მულტიმედია
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები: "არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში"
 
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები რუსული კანონის ჩაგდებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ.

ხელმომწერები ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით ღირსების შემლახავ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. 

ამ დროისთვის საერთო განცხადების 150 ხელმომწერი ორგანიზაცია ყველას 28 აპრილს, 19:00 საათზე რუსული კანონის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. 
განცხადება ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიის შემოერთებისთვის ღიაა.

„სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში,  ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს. 

ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.  

აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთასაბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ,  მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა,  ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას. 

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“
 
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ იუთუბ არხზე 7 აპრილს ბრუნდება
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
უკანასკნელად 2023 წლის დეკემბერში გავიდა. 7 აპრილს კი მისი გადაცემა
იუთუბ არხზე დაბრუნდება. როგორია მისი „პირველ არხში“ მუშაობის
გამოცდილება და რას ნახავს მაყურებელი - მასთან ინტერვიუში ვისაუბრებთ. 


- რატომ ჰქვია შენს გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და რამე
კავშირი თუ აქვს მილან კუნდერას რომანთან „ყოფის აუტანელი
სიმსუბუქე“?

- კუნდერასთან აქვს კავშირი, კი, ოღონდ ირიბი და არა პირდაპირი.
კუნდერა ჩემი საყვარელი მწერლების ათეულში არ შედის, მაგრამ ეს
რომანი, ცხადია, ძალიან დიდ ტექსტად მიმაჩნია. ჩემი იდეა არ იყო ეს
სახელწოდება. როდესაც ამ გადაცემას ვაკეთებდით, ნატა მაღალაშვილმა
მოიფიქრა. გვინდოდა, მეც ვყოფილიყავი სათაურში, პირდაპირი ან ირიბი
კავშირი ყოფილიყო ჩემს ინტერესებთან. ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა
სიტყვებით. ნატამ რამდენიმე იდეა წამოაყენა და მათ შორის ერთ-ერთი
იყო „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“. თავიდან გაგვეცინა, მერე
დავაკავშირეთ ერთმანეთთან. თან ლიტერატურასთან იყო კავშირში, თან
კინოსთან და თან იმ ფორმატთან, როგორი გადაცემაც გვინდოდა, რომ
ყოფილიყო (სერიოზული, სადაც აუცილებლად გამოერეოდა მსუბუქი
კითხვები) და ასევე, ჩემი წონის კლებასთან.

- „პირველ არხზე“ მუშაობის გამოცდილებაზე მინდა გკითხო.
დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ცენზურის შემთხვევები არ იქნებოდა,
მაგრამ ხომ არ ყოფილა ირიბი მინიშნება სასურველ ან პირიქით,
არასასურველ თემებსა და სტუმრებზე?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. თავდაპირველად მე „საზოგადოებრივი
მაუწყებელის“ დილის გადაცემაში მივედი. როდესაც შემეხმიანნენ,
მითხრეს, რომ ეძებდნენ და სჭირდებოდათ ტიპი, რომელსაც ამინდის
პროგნოზზეც კი ექნებოდა საკუთარი მოსაზრება ან რეპლიკა. მაგრამ
დილის გადაცემის ფორმატში წამყვანი შენ მაინც ვერ ხარ, ეს ფორმატი
მაინც გზღუდავს და რაღაც ჩარჩოებს ვერ ცდები ვერცერთ შემთხვევაში;
სტუმრობის დრო არის 10-12 წუთი. შეუძლებელია, რომ რაღაც სიღრმეებში
ჩახვიდე; დილა იგეგმება უშუალოდ პროდიუსერების მიერ, სტუმრებს თუ
თემებს შენ ვერ არჩევ და ა.შ.
 
