ბრალდებულის დაცვის უფლება
18.01.2016
გასული წლის დეკემბერში მედიაში მთავარ თემას წარმოადგენდა ინფორმაცია არასრულწლოვანი შვილისა და ქმრის სავარაუდო მკვლელობისათვის დაკავებული პირის შესახებ. მედია დაწვრილებით ყვებოდა მკვლელობის დეტალებს, მიუთითებდა საქმეში არსებული მტკიცებულების თაობაზე, წერდა დანაშაულის ჩადენის მოტივზეც და რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ბრალდებულს მკვლელადაც კი მოიხსენიებდა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება საჯარო მოხელეებს ეკისრებათ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბუკევიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 49-ე პუნქტში განაცხადა: ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია არის სისხლის სამართლის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის საშუალება. უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაირღვეს მაშინ, როცა საჯარო მოხელე აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი არის დამნაშავე, თუ ეს განცხადება წინ უძღვის კანონით დადგენილი წესით პირისათვის დანაშაულის დადასტურებას“... უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაარღვიოს არა მხოლოდ მოსამართლემ და სასამართლომ, არამედ ხელისუფლების სხვა ორგანოებმაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს საჯარო მოხელეების მხრიდან სიტყვების ფრთხილად შერჩევის მნიშვნელობას, სანამ სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის გასამართლება არ მოხდება და სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საქმეში - ისმაილოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 161-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ,,უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა მაშინ, როდესაც საჯარო მოხელე აკეთებს განცხადებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე, თუ ამ განცხადებით, საჯარო მოხელე ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული და წინასწარ აფასებს იმ ფაქტებს, რაც საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს“.

მართალია, უდანაშაულობის პრეზუმცია შესაძლოა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა დაარღვიონ, მაგრამ ცხადია, მედიას შეუძლია საზოგადოების დარწმუნება, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. ამან კი, შესაძლოა, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ეს უარყოფითი გავლენა უცხო არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც. კუზმინი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 62-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ბრალდებულის მიმართ წარმოებულმა უარყოფითმა მედიაკამპანიამ ზოგიერთ საქმეში შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბრალდებულის უფლებას სამართლიან პროცესზე, ვინაიდან მედია ქმნის უარყოფით საზოგადოებრივ აზრს ბრალდებულთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, აიძულებს სასამართლოს მიიღოს ბრალდებულის გამამტყუნებელი განაჩენი.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს იმას, რომ მოსამართლემ (ნაფიცმა მსაჯულმა) საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში იქნება გამოკვლეული და არა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც მედია შეიძლება ავრცელებდეს. არც ნაფიცი მსაჯული, არც მოსამართლე არ უნდა ექცეოდეს იმგვარი ინფორმაციის გავლენის ქვეშ, რაც სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. სასამართლოს სხდომაზე შესაძლოა ვერ მოვისმონოთ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუკი ის სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა. როდესაც სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ შეესაბამება ფაქტებს, რასაც სხდომის გამართვამდე მედია აწვდიდა საზოგადოებას, კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლომ უნდა იმოქმედოს მედიის მიერ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგოდ. თუნდაც კანონიერი, მაგრამ არაპოპულარული გადაწყვეტილებები კი იწვევს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ზემოხსენებული საქმეც, რომელშიც პირს ქმრისა და შვილის მკვლელობაში ედება ბრალი, შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვის საგანიც გახდეს. ნაფიცი მსაჯული, პროფესიონალ მოსამართლესთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია იმ ინფორმაციული ფონის მიმართ, რასაც მედია ქმნის. ნაფიცი მსაჯულების შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მსაჯულობის კანდიდატებს მედიის მეშვეობით არ ჰქონდეთ წინასწარი განწყობა შექმნილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმის გაშუქების მასშტაბების გათვალისწინებით, სავარაუდოდ გაჭირდება ისეთი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა, რომელსაც ამ საქმის დეტალების შესახებ მედიით არაფერი სმენია და ამის გამო არა აქვს ჩამოყალიბებული მტრული დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს გამამტყუნებელი ვერდიქტის მიღებას.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მედიამ თავი უნდა შეიკავოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმის გაშუქებისაგან. პირიქით, მნიშვნელოვანია მედია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე საზოგადოებას აწვდიდეს ინფორმაციას, საგამოძიებო მოქმედებების, დაცვის მხარის პოზიციის, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების თუ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ. თუმცა, მედიამ ფრთხილად უნდა შეარჩიოს ტერმინოლოგია, იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ბრალდებულის ,,დამნაშავედ“ ან ,,მკვლელად“ მოხსენიება, რაც საზოგადოებას დაარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი

ბლოგის ავტორი : გიორგი გოცირიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