საქართველო
კატეგორია - საქართველო
“ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები კულტურის სამინისტროში, თეა წულუკიანის ბრიფინგზე არ შეუშვეს. ტელევიზიები მომხდარს დისკრიმინაციულ მიდგომად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობებად აღიქვამენ.

რა მოხდა

“მთავარი არხსა” და “ტვ პირველში” ამბობენ, რომ 22 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგის შესახებ შემთხვევით გაიგეს. გასაშუქებლად მისული ტელევიზიები დაცვამ პრესკონფერენციაზე არ შეუშვა და განუმარტა, რომ “ასეთი მითითება აქვთ”.

“მთავარი არხის” პროდიუსერი თეონა გილიგაშვილი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროდან ბრიფინგებისა და კონფერენციების შესახებ ინფრორმაციას არასდროს აწვდიან და ანონსები მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიებს ეგზავნებათ: “მხოლოდ მას შემდეგ ვიგებთ ბრიფინგების შესახებ, როდესაც სამთავრობო არხებზე ვხედავთ წულუკიანის გამოსვლებს”.

“გვაქვს კითხვები და დასმის შესაძლებლობა არ გვეძლევა” - ამბობს თეონა გილიგაშვილი.

იმავეზე საუბრობს “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და გვეუბნება: „პრესსამსახურის თანამშრომელი არ პასუხობს ზარებს. საშვთა ბიურო კი ამბობს, რომ მითითება გვაქვს, რომ შევუშვათ მხოლოდ ეს კონკრეტული ტელევიზიებიო“.

“ტვ პირველსა” და “მთავარ არხში” ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საკთხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიმართვას აპირებენ.

ნოდარ მეალაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც გეგმავენ: „ერთადერთი ინსტიტუციაა დარჩენილი, რომელსაც შეუძლია რაღაც გააკეთოს“.

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ

კონტექსტი

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სამთავრობო უწყებაში ბრიფინგზე არ შეუშვეს.

ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრის ბრიფინგზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედია ვერ მოხვდა

11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზეც ვერ მოხვდნენ “ტვ პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტები.

არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
კატეგორია - საქართველო
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” უკრაინელ ჟურნალისტის და ბლოგერის, ვლადიმირ ზოლკინის საქართველოში არშემოშვებას საგანგებოდ მიიჩნევს. 

კონტექსტი 

18 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ბლოგერი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა,  საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზები არ განუმარტეს. 

ჟურნალისტის უფლების შეზღუდვა 

მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. 

კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულ განმარტებებს  საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.
კატეგორია - საქართველო
იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მედიის ნაწილი ვერ მოხვდა. „მთავარ არხს“ დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურიდან არ შეატყობინეს, „ფორმულას“ ბრიფინგის შესახებ 10 წუთით ადრე აცნობეს, „ტვ.პირველის“ ჟურნალისტი კი ბრიფინგის ბოლო წუთზე შეუშვეს.

რა მოხდა?

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის ბრიფინგი საქართველოს მესამე პრედიზენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს წერილის შესახებ, 11 ნოემბერს, 13 საათსა და 12 წუთზე დაიწყო. ბრიფინგზე იყვნენ „“საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტვის“ ჟურნალისტები, თუმცა ბრიფინგის შესახებ მედიასაშუალებების ნაწილმა არაფერი იცოდა. მათ შორისაა „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

ტელეკომპანია „პირველს“ სამინისტროს პრესსამსახურმა ბრიფინგის შესახებ დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეატყობინა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვიყვება, რომ იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგის შესაძლო ჩატარების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან გაიგეს. ამის შემდეგ, 12:43 საათზე მათ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნატალია მახვილაძეს ინფორმაციის დასაზუსტებლად დაურეკეს, თუმცა მახვილაძემ მათ ზარს არ უპასუხა, რამდენიმე წუთში მისწერა, რომ ბრიფინგის დაგეგმვის შემთხვევაში არხს აცნობებდა.

