ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „იმედი“ სამართალდამცველებს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს. მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„იმედმა“ გუშინ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართა.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, ჟურნალისტების ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიონ, დაადგინონ დამნაშავეები და ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.
კოალიციის განცხადებით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.
„ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხშირ მოვლენად იქცა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინებით მიმართა მედიაომბუდსმენმაც და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, სამსახურმა სწრაფი და ეფექტური გამოძიებით უსაფრთხო მედიაგარემო უნდა უზრუნველყოს.
16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების: “პუბლიკას“, “ტაბულას“ და “აპრილის“ ჟურნალისტებს.
TV-პირველის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის სამ ეპიზოდზე ნატო გოგელია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, 24 მარტს ოზურგეთში ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. მსგავსი ინციდენტი 2023 წელს 3-ჯერ მოხდა. ნატო გოგელია მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.
„2024 წლის 8 აპრილს ჟურნალისტი დამატებით გამოიკითხა ოზურგეთის პოლიციის დეპარტამენტში და დაზარალებულად იქნა ცნობილი მის მიმართ განხორციელებულ ქურდობის სამ ეპიზოდში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნატო გოგელიას დაზარალებულად ცნობას მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეღწევის მეოთხე ეპიზოდზეც ითხოვს, რომელიც 2023 წლის 27 თებერვალს მოხდა.
ონლაინ მედიის ჟურნალისტები მესამე დღეა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვებს ვერ
ესწრებიან.მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ამოქმედებული უსაფრთხოების
ყვითელი დონეა. შეზღუდვა მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია
საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ ეხებათ.ონლაინ მედიის
წარმომადგენლები მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას
დისკრიმინაციად აფასებენ:
„პარლამენტის მიერ ჩვენს მიმართ განსხვავებული მოპყრობა და დევნა ხდება ხელისუფლების ნარატივისგან განსხვავებული პოზიციისა და შეხედულებების გამო, იმის გამო, რომ კანონპროექტი უპირველესად გვეხება ჩვენ და განკუთვნილია ჩვენს გასანადგურებლად. სწორედ ჩვენ, ონლაინმედიებმა ვუწოდეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული კანონი“, კრიტიკულად ვაშუქებთ მას და საზოგადოებას ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი“.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებით
სახალხო დამცველს გუშინ მიმართეს.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მესამე დღეა
საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა დროს ორი აქცია იმართება.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ დაგეგმილია
საღამოს, 19:00 საათზეც.
რუსული კანონის პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
კანონად ქცევამდე ის კიდევ 2 პლენარულ სხდომაზე უნდა მოისმინონ.
2024 წლის 10 აპრილს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმეზე - ალექსანდრე ჭიკაიძე „ტელეკომპანია პირველისა“ და სოფო ნიაურის წინააღმდეგ, სათანადო მოპასუხედ ჟურნალისტიც ცნო.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან 100,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, სასამართლოს მიერ ცილისწამების დავაზე ჟურნალისტის სათანადო მოპასუხედ ცნობა ცალსახად ეწინააღმდეგება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს. კანონი ცალსახად ადგენს სათანადო მოპასუხეთა წრეს და განმარტავს, რომ „მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე“.
კოალიციისთვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სასამართლოებმა არაერთ მსგავს საქმეზე კანონში არსებული ჩანაწერი უგულებელყვეს და ჟურნალისტები სათანადო მოპასუხეებად მიიჩნიეს.
კოალიცია მოუწოდებს საერთო სასამართლოებს, იხელმძღვანელონ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტებით და გაითვალისწინონ კანონში არსებული ჩანაწერი ჟურნალისტების არასათანადო მოპასუხედ ცნობასთან დაკავშირებით.