ინგას სანახაობა
05.04.2017
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

მუხლი 7, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

2010 წელს, როდესაც ბათუმში ათეულობით აღგზნებულმა ადამიანმა ქართველობის არარსებული მტრის წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამედროვე მითი იშვა. ეს მითი იმ რწმენას ეფუძნება, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამეებს ათევენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოსპონ ქართველობა და ამისთვის ლგბტ თემის უფლებებით მანიპულირებენ. მას შემდეგ ეს თემა ქართველი ჟურნალისტებისთვის “სკანდალური შოუების” გაკეთების საშუალებად იქცა. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი გადაცემა, სიუჟეტი და ტოკშოუ, რომლებიც ლბგტ ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და შიშს მაყურებელთა გაღიზიანებისა და რეიტინგის ასაწევად იყენებდა. გარდა იმისა, ქართველმა ჟურნალისტებმა ისწავლეს, რომ მრავალი ჰომოფობის მიერ ორი ადამიანის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა და ჩაქოლვა კარგი სანახაობა გამოდის, ამასთანავე, მათი მუშაობის ეს წესი უკვე ერთგვარ მედია სტანდარტად იქცა.

4 აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული გადაცემა “რეაქცია” სწორედ ამ მედია ტრადიციის გაგრძელებაა. ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ჟურნალისტმა, რომელმაც ოდესღაც თავისი ბედი ქართულ პოლიტიკაშიც (წარუმატებლად) სცადა, პირდაპირ ეთერში, დაახლოებით ისეთი სანახაობა მოაწყო, რომლის ანალოგსაც მრავალი საუკუნის წინ ანტიკური რომის არენაზე ნახავდით. ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია. გარდა იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ქართველი სტუდენტებისთვის განათლების მიცემაზე და მათთვის მსგავსი არაეთიკური მეთოდების სწავლებაზე, დღეს ის კვლავ ტელეთერიდან გვესაუბრება და გადაცემა “რეაქციას” უძღვება.

გადაცემა “რეაქციის” 4 აპრილის გამოშვებას მარტივი სცენარი ჰქონდა. სტუდიაში მოწვეული იყო ერთადერთი ტრანსგენდერი პირვონება, რომელიც იქ დამსწრე საზოგადოებისა და მაყურებლისთვის ეგზოტიკური სანახაობის ობიექტად იქცა. ნატა, რომელსაც ჯერ ინგა გრიგოლია უსვამდა კითხვებს, შემდეგ კი მისი სტუმარი ურჩევდა, რომ სხვანაირად ჩაეცვა, განათელბა მიეღო და ისე წასულიყო სამსახურის მოსაძებნად, პირდაპირ ეთერში იქცა შეურაცხყოფისა და დამცირების ობიექტად. ამ ყველაფერს ფონად ამშვენებდა მრავალ სკანდალში გახვეული, ეკლესიიდან ხან გაძევებული და ხანაც უკან დაბრუნებული ვინმე მღვდელი ანთიმოზის ქადაგება ცოდვილობის შესახებ. ასევე, აქტიურობდნენ მაგიდასთან მსხდომი ვინმე სანდრო ბრეგაძე და გიორგი ახვლედიანი, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებად წარადგენდნენ.

ჟურნალისტმა, რომელსაც ვინმე გიორგი ახვლედიანთან თანაპარტიელობა აკავშირებდა, გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მან ეს ორი პოლიტიკოსი გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ყვირილისა და კონფლიქტისაგან. მიუხედავად ამისა, გადაცემაში პროცესები მაინც სხვანაირად წარიმართა.