„ამ დროს უკვე ბრიფინგიც დაგეგმილი იყო, სამთავრობო მედია - გაფრთხილებული და უკვე იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიაზე იყვნენ. 13:00 საათზე ნატა მახვილაძისგან შემოვიდა შეტყობინება, როდესაც მინისტრი უკვე ბრიფინგისთვის ემზადებოდა, რომ დავძრულიყავით.“, - ამბობს მელაძე.

ბრიფინგზე მისასვლელად და გასაშუქებლად 10 წუთით ადრე შეტყობინება გონივრული ვადა არ არისო, ამბობს „ტვ. პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ბრიფინგის შესაძლო დანიშვნის შესახებ დაუკავშირდა „ფორმულაც“, უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი მათაც დაჰპირდა, რომ ბრიფინგის დანიშვნის შემთხვევაში შეატყობინებდა. „ტვ პირველის“ მსგავსად დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ პრესსამსახურისგან 10 წუთით ადრე გაიგეს. არხის გადამღებმა ჯგუფმა მინისტრის ბრიფინგზე მისვლა ვერ მოასწრო.

როდის შეუშვეს „ტვ. პირველის“ ჟურნალისტი ბრიფინგზე

ბრიფინგის მიმდინარეობისას იუსტიციის სამინისტროსთან მისული „ტვ. პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი ხუხია, დაცვამ შეაყოვნა.

„როგორც კი დავალება მივიღე, წავედი სამინისტროში. 2 წუთში ადგილზე ვიქნებოდი და გზიდან პერიოდულად ვურეკავდი ნატა მახვილაძეს, რომ რამე შეფერხება, რომ მქონოდა, ვინაიდან ვიცოდი მალე იწყებოდა ბრიფინგი, არ დამეგვიანა ან ცოტა რომ დამლოდებოდნენ იმიტომ, რომ ხდება ხოლმე ასე, რომ ერთმანეთს ველოდებით.“ - გვიყვება გიორგი ხუხია.

ის ისხსენებს, რომ გზიდან მახვილაძეს რამდენჯერმე დაურეკა, შეტყობინებაც გაუგზავნა თუმცა პასუხად მიიღო, რომ ვერ შეუშვებდნენ და მასალა ტელეკომპანია „იმედისგან“ აეღოთ.

ხუხია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი შენობიდან დაცვას ანიშნებდა, რომ ბრიფინგზე არ შეეშვათ. ჟურნალისტი სამინისტროს ცენტრალური შესასვლელიდან მეორე შესასვლელისკენ გადაამისამართეს, თუმცა დაცვამ არც იქიდან შეუშვა.

„არ მიშვებდნენ, ერთმა ტანსაცმელზე მომქაჩა, სამი კაცი წინ გადამიდგა, კარი დავიჭირე იქნებ არ დავაკეტინო-მეთქი, იყო მთელი გაწევ-გამოწევა“ - იხსენებს ხუხია.

„ტვ. პირველის“ ჟურნალისტი ბრიფინგზე მხოლოდ მაშინ შეუშვეს, როდესაც მინისტრმა გამოსვლა დაასრულა და დარბაზიდან გადიოდა. ის მინისტრს გაჰყვა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.

ხუხია იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მუქარაშიც ადანაშაულებს: „ნატა მახვილაძე დამემუქრა, პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებით. გამოსაქვეყნებელი მაგაში რა არის, ოდესღაც რომ სივი მქონდა გაგზავნილი იუსტიციის სამინისტროში.“

ტელეკომპანია „პირველში“ ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი კომუნიკაცია პირველი არაა და ეს „დამკვიდრებული პრაქტიკაა“.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის ანონსი არ მიუღია ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

კოალიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

"მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.", - წერია განცხადებაში

„მედიაჩეკერი“ იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნატალია მახვილაძეს, დაუკავშირდა, თუმცა მისგან კომენტარი ვერ მიიღო.

