანიზატორები და არაეფექტური გამოძიება, მკვეთრად პოლარიზებული მედი აგარემო, კომუნიკაციების კომისიის უპრეცენდენტო ჯარიმები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - როგორი იყო 2021 წელი ქართული მედიისთვის?

ხელისუფლების ბოიკოტი და აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

გასული წლის მსგავსად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები წელსაც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ცენტრალურ მაუწყებლებთან. უარს ამბობდნენ “მთავარი არხის” „ტვ პირველის“ „ფორმულას“ ეთერში მისვლაზე და ტოქშოუებში მონაწილეობაზე. ამ ტელევიზიების ჟურნალისტებს ზოგჯერ სამთავრობო უწყებაში ბრიფინგებზე დასწრების საშუალებასაც კი არ აძლედნვენ.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები ხშირად ხდებოდნენ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის, მუქარის და თავდასხმების სამიზნეც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რიტორიკა კონკრეტული მედიების ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული იყო. არასასურველი კითხვების პასუხად, მთავრობის წევრები სიტყვიერად ესხმოდნენ თავს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მუდმივად მოუწოდებდა “ქართულ ოცნებას” შეეწყვიტა აგრესიული რიტორიკა და გადასულიყო მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

წახალისებული ძალადობა და გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე

2021 წელს, ათობით ჟურნალისტი დაშავდა. არასამთავრობო სექტორი, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, სხვადასხვა უწყებები პირდაპირ საუბრობდნენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ღიად ამბობდნენ, რომ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმები ხელისუფლების აგრესიული რიტორიკითაა წახალისებული.



მედიისთვის ყველაზე მძიმე 2021 წლის 5 ივლისი იყო. ამ დღეს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 100-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა გამოუძიებელია და თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული არ არის.

მედიის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მაუწყებელმა დროებით ეთერიც გათიშა და მაუწყებლობა შეაჩერა.

პროტესტის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.

სასამართლო პროცესები

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პროცესი. ისინი 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. 14 მაისის, სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი 2-ის" 60%-იან წილს და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

8 დეკემბერს კი საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ტელევიზია მოქმედი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. თუმცა, დვალი და აქიმიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

გრძელდებოდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 2019 წლის 30 აპრილიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიის ბორდმა ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს:
  • მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.
ნათია კაპანაძის საქმის ბოლო პროცესი წელს 15 დეკემბერს გაიმართა და ამით მოწმეების გამოკითხვის ეტაპი დასრულდა.

კომუნიკაციების კომისიის ჯარიმები

მედიაექსპერტების და იურისტების კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებმა, „მთავარი არხის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის მიმართული და ემთხვევა ამ არხების მიმართ ხელისუფლების გზავნილებს.

26 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარს არხს” უპრეცენდენტო რაოდენობის ჯარიმა 111 903 ლარი დააკისრა ეთერში გასული სამი ვიდეორგოლის, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო. იურისტებმა კომისიის გადაწყვეტილება არაკანონიერად შეაფასეს.

„უპრეცენდენტო ჯარიმა “მთავარი არხს” - რა პრობლემაა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში?

27 ოქტომბერს კი, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას. მარეგულირებელმა ვიდეორგოლები წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ამბობდა, რომ “მთავარმა არხმა” საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

“მთავარი არხის” ვიდეორგოლებში საარჩევნო სუბიექტის არ ყოფნის გამო, სამოქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის პოზიცია არ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა, მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი საქმე კვლავ სამოქალაქოს დაუბრუნა განსახილველად.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე

ნოემბერში მომღერალმა და ტელე-რადიო წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. იგი ითხოვს, რომ პარლამენტმა შეიმუშავოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.

მედია სამართლის იურისტები და სფეროს სპეციალისტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ დღევანდელ კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ნებისმიერი ცვლილების შეტანის სურვილს საფრთხედ მიიჩნევენ.

“უცნობის” ინიციატივა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე

მედიის რეგულირების სურვილს ხშირად გამოთქვამენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა, ზოგადი გზავნილებით შემოიფარგლებიან. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ არსებული ბერკეტები არასაკმარისია. თმცა, არ აკონკრეტებენ, რა ცვლილებების საჭიროებას ხედავენ.

კონკრეტული არგუმენტების გარეშე, არაეფექტურ კანონმდებლობაზე საუბრობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილიც მედიაჩეკერთან ინტერვიუში:

“ეთიკის ქარტიამ რაც უნდა თქვას, შედეგი ნულია” - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით

ხელისუფლების წევრების მსგავს გზავნილებს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სპეციალისტები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ და მედიის დაშინების მცდელობად აფასებენ.

ცვლილებები ტელევიზიებში

მარტის დასაწყისში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. მარტის შუა რიცხვებში კი "რუსთავი 2" და გამოცემა Prime Time ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.

15 ივლისს ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა დირექტორმა ვაკო ავალიანმა და „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურში გადავიდა.

აგვისტოში, საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილების მიზეზით, „რუსთავი 2“ ტელეწამყვანებმა - გურამ როგავამ და თეონა ცხომელიძემ დატოვეს. საინფორმაციო პოლიტიკის ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლილებაზე საუბარი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშებშიც.

2021 წლის ივლისში შეიცვალა „იმედის“ მენეჯმენტიც. გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკა ლალიაშვილი მაკა ლომიძემ ჩაანაცვლა. ლალიაშვილი კი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
კატეგორია - საქართველო
„ქართული ოცნების“ 7 დეპუტატის მიერ „საარჩევნო კოდექსის“ შესახებ წარდგენილი კანონპროექტით სხვა საკითხთან ერთად ზუსტდება, თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

რა წერია კანონპროექტში?