სტუდიაში ბალანსი ფორმალურადაც კი არ იყო დაცული. აუდიტორიაში, ჰომოფობები სამოქალაქო აქტივისტებს ჭარბობდნენ, მაგიდასთანაც, ფაქტობრივად, ერთი ლგბტ უფლებადამცველი იჯდა. ასევე, მაგიდასთან მჯდომი ნათია გვიანიშვილიც, რომელიც მეორე კომპეტენტური ადამიანი იყო, ვისაც შეიძლებოდა ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე ესაუბრა, პრაქტიკულად იძულებული გახდა სტუდია დაეტოვებინა. მას ზემოთხსენებულმა ვინმე პოლიტიკოსმა სანდრომ და გიორგიმ არათუ აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს, არამედ რამდენჯერმე მიაყენეს შეურაცხყოფა. მღვდელი ანთიმოზიც არ აკლებდა რეპლიკებს დამსწრე აუდიტორიიდან. რას აკეთებდა ამ დროს ჟურნალისტი? იმის მაგივრად, რომ სიტუაცია განემუხტა, მოეხდინა ამ ქაოსის ფასილიტაცია და ისედაც დაუბალანსებელი ადუტორია რაღაცნაირად დაემორჩილებინა, ის უბრალოდ ყვიროდა. სამ სტუმარს მოუწია გადაცემის დატოვება. სამივე მათგანს სტუდიაში მყოფი ადამიანები დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟურნალისტმა ამ პროცესებს ხელი არ შეუშალა.

თუმცა, ბალანსი ფორმალურადაც რომ ყოფილიყო დაცული, ცხადია, ეს პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებდა, რადგან ბალანსი არა რაოდენობრივ, არამედ ღირებულებრივ კონტექსტში განსახილველი საკითხია. არსებობს თემები, სადაც ჟურნალისტის მოვალეობა ფორმალური ბალანსის დაცვა და ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა კი არაა, არამედ ღირებულებრივი პოზიციის დაფიქსირება. არის საკითხები, სადაც ორი საპირისპირო პოზიცია თანაბარზომადი არ არის და შენ, როგორც ჟურნალისტმა, არ შეიძლება თანაბარზომად პოზიციებად წარმოაჩინო ჰომოფობიაც და ლგბტ თემის პოზიციაც. როცა შენ, ჟურნალისტი თავად არ აცხადებ შენს პოზიციას ჰომოფობიაზე, როცა შენი აზრით, ბალანსი ნიშნავს, თანაბრად მისცე შესაძლებლობა ჰომოფობსაც და სამოქალაქო აქტივისტსაც აზრი გამოთქვას, შედეგად, ხელს უწყობ ჰომოფობიის ტირაჟირებას და გადაცემას აქცევ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ტრიბუნად.

ამ ყველაფერის გარდა, საინტერესოა როგორ მოხდა გადაცემის დაგეგმვაც. 4 აპრილის “რეაქციაში” ნათია გვიანიშვილისა და ლიკა ჯალაღანიას გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვა აქტივისტებსა და ლგბტ პირთა უფლებადამცველებსაც. თუმცა მათ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ რამდენიმე სტუმარმა „მეორე მხრიდან“ მონაწილეობაზე უარი თქვა, შესაბამისად, აქტივისტების მონაწილეობით, გადაცემაში რაოდენობრივი ბალანსი დაირღვეოდა და მათი მიწვევა ვეღარ მოხერხდებოდა. თუმცა თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში საჯარო მიმოწერაში გააცხადა სხვა მოტივი -მისი თქმით, ამ ადამიანების ჩახსნის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ისინი წინა დღეს სხვა გადაცემაში იყვნენ სტუმრად მიწვეული. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ გუშინდელი “რეაქცია” წინასწარ დაგეგმილი სანახაობა იყო.

ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემა “რეაქციაში” არათუ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის წახალისების საფრთხისგან თავის არიდება, არამედ არსებობს ძალიან ლოგიკური ეჭვი, რომ მან წინასწარ დაგეგმა სანახაობა, რომლის მსხვერპლიც მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო.

ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტია, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის იმ მედია სტანდარტის შექმნაში, რომლის მიხედვითაც, მსგავსი დისკრიმინაციული და ზიანის მომტანი სანახაობის დადგმა, ვითომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაშუქებას ემსახურება.

ინგა გრიგოლია ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ცუდი ჟურნალისტია, რომელიც არ ვიცი, ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ მისი გუშინდელი გადაცემის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავს, შეიძლება ისევე გახდეს შანტაჟის ობიექტი, როგორც თვითონ გახდა რამდენიმე თვის წინ.

დავით კახაბერი, სამოქალაქო აქტივისტი, "თანასწორობის მოძრაობა"

ბლოგის ავტორი : დავით კახაბერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