კატეგორია - საქართველო
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, თუ ამ წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამით 21.3 მილიონი ლარი გამოიმუშავეს, მესამე კვარტალში ეს რიცხვი 20 მილიონამდე ლარამდე შემცირდა. პირველ კვარტალში კი ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები 14,5 მილიონი ლარი იყო.

alt
რეკლამებიდან ყველაზე მეტი - 5.9 მილიონი ლარი, კვლავ ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო. “იმედს” მოსდევს „მთავარი არხი“ - 2.8 მილიონი ლარით, „რუსთავი 2“ - 2.4 მილიონი ლარით და „ტელეკომპანია პირველი“ - 1.9 ლარით. 1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა „პოსტივის“, „ფურმულამ“ კი - 1.1 მილიონი ლარი მიიღო.

2021 წლის პირველ ცხრა თვეში, “იმედს” რეკლამებიდან ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. რაც თითქმის 2,5-ჯერ აღემატება “რუსთავი2-ისა” და “მთავარი არხის” ამავე პერიოდის შემოსავლებს.

სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით, 1.735 მილიონიდან 1.77 მილიონ ლარამდე გაიზარდა რადიოების შემოსავალი. აქედან ყველაზე მეტი - თითქმის ერთი მილიონი ლარი რადიო “ფორტუნამ” მიიღო.
კატეგორია - საქართველო
მომღერალმა და წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” პარლამენტისგან მაუწყებლობის შესახებ კანონში “სათანადო ცვლილებებს” ითხოვს, “რათა ჟურნალისტებმა ცილისმწამებლური განცხადებები ვეღარ გაავრცელონ”.

პარლამენტმა ეს წინადადება დასაშვებად ცნო - იურისტები და მედიასამართლის სპეციალისტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

რა მოხდა?

28 ოქტომბერს გიორგი გაჩეჩილაძემ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე.”

საკანონმდებლო წინადადებით, გაჩეჩილაძე პარლამენტს სთხოვს, რომ შეიმუშავოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.

რატომ არის პრობლემური გაჩეჩილაძის ინიციატივა?

კონკრეტულად რა ცვლილებების შეტანას ითხოვს კანონში გაჩეჩილაძე, მის მიერ წარდგენილ წინადადებაში ახსნილი არ არის. გაჩეჩილაძე პრობლემურად მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლს მიიჩნევს. ეს მუხლი ინფორმაციის სიზუსტეს, შესწორებას და უარყოფას განსაზღვრავს.

გაჩეჩილაძის აზრით, მაუწყებლობის შესახებ კანონი არაეფექტურია, თუმცა, საკანონმდებლო წინადადებაში არ აზუსტებს, რას გულისხმობს ამაში. ამ და სხვა კითხვებით გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას მეორე დღეა უშედეგოდ ვცდილობთ. 

„თუ ის ითხოვს მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან სიზუსტის პრინციპის დარღვევაზე რეაგირებას, ეს ნიშნავს საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანას.” - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ ეს ცენზურისა და თვითცენზურის რისკებს ზრდის.

52-ე მუხლის მიხედვით, მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. თუმცა, თუ საქმე ეხება ცილისწამებას, ამ მუხლით მაუწყებლობის შესახებ კანონით უარყოფის ან შესწორების მოთხოვნის უფლება არ არსებობს.

რას ამბობს კანონი ცილისწამებაზე

თუ პირი მიიჩნევს, რომ მედიამ მისი უფლებები დაარღვია და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, შეუძლია მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, თვითრეგულირების სხვა ინსტიტუტს ან სასამართლოს.

თვითრეგულირების ორგანოები მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ჭრილში განიხილავენ, სასამართლო კი - სამართლებრივად.