შემდეგ ჩემი მეორე გადაცემა იყო რადიოში - „წიგნის დრო“,
ლიტერატურული გადაცემა და მერე უკვე გაკეთდა „გორგილაძის
აუტანელი სიმსუბუქე“. ეს უკვე საავტორო გადაცემა იყო. კონტრაქტში ასე
ეწერა: დათო გორგილაძის ტელებლოგი. სიმართლე რომ ვთქვა, გულზე
ხელის დადებით, ცენზურის შემთხვევა რომ ან ეს სტუმარი არ იყოს ან ეს
სტუმარი იყოს, ჩემთან არ ყოფილა. არც მონტაჟში ჩარეულან ოდესმე და
არც ირიბი მინიშნება არ ყოფილა.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ თავის მხრივ არასდროს არ იყო
პროვოკაციული გადაცემა. ჩვენ ვიწვევდით ისეთ ადამიანებს, ვისაც მეტად
თუ ნაკლებად ჩვენთან საერთო, სწორი ღირებულებები ჰქონდა, სწორი
ადამიანები იყვნენ. ამიტომ პრობლემა ამ მხრივ არასდროს შექმნილა.
როგორც უკვე ვთქვი, ამ გადაცემიდან პროვოკაციის თუ ეპატაჟის
მცდელობა არასდროს ყოფილა. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემზე, მე, დათო
გორგილაძეზე და ჩემს აქტიურობაზე ფეისბუქზე. ყოფილა ისეთი
შემთხვევებიც, როდესაც საკმაოდ რადიკალური პოზიციებიც მქონია. შენ
თუ გახსოვს შარშან, მარტის აქციების დროს დაწერილი პოსტი.



alt



არც მაშინ უთქვამთ ჩემთვის არაფერი. მაგრამ არის, რომ ხანდახან
ადამიანს გიჩნდება თვითცენზურა - რამდენად სწორია ჟურნალისტის
მხრიდან ასეთი მკაფიო პოზიციების გამოხატვა? ამის
გათვალისწინებითაც, მაინც მგონია, რომ ჟურნალისტს მკაფიო პოზიცია
უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, სადაც ობიექტურობაა საჭირო, ეს არის
ნიუსი. იმის მიღმა ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია.
„პირველ არხში“ არსებობს ჟურნალისტებისათვის სოციალურ ქსელებში
ქცევის კოდექსი, რომელიც სწორედ ასეთი მკაფიო პოზიციების გამოხატვას
კრძალავს. მიუხედავად ამისა, პირადად მე არც ამის გამო მიმიღია
შენიშვნა. თუმცა, საკუთარი თავისთვის მიკითხავს - გაბრაზდებიან თუ
არა? საბოლოო ჯამში, არც ეს მაკავებდა, რომ საკუთარი აზრი გამომეხატა
საჯაროდ. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ამ კოდექსის წიაღიდან არ
მოვსულვარ. ცალკე ტიპი ვარ, რომელიც გარედან მოვიდა აქ სამუშაოდ.

- შენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობა ზვიად რატიანის დაკავების
კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყე. შენს კოლეგებს, მწერლებს
„პირველი არხისთვის“ ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და მასთან არ
თანამშრომლობდნენ. ეს თუ გიქმნიდა დისკომფორტს?

- საკმაოდ მოულოდნელი ამბავი იყო ჩემი „პირველ არხში“ მისვლა. ეს
პერიოდი დაემთხვა ჩემთვის ძალიან ტრაგიკულ პერიოდს, დედაჩემი იყო
ერთი თვის გარდაცვლილი. ვხვდებოდი, რომ რაღაც სიახლეები უნდა
მეძებნა ცხოვრებაში, რომ ცოტა თვალებში გამომეხედა. მანამდე
ვმუშაობდი PR-ში და მივხვდი, რომ ეს სამუშაო მახრჩობდა, საერთოდ
აღარ მაინტერესებდა და ძალიან უბედური ვიყავი. სწორედ მაშინ
შემომთავაზეს დილის გადაცემაში მუშაობა. ვიფიქრე, რატომაც არა,
რადგან ბაკალავრიც და მაგისტრატურაც ჟურნალისტის მაქვს, იქნებ
მივბრუნდე ჟურნალისტიკაში.

