ვერ დასვამთ მზიას საბრალდებო სკამზე
21.07.2025


წარმოუდგენელია, დღეს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო და არ გქონდეს ნაფიქრი - თუ დამიჭერენ, რა იქნება, როგორ ავიტან ამას, როგორ მოვიქცევი, რამდენად შევინარჩუნებ საკუთარ თავს?! ასეთ დროს, უნდა ვაღიარო, რომ პირველ რიგში, მზია ამაღლობელი მახსენდება და ვფიქრობ, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი. 



სასამართლო პროცესებზე ვუყურებ ფეხზე ამაყად მდგომ მზიას, რომელიც არ ჯდება და მახსენდება როზა პარკსი, რომელიც იჯდა და არ ადგა.  

50-იანი წლების ამერიკაში როზა პარკსი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. ეს ის ქალია, ავტობუსიდან. პარკსი სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მისთვის, ანუ შავკანიანი ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. მაშინდელი დისკრიმინაციული წესების თანახმად, ის ვალდებული იყო, უადგილოდ დარჩენილი თეთრკანიანი მგზავრისთვის ადგილი დაეთმო. როზა პარკსმა თავისი ადგილი არ დათმო, რასაც ხანმოკლე, ადმინისტრაციული წესით პატიმრობაც მოჰყვა და ჯარიმაც. თუმცა, საბოლოოდ, პარკსის სიჯიუტე და საკუთარი ღირსების დაცვა დიდი საპროტესტო ტალღის დასაბამი აღმოჩნდა, რომელიც 381 დღე გაგრძელდა და შედეგად საქალაქო ტრანსპორტში სეგრეგაციის გაუქმება მოიტანა. 

 

როზა პარკსი არ იყო რიგითი აქტივისტი, ის იყო კანონების მცოდნე, განათლებული, ჭკვიანი ქალი, რომელიც შავკანიანთა საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობდა. ვინ არის მზია? მზია არ არის რიგითი აქტივისტი, რომელიც საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა. ის, ალბათ, არც ტელევიზიით უნახავს ვინმეს. მზია ბევრს არ ლაპარაკობს, ის მოქმედებს და ამ მოქმედებაში, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, შექმნა ორი სანდო, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა, რომელიც 20 წელიწადზე მეტია არსებობს და რომელმაც 3 სხვადასხვა მთავრობას გაუძლო, მათ შორის, ასლან აბაშიძის ავტორიტარიზმს. საქართველოში სიტყვის თავისუფლება სწორედ ამ გამოცემებთან და მზია ამაღლობელთან ასოცირდება, ამიტომ დღევანდელი მოძალადე, ავტორიტარი ხელისუფლებისთვის მზიას დამარცხებას სიმბოლური დატვირთვაც ექნება, ჩვენს ქვეყანაში ის სიტყვის თავისუფლების დამარცხების ტოლფასი გახდება.



რა არის ყველაზე მიმზიდველი მებრძოლ ქალებში: საკუთარი პრინციპების, სიმართლის ჯიუტად დაცვა. მზია ქალის იმ სტერეოტიპულ სახე-ხატსაც ანგრევს, რომელიც კაცებმა შეთხზეს - „მყვირალა“, ისტერიული ქალის. მზიასგან ახლობლებს არ აქვთ თანხმობა, ილაპარაკონ მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე. მზია საპყრობილეში, ხშირად კომფორტის იმ პირობებითაც არ სარგებლობს, რომლის უფლებაც მას აქვს. მაგრამ ყველაზე მომნუსხველი მისი ჩუმი, მონუმენტური სიდინჯეა, რომელსაც ყველა სასამართლო პროცესზე ავლენს. უკვე არაერთი პროცესი იყო და მზია სკამზე არც ერთი მათგანის დროს არ დამჯდარა. ის შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში, სასამართლო დარბაზის ე.წ. საკანში ჰყავთ გამოკეტილი. თითქმის ყველა პროცესზე ადვოკატი ითხოვს, რომ მზია მის გვერდით დაჯდეს და შუშის კედლების გარეშე შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ მოსამართლე ნინო სახელაშვილი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ჯერ ისევ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის, თავდასხმის რისკი და ადვოკატის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. 

მზია ჩუმად და უსიტყვოდ აპროტესტებს მოძალადე რეჟიმისგან მიწებებულ მოძალადის იარლიყს. მზია დგას, ის არ ჯდება, არც ერთხელ დამჯდარა, არ ეგუება ამ უსამართლობას და აი, ასე იბრძვის. თუკი როზა პარკსი არ ადგა და არ დათმო ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, მზია ამაღლობელი არ ჯდება იმ სკამზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. მზიასთვის იმ შემოსაზღვრულ, საშიში კრიმინალებისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდომა, შეგუებისა და ბრალის აღიარების ტოლფასია. ამიტომ რამდენ საათსაც არ უნდა გრძელდებოდეს პროცესი, მზია იმდენი საათი იდგება ჩუმად, დინჯად. იმდენ ხანს, რამდენსაც მას ეს მოძალადე, ირაკლი დგებუაძის მსგავსი მშიშარა კაცების სისტემა აიძულებს. მშიშარა კაცები, რომელთა ლიდერიც ხალხის წინ მხოლოდ შუშის ტყვიაგაუმტარი კოლბით გადაადგილდება. 

ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, რა იქნება, როგორ გავიმარჯვებთ?! გავიმარჯვებთ, რადგან 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე გვყავს და არც ერთი მათგანი არ გამტყდარა, ყველა მათგანი ფეხზე დგას, სალი კლდესავით და სწორედ ამ ურყევი პრინციპულობით „მოვიგებთ ამ ომს“. 



დღეს, 21 ივლისს, ერთ-ერთ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მზიას საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რომელიც მისგან ბრალის აღიარებას გულისხმობს. მან უნდა თქვას, რომ აგინებდა პოლიციელებს, ძალადობდა მათზე, რომ მოქმედებდა „დიფ სტეიტის” დავალებით და ა.შ. და ა.შ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ყველა ეს ქმედება ერთადერთ მიზანს ისახავს, გატეხონ და საბრალდებო სკამზე დასვან მზია ამაღლობელი. მისგან ითხოვენ კითხვაზე - ნანობს თუ არა ის საკუთარ საქციელს, განსხვავებული პასუხი მიიღონ და არა ის, რაც უკვე მოისმინეს: „რომ ვთქვა, რომ ვნანობ, ეს იქნება სიყალბე. ეს გარდაუვალი იყო. ვიმეორებ - ბევრად ჰარმონიაში ვიქნებოდი საკუთარ თავთან, რომ სათანადო სიტყვიერი პასუხი გამეცა, მაგრამ მოხდა ეს ფაქტი და ამას ვერსად გავექცევი”. 

მზია ჩვენი ღირსებაა, ის ჩვენი ბრძოლის სიმბოლოა, მას ვერასდროს დასვამთ საბრალდებო სკამზე, ის არასდროს აღიარებს ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