საქართველოს კანონმდებლობით, ცილისწამებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი არეგულირებს. პირველივე მუხლში, ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

ამავე კანონში ნათქვამია, რომ პირს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

ანუ, პირის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს, ამისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს მისი განზრახვა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა, მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

გიორგი გაჩეჩილაძის საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი არ არის ეფექტური, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა „მოტივაციას და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს“.

მარიამ გოგოსაშვილი კი ამბობს, რომ თუ საქმის განხილვა ამა თუ იმ მიზეზით ჭიანურდება, პრობლემა არა კანონში, არამედ აღსრულებაშიაო.

საჭიროა თუ არა კანონში ცვლილებები?

მედიასამართლის იურისტები და სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ დღევანდელ კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ნებისმიერი ცვლილების შეტანის სურვილს საფრთხედ მიიჩნევენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ კანონმდებლობით უკვე არსებობს ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებების დაცვას. მისივე თქმით, გაჩეჩილაძის ინიციატივა ზოგადი და დაუსაბუთებელია, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა კი - “საფრთხის შემცველი”:

„ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მორიგი ტესტი, თუ როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას კანონის იმგვარად ცვლილებაზე, რომელიც კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს”, - გვეუბნება მამუკა ანდღულაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს მითია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ცილისწამებისგან თავის დაცვაო:

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ავტომატურად ნიშნავს ბრძოლას დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ადამიანები სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან არა დემოკრატიაში, არამედ - ავტორიტარიზმსა და ტოტალიტარიზმში” - გვეუბნება მშვენიერაძე.

ხელისუფლების ძველი გზავნილები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ

ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების საჭიროების შესახებ ინიციატივა ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა.

2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: “იმისათვის რომ სხვას აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება და სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც”.

პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი იმავე პერიდში ამბობდა: რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“.

ხელისუფლების წევრების მიერ გაჟრერებულ მსგავს განცხადებებს, არასამთავრობო სექტორში მაშინაც სიტყვისა და გამოხატვის შეზღუდვისკენ მიმართულ "საშიშ და სახიფათო" გზავნილებად აფასებდნენ.

რა პროცედურას გადის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში?

1 ნოემბერს გაჩეჩილაძის ინიციატივა პარლამენტის ბიურომ დასაშვებად ცნო და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მისი განხილვა დაავალა.

იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი მხარს დაუჭერს გაჩეჩილაძის წინადადებას, კანონპროექტის ინიციატორი კომიტეტი გახდება, ხოლო თუ წინადადება არ დაკმაყოფილდება, პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას შეწყვეტს.
კატეგორია - საქართველო
31 ოქტომბერს, “მთავარი არხის" ჟურნალისტებმა, დეა მამისეიშვილმა და გიორგი ახალკაცმა უცნობი ადამიანებისგან მუქარის წერილები მიიღეს. ორივე მათგანმა პოსტი საჯაროდ გამოაქვეყნა ფეისბუქზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან კი მათ ჯერ არავინ დაკავშირებია.

რა მოხდა?

“მთავარი არხის” ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს 31 ოქტომბერს, საღამოს, ოპოზიციის აქციის გაშუქების შემდეგ, ფეისბუკზე მუქარის შემცველი წერილი მიუვიდა.

“როგორც მიშას ყავდა კოდუები და ახალაიები დღეიდან აი ზუსტად ასეთი ახალაიები და კოდუები დაიბადნენ ოცნებაშიც, ხოდა მალე იხილავთ გრანდიოზულ კონცერტებს […] იმენნა დღეს დაიბადდნენ ოცნებაშიც ახალაიები და კოდუები… გუშინ არ იყო, დღეიდან იქნება” (რედაქციის შენიშვნა: წერილის სტილი დაცულია) ასე მთავრდებოდა გრძელი შეტყობინება არაიდენტიფიცირებადი ფეისბუქ ანგარიშიდან.

ეს ანგარიში, სახელად Lasara Lorente, რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა და მის გვერდზე ვერ ნახავთ ინფორმაციას, რითაც მისი ვინაობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.