აი ამ პერიოდში, როდესაც მე დილის გადაცემაში დავიწყე მუშაობა,
თითქოს, ის ამბავი [ზვიად რატიანის] უკვე ჩავლილი იყო. აღარ მიფიქრია,
თორემ ცხადია, სინდისის ქენჯნა შეიძლება მეგრძნო. რაც შეეხება შემდეგ
მწერლების ბოიკოტს, დილის გადაცემაში სტუმრებს მე არ ვეპატიჟებოდი,
ამ საკითხებს პროდიუსერები აგვარებდნენ. ეს ბოიკოტი არ გაქრა, მაგრამ
ბუნებრივად მიწყნარდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მწერლებს
უთქვამთ, ხომ იცი მე „პირველ არხთან“ კაზუსი მაქვს და მას შემდეგ
ერთგული ვარ ამ ბოიკოტის. თუმცა, მწერლების უმეტესი ნაწილი, მგონი,
მაინც დადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამომიცხადებია ბოიკოტი და იმ პროცესებში
არ ვიყავი ჩართული, მაინც დავფიქრებულვარ, რამდენად სწორი იყო ჩემი
იქ მუშაობა.

- შენი გადაცემა 7 აპრილიდან იუთუბზე გავა. რატომ სოციალურ მედიაში და
არა სხვა რომელიმე არხზე?

- მე სიახლეები დიდად არ მიყვარს, მაშინებს და საკუთარ ძალებში მაეჭვებს,
შევძლებ თუ ვერ შევძლებ. ორი პირდაპირი და რამდენიმე ირიბი
შემოთავაზება იყო სხვა ტელეარხებიდან, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლა არის
ის დრო, როდესაც დამოუკიდებლად რაღაც საქმის წამოწყება უნდა სცადო.
იუთუბი ასე თუ ისე თავისუფალი ცურვაა, რასაც გინდა აკეთებ, როგორც
გინდა აკეთებ. ფორმატს ცვლი, როდესაც გინდა. ქვეყანა თუ დაიქცა, არ
გადიხარ ეთერში და ა.შ. თუმცა, ესეც ცოტა ილუზორული აღმოჩნდა.
ქართულ იუთუბზე პარტნიორებისა და მხარდამჭერების გარეშე ვერ
მოძრაობ, ამიტომ მაინც ბევრი რაღაცის გათვალისწინება გიწევს.
მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესოა, რადგან შენი ხელით აწყობ
ყველაფერს, ალაგებ, უფლებებიც, ვალდებულებებიც და
პასუხისმგებლობებიც შენია... ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამგვარი
სიახლე წამადგება.

 



- გადაცემის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზა როგორ
უზრუნველყავით?

- ტექნიკურ ჯგუფს ვქირაობთ, რომელიც მოდის თავისი აპარატურით.
აპარატურის შეძენა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული,
ამიტომ თითოეული გადაცემისთვის ვიქირავებთ როგორც ჯგუფს, ასევე
ტექნიკას. ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორები „საქართველოს ბანკი“ და „კოკა-
კოლა“ არიან. უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პარტნიორთან
დავასრულებთ მოლაპარაკებებს.
გადაცემის ფორმატი ძირითადად იგივე იქნება, არაფერი იცვლება.
ერთადერთი, ქრონომეტრაჟი არ იქნება იგივე. თუკი სატელევიზიო
ვერსიაში გადაცემა 52 წუთი უნდა ყოფილიყო, აქ იუთუბი გაძლევს
საშუალებას, რომ გააგრძელო სადამდეც გინდა. ამ გადაცემას უხდება, რომ
საათზე მეტი იყოს და ხშირ შემთხვევაში, ალბათ, ასეც იქნება.
ასევე გადაცემას დაემატა რუბრიკა „არ გაჩერდე“, რაც არის „საქართველოს
ბანკთან“ თანამშრომლობის კონტექსტში.