ცვლილების მიხედვით, პრესის ნაწილში „საარჩევნო კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს:

„5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.

კანონპროექტის მიხედვით, მე-5 მუხლს უნდა დაემატოს 51 პუნქტი:

„51. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.“

რა წერია ამჟამინდელ კანონში?

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 44-ე მუხლის 5-ე პუნქტის მიხედვით:

“კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.

იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.”

კანონპროექტის მიზანი:

პარლამენტის ვებგვერდზე ატვირთულ განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული “გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას”, რომლებიც გამოიყენება როგორც მორიგი, ისე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.

შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების გარეშე ჩატარებასა და ტექნიკურად გამართული საარჩევნო პროცესის წარმართვას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.
კატეგორია - საქართველო

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ "მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს. 

რა მოხდა? 

კოალიციის ინფორმაციით, 2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის გაშუქებისას ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. აქციის მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. კოალიციის განცხადებით, ეს ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.


ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია" სახელდება.

რას ითხოვს მედიაკოალიცია?

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროვების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

კატეგორია - საქართველო
18 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიურ, რიგით მეცამეტე საერთო კრებაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ხატია ღოღობერიძე 
  • რეგიონების კვოტით - თამარ რუხაძე და მანანა ქველიაშვილი 

სხდომაზე წევრების მიერ დასახელებული საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ:

თბილისის კვოტით:
  • მალხაზ რეხვიაშვილი
  • ხატია ღოღობერიძე
  • ნინო რამიშვილი
რეგიონის კვოტით:
  • ია მამალაძე
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე
  • თამარ რუხაძე
  • მანონი ბოკუჩავა
  • ირმა ზოიძე
  • მანანა ქველიაშვილი
  • შორენა ღლონტი

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით, საბჭო დატოვა ნინო ჯაფიაშვილმა, რომელსაც მაია წიკლაური შეცვლის.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:

  • ზვიად ქორიძე - მედიაექსპერტი
  • თამარ რუხაძე - მთის ამბები
  • ხატია ღოღობერიძე - On.ge
  • კამილა მამედოვა - რადიო მარნეული
  • მანანა ქველიაშვილი - ბათუმელები
  • ნინა ხელაძე - TOK TV
  • სოფო ჟღენტი - აჭარის ტელევიზია
  • გულო კოხოძე - "სამხრეთის კარიბჭე"
  • ნათია ზოიძე - დამოუკიდებელი ჟურნალისტი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 ჟურნალისტისგან შედგება. 9 წევრიან საბჭოში 3-ს თბილისის კვოტით ირჩევენ, 6-ს კი - რეგიონების. საბჭოს წევრები 3 წლის ვადით ირჩევიან.

18 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეცამეტე საერთო კრება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კამილა მამედოვა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი და სარევიზიო კომისიის​ წევრი გუბაზ სანიკიძე.
კატეგორია - საქართველო

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 18 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე "ქარტიის პრიზი 2021-ის" გამარჯვებულები გამოავლინა.

ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:

ვიდეორეპორტაჟი: ბასტი მგალობლიშვილი - პუბლიკა

მასალა ნახეთ ამ ბმულზე

მულტიმედია პროექტი: რეპორტაჟების სერია ჭიათურიდან - მთის ამბები

მასალა ნახეთ ამ ბმულზე.

სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში: ეკა ქევანიშვილი - რადიო თავისუფლება

მასალა ნახეთ ამ ბმულზე

ჟურნალისტური გამოძიება: ნინო წვერავა - სტუდია მონიტორი, რადიო თავისუფლება

მასალა ნახეთ ამ ბმულზე

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ანი ბურდული - რადიო თავისუფლება

მასალა ნახეთ ამ ბმულზე

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.

კატეგორია - საქართველო
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა დირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, “რუსთავი 2-ის” საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რა მოხდა

15 დეკემბერს, "რუსთავი 2-ის" ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებისა და გაფლანგვის საქმეზეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამავე საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმის, “რუსთავი 2-ის” მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის" დირექტორის ზაზა გველესიანის მეგობარია.

ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ზაზა გველესიანი მოწმეთა სიიდან ამოიღო. თუმცა, მხარეებს მასთან კავშირის შესახებ არ აცნობა.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაადასტურა, რომ ზაზა გველესიანთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, თქვა, რომ მან არ იცოდა რა თანამდებობას იკავებს "რუსთავი 2-ში" მისი მეგობარი.

მოსამართლემ განმარტა, რომ მეგობრობა არ ნიშნავს, რომ გველესიანთან საქმესთან დაკავშირებითაც საუბრობს.

საქმის აცილების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზად მოსამართლემ მისი "უსაფუძვლობა" დაასახელა.

ნიკა გვარამიას საქმე

“რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 9 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 ივლისს „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ უარყოფითად აფასებს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას.

რა მოხდა?

2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ “ქართული ოცნების” წევრების მიერ აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გადაწყვიტა

ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონსაც ეხება. ცვლილების მიხედვით, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის, ასევე მათი მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება დაუშვებელი იქნება.

გამონაკლისია, როდესაც ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ გაავრცელებს.

რაშია პრობლემა?

მედიაკოალიციის შეფასებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია „უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია“.

კოალიციის განცხადებით, ძლიერდება ეჭვი, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

მედიაკოალიცის შეფასებით:

• საგანგაშოა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული.

• არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას.

• კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კოალიციის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას.

„აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის“, - წერია განცხადებაში.