მუქარის შემცველი შეტყობინება 31 ოქტომბერს მთავარი არხის გორის ბიუროს ჟურნალისტმა, გიორგი ახალკაცმაც მიიღო. მას წერილი ნაშუადღევს, სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა.

ახალკაცი ამ მუქარას წინა დღეს, არჩევნების მეორე ტურის გაშუქებასთან აკავშირებს, როდესაც მან ქარელის მუნიციპალიტეტში დარღვევებზე საუბრობდა.. წერილის ავტორი მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და შეხვედრას სთხოვდა.

“ე.წ. “რაზბორკაზე” მიბარებს. მეძახის სააკაშვილის მონას და მთხოვს შეხვედრას, რათა “მასწავლოს კაცობა“ - ყვება გიორგი ახალკაცი.



დეა მამისეიშვილს არაიდენტიფიცირებადი პირებისგან მსგავსი წერილები ფეისბუკზე აქამდეც ხშირად მიუღია, თუმცა მაშინ ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, ან ავტორები მას სოციალურ ქსელზე მანამ ბლოკავდნენ, სანამ რეაგირებას მოასწრებდა.

“ადრე მწერდნენ ხოლმე, “მოგაკითხავთ, ჭკუას გასწავლითო”. ჩემთვის ყველა მუქარა საყურადღებოა, მაგრამ ბოლო მონაწერმა ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია: [ავტორს] ისე ჰქონდა ტექსტი ჩამოყალიბებული, თითქოს, ზუსტად იცოდა, ვის ელაპარაკებოდა, ვისთან უნდა გაევლო პარალელები და მის სიტყვებში ირონია ჩანდა.” - ამბობს ჟურნალისტი.

გამოძიება

“მსგავსი მუქარები ჟურნალისტების სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

არც მამისეიშვილს და არც ახალკაცს სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოძიების დაწყების საფუძველი შესაძლებელია, მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც იყოს.

ორივე ჟურნალისტმა პოსტი საჯაროდ გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდზე და ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიითაც გავრცელდა.

“ახლა ჩემი ინიციატივით მიმართვა აღარ არის საჭირო. ველოდები არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნებას” - ამბობს დეა მამისეიშვილი.

მამისეიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ გამოძიებისადმი დღეს სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან მასზე თავდამსხმელები “დღემდე დაუსჯელები არიან”. “როდესაც ჩვენების მისაცემად მივედი, გამომძიებელს ვუთხარი, რომ მუქარის წერილებს ვიღებდი. თუმცა, ეს მთლიანი კომპლექსური საქმის ნაწილია და მეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს“ - ყვება ჟურნალისტი.

სამართალდამცავი უწყებებიდან ჯერ არავინ დაკავშირებია გიორგი ახალკაცსაც. ჟურნალისტი ამბობს, თავად მიმართვას არ აპირებს - ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მჯერა, რომ ამ საქმეს გამოიძიებენო.

„ეს მუნიციპალიტეტი ქარელის პოლიციას ექვემდებარება, რომელსაც თაროზე აქვს შემოდებული ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმე. რამდენიმე თვის წინ მომპარეს მიკროფონი და ეგეც არ არის გამოძიებული.” - ყვება ახალკაცი.

გიორგი ახალკაცმა მიკროფონის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს გაავრცელა. შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. მეორე შემთხვევა კი, რომელსაც ჟურნალისტი იხსენებს, 15 სექტემბერს მოხდა. როდესაც, “ქართული ოცნების” შტაბში მისულ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც არხის ოპერატორი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ დაკავშირებია. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმის დეტალების გარკვევისთანავე დაგვიკავშირდებიან.
კატეგორია - საქართველო
30 ოქტომბერს, თვითმართველობის არჩევნების მე-2 ტურს მედიების უმრავლესობა უწყვეტ რეჟიმში აშუქებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ( I ტურზე მომხდარი შემთხვევები ნახეთ ამ ბმულზე)

19:25 - შსს-ს ინფორმაციით, ქარელის N2 საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია "მონიტორინგის“ ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 162 მუხლებით, გამოძიება დაიწყო.