- ბოლო კითხვა შენს მეორე პროფესიასთან დაკავშირებით. დიდხნიანი
პაუზის შემდეგ წერას თუ აგრძელებ?

- კი, კი. ამის გამო სულ მქენჯნიდა სინდისი. ჟურნალისტიკაც იმიტომ
ავირჩიე, რომ მეგონა, ძალიან ახლო კავშირშია მწერლობასთან. ამბების
მოყოლა მიყვარდა ბავშვობიდან და, ვიფიქრე, მონათესავე პროფესიას
ავირჩევდი. მერე მივხვდი, რომ მთლად სწორი არჩევანი არ იყო.
ჟურნალისტიკა უფრო ფაქტებთან დაახლოებაა, მწერლობა კი - ფაქტებზე
ამაღლება. თუმცა, საფუძველი ერთი აქვთ - რაღაც ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტი. აი, ამ ბოლო სამ თვეში უკვე განვაახლე წერა.

 
სად გაქრა პროფესია ჟურნალისტი?!

დაკარგული პროფესიის პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული ჟურნალისტიკა დგას. სად იგრძნობა ის ყველაზე მწვავედ და რა არის ამის მიზეზი?! 

ჩვენს ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქტივიზმს ეწევიან, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ და არა ჟურნალისტებს. ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად ეს ბრალდება სატელევიზიო ჟურნალისტების მიმართ ისმის. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგალითად, ამა თუ იმ მოვლენის გასაშუქებლად წასული „იმედის“, „პოსტივის“, „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მუდმივად ფიქრობს, როგორ გააშუქოს მომხდარი ისე, რომ ხელისუფლების ბრალეულობა გადაფაროს, მისი გაკეთებული საქმე პოზიტიური რაკურსით წარმოაჩინოს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად, (მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე) მოახდინოს ოპოზიციური პარტიებისა თუ მისი წევრების დისკრედიტაცია. 

იგივეს აკეთებს სიტყვაზე, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტიც ოღონდ, ცხადია, სარკისებრი ეფექტით. 

გაცილებით დაბალანსებული, კვალიფიციური და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია ონლაინ მედია. ამიტომ ვისი დისკრედიტაციაც ყველაზე რთულია, სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ, ვითომ გამჭვირვალობის კანონს მიადგა ხელისუფლება და ამით უკვე ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც აქტივისტებად აქცია. 

კრიტიკული მედიების წარმომადგენელთა მიმართ ხელისუფლების აგრესიაც ძველია და სამთავრობო ჟურნალისტების მიმართ გაბრაზებული ხალხის უკმაყოფილებაც. ყველას ახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციებზე როგორი ბულინგისა და რამდენიმე შემთხვევაში, ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლნიც გამხდარან მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიების კორესპონდენტები. 

პოლარიცაზიამ და დაპირისპირებამ "ქართული ოცნების" პირობებში პიკს მიაღწია. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში არ დადიან, არ მონაწილეობენ დებატებში, არ პასუხობენ კრიტიკულ კითხვებს, რაც მათი ვალდებულებაა. (რამდენიმე დღეა მაგალითად, ონლაინ მედიებს პარლამენტის შენობაშიც არ უშვებენ.) ოპოზიციურ პარტიებს კი სახელისუფლო მედია ან არ ეპატიჟება, ან ნაკლებ დრო უთმობს. ამიტომ ნაციონალურ ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუები, ორივე მხარეს, ცალმხრივია. ერთგან მხოლოდ ოპოზიციას ლანძღავენ და მეორეგან - ძირითადად ხელისუფლებას. ხანდახან ერთმანეთის, ოპოზიციის კრიტიკაც გამოერევა ხოლმე. ესეც, თითქოს, ხელოვნურად არის გამოწვეული, რადგან ტელევიზიას დებატების იმიტირება სურს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში არ შედიან, ეს ფუნქცია ჟურნალისტებმა იკისრეს და მმართველმა ძალამაც სიამოვნებით მიანიჭა მათ ეს როლი. ამიტომაც არასახელისუფლო მედიის ჟურნალისტებს უწევთ "ქართული ოცნების" წევრებთან კამათი, დაპირისპირება, აგრესიული ტონით პასუხის მოთხოვნა და ა.შ. მთავრობა მეტად კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან მისი ძირითადი ოპონენტები, როგორც მედიაში მუდმივად ჩანს, კრიტიკულად  განწყობილი ჟურნალისტები არიან. 

