სად გაქრა პროფესია ჟურნალისტი?!
22.04.2024

დაკარგული პროფესიის პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული ჟურნალისტიკა დგას. სად იგრძნობა ის ყველაზე მწვავედ და რა არის ამის მიზეზი?! 

ჩვენს ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქტივიზმს ეწევიან, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ და არა ჟურნალისტებს. ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად ეს ბრალდება სატელევიზიო ჟურნალისტების მიმართ ისმის. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგალითად, ამა თუ იმ მოვლენის გასაშუქებლად წასული „იმედის“, „პოსტივის“, „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მუდმივად ფიქრობს, როგორ გააშუქოს მომხდარი ისე, რომ ხელისუფლების ბრალეულობა გადაფაროს, მისი გაკეთებული საქმე პოზიტიური რაკურსით წარმოაჩინოს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად, (მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე) მოახდინოს ოპოზიციური პარტიებისა თუ მისი წევრების დისკრედიტაცია. 

იგივეს აკეთებს სიტყვაზე, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტიც ოღონდ, ცხადია, სარკისებრი ეფექტით. 

გაცილებით დაბალანსებული, კვალიფიციური და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია ონლაინ მედია. ამიტომ ვისი დისკრედიტაციაც ყველაზე რთულია, სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ, ვითომ გამჭვირვალობის კანონს მიადგა ხელისუფლება და ამით უკვე ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც აქტივისტებად აქცია. 

კრიტიკული მედიების წარმომადგენელთა მიმართ ხელისუფლების აგრესიაც ძველია და სამთავრობო ჟურნალისტების მიმართ გაბრაზებული ხალხის უკმაყოფილებაც. ყველას ახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციებზე როგორი ბულინგისა და რამდენიმე შემთხვევაში, ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლნიც გამხდარან მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიების კორესპონდენტები. 

პოლარიცაზიამ და დაპირისპირებამ "ქართული ოცნების" პირობებში პიკს მიაღწია. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში არ დადიან, არ მონაწილეობენ დებატებში, არ პასუხობენ კრიტიკულ კითხვებს, რაც მათი ვალდებულებაა. (რამდენიმე დღეა მაგალითად, ონლაინ მედიებს პარლამენტის შენობაშიც არ უშვებენ.) ოპოზიციურ პარტიებს კი სახელისუფლო მედია ან არ ეპატიჟება, ან ნაკლებ დრო უთმობს. ამიტომ ნაციონალურ ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუები, ორივე მხარეს, ცალმხრივია. ერთგან მხოლოდ ოპოზიციას ლანძღავენ და მეორეგან - ძირითადად ხელისუფლებას. ხანდახან ერთმანეთის, ოპოზიციის კრიტიკაც გამოერევა ხოლმე. ესეც, თითქოს, ხელოვნურად არის გამოწვეული, რადგან ტელევიზიას დებატების იმიტირება სურს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში არ შედიან, ეს ფუნქცია ჟურნალისტებმა იკისრეს და მმართველმა ძალამაც სიამოვნებით მიანიჭა მათ ეს როლი. ამიტომაც არასახელისუფლო მედიის ჟურნალისტებს უწევთ "ქართული ოცნების" წევრებთან კამათი, დაპირისპირება, აგრესიული ტონით პასუხის მოთხოვნა და ა.შ. მთავრობა მეტად კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან მისი ძირითადი ოპონენტები, როგორც მედიაში მუდმივად ჩანს, კრიტიკულად  განწყობილი ჟურნალისტები არიან. 

საბოლოო ჯამში,  ვხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში ჟურნალისტები საკუთარი ნებით არ აღმოჩენილან. საქართველოს ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა. მმართველმა გუნდმა სახელისუფლო მედიებში დასაქმებულ მუშაკებს (მუშაკებს, რადგან რთულია, მხოლოდ პროპაგანდით დაკავებულ ადამიანებს ჟურნალისტები უწოდო) უთხრა, არ შეასრულებთ დაკვეთას და დაკარგავთ სამსახურს. მისი კონტროლის გარეთ მყოფ ჟურნალისტებს კი - არ გავაკეთებ კომენტარს, არ დაგელაპარაკები, თუკი ისე არ მოიქცევი, როგორც მე მსურს. ამიტომ როგორც არ უნდა გვინდოდეს, სხვაგანაც ვეძებოთ დამნაშავეები მაგალითად, ოპოზიციური პარტიების ფლანგზე თუ თავად ჟურნალისტებში, ამ ანტიჟურნალისტიკას ერთადერთი დამნაშავე ჰყავდა და დღესაც ჰყავს - საქართველოს  მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, "ქართულმა  ოცნებამ" ის საბოლოოდ, სისრულეში მოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ჟურნალისტებს პროფესია წაართვა. მათი ერთი ნაწილი რუსული ყაიდის პროპაგანდისტებად აქცია, მეორე ნაწილი კი - პოლიტიკოსებად თუ  აქტივისტებად.




 

ბლოგის ავტორი : ნინია კაკაბაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