ამავე მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის და დაპირისპირების ფაქტზე.

187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება გონიოში "ფორმულას" ავტომანქანის დააზიანების საქმეზე. სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო

19:00 - "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას სენაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

18:02 - "გურიანიუსის" ინფორმაციით, სენაკის პირველი საარჩევნო უბნიდან მათი ჟურნალისტი გამოაძევეს, რომელიც უბანზე დაპირისპირების კადრებს იღებდა.

16:54 - იმერეთში, სოფელ ზედა მესხეთში „ფორმულას“ ჟურნალისტს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.



16:45 - ფოთში “მთავარი არხის” ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ





16:37 - გონიოში “ფორმულას” და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.



16:04 - კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" განცხადებას ავრცელებს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს აგრესიის წახალისება მედიის მიმართ. შსს-ს კი მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებზე.

15:54 - ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან TV25-ის ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.



15:39 - POS TV-ის ჟურნალისტმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს მუშაობაში ხელი შეუშალა.



15:19 - “ტვ პირველის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აგრესიულად განწყობილმა დამკვირვებელმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.





15:18 - ქუთაისში On.ge-ის ჟურნალისტს კოორდინატორმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.



15:09 - ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, “ტვ პირველის” ჟურნალისტს საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სიტყვიერად დაუპირისპირდა.



14:46 - ქუთაისში „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს



14:27 - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს ფოთში “ქართული ოცნების" აგიტატორმა მიკროფონი წაართვა და ფიზიკურად დაუპირისპირდა



13:40 - ქარელის მუნიციპალიტეტში, მე-2 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი “ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.





13:56 - „ფორმულას“ ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს მარტვილში, მე-2 საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ




13:01 - „TV მედია ცენტრის" ჟურნალისტს გიგა გელხვიძეს ქუთაისში მე-14 საარჩევნო უბანზე სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.



12:54 - საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს კითხვებზე პასუხად აგრესიულად მიმართა: "ზრდილობა იქონიეთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადე ახლა, პროვოკატორი, სირცხვილია, პროვოკატორი ხართ" - უთხრა ღარიბაშვილმა დეა მამისეიშვილს.




13:07 - “ფორმულას” და “ტვ პირველის” ჟურნალისტებთან დაპირისპირების ფაქტებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. “ვითხოვთ სათანადო რეაგირებას არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე” - აცხადებს ქარტია.


12:01 - “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს რუსთავში საარჩევნო უბანთან მყოფმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა



11:06 - მარტვილში, 31-ე უბანზე ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს უცხო პირი კითხვების დასმის დროს ფიზიკურად დაუპირისპირდა.



11:04 - თბილისში, გლდანის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს




 



10:41 - ზუგდიდში საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ



შენიშვნა: განახლების დროდ მითითებულია შესაბამისი მედიის მიერ ინფორმაციის/მასალის გამოქვეყნების დრო.

კატეგორია - საქართველო
“მთავარი არხის” ვიდეორგოლებში საარჩევნო სუბიექტის არ ყოფნის გამო, სამოქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის პოზიცია არ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

“მთავარი არხის” დირექტორი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ მაუწყებლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო:

„ეს კლიპები არ ჯდებოდა არც ერთ კრიტერიუმში, რაზეც კომისია გვედავებოდა. პოლიტიკური მოტივაციით იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული,“ - ამბობს თამთა მურადაშვილი.

კომუნიკაციების კომისიის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია. კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლანა ბერიძე ამბობს, რომ კომისიას სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია.

კონტექსტი

27 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას. მარეგულირებელმა ვიდეორგოლები წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ამბობდა, რომ “მთავარმა არხმა” საარჩევნო კოდექსი დააღვია.