საბოლოო ჯამში,  ვხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში ჟურნალისტები საკუთარი ნებით არ აღმოჩენილან. საქართველოს ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა. მმართველმა გუნდმა სახელისუფლო მედიებში დასაქმებულ მუშაკებს (მუშაკებს, რადგან რთულია, მხოლოდ პროპაგანდით დაკავებულ ადამიანებს ჟურნალისტები უწოდო) უთხრა, არ შეასრულებთ დაკვეთას და დაკარგავთ სამსახურს. მისი კონტროლის გარეთ მყოფ ჟურნალისტებს კი - არ გავაკეთებ კომენტარს, არ დაგელაპარაკები, თუკი ისე არ მოიქცევი, როგორც მე მსურს. ამიტომ როგორც არ უნდა გვინდოდეს, სხვაგანაც ვეძებოთ დამნაშავეები მაგალითად, ოპოზიციური პარტიების ფლანგზე თუ თავად ჟურნალისტებში, ამ ანტიჟურნალისტიკას ერთადერთი დამნაშავე ჰყავდა და დღესაც ჰყავს - საქართველოს  მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, "ქართულმა  ოცნებამ" ის საბოლოოდ, სისრულეში მოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ჟურნალისტებს პროფესია წაართვა. მათი ერთი ნაწილი რუსული ყაიდის პროპაგანდისტებად აქცია, მეორე ნაწილი კი - პოლიტიკოსებად თუ  აქტივისტებად.




 
“ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“, - გზამკვლევი მედია ორგანიზაციებისთვის
 
საზოგადოებრივმა გაერთიანებამ „ბემონი“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ მედია ორგანიზაციებისთვის შეიმუშავეს გზამკვლევი - “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“.

დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებს დაეხმარება, შეამცირონ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია, საზოგადოებას მიაწოდონ ეთიკური, კვალიფიციური და ობიექტური ინფორმაცია, გაშუქებისას გამოიყენონ პოზიტიური, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისი ენა. 

დღეს გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი ორი კონკურსის გამარჯვებულებიც გახდა. 

მედიაკონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები, რომელთა მასალებიც ეთიკური სტანდარტებით გაშუქებულ საუკეთესო მედია პროდუქტებად შეფასდა, არიან: ნათია ამირანაშვილი, ("პუბლიკა"), თამარ ასათიანი და ნატა ტაბიძე (" საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი").

სტიპენდიის კონკურსის ფარგლებში კი გამოვლინდნენ სტიპენდიანტები: ნათია ამირანაშვილი, ("პუბლიკა"), ინგა ირიციანი, (ტელეკომპანია TOK.TV) და ნინო კაპანაძე („ჩემი ხარაგაული“), რომლებიც  მედია პროდუქტებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოამზადებენ.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საკითხების ეთიკური გაშუქების გზამკვლევი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ (პროექტი „ზრუნვა, პრევენცია, უფლებები“) ფარგლებში მომზადდა. 

 
გზამკვლევი “ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში“ -

http://bemonidrug.org.ge/wp-content/uploads/2023/10/Ethical-reporting-guide-for-media.pdf