როგორ დავამარცხოთ ოკუპანტი?
23.07.2015
“ოკუპაცია” ლათინური სიტყვაა (Occupation) და ქართულად, რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავებას ნიშნავს.

საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მე არ ვიცი, როდის დაიწყეს ფიქრი რუსულმა ძალებმა დაპატრონებოდნენ ყველას და ყველაფერს სამყაროში… და მე არც ის ვიცი, როდის დასრულდება ეს ყოველთვის მარცხისთვის განწირული მცდელობა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა საქართველოში ოკუპაცია არის იმაზე მტკივნეული პროცესი, ვიდრე ეს ლექსიკონში ჩაწერილი სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს.

რეალურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულია:

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი;

ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ევრაზიული კავშირისკენ მიიწევენ და პარალელურად ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტებს გამუდმებით ესვრიან ტალახს;

ყველა საჯარო პირი, რომელთა ვიზიტები არ შენელებულა რუსეთის კარზე და იჯერებენ თუ გვაჯერებენ, რომ რუსეთი საკენკით სავსე გალიაში გამოგვკეტავს მხოლოდ და მხოლოდ, არაფერს დაგვიშავებს;

ყველა ორგანიზაცია, რომელიც რუსული ფინანსებით საზრდოობს და რუსულ პოლიტიკას აგრძელებს;

ყველა ადამიანი, ვინც ინფორმაციას ე.წ. „რუსული არხების“ მეშვეობით იღებს ძირითადად და სჯერა, რომ ის ყველაფერი მართალია;

სამწუხაროდ, ეს სია კიდევ უფრო გრძელია. ამდენად, ხილული თუ უხილავი ოკუპაციაც ფართო არეალს მოიცავს.

ხან მგონია, რომ რუსეთის გავლენას გადარჩენილები ორ ნაწილად ვიყოფით: პირველი ნაწილი ფიქრობს, რომ ოკუპანტებს საზღვართან უნდა დავუხვდეთ და შევუძახოთ - „წადი“ „წადი“... ვუთხრათ, რომ მოძალადეა და უსინდისო. ამ პროტესტით ვაიძულოთ, გადაწიოს მავთულხლართები, აანაზღაუროს ზიანი, დააბრუნოს საძოვრები, გაამთელოს ადგილობრივი მაცხოვრებლების გაბზარული საცხოვრებლები, უარი თქვას საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ძალადობაზე...

მეორე ნაწილის იდეაც რუსეთის საქართველოს საზღვრებიდან გაბრუნებაა. თუმცა, ამ მიზნის მიღწევის საშუალებად გონივრულ და ტაქტიან პოლიტიკას, არგუმენტების განხილვას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად საერთო წესებით მოქმედებას მიიჩნევენ.

ჩვენ, რუსეთის გავლენას გადარჩენილები, ვერც პირველი და ვერც მეორე კატეგორიიდან, მიზანს ვერ ვაღწევთ. უფრო მეტიც, ოკუპაცია სულ ახლახან გახდა ქართული მედიაში დაპირისპირების საგანი. ჟურნალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო აქტივიზმი მნიშვნელოვანია. მათ 2015 წლის 14 ივლისს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მიერ დამაგრებული ტრაფარეტი წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" წააქციეს და სანაგვეზე მოისროლეს. ქართული მედიის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „აგრესია აგრესიით არ მარცხდება“ (გოგა აფციაური - „რადიოთავისუფლების“ ჟურნალისტი) და რომ „ჟურნალისტიკას აქვს სულ სხვა პასუხისმგებლობა და უნდა რჩებოდეს თავის სივრცეში“ (თამარ რუხაძე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი).

ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით, მედიის წარმომადგენლებს არ ეკრძალებათ მონაწილეობა შეკრებებსა და გაერთიანებებში. ამ ნაწილში ისინი თავისუფლები არიან ყოველგვარი შეზღუდვისაგან. მეორე მხრივ კი, ჟურნალისტები ყველაზე აქტიური ადამიანები არიან საზოგადოებაში.

მაგრამ როგორ უნდა დაამარცხოს მედიამ ოკუპანტი? - იქნებ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კიდევ უფრო მეტი კითხვის დასმით? იქნებ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების უფრო კვალიფიციური და ხშირი გაშუქებთ? იქნებ იმ ადამიანებისათვის საკუთარი ტელეეთერის და საგაზეთო სივრცის დათმობით, რომლებიც ჯერ კიდევ იხდიან კრედიტებს უკვე ოკუპირებული მიწებისათვის? იქნებ მედიამ ეროვნული უმცირესობების უფრო მეტ ინტეგრაციასაც უნდა შეუწყოს დღესვე ხელი, რომ ხვალ მსგავსი საფრთხეები ქვეყნის სხვა ნაწილებში აიცილოს სახელმწიფომ?

სამწუხაროდ, ამ კითხვებზე დადებითი პასუხების მისაღებად, მედიის მიერ ძალიან ცოტა რამ არის გაკეთებული. ამიტომაც მგონია, რომ ერთჯერადი პროტესტი ხაზს უსვამს ჩვენში, პრობლემის გადაჭრის სისტემური ხედვის არარსებობას.

ამ რეალობაში იქნებ უნდა ვგავდეთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ ჯეის, რომელსაც უწევდა წინააღმდეგობა გაეწია მონათმფლობელობისათვის ძალიან გონივრული მიდგომით - ის, როგორც მოსამართლე, გაქცეულ მონებს დადგენილი კანონმდებლობით ასამართლებდა, შემდეგ კი ყიდულობდა მათ და ათავისუფლებდა. სხვაგვარად, ის დაკარგავდა პლატფორმას და შესაძლებლობს გაეთავისუფლებინა ადამიანები.

მე არ ვიცი, როდის დასრულდება რუსეთის ყოველთვის მარცხისთვის განწირული მცდელობა, დაიპყროს დანარჩენი სამყარო. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი პროფესიული ფუნქციის სრულყოფილად და პასუხისმგებლობით განხორციელებით, შეგვიძლია ყოველდღე დავამარცხოთ ოკუპანტი - ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება და დანარჩენი მსოფლიო ფრთხილი, გონივრული, შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკით დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და ეროვნული უსაფრთხოება.

ბლოგის ავტორი : ნათია კაპანაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