იხილეთ ვრცლად: რას ედავება “მთავარ არხს” კომუნიკაციების კომისია?
კატეგორია - საქართველო
“მთავარი არხის” შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ “იმედის” მიერ მიხელ სააკშვილის საპრეზიდენტო პერიოდის შესახებ გაკეთებული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია და მაუწყებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

რა მოხდა?

28 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ სხდომაზე “იმედის” ორი ვიდეოს - მათგან ერთი 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასწრების მოწოდებას ეხებოდა, მეორე კი, სახელწოდებით „გვახსოვს“, მოიცავდა საარქივო კადრების კოლაჟს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე.

ორივე ვიდეო კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნია და “იმედს” ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

“იმედის” საქმის განხილვა

“იმედის” იურისტმა, ანდრო ლაშხმა, ორმელიც კომისიის სხდომაზე მაუწყებლის ინტერესებს იცავდა, თქვა, რომ არ ეთანხმება კანონის იმ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი სადავო ვიდეორგოლებს სარეკლამო მასალებად მიიჩნევს.

„პირველ რგოლზე (რომელიც “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრების მოწოდებას ეხებოდა ) არ ვაპირებ კამათს. იმ ინტერპრეტაციით, როგორც თქვენ განმარტავთ კანონს, ნამდვილად ექცევა კანონდარღვევის ფარგლებში” - თქვა ანდრო ლაშხმა.

მეორე ვიდეორგოლზე მესხმა განმარტა, რომ საკუთარი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული ვიდეოკოლაჟია და წინასაარჩევნო სარეკლამო მასალად არ უნდა იყოს განხილული.

ანდრო ლაშხის ახსნით, სააკაშვილის მმართელობაზე მომზადებული ვიდეორგოლი “გვახსოვს” - „საინფორმაციო გამოშვების გაფორმებაა”:

„რადგან გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს მოვლენა მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოაქცია, ეს რატომ ართმევს მაუწყებელს უფლებას, რომ ეს საკითხი გააშუქოს? რა ბოჭავს მაუწყებელს, რომ ისტორიული კადრების კოლაჟი გააერთიანოს და გახადოს თავისი გადაცემის ქუდად და ამ ქუდით შიეყვანოს, მაგალითად, საინფორმაციო,“ - მიმართა კომისიას ანდრო ლაშხმა.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ “იმედის” იურისტს განუმარტა, რომ ვიდეორგოლები ეთერში პოლიტიკური რეკლამის სახით იყო გადაცემული და ტირაჟირებული: “სხვა ნებისმიერი ფორმით და დროს უფლება გაქვთ [განათავსოთ მსგავსი ვიდეო], დღევანდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე”.

მისივე თქმით, კომისიამ ეს საქმე, წინა დღეს განხილული “მთავარი არხის” საქმის მსგავსად განიხილა.

“მთავარი არხის” საქმე

“იმედის” საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას

ტელეკომპანია “მთავარი არხი” კი ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლები არა პოლიტიკური რეკლამა, არამედ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული მათი სამოქალაქო პოზიციაა.

რას ამბობს საარჩევნო კოდექსი?

საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

ამავე რეგულაციით, წინასაარჩევნო რეკლამად ითვლება მასალა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.
კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხის” მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე, წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და მაუწყებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ტელეკომპანია კი ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლები არა რეკლამა, არამედ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული სამოქალაქო პოზიციაა.

რა მოხდა?

კომუნიკაციების კომისიის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტმა მონიტორინგისას “მთავარი არხის” ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი სარეკლამო მასალებად და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნია. ერთი ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავდა, მეორე კი - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას.

კომინიკაციების კომისია “მთავარი არხის” საქმის განსახილველად 27 ოქტომბერს შეიკრიბა. რხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა კომისიას სხდომის გადადებაზე შუამდგომლობით მიმართა, ტელეკომპანიის წამრომადგენელს სხდომაზე დასწრება სურდა და ამას დანიშნულ დროს ვერ ახერხებდა. კომისიის აპარატმა საქმის გადადებაზე უარი თქვა “შემჭიდროებული დროის” მიზეზით.

“მთავარი არხის” წერილობითი პოზიცია წევრებს სხდომაზე კომისიის თანამშრომელმა გააცნო. წერილის მიხედვით, “სადავო ვიდეორგოლები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული მათი სამოქალაქო პოზიცია და ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქტია.”

„კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება, აგვიკრძალოს მოშიმშილე პატიმრის მხარდამჭერი და ზოგადად ჩვენი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა“ - ასე უპასუხა “მთავარმა არხმა” კომისიას.

რას ამტკიცებს მარეგულირებელი

საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

ამავე რეგულაციით, წინასაარცევნო რეკლამად ითვლება მასალა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

მიუხადავად იმისა, რომ არც ერთ ვიდეო რგოლში არ ჩანდა არც საარჩევნო სუბიექტი და არც არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, კომუნიკაციების კომისიამ ვიდეოები წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამად მიიჩნია.

„ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შეფასება

კოალიციის, „მედია ადვოკატირებისთვის“ კორდინატორი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმები სადავოა და “მთავარი არხის” ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს არ შეიცავს. მარეგულირებელი კომისიის შეფასებას და მაუწყებლის მუშაობაში ჩარევას კი საფრთხედ აფასებს.

კომუნიკაციების კომისიის სხდომას ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) წარმომადგენელი შოთა ქობალია ესწრებოდა. მისი შეფასებით, „#თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” სოციალური კამპანიის ნაწილია. და არა პოლიტიკური რეკლამა.

„არათუ ნიშნებს შეიცავს [პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს], არამედ სრულყოფილად ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეკლამაა და დაუშვებელია იმ ფორმით იყოს განთავსებული, რა ფორმითაც არის” - თქვა სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ მისი პოზიციაა და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ ოქმს თიბლისის საქალაქო სასამართლო 29 ოქტომბერს განიხილავს.
კატეგორია - საქართველო
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტი ამას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის სურვილს უკავშირებს.

“ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ამას ცალსახად ვუკავშირებ იმ ფაქტს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, დაეორგანიზებინა ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის” - დაწერა გორდონმა ტელეგრამზე.
alt

ტელეკომპანია „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გორდონთან ერთად ქვეყანაში არ შემოუშვეს მისი მეუღლე - ალისია ბაცმანი.

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს, რომ შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

დიმიტრი გორდონი უკრაინელი მწერალი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. იგი არის გადაცემის "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" წამყვანი, გაზეთ "გორდონის ბულვარის" მთავარი რედაქტორი და ონლაინ გამოცემა "GORDON"-ის დამფუძნებელი.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ ჟურნალისტ რატი წვერავას „ქართული ოცნების" აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მაუწყებლის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის სხვა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც.



“ფორმულას” და “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე მისული რამდენიმე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტებს და აგრესიულად სთხოვს ტერიტორიის დატოვებას. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურადაც უპირისპირდება და ხელის კვრით ცდილობს ჟურნალისტის გაგდებას.




“ტვ პირველმა” გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი ჟურნალისტის მიკროფონს აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა. ტელეკომპანია შსს-ს რეაგირებას სთხოვს.



ჯერ-ჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება რომელიმე საქმეზე. “მედიაჩეკერი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და მმართველ პარტიასა და მათ აქტივისტებს მიმართა, რომ მედიას მუშაობის საშუალება მისცენ: „მივმართავთ მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობისათვის. გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“ - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ დღეს პარტიის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოს მოსალოდნელი იყო პროვოკაციები მედიის წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის კონფლიქტი წაახალისა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათიდან "ქართული ოცნების" ორგანიზებით აქცია იმართება.